ესე,  პორტრეტი

ლალი ავალიანი – ოთარზე — მოკრძალებით და სიყვარულით


❄❄❄

გუშინდელ დღესავით მახსოვს ოთარ ჭილაძის პირველი ნახვა. მაშინ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემს უსაყვარლეს კურსელს და ჯგუფელს, თინიკო ჭილაძეს ჰყავდა ,,ძმები ჭილაძეები’’ – პოეტები. ჩვენი ამხანაგებიდან უნივერსიტეტთან ყველაზე ახლოს თინიკო ცხოვრობდა (პეტრიაშვილისა და ბარნოვის კუთხეში), ამიტომაც ხშირად დავდიოდით მასთან.
ერთხელაც, როცა პეტრიაშვილის ქუჩის აღმართზე, ღვინის ქარხნის გასწვრივ მისი სახლისაკენ მივპანტურობდით თინიკო და მე, ზემოდან ჩამომავალი, წარმოუდგენლად მიმზიდველი ,,კაცი“ (,,კაცი“ ოცდახუთიოდე წლის თუ იქნებოდა) მოგვიახლოვდა, საკმაოდ მკაცრად გამოგვხედა, ,,გამარჯობაო“ — სერიოზულად მიესალმა თინიკოს და შეუჩერებლად გაგვშორდა.
თინიკომ სალამი დაუბრუნა, რატომღაც ჩაიცინა და გულგრილად შეუყვა აღმართს. მე გავოგნდი: როგორ, ასეთი გადასარევი ნაცნობი ჰყავს და ის კი უდარდელად ფხუკუნებს! ათიოდე ნაბიჯი, ზრდილობისათვის, ჩუმად გავიარე, მერე თინიკოს მივვარდი, — ვინ არის და საიდან იცნობ-მეთქი?! — ჩემი ძმააო — სიცილით მიპასუხა თინიკომ, — ოთარმა ასე იცის, გაგვეხუმრაო.
სტუდენტობის მიწურულს და მერეც, ჭილაძეების სტუმართმოყვარე ოჯახში უკვე შინაურულად ვგრძნობდით თავს (ზღაპრული დედ-მამა ჰყავდათ); ვეთაყვანებოდი ნანა თოფაძეს, ოთარის მეუღლეს, დახვეწილ, უმშვენიერეს ქალს, სანიმუშო დედას და ცოლს; თინიკოსათვის რძალს კი არა, — ,,დისაგანცა უფრო დესს“, მისი ამხანაგებისათვის კეთილ და ყურადღებიან უფროს მეგობარს, ყოველი ჩვენთაგანის იდეალს…
გაივლის წლები, ვირუსული გრიპი მაქვს, 39° სიცხე, ვკითხულობ სამადლოდ ნათხოვარ ,,აველუმს“ (აბა, წიგნების საყიდელ ფულს ვინ მომაქვავებს!), მელანოს ყოველ გაელვებაზე უდროოდ გარდასული ნანა მიდგას თვალწინ და მდუღარე ცრემლებს ვღვრი.

❄❄❄

ახლა 1973-74 წლებში გადავინაცვლოთ: ოთარ ჭილაძის, უკვე დიდი სახელის მქონე პოეტის პირველსავე რომანს (,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა’’) მეხის გავარდნის ეფექტი დაჰყვა იმთავითვე: უმრავლესობა აღტაცებულია, უმცირესობა ამაღლებული მითის ,,დამიწებას“ მიუღებლად თვლის; გულგრილი კი არავინ რჩება. მე ამ დროს ენციკლოპედიაში ვმუშაობ, უნივერსიტეტშიც ვკითხულობ ლექციებს და სხვათა მსგავსად, ლიტერატურით ვცოცხლობ. არა და არ ცხრება ამ დიდებული რომანით მიღებული გრანდიოზულობის განცდა, გაოგნებული ვარ და, ცოტა არ იყოს, დამფრთხალიც: ეს რა სიბობოქრის ქარიშხალი მძვინვარებს ავტორის სულსა და გონებაში, როგორ უძლებს ,,ჩვეულებრივი“ ადამიანი ვნებათა ამგვარ გადმონთხევას, მხატვრულ ყალიბში მოქცევას და მკითხველის მონუსხვას ?!
,,არალირიკული“ გადახვევა: ახლახანს ,, არილში“ წავიკითხე ზაზა ფირალიშვილის უაღრესად ზუსტი შეფასება სხვადასხვა დროის ორი დიდი ქართველი მწერლისა, პასუხი შეკითხვაზე — რით შეიძლება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დავაინტერესოთ გერმანელი მკითხველი: ,,თუ მაინც უნდა გამოვყო, დავით კლდიაშვილს და ოთარ ჭილაძეს გამოვყოფდი. გერმანელებზე ხშირად ამბობენ, რომ მათი დისციპლინირებულობა, რეაქციაა მათში ღრმად დაფარული ქაოსისა და ანარქიის ვნებაზეო. როგორც მგონია, სწორედ აქ, ამ შრეში შეიძლება პოვოს გამოძახილი ამ ორი მწერლის ტექსტებმა’’…
მაგრამ ისევ ძველ დროს დავუბრუნდეთ: — ეს ის დროა, როცა ქუჩაში წარამარა ვხვდები ოთარს, ხან რუსთაველზე, ხან მაჩაბელზე; უმცროსი დაიკოს ამხანაგებს ცოტა არ იყოს, ზემოდან დაგვყურებს, ამას უდრტვინველად ვეგუები; თანაც ენამწარეც არის და აშკარად ვფრთხილობ მასთან საუბრისას, თუმცა ახლობლობის განცდა მამშვიდებს.
ახლა კი თითქოს ყველაფერი შეიცვალა.
ერთხელაც გრიბოედოვის ქუჩიდან კიბით ჩამოვრბივარ რუსთაველზე, ,,მერანთან“. ვხედავ, ოთარი მიღიმის; დაბნეული და თვალებდაჭყეტილი შევყურებ და ვეუბნები იმას, რასაც ვფიქრობ: — როგორ მეშინია შენი-მეთქი ! — რა იყო, გოგო, რა საფრთხობელა მე მნახეო, — მპასუხობს ოთარი კი არა, ჩემი გაგებით ­— ,,ცოცხალი კლასიკოსი’’ (ორმოციოდე წლისა!). ვცდილობ ავუხსნა, რატომ ,,მაშინებს“ ამ ყოვლად ფანტასტიკური, გასაშტერებელი რომანის ავტორი: რაღაც აბდაუბდა გამომდის. ოთარი იცინის და მალევე ვშორდებით ერთმანეთს.
ამ ენით გამოუთქმელი ,,შიშის“ გამო დღემდე ვერ შევბედე ვერც ,,რკინის თეატრს“ (80-იანი წლების ჩანაწერების დასტა დღემდე შენახული მაქვს), ვერც ,,აველუმს“ (ერთი ბლოკნოტი ავაჭრელე), ვერც ,,გოდორს“, რომლის წაკითხვამ ჩემზე მიწისძვრასავით იმოქმედა…

❄❄❄

ოთარ ჭილაძის დიონისური პროზა მართლაც იწვევს სტიქიონის განცდას. მან ძველი წელთაღრიცხვიდან ჩვენს არეულ და გადარეულ დროებამდეც მოატანა.
ოთარ ჭილაძის რომანები ძალდაუტანებელ თანადროულ ასოციაციებსაც იწვევს და მრავალპლასტიან არქეოლოგიურ ველსაც მოგვაგონებს.
ნეტავ ასეთი რა ჯადო ჰქონდა ოთარ ჭილაძეს, საწერ მაგიდასთან კატორღელივით მიჯაჭვულ, ,,უსპეცეფექტებო“ მწერალს, — ჩვენს მდაბიურ, მასკულტურულ, ,,კიჩის“ აღზევების დროებაში?
ზოგიერთ ,,ახლებურად“, ,,გლობალურად“ მოაზროვნეს დღეს ძალზე აღიზიანებს ქართულ ტრადიციებზე მითითება; არადა, სწორედ ეროვნული თვითშეგნება, ტრადიცია, ფესვები, ჩვენი კულტურული ,,გენეტიკა“, — თვითმყოფობის შენარჩუნების ანუ თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, შეიძლება ითქვას, — პანაცეაა .

 ალბათ ყველაფერს მოედო ხავსი
და ალბათ უკვე ვეღარც იხარებს :
ეზო, რომელიც ძილშიღა გვახსოვს,
სახლი, რომელიც გადავიყვარეთ .

სამაგიეროდ… სამაგიეროდ,
ქვეყნის ტალახი გვათოვს და გვაწვიმს…
შენ დაიფარე,
ღმერთო ძლიერო,
საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი.

ამ პროვიდენციური ლექსის ავტორი 25 წლის ოთარ ჭილაძეა.
ფესვები ფესვებად, მაგრამ ცის ჩაურევლად არაფერი ხდება: ამიტომაც უწოდა ჭაბუა ამირეჯიბმა ოთარ ჭილაძეს ,,უდიდესი ტალანტით ღმრთივ კალთა-გადაბერტყილი“ მწერალი.
❄❄❄

ვერ დავიჯერებ, რომ ოთარს გულისგულში გაცნობიერებული არ ჰქონოდა თავისი შემოქმედების სიდიადე, უკვე ასაკოვანი ამიტომაც მუშაობდა თავდაუზოგავად და ძალზე ნაყოფიერად, მაშინაც კი, როცა ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა. სადაგ ყოფაში ბუნებრივად თავმდაბალი, დახვეწილი იუმორით გამორჩეული, ზოგჯერ ენაკვიმატი, საყველპურო,შინაურული მანერით საუბრობდა; საკუთარ თავზე, როგორც მწერალზე, ლაპარაკს და, მეტადრე, თვითრეკლამას შავი ჭირივით გაურბოდა.
ვინ იცის, რა ძალისხმევა დასჭირდა რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტ ლამარა კიკილაშვილს, რათა ოთარი მის მიწვევას დათანხმებოდა. არადა, მისი იშვიათი ჩანაწერები რადიოსა თუ ტელევიზიის ოქროს ფონდის დიდი მონაპოვარია .

❄❄❄

დადგა ის დროც, როცა საბჭოთა კავშირის ,,ძლიერებას’’ ბზარი გაუჩნდა, თუმცა მისი ასე სწრაფი დანგრევისა და ნანგრევებში საქართველოს მოყოლას მაშინ არავინ ელოდა.
სწორედ იმ დროს, 1988 წელს, მოხდა ისე, რომ დიდი მოქანდაკისა და დიდებული პიროვნების, ელგუჯა ამაშუკელის 60 წლისთავის აღსანიშნავ ბანკეტზე, ოთარის გვერდით აღმოვჩნდი.
მომავალი ცვლილებების იმედით ატაცებული, ოთარს გულახდილად (და სასაცილოდ) შევჩივლე, რომ ძილშიც და ცხადშიც, სხვა რამეზე ვეღარ ვფიქრობდი და
,,პოლიტიკურ’’ სიზმრებსაც კი ვნახულობდი. მერე კი ვიკბინე ენაზე, ეს რა
წამოვროშე-მეთქი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ოთარს არც კი გაღიმებია, ისე ამყვა საუბარში. დიდად ვნანობ, რომ ცხელ კვალზე არ ჩავიწერე დიდი მწერლის ვრცელი ტირადები საქართველოს რუსეთის მარწუხებიდან თავდაღწევის თაობაზე, განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი გამწარებით ნათქვამი, — რატომ უნდა იყოს საქართველო რუსეთის ,,პროვინცია“, რატომ უნდა ვიცოდე მე, ქართველმა მწერალმა, რუსული ენა, რატომ უნდა დაგვყურებდნენ ზემოდან და ა.შ.

❄❄❄

ოთარ ჭილაძეს რუსეთშიც უამრავი თაყვანისმცემელი, მთარგმნელი და მკითხველი ჰყავდა, მეცნიერები სერიოზულ გამოკვლევებს წერდნენ მასზე ( რამდენიმე სადოქტორო დისერტაციაც იყო დაცული), რუს პოეტებთან ურთიერთობისას ოთარის პიროვნული ხიბლიც დიდ როლს თამაშობდა.
მის თაყვანისმცემელთა და მთარგმნელთა შორის იყო ბელა ახმადულინაც (მასზე, უკვე გარდაცვლილზე, საკმაოდ უხამსი მოგონება გამოქვეყნდა, რაც დაუშვებლად მიმაჩნია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მის წვლილს ქართული პოეზიის პოპულარიზაციის საქმეში ან წიგნს ,,Сны о Грузии“…).
ვისაც ახსოვს ახალგაზრდა ბელას განსაკუთრებული სილამაზე, მიმზიდველი დეკლამაცია, საქართველოს სიყვარული, არასოდეს არ მოიხსენიებს აუგად პოეტს, რომელიც შემდეგშიც ხშირად ავადდებოდა ,,თეთრი ცხელებით“ და, კაცმა რომ თქვას, ბევრი არაფერი მოეთხოვებოდა.
თამაზ და ოთარ ჭილაძეებთანაც წრფელ სიმპათიაზე დაფუძნებული, გულითადი ურთიერთობა ჰქონდა. ერთხელაც ტელეეკრანზე ვხედავ: ბელა მორიგი ვიზიტის შემდეგ მოსკოვში წასვლის წინ ინტერვიუში, ათრთოლებული ხმით, აშკარად გულდაწყვეტილი, სხვათა შორის აცხადებს, — ამჯერად ვერ მოვახერხე ოთარ ჭილაძესთან შეხვედრა მისი ავადმყოფობის გამოო. გულგახეთქილმა იმწამსვე დავურეკე თინიკოს, — რა ჭირს ოთარს, ახლახან ტელევიზიით შევიტყვე-მეთქი. თინიკოსაც მოესმინა ბელას სიტყვები და სიცილით მითხრა, ნუ დარდობ, ოთარი მშვენივრად არისო. ჩანს, თამაზ ჭილაძეს, ჩინებულ მწერალს, ინტელექტუალს, ოთარის შემოქმედების უპირველეს შემფასებელს, მისთვის ჩვეული თავაზიანობითა და ჯენტლმენობით, დაურწმუნებია ბელა ახმადულინა ძმის ავადობაში, რა თქმა უნდა, ოთარისავე თხოვნით. თამაზი ხომ მუდამ იყო დამცავი ფარი უმცროსი ძმისათვის.

❄❄❄

ოთარი მძაფრად განიცდიდა ყველაფერს, რაც დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადების შემდეგ დაგვემართა (თუ დაგვმართეს ან ჩვენს თავს ჩვენვე დავმართეთ), ძმათამკვლელ ომებს, რუსი ,,მშვიდობისმყოფელების “ ვერაგობას, საქართველოს მკვიდრთა მიერ ზურგში მახვილის ჩაცემას, დევნილთა უმძიმეს ხვედრს, ქართველთა მასობრივ მიგრაციას, მენტალურ სფეროში — ადამიანთა გაუცხოებას, ,,თავისუფლების“ სახელით დანერგილ თავაშვებულობას, სულიერების თუ ზნეობის დაცემას … და, განსაკუთრებით, მშობლიური მწერლობის, ქართული კულტურის, ტრადიციული, მარადიული ფასეულობების მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას.
XX საუკუნე — 1999 წელი — ოთარ ჭილაძის უდავო ტრიუმფით დაგვირგვინდა: იგი აღმოჩნდა პირველი ქართველი ნომინანტი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარდგენილ მწერალთა ხუთეულში მოხვდა .
ეს საქართველოსთვის იყო უდიდესი წარმატება, რომელიც უკვალოდ ჩაიკარგა უთავბოლო პოლიტიკურ ორომტრიალში, შურისა თუ სიძულვილის მძვინვარებაში. მაშინ უცხოელები უფრო დაინტერესდნენ ოთარის ფენომენით, ვიდრე ქართველები… როგორც მოსალოდნელი იყო, ოთარს ამაზე საჯაროდ კრინტიც კი არ დაუძრავს… ოთარ ჭილაძე, ღირსებისამებრ, მთაწმინდაზე განისვენებს. მთაწმინდა კი კვლავ ჩაფიქრებულა…
© არილი

Facebook Comments Box