გაიკეთე ქვეყანა!
მეტაფორამდე რა იყო?
არა სამოთხე, არა ვაშლი,
ე. ი. არ შეჭამდი, არ წაწყდებოდი,
ღმერთს არ გადაიკიდებდი,
ვერც გაახარებდი, ბიბლიას ვერ დაწერდი –
(არ ნაწილაკის ნეგატივი –
ფილოლოგიური თამაშები)…
მეტაფორა, უკვე, ტკივილი,
გიჟური სიხარული ორ ტკივილს შორის,
ქვეცნობიერის ამოთრევა წიაღიდან
კონვენციური მეხსიერების,
აქედანვე იკეთებ ქვეყანას:
ნაცნობი ხეებისგან, სახლებისგან,
რომლებსაც თავბრუ არ ეხვევათ,
კორპუსები გაჭირვებისაა,
ბუნებას თუ მიახმარ,
აიღე, მაგ. მზის ჩასვლა,
მიამაგრე სახურავზე,
თვალებს სევდიანი შვეული ხაზი
გამოუვათ, მისი ყურებით,
ბედნიერი ლექსიც ესაა, აბა, სხვა რა?
უგზოუკვლოები
სინათლეზე ვფიქრობ, მის წყაროებზე
არაელექტრონულზე, უფრო, წიგნიერზე,
თუ თვალისმომჭრელზე,
თავი რომ დადო ამ წიგნზე,
ნაჯახით წაგაცალონ და კისრიდან
ბალახი ამოგივიდეს…
ამ ბალახით ავიფოფრები,
დეკადანსი მშვიდად ვის გადაუტანია?
თვალისმომჭრელადობას მხატვრებს მივცემ,
კრიზისიდან გამოვლენ,
აღარ მინდა ეს ამომხტარი ფერები,
ზამთრის მზეს თავისი ფორთოხლები აქვს,
სიცხეს რომ ვუსმენ, თავისი თაფლი,
ელექტროენერგიას თავისი გრაფიკი
თელასის ხუშტურებზე დამოკიდებულმა,
ლიფტს მფრინავი ცხენები შევუჩინე
და წაიღეს, რომ მცოდნოდა,
დროგის ცხენებს შევაბამდი.
ვტყუი, მფრინავი მირჩევნია,
რომელსაც შვილივით აკეთებდნენ,
ტკბილი ნერწყვის დეფიციტიც არ ჰქონდათ,
ფრთები მიეწებებინათ,
მაგრამ პეგასი არ უნდოდათ, უცხო იყო,
ისე დახატული, ვერც კოჭლს იგუებდა,
ვერც ლოთს, უგზოუკვლოებს…
სიმბოლოს თავისი მისამართი აქვს:
ქრესტომათია, მარმარილო წილადი გრაფიკა,
რაღაც ასეთი… როცა წილადი პოეზია –
ჩემს უგზოუკვლოებსაც ეხება,
არანაკლებად…
* * *
ტკივილში შევდივარ მეორედ, მეათედ,
ისიც სტიქიაა, მაგრამ შევდივარ,
ამის გამოხატვასაც ვახერხებ: ვყვირი
ამ უნიჭო სიწყნარეში:
არც სიცხადე, არც ფერის სიცხარე,
მარტო ნიუანსები, ელფერები,
მომლოდინე ადამიანები: ცუდის, კარგის?
ყოველ შემთხვევაში, არა ყვირილის
გახეული პირიდან
მივხედავდი, მაღალ დო-ზე მოვამრგვალებდი,
სივრცე რომ მქონდეს, ზღვა,
საიდანაც სილურჯის პროცენტი
ხომ მაინც მეკუთვნის,
რასაც თანაბარმარცვლიანი სუნთქვა ჭირდება,
(პატარა ლიტერატურული შეღავათი)
მე კი ვყვირი!
ყვირილს ჭაღარა ძირები აქვს,
ზედაპირი ალისფერი,
შენ არ მასწავლე უსაგნობის
დახატვა, ღმერთო?
– ცასთან აპელირებას თავი დაანებე!
მეუბნებიან, „ღმერთი მოკვდა
და ყველაფერი დასაშვებია”.
იმავეს რომ ამბობდნენ
ამ საუკუნე-ნახევრის წინ,
ესენი არ იყვნენ?
აღარ გამოდის
თუ ისეთ სახლში ცხოვრობ,
ხე რომ უდგას ფანჯარასთან,
რაც გვერდით ხედვაში სინათლე გაქვს,
სულ იმ ფანჯარაზე მიგდის,
ბოლომდე, შუქის მიწურულამდე…
ელექტრონი, უკვე სხვა სინამდვილეა:
გამკვეთრებულ სუბიექტებს
მუქთად არ უნდათ
შენი სემანტიკური სილამაზეები,
საგიჟეთის კარი ღიაა,
რომ შეხვიდე, ხეს თვალებში ამოგიყვანენ,
ყურებში ქარით გაანამდვილებენ,
სხვა რა, მაგრამ შეიძლება
წარმოსახვა გეტკინოს?
გარეთ ბატალურ სცენებს მართავენ
ხანმოკლე სუბიექტები…
არავის დასანახად, არავის გასაგონად,
ჩუმად, შენთვის, ის ფანჯარა გენატრება,
გვერდით ხედვაში რომ ჩაგრჩა:
თავისი შუქით, თავის ხით,
ღმერთთან ვერმიახლოების სევდით,
იმ სახლში გინდა დაბრუნება,
სხვა არაფერი…
მეორე მე-ზე?
ვინ რა იცის გახლეჩილ მე-ზე?
ერთი რომ ნარკოტიკს ეძებს
და კაშკაში გაუდის, მეორე – სიფხიზლეს,
რაც ამბავია, ცოტა მოსაწყენიც,
დოკუმენტურივით, როგორც მომავლის იმედი
რომელიმე ჩყწყ წელს, ანუ არასოდეს,
მაგრამ იმედის ანესთეზიით
ყველაზე მძიმე დიაგნოზზეც კი,
ტეხვებზე – მარტო კაშკაში!
საიდან? შინაგანი ორგანოების ანთებებიდან?
და თუ შუბლზე
მოულოდნელი ზაფრანა ამოგივიდა?
რაც გინდა დაარქვი: ნარკოტიკი, ტროპი, აბსურდი
რა მერე?
ჩვეულებრივი ბავშვი იყავი,
მზეზე რომ იდექი,
ყურები ვარდისფერი გიჩანდა…
აქედან აბსურდამდე
რამდენი იმპროვიზებული საგიჟეთია,
რამდენი საწერი მაგიდა!
ერთ რომელიმეს მიუჯექი, წერა გააგრძელე,
ბევრი გაოცება თუ გამოგივიდა,
ძახილის ნიშნების სიმრავლეში შეუვარდი,
პარალელური სახეების კვეთაში –
ევკლიდურობა დაუნგრიე!
არავითარი ტეხვები და ზედ ანესთეზია!
იყავი და იკაშკაშე!
და ისიც მოვა…
ადგა, თავიდან ბალახი გამოიბერტყა
(საფლავი მიუხედავი იყო)
და მოვიდა,
გრამატიკის სახელმძღვანელოები დაგვიხურა:
ბრუნების და უღლების სვეტებისგან
რა პართენონს ააშენებთო!
ლიტმცოდნეობას იმპულსები ამოაცალა
და ისიც დახურა.
ჩვენ რაც გვქონდა: ზმნა ფეხებში,
ზედსართავი ხელებში: სიმაღლე, ზემკლავი,
ფრთების პრეტენზია, დაგვიმიწასავით
(ენის ოღრო-ჩოღროებში თუ არ ჩაიხედე…)
ზედსართავს სანამ ეპოტინები,
ე. წ. მეტყველების ნაწილს, რეალისტი ხარ,
ეს ზედსართავი სარჩულიდან თუ ამოატრიალე
და სახიანი პირი გამოუჩინე,
ისიც მოვა,
გვარზე და სახელზე მიბმულ ტანში
მუცელს გამოარჩევს,
სადაც ეს ყველაფერი იხარშება,
ზემკლავი ხომ მითითებული გაქვს
აღიარებულ სიმართლეებზე, კანონებზე,
მორალის გადაცდენებზე,
მაგრამ ზამბახზე სწორება?
შეუძლებლობა, უკუღმართობა, ბოლოსდაბოლოს, ლექსი!
გარშემო რეალისტებს ეტყვი:
რა მოხდა, მოვიდა, მასტერკლასი ჩაატარა
და წავიდა
(ეს ისე, საერთო განათლებისთვის).
ხაზგასმული მუცელი გტკივა,
გეგონა, კატის კნუტები ჩაგიყარეს,
არადა, ზამბახები ამოგდის –
ესეც ისე,
თავისუფლებისთვის (ვერლიბრი?), პოეზიისთვის…
* * *
ვინ იცის, რამდენ სახლში
რამდენი მკვდარი მყავს ჩატანებული?
მძიმე ლიტერატურული მემკვიდრეობა
მაფიქრებინებს, რომ აქ უფრო არიან,
ვიდრე ნორმალურ საფლავებში…
დამინახავენ და კედლები კი არ ებურცებათ
(ჟრუანტელის დრო გაუვიდათ),
ბათქაში ებზარებათ,
მოსახლეობა ფიქრობს,
რომ სახლი სარემონტოა, იმ ადგილებს,
სადაც ფრჩხილები უნდა ჰქონდეთ,
ჩემზე მოსაბღაუჭებლად, გაუქლიბავენ,
მე და ჩემისთანებს – ნარმის რულონებს,
ჭერზე გაგვაკრავენ,
კედელს შპალერი თუ დააკლდა, იქაც შეიძლება.
რამდენ ხანს ვივლით ასე,
ზოგი ჭერის, ზოგი კედლების მეთაურობით?
ისევ, „ვინ იცის“…
დაბრუნებას კი მთხოვენ
ხმამაღლა, ცალყბად, რა დავარქვა?
ჯგუფი, გუნდი? იქნებ,
ქორო, რახან თეატრის უფროა,
ვიდრე ყოფის, მთელი ეს დავიდარაბა?
რა ლოგიკას მიუყენებენ, რომელ ბრუნვაში,
სისხლით ნათესაობითში?
წოდებითის რიტორიკაც აღარ მუშაობს…
© არილი