პოეზია

ლელა ცუცქირიძე – ჩემი შეყვარებული ალფრედ ჰიჩკოკი და სხვა ლექსები

lela tsutskiridze23

ჩემი შეყვარებული ალფრედ ჰიჩკოკი

 

ყოველთვის, როცა კინოში მეპატიჟებოდა

ჩემი შეყვარებული ალფრედ ჰიჩკოკი,
მინდვრის ყვავილების და ვარდების ნაცვლად

მჩუქნიდა ჩიტების თაიგულს.

თავდაპირველად პანიკურად მეშინოდა ამ ჩიტების თაიგულის,
მერე უფრო ნაკლებად,
მერე უფრო ნაკლებად

და როცა ერთხელაც აღფრთოვანებულმა წამოვიძახე:

– რა ლამაზია ეს ჩიტების თაიგული, ღმერთო!

ჩვენ, მე და ჩემი შეყვარებული ალფრედ ჰიჩკოკი ერთმანეთს დავშორდით.

მას ის ქალი შეუყვარდა, რომელსაც პანიკურად ეშინოდა ჩიტების თაიგულის,
მე – ჩემი მოშინაურებული შიში.

 

არა, გენერალო!

 

ჩემს ქვეყანას დიდი ხანია, აღარ სჭირდება პოეტები,

აბა, მათგან რა ხეირია, პოეტებისგან.

თავები ღრუბლებში აქვთ წარგული,

მომუჭულ ხელებში კი ორიოდ გროშს ისე ხმამაღლა აჩხარუნებენ,

თითქოს საშობაო ეჟვნები ეწყოთ.

დადიან დედიშობილები

და არ რცხვენიათ, რომ სხეულიდან გულები უჩანთ.

 

ჩემს ქვეყანას დიდი ხანია, აღარ სჭირდება ახალგაზრდები,

აბა ან მათგან ზარალის გარდა, რა ხეირია.

უნდა ზარდო, უნდა ასწავლო, იზრუნო მათ მომავალზე.

ისინი კი მოულოდნელად გამოხტებიან და პირდაპირ

შუშის ვიტრინაში საჩვენებლად ჩამწკრივებული ჩინოვნიკების

საკოლექციო ეგზემპლარებს მიადგებიან

სანაგვეში გადასაყრელად.

 

ჩემს ქვეყანას არ სჭირდება ჯარისკაცები,

ან მათგან რა ხეირია,

ოდესღაც კალის ჯარისკაცებად ჩამოასხა,

რომელ ხაზზეც უნდოდა, იმ ხაზზე უნდა გაემწკრივებინა,

წინ გადაედგა ერთი ნაბიჯით, ათით კი უკან.

ისინი კი ყველა ნაბიჯს წინ დგამდნენ

და ხაზიდან პირდაპირ ომში გადადიოდნენ.

 

ჩემს ქვეყანას არ სჭირდება მასწავლებლები, ბაზრობაზე მომუშავენი,

ხელოვანები, მუშები, მკვდრები,

სექსმუშაკები, ავადმყოფები, მათხოვრები, გლეხები, ბავშვი…

არ სჭირდება ა დ ა მ ი ა ნ ი,

მაგრამ ეს რა გასაკვირია,

ჩემს ქვეყანას ხომ არც საკუთარი თავი სჭირდება.

 

ის ჰგავს გადამდგარ, ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუც გენერალს,

რომელმაც დაივიწყა, რომ ყველა ომი წააგო,

წააგო მტრებთან, საკუთარ მოქალაქეებთან,

მაგრამ არაფრით ივიწყებს, რომ გენერალია

და დღემდე ითხოვს,

მის ბრძანებაზე გავიჭიმოთ,

მივიდოთ ხელი საფეთქელთან

და სანამ თითს გამოვკრავთ სასხელტივით,

ბოლო ხმაზე დავიყვიროთ:

დიახ, გენერალო!

 

ფერადი ლექსი

 

როგორ მინდოდა, ფერადი ფოტო გადამეღო ჩემი მეგობრისთვის,

გამოჩენილიყო ფოტოზე მისი ხორბლისფერი კანი,

გამოჩენილიყო ფოტოზე მისი ქერისფერი თმა,

გამოჩენილიყო ფოტოზე მისი ნამზეური, ძლიერი მხრები.

მერე დამედო ეს ფოტო ფეისბუქზე,

რომ ყველას ენახა, მართლა რა ლამაზი იყო ჩემი მეგობარი,

რა ლამაზი თვალები ჰქონდა.

შეემჩნია ყველას, რომ ასეთებიც არსებობენ –

ჩუმად კარგები,

მუჭში ჩაბღუჯულიშავიქვების

ყვავილის ბოლქვებად გადაქცევას რომ ცდილობენ შეყვარებულისთვის ანდაც ცოლისთვის,

ხარაჩოების ეიფელის კოშკებად წარმოდგენას,

თითქოს იქ არიან და მათაც მალე წაიყვანენ…

ენახა ყველას ჩემი ასეთი მეგობარი!

 

მაგრამ რაც არ უნდა ფერადი ფოტო გადამეღო,

ძალიან ფერადი,

როგორც ჩემი ცხოვრება,

ჩემი მეგობარი ყოველთვის მჟღავნდებოდა მასში შავ-თეთრ კადრად.

შავ-თეთრი კადრი ფერად ფოტოში,

როგორც ჩახერგილი გვირაბი,

როგორც ჭის სიღრმე ან მშენებარე კორპუსის კედელი,

როგორც ოფლის სოკოები გამურულ სახეზე,

როგორც ჩემი მეგობრის ცხოვრება.

როგორც მიწა, რომელსაც თურმე ჩემზე მეტად უყვარდა

ჩემი მეგობარი.

ის შეძლო, რაც მე ვერ:

ადგა, შავ-თეთრი ფოტო გადაუღო და ყველას დაანახა:

რა ფერადი იყო ჩემი მეგობარი,

რა ფერადი და რა ლამაზი.

 

* * *

 

ჰო, გვქონდა, გვქონდა

ბროწეულის ყვავილებივით სავსე დღეებიც,

კაქტუსებივით საუბრებიც,

ყველა სიტყვა ეკალივით რომ მერჭობოდა,

სულს მიმწარებდა.

მაგრამ როგორც კი მარტო დავრჩებოდი,

თავს გვირილად წარმოვიდგენდი,

ეკლებს ვიცლიდი სათითაოდ:

მიყვარს,

არ მიყვარს,

არ მიყვარს,

მიყვარს…

რადგან კაქტუსს ეკლების გარდა, აქვს ყვავილი,

ბროწეულზე მოულოდნელი, უფრო წითელი,

ერთ დღეს ნაღმივით რომ უფეთქდება

და რაც სხეულში სიყვარულია,

გარეთ გამოაქვს,

გარეთ გამოაქვს შენი გულისთვის.

 

მწვანე ავტობუსი

 

გაზაფხული მოდის, როგორც ბავშვებით სავსე მწვანე ავტობუსი.

გადმოივლის მთებს, შემცივნული ხეებით რომ დახორკლილა,

გამოტოპავს მდინარეებს, ყინული „მამალოსავით“ რომ აულოკავთ და გაულევიათ,

ბოლოს ღრუბლის გარეცხილ, რუხფერგაცლილ სათამაშო დათვებსაც გადმოისვრის ფანჯრებიდან.

ვინ დახვდება გაჩერებებზე.

ალბათ ისევ ბავშვები – კვირტებივით დაბერილი ბუშტებით,

შეყვარებულები – ბლის კუნწულებივით ერთმანეთზე ჩახუტებულნი და კოცნისგან ალეწილები.

შეშლილები – სიზმრები მხოლოდ გაზაფხულზე რომ უცხადდებათ და ეფოთლებათ.

დავხვდებით ჩვენც, წესრიგის მოყვარული ადამიანები

და თავებს ბრაზით გადავაქნევთ,

რომ როგორ შეიძლება, სულ ეს ძველი, კალიასავით მოხტუნავე ავტობუსი მოდიოდეს,

მუდმივად ისე გამოვსებული ხმაურითა და ჟრიამულით, რომ იქ ასვლა არც ღირს,

თანაც არანაირ განრიგს არ იცავს

(ტაბლოებზე ხომ მისი მოსვლის ზუსტი რიცხვია აღბეჭდილი, პირველი მარტი),

შეიძლება ერთი თვით ადრე მოვიდეს

ან ერთი თვით დააგვიანოს.

 

და სანამ ბრაზისგან სიტყვები აგვიფრინდება ლეშიჭამია ფრინველივით,

სანამ ხელს ავწევთ ამკრძალავი ნიშანივით,

რომ ჩვენში შემოსვლა არ შეიძლება

და ყველა გზას,

ჩვენკენ მომავალს, პროტესტის ნიშნად გადავუკეტავთ,

ერთხელ მაინც ხომ შეიძლება გაგვეფიქროს, რომ

ბავშვებით სავსე მწვანე ავტობუსი მოდის,

ბავშვებით სავსე!

 

თოვლი მო…
რაც არ უნდა ამიკრძალო შემოდგომავ,
ეს წითელი თრიმლები და ნეკერჩხლები შუქნიშნებად მინთო,

არაფერი გამოგივა.
ტყის პირებზე არყის თხელი ტანი მოჩანს,
არყის ქალის ნაცრისფერი, თხელი ტანი.

ერთი ხელის ჩამოსმა და იფურცლება,
ავსულის აქვს გამოხედვა, ალი ქალის,

თითქოს მიხმობს და ძნელია უარის თქმა,
როცა იქით ბებერ ხეებს ფუღუროში გულებივით უცემთ ჩიტი

და ზამთარი წარმოდგენას იწყებს,

რაც არ უნდა, რაც არ უნდა ამიკრძალო,
ეს წითელი თრიმლები და ნეკერჩხლები შუქნიშნებად მინთო…

და სიჩუმე!

და სიჩუმე უნდა გთხოვო,

ჩაწერაა:

მიწისქვეშა განათება – ჩაყინული ნაფეხური

(იქ ვინც დარჩა, მათი სულით შეორთქლილი),
სიმშვიდეა.

სიმშვიდეა.

მოუსმინე ანგელოზებს –

თეთრკაბება და მსუქანი ბავშვებივით სოკოების ქოროს.

თოვლი მოვა სიჩუმეში,

თოვლი მო…

თოვლ…
თოვლი მოვა სიჩუმეში,

მოთოვს.

 

ქაღალდის გული

 

ბავშვების ნახატები რომ აცხადდეს,

ხელ-ფეხი მავთულივით დაგვიწვრილდეს

და მთელი ქალაქის სიმაღლეზე დაგვიგრძელდეს,

ტანი ცათამჯენების სახურავებისკენ გადაგვებრიცოს,

სამკუთხედ თავებზე ღრუბლის შლაპები ჩამოგვემხოს,

გაფარჩხული თითებით ერთმანეთს ვეჭიდებოდეთ,
სარეცხის თოკად გაჭიმულ ტუჩებზე

ბედნიერი ღიმილი გვიქანავებდეს ფერადი ტანსაცმელივით,

რა ლამაზები ვიქნებით, ღმერთო!

 

მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ,
უყურონ დაშლილ გორგალზე უფრო მეტად აბურდულ ადამიანებს
და თვალებში მაინც

სათამაშო ტელესკოპის ნამსხვრევები უკიაფებდეთ.
მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ,

იყვნენ ჯადოქრები:

ჩაუდგან ადამიანებს ქაღალდის გული და ააძგერონ.

© არილი

Facebook Comments Box