პოეზია

ლია სტურუა – მიახლოება და სხვ. ლექსები

მიახლოება

ყური გაიკაწრა და სიტყვები

ისეთი მკაცრი გახდა, კბილებზე გცივა…

ისინი შეიძლება დანომრო,

დაახურდავო, მჭლე სალმები

დაარიგო აქეთ-იქით, შეიძლება,

ლექსიც გამოგივიდეს,

ატლასზე დაცურებული მძივივით

ლამაზი, უკვალო…

ქრესტომათიაში ჩატენილ პოეტებს

ნერვები რომ გარეთ რჩებათ.

ამაზე არ გიფიქრია?

მათ შესაბამისობაზე გაკაწრულ ყურთან?

ამასობაში ქალი ან კაცი უნდა მოგიკვდეს

ლექსში ღმერთთან ვერმიახლოების სევდაა მთავარი,

თორემ მეასე სექსი, ან ასმეერთე ქორწილი,

რამდენიც გინდა!

აქეთკენ მიმართულებს და გლუვებს

ნუ მოეჭიდები, არამედ

სიყვარულზე წაბორძიკებულებს!

აბა, ბუდეში რატომ ზიხარ

და დედა-ჩიტი აქსიომებს გაღეჭინებს?

გაცვეთილ სიმართლეებს

უფრო მფარველი ჩრდილი აქვთ?

 


 

მონანიება

როცა წევხარ, მარტო თვალებით

დადიხარ კედლებზე

და ჯამში ბროწეულების ფერი გიხარია,

ჯერ ადრეა წასვლა.

ვის არ მიუყენებია კაცი კედელთან

და კედელი მოუკლავს

და თუ კედელი აგურისაა,

ფერიც შენზე მუშაობს

ბროწეული გაიხსენე!

როცა ქვეყანა სულმთლად ლურჯია,

შეგიძლია ფეხებში დრო ჩაიყენო

და მსუბუქად იარო, როგორც წყალზე

ტყუილია ეს სიმსუბუქე!

ჯობია, ისევ, აგურისფერზე წაიფორხილო,

იმ კაცივით, შენ კი არ მოგიკლავს,

სათბურის მიხაკებმა წაიყვანეს

და, მაინც, რა წითელი სარჩული ჰქონია სინდისს!

რა ხანძრებს აქრობს ამდენი მონანიება!

შენც იმიტომ უფრო არ გიყვარვარ ღმერთო,

რომ უნდა მოვკვდე?

 

ცოტა გენეტიკაც

90-იანი წლები

გახსოვს გათენების მამლები?

ყვირილის წითელი სიმბოლიკა ორდენებივით?

ადრინდელ მკერდზე სრიალებდნენ,

ახლანდელ დამჭკნარს აღარ უხდებიან,

კიდევ, მოუსვენარი ფეხების სინდრომი,

ერთი სიტყვით, უძილობა

არავითარი თავის მოტყუება, რომ ცა გაიხა

და სულების თეთრი სარჩული უჩანს!

თეთრად გათენება მეტაფორაა,

რომლის თავი აღარ გაქვს,

მთელი ღამე მანქანების ბორბლებში ტრიალებ,

მერე გამოხტები, ფერადი ბურთივით,

  • თვალსაჩინოებისთვის,

სიმრგვალე ტკივილის დასამალად,

უნაკლობა და კაშკაში ფლაკონებით არ ედგათ

რეპრესირებულ წინაპრებს?

ეს გენეტიკური შუშა არ გადმომეცა,

თორემ მზის და პურის რიგში

არ ვიდგებოდი ასეთი მოთმინებით:

ტალახივით პურის და ოფიციალური მზის,

რომელზედაც ქვითრები მოდის.

 

ალცჰეიმერი, რატომ?

ზედ შენს გულზე გადის ეკვატორი!

სადილი პურითაა გამაგრებული,

ვახშამს უფრო უხდება სევდის მიყოლება

რა მდუღარეა ოქრო ალცჰეიმერის დაავადებამდე

და დავიწყების პასტელი მერე…

რამდენი წვრილმანია სიტყვაში:

მიწა, პალიტრა, თავახდილი როიალი…

სანამ პატრონის სტატუსი გაქვს, მთავარს ირჩევ,

დანარჩენს აცეკვებ მის გარშემო,

რატომ დაგემხო თავზე ეს მოცეკვავე ბატალია?

რა გირჩევნია? სასწრაფო,

ავეჯის გადაზიდვის სერვისი,

გადალახვის, გადა-რაც გინდა,

ოღონდ ასეთსაც შეგეგუონ,

ბლომად ჩასხმულს მოჭერილ ფეხსაცმელში,

მსუქნად, მაინც დასანახად,

იმ ხაზებისგან განსხვავებით, რომლებიც გშლიან

თუნდაც, ეკვატორის ხაზისგან გულში,

სანამ კარდიოგრამის კლაკნილებიც გასწორებულა,

ცეცხლი წაუკიდე

მთელ ამ ევკლიდურ გეომეტრიას!

გათბები მაინც…

 

წვიმაში

წიგნიდან სიზიფე ამოვხიე

და მეშვიდე დღე დავკარგე,

კანონიერი, კალენდარული, წითელი…

ხომ სხვადასხვა ღმერთმა მოგვიგონა,

მაგრამ ის სულ არის და მეც სულ ვარ,

უფრო გამჟღავნებულები,

როცა საუკუნე არტისტულია,

სხვა დროს ის ულოდობას იგრძელებს

და ახალ სარეკლამო სიზიფეებს ჩეკავს,

მე ქარის წისქვილებს ვუზავდები:

ამათ ფრთები უფრო ძლიერი აქვთ,

ვიდრე საძირკველი და მეომარი ტემპერამენტი,

ერთი თუ თვალი მოუხუჭე,

გაფრინდებიან და მთელი შენი ნაკითხობა:

ეს ზეპირი პოეზია, ეს საკვირაო სკოლა,

ჩაიფუშება, ვერ დაამაგრებ მიწაზე,

ეროვნული მაზოხიზმის გარეშე,

იმ ლიტერატურული სარჩულისაც,

რომელიც, ბოლოს, რამე ქვასავით ფრაზას

მიმანარცხებს და მომკლავს,

რომ წიგნისთვის მეტი დავრჩე,

ვიდრე მიწისთვის…

კიდევ, შემოდგომა უნდა იყოს,

ფანჯრის რაფაზე წვიმა იჯდეს,

თეთრლაბადიანი, რეზინისფეხებიანი,

ჯერ სულ ახალგაზრდა…

 

* * *

ვიღაცის ხელი, ნატიფი, მსუბუქი,

შეიძლება, სიმებიდან ახალი აღებულიც

ხელის იდეალი, შედის ჩემს ძილში,

როგორც გაფატრულ სხეულში,

რომ მაჩვენოს ანბანის ჩანასახი

ცოცხალი და არა დაწყებითი სკოლის მასალა,

როგორ გამოდის აქედან ბგერა

და მუცელს იკეთებს, როგორ უყვარდება

მაღალი ბგერა, ყელზე აქცენტით,

მერე ვენების გაგანიერება,

და ისეთი ვხდები, თითქოს მელანი გადამასხეს,

საიდანაც იისფერი თრომბები ამოდის,

თავისი მკაცრი კანონებით, არადედურით:

მეგონა, რამე თუ მომკლავდა,

მხოლოდ ქაღალდის სითეთრე,

იისფერი ბაღი კი დამდეს

ანატომიურ მაგიდაზე.

 

ლეღვი

რა კარგი სიტყვაა „ლეღვი“!

წყლულიან კუჭს კი კლავს,

მაგრამ ყურებს ჰარმონიაში ამყოფებს,

რა იოლი დიზაინი აქვს – ჯანსაღი გულის!

შუნტირების, სტენტირების, ინფარქტის მერე

იხლიჩება, უკვე ნატურმორტის მასალა,

ქართულის, ვაშლების და ატმების

ევროპული სიმეტრიის გვერდით…

მყარი სამხრეთი!

ჩამავალი მზე ისე არ დაწვრილმანდება,

რომ სახეები გააწითლოს,

ჟრუანტელზე ლეღვის ხეები მუშაობენ,

რისგანაც კბილები გექავება

და პირში აღარ გეტევა:

სამი პირიც ხომ შეიძლება

სამი თვალის ანალოგიით,

სადღაც, სქოლიოში ოქროს ხსენებით,

ლეღვიდან დაღვრილი ასონანსით,

რომელიც სახის სიმართლესთან გაბრუნებს,

საღეჭ კბილებთან, ნატურმორტი იჭმევა,

ტკბილი ფრაგმენტები ჭრიალებენ,

ხელოვნური ქსოვილივით

ორი გონიერი თვალით ხედავ ამას,

მესამეთი – ლეღვს დიზაინი როგორ ერღვევა,

სისხლჩაქცევები ულურჯდება,

მაინც ამდენი ცა ერთი ტვინისთვის!

კიდევ მუშაობს…

 

დამოკიდებულები ჰიპერბოლაზე

როცა მანქანით ადიხარ ცაში,

ერთადერთ ხეს ეჯახები

და მხატვრულად კვდები – ეს ლირიკაა,

რეალურად ჯერ მზად არ ხარ, სანამ

სახლი თბილია, საგნები ცოცხალი,

ძაღლი რომ გყოლოდა, რა,

შეკითხვებზე პასუხს გაგცემდა?

მაგ. ასეთზე – მართლა დგას ის ხე

ცის გარდიგარდმო (გულუბრყვილო ეპოქა გათავდა)

და ტრადიციის წასახალისებლად მულიაჟი ასხია?

როგორ ეხება ამას სული?

ბეწვით და ხაოთი, რაც მიწაზე აიკრა,

თუ გამჭვირვალების უაღრესი ხარისხით?

შეხვდება სხვა სულს,

ეთერული გულისხმიერებით დააკვირდება,

სიყვარული აკრძალულია, პლატონურიც კი,

მაგრამ ვაშლის მულიაჟი თუ

სეზანის ნატურმორტს გაგონებს,

რატომაც არა?!

მკრეხელობა, დამსჯელი ცეცხლი,

რომელიც აღარაა, სამაგიეროდ,

ჭიანჭველები, ჰიპერბოლებით ზურგზე –

აქაური აღმატებითი ხარისხი,

რასაც, რატომღაც, არ ელიან

საშუალოზე დაბალი ტანებისგან…

 

თვალისმომჭრელობა

დაძაბული კაბა მაცვია, მკაფიოდ თეთრი,

თეთრი ლაკის ფეხსაცმელები

ფეხებთან მთვარის შუქს მიყენებენ,

მეტი დამაჯერებლობისთვის ნაყინს ვჭამ,

იქნებ, ამ ბოლო სითეთრით, ყველაზე რეალურით,

შევძრა სხვა განზომილება, რომელშიც უნდა გადავიდე?

უშედეგოდ. აქ ის სივრცეა,

წერტილის მერე რომ იწყება:

უხმო, უმოძრაო, უსასრულო,

ტვინის გამოუყენებელი ნაწილივით …

როცა ლექსი გამომდიოდა,

მეგონა, რომ სწორედ ის მუშაობს,

ის ამართლებს აბსურდის პატარა სამშობლოში…

თეთრი ფერი ამწუთიერი ელდაა,

ვერ წვდება ფსკერებს, საიდანაც

სკეპსისი მოდის, მერე აგრესია.

ქვა რომ მესროლოს ვინმემ,

შუბლში, მკერდში, მუცელში (მისი არჩევანია),

ყველაზე ნოყიერი ნიადაგიდან,

ალბათ, მუცლიდან, ხე ამომივა,

არავითარი აკაცია, ან მაგნოლია,

ბროწეულის ხე ამომივა, უყოყმანოდ მდედრობითი,

თვალისმომჭრელობა თუ გინდა,

სწორედ ეს იქნება!

 

Facebook Comments Box