კრიტიკა,  პოლემიკა

ლალი ავალიანი – მარგინალიები ერთი "ანალიტიკური ეპატაჟის" გამო

პოეტის მთელი შემოქმედება,
მისანო, ხელისგულზე გიშლიათ……
არ გღრღნით ეჭვები (არც გაქვთ ისინი!)…
სულს სხვისას სუროს ხლართით ერთვებით!
…ო, არაფერში თქვენ არ შეცდებით
(თავდაჯერება – მეცხრე ცაზეა!):
“იქნებ”… “ეგების”…
“ვფიქრობ, ასეა”… –
ამაებს ყველას ყავლი გასვლია!
“მშურს, ბატონებო, ეგ ფანტაზია!”

ანა კალანდაძე – “მიჯნათაშორისის პოეტი”

რაც მართალი, მართალია: უყვარს ზაზა შათირიშვილს ეპატაჟურ-ეფექტური, მდაბიურად რომ ვთქვათ, მყვირალა სათაურები. მაგალითად, – “ნარატივის აპოლოგია” (სხვათა შორის, საინტერესო წიგნია), ანდა, მთლად უკეთესი – “ნაციის დაბადება ბიზანტიური გეტოდან”; ზოგადად “ნაცია” არ გეგონოთ, 21-ე საუკუნემდე შრომით, ბრძოლით, მშვენიერების მსახურებით, ვაი-ვიშით და ტაშ-ფანდურით მოღწეულ, ჯერ კიდევ ნირუცვლელ ქართველობაზეა საუბარი. გეტო?! Aამის წამკითხავი, ძრწოლამ მომიცვა; ჰიტლერ-მუსოლინის მოლანდებები და, რატომღაც, თომას მანის ძველი, რუსულად ძვირფასად თარგმნილი სტატიის («Фридрих Ницше в свете нашего опыта») ასოციაცია გამიჩნდა, შემდეგ ძალდაუტანებლად ამოტივტივდა შათირისეული სათაურის პირველწყარო – “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” (ნიცშე).
ამგვარ სათაურთა წყებას განეკუთვნება “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე” (კვლავ ასოციაცია: ტარიელ ჭანტურიას “დინოზავრიდან დიზაინამდე”).
ზაზა შათირიშვილის სტატიას რეზო გეთიაშვილის ლექსების პუბლიკაცია მოსდევს. კიდევ კარგი, რომ ჯერ ლექსები წავიკითხე და მერე ზემოხსენებული წერილი ანუ “გეთიაშვილის აპოლოგია”, თორემ იქნებ მრუდე სარკეში დამენახა პოეტი (რასაც ნამდვილად არ იმსახურებს).
ზაზა შათირიშვილმა, სანამ რეზო გეთიაშვილს “ნამდვილად დიდ პოეტად” და “გალაკტიონის ეპოქის დამასრულებლად” გამოაცხადებდა, ჰაიჰარად მიმოიხილა “მთელი” XX საუკუნის პოეზია: დიდი ჩავარდნებით თუ “ამოვარდნებით”, საკუთარი “ორიგინალური მეთოდოლოგიით”, – პოეტების “გეტოებში” მოქცევით (“მიჯნათაშორისი”, “მიჯნებამდე მისვლის გარეშე”, “მიჯნებმოშლილი”…), მათი სისტემატიზაციით, კლასიფიკაციითა თუ დახარისხებით, “შტრიხ-კოდების” ჩამორიგებით: “ცუდი”, “კარგი”, “მცირე”, “დიდი”, “ნამდვილად დიდი”, “პლაკატური”, “მთის ლირიკოსი”, “ბარის ეპიკოსი”, “პოეტური პოეტი”, “თითქმის გენიალური”, “ინგლისურენოვანი სკოლის” მიმდევარი, “კანონიკური”, “კონცეპტუალისტი”, “მინიმალისტი”, “ვერშემდგარი კონცეპტუალისტი”, “სტილიზატორი”, “რადიკალური მინიმალისტი” და ა.შ.
არ ღირს ვრცელი მსჯელობა ავტორის უმეტესწილად უსაფუძვლო, უსაბუთო, მიკერძოებულ, ამასთან, – შეუვალი კატეგორიულობით გამოთქმულ მოსაზრებებზე, მხოლოდ ზოგიერთ, განსაკუთრებით ოდიოზურ ფრაგმენტს მივაპყრობ მკითხველის ყურადღებას.

***
“გალაკტიონისა და ნიკო სამადაშვილის ამ ორ პოეტიკას შორის მერყეობდა ქართული პოეტური ენა XX საუკუნის 90-იან წლებამდე. ამიტომაც 1960-1990 წლების პოეზიას მიჯნათაშორისიც შეიძლება ვუწოდოთ. ამ 30-წლეულის ყველა მნიშვნელოვანი პოეტი უგამონაკლისოდ (?!) მოცემულ ორ პოეტიკას შორის მოძრაობს, ოღონდ მიჯნებამდე მისვლის გარეშე”.
ამაზე ბუნდოვანი (პოეტი “ბუნდოვანი” არ გეგონოთ) დისკურსი იშვიათად შემხვედრია. Gგაუგებარია, საიდან იწყება XX საუკუნის ქართული პოეზიის ათვლა; გაუგებარია, ცამ ჩაყლაპა, მიწამ თუ ბერმუდის სამკუთხედმა 1900-1960 წლების ქართული პოეზია; ისიც კი გაუგებარია, დროითი სამანებია ნაგულისხმები თუ “მოძრავი” პოეტების ერთურთისაგან გამოყოფა-დაშორიშორება.
განა გალაკტიონი “ცარიელ” სივრცეში აღმოცენდა? ნიკო სამადაშვილის პოეტიკის ზეგავლენა კი ერთობ შეზღუდული უნდა ყოფილიყო, თუნდაც იმის გამო, რომ მის პოეზიას ერთეულები იცნობდნენ…

***
ნამდვილად გაუმართლა 60-80-იანი წლების ე.წ. “გამოჩენილ” პოეტებს (მათ შორის ზოგიერთს საკუთარი, ნოვატორული პოეტიკა აქვს და სხვისი ნასუფრალით არ საზრდოობს), ვინ იცის, რა იარლიყს მიაკრავდა მათ ავტორი (მურმან ლებანიძის პატრიოტული ლირიკის ინტიმური, თბილი ინტონაციები, “საუბრით” განდობა მკითხველთან, – “ქართულ პლაკატურ ნაციონალიზმად” არის მონათლული); Aარ გაუმართლა “გლობალური ფრაგმენტაციის” პერიოდის ოთხმოცდაათიანელებს, რომელნიც, სრულიად უსამართლოდ, ერთ ტაფაში არიან მოქცეულნი. Aარადა, ყველაზე ნიჭიერი და საიმედო ავტორები, ღვთის მადლით, საოცრად გამოირჩევიან ნაცრისფერ ფონზე. ზაზა შათირიშვილი ან ზედმეტად მკაცრია მათ მიმართ, ანდა, – ზერელედ იცნობს მათ შემოქმედებას (პირიქით კი უნდა იყოს, თუნდაც “გენერაციული” სოლიდარობის გამო).
… “ჩვენს წინაშეა ვერშემდგარი “კონცეპტუალიზმი”.
… ვერ ახერხებენ წინამორბედი პოეტების ესთეტიკურ სიმაღლეთა დაპყრობას.
… “სტერილური ქართულის” მანკიერ ზეგავლენას ისინიც ვერ ასცდნენ.
… ორიგინალური ლექსი თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
… ყველა ზემოთ აღნიშნული პოეტი, ლამის უგამონაკლისოდ, საკმაოდ შეზღუდულად ფლობს ქართულ პოეტურ (და არა მხოლოდ პოეტურ) ენას.
… სწორედ ცინიზმი და პოეტური ტრადიციის ცოდნა არ ყოფნით ჩვენს კონცეპტუალისტებს” და მისთანანი. ასეთია ავტორის დეკლარაციულ ბრალდებათა არასრული ნუსხა.

***
ზაზა შათირიშვილი ქართულზე უფრო ხშირად ინგლისურ პარალელებს მიმართავს, მოიხმობს ინგლისელ ან ინგლისურენოვან ავტორებს და ავტორიტეტებს; მანვე აღმოაჩინა თანამედროვე ქართულ პოეზიაში “ინგლისურენოვანი სკოლა”, თუმცა არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება: ინგლისურის მცოდნე, ინგლისურიდან მთარგმნელი ქართველი პოეტები თუ ისინი, ვისი “ორიგინალური ლექსი თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს”. ყოველივე ეს, ცოტა არ იყოს, ბანალურ სნობიზმს წააგავს.
ინგლისურ კვალს ეძიებს ავტორი რეზო გეთიაშვილის “მკვდრების მანიფესტში”: “ესაა ნამდვილი სამოქალაქო პოლიტიკური ლირიკა, რომელსაც ქართულ პოეზიაში სრულიად ახალი, გარკვეული აზრით, “ინგლისური” ინტონაცია შემოაქვს. “ინგლისურის” საფუძველი გასაგებია – ესაა მაჩაბლისეული შექსპირი, რომელიც რეზო გეთიაშვილის პოეზიაში შეუფარავად “ისმის”. …მაგრამ საქმე ისაა, რომ მაჩაბლისეული შექსპირი “მკვდრების მანიფესტში” “საკუთრივ შექსპირულად” ჟღერს – იმ ინტონაციით, რაც შექსპირის ერთი უმთავრესი “თვისებაა” – აფორისტული წყობის მედიტაციური პოლიტიკური რეფლექსია ძალაუფლებაზე. …გენიალურ მაჩაბელში იყო ეს შექსპირისეული პოლიტიკური პოტენციალი, რომელიც გეთიაშვილმა აიღო და “ახალ დროს” მოუცილებელი იარლიყი მიაწება”…
80-იანი წლებიდან დღემდე, სამოქალაქო თუ პოლიტიკური სულისკვეთება გვხვდება სხვადასხვა თაობის ქართველ ავტორთა პოეზიაში, მხოლოდ მოძიებაა საჭირო. ასეც რომ არ იყოს, ეგებ, ზაზა შათირიშვილს “მკვდრების მანიფესტზე” ენაწყლიანი საუბრისას, ბესიკ ხარანაულის გახმაურებული ლექსი “მკვდრების სიმღერა” მაინც გახსენებოდა.
მაჩაბლისეული შექსპირის “პოლიტიკური პოტენციალისა” რა მოგახსენოთ, მაგრამ პირადად მე “მანიფესტის” 14-მარცვლიანმა, ჯვარედინი რითმით გაწყობილმა სტროფებმა უფრო 10-20-იანი წლების არაკანონიკური ქართული სონეტის ჟღერადობა და ცისფერყანწელთა “სიმახინჯის ესთეტიკა” (“ვარდებით მოვა პროზექტურის სამი ტენორი”) გამახსენა, – ინტერტექსტუალური ჩანართებით (აკაკი, გალაკტიონი, ცისფერყანწელები, ირაკლი აბაშიძე…).

***
რეზო გეთიაშვილს არავისთვის უთხოვია – “დიდ პოეტად მაქციეთო”; ვფიქრობ, რომ ღირსსაცნობი პოეტია, თუნდაც ასეთი მშვენიერი სტროფის გამო:
საკუთარ თავს ვუვლი გარშემო, წლებია,
მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,
ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათმცნებიანს.
სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან და
ყველა იმ ნანახის მეკუბოვე
ვფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.

***
ზაზა შათირიშვილი რომ ხელწამოსაკრავი ავტორი არ არის, ცნობილია. ამიტომაც მგონია, რომ ზემოხსენებული სტატიით “წაითამაშა”, იქნებ სატყუარაც კი გადმოგვიგდო, – ვნახოთ, რა მოხდებაო…

P.S. სათაურის “ანალიტიკური ეპატაჟი” შოთა იათაშვილისაგან მაქვს ნასესხები, რის გამოც მადლობას ვუხდი “პოეზიისა და სიდიდეების” ავტორს.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box