ესე,  კრიტიკა

ტარიელ ჭანტურია – დინოზავრიდან დიზაინამდე

“ცხოვრებაში ნამდვილად არაფერი ხდება, დასაწერად რომ ღირდეს”…

დავით ქართველიშვილი. პარნასი, №5, 22.04.2005

არაფერი ხდებაო! ამაზე საშინელი რა უნდა მოხდეს! მთავარი რამ მომხდარა – უკვე აღარაფერი ხდება!
შეიძლება, მწერალს უკეთესი თემა ჰქონდეს? – უფრო ტრაგიკული, უფრო დაუჯერებელი, უფრო დამაფიქრებელი, უფრო შემზარავი, უფრო საჩოთირო, უფრო გაუგებარი, უფრო გასაგები?
ცნობილი ამბავია: ახალგაზრდა ბუნინმა ტოლსტოის შესჩივლა თურმე, რა ვიღონო, აღარ ვიცი, არ მეწერებაო!
ეს დაწერეო, უთქვამს მაესტროს: რომ არ გეწერება, ეს დაწერე, ამაზე დაწერეო!
ძვირფასო დავით, დიდად ნიჭიერო კაცო! მართლა ასე ფიქრობ? მიგაჩნია, რომ არაფერი ხდება?
ენდე ლევ ნიკალაევიჩის სიბრძნესა და გამოცდილებას, დაწერე იმაზე, რომ არაფერი ხდება! Gგარწმუნებ, კარგად გამოგივა, კარგი წიგნი გამოგივა. როცა ეს მოხდება, მეც გამიხსენე, ტოლსტოი რომ გაგახსენე, მხოლოდ ამიტომ!
მწერალი სამუდამოდაა დაწყევლილი, იფიქროს და წეროს ყოველთვის და ყოველგვარ სიტუაციაში. შედევრი ხან ფეშენებელური სასტუმროს კომფორტულ ნომერში იწერება, ხან – კარცერში; ხან ბედნიერი კაცი წერს მას, ხან – უბედური; იწერება მაშინ, როცა რაღაც ხდება; იწერება მაშინაც, როცა არაფერი ხდება; იწერება, როცა ომია; იწერება, როცა მშვიდობაა; იწერება იმაზე, ვისაც უყვარს, და იმაზეც, ვისაც სძულს…
ამბობს თუ არა მწერალი ყოველთვის სიმართლეს!
გააჩნია, ვის როგორ ესმის ლიტერატურული სიმართლე!
პრინციპულად მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენს შემთხვევაში სიმართლე თქვა დავით ქართველიშვილმა თუ მოიტყუა! ტყუილიც რომ იყოს, ის მოფიქრალი კაცის ფრაზაა, შეწუხებული კაცის ნათქვამია, უკმაყოფილო ადამიანის პროტესტია!
ეს უკვე მწერლობის მახასიათებელი ნიშანია.
არაფერი ხდებაო! რაღაც ყოველთვის ხდება!
არ მოდის გოდო? – ნუ მოდის! – რომ არ მოდის, ამაზე დაწერ, შენ თუ ბეკეტი ხარ!
არ უღალატებს? – ერთგულებაზე დაწერ!
უღალატებს? – ღალატზე!
შენ სულ საქმე გაქვს! სულ საქმე გექნება!
შენ თავისუფალი მონა ხარ! – მონად გაჩენილი, შენ თავად ირჩევ ბატონებს და ვერასოდეს იტყვი უარს შენს ხვედრზე, რადგან ის უარი სიკვდილი იქნება შენი, შენ კი ეს არ გინდა!
თუმცა ვინ იცის, ერთ მშვენიერ დღეს იქნებ ესეც მოგინდეს!
ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ქვეყნად ისეთი, რაიც ბრძენ კაცთა სიზმრადაც არ მოლანდებიათ!
არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ის, რაც ბრძენ კაცთა მზერასაც გამოპარვია, ჩვენ ვერ შევნიშნეთ!
დრო მოვა და, თუ ბედმა გაგვიღიმა და თუ ეს ჩვენ, როგორც მწერლებს, გვიწერია, დავინახავთ!

***
მწერლების ცოლებზე ვსაუბრობდით იმ დღეს მწერლები. ვინ არ გავიხსენეთ – ტოლსტოის ცოლით დაწყებული, პოლ ელუარის თანამეცხედრით დამთავრებული.
მაგათო, დიდ მწერლებსო, – გვეუბნება ერთი, – ამაშიც უმართლებთო: მაგალითად, მარკესს – მ ე რ ს ე დ ე ს ი შეხვდა ცოლად, მე – ათი კაცის ნახმარი ჩამოწერილი მ ო ს კ ვ ი ჩ ი ო!
ყველანი ვიცინოდით, ოღონდ, მისი სიცილი, ჩემი ფიქრით, სიმწრის იყო!

ოტია ბატონო, დაბრუნდით ქალაქში!

“ის დროა, სელინჯერი უბრუნდებოდეს ქალაქს და ხელებდაკაპიწებული ურევდეს ცხოვრების ჭუჭყს, რადგან სწორედ იმ თვისებებმა, რომელთაც რეპუტაცია მოუხვეჭეს მას – კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და საზოგადოების პრინციპულმა მიუღებლობამ – ცუდი საქმე დამართეს მას. მისგან საკუთარი უწმიდესი ჭიპის ამ ხანგრძლივ ჭვრეტაში არის რაღაც, საკუთარი თავისვე შთანმთქმელი, ნარცისული და გამხრწნელიც კი”.

ნორმან მეილერი

მკაცრია სელინჯერის მიმართ მეილერი. ქალაქს განრიდებული და საკუთარ სახლში – საკუთარ ციხე-სიმაგრეში დაყუდებული ბერივით, ცხოვრების ორომტრიალს მოშორებული ასკეტივით განმარტოებული სელინჯერი დიდი ხანია იქცა მითქმა-მოთქმის საგნად. მეილერის განმარტებით, ამ განმარტოებას არაფერი მოუტანია კარგი სელინჯერისთვის. “თამაში ჭვავის ყანაში” ბოლო წიგნი იყო სელინჯერისა, რომელშიაც მთელი ელვარებით გაიკაშკაშა მისმა ტალანტმა. მეილერი საყვედურობს მწერლის მეგობრებს, რომ მათ, თუნდაც ამ მეგობრობის დაკარგვის რისკით, არ სცადეს ამერიკის ერთი უკეთესი მწერლის შემობრუნება.
მასშტაბებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ოტია იოსელიანზე ეგონება ქართველ მკითხველს ეს ყველაფერი დაწერილი – მის გვიშტიბზე, მის ტრაქტორზე, მის ბილიარდზე, გლეხის ნიღაბზე, გრძელ ყალიონზე და დროდადრო მოწყობილ ინფანტილურ ტელეგადაცემებზე, სადაც პროვინციალი ტელეჟურნალისტი ამაოდ ცდილობს მის დასახვას ნორმად. ნორმან მეილერის მიხედვით, იგი ვერ იქნება ნორმა.
ბატონო ოტია, ნიჭიერო კაცო, ნორმალურო მწერალო და უმომავლო ასკეტო! დაბრუნდით თბილისში!

წვეთი მემუარისტის ბოთლისთვის

არ დამავწყდება: ბათუმში, რესტორან “ტალღაში” ფანჯარასთან ვისხედით. Aარ დამავიწყდება-მეთქი! ორმოცდაათიანი წლები იყო – ან ჩვიდმეტი, ან თვრამეტი. ვსვამდით და ცარიელ ბოთლებს, როგორც უტექსტო ანდერძებს, ზღვაში ვისროდით. ოფიციანტმა ჩაგვავლო, მაგრამ იოლად მოვისყიდეთ. თანად ეს უმსგავსო საქციელი შევწყვიტეთ.
ისე, იმ უტექსტო ანდერძებში ყველაზე მეტი ეწერა… ალბათ ყველაზე მეტი.
გივი სამსონაძე, ოთარ ჭილაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი. Mმგონი, გრიშა დოლიძეც. სხვებს თუ სხვას, ვეღარ ვიხსენებ. Aარადა, ასე არ დავიწყე? – არ დამავიწყდება-მეთქი!

ისევ: წ ა ც დ ე ნ ა

წერილში “ფროიდი და გორბაჩოვი” მე ვსაუბრობდი წ ა ც დ ე ნ ა ზ ე – კერძოდ იმაზე, თუ როგორ დაუდასტურა გორბაჩოვმა ფროიდს უნებლიედ მისი სიმართლე. მოგაგონებთ: ფროიდი, წაცდენაზე საუბრისას, გვიხსნის, თუ რა იწვევს არაცნობიერში ამგვარ ქმედებას – მოსამართლე, რომელსაც საყვარელ ქალთან აგვიანდება, იმის ნაცვლად, რომ გ ა ხ ს ნ ა ს სხდომა, მას ხ უ რ ა ვ ს. სწორედ ეს დაემართა გორბაჩოვსაც: რაკი მას ეეჭვებოდა სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე პრეზიდენტად მისი არჩევა, და რაკი ერთი სული ჰქონდა ყრილობის დამთავრებამდე, მანაც, არაცნობიერის ზეწოლით თუ კარნახით, ნაცვლად იმისა, რომ გ ა ე ხ ს ნ ა,
დ ა ხ უ რ უ ლ ა დ გამოაცხადა!
ახლა ჩვენ მოკლედ, პრიმიტიული ფორმით, გავიხსენეთ, რას ნიშნავს ფსიქოანალიტიკაში წ ა ც დ ე ნ ა, როგორც არაცნობიერის მიერ ინსპირირებული ქმედება.
თითქმის მთელი კვირაა, “რუსთავი 2” გადასცემს ერთ საშინელ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ გააუპატიურა (ან არ გააუპატიურა) კაცმა მცირეწლოვანი გოგონა – საკუთარი შვილი! ესაა შემზარავი მასალა, რომელმაც შეაძრწუნა ტელემაყურებელი (მხოლოდ მეხუთე თუ მეექვსე დღეს ინება “რუსთავი 2”-მა და გააფრთხილა მშობლები, ამ გადაცემას ბავშვებს ნუ აყურებინებთო. იმაზე, რაც უკვე ნახეს ბავშვებმა, ტელეარხს ბოდიში, ცხადია, არ მოუხდია).
ეჭვმიტანილი საუბრობს ცილისწამებაზე და ყველაფერს სიდედრს აბრალებს – ბავშვის ბებიას, რომელთანაც გოგონა იზრდება.
და აი, გამოდის ბ ე ბ ო ტელევიზიით და ამბობს, ჩემი შვილიშვილი არამც და არამც ტყუილს არ იტყოდაო, ის კი არა და, რ ო ც ა მ ე ჩ ე მ ს დ უ ქ ა ნ შ ი კ ლ ი ე ნ ტ ს ტ ყ უ ი ლ ს ვ ე უ ბ ნ ე ბ ი, მიბრაზდებაო!
აი, ასე წ ა ც დ ა ბებოს სიმართლე საკუთარი პერსონის შესახებ…
ტელეარხს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. კარგია, არა?

არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს…

ღმერთი მოკვდაო.
რომანი მოკვდაო.
თეატრი, ეს არის მიცვალებული, რომლის დამარხვაც დაავიწყდათო. ესე იგი, თეატრიც მოკვდაო.
ახლა ერთი პატივცემული პიროვნება იუწყება, რომ პოეზიაც თურმე მომკვდარა.
ამ ახირებული მახარობლის პიროვნებას ამჯერად არ გავამხელ. მოვიხსენიოთ იგი პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ი ს სახელით.
მოკლედ, ახლა პ ო ე ზ ი ა ც მომკვდარა.
მადლობა ღმერთს, პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ი მაინცაა ცოცხალი!
მაპატიეთ – მადლობა ღმერთს-მეთქი, წამომცდა! – საღადაა ღმერთი! – აკი მოკვდა!
კიდევ კარგი, პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ი მაინც არის ცოცხალი! აბა, ის ჯობდა? – პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ი მომკვდარიყო და პოეზია ცოცხალი ყოფილიყო!
ისე, იმიტომ კია არა, რომ ბოროტი ხარ, ერთი გაფიქრება შეიძლება ეგეც გაიფიქრო კაცმა: ხომ არ ჯობდა, ღმერთიც ცოცხალი ყოფილიყო, რომანიც, თეატრიც, პოეზიაც, და… არა, ამ ფრაზას ვეღარ დავასრულებ, ღმერთი მიწყენს! – ხომ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, სულაც ცოცხალი იყოს!
თუ ცხოვრებისა და მოვლენების ლოგიკიდან გამოვალთ, პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ ს ალბათ დაეჯერება – როგორც კრემლიდან მოდიოდა ადრე უტყუარი ჭეშმარიტებები ლიტერატურის შესახებ, ისე ახლა ამერიკიდან ჩამოგვიტანა ამ ახალი დეკრეტის თუ ვერდიქტის შესახებ ცნობა პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ მ ა. ყველას გულს ერთნაირად მაინც ვერ მოიგებ! ზოგიერთები, ამ ჩვენი პროვინციული მწერლობის წარმომადგენლები, იმასაც კი ამბობენ, გრინქარდაზე მეოცნებე ნახევარემიგრანტი, წლების მანძილზე, მშიერ-მწყურვალი, მეხუთეხარისხოვანი ხიდების ქვეშ რომ ათევდა ღამეებს, რა უფლების ძალით კლავს პოეზიასო, ვინ ეკითხებაო, ვისი სახელით ლაპარაკობსო, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ – ძლივს ჩვენი კაცი გვყავს ამერიკაში და ახლა იმასაც ნუ ავუხირდებით! ჩვენთვის გვეუბნება, იქნებ სხვა გზა ვნახოთ რამე, უკეთესი მოვიფიქროთ იქნებ რაღაც! ბოლოს და ბოლოს, იმავე პ ა ტ ი ვ ც ე მ უ ლ შ ი წვეთი სისხლი აღარ არის ქართული და ძაფი ნერვის არ არის პოეტის, მაგრამ აბა ნახეთ, დააკლდა ამით რამე?
პოეზია მოკვდაო! მოკვდა – მოკვდა! ცხონებული ბათუ მელიასი არ იყოს, ცოტას წავიგლოვებთ და მორჩება ამით საქმე! აბა, ხომ არ გადავყვებით ბოლოს და ბოლოს!
ისე, ვითომ პანაშვიდზე ვართ და განსვენებულის დაღუპვის მიზეზებსა და მისი უკანასკნელი დღეების ამბებს ვარჩევთ, ვთქვათ, რამე პოეზიის სიკვდილზე, მიზეზებსა და იმაზეც, სხვათა შორის, თუ როგორ წარმოგვიდგენია მისი საბოლოო განსასვენებელი ანუ სად უნდა დაიკრძალოს ოდესღაც ჩვენი სიყვარულის საგანი – დიდი ქართული პოეზია!
ყოფილი პოეტები, რომელთაც პოეზიასთან ერთად ვერ მოასწრეს სიკვდილი, ალბათ, შეფიქრიანებულები არიან – პოეზიის მკვლელმა ქილერმა ახლა გუშინდელ პოეტებზეც არ იძიოს შური, მეტიც, ახლა პროზა არ გაიხადოს სამიზნედ!

ერთხელ, ამერიკაში…

არ გინდა მკაცრი იყო, მაგრამ როგორც კი ობიექტური იქნები, გინდა-არ გინდა, მკაცრი ხდები!
უკვე მერამდენე წერილს ვკითხულობ, რომელშიც ამერიკასა და ევროპაში ნავალი ქართველი მწერლები ლაპარაკობენ მსოფლიო მწერლობის სახელით და ჭკუას არიგებენ პროვინციაში (სამშობლოში) ჩარჩენილ პოეტებსა და მწერლებს.
პირდაპირ იმის თქმას ვერ ბედავენ, მორჩით, თქვე საცოდავებო, ამ ათასმკითხველიან ენაზე ჯღაბნას და გადადით ინგლისურსა და, საერთოდ, დიდ და პერსპექტიულ ენებზეო! ვერც გლობალისტობაზე დებენ თავს აშკარად. ისე, მოიარებით, მიკიბულ-მოკიბულად გვირჩევენ და გვასწავლიან, ვისგან ვისწავლოთ ჭეშმარიტი ღირებულებების შექმნა.
“მ ე შენ (ა რ ა ს ო დ ე ს) მ ი ყ ვ ა რ დ ი”
ქალთა რაინდული პოეზიის შესაძლებლობისათვის”
ასეა დასათაურებული გაზეთ “წიგნებში” (1-13 ივლისი, 2005) დავით ჩიხლაძის წერილი.
იგი მოგვითხრობს ან, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “ეს ყველაფერი მხოლოდ იკითხება” პოეტ ეკა ქევანიშვილზე, რომელსაც ისე გადაუტრიალებია ქართული პოეზია, განსაკუთრებით მისი “ქალთა განყოფილება”, რომ ეს აქ არც ქალს გაუგია და არც კაცს.
სამაგიეროდ, გაუგია დავით ჩიხლაძეს.
ძმაო, ამოფრინდი შენი სამშობლოსა და შენი კულტურის კონტექსტიდან, ხომ? რატომ გგონია, ის შენი სამშობლო და ის შენი კულტურა შენი იმედითაა, შენს ჭკუაზე ივლის და უშენოდ გზას ვერ გაიგნებს!
არის აგერ გრეგორი ჩხარტიშვილი, იგივე ბორის აკუნინი!
მე განვახორციელე ჩემი ხალხის ეროვნული ოცნებაო, წერს “არგუმენტი ი ფაქტიში” (№27, 2005), და ამ ეროვნულ ოცნებაში გულისხმობს რუსულ ოცნებას! ქართული ოცნებაო, არც უფიქრია!
კაი ხანს სწავლობდა პოპულარული რუსი პოეტი ბულატ ოკუჯავა თბილისის უნივერსიტეტში, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, ქართული ესწავლა და ქართველი პოეტი გამხდარიყო!
რატომ უნდა ერიგებინა ჭკუა ან ერთს ან მეორეს ჩვენთვის – ქართველი პოეტებისთვის!
თქვენ რა მოგდით, გრინქარდაზე მეოცნებო არშემდგარო ამერიკელებო, თქვენ რატომ აძლევთ თავს ნებას, მოძღვროთ ქართველი პოეტები! თქვენ რატომ ნომრავთ ქართველ პოეტებს, რატომ გვიდგენთ ინფანტილურ რეიტინგ-ლისტებს, თან რომ ბოდიშობთ კიდევ, ციტატებს ვერ მოვიტანთ ნათქვამის საილუსტრაციოდ, სამშობლოდან “შორს მყოფობის გამო” ან ფუფუნებას მოკლებულები ვართო!
ამერიკის პრესაში გამოქვეყნებული წერილების ნაწყვეტების ცუდ თარგმანებს საკუთარ აზრებად ყიდით, და შემწედ და მეკავშირედ აქ “ჩარჩენილ” თქვენიანებს ვარაუდობთ. სწორადაც იქცევით – სწორედ აქ “ჩარჩენილი” თქვენიანები უწევენ რეკლამას თქვენს ამ აფორიაქებულ ნაფიქრალს!
ე ბიჭო, მიატენეთ აზრი ამ თქვენს საქციელს! გაყიდული ბლეფისგან რა სარგებელი გექნებთ ან წასულებს, ან აქ “ჩარჩენილებს”!
ერთხელ, ამერიკაში, ათასნაირად შეიძლება აგეჭრას გონება, მაგრამ ერთხელ ამერიკაში ქართველის ფიქრიც უნდა იფიქრო…

***

ზოგიერთი გულუბრყვილო ადამიანის გასაგონად განმეორებით, უფრო სწორედ – განმეხუთებით ვბეჭდავ ჩემს ერთ “მაქსიმას”:
ა რ ა რ ს ე ბ ო ბ ს შ ე უ ც ვ ლ ე ლ ი თ ა რ გ მ ა ნ ე ბ ი! ა რ ს ე ბ ო ბ ს მ ხ ო ლ ო დ შ ე უ ც ვ ლ ე ლ ი ო რ ი გ ი ნ ა ლ ე ბ ი!

პიტერ ვიერეკი. ფორმას – ჰო, ფორმალიზმს – არა!

“როგორც ადრეულ წლებში პოეტის პოეტი უმთავრესად წერდა კოლეგა პოეტებისთვის, ისე კრიტიკოსის პოეტი დღეს ძირითადად წერს კრიტიკოსისთვის”.
ისინი თურმე, როგორც პიტერ ვიერეკი წერს, “არაფრად აგდებენ ლირიკისათვის ყველაზე მეტად საჭირო თვისებას – ყელსავსე სიმღერას”.
კითხულობ წარმატებული, გამოცდილი პოეტის, კრიტიკოსისა და, საერთოდ, დიდი ინტელექტუალის მართალ წერილს და ერთი სული გაქვს, აქვე ჩამოთვალო ქართველი პოეტების პოეტები და კრიტიკოსების პოეტები!

ფოლკნერი და პოეზია

“ჩემი აზრით, პოეზია უპირველესია. ხელმოცარული პოეტი ნოველისტი ხდება, ხელმოცარულ ნოველისტს კი სხვა რა ჩარა აქვს, რომანის დაწერა უნდა სცადოს, მაგრამ პოეზია ჩემთვის უპირველესია, ის ყველაზე უკეთ ახერხებს, რომ მშვენიერება და ვნება ქინძისთავზე დატიოს”.
(საუბრები უესტ პოინტში. 1969 წლის აპრილი)

ლენინის გამყიდველი

დაემხო საბჭოთა ღერბი.
დაემხო ლენინი – კერპი!
ათასი ტყუილი თავში
და თავზე – ცნობილი კეპი!

დაესვა თუ არა წერტილი ტოტალიტარულ რეჟიმს, საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულმა ლენინებმა ჯერ საგანგებო საცავებში მოიყარეს თავი, მერე კი, როცა ორთოდოქსი კომუნისტების მწუხარება, მოგვრილი დიდი ბელადის დამხობით, ნელინელ ღიმილიან ქირქილში გადაიზარდა, ყოჩაღმა კაცმა მ.კ-მ საქმეს მოკიდა ხელი. იგი ჯართის შეგროვება-ჩაბარების ახალშექმნილ ფირმაში გაიჩითა (როგორ მოახერხა ეს, ამის მოყოლას ბალზაკი დასჭირდება) და ლენინების გაყიდვას შეუდგა. პირველი წარმატებული ტურნე მ.კ-ს თურქეთში ჰქონდა. ისტამბულ-კონსტანტინოპოლითაც აღფრთოვანებული დარჩა და იქაურ ქართველებთან შეხვედრითაც, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ჯართის შემსყიდველი თურქის – ქემალ მუსტაფა ქერეჯოღლის ხარხარმა მოახდინა, ხარხარი ქამალმა მერვე ლენინის ნახვისას დაიწყო. პირველი – დამჯდარი ლენინი იყო, მეორე – ამდგარი; მესამე – კეპიანი; მეოთხე – გაზეთ “პრავდიანი”; მეხუთე – ხელგაშვერილი; მეექვსე – ჯიბეებში ხელებჩაწყობილი; მეშვიდე – პალტომოსხმული; აი, მერვე ლენინს კი ერთი კეპი რომ თავზე ეხურა, მეორე – ხელში ეჭირა! რა იყო ეს, მ.კ-მ არ იცოდა. აღარც ის უკვლევია, საქართველოს რომელ რაიონულ ცენტრში თუ ქალაქში იდგა თავის დროზე ეს მონუმენტი.
დიდი მაყუთი იშოვა დიდი ბელადის დახმარებით დამწყებმა ბიზნესმენმა! – მოგეხსენებათ, ლენინის ძეგლების ჩამოსასხმელად უმაღლესი ხარისხის მასალას არჩევდნენ, ასეთი ჯართის მუშტარი კი იმაზე მეტია, ვინემ ლენინის თავზე თმა.
რაც ლენინისგან უბედურება იწვნია თავის დროზე მ.კ-ის ოჯახმა, ერთიანად აუნაზღაურა რეპრესირებულთა შთამომავლებს ბელადის ძეგლმა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მერვე ლენინმა – აი, იმან, ქე რო ერთი კეპი თავზე ეხურა, მეორე კი ხელში ეჭირა!

პიარშავი და პირშავი ადამიანები

ტელევიზია თესავს სიკეთეს და ბოროტებას.
რომელს უფრო – ამის გასარკვევად ჩემი სოციოლოგიური და კულტუროლოგიური განათლება არ იკმარებს.
დაბეჭდე შენ აგერ საკმაოდ სოლიდურ გაზეთში წერილი, სადაც მშვენივრად დაასაბუთე, თუ რა სულელია ბატონი იპოლიტე.
გამობრძანდება ბატონი იპოლიტე ტელევიზიით დღეში ათჯერ და ეკრანიდან დაგეჭყანება.
ესეც შენი ჭეშმარიტება!
პირშავი კაცები შეთავსებით პიარშავებიც გახდნენ.
შენ იმ შენს ათასცალიან გაზეთში თქვი პიტალო სიმართლე!
ბატონი იპოლიტე საპირისპირო აზრს გამოთქვამს ტელევიზიით – დღეში ათჯერ გეჭყანება ეკრანიდან.
პირდაპირ აღარ იცი, როგორ მოიქცე, როგორ გაუმკლავდე მტყუან, პიარშავ ადამიანს!
ისე, დროული სიტყვაა, არა? – პირშავი და პიარშავი ადამიანი!
შენ სიმართლეს ღაღადებ, ის, პირუკუ, ტყუილს ავრცელებს, მაგრამ იმის გამო, რომ დღეში ათჯერ გეჭყანება ტელეეკრანიდან, “ქურდად ის ზის”, საქმეებს ის არჩევს, ტაშს მას უკრავენ, ჭკუას, რომელიც არ გააჩნია, მას ეკითხებიან.
პიარადად მე რომც არ მეხებოდეს, მაინც მტკივნეული პრობლემაა – პიარშავი ადამიანები აწუხებენ საზოგადოებას, თესავენ პიარმოთნეობას, პიარუმტკიცობას, პიარადულს საქვეყნო საქმეზე მაღლა აყენებენ, უამრავ ღირსეულ პიაროვნებას შეურაცხყოფენ, პიარპაშებენ, როგორც უნდათ.
საზოგადოება ვალდებულია, თავისი ადგილი მიუჩინოს პირშავ და პიარშავ ადამიანებს.
ჩემი მტერი ჩავარდა მაგათ პიარში!

***
დინასტია – დროში გაწელილი რუტინა!
საამაყოა და სასაცილოც იმავდროულად, გვარიშვილობით თავმოწონება!

***
ახედავ ღამით მოწმენდილ ცას – ვარსკვლავებით მოჭედილ უსასრულობას, და გიკვირს – სავსეა სამყარო სამუშაო ადგილებით…
“მარტო აქ, ჩვენთან, ჩვენში”… – გწყდება გული სამართლიანად.

ახალი სიტყვა

სიტყვა “მიანიჭეს” ცნობილი სიტყვაა.
ვთქვათ, ასეთი კონტექსტი: “არნოლდ ჩიქობავას დოქტორის ხარისხი მიანიჭეს”.
ყველაფერი გასაგებია.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხარისხი – დოქტორის ხარისხი – დაუმსახურებლად მიანიჭეს უნიჭოO პიროვნებას, ვინემ დემურ დონიაშვილს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, ვთქვათ და დავწეროთ, რომ ბატონ დემურ დონიაშვილს ხარისხი … მიაუნიჭოეს!
პრემიაც: ერთს – მიანიჭეს, მეორეს – მიაუნიჭოეს!

***
მოხუცს მარტო ერთ, მარცხენა ხელზე ეცვა დახეული ხელთათმანი – იმაზე, რომლითაც მოწყალებას თხოულობდა! – რა ექნა, ქალაქში ყინავდა…

იმედისმომცემი აბსურდი

გაზეთ “ახალი თაობის” 2006 წლის 8 აპრილის ნომერში რუბრიკით “დღის კალენდარი” დაბეჭდილია იმ ადამიანთა გვარები, რომლებიც დაიბადნენ ან გარდაიცვალნენ მაინცა და მაინც 8 აპრილს.
სწორედ ამ პუბლიკაციაში გადავეყარე საინტერესო ცნობას:
“1973 წელს გარდაიცვალა პაბლო პიკასო – დიდი იტალიელი მხატვარი.”
კარგია, არა?
არც ესპანელი, არფ ფრანგი!
ამ აბსურდის წამკითხველს იმედი გიჩნდება: რა იცი, იქნებ არც იყოს პიკასო გარდაცვლილი! იქნებ ცოცხალია დიდი იტალიელი – მაპატიეთ, დიდი ფრანგი – მაპატიეთ, დიდი ესპანელი მხატვარი!

სექციონერები

ნათქვამია, საჯავახოელის ხუმრობა ნახევარი მართალიაო! როგორც გამოირკვა – ბაღდადელისაც!
ახალგაზრდა მაიაკოვსკიმ ახალგაზრდა პროკოფიევს თავისი “ომი და მშვიდობა” აჩუქა ასეთი წარწერით:
“დედამიწის მუსიკის სექციის თავმჯდომარეს – დედამიწის პოეზიის სექციის თავმჯდომარისაგან.”
მოკლედ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ისეა!

ედუარდი და ედვარდი

30.04.2006

“კურიერში” პრეზიდენტის რეზიდენციების თემაზე სიუჟეტი გადაიცა. გადაცემაში ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც მიიღო მონაწილეობა. როცა ერთ-ერთ რეზიდენციაზე საუბრობდა, ბატონმა ედუარდმა ბრძანა, სწორედ აქ მივიღეთ კენედიო. რომელი კენედიო, როგორც ჩანს, ჰკითხეს. არა, ის არაო! რობერტიო! აქ მივიღეთ რობერტ კენედი და მისი ოჯახიო. მის ერთ შვილს ფეხი ჰქონდა ამპუტირებულიო.
მოკლედ, ბატონ ედუარდს დაავიწყდა საკუთარი სახელი – ედვარდი! – საქმე ის გახლდათ, რომ საქართველოში სწორედ ედვარდ კენედი გახლდათ სტუმრად. რაც შეეხება რობერტ კენედის, იგი იმ დროისათვის კარგა ხნის მოკლული იყო და, ამდენად, საქართველოში ჩამოსვლა გაუჭირდებოდა.
ეს რომ ასეა, დამიდასტურა ერთ-ერთმა ყველაზე სანდო ექსპერტმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა – 1972 წელს სწორედ ედვარდ კენედი ეწვია ჩვენს ქვეყანასო, მითხრა ჰამლეტმა. სენატორის პატივსაცემად სადილი წეროვანში გამართულა. სადილს დასწრებიან საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ი. აბაშიძე. მოგვიანებით სუფრას კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძეც შეერთებია.
აი, ასე ყოფილა საქმე.
რამდენადაც ვიცით, ბატონი ედუარდი მემუარებზე მუშაობს. ამ ოპუსის გამოქვეყნების მიზანია, ექსპრეზიდენტის მემუარებს ააცილოს ეს პატარა ლაფსუსი.

***

ერთი ქალბატონის ცხოვრების წესმა შთამაგონა მხატვრული იდეა – დავწერო მოთხრობა “ქალია-ადამიანი?!”
თუ იდეის ხორცშესხმა ვერ მოვახერხე, უფლებას ვიძლევი, ამ სათაურიანი მოთხრობა დაწერონ სხვებმა, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობით კი – სათაურის საავტორო უფლება დამიტოვონ.
დარწმუნებული ვარ, მომავალი მოთხრობის პოტენციური პროტაგონისტი ქალბატონი უაღრესად კმაყოფილი დარჩება – გიჟდება მასმედიაში საკუთარი სიფათის გამოჩენაზე!

ახმატოვა

“ონ დლია მენია ნობელევკუ ხლოპოჩეტ” – ამას ანა ახმატოვა წერს თავის ყოფილ საყვარელზე.
ახმატოვა – ჩამწყობი! როგორია?!
საერთოდ, იშვიათია, ნობელზე მწერლის წარდგენა არ იყოს ოფიციალური თუ მოყვარული აგენტების ჩალიჩის შედეგი.
ამ ვნებასაც – მაღალი ჯილდოს მიღების ვნებასაც – შეგიძლიათ უწოდოთ ჰეროსტრატეს კომპლექსის წვეთი!

***

ამ ერთხელაც მოვუსმინოთ ტომას ვულფს:
“ინტერესდებიან თუ არა მწერლები პოლიტიკით?
შექსპირი? კი. ჯონ კიტსი? არა. პერსი ბიში შელი? კი. ბაირონი? რა თქმა უნდა. დიკენსი? კი. თეკერეი? არა. ჰენრი ჯეიმსი? არა. ფლობერი? ჰოც და არაც. ზოლა? რა თქმა უნდა. ვიქტორ ჰიუგო? რა თქმა უნდა. გოტიე? არა. ტოლსტოი? კი.”
მინდოდა ჩამომეთვალა ქართველი მწერლები, რომელთაც, მსგავსად, ვთქვათ, ჰენრი ჯეიმსისა, არ აინტერესებთ პოლიტიკა, მაგრამ გამიჭირდა! ნიკო ლორთქიფანიძე? მაგრამ “იყიდება საქართველო” ვისია? ალბათ, დავით კლდიაშვილი! მაგრამ ის სამხრეები მე დავაკერე? იქნებ…
თუ აქეთ გადმოვალთ და უახლეს ლიტერატურას გადავხედავთ, კიდევ უფრო გაძნელდება ეს საქმე – პოლიტიკის გარეთ მდგარი მწერლების პოვნა! ეტყობა, პრობლემებით გაძეძგილი პატარა ქვეყნის შვილი მოკლებულია ამ ფუფუნებას!
ამ საკითხს რომ ჩაუღრმავდა, ვულფი ამაშიც კაი ბიჭია!

ო, ენავ ჩემო…

გერმანულად, ებრაულად, რუმინულად, უკრაინულად, ჩეხურად, უნგრულად, რუსულად, ფრანგულად, ინგლისურად, ესპანურად, იტალიურად, პორტუგალიურად – აი, ამ ენებზე წერდა პაულ ცელანიო, გვამცნობს ბორის დუბინი წერილში “შეხვედრა გულის სანაპიროზე” (რუსულად. “ინოსტრანნაია ლიტერატურა”, №4, 2005წ.).
ამის შემდეგ ყურადღებით, რამდენიმეჯერ, კითხულობ უნიჭიერესი კაცის, მშვენიერი პოეტის პაულ ცელანის ლექსებს, დაბეჭდილს იქვე, მოგწონს, რა თქმა უნდა, და ამის მიუხედავად, ასკვნი, რომ ჯობს, იყო ერთ ენაზე შექმნილი ვეფხისტყაოსნის ავტორი, ვინემ 13 ენაზე მწერალი ცელანი!
ისე, რა თქმა უნდა, ამგვარი პიროვნება – ასეთი ერუდიტი, პოლიგლოტი და, რაც მთავარია, ნაღდი პოეტი უსათუოდ მოახდენდა თანამედროვეებზე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას. მე იმის მტკიცებას არ ვაპირებ, ცელანის მნიშვნელობა, როგორც პოეტი ნოვატორისა, გაზვიადებულია-მეთქი! მაგრამ არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ცელანი, დროთა განმავლობაში, მეტისმეტად “დაიკლებს წონაში”, და აღარც ძველი სიმაღლე შერჩება – ისიც “დაბერდება” და, გამორიცხული არაა, ერთ მშვენიერ დღეს სულაც გარდაიცვალოს!
ტრაგედიაა, მაგრამ ფაქტია: პოეტი ერთი ენის კუთვნილებაა! არც თაგორის ორენოვნება, არც რილკეს რუსულად დაწერილი ლექსები, არც ცელანის პოეტური პოლიგლოტობა არ ივარგებს საბუთად საპირისპიროს მტკიცებისას.
და მაინც: დიდი სიამოვნება მივიღე ცელანის ამ პუბლიკაციის კითხვისას, იმის მიუხედავად, თუ რა ადგილს დაიჭერს მხოფლიო რეიტინგის მიხედვით, ცელანი მუდამ დარჩება ერთ მშვენიერ, სამაგიდო პოეტად! უკეთ – პოეტური მასტერ-კლასის ერთ თვალსაჩინო მაგალითად.
ამ აზრს უკან მაინც ვერ წავიღებ: ჯობს, წერდე ერთ ენაზე და იყო რუსთაველი, ვინემ წერდე ცამეტ ენაზე და იყო ცელანი!


ფ. შიპულინსკი
შექსპირი – რეტლენდი. 1924 წ.

“1790 წელს აღმოაჩინეს ფილიპ ჰენსლოუს, თეატრის ცნობილი დირექტორის, ჟურნალი, რომელშიც ჩანაწერები უკეთებიათ 1591 წლიდან 1609 წლამდე. ხსენებულ ჟურნალში გვხვდება სახელი ყველა იმდროინდელი დრამატურგისა, რომელთა უმრავლესობაც ნაკლებ იყო ცნობილი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე და საბოლოოდაა დავიწყებული ამჟამად. მხოლოდ ერთი პოეტი-დრამატურგის სახელი არ გვხვდება ჟურნალში არც ერთხელ: ეს სახელია შექსპირი” (გვ.13).
კარგი თავსატეხია, არა? განსაკუთრებით იმ ერისთვის, ვისაც აგრეთვე ჰყავს თვალსა და ხელს შუა გამქრალი საკუთარი გენიოსი – რუსთაველი!
რუსთაველი? ესეც კი საკითხავია…

სიტყვისმიერი ინცესტი

ერთი მეტისმეტად ახალგაზრდა მომღერალი (გვარს არ ვამბობ, მებრალება) ასეთ რამეს წერს “სარკეში”:
“სიამოვნებით ვიცხოვრებდი ნაპოლეონის ეპოქაში და ვიქნებოდი ნაპოლეონის მეუღლე ან შვილი”!
ეს სიტყვები რომ წავიკითხე, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქო ინცესტის ფაქტს შევსწრებოდე. ეს როგორ, სულ ერთია, მამა იქნება იგი შენი თუ ქმარი? ეს ფრაზა, გამორიცხული არაა, ახასიათებდეს და ასახავდეს იმ წრის მორალს, რომელშიაც ეს ყმაწვილი ქალი აღიზარდა და ტრიალებს!
ყვითელი პრესა ვართ, კი ბატონო, მაგრამ ასეთი მოჭირებული ყვითელიც ნუ ვიქნებით! რაც არ უნდა იყოს, ჯერ კიდევ საქართველოში ვართ!”

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box

One Comment