პორტრეტი

კობო აბე – რა განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას

„იაპონელი მკითხველები სხვებზე უკეთესად ან უარესად ვერ გაიგებენ ჩემს ტექსტებს. ადგილს მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. კონკრეტულ ადგილს არ ვეკუთვნი“ – ამბობდა კობო აბე, იაპონელი მწერალი, რომლის წიგნებიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყო (და არის) პოპულარული.

მისი შემოქმედება იაპონური ტრადიციების მიღმა იდგა – როგორც თემატურად, ასევე ფორმის თვალსაზრისით. იგი ყოველთვის უარყოფდა, ყოფილიყო განსაზღვრულად იაპონელი მწერალი. იუკიო მიშიმა და პირველი იაპონელი ნობელიანტი იასუნარი კავაბატა სტილისტურად და შეხედულებებით მკვეთრად განსხვავდებოდნენ, მაგრამ ორივე მათგანი თაყვანს სცემდა იაპონიის პასტორალურ, ტრადიციულ ცხოვრების გზას და წუხდა ინდუსტრიალიზაციისა და ვესტერნიზაციის გაზრდილი ტემპის გამო. კობო აბეს ამბები კი უნივერსალურია, ბნელი და ირონიული. მისი რომანი „ქალი ქვიშაში“ მითური ამბავია ქვიშის სამყაროში მომწყვდეული კაცის შესახებ და უფრო კაფკას მოგვაგონებს, ვიდრე რომელიმე იაპონელ მწერალს. აქ არ არიან სამურაები, როგორც მიშიმასთან; იგი არც ჩაის ცერემონიებზე გვიყვება, როგორც კავაბატა.

„ცოტა დავიღალე ჩაის ცერემონიების შესახებ საუბრების მოსმენისგან. ვფიქრობ, ეს ცერემონიები ტურისტული ბროშურებისთვისაა“ – ამბობდა კობო აბე.

„იგი სწავლობდა ჩინურს, ინგლისურსა და გერმანულს, მაგრამ არ შეეძლო რომელიმე უცხო ენაზე წერა ან ლაპარაკი. ირონიულია, რომ აბე ასეთი ინტერნაციონალისტია. მას ჩემნაირი მთარგმნელების ნდობა უწევს“ – აღნიშნავდა დოლანდ კინი, მთარგმნელი და იაპონური ლიტერატურის მკვლევარი.

1986 წლის ინტერვიუში ვკითხულობთ: „აბე იაპონიისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა. მიშიმასთან ახლოს იყო, მაგრამ ამჟამად არცერთი მწერალი მეგობარი არ ჰყავს. მისი აუდიტორიაც უჩვეულოა. იაპონიაში მხატვრულ ლიტერატურას ყიდულობენ, ძირითადად, ქალები, რომელთათვისაც, ვფიქრობ, უკანასკნელი ინტელექტუალური სიამოვნებაა კითხვა, სანამ დაქორწინდებიან. მაგრამ იაპონური თემატიკის ნაკლებობა კობო აბეს განსხვავებულ მწერლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ „ქალი ქვიშაში“ 20 წელზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნდა და პოპულარულ ფილმადაც იქცა, მას ისევ განსხვავებული რეპუტაცია აქვს. მისი მკითხველების უმრავლესობა მამაკაცია. […] ვფიქრობ, კიდევ არის ერთი, ნაკლებად ლიტერატურული მიზეზი, რის გამოც კობო აბეს აღიარება ნაკლებია – ის არასოდეს წერს სტატიებს პოპულარული ჟურნალ-გაზეთებისთვის. ერთადერთი, რასაც იგი წერს, მისი რთული რომანებია. თუ იაპონელები ფიქრობენ, ვინ შეიძლება გახდეს ნობელიანტი მათი ქვეყნიდან, ეს ვიღაც იასუშიე ინოუეს მსგავსი უნდა იყოს. ვიღაც, ვინც კავაბატას მსგავსად წერს“ (დოლანდ კინი).

როცა კობო აბეს ეკითხებოდნენ, რომელმა იაპონელმა მწერალმა მოახდინა მასზე ლიტერატურული გავლენა, იგი მოკლედ პასუხობდა – „არცერთმა“. სამაგიეროდ, ასახელებდა ედგარ ალან პოსა და ლუის კეროლს.

გარდა რომანებისა, აბე წერდა პიესებსაც, მაგრამ შეწყვიტა, რადგან მიაჩნდა, რომ დედამიწაზე არ არსებობდა თეატრით იმაზე ნაკლებად დაინტერესებული ქვეყანა, ვიდრე იაპონია.

აღსანიშნავია, რომ კობო აბე ყოველგვარი ცერემონიულობის წინააღმდეგი იყო –

„თავს ვარიდებ, როგორც შემიძლია. ჩემი ქალიშვილის ქორწილს არ დავესწარი. არ ვატარებ ჰალსტუხს. იაპონური ენა ცერემონიებითაა სავსე, მაგრამ ვცდილობ, ავირიდო. მალე დედაჩემი მოკვდება და სრულიად წინააღმდეგი ვარ დაკრძალვის ცერემონიის და არც წასვლა მინდა. მაგრამ არ მგონია, ჩემი და-ძმებიც ასე ფიქრობდნენ. ასე რომ, უსიამოვნო დაპირისპირებას ველოდები“.

1950-65 წლებში კობო აბე კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო, მაგრამ ბუდაპეშტში ჩასვლის შემდეგ მისი ილუზიები გაქრა და პარტიას ჩამოშორდა. ის ხშირად აღნიშნავდა, რომ „ობსესიური“ ნაციონალიზმის წინააღმდეგი იყო და არც მთავრობის ჩარევა მოსწონდა ადამიანების პირად ცხოვრებაში.

კობო აბეს შემოქმედების ცენტრალური თემებია მარტოობა, იდენტობა და არა მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის შეცნობის უუნარობა. გასულ წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა მისი „სხვისი სახე“, რომელიც სწორედ ამ თემებს ეხება – რა განსაზღვრავს ადამიანის იდენტობას, როგორ ხედავს მას გარე სამყარო, რის საშუალებას გაძლევს ნიღაბი, რომელსაც ატარებ. ოღონდ აქ მეტაფორები ისეთი აშკარა არაა, როგორც „ფრანკენშტაინის“ შემთხვევაში. გარდა მერი შელისა, მკითხველებს ეს წიგნი „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაურ ამბავს“, „ტრამალის მგელს“, კაფკასა და ერნესტო საბატოს მოაგონებს.

როგორ შეგვიძლია, ვინმეს ნამდვილად ვიცნობდეთ, როცა მხოლოდ ის ვიცით, რასაც ჩვენი შეგრძნებები გვკარნახობს. საერთოდ, რას ნიშნავს, იცნობდე ადამიანს? და თუკი არ შეგვიძლია, ვიცნობდეთ ერთმანეთს, როგორ უნდა ვენდოთ ვინმეს? „სხვისი სახე“ მოულოდნელობებითაა სავსე – მკითხველმა არ იცის, რას მოიმოქმედებს მთხრობელი, როგორ შეიცვლება მისი იდენტობა მას შემდეგ, რაც იგი დაკარგავს სახეს და ახლის შექმნას გადაწყვეტს.

 „ჩემს ტექსტებში არის ნიჰილიზმზე მინიშნება. შესაძლოა, მინიშნებაზე მეტიც“ – ასე აფასებდა თავის ტექსტებს კობო აბე, როგორც The New York Times-მა უწოდა, იაპონიის ფრანც კაფკა.

კობო აბე 1993 წელს გარდაიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემია მართლაც არ მიუღია, კენძაბურო ოემ, იაპონელმა ნობელიანტმა, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როცა თქვა, რომ მან და სხვა თანამედროვე იაპონელმა მწერლებმა გაუკვალეს გზა ნობელის პრემიისკენ.

© არილი

Facebook Comments Box