ახალი ამბები

კორმაკ მაკარტის ადრეული ინტერვიუები – “ყოველთვის მაშინებდა, როგორ ატარებდნენ ადამიანები თავიანთ ცხოვრებას”

“The New York Times”

კორმაკ მაკარტი იშვიათად თანხმდებოდა ინტერვიუებს, მაგრამ მისი კარიერის ადრეულ წლებში, სანამ პულიცერის ჯილდოსა და წიგნის ეროვნულ პრემიას მიიღებდა, სანამ მისი წიგნები ფილმებად ადაპტირდებოდა და მის სახელს ისინიც კი შეიტყობდნენ, მისი წიგნები არასოდეს რომ არ წაეკითხათ, რაღაც მაინც გაამჟღავნა საკუთარ თავსა და ხელობაზე.

1968-1980 წლებში პატარა ადგილობრივ გაზეთებს სულ მცირე 10 ინტერვიუ მაინც მისცა იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობდა და მეგობრები ჰყავდა. ამ ინტერვიუებში მან ლიტერატურული გავლენები აღწერა, ისაუბრა თავის შეხედულებებზე წერის პროცესზე.

წერა, ამბობს მაკარტი, არის იძულება და არა ცნობიერი პროცესი. დამწყები მწერლებისთვის კი ასეთი რჩევა აქვს: „იკითხეთ“.

არქივებში დამარხული და დავიწყებული ინტერვიუები ორმა აკადემიკოსმა აღმოაჩინა და კორმაკ მაკარტის ჟურნალში გამოაქვეყნა. როგორც ისინი ამბობენ, ჟურნალისტებსა და ავტორს საერთო მეგობრები უნდა ჰყოლოდათ, რადგან ამ ინტერვიუებში მაკარტი მეტად გახსნილი ჩანს სასაუბროდ, რაც მისნაირი ადამიანისთვის დიდი იშვიათობაა.

ინტერვიუები ხატავს პორტრეტს ახალგაზრდა მწერლისა, ბიჭურად რომ გამოიყურება და თავის ნაწარმოებებს სერიოზულად აღიქვამს.

„მაკარტი ძალიან მომხიბვლელი, თითქმის მაცდური იყო. მას ჰქონდა უნარი, მოეყოლა ამბავი იუმორით და არასოდეს ცდილობდა, ჰქონოდა „ხელშეუხებელი“ სტატუსი, რომელიც ზოგიერთ ავტორს აქვს. სინამდვილეში, როგორც ბევრი ჩვენგანი, მაკარტი ამბობდა, რომ საწოლში დიდხანს ყოფნა მოსწონდა. „ზოგჯერ ავიღებ ჩემს წიგნებსა და საბეჭდ მანქანას და საწოლში ვრჩები მთელი დღე ან რამდენიმე დღეც კი“ – ვკითხულობთ „The Lexington Herald-Leader“-ის 1975 წლის სტატიაში.

წერის შესახებ

მაკარტი 1973 წელს, „The Kingsport Times-News“-ს ეუბნება, რომ საკუთარი იდეების შესახებ ლაპარაკი არ უყვარს, არც მათი ჩაწერა, სანამ დარწმუნებული არ იქნება, რა უნდა გააკეთოს.

„როცა რაღაცას იწერ, ძირითადად, მას კლავ“ – ამბობს ის. „დატოვე თავისუფალი, იხეტიალოს უმიზნოდ. არასოდეს იცი, რამედ თუ გადაიქცევა“.

როცა საწერად მზადაა, სიტყვები მიედინება: „ჩემი ხელები ფიქრობენ, ეს არ არის ცნობიერი პროცესი“

თუმცა, აქაც ლიმიტი აქვს, რამდენად უღრმავდება მეთოდზე საუბარს. როცა ჟურნალისტი ეკითხება, არსებობს თუ არა გზა, რომელიც იდეას ხორცშესხმაში დაეხმარება, მაკარტი ვერაფერს ურჩევს.

„არ შემიძლია, ავხსნა, ვიღაც როგორ ქმნის რომანს. ეს ჯაზივითაა. ისინი ქმნიან, როცა უკრავენ და, ალბათ, მხოლოდ მას შეუძლია გაგება, ვისაც ამის გაკეთება გამოსდის“.

ამ დროისთვის, როცა ინტერვიუები ჩაიწერა, მაკარტს რომანები გამოქვეყნებული ჰქონდა, თუმცა კომერციული წარმატებისთვის ჯერ არ მიეღწია. მაგრამ, როგორც ჟურნალისტებს ეუბნება, ეს არცაა ის, რისკენაც ისწრაფვის.

„მე შემეძლო, ასეთი წიგნები ერთ თვეში დამეწერა. ათ წელიწადში ვიქნებოდი მწერალი, რომელსაც 120 წიგნი აქვს და რა თქმა უნდა, მათ შორის იქნებოდა ბესტსელერები“, შემდეგ კი ამბობს, რომ არ აინტერესებს ფული ან წიგნები სექსზე, მას მხოლოდ ბედნიერება უნდა.

 „ყოველთვის მაშინებდა, როგორ ატარებდნენ ადამიანები თავიანთ ცხოვრებას. ზოგადად, ძალიან ეგოისტი ვარ და მინდა, საკუთარი ცხოვრებით ვისიამოვნო, კარგი დრო გავატარო“.

კითხვის შესახებ

კითხვა, მაკარტის თქმით, წერის აუცილებელი ნაწილია.

„პრაქტიკული რჩევა, ჩემი აზრით, ის იქნება, რომ წაიკითხოთ“ – ამბობს მაკარტი 1969 წელს, როცა რჩევას ეკითხებიან დამწყები ავტორებისთვის – „უნდა იცოდე, რა გაკეთებულა. უნდა გესმოდეს“.
გავლენებზე საუბრისას ახსენებს „გამბედავ მწერლებს“, ფიოდორ დოსტოევსკის, ლევ ტოლსტოის, უილიამ ფოლკნერს, ჯეიმს ჯოისსა და ჰერმან მელვილს. 1971 წლის სტატიაში, რომელიც დასათაურებულია, როგორც „მაკარტი არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ახალგაზრდა ავტორი“, ამბობს, რომ მისი კოლექცია 1500 წიგნზე მეტს მოიცავს, რომელშიც თანამედროვე ლიტერატურაც და ბერძენი დრამატურგებიც ერთადაა თავმოყრილი.

ის, რაც მას არ აინტერესებს, „ცუდი“ წიგნებია: „მე ცუდ წიგნებს არ ვკითხულობ“ – ამბობს 1975 წელს. „ფიზიკურად არ შემიძლია გვერდზე თვალის გადავლება“.

კონფიდენციალურობის შესახებ

„ჩემი იდეალია, იყო სრულიად დამოუკიდებელი.“ – აცხადებს 1971 წელს „The Maryville-Alcoa Times“-თან ინტერვიუში. „რომ შემეძლოს, პატარა ქარხანა მექნებოდა ელექტროენერგიის საწარმოებლად. მაგრამ კომპრომისები გიწევს. ერთი მხრივ, ცხრიდან ხუთამდე სამუშაო, რომელიც არ მოგწონს და სრულიად ხელოვნური ცხოვრება. მეორე მხრივ, ცხოვრება განდეგილისა. მაგრამ მე არ მინდა საზოგადოებისგან მოწყვეტა და გარკვეული კომპრომისები მიწევს“

მისი ინტერვიუების მკვლევრების აზრით, ეს სურვილი მორცხვობით გამოწვეული არ ყოფილა. მისი ყოფილი ცოლი აღნიშნავს, რომ მაკარტი ადვილად უმეგობრდებოდა ადამიანებს და უცხოებთან ურთიერთობითაც ბედნიერი იყო, როცა ევროპასა და მექსიკაში მოგზაურობდნენ. ადრეული სტატიებში იგი სასიამოვნო და მომხიბვლელ ადამიანადაა დახასიათებული. მაგრამ ის სთხოვდა ცოლს, რომ მათი ერთად ცხოვრების დეტალები არავისთვის გაეზიარებინა და მეგობრებსაც ავალებდა, მის შესახებ არავისთან ელაპარაკათ.

იმ კაცზე მეტად, მარტოობაში ცხოვრება რომ უნდოდა, ინტერვიუდან იკვეთება ავტორის სახე, რომელსაც სურდა, რომ მისი საჯარო რეპუტაციის ზრდისასაც კი კერძო პირად დარჩენილიყო.

1971 წელს გამოქვეყნებული სტატია ჯერ კორმაკ მაკარტის უცნაურ საცხოვრებელს აღწერს, მერე კი დასძენს, რომ ძალიან ცოტამ თუ იცის, ცივილიზაციისგან მოშორებით, ძველ ფერმაში ვიღაც რომ ცხოვრობს. ხოლო კიდევ უფრო ცოტამ იცის ის, რომ სახლის პატრონი ავტორია ორი ყველაზე შესანიშნავი რომანისა, რომლებიც სამხრეთში გამოსულა მას შემდეგ, რაც ფოლკნერი თავის შემოქმედებით მწვერვალზე იყო.

კორმაკ მაკარტი თავის სამუშაო მაგიდასთან. 1971 წელი
მაკარტი და მისი ცოლი, 1968 წელი

© არილი

Facebook Comments Box