პოეზია

ლელა ცუცქირიძე – ნაღმი და სხვა ლექსები

lela cucqiridze

ნაღმი

იცი, როგორი ადვილია,

რომ მოკლა ბავშვი?

ჩამოაგდო მწიფე ხილივით ხეებიდან,

ან ამოყარო თევზებივით მდინარიდან, ზღვიდან, ტბებიდან…

ან დამფრთხალი ნიამორივით მიაკრა მიწას,

მიაჭედო კედელს ფიტული – შუშის თვალებით,

რომლებშიც ერთ დროს მხიარულად მოხტუნავე კალიები

შიშისაგან გაშეშებულან

(აღარ დამთავრდა ეს თამაში – გაშეშობანა!).

 

იცი, როგორი ადვილია,

რომ მოკლა ბავშვი?

პასუხს არ მოგთხოვს.

არც მიწის გაჭრა იქნება ძნელი,

დიდი, დიდი, ნიჩბის ერთი დარტყმა დაგჭირდეს.

თიხის ქოთანს ჰგავს ბავშვის საფლავი,

ერთი ბეწოა, ფანჯრის რაფაზეც კი დაეტევა.

არც შეწუხდები, არ იხმაურებს და ვერ გაიგებ,

როგორ მღერის ბოლქვებიდან ამოზრდილი

მიწისქვეშა ბავშვების ქორო.

შენთვის ამოვა ასე ნანატრი სარეველა – მავთულხლართი,

გადაუვლის სახლებს და ქუჩებს,

სადარბაზოებს, ეზოებს, ბაღებს,

დამალავს მიწას, რომელსაც არქმევ ხმამაღალ სახელს –

სახელმწიფოს ანდაც სამშობლოს.

 

იცი, როგორი ადვილია,

რომ მოკლა ბავშვი?

რძის ბოთლებივით ჩაამწკრივო,

ბოულინგის ბურთი ესროლო –

ტყვია ან ბომბი,

დათვალო მერე, ვინ გაიმარჯვა,

ვინ უფრო მეტი წააქცია,

ჩამოკიდო დახოცილები, როგორც მათივე ხელში ჩაბღუჯული სათამაშო

სისხლიან ტირში,

ახსენო ღმერთი (სულ ერთია, რომელი ღმერთი),

ახსენო ის, ვინც თავად კვდება ბავშვებთან ერთად

და ესროლო,

კიდევ ესროლო,

კიდევ ესროლო!

 

იცი, როგორი ადვილია,

რომ მოკლა ბავშვი?

სხვისი სახელით – ღმერთის, სამშობლოს…

მხოლოდ ეგაა,

ზუსტად მაშინ, როცა გგონია, რომ გაიმარჯვე

და ნაბიჯს წინ დგამ,

აგიფეთქდება ფეხქვეშ მიწა, მავთულხლართებში გადამალული,

რადგან იქ წვანან ნაღმი – ბავშვები და თავის ჯერს ელოდებიან.

 

ამ ბავშვებით დანაღმულია დედამიწა – მთელი ქვეყანა.

 

დასჯა

ბავშვებმა დაგვსაჯეს.

სახლის ყველა კუთხეში დადგნენ.

ხმას არ იღებენ,

თვალებს აღარ გვაჩვენებენ.

მხოლოდ ზურგებს

და ზურგზე მხრების წითელ ზოლებს

რვეულის მინდორივით,

სადაც გადასვლა არ შეიძლება.

 

წითელი ქალი

წითელი ქალი მთებიდან მოდის,

წითელი ქალი.

თმა წითელი. კაბა წითელი. მძივი წითელი.

მთიდან ბილიკებს დოქიდან ღვრის

წითელი ქალი.

მთა წითელი, ბილიკი წითელი. დოქი წითელი.

 

-ვისი ხარ, წითელო ქალო?

ხმა არ გამცა.

-ვისი ხარ წითელო ქალო?

ხმა არ გამცა.

-ვისი ხარ წითელო ქალო?

დუმდა.

 

შევხედე:

სხეული ჰქონდა მწველი, ცხელი,

წითელ თრიმლებად მოთქრიალე

ბექობის გადახეთქილ მუხლისთავზე.

წითელ ხეებზე შემომსხდრები

წითელი შაშვები ფრთხიალებდნენ,

ეს მწიფე ხორბალს უხალავდა.

 

ცხელი ტერფებით მიწას წვავდა,

რჩებოდა კვალად ნახანძრალი

როგორც დაჭყლეტილი ცირცელები.

ვიდექი ჩუმად მღვრიე წყალთან

ვიდექი თეთრი პატარძალი,

წყალი გველივით სისინებდა.

 

მასთან მივიდა, ვინც არ მომკლა,

ვინც თავი წვეთ-წვეთ შემაყვარა

თვალების მომწამვლელი შაბიამნით.

დოქი ჩამოდგა და აროკდა,

წითელი ქალი – თმაგაშლილი

და მერე გულზე დაეშანთა.

 

ხმა ქვად მექცა და ლოდად მექცა,

ჩამეფშვნა, ყელში ჩამეშალა,

დასკდა თვალნაცემი გიშერივით,

ვინც ჩემი იყო, მისი გახდა,

მიჰყავს და ჯადო-შანებს აბამს

მისნებისაგან დაგეშილი.

 

ვკითხე:

-სად მიგყავს წითელო ქალო?!

-ჩემთან.

ვკითხე:

-რად მიგყავს წითელო ქალო?!

-მიყვარს.

ვკითხე:

-ვინა ხარ წითელო ქალო?!

-მკვდრის მზე.

 

ზაფხულის ბატონები

გამოაყარა მოცხარმა ბაღებს,

ესე იგი, ზაფხულს ბატონები მოუბრძანდა –

გადამდები ინფექციური დაავადება.

იმავე დღეს ბაღებიდან ბატონები ღობეებს გადაედო,

ღობეებიდან – აივნებს,

აივნებიდან – ქარისგან ახითხითებულ სარეცხს –

ერთი ბეწო კაბებს და შორტებს.

სარეცხიდან ბატონები სახლებს გადაედო:

აგურის კედლები და სახურავები სიცხისაგან გაუვარვარა.

სახლებიდან – ბავშვებს გადაედოთ,

ალუბლებით, ბლებით, ჟოლოთი ერთიანად მოეთხუპნათ პლუშივით კანი.

ბავშვებს ხომ ყველაფერი ადვილად ედებათ და ურთულდებათ:

ვირუსებიც, სიცილ-ტირილიც, სიყვარულიც, წყენაც, ტკივილიც,

მშობლების დარდიც…

ბავშვებმა ბატონები მისალოცი ბარათებივით მიურბენინეს უფროსებს სახლში,

უფროსებმა ბატონები მინანქრის ჯამებს გადასდეს და

მერე გემო გაუსინჯეს.

არაფერი სჯობს ზაფხულის ბატონებს!

კოვზებიდან ენისწვერზე დაშვებულ მურაბის გოფრეს –

სიყვარულის გემოს და სურნელს.

არაფერი სჯობს ზაფხულის ბატონებს –

აუცილებლად ასახდენი სურვილების დროს:

 

წითელი პომადა წაისვით და წითელი ლაქი

და გაუღიმეთ ბავშვებს, დედებო!

ბავშვებს ღიმილიანი დედები უყვართ.

შავი ფერი გადაყარეთ,

თმა წითლად შეიღებეთ და წითელი კაბები ჩაიცვით, ქვრივებო!

ბავშვებს არ უყვართ შავტანსაცმლიანი, სევდიანი დედები.

წითელი ჩემოდნები ჩაალაგეთ, წითელი ქოლგები გაშალეთ

და წითელი ბუშტებით თქვენს შვილებთან გაჰყევით

ჩრდილოეთის ან დასავლეთის ქარს

მერი პოპინსივით ძიძებო!

თქვენს შვილებსაც თავიანთ წითელჩემოდნიან დედებთან უნდათ.

წითელი ფანქრებით ჭორფლები დაიხატეთ სახეზე,

მიიკარით წითელგულიანი სტიკერები და

და ბავშვებთან ერთად ითამაშეთ მასწავლებლებო!

ბავშვებს უყვართ მხიარული მასწავლებლები.

კლოუნის წითელი ცხვირი დაიმაგრეთ, თავზე წითელი კეპი დაიხურეთ

და ომებიდან, სხვა ქვეყნებიდან,

სხვა სახლებიდან… შვილებთან დაბრუნდით მამებო!

ბავშვებს უყვართ, როცა მამები ბრუნდებიან.

წითელი თავშალ-შარფები შემოიხვიეთ,

წითელი ხელ-ჯოხები დაიჭირეთ

და ბავშვებთან ერთად გარეთ გამოდით, ბებიებო და ბაბუებო!

ბავშვებს უყვართ, როცა ბებია-ბაბუები ასეირნებენ…

გამოდით გარეთ, თქვენც გამოდით გარეთ ბავშვებო!

გამოდით და ისურვეთ,

რომ არასდროს მიგატოვონ,

რო არ შეგცივდეთ და არ მოგშივდეთ…

რომ არ იცხოვროთ ბავშვთა სახლებში თუ ფარღალალა ქოხმახებში,

რომ არ დაობლდეთ ბავშვობაში,

რომ არ დაწვეთ კლინიკებში,

რომ არ მოკვდეთ, არ მოკვდეთ, ბავშვებო!

 

გამოდით

ბაღებო, ღობეებო, სახურავებო, სახლებო, აივნებო, ადამიანებო…

გამოდით გარეთ სურვილების ასასრულებლად.

სანამ ზაფხულის ბატონების ეპიდემია მძვინვარებს

და სანამ სახლები და ქუჩები და ეზოები

მოხატულია მხიარული ბავშვების პრინტით.

 

გამოდით,

ზაფხულის ბატონებს მოვუოხოთ,

გამოდით,

გული მაინც მოვიოხოთ, ადამიანებო…

 

***
იყო ცეცხლი:
შემიჩნდა, წითელ ნაკვერჩხლებად გადამაქცია,
უფრო დიდი ხანძრისაგან გადამარჩინა.

იყო წყალი:
მოვარდა, მღვრიე ჭილობებში გამომახვია,
უფრო დიდი ღვარცოფისგან გადამარჩინა.

იყო მიწა:
ჩამოწვა და მიწად მაქცია.
უფრო დიდი მეწყერისგან გადამარჩინა.

იყო სიკვდილი:
ბევრ სიკვდილს შემახედა.
უფრო დიდი სიკვდილისგან გადამარჩინა.

ხარ შენ.
როგორ გიყვარვარ,
ასე როგორ გიყვარვარ,
ღმერთო…

 

ბუნკერი

ნაგვის ბუნკერთან დგანან
ქუჩის ძაღლი, როგორც მათხოვარი
და მათხოვარი, როგორც ქუჩის ძაღლი.
ერთნაირად ბინძურები არიან,
ერთნაირად საზარლები –
სხეულიდან შიმშილის ტკიპები სცვივათ.
ერთნაირები არიან!
გიყურებენ,
შენი ზიზღი უკვირთ –
არც ერთს უნახავს თავისი თავი,
არც ერთმა იცის თავისი თავი.

…ბრუნდები სახლში
და შედიხარ აბაზანაში,
რომ ხ ე ლ ე ბ ი დ ა ი ბ ა ნ ო,
რაც დაინახე, სამუდამოდ ჩამოირეცხო
და დაივიწყო,
სარკიდან ვიღაც მოგაჩერდება,
და ზუსტად იგივე მზერა ექნება,
როგორიც გქონდა ცოტა ხნის წინ ნაგვის ბუნკერთან,

მათხოვარს და ძაღლს რომ უყურებდი –
ზიზღნარევი..

 

***

ჩიტებმა გაიხსენეს,

რომ უნდოდათ ყოფილიყვნენ პატარა გოგოები.

ჩასულიყვნენ ეზოში, ეთამაშათ რეზინობანა.

ჰქონოდათ ფრთები ჩიტებივით.

ეფრინათ წრიულ კარუსელზე და თვალდახუჭულებს წარმოედგინათ,

რომ უკვე დიდი გოგოები იყვნენ,

იცვამდნენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს,

ისვამდნენ პომადას, იღებავდნენ თმას,

იკეთებდნენ პირსინგს და ტატუს.

ხდებოდნენ ნამდვილი დედები,

შვილებთან ერთად სხდებოდნენ წრიულ კარუსელზე,

ხუჭავდნენ თვალებს და ოცნებობდნენ,

დაბრუნებოდნენ იმ დროს,

როცა უნდოდათ, ყოფილიყვნენ პატარა გოგოები,

ჰქონოდათ ფრთები ჩიტებივით…

 

*

ელექტროსადენები ირხევიან –

ჩიტადქცეული პატარა გოგოები რეზინობანას თამაშობენ.

Facebook Comments Box