ინტერვიუ,  პორტრეტი

ლაშა ბერაია: "საქართველოში გამომცემლების და მკითხველების ბუმი იწყება"


ნანა კობაიძე

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი გამომცემელი ლაშა ბერაიაა, რომელიც გამომცემლობა “ლოგოს პრესს” ხელმძღვანელობს. “ლოგოსი” ძველბერძნულად “სიტყვას” ნიშნავს და სწორედ ასე ერქვა გამომცემლობას, უფრო სწორად, საგამომცემლო პროგრამას, რომელიც 1996 წელს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ლაშა ბერაია დღესაც რჩება პროგრამა “ლოგოსის” აღმასრულებელ დირექტორად, პარალელურად კი საკუთარ გამომცემლობას ხელმძღვანელობს, რომელიც უკვე ორი წელიწადია არსებობს, თუმცა უკვე მოასწრო მთელი რიგი საინტერესო პროექტების განხორციელება. ლაშა ბერაიას კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში შევხვდი, სადაც იგი მუშაობს. აქვეა მისი გამომცემლობაც.
ლაშა ბერაიას საგამომცემლო საქმიანობის დასაწყისი მის პროფესიას უკავშირდება. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება დაასრულა და იქვე გააგრძელა სამეცნიერო საქმიანობა. საგამომცემლო საქმის შესწავლა 1993 წელს დაიწყო. იმ პერიოდში კომპიუტერი ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. ბატონმა ლაშამ პირველი ნათლობა “ელექტრონიკის” მარკის ძველ კომპიუტერზე მიიღო. საგამომცემლო საქმეში თავის პირველ მასწავლებლად ლევან ბერძენიშვილს მიიჩნევს, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ მუშაობდა კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. “ლევანი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც კომპიუტერებსა და საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროგრამებში გაერკვა. სწორედ მან დაიწყო თავის დროზე იმ გამომცემლობის აწყობა, რომელსაც დღეს “ლოგოსი” ჰქვია. შემდეგ ლევანი უნივერსიტეტიდან წავიდა და მისი დაწყებული საქმე მე გავაგრძელე” – იხსენებს ლაშა ბერაია. 1996 წელს ეს პროგრამა გამომცემლობად ჩამოყალიბდა, თუმცა, ეს მაინც იყო კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგისაა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ნაწილი. ბატონი ლაშას თქმით, იმის მიუხედავად, რომ დღემდე რჩება ამ პროგრამის აღმასრულებელ დირექტორად, მისი უფლებები “ლოგოსში” მაინც შეზღუდულია. “ლოგოსის” ბედს, მასში გამოსული წიგნების გეგმას და გამოცემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს ინსტიტუტის დირექტორი, რისმაგ გორდეზიანი და მისი სხვა თანამშრონლები წყვეტენ. თანაც, “ლოგოსის” თემატიკა ძირითადად კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის სფეროებით შემოიფარგლება. ლაშა ბერაიას კი უფრო მეტის გაკეთება სურდა. სწორედ ამიტომ, 2000 წელს გამომცემლობა “ლოგოს პრესი” დააფუძნა. დღესდღეობით მისი ძირითადი საქმიანობა სწორედ ამ გამომცემლობას უკავშირდება.
ლაშა ბერაიამ პირველი წიგნი 1995 წელს გამოსცა. Griechenland und Rom – ასე ერქვა მას და მოიცავდა ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის მასალებს. წიგნის დიდი ნაწილი მან თავად ააწყო, დააკაბადონა და დიზაინიც გააკეთა. მის გამოცემაში დიდად დაეხმარა კლასიკური ფილოლოგიის ცნობილი სპეციალისტი, აწ გარდაცვლილი გერმანელი მეცნიერი შმიდტი. სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინათ ინსტიტუტის სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის კაბინეტში გაიხსნა განყოფილება, რომელიც მთლიანად შმიდტის მიერ ნაჩუქარი წიგნებისგან შედგება. ბატონ შმიდტს დიდი გამოცდილება ჰქონდა საგამომცემლო საქმიანობაში. სწორედ მისგან ისწავლა ბევრი რამ ლაშა ბერაიამ.
ლაშა ბერაიას თქმით, მას არ დაუსახავს მიზნად – ჰქონოდა გარკვეული პრიორიტეტები. “მინდა გამოვცე როგორც მხატვრული ლიტერატურა, თარგმანები, ასევე საბავშვო გამოცემები, სასკოლო წიგნები და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები” – გვითხრა მან. განხორციელებულ პროექტებზე გამომცემელმა დაწვრილებით ისაუბრა.
“ლოგოს პრესმა” გამოსცა რამდენიმე წიგნი საბავშვო და საყმაწვილო წიგნების სერიიდან. მათგან გამომცემელმა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსთან” ერთად განხორციელებული პროექტი – “ქართული მითების სამყარო” გამოყო. წიგნი ისტორიკოსებმა – ნატა ახმეტელმა და ბესიკ ლორთქიფანიძემ დაწერეს, ილუსტრაციები კი გია ბუღაძეს ეკუთვნის. ამავე სერიით გამოვიდა “ხელოვნების ისტორია მოზარდებისთვის.” ჯერჯერობით, დაისტამბა მისი ორი წიგნი – ძველი ეგვიპტე და საქართველო, მალე გამოვა ძველი საბერძნეთი, სერიას კი დაასრულებს ძველი რომი. “ლოგოს პრესი” აქტიურად მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოებზე. უკვე გამოსცეს VII და VIII კლასების “მშობლიური ლიტერატურა,” რომელიც ვახტანგ როდონაიას ხელმძღვანელობით მომზადდა და VIII კლასის “მითოლოგია” – ნანა ტონიასა და ზურაბ კიკნაძის ავტორობით. გამომცემლობა სამეცნიერო ლიტერატურასაც არ ტოვებს უყურადღებოდ. გამოსცეს ზურაბ კიკნაძის “ქართული ხალხური ეპოსი.” ლაშა ბერაიას აზრით, ეს ძალზე მნიშვნელოვანი გამოცემაა. “ზურაბ კიკნაძე ამ სფეროს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. წიგნში ქართულ ეპიკურ ნაწარმოებებთან დაკავშირებული ბევრი სიახლეა, რომელიც ბევრს დააინტერესებს” – გვითხრა გამომცემელმა. “ლოგოს პრესმა” გამოსცა დამანა მელიქიშვილის ფუნდამენტური ნაშრომი “ქართული ზმნის უღლების სისტემა,” მალე გამოვა აკაკი ხინთიბიძის “ქართული ლექსი” – ლაშა ბერაიას თქმით, კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ისინი ზრუნავენ ახალგაზრდობაზე. დაგეგმილია კიდევ ერთი სამეცნიერო გამოცემა, რომელიც განსაკუთრებით ლიტერატორებს დააინტერესებს. ეს არის ზაზა შათირიშვილის “გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა”, რომელიც გამომცემლის აზრით, უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ინტელქტუალებისთვის.
“ლოგოს პრესის” კიდევ ერთი მიმართულებაა აკადემიური სახელმძღვანელოები. მათ უკვე გამოსცეს ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსის, პიტერ ბერკის “ისტორია და სოციალური თეორია.” ამჟამად მთავრდება მუშაობა რამდენიმე ერთობლივ პროექტზე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსთან” ერთად. მალე მკითხველი იხილავს ჯორჯ ედვარდ მურის “პრინციპია ეთიკას,” ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსის, ლუდვიგ ვიტკენშტაინის ფილოსოფიურ გამოკვლევებს და რობერტ პატნემის ნაშრომს – “როგორ ვამუშავოთ დემოკრატია”. ეს წიგნი ეხება 70-ან წლებში იტალიაში მიმდინარე რეგიონალიზაციის პროცესს, რომელმაც ქვეყნის სწრაფი განვითარება გამოიწვია. ამ კონკრეტულ მაგალითზე ავტორი რეგიონალიზაციის დადებით მხარეებზე გვესაუბრება.
გამომცემლობის კიდევ ერთი მიმართულება თარგმანების სერიაა. შარშან “ლოგოს პრესმა” ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი ძველი ბერძნული ეპოსი “ბაყაყებისა და თაგვების ომი” გამოსცა, რამდენიმე თვის წინათ – ნაბოკოვის “ლოლიტა,” რომელიც თამარ ლომიძემ თარგმნა. მალე ამ სერიით მკითხველი კიდევ ერთ საჩუქარს მიიღებს. ეს არის არისტოფანეს კომედიების 5-ტომეული, რომლის თარგმანი, შესავალი წერილი და კომენტარები ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის. გარდა ამისა, გამომცემლობამ განმეორებით გამოსცა “ლოგოსის” მიერ დასტამბული ევრიპიდეს “მედეა,” რომლის თარგმანიც ბაჩანა ბრეგვაძეს ეკუთვნის. ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანით გამოსცეს კიდევ ერთი წიგნი – ნიკოლოზ ბერდიაევის “ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში.” “განმეორებითი” სერიით ლაშა ბერაია კიდევ ერთ სიახლეს გვპირდება – ზურაბ ჭუმბურიძის “რა გქვია შენ” – შესწორებული და შევსებული გამოცემას. გამომცემლობა “სანის” ხელმძღვანელის, ზაზა ბერიშვილის მსგავსად, ლაშა ბერაიაც მიიჩნევს, რომ საბჭოთა პერიოდში არაერთი საინტერესო წიგნი გამოიცა, რომელთა ნახვაც დღეს მხოლოდ ბიბლიოთეკაში შეიძლება, ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია მათი ხელახალი გამოცემა. ვფიქრობ, ქართველ გამომცემლებში ეს ტენდენცია უკვე დაიწყო და სამომავლოდ ამ კუთხით არაერთ საინტერესო გამოცემას ვიხილავთ.
უახლოეს მომავალში “ლოგოს პრესი” კიდევ ერთ საჩუქარს გვიმზადებს. ეს არის ოთარ ჭილაძის ესეების, პუბლიცისტური წერილებისა და ინტერვიუების კრებული. “ამ წიგნში არის საკითხები, რომელიც დააინტერესებს არა მარტო მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებს, არამედ ფინანსისტებს, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებს, ეკონომისტებს და თუნდაც – პარლამენტარებს. მათთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რას ფიქრობს ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე” – გვითხრა ლაშა ბერაიამ. დამეთანხმებით, მის მიერ ჩამოთვლილი გამოცემული და გამოსაცემი წიგნების ნუსხა საკმაოდ სოლიდურია. აქ ნაკლებად არის ფართო მასაზე გათვლილი ლიტერატურა. “ლოგოს პრესის” მიერ გამოცემული წიგნები უფრო ინტელექტუალი მკითხველისთვისაა განკუთვნილი. არადა, ფინანსური თვალსაზრისით, გამომცემლობისთვის ეს წამგებიანია. თუ არ იქნება მოგება, თავისთავად, ვერ გამოსცემენ ახალ წიგნებსაც და გამომცემლობა ნელ-ნელა დაღმავალი გზით წავა. ანუ, რისკი საკმაოდ დიდია, თუმცა, ლაშა ბერაია პესიმისტურად განწყობილს ნამდვილად არ ჰგავს. “ზოგჯერ ვრისკავ და გამოვცემ წიგნებს, რომლებიც წელიწადში 500-ზე მეტი არ იყიდება. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ “ლოგოს პრესმა” სერიოზული გამომცემლობის იმიჯი შეიქმნას. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ვითარება შეიცვლება, ქვეყანა გამოიღვიძებს. ჩემს მიერ გამოცემული წიგნები იმ ხალხისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც საზოგადოება უნდა გამოაღვიძონ” – გვითხრა გამომცემელმა. როგორც ამბობენ, რისკი კეთილშობილური საქმეა, მაგრამ ამართლებს თუ არა ლაშა ბერაიას არჩევანი? როგორც თავად თქვა, ჯერჯერობით – არა, მაგრამ უიმედოდ არ ვარ, რადგან მყიდველთა და დაინტერესებულ პირთა რაოდენობა იზრდებაო. გარდა ამისა, “ლოგოს პრესს” ჰყავს ერთგული მკითხველები, რომლებიც მის წიგნის კლუბში არიან გაწევრიანებული და რეგულარულად ყიდულობენ ახალ გამოცემებს. ერთი სიტყვით, ლაშა ბერაიას პოზიციას პესიმისტურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პირიქით, მისი აზრით, საქართველოში გამომცემლობების ბუმი იწყება, რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა. “ჩვენხელა ქვეყანაში რამდენიმე ათასი გამომცემლობა უნდა იყოს და არ გაგიკვირდეთ, რომ რამდენიმე წელიწადში მათი რაოდენობა სწორედ ამდენი გახდეს” – გვითხრა გამომცემელმა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანის საქმიანობა წარმატებული იქნება – ზოგი გაიზრდება, ზოგი – საშუალო ზომამდე მივა, ზოგი – დარჩება პატარა, მაგრამ თავის სამყოფ წიგნს გამოუშვებს და იქნება ასე… ლაშა ბერაიას პროგნოზით, გამომცემლობების ბუმს მკითხველის ბუმიც მოჰყვება. მისი აზრით, საქართველოში მკითხველთა რაოდენობა ძალიან მცირეა. “ჩვენხელა ევროპულ ქვეყნებში გაცილებით მეტი ადამიანი კითხულობს. საკმაოდ ჩამოვრჩებით მათ. სტატისტიკური მონაცემების მოყვანა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რამდენიმე ასეულჯერ თუ არა, ათეულჯერ მაინც” – თქვა მან. ასე რომ, ცნობილი მოსაზრება – თითქოს საბჭოთა კავშირი მკითხველთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე იდგა, რბილად რომ ვთქვათ, გაზვიადებულია. იმ პერიოდში წიგნებს უფრო პრესტიჟისთვის ყიდულობდნენ, ვიდრე საკითხავად, ანუ, მყიდველი ყოველთვის არ იყო მკითხველი. თავისთავად არც ეს ფაქტია ცუდი, მყიდველი თუ არა, წიგნს მისი ოჯახის რომელიმე წევრი ან ახლობელი მაინც წაიკითხავდა. დღეს არც მყიდველია იმ რაოდენობით, არც მკითხველი. თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, გარკვეული პროგრესი არის. ლაშა ბერაიას თქმით, ბოლო ერთ წელიწადში გაყიდვების რიცხვმა 2,5 – 3-ჯერ მოიმატა. იკვლევს თუ არა საქართველოში ვინმე მკითხველის მოთხოვნილებებს? ლაშა ბერაიას თქმით, ცალკეული გამომცემლებისთვის მარკეტოლოგის დაქირავება ძალზე ძვირი სიამოვნებაა. უჯობესია, როცა ამას რამდენიმე გამომცემლობა ახორციელებს. ერთი ასეთი გამოკვლევა რამდენიმე წლის წინათ ჩატარდა და სავალალო შედეგები აჩვენა – რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს წიგნის ბაზარი, არის ძალზე ცოტა გამომცემლობა, რომელნიც მცირე რაოდენობით წიგნებს გამოსცემენ და მათ თითქმის არავინ ყიდულობს. მას შემდეგ ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა, მაგრამ დამაკმაყოფილებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მსოფლიო სტანდარტებამდე ძალზე ბევრი გვიკლია. ამისთვის, ალბათ, გამომცემელთა გაერთიანებაა საჭირო. ბევრმა, შესაძლოა, არც კი იცის, რომ დღესდღეობით საქართველოში გამომცემელთა ორი გაერთიანებაა – “საქართველოს გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია,” რომელსაც სათავეში გამომცემლობა “აზრის” დირექტორი, მერაბ ქათამაძე უდგას და “საქართველოს გამომცემელთა ასოციაცია,” რომელსაც გამომცემლობა GCI-ს დირექტორი, შადიმან ხელაძე ხელმძღვანელობს. რამდენიმე წლის წინათ ამ ორ ასოციაციას შორის გარკვეული უთანხმოება იყო. სწორედ ამის გამო საქართველო ვერ ხდება გამომცემელთა საერთაშორისო საოციაციის წევრი. თუმცა, ლაშა ბერაიას თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ გამომცემლები საერთო ენას ისევ გამონახავენ, რადგან, საბოლოოდ, ეს არის ბიზნეს-ასოციაციები, რომელთაც საერთო ინტერესები აქვთ.

გამოქვეყნდა 2002 წელს

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box