მარიუპოლი
გორილას მკერდზე მუშტების ცემა – ძველი გონგია,
ძველი ტამტამი –
დღესაც კაცები კვლავ საკუთარ დემაგოგიას
გემოს ატანენ
და დაეძებენ გამალებით ღრმა რუპორებს,
მაღალ ტრიბუნებს
გრძელი სიტყვისთვის, ვიდრე მრევლი
უფრო მქუხარე გონგისაკენ
ზურგს არ იბრუნებს.
დახურეთ თქვენი მოედნები,
საკონცერტო დარბაზები,
მთელი პლეადა
ვარსკვლავების და ჩინოსნების –
კონცერტებს და ოლიმპიადებს
რომ გვიმართავენ
ომის გასწვივ –
გაწირვაა მათი თაობის –
ვისაც ვუამბობთ გმირობაზე,
თუმცა შუბლი უკვე მიადეს
სასტიკ სამყაროს,
სადაც ომი –
პირდაპირი ეთერიდან
შიშველი მოჩანს –
ჩამონგრეული კორპუსების ძვლებს დაუთვლი –
გიგანტურ ჩონჩხად
მოეჩვენებათ ალბათ ბავშვებს ამაღამაც
და კოშმარის ტრანსლაციიდან
გამოიღვიძებს ზოგი,
ზოგიც – ვერც სუნთქვას, ვერც
ძვლებს ვერ მიიტანს
სასაზღვრო პუნქტთან.
ჩაუმუქდა
დღეს თვალები.
“ხვალ და ხვალ და ხვალ”
სადმე გავაღწევთ ეს ცოცხლებიც
მკვდრების მხარდამხარ.
ცვივა ფანტელად ფერფლი
პურის ვრცელი ყანების.
ვერც მკვდრებს, ვერც ცოცხლებს
ვერასოდეს შეგვიყვარებენ
თუ ვინმე დარჩა მომავალში –
თუკი ვინმე მაინც უპოვის
ამ სარდაფს სადმე – გამოსავალს
და დახვდება მარიუპოლი.
მარხვა
სულის ვის სჯერა მშვიდობის დროს?
დღე და ღამე
ჩართულია რუტინის წრედად.
ომის დროს სული ვის სჭირდება?
წამიერად ცემენ მხოლოდ ნაღმის გულები.
ონკანებიდან წარღვნის წყლები გადმოდის, წვეთავს.
ვყლურწავთ და გვესმის – კიდობანზე აკაკუნებენ –
ვინც გარეთ დარჩა.
კიდობანში ვერ ეტევა ჩვილი – სიკეთე.
ჯოჯოხეთსა და სამოთხესაც მორღვევია ყველა საზღვარი.
დაუმარხავი სირცხვილია
და მხეცები დაძრწიან და სულებს იფლეთენ.
დიდმარხვის დროა. მარხვის დროა. დროც აღარ არის.
ზაპოროჟიეს სადგური
თვალს ვერ ვუსწორებ კადრს –
შვილიშვილის ძილს დარაჯობს მოხუცი კაცი –
ჩამომჯდარა ზაპოროჟიეს სადგურში და
ელოდება მატარებელს,
რომელიც ალბათ ოდესმე მივა.
არ ჩანს დედა, არც მამა, არც მოხუცი ქალი.
მინდა იყვნენ სადმე, კადრს მიღმა,
გასულები ჭიქა წყალზე, საწოვარაზე.
ამ კადრში არ ჩანს ნანგრევები,
არ გაისმის აფეთქების ხმა,
ყველაფერი თითქოს რიგზეა,
მაგრამ ღმერთო, კაცის თვალებში
რანაირი ფიქრი მოჩანს – მიპყრობილი
გაურკვეველი მომავლისაკენ –
შვილიშვილით ხელში ამ წამს რომ მიაქანებს.
მისი დამჭკნარი ხელები ჯერაც მტკიცე და სანდო
ამ მომავალს როგორ არწევს,
როგორ ცდილობს არ გააღვიძოს
ბნელ სიმართლეში,
რომ არ დაფრთხეს, გამოიზარდოს,
დარჩეს ბავშვად, ადამიანად.
თვალს ვერ ვუსწორებ.
მკვლელები კი თვალს არასოდეს ახამხამებენ,
შედიან ყველა ქალაქში, კარში,
ყველას ცხოვრება შეუძლიათ შეანგრიონ,
დაცხრილონ და დაასახიჩრონ,
ზურგჩანთებში ჩაჩურთონ რასაც მოახერხებენ,
ჯოჯოხეთის ყველა შრეში გატოპონ მარშით
და გასწიონ საკუთარი ხუხულებისკენ.
მოხუცი კაცი – ასეთი მშვიდი და დაკარგული,
მძინარე ჩვილით ხელში ელის მატარებელს,
რომელიც ალბათ ოდესმე მივა.
სად არის დედა, მამა, ან მისი მოხუცი ქალი?
წყალზე გავიდნენ? საწოვარაზე?
თუ არიან ცოცხლებს შორის,
ვინც ბოლომდე დაიცავს ქალაქს,
რომ მან შეძლოს შინ დაბრუნება?
ან მკვდრებს შორის –
საკუთარ მიწას არასოდეს რომ არ ტოვებენ,
თუნდაც ქვაზე ქვა აღარ დარჩეს.
ზღაპრის კითხვა
მთელი წარსული პომპეია –
დროის ლავამ გადაუარა –
სიმღერით ძველი ოპერიდან –
გააღწევენ ძვლები თუ არა,
თუ გააღწევენ – საით – ყველგან
ჩაპნეულა ძვლების ღილები –
სულ აღმა-დაღმა ჩაცვენილა –
გვაფრთხილებდნენ ძმები გრიმები –
კეთილ გმირებსაც აფრენიათ
ურჩხულების შავი ბუზები
სიკვდილისა და დამარცხების.
წაიკითხავ, აიბუზები –
ძილის საზღვართან. ძილმა მაინც
გახსნას კარი თავისუფლების –
დედაქალაქით სიზმარეთის
და ჩახჩახა ღამის უბნებით.
მაგრამ იქითაც კოშმარია –
ვერც ტირი და ვერც იღიმები.
ეს ყველაფერი შარი როა
გვაფრთხილებდნენ ძმები გრიმები.
აპრილი
დრო მაინც იყოს საკმარისი –
ის მოიმკა, რაც დათესე.
დრო მაინც იყოს.
მხოლოდ ქარია – რაც თესავს და იმკის
ზუსტი გარანტიით – შემთხვევითობის.
არაფერს ყოფნის ასავსებად
ნიაღვრები ნიაგარასი –
თან მიაქვს წყალი, მტვერი, მიწა,
მიაქვს ალმასი.
ხარბი თვალები გამოისხა ყველა ნაყოფმა,
გამოაჩინა ბრჭყალები და ბასრი კბილები
და გვერდით მყოფის სიცოცხლესაც გაკრა.
არყოფნას
ხორცით და სისხლით გადამტკბარნი შევეწყვილებით.
მხოლოდ ყველაზე კეთილები დარჩნენ ხეებად –
სუფთა სინდისით გააღწიეს ყველა ომიდან,
სუფთა ხელებით წამოიღეს აპრილებიდან
ძველი სამყარო –
ერთი კურკით რომ ამოვიდა.
© არილი