დავით წერედიანისთვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის მინიჭების გამო
1974 წლის იანვარში იმ დროს ყველაზე პოპულარული ქართული სალიტერატურო ჟურნალის „ცისკრის“ მე-200 საიუბილეო ნომერში დავით წერედიანის მიერ თარგმნილი ფრანსუა ვიიონის „მცირე ანდერძი“ დაიბეჭდა. ეს პუბლიკაცია მაშინვე მოვლენად იქცა და მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართული პოეტური თარგმანის შემდგომი გზა, მეტად მაღლა ასწია მთარგმნელობითი ოსტატობის თამასა. ასეთი საყოველთაო აღიარება და აღტაცება, არათუ თარგმნილ ტექსტს, არამედ ორიგინალურ მხატვრულ ქმნილებასაც იშვიათად ხვდომია წილად. გაოცებას იწვევდა ქართული ენის უმრავალფეროვანესი სტილისტური პლასტების აქტუალიზება და სალექსო ტექნიკის განსაცვიფრებელი ფლობა.
მორჩა, აღსრულდა, მივდივარ მართლა,
მაგრამ მწყურიხარ ისეთი ძალით,
ისე მჭირდები, ვით… როგორც… რა ვთქვა…
ბოლონურ ქაშაყს სჭრიდება წყალი.
ნეტა ვინ გიხსნის ახლა საკინძეს,
ვინ ეწაფება შენს უტკბეს ტყუილს…
ო, ღმერთო ჩემო, ნუ გამაგიჟებ!
კი არ ვლოცულობ, ვდგავარ და ვყმუი.
ლექსი, მეტადრე თარგმნილი, მაშინ არის უფრო შთამბეჭდავი, როცა მისი ენა რაც შეიძლება მიახლოებულია ბუნებრივ მეტყველებას, ხოლო სალექსო ტექნიკა კი ზედმიწევნით ვირტუოზულია, არც ერთი მათგანი მეორის მიერ არ იჩაგრება, არც სალექსო ფორმას ეწირება ენის ბუნებრიობა და არც ენის ბუნებრიობას – სალექსო ფორმა, რაც, განსაკუთრებით თარგმანში, უაღრესად ძნელი მისაღწევია და ამგვარი რამ სიტყვის ძალიან ცოტა ხელოვანს ხელეწიფება.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს მიმართება ენასა და სალექსო ტექნიკას შორის ვიიონის დავით წერედიანისეულ თარგმანებში არასოდეს ირღვევა, არც „მცირე ანდერძში“ და არც „დიდში“, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მოჰყვა „მცირეს“.
სხვა ძვირფასი თვისება, რითაც გამოირჩევა დავით წერედიანის თარგმანი, გახლავთ არაჩვეულებრივი ოსტატობა, რომლითაც მას ორიგინალის იუმორისტული პასაჟები გადმოაქვს ქართულად. ესეც უძნელესი საქმე გახლავთ იმის გამო, რომ სხვადასხვა ენას სხვადასხვა ენობრივი საშუალებები მოეპოვება მოვლენების, საგნების თუ ადამიანების მიმართ იუმორისტული დამოკიდებულების გამოსახატავად. ორიგინალისეული იუმორის სხვა ენაზე სათანადოდ გადმოსატანად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთარგმნელის ლიტერატურულ და არა მარტო ლიტერატურულ გემოვნებას და ისევ და ისევ ენის სიღრმისეულ ცოდნასა და გრძნობას. დავით წერედიანთან ამ მიზნის მისაღწევად მობილიზებულია უხვი, მრავალფეროვანი მასალა ქართული ენის წიაღიდან და ფოლკლორული თუ პროფესიული ლიტერატურის გამოცდილების სფეროდან: არქაიზმების, ნეოლოგიზმების, დილექტიზმების, ჟარგონის, მაღალფარდოვანი, სასაუბრო თუ ნეიტრალური სტილისტური შეფერილობის ლექსიკის, აგრეთვე იდიომატიკის გემოვნებითა და დიდი სიზუსტით გამოყენება განაპირობებს დავით წერედიანის თარგმანის უჩვეულო შთამბეჭდაობას:
ჩემს ცნობილ შარვალს, გრძელს და განიერს,
არა სჭირდება პანეგირიკი.
მარჯვენა ტოტი – მეტრ ბაზანიეს,
მარცხენა – მოტენს, ანდა პირიქით.
მათთან ფურნიეც ვახსენო ჯერარს,
სადაც ალხანა, იქაც ჩალხანა,
მე მას ვუტოვებ ჩემს უხმარ პერანგს
და იმ პერანგის ნახმარ ამხანაგს.
ვიიონის გარდა დავით წერედიანს სხვა დიდი ფრანგი პოეტებიც აუმეტყველებია ქართულად (პოლ ვერლენი, არტურ რემბო, შარლ ბოდლერი, პოლ ვალერი), ამავდროულად იგი შესანიშნავი ორიგინალური ლექსების ავტორი და ჩინებული ესეისტიც გახლავთ, მაგრამ, რაკი მას გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ენიჭება, ჩვენც გერმანული ენიდან შესრულებულ მის თარგმანებზე გავამახვილოთ ყურადღება.
იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ჰაინრიხ ჰაინე, პაულ ცელანი, ინგებორგ ბახმანი, თომას მანი, ლიონ ფოიხტვანგერი – აი არასრული ჩამონათვალი გერმანულენოვანი ავტორებისა – პოეტებისა და პროზაიკოსებისა, რომელთა დავით წერედიანისეული თარგმანები ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის საგანძურს შეადგენს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ძმები გრიმების სახელგანთქმული ზღაპრების სამტომეული, 1990-იანი წლების დამდეგს გამოცემული.
ვიიონის თარგმანზე არანაკლები ინტერესი ხვდა წილად გოეთეს „ფაუსტის“ დავით წერედიანისეულ თარგმანს, რომლის პირველი ნაწილი წიგნად 2011 წელს გამოვიდა.
ქართულ ენაზე გოეთეს „ფაუსტის“ რამდენიმე სრული და ნაწილობრივი თარგმანი მოგვეპოვება, რომელთაგან უნდა გავიხსენოთ დავით ონიაშვილის ნამუშევარი, პირველად 1927 და განმეორებით 1962 წელს გამოცემული, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თავის დროზე და კარგა ხანს ემსახურებოდა ქართველ მკითხველთა შორის მსოფლიო ლიტერატურის ამ შედევრის პოპულარიზაციის საქმეს. 1970-იან წლებში „ფაუსტის“ თარგმნას ხელი მიჰყო ცნობილმა მთარგმნელმა გიორგი ჯორჯანელმა და მის მიერ ჩინებულად გადმოქართულებული „ფაუსტის“ პირველი ნაწილი წიგნად მკითხველმა 1987 წელს მიიღო. სამწუხაროდ, გიორგი ჯორჯანელი ისე გარდაიცვალა, რომ ტრაგედიის მეორე ნაწილის თარგმნა ვეღარ მოასწრო.
დავით წერედიანის თარგმნილ „ფაუსტს“ აქვს ყველა ის ღირსება, რაც ვიიონის ესოდენ წარმატებული თარგმანის შეფასებისას აღვნიშნეთ, ხოლო ამის ზევით აქ ის სირთულენიც წარმატებით არის დაძლეული, რასაც ფილოსოფიური განსჯა-დაკვირვებებით, ღრმააზროვანი აფორიზმებითა და პარადოქსებით, სხვადასხვა სტილისტური ელფერით გამორჩეული პასაჟების მონაცვლეობით შესრულებული ეს მართლაც რომ უნიკალური ტექსტი, სამყაროსავით მრავალფეროვანი ქმნილება, სხვა ენაზე ამეტყველებისას გვიქმნის.
თუკი ფრანსუა ვიიონის ტექსტი მონოლოგური ბუნების არის, რაც რამდენადმე უადვილებს მთარგმნელს საქმეს, „ფაუსტი“ პოლილოგია, უთვალავ ხმათა ორკესტრირებით შექმნილი სიმფონიაა, და საჭიროა ყველა ხმისთვის შეირჩეს სათანადო ინსტრუმენტი, ანუ – სალექსო ფორმა, ლექსიკა და ინტონაცია. სწორედ ამ კომპონენტებს ექცევა დიდი ყურადღება დავით წერედიანის ნაშრომში, ამ მეტად ძნელი ამოცანის წარმატებით გადაწყვეტა არის იმის მიზეზი, რომ თარგმანი ასეთი გატაცებით იკითხება.
ერთ ინტერვიუში დავით წერედიანი ამბობს: „’ფაუსტში’ გვხვდება ადგილები, სადაც პწკარედული სიზუსტეა საჭირო, გვხვდება ადგილები, სადაც მეტი თავისუფლების გამოჩენა შეიძლება. ტექსტის კონკრეტულ მიზანდასახულობას გააჩნია“. აქედან კარგად ჩანს, რაოდენ გააზრებულად ეკიდება იგი პოეტურ თარგმანს. კიდევ ერთი ფრაგმენტი იმავე ინტერვიუდან: „ხდება ხოლმე სიტყვებს ზუსტად გადმოიტან, მთავარი სათქმელი კი გაგისხლტება, რადგან იგი ქვეტექსტში დევს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, ქვეტექსტი შეინარჩუნო, და დანარჩენს უფრო თავისუფლად მოეკიდო. პირველ ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რისი შენარჩუნებაა ყოვლად აუცილებელი, რომ ნაწარმოების არსს არ დავცილდეთ. […] დედანი ძალიან დეტალურად უნდა გამოვშიგნოთ თავისი კონტექსტებითა და ნიუანსებით“.
სრულიად აშკარაა, რომ საქმე გვაქვს გამორჩეულ შემოქმედთან, რომელიც დიდი სერიოზულობით ეკიდება მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა თავის მშობლიურ ენაზე გადმოღებას. დავით წერედიანისთვის პოეზიის თარგმნა მაღალი ხელოვნების რანგში აყვანილი საქმიანობაა. იგი თავისი ნამუშევრისადმი უშეღავათო დამოკიდებულებით გამოირჩევა.
ზემოთქმულის დასტურად წავიკითხოთ რამდენიმე ადგილი დავით წერედიანის მიერ ქართულ ენაზე ამეტყველებული „ფაუსტიდან“.
აი ფრაგმენტი, სადაც საკუთარი თავითა და ბედნიერების მიუწვდომლობით უკმაყოფილო ფაუსტი ცოდნის შეძენის ამაოებზე გამოთქვამს აზრს:
მართლაცდა რაა, სხვა რაღაა, თუ არა მტვერი,
მთელ ამ კედლებზე თარო-წალო რითაც მივსია?
ჩიხიმახონი, დაფხავებულ ეტრატთა ჯერი,
ამ საჩრჩილეში თავს დაყრილი, რის მაქნისია?
აქ უნდა ვპოვო რაც მაკლია? ვიწყვიტო ქანცი,
ათასი წიგნი გამოვლოღნო იმის დასტურად,
თურმე ნუ იტყვით, ყველა დროში წვალობდა კაცი
და უმდურველი ცოტა ვინმე თუ გარდასულა?
ყურადღებას იქცევს მდიდარი ლექსიკა, მეტადრე სასაუბრო მეტყველების სფეროდან მოხმობილი სიტყვები, იმგვარად შერჩეული, რომ სავსებით შეესაბამებოდეს, მკაფიოდ გამოკვეთდეს, პროტაგონისტის, მრავალმხრივ და ღრმად განათლებული მეცნიერის იმჟამინდელ განწყობას – აგდებულ დამოკიდებულებას განსწავლისადმი: ჩიხიმახო (ხარახურა), დაფხავებული (გაცვეთილი, დაძველებული), წიგნების მიმართ ნათქვამი გამოვლოღნო (ლოღნა – უმადოდ, უხალისოდ ჭამა), ხოლო მთარგმნელისეული კომპოზიტი „თარო–წალო“, რომელიც აერთიანებს საყოველთაოდ გავრცელებულ „თაროს“ და იშვიათად ხმარებულ „წალოს“, რაც ნიშს, განჯინას ნიშნავს, სიტყვათა ალქიმიური შეერთების წყალობით, დამცინავ, აგდებული დამოკიდებულების გამომხატველ ელფერს იძენს, რისი ნიშანწყალიც არ ეტყობათ ამ სიტყვებს, როცა მათ ცალ-ცალკე იყენებენ.
ახლა მეფისტოფელის აზრი მოვისმინოთ უფალზე:
მიყვარს შემოვლა ბერიკაცთან და საუბარი,
გულს დამაკლდება, მუდამ ასე თუ არ გასტანა.
ვერაფერს იტყვი, ზის ამხელა მამაუფალი
და კაცურ სიტყვას ლაპარაკობს თვით ეშმასთანაც.
ლექსიკითაც და ინტონაციითაც, სასაუბრო იდიომების გამოყენებით („გულს დამაკლდება“, „ვერაფერს იტყვი“, „კაცური სიტყვა“) ჩინებულად არის გადმოცემული მეფისტოფელის ფამილარული დამოკიდებულება მამაზეციერის მიმართ („და კაცურ სიტყვას ლაპარაკობს თვით ეშმასთანაც“ დედანშიც ასევეა: „So menschlich mit dem Teufel zu sprechen“).
სქოლასტიკოსი ვაგნერი ხალხში სეირნობისას ასე მიმართავს ფაუსტს:
თქვენი თანხლება, ეს, ბატონო დოქტორო, ჩემთვის
განუზომელი პატივია – თან რამდენს ვიძენ! –
თორემ აქ სხვაფრივ, ამ გლეხებში, მოწმეა ღმერთი,
რა მომიყვანდა, ზნე მაგათი, პეწი თუ სიბრძნე!
ვაგნერის ამპარტავნობა, უბრალო ხალხისადმი მისი აგდებული დამოკიდებულება, რაც დედანში ასეა გადმოცემული – „Doch würd ich nicht allein mich her verlieren / Weil ich ein Feind von allem Rohen bin“ – „თორემ მე მარტო აქ რა მომიყვანდა, მე ხომ ყოველგვარი უხეშობის მტერი ვარ“ – თარგმანში კიდევ უფრო ხაზგასმულია იმით, რომ დედნის „უხეშობა“, რის მტრადაც აცხადებს თავს ვაგნერი, ასეა გაშიფრული: „თორემ აქ სხვაფრივ, ამ გლეხებში, მოწმეა ღმერთი, / რა მომიყვანდა, ზნე მაგათი, პეწი თუ სიბრძნე!“. ეს დედნის მართებული, ანუ დასაშვები, ინტერპრეტაციის კარგი მაგალითია.
გრეტხენის მოკრძალება და მიამიტობა სტილისტურადაც სავსებით იჩენს თავს მის სიტყვებში, როცა მოგზაურის სახით მოვლენილ ფაუსტს მიმართავს:
ცდილობთ, დამინდოთ, უხერხულად არ ვიგრძნო თავი,
მესაუბრებით ბევრის მცოდნე, როგორც თანასწორს.
ვინც ხშირად მგზავრობს, იცის ხალხის კარგი და ავი,
გულს გაგიკეთებს, არ დაგხედავს მაღლით არასდროს.
ჩემსავით გოგო თქვენს ნაფიქრალს მხარს ვერ აუბამს,
რა უნდა ახლდეს სასიამო მასთან საუბარს…
ყურადღება მიაქციეთ სასაუბრო მეტყველებისთვის ნიშანდობლივ გამოთქმებს „გულს გაგიკეთებს“ და „ჩემსავით გოგო“ (ნაცვლად ლიტერატურული ფორმისა “ჩემნაირი გოგო”), ამ ფრაგმენტის მთავარ სტილისტურ მახასიათებლებს – მიამიტ გოგონას რომ გვისურათხატებს.
აი რას და როგორ ეუბნება სტუდენტი ბიჭი მეგობარს, სასეირნოდ გამოსული გოგოების დანახვისას:
გვირიტები! ორნი! არც იფიქრო დაკარგვა წუთის!
კვალში ჩავუდგეთ! ღმერთმა მოგვცა, სრული განძია!
თუ რამე მიყვარს ცხოვრებაში – მაგარი ლუდი,
მწარე თამბაქო და მოახლე გოგო კვანწია.
„მოახლე გოგო კვანწია“ სრული შესატყვისია დედნის გამოთქმისა: „Eine Magd im Putz“. Im Putz „გამოპრანჭულს“ ნიშნავს, მაგრამ ამ გაცვეთილი ქართული შესატყვისის ნაცვლად მთარგმნელი პოულობს უაღრესად კოლორიტულ სიტყვას ქართლურ-იმერული დიალექტური ლექსიკის სალაროში – კვანწია, რომლის მნიშვნელობა ასეა ახსნილი „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“: „კოხტად ჩაცმა-დახურვის, კოხტაობის მოყვარული, ცოტა პრანჭია“.
მოხუცი გლეხი მიმართავს ფაუსტს:
მივესალმებით ბატონ დოქტორსა,
უფრო გვიყვარხართ კიდევ მისთვისა,
რო არ თაკილობთ ჩვენისთანებსა,
რო მოიცალეთ აქ მოსვლისთვისა,
ხელმწიფის ტოლო სწავლულო კაცო,
დაუზარელო ჩვენი ხსნისთვისა.
ჭიქას მოგაწვდით მოწიწებითა,
ამა სურვილსაც დავატანთ ზედა,
რამდენი წვეთიც მაგაში ესხას,
იმდენი წელი იყავით მხნედა.
რა კარგად არის თარგმანში გადმოცემული ემფატიკური „ა“-ს მოშველიებით მოხუცი გლეხის საუბრის ოდნავ არქაიზებული მანერა, რისი გამოხატულებაც დედანში არის, მაგალითად, კომპოზიტის Hochgelehrter (რაც „დიდად განსწავლულს“ ნიშნავს) მოძველებული ფორმის – Hochgelahrter – გამოყენება, და ასევე – საგანგებოდ შერჩეული მარტივი რითმები და ინტერვალიანი რითმათწყობა, ხალხური ლექსისთვის დამახასიათებელი!
აუერბახის სარდაფში ფროში ასე საყვედურობს თანამეინახეებს:
არ სვამთ, არ მღერით, ვის ებღვირებით!
ჩამოგიშვიათ უბრად ცხვირები.
სულ არაფერზე კბილები გიჩანთ,
დღეს რა ეშმაკმა შეგიკრათ კრიჭა.
შეუძლებელია არ მოიხიბლოთ, როცა ნახავთ, რა დიდოსტატურად არის ბოლო ორ სტრიქონში დედნისეული მეტაფორა გადმოტანილი ქართული იდიომების გამოყენებით. ორიგინალში წერია: „Ihr seid ja heut wie nasses Stroh / Und brennt sonst immer lichterloh“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: „დღეს სველი ჩალასავით ხართ, ჩვეულებრივ კი ბრიალით იწვით“, ანუ – დღეს რატომ დუმხართ („დღეს რა ეშმაკმა შეგიკრათ კრიჭა“), როცა სხვა დროს სულ იკრიჭებით ხოლმე („სულ არაფერზე კბილები გიჩანთ“).
სხვა მოშაბაშეებს ჩამორჩენილ სანახევროდ კუდიან დედაბერსაც მოვუსმინოთ:
მეც სხვებთან ერთად წამოვფორფოტდი,
ყველამ გამასწრო, არ ჩანს არც ერთი.
რა ძალა მადგა, რისთვის მოვრბოდი?
არადა შინაც ვეღარ გავჩერდი.
„ფორფოტი“ იგივეა, რაც „ფუსფუსი“ (ქეგლ) და „სულელივით სიარული“ (ალ. ღლონტი), ხოლო მისგან ნაწარმოები და სარითმო სიტყვად სტრიქონის ბოლოს გატანილი ერთობ კოლორიტული „წამოვფორფოტდი“ ზუსტი შესატყვისია დედნისეული გამოთქმისა „Ich tripple nach“.
ბოლოს ვნახოთ როგორ ჟღერს ქართულად დავით წერედიანის თარგმანში გოეთეს „ფაუსტის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი, კერძოდ ის, სადაც ტრაგედიის მთავარი გმირი ხელახლა იწყებს ბერძნულიდან მშობლიურ ენაზე იოანეს სახარების თარგმნას:
თავდაპირველად იყო სიტყვა – ასე წერია.
უკვე შევფერხდი. მანდ სადავო არაფერია?
ასეც დავტოვოთ? არა, სიტყვა არ ღირს მაგდენად.
არ ეფარდება, საჭიროა ცნების დადგენა.
გადამეწმინდე, გამინათდი, გონებავ ქუფრო!
ჯობს პირველთაგან იყო აზრი. ფარდია უფრო.
შესდექ, ნუ ჩქარობ, არაფერი ჩაწერო მცდარი,
არ გაგიმრუდდეს პირველივე ნათარგმნი ბწკარი.
აზრისგან იქმნა, რაც რამ იქმნა? ნივთი ყოველი?
თუ პირველთაგან იყო ძალა? ძალი ცხოველი.
არადა, რაღაც არ მანებებს, დავწერო ასე,
რაღაც მაძალებს, შესატყვისზე ვიფიქრო სხვაზე.
სული მკარნახობს! ზუსტი არსი მოიკვეთება!
ვწერ დარწმუნებით: პირველთაგან იყო ქმედება!
ამ ადგილის გამო დავით წერედიანი თარგმანის ბოლოს დართულ კომენტარებში გვაუწყებს:
„ჩვენში რუსულის გავლენით გავრცელებული ვერსიაა – „პირველად იყო საქმე“, მაგრამ „საქმე“ მოცემულ აბსტრაქტულ კონტექსტში მეტისმეტად ვიწროა, აქ ყოველდღიურ საქმესა და საქმიანობაზე არ არის ლაპარაკი. დედანში წერია დიე თატ, რომლის პირველად მნიშვნელობას სწორედ ქართული „ქმედება“ ეთანადება და არჩევანიც ამან განაპირობა“.
აქ თარგმანში იმავე ვითარებასთან გვაქვს საქმე, რა ვითარებაც დედანშია აღწერილი, იმ განსხვავებით, რომ ფაუსტი იოანეს სახარების საწყისი ფრაზის გერმანულ თარგმანს („Im Anfang war das Wort“) იწუნებს, სადაც პოლისემანტიკური ბერძნული „ლოგოსი“ თარგმნილია როგორც „სიტყვა“, და მის ახალ ვერსიას ქმნის; მთარგმნელს კი სახარების ამ ფრაზის გოეთესეული პერიფრაზის – „Im Anfang war die Tat“ – ტრადიციული რუსული და ქართული თარგმანი („В начале было дело“, „პირველად იყო საქმე“) არ აკმაყოფილებს და თავის ვარიანტს გვთავაზობს, ჩემი აზრით, მართლაც უფრო მართებულს. საქმის ჩანაცვლებას ქმედებით არც ლექსიკონები ეწინააღმდეგებიან, ვინაიდან die Tat-ის სინონიმად ისინი ერთხმად ასახელებენ დიე Handlung-ს, რასაც ქართულად სწორედ ქმედება შეესაბამება.
ამრიგად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთარგმნელის ქმედება სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს – იგი შესაძლოა განვაზოგადოთ და ვთქვათ:
აი ასეთი ფაუსტური მგზნებარებით ეკიდება დავით წერედიანი თავის საქმეს!
* * *
დავით წერედიანზე როგორც რითმის დიდოსტატზე იმდენი თქმულა, რომ აღარ ვაპირებდი ამ საკითხს შევხებოდი, ვინაიდან ამაზე ლაპარაკი უკვე ბანალურობის საფრთხეს შეიცავს. პრინციპში, არც არაფერს ვიტყვი აქ ამის თაობაზე, ოღონდ არ შემიძლია ორი არაჩვეულებრივი რითმა არ წარმოგიდგინოთ ქართული „ფაუსტიდან“, ორივე თემატური რითმაა, ანუ ორივეში ამ ტრაგედიისთვის უმნიშვნელოვანესი სიტყვებია სარითმოდ გატანილი – „მიკროკოსმოსი“ (რაც ადამიანს ნიშნავს) და „მეცნიერება“. პირველი ორსტრიქონედით მეფისტოფელი ფაუსტს ამასხარავებს, მეორეთი იგივე მეფისტოფელი, ოღონდ ფაუსტად გადაცმული, ფაუსტის მოწაფეობის მოსურნე ყმაწვილს „აღადავებს“:
მეფისტო ფაუსტს განუმარტავს, თუკი პოეტს მიმართავ, რათა შეგამკოს და განგადიდოს, იგი
„…იმგვარად მიგმოს-მოგმოსავს,
გიხილავთ ბატონ მიკროკოსმოსად“.
მოწაფეობის მსურველს კი ერთ-ერთი სამეცნიერო დისციპლინის, თეოლოგიის, შესახებ ეუბნება:
„ეს გახლავთ ბნელში სიარულის მეცნიერება,
ისეთი ღრეა, ზოგჯერ კვალი მეც კი მერევა“.
* * *
როდესაც კონგენიალურ თარგმანს ვკითხულობთ, ასეთი სასწაულის მოწმე ვხდებით: ვგრძნობთ როგორ ერწყმიან ერთმანეთს ორიგინალის ავტორი და მისი მთარგმნელი. ეს ორერთიანობა მისთვის ჩვეული გონებამახვილობით, მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური ფორმით გამოხატა ვახტანგ ჯავახაძემ თავისი შარშანდელი ერთბაშად გახმაურებული ვრცელი ლექსის „ელეგია: ყელსაბამის“ აი ამ ფრაგმენტში:
„აჯასა ამას დასტურს დასცემდა მარკუს (ბაჩანა) ავრელიუსიც,
თავს არც იოჰან (დავით) გოეთე (წერედიანი) შეიკავებდა
და აღარც სულხან (ეზოპე) საბა – მესაიდუმლე მეიგავეთა“.
© არილი