როდის დაბრუნდით ჩემს ტანში?
აღარც რძით ნათესავები, არც სისხლით,
მარტო, გახურებული მშენებლობით
შეილახა თქვენი ინჟინერია!
გენებმა სისუსტე გამოამჟღავნეს
ჭერზე სიარულის მიმართ
ეს ვინ გააჩინეთ?
სკამზე შემდგარი ლექსი?
ქართულის მასწავლებლის გაზრდილი
ბაჯაღლო პათეტიკის ტრადიციებზე?
კლასიკით მონათლული,
მაგრამ სად არის წყალი?
ბებიების დამჭკნარ მუცელში,
დედების მზით გამოფხეკილში?
ამიტომ შემეფარეთ?
სინათლეს რომ დავდგამ
რძის ქვაბით, დალევთ,
პურის არსებით სახელს დააყოლებთ,
მეტყვით, რომ ყელში ამოგივიდათ
ჩემი მეტაფიზიკა.
რაღაც ნამდვილი გინდათ
თუნდაც, თითი რომ გავიჭრა
და სისხლის ბოლოს მოვკვდე
სულ წითელ ყელსახვევებად დამინაწილებდით
მოსულელოები და სუფთები ბატკნებივით…
გურამ რჩეულიშვილს
ისევ ის მარტივი,
სტუდენტურად მშიერი
დღეები რომ იყოს,
კაცი მოდიოდეს ჭავჭავაძის გამზირზე,
მანქანებზე უფრო მკაფიოდ,
მძიმე ფეხსაცმელების გამო
გამოველაპარაკო, გავაბრაზო,
უნივერსიტეტი აუფეთქდეს თვალებში,
ოღონდ, არ წავიდეს იმ ზღვაზე,
რომელსაც წაგვართმევენ!
აქეთა ზღვა
უფრო მშვიდი იქნება, დამყოლი,
ქვებს კი არ მიახეთქებს,
ისე ამოიყვანს, ყველის გუნდა
რომ ამოყავთ შრატიდან
ხომ არაფერი,
ჩვეულებრივი საჭმელია ყველი,
სავსე მთვარეს კი გავს…
ტირაჟირება
ზღვას რევმატიზმი მივაწერე –
ბუზების ფრენა სახსრებში,
მთებს ფანჯარა ჩავუკეტე,
მათი პორტრეტები რუკაზე
არავითარ მოულოდნელობას
აღარ გამოაგდებენ:
არც თავის ხერგიანებს მოკლავენ,
არც ჩემს მეგობარ სიგიჟეს,
მაინც რომ დამტოვა,
როცა ბალახის შეჩერებას ვცდილობდი
სალათისფერი ხასხასის დონეზე,
(ღრმა მწვანე მტკივნეულია)
უტკივილოდ ვაპირებ ცხოვრებას?
ფანჯრების სტადიაში გადასვლას,
საიდანაც ადამიანები არ ჩანან,
მხოლოდ, თეთრი, კბილებიანი დღე
ის რომ თვალებიდან ამომდის,
თავიდან – მისი ტირაჟი.
ამის შეეშინდა, უნიჭო გამრავლების?
რამდენჯერ დაამტკიცოს თავისი დედნობა?
რამდენჯერ შეიწვას
ხელის გულზე ერბოკვერცხი, ბავშვის თვალებით?
კი დაეწეოდი, მაგრამ ამხელა ტირაჟს?
ქვა
მაინც, სიმყარეს ეძებ:
საზღვრების, ღერძის,
უწერტილობის შიშით,
წითელი მელნით წერ –
აორტას ეყრდნობი
და არა ასოების დახრილობას
სისხლი რომ სულ წავა,
შესაფერის ფორმას მიაგნებ
ქვასავით დაწვები მინდორში…
პალეოლითი, ნეოლითი, ოქროს ხანა –
ასე ითვლიან ისტორიის ასაკს,
თავგანწირული ქვებისგან
პანთეონს აშენებენ.
პენელოპე
ვუძღვნი მანანა ღარიბაშვილს
არა და არ მოდის
ზღვაზე დასრიალებს,
ანუ ორ ხმელეთს შორის
გაწოლილ ჰომეროსზე
მის სიბრმავეს აპატიე
ქალების ლამფები და პროჟექტორები,
ზღვის სიპრიალე!
ვის უნახავს პრიალა სიყვარული?
იმ შენს გაუთავებელ ქსოვილსაც,
უკვე, ხორკლები აყრია,
არფებმა მამლების წითელი ბიბილოები
გამოიბეს – ანტილაჟვარდი
ანგელოზების გლუვ თავებში
ჩატენილი კაკაფონია
რას ერჩოდი?
ისე რბილად ფიქრობდნენ შენზე…
და რა მოგცა მოთმინებამ?
რამდენიმე ნორმალური კაცი
რომ განასკვო,
ერთი სიგიჟე არ გამოვა?
კეთილხმოვანება ბრმებს დაუტოვე,
ფილარმონიებს,
მოჰერისგან მოქსოვილ ოჯახებს,
დაწყევლილი სირბილე!
თეფშზე ჩანგლის გასმა
უფრო არ გამოაფხიზლებს კაცს?
ყურებს ცვილით კი არ დაიხშობს,
მოიჭრის და სიგიჟის საბუთებივით
მიუგდებს იმ დროებით ქალებს…
ყველანი ცოტათი პოეტები ხართ:
შენც, ისიც, ორ ხმელეთს შუა გაწოლილზე,
ხომ ლაპარაკი ზედმეტია…
ბრმა რომ იკითხავს: – რა არის ლურჯი?
და შოპენის ეტიუდში ჩააყოფინებენ ხელებს…
* * *
რა სევდა იცის გათენებისას!
ტანი – კარცერში,
თავი ბჟუტავს,
შუშაბანდივით მოსანგრევია!
ასო ბგერაში რომ გადადის,
იმ ხმაზე ვზივარ, როგორც ნემსზე,
ალმასები მცვივა პირიდან,
სულით მათხოვრები აგროვებენ,
სიმართლის მაძიებლები, თანაც, ბასრის,
ჩურჩულში რომ თევზის ფხებია,
იმ მჩხვლეტავის საპირისპიროდ.
ჯერ ჩხვლეტა, მერე ნაჯახი –
ძნელია სინდისი, აღარ რეაგირებს
შუადღის ელდაზე,
ალმასებით სავსე მუჭებზე,
სიტყვა “ვერცხლის”
ათასოცდაათჯერ გაწკრიალებაზე
სხივსაც არ იკარებს.
ვინ გადაჭრის მზის პრობლემას?
სამხრეთი გაგვითავდა,
შუშაბანდი დეკორაციაა,
კარცერი სინამდვილე,
ქვის ენა პირში,
ხეები ნაჯახებივით
რა სევდა იცის გაღვიძებისას!
* * *
კაცი მიდის აქედან იქით,
მინდორი თავისთვისაა, ბიბინებს,
არც გორაკი, არც ხე
სახლიდან კარგად ჩანს,
როგორ იქცევა წერტილად
მარტოობის მზა ატრიბუტები:
წყენა, დარდი, უსახლკარობა…
ფეხები ისე ამოაქვს მიწიდან,
ბალახის კილოგრამები მოყვება,
ჩხვლეტები რომ დაარბილონ,
გული აღარ გაუსკდება
აქედან ჩანს წერტილად,
ჰორიზონტი მატყუარაა.
არც თვითონ უჭირს ტყუილი,
თვალთმაქცობის კურსი აქვს გავლილი,
ლექსები, მწვანე ყდაში ჩასმული, –
ეო მეო-ზე გადატარებული მინდორი,
იქიდან როცა წამოვა,
სიმაღლეში მოიმატებს,
საშიში გახდება სახლისთვის…
ზღვა
ერთხელაც, გავიხედავ ფანჯარაში
და ზღვა მოვა,
ქვისშუბლებიან სანაპიროს მოიყვანს,
ქვიშა სხვაგან არის,
უფრო კომფორტულ ქვეყნებში
ეს ქვეყანა ვინც დამიტოვა,
ჩემსავით, ეზოს ჭაში იყურებოდა?
ზღვა საწოლის ქვეშ ჰქონდა ამოდებული?
ვერ იმძლავრა გენეტიკამ:
ჩემი ზღვა ფანჯრიდან თუ შემოვა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტ,
ქვებს შორის ქვიშის შეღავათივით…
მზისგამძლე შუბლები და ჩემი, შაკიკიანი…
სიცოცხლეში – კატეგორიულობა,
მერე – უსაზღვრობა,
ხავსი ამოუვათ, ნაოჭებს გაუმკვეთრებს
ღამე სიზმარზე დგას
და ნაკლებ სანდოა
ფანჯარა სულ ღია გქონდეთ,
ვინც “პოეტის” დიაგნოზით ცხოვრობს!
ზღვა, შეიძლება დღესავით მოვიდეს,
ან ლოცვის დავიწყებული სიტყვებივით,
ან ტკივილზე მოქანავე საწოლივით
და უნდა იცნო…
უჩრდილობა
მზემ იცის, რომ კიდევ
დიდი დრო აქვს, ამიტომ
ზანტად წვავს, მწარედ არ იკბინება
ერთიანი დღეები უცვლელ გარემოში,
ასაკიც, ნაკლებ დამანგრეველი,
რბილად გკაწრავს, ჩურჩულივით,
სახეების ლაქები, მუნჯი ზურგები…
მაგრამ იმ სიკვდილის მერე!
ტრადიციული ოჯახები ასე არ ფეთქდებიან,
გასრესილ პალიტრაზე ფერების ნარჩენები
არ ყვირიან, როცა, მთლიანობაში,
მხოლოდ, კაშკაშებდნენ, მზესავით დარწმუნებულები
თავის ხანგრძლივობაში…
მოახლოებულ წვიმებს თუ შევეფარე,
მეხსიერებით დამსჯიან,
პირდაპირ, განსაცდელის
შუაგულში რომ ჩავრჩე!
არავითარი გაუტკივარება, ჩრდილი, შეღავათი!
ასეთი არაცივილიზებული სივრცე,
მაგრამ სამშობლო,
მყვირალა ფერები –
მისი ბარბაროსული დროშა!
ანდერძის მაგიერი
რა სიტკბო იყო!
პირში თუთა, ცაზე მთვარე,
პატიოსნად მოპოვებული კილოგრამები,
ქონის თეთრი სარჩული
ფანჯრების ჩარჩოში!
ამისთვის ვცეკვავდი წონასწორობას?
როცა გარეთ ხეებს ერჩიან,
(პირველ-მეორეზე ვერ გაითვალეს)
ზოგს მუცელი წყდება –
წითელი ჩრდილი უვარდება
ჩემი შვილებიანად
რევოლუციური შვილები!
ხეს ააყენებენ, სახლი წაექცევათ,
სახლს ბავშვებით გაამაგრებენ,
შუაში ცა დაავიწყდებათ,
დაკოჭლებული კომპოზიცია კიბეზე არბის
როგორ ვაწესრიგებდი!
გინდა, თუთით, გინდა,
ნაღველის წვენით პირში,
ოღონდ, ლაპარაკის უფლება მოეცათ!
და ომი მაჩვენეს
ყელიდან დამცხა
სულ მდუღარე ჭიანჭველები ვადინე
ჩასაბერ, ნეკნებიან, ინსტრუმენტებს
ასეთი ოქრო!
ალქიმია ჩემი შვილებისთვის
რა მალაპარაკებს?
ჩაის ტანინი? ჯერ კიდევ, ძვლები?
სული, თავისი პატარა ხორცით
და ვენახის ჩენჩო, უკვე იქ არიან,
ლურჯ სუფრაზე, ღმერთის მოლოდინში
ნერვები ადრევე ამომაცალეს,
ჩართონ ქსელში, ტელევიზორს
და ერთ ნათურას, კიდევ, ეყოფა.
* * *
გინდა პოეტობა?
საწამლავს მოგიხარშავ
ნაღველისგან, ცუდი ანალიზებისგან,
დამუხრუჭებული სინაზისგან,
გახეხილი კანიდან სისხლი რომ მოჩანს,
ისეთ მოწითალოს…
მზე სხივებს გირტყამს ჯოხებივით
ადრე, აბრეშუმის არ იყო?
ნუ იხმარ ამ რბილ სიტყვას!
საწამლავის რეცეპტში დათმობა არ შედის
არის გზა, არის ხისტი ჰაერი,
წითელსაღებავიანი ვედრო,
რომელსაც აწერია “კუპრი”
შეუსაბამობა – კიდევ, ერთი სასჯელი
ხახვის ცრემლებით როცა ტიროდა
დედაჩემი, რა სისადავეს მინახავდა!
საწამლავი რომ არ დამელია!
ან ზმნას რა უნდა
60 წლის ფეხებში!
კინო “ყაზბეგთან” მანქანა მეჯახება,
მზე, ისევ, ასი კილომეტრი აბრეშუმია,
ცა – ოქროს ტიხრებით დაყოფილი ლაჟვარდი,
როგორც ლექსი ცეზურით,
იქ, სადაც ამოსუნთქვა დაჭირდა შემოქმედს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“