
„რაც ხარ შენ, ის ვიყავი მე, – რაც ვარ მე, ის იქნები შენ.”
ძველი წარწერა საფლავის ქვაზე
ედგარ ლი მასტერსი, “სფუნ რივერის ანთოლოგია“, გამომცემლობა ინტელექტი, მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი.
რა მოხდება, თუკი ერთხელ წარმოვიდგენთ, რომ ყველას, საერთოდ ყველას, მხოლოდ მკვდრის პერსპექტივიდან შეგვიძლია ლაპარაკი? და რომ ყველანი მკვდრები ვართ? რას დავაწერდით ჩვენს საფლავებს ეპიტაფიად? რას ეტყოდნენ შეყვარებულები ერთმანეთს მას შემდეგ, რაც გააცნობიერებდნენ, რომ სიცოცხლე, როგორც ნების გამოხატვის ასპარეზი, დასრულდა? რას ეტყოდნენ ერთმანეთს მჩაგვრელი და ჩაგრული, მეგობრები, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები? რა დარჩებოდა სათქმელი სიკვდილის შემდეგ?
ედგარ ლი მასტერსის პერსონაჟები, არც მეტი, არც ნაკლები, მკვდრები არიან. ტექსტები კი მათ მიერვე დაწერილ ეპიტაფიებს წარმოადგენს. ლექსებში მოთხრობილ ამბებს ლოკალური განზომილება აქვს – ეს ადამიანები ამერიკის შეერთებული შტატების ფიქციური ქალაქის -სფუნ რივერის – და, ამჟამად, მისი სამაროვნების, მკვიდრნი არიან.
სფუნ რივერი მხოლოდ მკვდართა მონაყოლის მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ეპიტაფიების კითხვისას, თითქოს სამაროვნებიდან აღდგება ქალაქი, თუმცა ხატები მაინც სტატიკურია, ამბავი კადრში იყინება და მისტიკურ სახეს იძენს. რამდენადაც ისტორიები ორიგინალური არაა, იმდენად სცდებიან ისინი ლოკალურ ფარგლებს და მკითხველს მისტიკური ქალაქის ცხოვრების თანაზიარად აქცევენ. ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფი მკითხველის ნება თითქოს ითიშება და არსამდე დაწრეტილი სინამდვილის აღსაქმელად ემზადება. ტექსტების კითხვისას თითქოს ზემოდან დავცქერით საფლავის ქვაზე ამოკვეთილ წარწერებს, რომლებიც ყველაზე ინტიმურ სიმართლეებს გვიმხელენ – მკვდარს აღარ სჭირდება დაფაროს თავისი, თუნდაც ყველაზე ბნელი განზრახვები, ის უკვე ეზიარა ცოცხლად ყოფნის ამაოებას, ირგვლივაც განმსჯელი აღარავინაა. ისინი აღარაფერს ითხოვენ. სფუნ რივერელი ბენჯამინ პანთიერი, ერთ დროს პატივსაცემი ვექილი და გაუხარელი კაცი, წერს:
“არადა მახსოვს, ამ ცხოვრების გაცისკრებისას
რა მგზნებარებით ვისწრაფოდი დიდებისაკენ.
[….]
შემოტმასნია ნიგის ქალა ჩემს ყბებს ქვემოდან –
ჩაკარგულია სიჩუმეში ჩვენი ამბავი.”
სფუნ რივერის “მკვდრები” ლაპარაკობენ ცხად და დაფარულ ამბებზე, მოიხსენიებენ სხვა ადამიანებსაც, ერთმანეთზე გვიყვებიან პრივილეგირებული და დაბალი ფენის წარმომადგენლები, არშემდგარი წყვილები, მშობლები და შვილები. ერთმანეთის გვერდით, ჰორიზონტალურად, განფენილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი ამბები. ტრაგიკული, შემზარავი, არაფრით გამორჩეული თუ შთამბეჭდავი ადამიანური ისტორიები ერთ ფაზლად იკვრება და ვხედავთ არა მხოლოდ სფუნ რივერის, არამედ, ზოგადად, ადამიანური ყოფის სურათს. ის იმდენად გასაგები და ახლობელია, ბუნებრივად წარმოგვიდგება თვალწინ ჩვენს ცხოვრებაში თუ ჩვენ ირგვლივ მომხდარი და მიმდინარე მოვლენები.
რას ნიშნავს მკვდრად ყოფნა, ამის რეალურად გაგება შეუძლებელია. მაგრამ თუ სინათლისა და სიბნელის ნეოპლატონურ დიქოტომიას გავიხსენებთ, სიბნელე განმარტებულია, როგორც სინათლის ნაკლებობა, ხოლო სიცივე – როგორც სითბოს არარსებობა. სიკვდილის გაგება მხოლოდ მკვდრად ყოფნის სხვადასხვა ნიშნის დაფიქსირებით არის შესაძლებელი. უძრაობა, ნების არქონა, ცხოველქმედების არარსებობა, ყოფაში მონაწილეობის არმიღება – ეს ყველაფერი მკვდრისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, თუმცა, ცალკეულად, ისინი ცოცხალი ორგანიზმების არსებობაშიც შეიძლება გამოვლინდეს.
ხშირად დეპრესიის მქონე პაციენტები საკუთარ შეგრძნებებს მეტაფორულად აღწერენ – როგორც საკუთარ თავში მკვდარი ნაწილების ტარებას. სიკვდილი შედარებულია დანაკარგთან, მნიშვნელოვანი ამბის დასასრულთან. სიტყვა “მკვდარი” ტრაგიკულობას იძენს მაშინ, როდესაც გარდაცვლილზე, ცოცხლად ყოფილზეა საუბარი და არა თავისთავად უსულოზე. ამგვარად, მკვდრობის ტრაგიკულობას არა თავის მხრივ მკვდარი მდგომარეობა, არამედ შეწყვეტილი სიცოცხლე წარმოადგენს.
თუ მასტერსის ლექსებს ყურადღებით დავუკვირდებით, ნათელი ხდება, რომ არაერთი ტექსტი ცოცხლად დარჩენილებს პირდაპირ ან ირიბად მიემართება. მიუხედავად ამისა, ეპიტაფიებში ჩაღრმავებისას რთულია, თავი დავაღწიოთ მკვდართა ქალაქის ატმოსფეროს და სფუნ რივერი ცოცხალთა სივრცედ წარმოვიდგინოთ. ეს ლექსები მკითხველში მრავალგვარ ემოციას იწვევს – სევდას, სინანულს, ბრაზს, წუხილს, დაუკმაყოფილებლობას, შიშსა და სხვა განცდებს, რომლებიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებული ზღვრის გააზრებასთანაა დაკავშირებული.
ეპიტაფია, როგორც ლიტერატურული ფორმა, მინიმალიზმითა და ექსპრესიულობით გამოირჩევა. ყოველ ახალ ცნობიერებას თან სდევს გარდაუვალობის შეგრძნება – ის, რაც უკვე მოხდა, ვეღარ შეიცვლება, ხოლო მოლაპარაკე სუბიექტი (გარდაცვლილი) აღარ ფლობს რეალურ საკომუნიკაციო ძალას. ამგვარად, ტექსტში ყალიბდება „უსაფრთხო“ სემანტიკური სივრცე, სადაც მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, თვითშეგნებისა და არსებობის საკითხები განიხილოს ემპირიული შედეგის მოლოდინის გარეშე.
თუმცა, ამ სტატიკურ გარემოშიც იბადება კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი ცვლილება, გადააზრება ან თუნდაც ტრანსცენდენცია ამ გარდაუვალობის ჩარჩოში? სწორედ ეს დიალექტიკა – შეუცვლელობასა და გარდასახვის პოტენციალს შორის – განაპირობებს სფუნ რივერის ანთოლოგიის ფილოსოფიურ სიღრმეს და ეპიტაფიებს გარდაქმნის ინდივიდუალური ბიოგრაფიების მიღმა მდგომ, ზოგადსაკაცობრიო რეფლექსიად სიცოცხლესა და სიკვდილზე.
ქალაქის მარშალი თავის ეპიტაფიაში მოგვითხრობს:
“[…] მათ სჭირდებოდათ სასტიკი კაცი,
ძლიერი, მკაცრი, პატიოსანი,
ვინაც ლოთებს და სალონელებს ზიზღით უმზერდა.
რათა ამსოფლად ემბრძანებლათ წესით და რიგით,
დამაჯილდოვეს ლერწმის ხელჯოხით,
რაც ჯეკ მაკგვაირს მანამდის ვურტყდი,
სანამ დამბაჩა არ დააძრო და გამაგორა.
მათ მაკგვაირის ჩამოხრჩობა ქრთამებით სცადეს,
მე კი სიზმარში თორმეტთაგან ერთ ნაფიც მსაჯულს
გამოვეცხადე და ყოველივე ვუამბე წრფელად.
ჩემი მოკვლისთვის ჯეკს აკმარეს თოთხმეტი წელი.”
შემდეგ ეპიტაფიაში ჯეკ მაკგვაირი გვიამბობს თავის ვერსიას:
“[…] არ ამცდებოდა ჩამოხრჩობა, მაგრამ გადავრჩი:
კინზი ქიინმა, ჩემმა ვექილმა
გამოიჭირა ბერიკაცი თომას როუდსი
ბანკის თვალთმაქცურ გაკოტრებაში,
მოსამართლე კი მეგობარი გახლდათ როუდსის
და გულით სწადდა, მეგობარი გადაერჩინა
და მაშინ კინზიმ სამაგიეროდ
ჩემი გამოხსნა მოითხოვა სახრჩობელადან
და გარიგებაც ამგვარი მოხდა:
თოთხმეტი წელი მაკმარეს მხოლოდ
[….] ”
ეპიტაფია, მიუხედავად მისი არაპრეტენზიული, არაფრის მომთხოვნი ბუნებისა, სიმართლის გაცხადების ფორმაა. იქნებ, გაუცხადებელი სიმართლეა სწორედ ის, რაც მკვდარს მკვდრად აქცევს. ამ გაგებით, ეპიტაფია ტოვებს იმედს, რომ სადღაც კიდევ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა სიცოცხლისკენ. აქვე, ნიშანდობლივია, რომ ავტორი ქმნის ინდივიდუალური, სუბიექტური სიმართლის არსებობის სივრცეს, რომელიც არანაკლებ მყარი და მძლავრია, ვიდრე ობიექტური სიმართლე.
მოცემულ ამონარიდებში მკაფიოდ იკვეთება სუბიექტური აღქმასა და ობიექტურ ფაქტებს შორის არსებული დისონანსი, რაც სფუნ რივერის ანთოლოგიის ერთ-ერთ არსებით მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნული შეუსაბამობა მხოლოდ კონკრეტული ტექსტების ნარატიულ სტრუქტურას არ განეკუთვნება; იგი წარმოადგენს ავტორის მიერ შეგნებულად არჩეულ ესთეტიკურ და ფილოსოფიურ სტრატეგიას. მასტერსი ამ მეთოდს იყენებს არა მხოლოდ ამაოებისა და გარდაუვალობის შეგრძნების გასამძაფრებლად, არამედ იმისთვისაც, რომ ტექსტში შეიქმნას სივრცე ადამიანის შინაგანი ტკივილის, განცდებისა და მოტივების უფრო ღრმა გააზრებისთვის.
ძალაუფლებასთან დაკავშირებული ინტრიგების მიღმა ავტორი გარკვეული დოზით გვთავაზობს მისტიკურ რეალობასაც. მისტიკა, როგორც აღქმის ალტერნატიული ფორმა, მკითხველს უადვილებს, საჭირო დისტანციაზე დარჩეს მომხდართან და ამბავი საკუთარი შესაძლებლობის შესაბამისად გაითავისოს. ედგარ ლი მასტერსი, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ შემწყნარებელია მკითხველის მიმართ. თუმცა, ეპიტაფია, როგორც გამოხატვის ფორმა, თავის თავში უკვე გულისხმობს ადამიანური ყოფის სისუსტეებისადმი თანალმობას თუ არა, მიმღებლობას მაინც. არის ეს ნუგეში მკითხველისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია ჩვენ ირგვლივ არსებულ რეალობას დავაკვირდეთ.
დიდი თუ პატარა ინტრიგები, დანაშაულები, პიკანტური თავგადასავლები და ინტიმური განცდები – ყოველდღიური თემებია. ამ ამბებით ყოველდღიურობა ისეთი დატვირთულია, მცირე დროში ბევრის განცდის საშუალებას გვაძლევს. თუმცა, ადამიანი, როგორ აქტორი, მოვლენებს მაინც ფრაგმენტულად უყურებს. ლიტერატურა ის ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებელს ხდის ყოფიერება მთელი სიცხადით აღიქვათ. არაგანმსჯელი და სტატიკური ფორმები მასტერსის ტექსტებში ქმნის ისეთ დისტანცირებულ პოეტურ სივრცეს, რომელიც მკითხველს უბიძგებს შინაარსი საკუთარი ინტელექტუალური და ემოციური რესურსების ფარგლებში გააანალიზოს. ამგვარი ფორმალური ნეიტრალობა გამორიცხავს ავტორის მხრიდან მორალურ ან ღირებულებით შეფასებას და, შესაბამისად, ქმნის ინტერპრეტაციულ თავისუფლებას. ტექსტში წარმოდგენილი ადამიანური ისტორიები მკითხველის შინაგან გამოცდილებას ეხმიანება იმ დოზით, რამდენადაც მას ამის უნარი და სურვილი აქვს.
თავდაპირველად დასმულ კითხვას რომ დავუბრუნდეთ – რას ვიტყოდით, მხოლოდ მკვდართა პერსპექტივიდან რომ შეგვეძლოს ლაპარაკი? ცხადია, რომ მკვდრობის გათავისება შეუძლებელია, რადგან ჩვენ სიკვდილს მხოლოდ ფრაგმენტულად ვიცნობთ. ამ კუთხით, მკითხველი და ავტორი ერთსა და იმავე პოზიციაში არიან – სიცოცხლის ისე დაწრეტის მცდელობაში, რომელიც საერთო ბაზისი შეიძლება გახდეს ყველა ადამიანისათვის და თან ცვლილებების შესაძლებლობად იქცეს.
ეპიტაფიების პასიური ბუნების მიუხედავად, გარდაცვლილები სიცოცხლესთან კავშირის შენარჩუნებას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. ამელია გერიკი თავის ეპიტაფიაში ამბობს:
“დიახ, აქ ვწევარ, ვარდკაჭკაჭას ბუჩქებთან ახლოს,
საქმროს მახლობლად, მივიწყებულ ალაგას, სადაც
სილვერის ტყიდან მოიწევენ თხელი ტევრები.
შენ კი პირველი ლედი გახდი ნიუ-იორკში,
თანამეცხედრე სახელგანთქმულ მილიონერის,
ზეპური ერის ცნობილი სახე,
[…]
შენ აისრულე საწადელი, მე კი დავმარცხდი
სოფლელთა თვალში.
შენ ხარ ეული – მე გარდაცვლილი,
მაგრამ ხომ ვიცი, რომ მე შენი სულსკნელი გავანადგურე:
[…]
ეს მე ვარ ძალა დაუძლეველი
შენს ცხოვრებაში,
რაიც შენს ტრიუმფს ასე აკნინებს.”
შეიძლება გაკვირვებასაც იწვევდეს, რომ ლირიკულ გმირი თვითგამოხატვის ბოლო შესაძლებლობას ასეთი ამბის თხრობისთვის იყენებს. ერთგვარი რევანში, რომელიც, გარდა იმისა, რომ შურისძიების წყურვილს, მიღწეულით აღტაცებას და, ალბათ, კიდევ ბევრ ასპექტს აერთიანებს, სიცოცხლესთან კავშირის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად მოჩანს. სინამდვილეში, რევანშის ბუნებაც ეს არის – სიცოცხლეში დარჩენის, თავის ცოცხლად გრძნობის წვრილი ძაფი.
ჯონ კაბანისის თვითრეფლექსური თხრობა ეძღვნება ბრძოლის მნიშვნელობასა და საზრისის ძიებას:
“[…] და მე ვფიცავ, რომ თავისუფლება
იბრძოლებს, ვიდრე ყოველი სული
აღარ გახდება ღონიერი და გონიერი
და შესაფერი წესრიგის ისე,
როგორც პლატონის ზნეობრივი მეციხოვნენი
საკაცობრიო რესპუბლიკის გუშაგად იდგნენ.”
პოემა მეტაფიქციური ჩანართით – “სფუნიადათი” – სრულდება. მისი ავტორი ედგარ ლი მასტერსისვე გამოგონილი პერსონაჟი, ბატონი ჯონათან სვიფტ სომერსია, რომელიც თავის ეპიტაფიაში საკუთარ შესაძლებლობებს გაზვიადებულად წარმოიდგენს. ასეთივე არიან “სფუნიადას” პერსონაჟებიც – პატივმოყვარეობით შეპყრობილი ადამიანები, რომელთა მშფოთვარე ამბავი სიცილსა და სიბრალულს ერთდროულად იწვევს.
“სფუნიადას” ენა განსხვავდება ეპიტაფიებისგან. ჭარბად გვხვდება ირონია, სარკაზმი, გროტესკი. დამცინავ ტონს ამძაფრებს ეპიკურ პოემებთან დაკავშირებული ალუზიები. გროტესკულად არის ასახული ფსევდო-ჰეროიკული ბრძოლები:
“[…] ღორისთვალება ალენმა როცა ნახა ბენგალი,
გაშავდა თითქოს და შეთრთოლდა მძვინვარებისგან
მისი ჯაგარი ჩაწითლებულ თვალების ფონზე,
მისი ღიღინის შიშისმცემი გუგუნი მიწყდა,
მოჰყვა სიარულს სასამართლოს სასახლის ირგვლივ,
ბენგალ მაიქი მიჰყვა უკან, თან დასცინოდა
ყოველ ნაბჯზე: მოდი სპილოვ, ვიჩხუბოთ, მოდი […] ”
ეპილოგს პიესის ფორმა აქვს. მოქმედება სფუნ რივერის სასაფლაოზე ვითარდება. ფარდა ჩამოფარებულია, მასზე კი სატანური და ანგელოზური ფიგურების ალეგორიული ურთიერთობებია გამოსახული. მოქმედი პირებიც მითური არსებები არიან. ყოფა ჭადრაკის დაფის სივრცეზე თამაშდება. ყველაფერი ჭადრაკის ფიგურაა – სიკვდილი, სიცოცხლე, ბიბლია, ბუდა, სპარსელები, თურქები… ფანტასმაგორიის უპირობო ლიდერი ბელზებელია, ჩვენი ყოფის ასპექტები – სურვილი, ჩვეულება, ზნეობა – ყველაფერი ადამიანების დამონების და ტანჯვის საშუალებებადაა წარმოდგენილი.
მეორე ნაწილში პესიმისტური სურათი იცვლება. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ცოცხლდება იმედი. ძიებისა და შემეცნების გზა ნუგეშითაა გაჯერებული. ბოლო მოქმედი გმირი – “უსასრულო სივრცე” – პოემას ამგვარად ასრულებს:
“დაუსასრულო სიმართლე
დაუსასრულო ცხოვრება!”
…….
სფუნ რივერის ანთოლოგიის კოსმოგონია პასუხგაუცემელი შეკითხვების ქსოვილად უფრო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ვიდრე ფიქსირებული ცოდნის კრებულად. იქნებ ესაა ცვლილების გზაც. ყოველ შემთხვევაში, სიკვდილის სიცოცხლეში და, პირიქით, სიცოცხლის სიკვდილში გაზავება ყოფის აღქმისა და გადააზრებისთვის ახალ სივრცეს ნამდვილად ქმნის. ამ თამამ ექსპერიმენტში ედგარ ლი მასტერსი მკითხველს დახვეწილი ენითა და პროვოკაციული ხერხებით ითრევს. თუმცა, მისი მიდგომა ჰუმანური რჩება – უკიდურესად მტკივნეულ თემებსა თუ ისტორიებში მაინც იგრძნობა უსაფრთხოება, როგორც მკითხველთან ურთიერთობის მთავარი ღერძი. ამგვარად, დაცულია მკითხველის მთავარი უფლებაც – შემეცნებისთვის საკუთარი, ინდივიდუალური გზა აირჩიოს.
© არილი