ქალი კატით
დღეს ვნახე ფოტო –
ერაყელი ლტოლვილი ქალი
თეთრი კატით და კუნაპეტი მძიმე ხავერდის
ჰიჯაბით, ჩანთით, ზედ წითელი ციცქნა ყვავილით,
რომელსაც თითქოს ჩაეჭიდა ჩემი თვალები
და ჩაჰყვა სადღაც, ზღვის საზღვართან –
ჰიჯაბის მიღმა.
გარეთ კი არც კი ირხეოდა ხავერდის ლავა.
და თვალებს მთელი სურვილი და გონება მიჰყვა
და მთელი დღეა ამ ჩაკეტილ საზღვართან ვდგავარ,
თითქოს არ იყოს საკმარისი მყარი კედლები,
ეს ოთახები, ეს დღეები, გზები სასრული,
რომელშიც ვრჩებით უკარებოდ გამოკეტილნი,
რომელშიც ვიცდით მოთმინებით შემოსაზღვრულნი
სივრცით და კანით.
და უცნობი ქალი – სარკეა –
ამ შავ ჰიჯაბში შეკუმშული ვნებით, კედლებით.
და სიმართლისგან – უიმედოდ ცალკე არიან
კატა და ვარდი – სილამაზის ეტიკეტები.
მისალმება ძველ მეგობარს
ზოგჯერ ადამიანები
რაღაც აუხსნელი დაძაბულობით
ელოდებიან ადამიანების მისალმებას.
კბილამოცლილებივით უხერხულად
ამოძრავებენ პირებს.
ტუჩების კუთხეებში უკვდებათ საკუთარი ღიმილი.
სჭირდებათ ანკესი, ენთუზიაზმის ჭია,
რომ მათ ხმას ჩაეჭიდოს და ამოთქვან:
“გამარჯობა, გამიხარდა შენი დანახვა”.
გულგრილობის კამუფლაჟი კი
თითქმის მართლა უხილავებს ხდით.
ალბათ ეჭვობენ,
რომ მთელ სამყაროს შეუძლია
გვერდით ჩაუაროს და ვერ შენიშნოს.
პრინციპში, სამყარო ზუსტად ამას აკეთებს.
მაგრამ ზოგჯერ, მარტივად,
მზე ისეთი კუთხით ეცემა სახეს,
შეიძლება საკუთარ თავსაც კი არ ჰგავდე.
არც ისე მტკივნეულია ამის აღიარება.
სახეები ხომ, მთელი თავისი ნაკვთებით,
დროისა და სინათლის ხელებს აყოლილი
რბილი ცვილია.
თვითონაც არ იცის, რას გამოძერწავს,
მაგრამ არ ჩერდება,
ვიდრე ყველაფერს საბოლოოდ არ გააფუჭებს.
ამიტომ შეგვიყვარდა სარკეზე მეტად ფოტოგრაფია –
ვცდილობთ თავები იღბლიანი რაკურსებით გამოვიჭიროთ.
სხვისი თვალებისგან მეტისმეტს ვითხოვთ.
მეგობარო,
ზოგჯერ, უბრალოდ, პირველმა უნდა გაიღიმო
შუქ-ჩრდილების უდარდელ, გაბმულ თამაშში.
ზღვამ რომ იცოდეს
ზღვამ რომ იცოდეს,
როგორ უყურებენ ადამიანები –
თითქოს დავიწყებულ სამშობლოში ბრუნდებიან.
ყველაზე უგრძნობებსაც სხეულები ქარით ევსებათ.
იქცევიან ხერხემლიან თევზებად,
სულის მოსათქმელად, არქაულ დროში ნაპირზე რომ ამოაღწიეს.
აქ კი მთელი სამყარო დახვდათ –
ჩამთრევი, თავის დამკარგავი, სულის მოთქმას რომ არ დაგაცდის.
ზღვა ზურგსუკან თავის თავში გამოიკეტა
და გულგრილი პასუხია მისი შტორმები,
ზედაპირი, ცისქვეშეთს რომ ცივად ირეკლავს.
რომ იცოდეს, როგორ შეყურებს ადამიანი.
დაბრუნებისას სიშიშვლე ხდება უმანკო და ბუნებრივი.
მტანჯველი თუ უვნებელი ვნებებით სავსე, ყველა სხეული
ეძებს მლაშე ბედნიერებას.
მნიშვნელობა არა აქვს წარსულს,
საცურაო კოსტიუმებს,
ბარგს, რომელიც თან მოიტანეს.
ზღვა სჭირდებათ, რომ ისევ ხმელეთს დაუბრუნდნენ.
მისთვის კი, როგორც დავიწყებული სამშობლოსთვის,
სულ ერთია, ეს თვალები, ჰორიზონტზე უიმედოდ ჩაჭიდებული.
ამ ზაფხულსაც, სულ ერთია, ვის გაუშვებს,
ვის დაიტოვებს.
ცხადის გადაკვეთა
ჩემს ჯინსებიან და პერანგებიან ცხოვრებაში
არის ყვავილებიანი კაბების დღეებიც –
იშვიათი, როგორც უმინდვრებო ქალაქში
რაღაც სასწაულით მოხვედრილი პეპელა.
კაბებისა და პეპლების სენტიმენტალიზმს
თავს ვარიდებ, როგორც მსუყე ბეზეიან
ხელოვნურად შეფერილ ტორტებს,
როგორც ლექსებს სიყვარულზე,
რომლებშიც ყოველთვის ზედმეტი სიტყვებია.
ახლაც მიწევს თავის მართლება.
მაგრამ დღეს მქონდა ასეთი დღე –
ჭრელკაბიანი. და ქალაქში გზააბნეული,
მინდვრებიდან მოსულ მანქანას გამოყოლილი,
თუ იშვიათი ჭუპრიდან აქვე გაჩენილი
თეთრი პეპელა –
ცხადზე ცხადში – მთელი წუთით –
მისთვის მთელი მარადისობით –
ჩააფრინდა ჩემი კაბის ჟოლოსფერ ყვავილს.
ყველა ცოცხალი უკვდავია
ყველა ცოცხალი უკვდავია,
რადგან არ სჯერა საკუთარი სიკვდილის და
როცა ის დგება, ალბათ მაშინაც
არაფერი არ იცის მასზე.
ცა კი ვარსკვლავებს ასკანერებს,
ერთად ინახავს უკვე ჩამქრალი
და მოკაშკაშე მზეების სხივებს.
ყველა ცოცხალი უკვდავია,
რადგან იცის სიცოცხლის გემო
როცა წყალს სვამს, ლუკმას ღეჭავს,
როცა შია ან როცა სწყურია.
ცა კი დაგვცქერის ალმაცერად –
ალბათ ძველად არც მას სჯეროდა
ჩვენი ფრთების და თვითმფრინავების.
ყველა ცოცხალი უკვდავია,
რადგან დროში მოგზაურობს
და მოგზაური, გზაზე მკვდარიც, გზის ნაწილია.
და კითხვები – სად ვიყავით დაბადებამდე?
ნუთუ უძვლოდაც შეიძლება იყო სიკვდილში? –
მოითხოვს პასუხს:
თუ მაშინაც გზაზე ვიყავით,
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ძვლების საბოლოო
სიმყიფე და სიშიშვლე ვერ შეაჩერებს ამ მოძრაობას.
ყველა ცოცხალი უკვდავია,
რადგან უყვარს, სურს უყვარდეს,
რადგან სიყვარულს გრძნობს მაშინაც,
უფრო ცხადად და შემზარავად,
როცა ვინც უყვარს, ერთ დღესაც, კვდება.
ყველა ცოცხალი უკვდავია,
რადგან ამდენ ბნელ სიზმარში გამოაღწია,
რადგან სულ იყო, რაც თავი ახსოვს,
სულ სწყუროდა, სულ უყვარდა
და სიკვდილსაც სიცოცხლიდან უყურებს მხოლოდ.
რატომ არის ლექსი ლამაზი
როგორ უნდა აუხსნა ადამიანს,
რატომ არის ლექსი ლამაზი?
არც ახალთახალი ავტომობილივით ლაპლაპებს,
არც ხალი აქვს ზედა ტუჩზე,
არც პალმებს შორის გაბმული ჰამაკია.
დიდი და პატარა ობობებით ქსოვს რაღაცას
გამჭვირვალეს, უსიმეტრიო ხაზებად გაბმულს
მაგიდის კუთხიდან ნათურის ღერძამდე,
მეზობელი ნივთიდან ნივთამდე,
ცდილობს სრულიად შეუსაბამო საგნები და არსებები დააკავშიროს.
გულის ხვრელიდან მთვარის კრატერამდეც იწელება,
ვარსკვლავის ქიმიდან ბავშვის თმის სარჭამდე,
ბეჭდის რკალიდან პერანგის საყელომდე.
როგორ უნდა გააბა მკვირცხლი თვალები მათ ქსელში,
და დააჯერო, რომ ეს წვრილი ძაფი
ყველაზე მბრწყინავი მასალაა,
რომ ქვეყნად ეს ყველაზე იღბლიანი ქორწინებაა?
თვალებს ქუჩები იტაცებენ,
ეკრანები, ფერების ქსელი,
სახეები, რეკლამები, ეტიკეტები.
შეგიძლია მათ კუთხეებსაც შეაპარო ეს აბრეშუმი.
მათში შემთხვევით გახლართულები
ხშირად გვანან უმწეო მწერებს.
ნაწილი მყისვე თავისუფლდება,
ხოლო თუ ლექსმა ჩაითრია,
მზერა ამბობს, რომ იტანჯებიან,
ტანჯვად კი არ ღირს სილამაზე,
ქსელიდან ჩამოცვენილ უსიხარულო თვალებად,
შუქი რომ ჩაუქრათ, როცა საიდუმლო გაიგეს.
ამის გაკეთება ჩვეულებრივი სისასტიკეა.
არ უნდა აუხსნა.
თუ სურთ, გამოკრან თითი, დაარღვიონ,
შეუბერონ სული, გაავსონ მტვერსასრუტები.
მოუსვენარია და თავნება.
ყველა ენაში შეაღწია,
ყველა ეპოქაში.
შეაღწევს ყველა ცხოვრებაშიც,
აწეწილშიც და საგულდაგულოდ დალაგებულშიც.
რომელიმე განათებაზე
თვალს მოკრავენ სტრიქონებში
საგანთა ფარულ კავშირს,
საჭირო მომენტში გაიელვებს მახვილი ირონია,
მოსაწყენ გზაზე გონებაში დატრიალდება
ძრავის გუგუნს აცდენილი მკაფიო რიტმი.
თუ არა და, არც არაფერი –
მის გარეშე არავინ მოკვდება,
არც დასნეულდება, არც გაბანკროტდება.
იწრიალებენ საკუთარ ამბებში,
ადამიანები, აუხსნელი გრძნობით,
რომ ყველაფერი თავის ადგილზეა,
მაგრამ არც არის.
© არილი