პროზა

ლევან გელაშვილი –  მეგაპლაზმა   

ზოგს გაუმართლებს ხოლმე და თავიდანვე ისეთი ტექსტის კითხვას იწყებს, სადაც მთხრობელი მკითხველის მიერ ნაგულისხმევი პროზის წესებით თამაშობს. ეს ისეთი რამეა, როცა ტექსტში გაბნეული დოზირებული ეჭვებით მკითხველს ექმნება ილუზია, რომ იგი თავად სამყაროს ცენტრია. საკუთარ თავს აიგივებს პერსონაჟებთან, მათთან ერთად იტანჯება, ტკბება და მათთან ერთად განიცდის მოვლენების სიმძაფრეს. იდუმალი მინიშნებებით ტექსტში წინასწარ მზადდება კვანძის გახსნა, შემდეგ კი, თითქოს უბრალო შემთხვევის წყალობით, მკითხველს თავს დაატყდება მოულოდნელი ფინალი. მკითხველის საკუთარი ოცნებები და შურისძიების წყურვილი, რომელიც გადაჰქონდა პერსონაჟებზე, მყისიერად იმსხვრევა ტექსტში აღმოჩენილ თუჯის უკანალზე, ჭეშმარიტების იმ მყარ რეალობაზე, რომელიც მკითხველს ტოვებს გაოცებულს, ვითარცა ლომს მოსაქმებისას. ტექსტში განფენილ ცხოვრების ამ უცნობ კანონზე იწყებს ფიქრს მკითხველი, რომლითაც ასე გააბითურა მთხრობელმა. სწორედ ეს ფიქრის პროცესი იწვევს ტკბობას.

ჩემო კარგებო! ამთავითვე უნდა გითხრათ, რომ აქ ამ ტკბობას ნუ ელოდებით, მსგავსი ლიტერატურული ეშმაკობები აქ არ იქნება. ჩვენ ხომ სერიოზული ხალხი ვართ, რაკიღა დაიწყე ამის კითხვა, იმასაც გეტყვით, რომ ესაა ტექსტი ისეთი რაღაცის შეცნობაზე, რაც ტექსტის ბოლოსაც უცნობი რჩება. მაშ ასე, გამორთე მობილური ტელეფონი და მომისმინე.

დავიწყოთ თავიდან:

სფეროსებრ სივრცეში გამეღვიძა. ხის ძირში რომ კაცი ჩამოჯდება დასასვენებლად, ეგრე ვიჯექი. მკლავები მუხლებში ოდნავ მოხრილ ფეხებზე მეწყო. უფერო, უსუნო გარემო იყო. თვალების ფშვნეტით საოცრად ლამაზ, ოვალურ სივრცეს თვალი მოვავლე; დაცხაურებული, შესქელებული კედლები ქვითკირივით ცივი და მაგარი შესახედაობის ჩანდა. ღიობები და შვერილები რაღაც ლაბასებრი ფენით იყო დაფარული. შიგადაშიგ, მოძრაობაში გაყინულ, მოდრეიფე ტალღებში, სისხლისფერი ძარღვოვანი ნაკადულები ამოყოფდა თავს, დაბლა მიიკლაკნებოდა, უცნაურ ტრაექტორიას ქმნიდა, ჩემს წინ ხედვის წერტილს მოივლიდა, შემდგომ ზემოთ მიცოცავდა და სიღრმეში იკარგებოდა. ოქროსფერი ელვარება გადასდიოდა არამარეს. ემბრიონის პოზაში ჯდომას არასდროს ვყოფილვარ მიჩვეული, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთ სივიწროვეში სრულიად კომფორტულად ვიყავი და არც უჰაერობა მაწუხებდა. ჩამიჩუმი არ ისმოდა. მიყრუებულ ხმებსაც ვერ გაიგონებდით, მაგრამ ვერც იმას იტყოდით, სამარისებური სიჩუმეაო, სადღაც ძალიან შორიდან წამოსული ენითგამოუთქმელი ხმოვანი ნაკადი, ტალღა-ტალღა, ძალიან ნელა იშლებოდა და იდუმალ აკუსტიკას ქმნიდა. მიმოვიხედე, სფეროს სილუეტებიდან ალისფერი, თბილი ფენები გამოსჭვიოდა. ხავერდოვანი კედლებიდან სინათლე სადღაც, შეუცნობელი სიღრმიდან აღწევდა. წამოდგომა არც მიფიქრია, პირდაპირ საოცარი გარემოა. აქ იმდენი ადგილია, რამდენიც მხოლოდ ჩემი აქ ყოფნისთვის არის საჭირო. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა არ ვიცოდი რა მექნა, არაფერი მინდოდა და მგონი პირველად, არაფერი მაწუხებდა. მეც რა მენაღვლება, ვიქნები ასე, იქნებ ვინმემ მომაკითხოს, გამოანგრიოს კედლები და გამიყვანოს აქედან. მქრქალი ფერების გარემოს თვალიერებით ვირთობდი თავს. მომდევნო საათის ყოველი წუთი, წყლის წვეთივით გავდა ერთმანეთს.

სინათლე რომ შესუსტდა, რაღაცნაირად ვიგრძენი რომ მარტო დავრჩი. კედლის მოთიმთიმე ბასრი ჩრდილი წაგრძელდა. აყირავებული რელიეფის სილუეტები ნელ-ნელა მიიზლაზნებოდნენ კუნჭულებისკენ. სინათლე სულ უფრო და უფრო უღიმღამოდ ანათებდა იქაურობას. სასიამოვნოდ აგრილდა და ჩამობნელდა. მალე მეც დაღლილობა ვიგრძენი და ჩამთვლიმა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, როცა გავიღვიძე, ალისფერი ემატებოდა გარემოს. კედლებში გამოუცნობი სინათლე გიზგიზებდა, მე კი ისევ ისე მუხლებზე მეწყო ხელები და მყარად ვიჯექი სფეროსებრ სივრცეში და როგორც ჩანს, არც არავინ აპირებდა ჩემს შველას. გადავწყვიტე დახმარება მეთხოვა, დავიწყე ყვირილი. თავიდან შედარებით დაბალ ხმაზე და შემდეგ მოურიდებლად, ხმის ჩახლეჩამდე. არავინ გამომხმაურებია. რაღაცნაირად ისეთ სიმარტოვეს ვგრძნობდი, რომ არც მქონდა იმედი ჩემს დაძახილზე ვინმეს ხმა გაეცა. კედელს ხელი გადავუსვი. ნათელ ადგილებს, მუქი ზონები მოსდევდა, ამობურცული და ჩავარდნილი კედლის გარსი ძლივს შესამჩნევი მოცახცახე ძარღვებით იყო დასერილი. მუშტი შევკარი და მაგრად დავარტყი, ყრუ გუგუნის ხმა ექოდ გავრცელდა. კედელი სულ ოდნავ შეიზნიქა. ასეთი რბილი კედელი არასდროს მინახავს, ხელის ფათურით შევისწავლე დრეკადი ზედაპირი და ძლიერი გაქნევით გავქლითე, საკმაოდ დიდი ნაწილი ასძვრა. დავიწყე გამოთხრა. ფრჩხილებით, კბილებით, ყველაფრით ვთხრიდი. ეს ისე იოლი იყო, გაოცებას ვერ ვმალავდი. კედელი მოხარშული კვერცხის გულივით რბილი იყო, იმდენად რბილი, რომ ისიც კი გავიფიქრე სინთეტიკური კვერცხის ესენცია, მოხარშული კარტოფილი ან ზღვის გამომშრალი ქაფი ხომ არ არის თქო. გამალებით ვმუშაობდი, ოფლი წვეთებად მომადგა საფეთქლებზე. ძალიან მოკლე დროში საკმაოდ დიდი ღრმული გამოვიღე. სიღრმეს ბოლო არ უჩანდა. ერთდროულად რამდენიმე ადგილას ვთხრიდი, ნაპრალებს ვაფართოვებდი და მალე უზარმაზარი სივრცე შევქმენი,  რომლის შიგნით კედელი კირქვასავით მაგარი ჩანდა, მაგრამ მისი ნატეხები ხელში რომ ავიღე, თოვლივით ფაფუკი და ჰაეროვანი აღმოჩნდა. – ჟანგბადით მდიდარია ეს გარემო, გამეფიქრა და ხელისგულებით მუქი ალისფერი მასა მოვსრისე.

შემდეგ ისევ თხრა განვაგრძე. სულ რამდენიმე წუთში იმდენი გამოვთხარე, რომ თავისუფლად შევძელი ფეხზე დავმდგარიყავი. მას შემდეგ რაც წელში გავიმართე, საშუალება მომეცა ზემოთა ნაწილში დამეწყო თხრა. გვირაბის ზომის ოვალი გამოვღრუტნე. – ცხადია, იზოლირებულ გარემოში ვარ, მაგრამ სადმე ხომ უნდა იყოს ზღვარი? ნუთუ უსასრულო სივრცეში ვარ?  გამიელვა აზრებმა, თან ხელებით მარდად ვმუშაობდი. ღმერთო ჩემო, ასეთი სქელი კედელი არსად მინახავს, რაც უფრო ღრმად შევდიოდი გვირაბში, სინათლე არათუ კლებულობდა, არამედ მეჩვენებოდა რომ მატულობდა კიდეც. შეიძლება ითქვას, სინათლე არსაიდან იბადებოდა. ალბათ სადაც ვიმყოფები ამ რბილი კონსისტენციის მატერიას აქვს უნარი სინათლის სხივების გატარების და ამ საფარველის მიღმა არის სინათლის დიდი წყარო, რომელიც სუსტად ატანს ჩემს სამყოფელში. რაც უფრო ღრმად შევდიოდი გვირაბში, მით უფრო მალე ვკარგავდი ილუზიას, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გარემო. მცირე დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ კედლების მატერიალური კონსისტენცია ყველგან ერთნაირი იყო. ის შედგებოდა რამდენიმე ფხვიერი ფენისგან და გველივით დაკლაკნილი ძარღვოვანი ხაზებისგან. მასა თხრის დროს ნება-ნება ამოდიოდა ბელტების სახით. შეუცნობელი სიღრმისკენ სწრაფად მივდიოდი. მალე აღმოვაჩინე, რომ ხავერდოვანი კედლის გუნდებს დატკეპვნის უნარიც ჰქონდა. ეს რბილი, უწყინარი მასა დატკეპნის შემდეგ თავისთავში არსებულ ბოჭკოვან უჯრედებს ჭყლეტდა, რის გამოც ქვითკირივით მაგარი და ცივი ხდებოდა. თიხასავით იყინებოდა და წკარუნობდა.

ერთხანს გავიფიქრე, რომელიღაც ჩემი ნაცნობის მაკვარანცხობა ხომ არ არის-მეთქი? რაღაც ოინს მიწყობენ ალბათ მეგობრები, მაგრამ ნაბიჯები გადავთვალე და 12 მეტრზე გრძელი სიგრძის გვირაბი მქონდა უკვე გამოთხრილი. თანდათან ვხვდებოდი, რომ  რეალობის გამოვლინების უკვე ცნობილი არცერთი ფორმა არ იყო ეს. მოუხეშავ, მღვრიე ზედაპირს დავაკვირდი. ვთქვათ, სადღაც სხვა სამყაროში მოვხვდი, სადმე ხომ უნდა ჰქონდეს ამ სამყაროს საზღვარი, საიდანაც ჩემთვის ცნობილი სამყარო დაიწყება? ან იქნებ ჩემი ნანატრი საზღვარი, ერთი სამყაროს სხვა რეგიონალური მატერიაა? ამ ფილოსოფიურ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა კიდევ რამდენიმე მეტრის სიღრმის გვირაბი გავიყვანე. ყველა იმედი გამიცრუვდა და ყველა ილუზია გვირაბთან ერთად გამოიღრუტნა. არც სინათლე იკლებდა და არც ხმოვანი კონუსის ეფექტი შეცვლილა. იქნებ ეს ბგერაგაუმტარი კედლები საკუთარ თავში ვიბრირებენ და გამოსცემენ ყრუ ხმებს – გამიელვა თავში. არ ვიცი როგორ უნდა აღვიქვა ეს რეალობა. ჩემმა რომელმა მემ უნდა შეძლოს ეს. იქნებ ყოველივე ჩემი წარმოსახვის ნაყოფია – გამეფიქრა ჩემთვის და ისევ მიმოვიხედე – ნეტა სიზმარში ვიყო და მალე გამეღვიძოს!

უკან მივიხედე, ოქროსფრად ელვარებდა მქრქალი გვირაბი და საოცარ სანახაობას ქმნიდა. ისევ თხრა განვაგრძე. ძალიან დავიღალე და გავიოფლე, შევჩერდი, ჩამოვჯექი და საკმაოდ დიდი ნატეხი ავიღე. გაშლილ თითებზე გავიგლისე, ნატეხების მსუბუქი ფართოუჯრედიანი აღნაგობა იმ წამსვე გაუფერულდა, სავარაუდოდ, ამის მიზეზი ის იყო, რომ მან კავშირი დაკარგა პირველსაწყისთან, მე ის უკვე ხელში მეჭირა. შესაბამისად, სინათლის წყაროს მოსწყდა და ასევე კედლის გარსაცავს. პლაზმის ამ საოცარი უნარის გამომჟღავნებამ დამაფიქრა. – რა გამოდის? დანაწევრების შემთხვევაში პლაზმა კარგავს თავის პირვანდელ თვისებებს? ისევ თხრა განვაგრძე. შეუჩერებლად ვთხრიდი. გვირაბის თხრით რომ დავიღალე, უკან დაბრუნება დამეზარა და სხვა მიმართულებით განვაგრძე იდუმალი კანონით დადგენილი საზღვრების დარღვევა. კაცმა რომ თქვას, ჩვეულებრივი გარემოა, იმდენად ჩვეულებრივი და უბრალო, რომ თავის უბრალოებით მაოცებს კიდეც. ერთი ხელის გაქნევა და მეყსეულად ჩნდებოდა დერეფნები, ოთახები, დარბაზები. საოცარია, პირდაპირ თვალებს არ ვუჯერებდი. გასასვლელს ვერსად ვპოულობდი. სივრცის კედლების ნებისმიერი წერტილი ძალიან იოლად მემორჩილებოდა, მაგრამ ამ მასალის იქით ისევ ეს სქელი რბილი მასა მხვდებოდა. აქ არ არსებობს არავითარი კავშირი და არც უკუკავშირი. მე აღქმის შედეგების უბრალო რეგისტრატორი ვიყავი. ჩამოვჯექი და მკლავები მუხლებზე დავილაგე, ცხადია იზოლირებულ გარემოში ვარ – დავიწყე ისევ ფიქრი, მაგრამ რამ გამოიწვია ეს განკერძოება? იქნებ ეს კარგიც არის? იქნებ ამ განკერძოებით დაცული ვარ უცნობი საფრთხისგან? კედლის ღრმულიდან გოროხი ავიღე, წებოვნება თითქმის არ აქვს, იოლად იხლიჩება, მაგრამ შეერთებისას მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს – ჰმ, ინტელექტუალური პლაზმა, ისევ ფილოსოფიურად გამეფიქრა. ამის მნახველი თავს დადებს რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რამ, არამედ მეგაპლაზმა, რომელიც თავისთავში მოიცავს ყველა შესაძლო რეალური ფორმების ფუძეს.

დავბრუნდი მთავარ დარბაზში, საიდანაც თავდაპირველად თხრა დავიწყე. სხვადასხვა მიმართულებით გათხრილ ჩემს გვირაბებს თვალი მოვავლე. ზოგი გვირაბი სხვა დაკლაკნილ გვირაბს უერთდებოდა, ზოგიც ჩიხში შედიოდა.

გეყოთ რა, ამ სისულელის კითხვა რაში გაინტერესებთ? როცა ვთხრიდი, დაუსრულებლად ვყვიროდი და შუბლიდან ოფლს ვიწმენდდი. როგორ ჩამეძინა დაღლილს და გამეღვიძა, როგორ ამიცრემლდა თვალები, როცა ირგვლივ შიშველი სივრცეები დავინახე, როგორ დავიწყე გიჟივით ყვირილი და ვეხეთქებოდი ჩემსავე შექმნილ კედლებს, საერთოდაც ეს მოქმედებების აღწერა როგორ გიყვართ, გაეცანით ცნობიერების უშუალო მონაცემებს – ფიქრებს, რომელიც მეძალებოდა ყოველივე ამის კეთების დროს:

პირველად არსებობდა ისეთი რაღაც, რაც ადამიანის საზღვრებს მიღმაა, მერე ეს რაღაც განვითარდა და სწორედ ის დღევანდელი სახე მიიღო, რომელშიც მე აღმოვჩნდი.

ეს რაღაც (პლაზმა) ძალიან სუსტია, ხელის მარტივი ზემოქმედებით შემიძლია მასზე ვიმოქმედო, მაგრამ არ შემიძლია გავიდე ამ შრიდან.

იქნებ ის საკუთარი ტკივილების გავლით განერიდა სოციუმს და ტვინის არააქტიურ საკუჭნაოში იმალება. ნუთუ ტვინის ყველაზე ღრმა არააქტიური უბანი ასე გამოიყურება? ეს თუ ასეა, მე რა შუაში ვარ? მე რატომ ვარ აქ. იქნებ ჩემი ტვინის უბანი ვიზუალურად ასე გამოიყურება?

ვთქვათ ეს არის რაღაც მიზეზის შედეგი, უბრალოდ შედეგი და მეტი არაფერი, რომელიც არაფრის მიზეზი არ გახდება.

მე ვხედავ რომ გამოუცნობი სინათლე ავსებს ყველაფერს. სუსტი ელფერი და უღიმღამო მეწამული გადასდის სქელ, რბილ მასას და ეს ყველაფერი მე არაფერს მეუბნება.

საღამოობით სასიამოვნოდ აგრილდება ხოლმე. აყირავდებიან მოთიმთიმე რელიეფური ჩრდილები და მე ვიძინებ.

რომელი მესაძირკვლე მე ვარ? სამსახური – სახლი, სამსახური – სახლი, რუტინული დამღლელი სამუშაო. მყავს ცოლი, ორი შვილი და რექსი – ჩემი ინგლისური სეტერი. მყავს კომბი მოსკვიჩის ძრავაზე აწყობილი პორშე. ბანკირის კარიერა. ვიცი ველოსიპედის მართვა, ტანგო და ცურვა. მოკლედ, ხომ ხვდებით, მე აქ არ უნდა ვიყო. მე ერთი ჩვეულებრივი დედამიწელი ვარ პროგრესის საჩხარუნო მობილურით, ჩემგან ახალს ვერაფერს გაიგებთ. ხო მართლა, მობილური რატომ არ მაქვს ჯიბეში? ის მუდამ თან დამაქვს.

იქნებ ეს გარემო გამოხატავს იმას, თუ როგორ უჭირს სულს სხეულში ყოფნა.

ვთქვათ ეს სიზმარია. ყველაზე დიდხანს სიზმარი 45 წუთს გრძელდება. მე შემიძლია დავიცადო, არაფერი ვაკეთო და უცებ ეს ყველაფერი მორჩება, გამეღვიძება და შემეძლება რექსი გავასეირნო.

შემდეგ: დამესიზმრა რომ მძინავს და სიზმარს ვხედააავ, რომ მძინავს და სიზმარს ვხედააავ რომ…

იქნებ ეს სხვა პლანეტის სამოთხეა ან ჯოჯოხეთი? ღმერთი ხომ წვერებიანი კაცი არაა, არც სამოთხეა ცხოველების პარკი, სადაც სულ ზაფხულია, რა გამოდის, რომ ეხლა სამოთხეში ვარ?

იქნებ ეს ღმერთის სივრცის სიღრმისეული გამოვლინებაა. უმაღლესი გონის პლაზმა -იქნებ  თვით ღმერთის წიაღში ვარ.

გულახდილად რომ ვთქვათ, მე მგონია ესაა დღემდე უცნობი ძვირფასი ლითონის საბადო, უდაბნოს არემარე, ლანდშაფტის თავისებურება, რომელიც იწვევს ნათებას და ხმოვან ეფექტს.

შევნიშნე რომ ჩემს მიერ შექმნილი სივრცეები ჩემს ხასიათს ჰგავს.

იქნებ მძინარე წამის ზონაში მოვხვდი, ან იქნებ მთვლემარე ოცნებების არემარეში ვარ.

დავუშვათ ჩემამადე აქ იყვნენ გასასვლელის მაძიებლები, რომლებმაც გვირაბები გააკეთეს. პლაზმის კონსისტენციას კი რეგენერაციის უნარი აქვს და თავისთავში ღიად დარჩენილი სივრცეები ამოავსო. მაგრამ სად არის მათი ჩონჩხები? რამე კვალი ხომ უნდა იყოს მათგან დარჩენილი.

იქნებ ეს ინტელექტუალური მასა თვითონ არის ცოცხალი არსება და იკვებება ადამიანებით.

გვირაბების კეთებით რომ დავიღალე, კლდეები გავაკეთე. ამაზე დიდი გასართობი არაფერი მეგულება, კლდეზე ცოცვით დიდ სიამოვნებას განვიცდიდი. ეს ძალიან მარტივია – გამოვიღებთ გოროხს, ვაკეთებთ საფეხურებრივ რელიეფს, შემდეგ გაშლილი ხელის დარტყმით ვტკეპნით ამოტეხილ ფორმებს. ბორცვებს იმდენხანს ვტკეპნით, სანამ არ გამყარდება. როცა ის სრულიად მაგარი გახდება, შეგვიძლია ფეხის დადგმით და აცოცებით შევამოწმოთ ის.

რა იყო და რას დავამსგავსე არემარე: პლაზმის გოროხები, პლაზმის ღრმულები და გიგანტური პლაზმის გორები.

იქნებ დედამიწის გულია, ან კოლექტიური არაცნობიერის სივრცე.

ბადებს, ქმნის, განწმენდს და კლავს.  მოკლედ, ეს ისეთი განზომილებაა, სადაც სიფიცხე და ერთბაშად გაშმაგებით მუშაობა არ ივარგებს. მშვიდად, აუღელვებლად მონოტონურად, ერთფეროვნად, დაუღალავად უნდა იმუშაო. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ისეთი განზომილებაა, სადაც დრო-სივრცული გაგება არ არის და არავითარი გონივრული საზღვრები არ არსებობს. და მაინც, მას თავისი კანონები ხომ უნდა ჰქონდეს? თქვენი ცხოვრებაც ხომ ასეთია, თქვენი ხედვა სიცოცხლის შესახებ თქვენს ადამიანურ აღქმას ვერ აღემატება.

იქნებ ეს რაციონალური პლაზმაა, რომელსაც ემოციები გარეთ არ გამოაქვს.

მაცდუნებელი სიღრმე. რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ მალე სინათლეს ვიხილავდი, მეგონა უკანასკნელი ფენა მოვაცილე და გავედი გარეთ. რაც უფრო ღრმად მივიწევდი, სველი, ნოტიო ჰაერი მატულობდა.

და მე ისევ გამოვთხარე მორიგი მყარი სქელი შრე.

იქნებ… ჩემივე ქვეცნობიერი პროცესების სისტემურ ჩიხში ვარ. ეს ბოლო აზრი უფრო ხელჩასაჭიდია. იოლია, ყველაფერი მე დამაბრალოთ: შენ გეჩვენებაო, შენი ილუზიების ჰალუცინაციებიაო და ასე შემდეგ. შენი ფსიქოლოგიური პრობლემების რაობიდან გაქცევის სიზმირისეული გამოვლენააო. მისაღებია ეს იდეა თქვენთვის? დაფიქრდით ამაზე. ეს ამ ტექსტის ყველაზე იოლი და პატივმოყვარე დასასრული იქნება. თუ თქვენ ამ აზრს იზიარებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კითხვა, ჩათვალეთ, ეს ტექსტი აქ დამთავრდა და არც სინდისის ქენჯნა შეგაწუხებთ, რომ დაუმთავრებელი დაგრჩათ წასაკითხი.

კაცმა რომ თქვას, რა უბრალო სივრცეში ვარ, რბილი, სქელი მოყვითალო სინათლის შემცველი მასა, მუხედავად იმისა, რომ ასეთი უბრალოება მთელი ძალით აფიშირდება, მაინც რა არაბუნებრივად გამოიყურება ყველაფერი.

ისიც ვერ გამიგია, სად ვარ, რას ვაკეთებ  და რა მგონია პრობლემა.

იქნებ ეს სამყაროს ყველაზე მყიფე ადგილია.

დაფარული, დახშული ღრმულები და სიღრმეში იდუმალების უსასრულო ძიება.

ბროლის ბურთების წკროლი და სიმების შეხება ჩამესმის ყურებში, როდესაც ოქროსფერ დერეფნებს შევავლებ თვალს. ჩემი ბანკირის გონება ელვის სისწრაფით ისერებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით.

იქნებ ეს ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროა, ლოგარითმული დეკოდირების ზემძლავრი სკანერის სისტემური ქვეგანყოფილება და მე ერთი რიგითი ცდის პირი ვარ? ალბათ ამიტომ არის რომ თან არ მაქვს არც მობილური ტელეფონი, არც საათი, ფლეერი, საყურისები და არავითარი ცივილიზაციის მიღწევა, რაც ,,ტექნიკით პოზიორ კაცს“ უნდა ჰქონდეს. ესეც ძალიან კარგი აზრია, ხელჩასაჭიდი და ერთმნიშვნელოვნად საიმედო. შეაწმინდეთ ყველაფერი მსოფლიო შეთქმულებას, ექსპერიმენტებს, რაკეტების და ავტომობილების გამონაბოლქვს, მე კი მათი უბრალოდ მსხვერპლი ვარ. თუ თქვენ აქამდეც არ შეგიწყვეტიათ კითხვა, არ გინდოდათ ჩემს ილუზიებზე გადაგეტეხათ ჯოხი, ჩათვალეთ, ტექსტი მიუახლოვდა შინაგანი გადაწყვეტილების წერტილს. დიახ ეს არის ექსპერიმეტი. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი ეს ნაწერი შორს მოისროლოთ. აქ დასრულდა თქვენთვის ეს ნაწარმოებიც.

გამეფებულ სიჩუმეს დავუგდე ყური. მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ მერე, როდესაც გავაანალიზე არსებული ხმოვანი რიგი, ჩემი აზრით, ეს გახლდათ ნანოოქტავებად გათითოებული ხმოვანი კონუსის ეფექტი. ეს ისეთი რამეა, რომ არც სიჩუმეა და არც კონკრეტული ხმების გაგონება შეიძლება.

ვინც ისევ აგრძელებთ კითხვას, იცოდეთ ჩემო კარგებო, რომ მე ვიყავი ამ რბილ და ნათელ გარემოში და ჩემი მგზნებარე გონება გამოსავალს ეძებდა. ხომ ხვდებით ეს რა ანტაგონისტური გარემოა, მე არ მაქვს წვდომა ამ მატერიის დაფარულ შესაძლებლობებთან.

მე მხოლოდ ერთსა და იმავეს ვაკეთებდი. აი ისევ: მას შემდეგ, რაც პლაზმას მოვაციცქნე ერთი გუნდა, მან დაკარგა კავშირი თავის პირველწყაროსთან და შეიცვალა მისი თვითმყოფადობა – სინათლის თვისებები გაფერმკრთალდა და გაცივდა.

შინაგანმა ხმამ რაღაც მითხრა და დამავიწყდა. იქნებ ნეხვში ვარ კოსმოსურ სამძღნერეთში…

ჩანაწერებს არ ვაწარმოებდი. რაციონალური კვლევის დაწყებისთანავე მივხვდი ამ შეცდომას.  მოვაციცქნე პლაზმას ერთი ნაწილი. დავანაწევრე ერთი ნაწილი, ხელის გულებით გავაბრტყელე, კარგად დავძეკე და რომ გამაგრდა, სხვა  გუნდა მოვუმატე, ისიც გავაბრტყელე, შევაწებე და ასე შევქმენი დაფა, რომელსაც ზემოდან თხელი ფენა გადავუსვი. ფრჩხილით ვაკეთებდი ჩანიშვნებს.

თითქოს პლაზმას არ ჰქონდა იმის იმედი რომ სწორად გაუგებდნენ, თითქოს ამიტომაც, უტყვ გარემოს გარეთ არ გამოჰქონდა ემოციები.

ძლივს შესამჩნევ ტალღოვან ზედაპირზე ფრჩხილით ვკაწრავდი, ლურსმულ დამწერლობას ჰგავდა. არა, ეს ნამდვილად იყო ლურსმული დამწერლობა. ვერასდროს მივხვდებოდი, რატომ მისცა ღმერთმა ადამიანს ფრჩხილები, რომ არ დამჭირვებოდა ახლა, აი ამ წამს.

განუწყვეტლივ ვფიქრობდი უდაბური ტრამალების საოცარი უნარის გამომჟღავნებაზე – სქელკედლიანი გარემოს მიერ სინათლის შთანთქმა და დაბადება, როგორც დღე და ღამე.

შესაძლოა, პლაზმის მიერ ფორმების შეცვლა თავისუფლების ილუზიაა, როგორც წინასწარგანსაზღვრული თავისუფლების ფარგლებში მინიჭებული დამოუკიდებლობა. მე ვთხრი, შევდივარ სიღრმეში, მე ვგრძნობ ჩემს თავისუფლებას, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია, რადგან ამ გარსიდან ვერ გადიხარ.

იქნებ თვით სინათლისგან შექმნილი მატერიაა სამყაროს ველი, რომელიც უხილავი  და მიუწვდომელი განზომილების სამყაროს ერთფეროვანი აგებულების მატერიაა და უმაღლეს რეგისტრში სინათლის ველი ასე გამოიყურება.

ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავ გასაოცარ და სრულიად უიმედო გარემოში ყოფნით. მე ისევ აქ ვარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, რომ არა ეს წყეული პლაზმა.

ნუ იწუწუნებთ რომ დამღლელი მონოლოგია, მგონი აქამდეც უნდა შეგეწყვიტათ კითხვა.

იქნებ ტვინმა ილუზიების პროდუქტი შეჭამა, რეალობის აღქმა სხვა დირექტორიაში დააკოპირა, რის გამოც ფიქრი და წარმოსახვა რეალობა  ჰგონია, რეალობა კი – ფიქრი. შემდეგ საკუთარ თავში დამალულმა გაურკვეველმა მარტოობამ მიმიყვანა დეპრესიამდე – დეპრესია ხომ შეიძლება სწორედ ასე გამოიყურებოდეს. ცნობიერებაში არსებული განზომილებები ვიზუალურად ხომ არ ვიცით როგორ იმზირება. მოკლედ, ვერაფრით გამეგო, რა პრინციპებიდან იღებს სათავეს ეს სივრცე.

იქნებ ვიდეოთამაშია, რომელიც გამოხატავს სინამდვილეს განრიდებულ სივრცე-სიცარიელეს, როგორც გამოცდას: მისია – გადაურჩი ამ სიცარიელეს. ნეტა შემდეგი ლეველი რა იქნება!

გეყოთ რა! ზუსტად ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, როგორის წარმოდგენაც ამ ეტაპზე ადამიანის გონებას შეუძლია. გარშემო ყველაფერი არამიწიერი სილამაზითა და სიმშვიდით სუნთქავდა და მას მხოლოდ მე ვარღვევდი. ნებისმიერი ტექსტი აზრს გაძებნინებს ჩვენი ყოფიერების გავლით, ამდენად, ვერაფრით ვერ მიხვდებით სად ვარ მე, რადგან ეს სრულიად სხვა ყოფითი გარემოა და თქვენ, მხოლოდ თქვენი ყოფითი გარემოს გავლით იაზრებთ.

შესაძლოა, ეს სივრცე დედამიწის წიაღისეულია, რომელიც თხევადი სახით არსებობდა. ასეთი მოყვითალო სქელი, რბილი მასალა თავისთავად გვაფიქრებინებს რომ ის არის გაყინული მასა, ხოლო ის ჰაერის კაფსულა, სადაც მე გამეღვიძა, ჰაერის წვეთია. თაფლშიც ხომ არის ხოლმე ჰაერის წვეთები დარჩენილი, სადაც ჭია თუ შეძვრა, სანამ ჰაერია, გლუკოზით იკვებება, ბოლოს კი კვდება.

ნებისმიერი ეს ვარიანტი: საბადოა, ოცნებების სისტემური ჩიხი თუ სხვა, ყველაფერი ეს, რაც გავიაზრე, ვერ ხსნის იმ მოვლენას, თუ რატომ ვარ მე აქ. საჭიროა ჩემს წარსულში ჩავწვდე იმ წერტილს, რომლის განვითარებამაც მიმიყვანა აქამდე. სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, ბრიყვმა ხიდი გადაირბინაო. ჰოდა, გადავწყვიტე ფიქრისთვის თავი დამენებებინა და თხრა განვაგრძე. ვთხრიდი აუღელვებლად, მშვიდად, გულდასმით. ვთხრიდი პირდაპირ, სპირალურად, ოკრობოკროდ, ვთხრიდი მოულოდნელი მოსახვევისა და ავტომაგისტრალივით. ვთხრიდი ყველაფრით: ხელებით, თითებით, კბილებით, ფეხებით, ვთხრიდი ნაჭერ-ნაჭერ, ბელტ-ბელტ…  შევდიოდი უფრო და უფრო ღრმად, გულდინჯად მივიწევდი შეუცნობელი სიღრმისკენ.

ტექსტი მიუახლოვდა თავის საიდუმლო ადგილს – გარდაუვალ ფინალს.

თუ ფიქრობ, რომ ეს ყოველივე სიზმარია, დაიწყე მესამე ჩანართის კითხვა.

თუ გაინტერესებს ჩემი მეგობრის ვერსია, წაიკითხე მეორე ჩანართი.

თუ გაინტერესებს ავტორისეული ამბიციური ფინალი, დაიწყე პირველი ჩანართის კითხვა:

I ჩანართი

დროთა განმავლობაში ისე დავხელოვნდი მეგაპლაზმით ძერწვაში, რომ ერთი ხელის მოსმით ვქმნიდი მთებს, გორებს, მდელოებს, მინდვრებს, სათითაო დეტალს თითებით ვძერწავდი . მერე ისიც კი მოვიფიქრე, ყალიბები შემექმნა, რომ დამკოპირებინა ერთხელ შექმნილი. ასე გავამრავლე გვირილები, ბალახები, ათასობით სახეობის ყვავილები და ხეები. მაგრამ ყოველთვის ერთნაირი არ გამომდიოდა რადგან ყალიბი დეფორმირებას განიცდიდა. ეს კარგიც იყო, ვინაიდან ორი ერთნაირი ხე არ მქონდა. იმდენად გამიტაცა ამ საქმიანობამ და ისე ჩამითრია, რომ თავაუღებლივ ვმუშაობდი. ამასობაში ჩანაწერები დამიგროვდა. უამრავი რამ მქონდა ჩანიშნული, უამრავი გეგმის მონახაზი გაკეთებული. საჭირო იყო ასევე რუკებიც და არც ეგ დამზარებია. ფირფიტების მთელი წყება მელაგა ჩემს სახელდახელოდ გაკეთებულ კაბინეტში. ზოგან ლურსმული დამწერლობის მსგავსი ჩანაწერები მქონდა, ზოგან კი კარტოგრაფიული რუკები.

ასე გაიარა წლებმა. მეგაპლაზმა მკვებავდა ენერგიით. თვისობრივად განსხვავებული ლანდშაფტები და რეგიონალური ალპური ზონები შევქმენი. რა შედევრებია თქვენ არ იცით! თვალის შევლებაც კი სულიერ სიმშვიდეს და სიამოვნებას მგვრიდა. მუშაობა არ შემიწყვეტია არცერთი წუთით. მდინარის კალაპოტები თუ მოჩუხჩუხე წყაროებიც არ გამომრჩენია. მუშაობის რაღაც ეტაპზე ლანდშაფტი უკვე თავად მკარნახობდა, რომელი მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა მუშაობა. ყვლაფრის ხელით შექმნა რთულია, მაგრამ დიდ სიამოვნებას ვიღებდი ამის კეთებით. მეგაპლაზმის თხელი ფენისგან საჭმელსაც ვიმზადებდი, რომელსაც თავდაპირველად ყველის მოხრაკული ბურთების გემო ჰქონდა, შემდეგ კი გემოების კომბინაცია დავიწყე და ისეთი გემრიელი და სასარგებლო კერძები გამომდიოდა, რომ მეტი არ შეიძლება. საიდან იბადებოდა გემო არ ვიცი, მაგრამ გარეგნულად რა კერძსაც მივამგვანებდი, მის გემოსაც ისე ვიღებდი. ასევე საჭირო იყო პლაზმის ფენების განცალკევება, გაშრობა და დაჩირვა, ფქვილის მარცვლების და სხვა ნაირსახეობის მიღება.

ხავსების და ჭაობის კეთებისას მივხვდი, რომ ჩემი მუშაობა შემოქმედებითი პროცესი იყო. რომ ეს პროცესი რაღაც კიდევ ახლის დაბადებას გამოიწვევდა.

******************************************************************************************************************************

ხეებს ფოთლები გასცვივდა. ამდენი წლის განმავლობაში ასეთი არაფერი მქონდა ნანახი. გამიკვირდა, მივხვდი რომ ბუნებამ სუნთქვა დაიწყო. სასწრაფოდ ღრუბლები შევქმენი. ეს არ იყო გაყინული დეკორატიული გარემო. ის ცოცხლობდა. შემდეგ უკვე დროის ამბავი იყო, საათის მექანიზმივით ერთმანეთს მიჰყვა მწერების, ქვეწარმავლების და ცხოველების შექმნა. ყველა ეტაპზე აქტიურად ვმონაწილეობდი და ბუნებრივი პროცესების განვითარებას ხელს ვუწყბდი: ხარვეზებს ვასწორებდი და გულდასმით ვაკვირდებოდი სივრცეებს. ოკეანეები და ზღვები თავისით გაჩნდა. ეს არ იყო რთული, დარჩენილი უზარმაზარი ღრმულები თხელმა, სწრაფად მოძრავმა მეგაპლაზმის სითხემ დაიკავა. ყველაფერი იმ სამყაროს ემსგავსებოდა, რომლის წარმოდგენაც შემეძლო. მერე იყო ფერის ამბავი. ჩემი შექმნილი სამყარო ნაირგვარ ფერებში იმოსებოდა. მეგაპლაზმისგან გაკეთებულ მთებს როგორ უნდა მიეღოო ფერი, იკითხვთ თქვენ სრულიად სამართლიანად. ფერის ამბავი უფრო თვალის ოპტიკური ილუზიისგან უნდა მომდინარეობდეს. მე მაინც მგონია, რომ მეგაპლაზმა თავად ინახავდა იმ საიდუმლოებებს, რომლის გამოყენებაშიც ასე დავხელოვნდი. ეს იყო ფერის, გემოს, დრეკადი და მყარი, რბილი და თხევადი შესაძლებლობების მოცემულობა, რომელიც საჭირო დროს იცვლიდა და განიცდიდად სუბლიმაციას.

ყოველივე ეს  ნამდვილი ხელოვნება იყო. ხომ ხვდებით რას ვგულისხმობ? ხელობაც იყო და ვნებაც – ორივე ერთმანეთში შერწყმული. ტექსტის ფინალიც აქ იკვეთება: ადამიანის შექმნას და შემდგომ ეტაპებს აღარ მოვყვები. ისედაც  ყველაფერი გასაგებია.  დიდებული რამეა დედამიწა.

I I  ჩანართი

საოპერაციოდან გამოვიდა ორი თეთრხალათიანი მამაკაცი.  საუბრობენ…  ერთი ეუბნება მეორეს: ვერ ვიტან, ესეთ პატარა გოგოს აბორტს რომ  ვუკეთებ ხოლმე… ამის მერე შვილს ან გააჩენს, ან ვერა…  მეორე თეთრხალათიანი (ასისტენტი) პასუხობს: ვინ იცის, რა კაცი გამოსულიყო, რომ არ მოეშორებინა… ანდა ეხლა რა დღეშია… პირველი თეთრხალათიანი (ქირურგი) ამბობს: აი, ეგეთ სისულელეებზე კი ნამდვილად არ ვფიქრობ… რა დღეშია და მშვენიერ დღეშია: არ სტკივა, არ სცივა, არც შია და არც სწყურია… არაფერი აწუხებს! არც ბანკის ვალი და არც იპოთეკა! ჩვენ ვიკითხოთ, თორე!..

III ჩანართი

უამრავი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ტექსტი მთავრდება მთავარი გმირის გაღვიძებით. თურმე აქამდე ყოველივე არარეალური ყოფილა, ვიღაც ერთი ჩურუქის სიზმარი და მეტი არაფერი. არაერთი თეორეტიკოსი აღნიშნავს, რომ ნაწარმოები, რომელიც სამაყაროში ცნობილი კანონების მიღმა არსებულ მოვლენებს აღწერს და ფინალში სიზმრის გახსენებით მთავრდება, არაა სამეცნიერო ფანტასტიკა. თქვენი ჭირიმე რა, აინუნშიც არ აგდებენ მწერლები მსგავს მოსაზრებებს. დღეს ეს ყველაზე იოლ დასასრულად ითვლება, მაგრამ თავის დროზე თავისებური მოკრძალებული ხიბლი და მიმზიდველობა ჰქონდა.

ჩემი ფინალიც შეიძლება ასეთი ყოფილიყო: მოულოდნელად გამეღვიძა, საათს დავხედე, შვიდი არ იყო, ოფლიანი შუბლი მოვისრისე. უკვე ნანახის და განცდილის გახსენება დავიწყე. ამ დროს მაღვიძარამ დარეკა. ჩვეულებრივ, შვიდზე არ ვაყენებ ხოლმე. ლოგინიდან ავდექი, სამსახურში წასასვლელად გავემზადე.

 

© არილი

Facebook Comments Box