როგორც ყოველთვის, ბოლო გავედი ოფისიდან. საწყობის გასაღები დარაჯს ჩავაბარე და ნაწვიმარ ქუჩაში გავტოპე.
ციოდა. ქარს ღრუბლები მიმოეფანტა. ლამფიონები ცახცახით ირეკლებოდნენ წვიმისგან გამჭვირვალე ასფალტზე.
კიდევ კარგი, მოვიფიქრე და სქელი პალტო ჩავიცვი, თორემ უეჭველად ამაკანკალებდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ათი წუთი ვბერტყე აივანზე, მაინც ნაფტალინის სუნი უდიოდა – დღეს დილამდე ზედა თაროზე, ზამთრის ტანსაცმელში მქონდა შეკეცილი.
არ მინდოდა სახლში წასვლა. Akille, ჩემი კატა, თავადაც მიაგნებდა საჭმელს, მე მხოლოდ შუაღამისკენ დამიწყებდა ძებნას.
ნესტოებში საქაღალდეებზე დაფენილი მტვრის ნალექი მიღიტინებდა (დილიდან ტექსტების კორექტურით ვიყავი დაკავებული), ხოლო თმაში წინწკლებად მეყარა ჩვენი დირექტორის პირიდან რეკორდულად შორ მანძილზე გადმოტყორცნილი ჭვავის პურის ნამცეცემი (მაინცდამაინც მაშინ მიხმო უაზრო შენიშვნის მოსაცემად, როცა თავის დიეტურ სადილს მიირთმევდა), + ამას ჩემს პალტოში გამჯდარი ნაფტალინის სუნი… ხომ კარგია? თავად განსაჯეთ, რა დღეშიც ვიქნებოდი – ერთი სული მქონდა, როდის განვიყრიდი ჩემგან ამ სიბილწეს!
საფულეში დღიურ დანაზოგზე ოდნავ მეტი მედო (ხელფასს ისე ვიზოგავ, დახარჯვას ვერ ვასწრებ თვიდან თვემდე), ძილამდე კი სრული ოთხი საათი დამრჩენოდა (ზუსტად შუაღამისას ვწვები, მას შემდეგ, რაც Akille-ს ვაპურებ), არ ვიცი, რატომ, მაგრამ არ მინდოდა, რომ ეს დღეც ჩვეულებრივად, ტელევიზორთან მიმჯდარს გამესრულებინა. გართობა მეწადა.
გზაჯვარედინზე, შუქნიშანთან შევდექი. არ ვიცოდი, საით გამეწია.
სახლში წასვლა თავიდანვე გამოირიცხა.
საროსკიპოში?
მანდ მხოლოდ თვის ბოლო ორშაბათს მივდიოდი ხოლმე. წინ კიდევ ათი დღე მქონდა.
ჩემს უმცროს ძმასთან?
მაშინ წინასწარ უნდა დამერეკა. ასე მოულოდნელად ვერ მივადგებოდი. მითუმეტეს, ცოლი ჰყავს ფეხმძიმედ.
პიცერიაში, მდინარეზე?
გემის რყევას ვერ გავუძლებდი. თანაც ციოდა.
თურქულ აბანოში?
კარგი იდეა იყო, შევთბებოდი, მაგრამ დაბანის შემდეგ ძველ საცვლებს ვერ ჩავიცვამდი, დილით უნდა მეფიქრა ამაზე, ახლები კი თან არ მქონდა.
სხვა თუ არაფერი, ბოლოს და ბოლოს, ლუდის ყიდვა შემეძლო, მსუბუქად შეთრობა, Akille-ს გაღიზიანება და ყოფილ ცოლთან დარეკვა (ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წევს, თუმცა ტელეფონთან მისვლას არავინ უკრძალავს). მასთან საუბარი ყველაზე მეტად მართობს. რაც არ უნდა მოვუყვე, ყველაფერს იჯერებს. მთელი სპექტაკლია. კარგად ვლაღობთ.
ქარმა მძლავრად შემოუბერა. შევქანდი კიდეც. ხელი შუქნიშნის ბოძს წავავლე. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
“ერთზე მეტი, ორზე ნაკლები!” – გამიელვა, უცებ, თავში.
ღმერთო ჩემო, თავიდანვე როგორ არ გამახსენდა ეს მშვენიერი რესტორანი! ბოლოს ერთი თვის წინ ვიყავი და კარგადაც მოვილხინე მარტოხელა კაცის კვალობაზე – ენა არ გამიჩერებია.
თურმე, ყველაზე მეტად სწორედ ამ რესტორანში მისვლა მჭირდებოდა.
მართალია, ორი ავტობუსი უნდა გამომეცვალა, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიჭოჭმანია (ბოდიში მოიხადეთ, სამწლიანი სამგზავრო ბილეთი მქონდა ნაყიდი), უახლოესი გაჩერებისკენ გავიქეცი და პლასტმასის დაფაზე მიწერილი ავტობუსების მისვლა-მოსვლის განრიგი ჩავიკითხე: ჩემი ნომერი 21 წუთში მოვიდოდა.
რესტორანი “ერთზე მეტი, ორზე ნაკლები” სამი წლის წინ გაეხსნათ და, თუ არ ვცდები, დღეს უკვე მეთერთმეტეჯერ ვესტუმრებოდი ამ უჩვეულო და უაღრესად სასიამოვნო დაწესებულებას. პირველ წელს ორი კვირით ადრე მაინც უნდა დაგეჯავშნა რიგში ადგილი – მთელი ქალაქი მანდ დადიოდა, ახლა კი წინასწარ გაუფრთხილებლადაც მშვიდად შეგეძლო მისვლა. ჩვენთან ხომ მხოლოდ ისაა მიმზიდველი, რაც ახალი და მოდურია.
ამ რესტორნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ყოველ მიზეზ გარეშე მისი პერსონალი გახლდათ. ზრდილი, განათლებული და კეთილგანწყობილი. სად შეაგროვეს ამდენი ბრწყინვალე ახალგაზრდა, ამდენი ღირსეული მოხუცი, დღემდე ვერ ამიხსნია. ერთი სიამოვნებაა მათთვის შეკვეთის მიცემა.
ამჯერადაც, მივედი თუ არა, შვეიცარი დიდი ხნის ნაცნობივით შემომეგება.
– მუსიე როსტომ, მობრძანდით! – შემომძახა გახარებულმა და ვეება კარი ორად გამოაღო (ორად მხოლოდ საპატიო სტუმრებისთვის ხსნიან კარს).
პალტო, გეგონება, თოთო ბავშვი ყოფილიყოს, ფრთხილად, მოკრძალებით გამომართვა მეგარდერობემ და სპილენძის მონეტა მომცა. ესეც ჟესტია: ჩვეულებრივ ყავისფერ მონეტას აძლევენ მოსულებს, მე კი აგერ უკვე მეოთხე მოსვლაა სპილენძს მთავაზობენ.
ვიდრე დარბაზში შევიდოდი, საპირფარეშოს მივაშურე, არათითზე უშნოდ მქონდა ამობურცული კალმისტრის ჭერისგან გაშავებული ხორცმეტი – სასწრაფოდ უნდა დამებანა ხელები. სამსახური უნდა ჩამომერეცხა.
ოფისის (ან ჩემი ბინის) სარკისგან განსხვავებით აქ სარკეც კი მეგობრულია: მასში არეკვლისას ყოველთვის უფრო ასატანად და ნაკვთებდახვეწილად მეჩვენება თავი, ვიდრე სინამდვილეში ვარ – ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ტუალეტის სარკიდან სხვა კაცი შემომყურებს, აქედან კი სულ სხვა.
შევდივარ, ტრადიციულად, II დარბაზში – აქ მხოლოდ ერთკაციანი მაგიდებია და ნაცნობ (დიახ, უკვე ნაცნობები ვართ) ზედამხედველს ჩემს მაგიდაზე ვუთითებ. როგორც წესი, სცენასთან ვზივარ ხოლმე, ჩელისტის უკან.
უპს. ამჯერად ჩემი მაგიდა დაკავებულია, ვიღაც სანდომიანი ქალბატონი მისჯდომია და წითურთმიან ოფიციანტს ესაუბრება.
ზედამხედველს ცენტრში მდგომ მაგიდასთან მივყავარ. რას ვიზამთ, ვეგუები. ამ ადგილსაც არა უჭირს.
სკამზე ჩამოჯდომისთანავე მიახლოვდება ოფიციანტი (თმაშევერცხლილი მამაკაცი) და ოქროსფერ საქაღალდეში ჩასმულ მენიუს მაწვდის.
ჯერჯერობით, მხოლოდ უსიტყვოდ ვურთიერთობთ, ვუღიმით ერთმანეთს.
სცენაზე მსხდომი მუსიკოსები შუბერტის რომელიღაც ტრიოს დაკვრას იწყებენ (აქ ყოველთვის შუბერტს ასრულებენ – რესტორნის მფლობელის გარდაცვლილი მეუღლის დანაბარებია).
მე მენიუს ჩავყურებ.
მაშ ასე:
მთავარი კერძი ………………………………… ჯანმრთელობა
(დიაბეტი, ქოლესტერინი, გულ-სისხძარღვთა დაავადება)
დღის ულუფა ……………………………………. ტერორისტული აქტი ახალ ამსტერდამში, თხის გრიპი, ომი თურქმენეთში
ცივი კერძები
ქალაქური ამბები ვეგეტარიანელთათვის
ოჯახურად დამზადებული ქალაქური ამბები
სალათი “რეგიონი”
სალათი “ლიტერატურა, მუსიკა, ფერწერა”
სუპი “სპორტი, ცირკი, კინო”
ცხელი კერძები
შობადობა
სიკვდილიანობა
უიღბლო\იღბლიანი ქორწინება
პოლიტიკა
სიყვარული
გაბუტვა, როგორც ეგზისტენციალური აქტი
ფობიათა პალიტრა
სკლეროზი
წარსული\მომავალი
სამარხვო მენიუ
რელიგია
აპოკალიფსისი
პირად (და სხვათა) ცოდვების მიმოხილვა\ანალიზი
დესერტი
სექსი
მისტიციზმი
სიძულვილის ნთხევა მავანთა მიმართ
დელიკატესები
პედოფილია
ნეკროფილია
ზოოფილია
კერძების ფასს არ შევუშინებივარ, მთავარი კერძისა და დღის ულუფის გარდა ყველაფერს ერთნაირი ფასი ჰქონდა, იმ ორის შეკვეთას კი ისედაც არ ვაპირებდი.
რაც აქ დავდივარ, რამდენჯერმე გავსინჯე უიღბლიიღბლიანი ქორწინება, სიყვარული, ფობიათა პალიტრა, პოლიტიკა, ცივი სალათი ლიტერატურა, მუსიკა, ფერწერა (ასე თუ ისე, ჩემი თემებია), პირად და სხვათა ცოდვების მიმოხილვა\ანალიზი და, ცხადია, სიყვარული, ხოდა, გამოვტყდები, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ კერძებით. დესერტი პრინციპულად არ შემიკვეთავს არასდროს, ხოლო დელიკატესებს მხოლოდ ერთხელ, ცნობისმოყვარეობის გამო გავუსინჯე გემო და მეტჯერ აღარც მიმიკარებია პირი.
წინა მოსვლაზე პოლიტიკით გავძეხი (კავკასიაში კვლავ ბომბები ცვიოდა და არ შემეძლო, არ გამესინჯა), მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მძიმედ მოვინელე. ერთი კია, მშვენივრად ვისაუბრეთ, საფუძვლიანად განვიხილეთ თითოეული პუნქტი. დღეს კი სენტიმენტების ხასიათზე გახლდით და ამიტომ კერძები საკმაოდ სწრაფად შევირჩიე (ზოგჯერ, მტანჯველი წუთები გადის, სანამ სასურველ საკვებს მივაგნებ).
– შეუკვეთავთ რამეს? – მკითხა ოფოციანტმა და პროფესიული კალამ-წიგნაკი მოიმარჯვა.
– მმ… დიახ, – თვალი გადავავლე მენიუს, – ვეგეტარიანული ქალაქური ამბები ძალიან, ძალიან ცოტა… ცხელებიდან – სიყვარული. ესაა და ეს.
– როგორც იქნა, შეუკვეთეს რაღაც ადამიანური, – გაეღიმა ოფიციანტს, – დღეს ყველა თხის გრიპზეა შეშლილი.
– მე მესმის მათი, – დავიჭყანე თანაგრძნობით გამსჭვალულმა, – აცივდა და შეშინდნენ… მაგრამ მე არ მეშინია!
– ვინ გნებავთ, რომ კერძები გაგასინჯოთ?
– ნომერმა ცხრამ, როგორც ყოველთვის.
– პარიკი?
– ქერა… ქერა, რასაკვირველია. ბებიაჩემს ჰქონდა ქერა თმა. მისი გაზრდილი ვარ…
ოფიციანტმა დინჯად ჩაიწერა ჩემი სურვილები და თავის დაკვრით გამეცალა.
ცოტა ხანში “ნომერი ცხრაც” გამოჩნდა – ლამაზი, ენერგიული და ლოყაწითელი. თავზე, ჩემი შეკვეთის შესაბამისად, ქერა პარიკი ედო.
– როგორ ხართ, ბატონო როსტომ?
– მადლობა, გენაცვალე… მოშიებული, როგორც ხედავ.
“ნომერმა ცხრამ”, როგორც ბავშვს მზრუნველმა აღმზრდელმა, წინსაფარი მიმიბნია მკერდზე, წინ ჩამომიჯდა და საქმიანად მითხრა:
– თუკი ცრემლები წამოგივათ, ამით მოიწმინდეთ.
– ხო, მაგრამ ჯერ ხომ ქალაქური ამბები მოდის?
– გარდაცვალებებიც არის და ამიტომ ვიფიქრე… მეთქი, თქვენი ახლობელი არ იყოს ვინმე, თქვენი თაობის ხალხია…
“ნეტა არ შემეკვეთა!” – გავიფიქრე, თუმცა ძალიან შევეცადე, სახეზე არ დამტყობოდა უკმაყოფილება.
ზოგჯერ შეუკვეთავ რამეს და მერე უკმაყოფილო რჩები, ან გაძღები და გადახდა არ გინდა. რას იზამ. ასეთია ადამიანი.
თუმცა ამჯერად გადავრჩი, “ნომერ ცხრას” განსაკუთრებულად დამთრგუნველი არაფერი მოუყოლია (ნეკროლოგს ურეაქციოდ გავეცანი – გარდაცვლილთა შესახებ არაფერი მსმენოდა), ქალაქის ამბებს მოკლედ ჩამოვყევით, ბლომად მოვყევით უმარილო ჭორებიც… ამ ყველაფერს აშკარად უკლდა ზეთი და პილპილი.
“ნომერ ცხრას” ბოდიშის მოხდაც მოუწია:
– ჩვენი ბრალი არ არის, ბატონო როსტომ, ამინდი იყო ცუდი, მომწოდებლებს ბევრი არაფერი ჰქონდათ, მზარეულების ფანტაზიორობამაც ვერ გვიშველა.
“ეჰ, ავჩქარდი, ეს არ უნდა შემეკვეთა, არა… იქნებ ფული არ გამომართვან! ბოლოს და ბოლოს, ამათი ერთგული კლიენტი ვარ!”
– თუ გნებავთ, ტონს შევცვლი, – შემომთავაზა, – ნაკლებ ოფიციალურად მოგითხრობთ, უფრო დესერტის ტემბრით… ეგებ გემო შეემატოს.
რა უნდა მეთქვა? პროფესიონალი ეგ იყო. ჩემი შეკვეთა მას უნდა გადაერჩინა.
– ადრე უნდა გეფიქრა ამაზე!
დასჭექა ერთ-ერთ მაგიდასთან მდგომმა “ნომერმა 14-მა” (აქ ეს ჩვეულებრივი ამბავია), მისმა კლიენტმა კი უხერხულად მიიხედ-მოიხედა და მორცხვად ჩაილაპარაკა:
– მართალი ხარ, ცამდე მართალი ხარ…
ეტყობა, პირველად იყო აქ.
ჩემი მკვებავი მართალი აღმოჩნდა – საუბრის უშუალო მანერამ (თბილმა ტემბრმა) აშკარად მეტი სიცხარე შემატა მლაშე ქალაქურ ჭორებს. შეიძლება ითქვას, მოვღონიერდი კიდეც. თუმცა რეალურად ჯერაც უჭმელი ვიყავი.
მალე ჩემი ნაცნობი ოფიციანტი მოგვიახლოვდა და ტაქტიანად შეგვახსენა:
– ცხელი კერძის დროა.
– როგორც იქნა, – მოვიფშვნიტე ხელები.
მუსიკოსები შემდეგი ოპუსის შესრულებას შეუდგნენ.
– დღეს სიყვარულის ხასიათზე ვართ, ბატონო როსტომ? – ეშმაკურად (მე რომ მიყვარს, ისე) გამიღიმა “ნომერმა ცხრამ”.
– სხვა ხასიათს არ ვცნობ, – ღიმილითვე დავუბრუნე ხურდა.
– სიყვარულის ახსნა? – მკითხა.
– არა…
– პირველი პაემანი?
– მეორე… არა, მესამე…
– სექსი გვქონდა?
– არა… უფრო სწორად, კი, ორჯერ…
– დიდი ვნებაა?
– დიდი, კი.
– ეჭვიანობთ რამეზე?
– არ ვიცი.
– კონფლიქტით ვასრულებთ?
– ვაი… წარმოდგენა არა მაქვს! ვნახოთ. სასიყვარულო კონფლიქტით, ალბათ… დაშორება არ ღირს.
– ცრემლები?
– ა-არა. ნაკლებად.
– გზად გამოჩნდება, არა?
– აჰა.
– რამე მქვია?
– კი, ანა მინდა.
“ნომერი ცხრა” თავის სკამიანად მომიჩოჩდა და მხარზე ჩამომადო თავი. მეტისმეტად უცებ შეუდგა ჩემს კვებას.
– დავიღალე აქ, – ჩაილაპარაკა.
– მართლა? რატომ? – შევეკითხე ოდნავ დაბნეულმა; თავიდან ყოველთვის მიჭირს, თავს უხერხულად ვგრძნობ. მგონი, შევწითლდი კიდეც.
მან კი ყოველგვარი შემზადების გარეშე მეორე, მსუყე ლუკმა ჩამჩარა პირში:
– მინდიხარ…
– მეც, – დავხედე ზემოდან. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად ვაკოცებდი შუბლზე, მაგრამ აქ კოცნა აკრძალულია – საჭმელს ვინ კოცნის!
– მინდა სულ გეფერო, – მითხრა, – ქუჩაშიც, სამსახურშიც, აქაც… შენ კი იბოჭები. ამათი გერიდება?
ცოტა მემწარა ეს ლუკმა, თუმცა ხელზე ხელი ჩამოვადე (ეს ნებადართულია) და რაკი სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, მხოლოდ ესღა ვუჩურჩულე:
– მეც, ჩემო პატარავ.
– არა, შენ გეშინია, – აწია უცებ თავი.
– ღმერთო ჩემო, რისი?
– გეშინია, რომ დაგვინახავენ.
– ისედაც გვხედავენ, რა მოხდა!
– აღარ შემიძლია მუდმივ მალვაში ყოფნა. მინდა თამამად ვიდგე შენს გვერდით, შენთან ერთად ვიარო, როცა მინდა დავრეკო, როცა მომეპრიანება, მაშინ მოვიდე შენთან…
ფილე ძნელად იჭრებოდა, გადაყლაპვა მიჭირდა.
– სულ ჩემთან ერთად არ ხარ? – ვკითხე გაოგნებულმა.
მან კი ცრემლიანი თვალებით ამომხედა და გაბრაზებულმა მითხრა:
– ვეჭვიანობ.
მეგონა, მე უნდა მეეჭვიანა, თურმე, ეს ეჭვიანობდა.
– ვისზე, ანა, შენ მიყვარხარ, შენს მეტი არავინ მინდა!
– როცა წარმოვიდგენ, რომ ღამე ცოლთან ერთად წვები, შენი მოკვლა მინდება… ან თუ მოკვლა არა, ნომრის ამოშლა მაინც ტელეფონიდან.
აჰ, აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე! კერძს ცოლი მოჰყოლია გარნირად. ამაზე არ შევთანხმებულვართ, თუმცა არა უჭირს – უკან ხომ არ გადმოვაფურთხებდი!
– გთხოვ, ნუ ვილაპარაკებთ დღეს ჩემს ცოლზე, – გამოვსცერი კბილებს შორის.
– ეფერები ხოლმე?
– ანა, გთხოვ…
– კოცნი?
– ანა…
– ჩემზე უკეთესია ლოგინში?
როგორ ჰყვარებია ამ ბავშვს საკუთარი თავის წვალება!
ასეც ვუთხარი:
– მაზოხისტი ხარ.
– მასაც უკოცნი კლიტორს?
კინაღამ გადამცდა. პიანისტმაც კი გამოიხედა.
– ანა, გემუდარები…
– გაშორდი, – მომახალა გაბუტული ბავშვივით.
მომეჩვენა, რომ მეტისმეტად სწრაფად მაჭმევდა – ბოლო ლუკმამ ენაც კი დამიწვა. სული მაინც შეებერა!
– განა მუდმივად შენთან არა ვარ? რა ბუზმა გიკბინა? – ვაღიარებ, საშინელ ფორმაში ვიყავი, თავში იდიოტური სიტყვები მომდიოდა, – შენ მინდიხარ, მხოლოდ შენ, სხვა არავინ, ვერ ხედავ?
– ხო, მხოლოდ გინდივარ, – ცრემლი ჩამოუგორდა მარცხენა თვალიდან.
გული მომიკვდა.
ღმერთო, თურმე, რა საშინელ სატანჯველში მყოლია ეს ბავშვი, ჩემი პატარა ანგელოზი, ჩემი პატარა ბეღურა…
– როგორი უსამართლო ხარ, ანა, მე არ მიყვარხარ? მე?
– გგონია, ვერ მოგივლი? ფიქრობ, რახან ოცდაორი წლით უმცროსი ვარ შენზე, ახალგაზრდა საყვარელს გავიჩენ? ასეთ ქარაფშუტად მიგაჩნივარ? რას აკეთებს შენი ცოლი ისეთს, რასაც მე ვერ შევძლებ? მითხარი, რა გაკავებს მასთან!
– ანა, უხერხულია… გვიყურებენ.
– გვიყურონ! – აუწია ხმას, – გვიყურონ! ფეხებზე მკიდია… მე არაფერს ვმალავ…
– რა დაგემართა? უწინ არასდროს გიქნია ასეთი რამ… გინდა, წავიდეთ აქედან?
მე თვითონაც არ ვიცი, რეებს ვბლუყუნებდი…
– სად? ისევ მანსარდაზე, მთელი ქვეყნიერებისგან მალულად? აღარ მინდა, გმადლობ…
– გავშორდები, აგერ ნახავ, – ვუთხარი აბსოლუტურად გულწრფელად.
– არ მჯერა… მერამდენედ მეუბნები ამას!
მეგონა, პირველად ვამბობდი. არა უშავს.
– როგორ დაგიმტკიცო, რომ შენს მეტი არავინ მიყვარს?
– წამოდი ჩემთან…
– წამოვალ, ანა, წამოვალ…
– აი, კიდევ… ისევ მეორდები… ნუთუ შენ თვითონ არ იღლები ამით?
– რა უთხარი შენს დას? – დაუყვირა “ნომერმა 14-მა” დაფეთებულ კლიენტს.
– მომისმინე, მამა, – ალუღლუღდა ეს უკანასკნელი, – თუ მადროვებ, ყველაფერს აგიხსნი…
მათთვის არ მეცალა – ჩემი კერძიც მყოფნიდა.
– შეიძლება თავშეკავება მმართებს, მაგრამ მართლა აღარ მყოფნის ძალა, – ანამ სახეზე აიფარა ხელები, – ყველა დამნაშავესავით მიყურებს… ჩემი ცხოვრება ერთ დიდ შეცდომად იქცა… შენ კი არ მიცავ მათგან. განა მართლა რამეს გთხოვ? უბრალოდ შენს მეტი არავინ მყავს… და არც არავინ მყოლია…
– როგორ თუ არ გყოლია? აბა, ის სერჟანტი?
(სერჟანტი – ხომ კარგად მოვიფიქრე?)
– მოგატყუე… არც ეგ.
წიწაკა შემყვა… ხველა ამივარდა. სული ძლივს მოვითქვი.
– როგორ, ქალიშვილი იყავი? ხომ მივხვდებოდი…
– კაცთან შენამდე მხოლოდ ერთხელ მქონდა ურთიერთობა… ესეც სკოლაში. ჩემმა სასწავლო ნაწილმა გამაუპატიურა. მას მერე კაცების მეშინია. უფრო სწორად, შენამდე მეშინოდა…
მომკლა, მომკლა ამ ბავშვმა! აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, ან კი რა აზრი ჰქონდა რამის თქმას… კვლავ მისი ხელი მოვიქციე ჩემს მუჭში და მკერდზე მივიკარი. მინდოდა, რაღაც ფიცის მსგავსი მეთქვა, ჩემს სიტყვებში დამერწმუნებინა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, ლუკმებს დაუღეჭავად ვყლაპავდი:
– მიყვარხარ, პატარავ… ნუ გეშინია… ყველაფერი კარგად იქნება…
ანა ატირდა. მომეკრო. ვეღარც მე შევიკავე თავი – მეც ამეტირა (კიდევ კარგი, წინსაფარი მეკეთა), დამარილებული ცრემლებით შევუსველე პარიკი.
უცებ შეჩერდა, ბავშვივით, მკლავით მოიწმინდა ცრემლები და მკაცრად, ამაყად ჩაილაპარაკა:
– ფეხმძიმედ ვარ.
აი ბოყინიც იმას ერქვა, მე რომ ამომსკდა. გაოგნებული შევყურებდი. როგორ თუ ფეხმძიმედ?
ანას არაფერი უთქვამს, არც თვალებში შემოუხედავს ჩემთვის, წამოდგა და გასასვლელისკენ გაიქცა.
თეფშზე აღარაფერი იდო – ბზინავდა.
ბოლო ლუკმამ ყველაზე მეტად მასიამოვნა. წუთები დამჭირდა გამორკვევისათვის.
ისევ “ნომერი 14-ის” მორცხვმა კლიენტმა გამომაფხიზლა, აღელვებული ამბობდა, ომის დროს დაიკარგაო, ოღონდ რა – ვერ გავიგონე.
მე ოფიციანტს ვუხმე და ანგარიში მოვითხოვე.
– გეამათ? – მკითხა.
– ახლაც თითებს ვილოკავ, უგემრიელესი იყო! – შევცინე კმაყოფილმა, – ჩემგან დიდი მადლობა “9-ნომერს”.
– აუცილებლად გადავცემ.
ამასობაში, დაღამებულა კიდეც.
შვეიცარმა თავაზიანად გამომიღო კარი და მხიარულად მომაძახა:
– კვლავ გვეწვიეთ!
განა თქმა სჭირდებოდა ამას? აბა, რას ვიზამ! ამათ მეტი ვინ მყავს. რომ გაკოტრდნენ, თავს არ ვიცოცხლებ.
კიდევ უფრო აგრილებულიყო. ქარი მძლავრად არხევდა ალაგ-ალაგ ყვითელფოთლებშერჩენილ ხეებს.
სახლში სოსისების მოხარშვას ისევ გარეთ ჭამა ვამჯობინე. მიუხედავად იმისა, რომ დღიური საზომით საკმარისზე მეტი ფული მქონდა დახარჯული, მაინც შევედი MCdonalds-ში და მშვიდად გამოვძეხი. “ერთზე მეტი, ორზე ნაკლებიდან” გამოსვლის შემდეგ, როგორც წესი, საშინლად მშია ხოლმე.
2010, სექტემბერი
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
One Comment
Anonymous
რატომ ჰქვია ამ მოთხრობას ”ერთზე მეტი ,ორზე ნაკლები”?