კრიტიკა

ლევან ბრეგაძე – სურვილიდან შეძლებამდე გზაა შორი…


ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, ლექსები. გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ. გამომცემლობა “მერწყული”. თბილისი, 2002.

დათო ბარბაქაძის თარგმნილი ენცენსბერგერი გამოვიდა, ორენოვანი – გვერდიგვერდ არის დაბეჭდილი გერმანული ორიგინალებიც და მათი ქართული თარგმანებიც, სულ ოცდათორმეტი ლექსი. არის ამაში ელემენტი თავდაჯერებულობისა (ორიგინალთა და თარგმანთა გვერდიგვერდ მოთავსებას ვგულისხმობ), მაგრამ, მე მგონი, ამგვარი ჟესტი საზოგადოდ უფრო მთარგმნელის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს. ამით იგი თითქოს გვეუბნება: როგორც შევძელი, ისე გადმოვიტანე ლექსები ჩემს მშობლიურ ენაზე, შეადარეთ დედანს – ჩემი ნაშრომის არც ღირსება მინდა დაგრჩეთ შეუმჩნეველი და არც ნაკლი.
მივიღოთ ეს გამოწვევა და შევადაროთ ჩვენი თანამედროვე გამოჩენილი გერმანელი პოეტის, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ლექსთა ქართული თარგმანები ორიგინალს.
დავიწყოთ ლექსით, რომლის სათაურია “ჰაერზე მსუბუქი”. ეს ლექსი იმ ნიშნით შევარჩიე, რომ, როგორც ენობრივად, ასევე მხატვრული აზროვნების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ადვილად დასაძლევი ტექსტთაგანია კრებულში. არსებითად ეს არის ჩამოთვლა იმ საგნებისა და მოვლენებისა – კონკრეტულისაც და აბსტრაქტულისაც -, რომლებიც ჰაერზე მსუბუქია ან პოეტს ეჩვენება ისინი ჰაერზე მსუბუქად. ეს გახლავთ ურითმო, თავისუფალი რიტმებით შესრულებული ლექსი, რომელიც ტრადიციული პუნქტუაციისა და ორთოგრაფიის გამოყენებით არის დაწერილი (ენცენსბერგერის მრავალ ლექსში უარყოფილია პუნქტუაცია და მთავრული ასოები, რაც, ბუნებრივია, ზოგჯერ აძნელებს ტექსტის აზრობრივი შინაარსის ამოცნობას).
ჰაერზე მსუბუქი საგნების დასახელება იწყება ლექსებით და მათზე ნათქვამია, რომ “არც ისე მძიმე წონა აქვთ ლექსებს” (`Besonders schwer wiegen Gedichte nicht”). ქართულ თარგმანში კი ვკითხულობთ: “ერთობ მძიმე წონა აქვთ ლექსებს”. ეს კი იმის საწინააღმდეგოა, რაც ორიგინალშია.
ძნელი სათქმელია, რა შეიძლება იყოს ამ შეცდომის მიზეზი. შეუძლებელია მთარგმნელმა არ იცოდეს, nicht რომ უარყოფითი ნაწილაკია. თანაც ამ ლექსში ხომ ძალზე მსუბუქი (ჰაერზე მსუბუქი, ჰაეროვანი) საგნებია ჩამოთვლილი!
ქვემოთ ხელოვნების სხვა სფეროდანაც არის დასახელებული ჰაერზე მსუბუქი “საგანი” – “ვალსის ბგერები” (Walzerklänge): “[ჰაერზე მსუბუქია] ვალსის უკლებლივ ყველა ბგერა”.
“ვალსის ბგერები” ქართულად “მვალცავის ხმად” არის თარგმნილი.
წინა მაგალითისგან განსხვავებით, ამ შეცდომის მიზეზი ადვილი მისახვედრია: der Walzer-ს გერმანულში ორი მნიშვნელობა აქვს – 1. ვალსი (ცეკვა); 2. მვალცავი. მვალცავი გახლავთ მუშა, რომელიც ვალცვის ოპერაციას ასრულებს. ვალცვა კი, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ტექნიკური ტერმინია და დასამუშავებელი მასალის გარკვეული წესით დამსხვრევა-დაფხვნას ან გაბრტყელება-დაზერგნას ნიშნავს.
მაშ, მთარგმნელმა ლექსიკონში ჩაიხედა და დილემის წინაშე დადგა: სიტყვის ორი მნიშვნელობიდან ერთ-ერთი უნდა შეერჩია, ისეთი, რომელზედაც შეიძლებოდა თქმულიყო, რომ ის ჰაერზე მსუბუქია. და დათო ბარბაქაძე (რომელიც მარტო მთარგმნელი კი არ არის, თვითონაც პოეტობს!) ასეთ დროს ვალსის ბგერებს უკუაგდებს და მვალცავის, ანუ ვალცვის (იხ. ზემოთ) ტექნიკური ოპერაციის შემსრულებელი მუშის ხმას (?!) ირჩევს.
მვალცავის ხმა ყოფილა ჰაერზე მსუბუქი!
დამეთანხმებით, აქ უკვე მარტო ის კი არ არის საკითხავი, შეძლებს თუ ვერა გერმანულის ამ დონეზე მცოდნე ენცენსბერგერის თარგმნას, არამედ საეჭვო ხდება მთარგმნელის გემოვნებაც (არამარტო ლიტერატურული) და ალღოც (არამარტო პოეტური).
შემდგომ და შემდგომ, სამწუხაროდ, ეს ეჭვები დასტურდება.
ლექსში ვკითხულობთ, რომ ჰაერზე მსუბუქი ყოფილა აგრეთვე “წმინდანების შარავანდთა უმეტესობა” (ყველა არა!) – `die meisten Heiligenscheine”. თარგმანში კი ამ სრულიად ნათელი ფრაზის ადგილას ასეთ უცნაურ რამეს ვკითხულობთ: “ხოლო სახატე გვირგვინია უმრავლესობის”.
ეტყობა, აქაც სიტყვის პოლისემიამ დააბნია მთარგმნელი. გერმანულ-რუსულ ლექსიკონში ის ნახავდა, რომ HHHeiligenschein არის венец, ხოლო რუსულ-ქართულ ლექსიკონში венец-ის ორი ძირითადი მნიშვნელობა დახვდებოდა: 1. გვირგვინი (მოძველებული მნიშვნელობა) და 2. შარავანდი. სიტყვის ორ მნიშვნელობას შორის მან კვლავაც მცდარი არჩევანი გააკეთა და ამჯერადაც ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო. ამ უმთავრესმა შეცდომამ სხვა შეცდომებიც მოიყოლა და მივიღეთ ეს ფანტასტიკური უაზრობა (რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმულად უნდა გავიმეორო): “ხოლო სახატე გვირგვინია უმრავლესობის”. საიდანაც არ უნდა მიუდგეთ ამ პიტალო აბსურდს, აზრის ნამცეცს ვერ აამტვრევთ!
ამ “მამალი” შეცდომების გვერდით სხვა უზუსტობები, რომელთაც ამ ლექსის თარგმანში ვაწყდებით, ცოტა არ იყოს, მოკრძალებულად გამოიყურებიან, მაგრამ მაინც მოგახსენებთ, რომ sowieso, რაც ქართულად არის “ისედაც”, “თავისთავად”, ზოგჯერ კი “რაღა თქმა უნდა”, მთარგმნელს “ისე” ჰგონია და ნაცვლად იმისა, რომ დაწეროს “ჰელიუმი ხომ, რაღა თქმა უნდა, ჰაერზე მსუბუქია”, გაუგებარ ფრაზას გვთავაზობს – “ისე, როგორც ჰელიუმი”.
გამოთქმა das gilt auch für…, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს: “იგივე ითქმის…” (`Soviel ich weiss, gilt das auch für den Strahlenkranz des Magneten”), მთარგმნელს “ღირებული” ჰგონია, ალბათ იმიტომ, რომ გელტენ ზმნის ერთ-ერთი მნიშვნელობა მართლაც არის “ღირებულება”, და ნაცვლად იმისა, რომ დაწეროს “რამდენადაც ვიცი, იგივე ითქმის მაგნიტური ველის გამოც” (ანუ მაგნიტური ველიც ჰაერზე მსუბუქია), წერს: “როგორც მე ვიცი, ის (რა “ის”?- ლ.ბ.) ასევე ღირებულია (?-ლ.ბ.) მაგნიტის შარავანდისთვისაც (??- ლ.ბ.)”.
Brandopfer ღმერთებისთვის მსხვერპლად შეწირული (ცეცხლზე შებრაწული) შინაური ცხოველია, ადამიანის საკვებადაც რომ გამოიყენება, და არა “სამსხვერპლო მხეცი”, როგორც თარგმანში ვკითხულობთ (“და, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის სუნიც სამსხვერპლო მხეცის, რომელიც ღმერთებს კეთილად უჩანთ, ყოველთვის ცისკენ ასწრაფებული”).
გამოთქმა so gut wie nichts, რაც “თითქმის არაფერს” ნიშნავს, ფრაზაში – `Sie wiegen so gut wie nichts” _ ასეა თარგმნილი: “ისევე კარგად იწონიან, როგორც არარა” (?!?-ლ. ბ.). უნდა იყოს “ისინი თითქმის არაფერს იწონიან”. პატარა ასოთი დაწერილი nichts “არაფერია” და არა “არარა” (“არარა” არის das Nichts).
ბოლო სტროფში პოეტი მოგვახსენებს, რა არის, მისი აზრით, ყველაზე მსუბუქი (უმსუბუქესი): “უმსუბუქესი (am leichtesten) არის ალბათ ის, რაც ჩვენგან რჩება მას შემდეგ, რაც მიწას მივებარებით”.
თარგმანში ვკითხულობთ: “უმსუბუქესს იწონის, იქნებ, ისიც, რაც ჩვენგან შემორჩება, მიწაში რომ ჩავესვენებით”.
მთარგმნელის მიერ წამატებული და ჩვენ მიერ ხაზგასმული “ისიც” აქ ყველაფერს აფუჭებს: მისი გამოისობით ყველაზე მსუბუქი (უმსუბუქესი) ერთ-ერთ “რიგით” უმსუბუქესთაგანად გადაიქცა (თუკი შესაძლებელია, რომ უმსუბუქესი არაერთი იყოს), რის შედეგადაც დაიკარგა ლექსის მხატვრული იდეა – ის, რაც ჩვენგან ჩვენ შემდეგ რჩება, იმაზე მსუბუქიც კია, რაც თითქმის არაფერს იწონის.

* * *
ერთი პატარა, ძალიან ცნობილი ლექსი აქვს ენცენსბერგერს ეკოლოგიურ თემაზე, “ვაშლის დატირება” ჰქვია, ორი ურითმო ხუთტაეპიანი სტროფია სულ. პირველი სტროფი უმარტივესი ფრაზებისგან შედგება – წერა-კითხვის შესასწავლ სახელმძღვანელოში შესატანი ტექსტი გეგონება (ამას თავისი მხატვრული ფუნქცია აქვს, ცხადია; ამით ავტორი თითქოს გვეუბნება: ანბანურ ჭეშმარიტებას შეგახსენებთ: ბუნებას უნდა გაუფრთხილდეთ, მოუაროთო). ამის გამო ამ ლექსის პირველი სტროფის თარგმნას გერმანული ენის შესწავლის ერთი წლის სტაჟის მქონე მეექვსეკლასელი ბავშვიც მოახერხებს. დათო ბარბაქაძის თარგმანშიც აქ ყველაფერი რიგზეა:

“აქ იდო ვაშლი
აქ იდგა მაგიდა
აქ იყო სახლი
აქ იყო ქალაქი
აქ განისვენებს ქვეყანა”.

რაც შეეხება მეორე სტროფს, იქ ერთი უბრალო მეტაფორა გვხვდება – დედამიწა ვაშლთან არის გაიგივებული. ამის გამო, არ გამიკვირდებოდა იმ ჩვენს მეექვსეკლასელს მისი გაგება რომ გასძნელებოდა (ბავშვი მაინც ბავშვია!). ის კი ძალიან მიკვირს, დათო ბარბაქაძე რომ დაუბნევია ამ არცთუ მაინცდამაინც რთულ მხატვრულ სახეს. ენცენსბერგერს უწერია:

Dieser apfel dort
Ist die erde
Ein schönes gestirn
Auf dem es äpfel gab
Und esser von äpfeln.

რა უნდა ამის თარგმნას:

აი ის ვაშლი იქ
დედამიწაა
მშვენიერი პლანეტა
რომელზეც ვაშლები
და ვაშლისმჭამელნი არსებობდნენ.

(ვაშლი და ვაშლისმჭამელნი ადამიანის ბიბლიურ ცოდვითდაცემაზე მიგვანიშნებს).
ახლა ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს დათო ბარბაქაძის თარგმანში:

“ეს ვაშლი იქ მხოლოდ მიწაა
უმშვენიერესი თანავარსკვლავედი
ვაშლები და ვაშლისმჭამელები
რომელსაც ესხა”.

აქაც მთარგმნელის უმთავრესი გასაჭირი ის არის, რომ სიტყვის რამდენიმე მნიშვნელობიდან ვერ ახერხებს მოცემული კონტექსტისთვის საჭირო მნიშვნელობის შერჩევას. DDie Erde გერმანულში “მიწასაც” ნიშნავს და “დედამიწასაც” (რუსულშიც ხომ ასეთივე ვითარებაა), მაგრამ ამ ლექსში ის “დედამიწად” უნდა ითარგმნოს და არა “მიწად”. ხოლო “მიწის” წინ მთარგმნელის მიერ ჩამატებული სიტყვა “მხოლოდ” (“ეს ვაშლი იქ მხოლოდ მიწაა”) სრულიად ცვლის ნაწარმოების მხატვრულ იდეას – აბანალურებს მას (“ეს ვაშლი იქ მხოლოდ მიწაა” და სხვა არაფერი, ნუ გგონიათ, რომ ის მიწის გარდა სხვა რამეს წარმოადგენდეს: დამწიფდება, ჩამოვარდება, მიწაში ჩალპება, მიწა იყო და მიწადვე მიიქცევა…).
შემდეგ: მიწა თარგმანში “უმშვენიერეს თანავარსკვლავედად” იწოდება. თავი დავანებოთ იმას, რომ დედანში არა გვაქვს აღმატებითი ხარისხი – იქ წერია “მშვენიერი” და არა “უმშვენიერესი”, უმთავრესი ის არის, რომ “მიწა” თანავარსკვლავედად, ანუ ვარსკვლავთა ჯგუფად, ცხადდება. ორიგინალის das Gestirn ერთი მნიშვნელობით მართლაც არის თანავარსკვლავედი, მაგრამ იგი უპირველეს ყოვლისა ვარსკვლავს აღნიშნავს და ამ შემთხვევაში, რაკი დედამიწაზეა ლაპარაკი, პლანეტად უნდა ითარგმნოს. მთარგმნელმა ვერც ამჯერად შეძლო სიტყვის იმ მნიშვნელობის შერჩევა, რომელიც ამ კონტექსტისთვის გამოდგებოდა.
და ბოლოს: მიწას (?), ამ თანავარსკვლავედს (??), თურმე ვაშლები და ვაშლისმჭამელები ესხა (???). მთარგმნელის მიერ თვითნებურად შემოტანილი ეს მეტაფორა, ანუ ზმნა “არსებობდა”-ს შეცვლა “ესხა” ზმნით (მით უფრო, როცა ის “ვაშლისმჭამელების”, ანუ ადამიანების მიმართაც არის ნათქვამი), კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დათო ბარბაქაძეს ამ ლექსისა სულ ვერაფერი გაუგია.

* * *
ზემოთ ვილაპარაკეთ შეცდომაზე, რომელიც გერმანულ-რუსული ლექსიკონის გამოყენებას გამოუწვევია. არადა, რა ქნას მთარგმნელმა, როცა, ჩვენდა სამარცხვინოდ, ხეირიანი გერმანულ-ქართული ლექსიკონი არ მოგვეპოვება – გვაქვს მხოლოდ სასკოლო გერმანულ-ქართული ლექსიკონები, რომლებშიც, ბუნებრივია, სიტყვათა შეზღუდული რაოდენობა შედის. და ქართველი მთარგმნელიც იძულებულია შუალედური – რუსული – ენით ისარგებლოს. შუალედური ენა კი დიდი ვერაგი რამ არის – იმასაც ცოდნა უნდა!
ახლა ვნახოთ შუალედური ენის “სივერაგის” ერთი კლასიკური ნიმუში.
ლექსში, რომელსაც ქართულ თარგმანში “შოთხვების გამარჯვება” ჰქვია, ვკითხულობთ:
“ტკიპებს კონდუქტორები არ უკრძალავენ მოგზაურობას”.
ტკიპა ხომ იცით, რაც არის: “მცირე ზომის ფეხსახსრიანი ცხოველი ობობასნაირთა რიგისა” (ქეგლ). ჰოდა, თარგმანის მიხედვით Nკონდუქტორები თურმე აი ამ ტკიპებს არ უკრძალავენ მოგზაურობას!
“ტკიპების” ადგილას ორიგინალში არის die Zange, რაც ქართულად “მარწუხია”, მაგრამ სასაუბრო მეტყველებაში აშარ დედაკაცსაც ნიშნავს. გზა “აშარი დედაკაციდან” “ტკიპებამდე” გერმანულ-რუსულ ლექსიკონზე გადის: die Zange (მარწუხი) რუსულად არის клещи, ხოლო ეს სიტყვა მთარგმნელს აერია სიტყვაში клещ, რაც მართლაც ტკიპაა.
ამავე ლექსის თარგმანში ვკითხულობთ: “სასაკლაოზე მიტყუებულ მქადაგებლებს სახეში ქვიშას აყრიან”. უნდა იყოს: “მქადაგებლებს, რომლებიც სასაკლაოზე იტყუებენ [ხალხს], სახეში ქვიშას აყრიან”.
Die Täler, რაც “ჭალებს” ნიშნავს, მთარგმნელს მსგავსი ჟღერადობის die Teller ჰგონია და “თეფშებად” თარგმნის (“თეფშებს დასტვენენ პატარძლები”-ო, წერია; უნდა იყოს: “ჭალებს დასტვენენ პატარძლები”).
მსგავსი ჟღერადობის და დაწერილობის სიტყვები ხშირად ერევა მთარგმნელს ერთმანეთში. მაგალითად, ლექსში, რომლის სათაურია “კანდიდი”, ასეთი რამ წერია: `die mädchen freun sich an den farbigen schalen”. ქართულად ეს იქნება: “ხარობენ გოგონები ფერად ჯამებზე [დახატულნი]”. დათო ბარბაქაძის თარგმანში ვკითხულობთ: “გოგონებს კი ისევ და ისევ სიხარულს ჰგვრის ფერადი სამოსი”.
`ფერადი სამოსის” წარმომავლობა ასეთი გახლავთ: die Schale, რაც “ჯამს” ნიშნავს, მთარგმნელს ერევა სიტყვაში der Schal, რაც ქართულადაც შალია – მატყლის ქსოვილი, და მისგან დამზადებულ ქალის თბილ მოსასხამსაც ნიშნავს. ასე ჩნდება ქართულ თარგმანში ფერადი ჯამების ნაცვლად ფერადი სამოსი.
იმავე “კანდიდის” თარგმანში ასეთი ადგილია: “მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოწკარუნე სარკმლის მინაზე თიხას ზრუნვით ავლებ”.
დედანში ამგვარი აზრია: “მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოჭრიალე დისკზე [სამეთუნეო დაზგისა] თიხისგან მზრუნველობით ძერწავ [საგნებს]”. დისკის მაგივრად სარკმლის მინა იქიდან გაჩნდა, რომ დედანში არის die Scheibe, რაც ერთსაც ნიშნავს და მეორესაც. მთარგმნელმა კვლავაც ვერ შეარჩია სწორად სიტყვის მნიშვნელობა და უაზრობა გამოუვიდა.
თარგმანში ლექსისა, რომლის სათაურია “სამოციანი წლების გახსენება”, ასეთ ფანტასტიკურ რამეს ვკითხულობთ: “უდარდელად ეხლებოდა თითბრის საათი კუნძულებს” (გვ. 65). ამ სიურრეალისტური ხატის ადგილას დედანში ძალიან უბრალო რამ წერია: `sorglos schlug die messinguhr auf den inseln”. ეს ქართულად არის: “უზრუნველად რეკდა თითბრის საათი კუნძულებზე”.
“ეხლებოდა” იქიდან გაჩნდა თარგმანში, რომ მთარგმნელმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ზმნა schlug, რაც “ურტყამდა”-საც ნიშნავს, მაგრამ არა იმ გამოთქმაში, რომელიც დედანშია.
გარდა ამისა, ის ფანტასტიკური სახე რომ გამოვიდეს, რაც დათო ბარბაქაძეს სურს, ანუ საათი რომ კუნძულებს მიეხალოს (?), საჭიროა კუნძულები დედანში დატივში კი არ იდგეს, არამედ აკუზატივში.
ანდა რა აზრი შეიძლება გამოვიტანოთ ასეთი “მხატვრული” სახიდან: “და მაინც, ნებისმიერმა ბავშვმა, საკმარისია ყურებს უკან სისველე იგრძნოს, რომ საკუთარ თავს და სხვებს ხელახლა ეკითხება…” (ლექსიდან “ან – ან”).
ჩვენ მიერ ხაზგასმულ ადგილს დედანში შეესაბამება `kaum ist es trocken hinter den Ohren”. ეს არის იდიომი, რომელსაც დათო ბარბაქაძე სიტყვასიტყვით თარგმნის (ვინ გაიგონა იდიომის სიტყვასიტყვით თარგმნა!), ოღონდ… უკუღმა: “სისველე იგრძნოს” კი არა სიმშრალე იგრძნოს, სინამდვილეში კი არც ერთი და არც მეორე! ამ იდიომის აზრი რომ ესმოდეს მთარგმნელს, არა მგონია, მისი ქართული შესატყვისის მოძებნა გასჭირვებოდა: “და მაინც, ყოველი ბავშვი, საკმარისია პირზე რძე შეაშრეს, რომ საკუთარ თავს და სხვებს ხელახლა ეკითხება…”.
თუმცა რა გასაკვირია, ასეთი – მხატვრულად თუ ლინგვისტიკურად მეტ-ნაკლებად რთული ადგილები ყოვლად უხეიროდ იყოს გადმოქართულებული, როცა უბრალო რამეშიც ვერ ენდობი ამ ლექსების მთარგმნელს: დედანში წერია: “ქაფურის სუნი უდის შენს ბნელ თვალს”, დათო ბარბაქაძე თარგმნის: “შენს ბნელ გულს უდის ქაფურის სუნი” (გვ. 27).
დედანშია: “რარიგ სველია ტვინი (das Gehirn), ნესვი…”;
თარგმანში ვკითხულობთ: “რარიგ სველია შუბლი, ნესვი…” (გვ. 73).
დედანშია: “ბაგეს ობობებივით აფარებენ ფარდას სიბრძნე (Weisheit) და ჯავრი”;
თარგმანშია: “ობობებივით ფარავენ ბაგეს ჯავრი და სითეთრე” (გვ. 35).
დედანშია: “…იდგა ხის სახლი, შემოღობილი (das gefriedete), რომელშიც არ ბნელოდა”;
თარგმანშია: “იდგა ხის სახლი, თანხმობა, რომელშიც არ ბნელოდა” (გვ. 65).
დედანშია: “ადამიანიც თავის ქოლგის ქვეშ (unter seinem Schirm)…~;
თარგმანშია: “ადამიანიც თავის შირმაში…” (გვ. 73).
დედანშია: “ღვიძლი მუნჯია” (`Die Leber ist stumm”);
თარგმანშია: “ღვიძლი არ არის მუნჯი” (გვ. 75).
დედანშია: “მსუბუქი არის მტვერი” (`Leicht ist der Staub”);
თარგმანშია: “მტვერი არ არის მსუბუქი” (გვ. 75).
აღარ გავაგრძელებ. ასეა თარგმნილი თითქმის ყველა ლექსი (შედარებით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს ორი მათგანი: “მშვიდობიანი კაცის საფლავზე” და “სხვა”). ასე რომ, შეიძლება ითქვას: საქმე უბრალოდ სუსტ თარგმანთან კი არ გვაქვს, ეს საერთოდ არ არის თარგმანი. შეუძლებელია დათო ბარბაქაძემ არ იცოდეს, რომ გერმანული არ იცის. ამიტომ მიკვირს: რა აიძულებს, აკეთოს ის, რაც არ შეუძლია! მარტო იმის სურვილით, რომ გერმანული პოეზიის მთარგმნელად იწოდებოდე, რას გააწყობ!

P. შ. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ამ თარგმანის ენობრივ-სტილისტიკურ მხარეზე საუბარი ალბათ საჭირო აღარ არის, მაგრამ მინდა ერთი მრავლისმეტყველი სტილისტიკური კაზუსი გაგაცნოთ.
დათო ბარბაქაძე ერთ-ერთი ლექსის თარგმანში “მუშტების” განსაზღვრებად იყენებს “ციდას” – “ციდა მუშტების მომმუჭველი” (გვ. 23). ორიგინალში “ციდას” ადგილას არის `winzig” – პაწაწინა. “ციდა”, ანუ “მანძილი გაშლილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე” (ქეგლ), ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით “ძალიან პატარას”, ანუ “პაწაწინასაც” ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ისეთი საგნის განსაზღვრებად გამოვიყენებთ, რომელიც სინამდვილეში ზომით ციდაზე ბევრად დიდია. მუშტი კი ციდაზე პატარა გახლავთ. ამიტომ “ციდა მუშტები” კომიკურად ჟღერს – ასეთ დროს მყისვე შეგვახსენებს თავს სიტყვის პირდაპირი (ძირითადი) მნიშვნელობა. (შდრ. გააფთრებული აფთარი ან გახევებული ხე). ამგვარი უზუსტობა მეტად უსიამოვნო “დაავადების” სიმპტომია – ენობრივი ალღოს დეფიციტზე მეტყველებს, რაც მწერლობის პრეტენზიის მქონე კაცისთვის დიდი ნაკლია. მისი აღმოფხვრა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ისეთი შეცდომების გამომწვევი მიზეზებისა, როგორიცაა, ვთქვათ, “ვმოხუცდი” “მოვხუცდის” მაგივრად (რაც ალბათ “ვმონაწილეობდი”, “ვმორიგეობდი” და სხვა მსგავს ფორმათა ანალოგიური წარმოებაა!): “თანაც ვმოხუცდი და რიყის ქვას მიგავს ღიმილი” (გვ. 41) ან, თუნდაც, “პომპეოსი”, ვეზუვის ლავით დაფარული პომპეის ნაცვლად: “როცა პომპეოსს (?!‑ლ. ბ.) ლავა ღუპავს” (გვ. 9).

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box

2 Comments

  • Anonymous

    zaan davibeni… germanuli asi clis cin viscavle da didi xania ar gamomiyenebia, mec ki shevamchnie shecdomebi… gakvirvebuli var barbaqazis shecdomebit, ramdnadac vici gemraniashic cxovrobda da misi statiac ki maqvs germanulad cakitxuli (tu targmani ar iyo ra tqma unda)…

  • Irisi

    rogor mixaria aseti profesionaluri kritikis cakitxva!dato barbaqadzis nacerebs ar vicnob, magram moyvanili magalitebidan ubralod saocaria aseti shecdomebi… da ra kargi iqneboda aseti kritika yvelgan yoveltvis yvela sferoshi, iqneba moegos bolo am usazgvro diletantizms da usafudzvlo ambiciebs!