პრემია „საბას“ წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციის მიმოხილვა
„საბას“ დებიუტის ნომინაციის მიმოხილვა ბიოგრაფიების კითხვას ჰგავს. გამარჯვებულთა ჩამონათვალში შენთვის კარგად ნაცნობ სახელებს აწყდები და ფიქრობ – აი, თურმე, როგორ დაუწყიათ! აკვირდები მათ სამწერლობო თავგადასავალსა და პროფესიული განვითარების ისტორიას – ლიტერატურულ სივრცეში როგორ შედგეს ფეხი და შემდეგ (ზოგ შემთხვევაში) როგორ იქცნენ მის განუყოფელ ნაწილად. თავად დებიუტის ნომინაციის მნიშვნელობაც ხომ მხოლოდ დროით ხაზზე გაიაზრება – ჟიური თანადროულად ქმნის და აფასებს ხელოვანის მომავალს, ხოლო რეტროსპექტიული დაკვირვებით ვლინდება, გამარჯვებულის გამოცხადებას წესით რამხელა ტაში უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „საბას“ ჟიურის მიერ დაჯილდოებული სადებიუტო ნაწარმოებები, რიგ შემთხვევებში, არ ყოფილა სახელოვნებო, კულტურულ და ზოგჯერ ლიტერატურულ სივრცეში გაჟღერებული ამა თუ იმ ლაურეატის პირველი სიტყვა.
„დებიუტი მარტივია. ადვილია და სახალისოა და მართლა გამარჯვებაა. და როდესაც დებიუტანტი ხარ, არა მარტო სამყარო გეუბნება ჰო-ს და მწერლობის ანგელოზები, არამედ შენს გარშემო მყოფი ადამიანებიც იმიტომ, რომ, არ ვიცი, სიმპათიური ადამიანია დამწყები,“ – ამბობს 2003 წლის გამარჯვებული ანა კორძაია-სამადაშვილი, რომელმაც სადებიუტო პროზაული კრებული „ბერიკაობა“ სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.
მისმა მოთხრობებმა, ძირითადად ოცდაათ წელს გადაცილებულ ქალთა ისტორიებზე, თავის დროზე, ქართული ლიტერატურული სივრცე აალაპარაკა. საუბრობდნენ ეროტიკული სითამამისა და (მეტ-ნაკლებად) ფემინისტური პერსპექტივის შემოტანის მნიშვნელობაზე. ნაწილი ტექსტში ევფემიზმების არარსებობას აკრიტიკებდა, თუმცა სამწერლობო ოსტატობის მაღალ ხარისხზე თითქმის არავინ დაობდა. შესაბამისად, „ბერიკაობა“ არაერთი ქართული თუ უცხოური გამომცემლობის რჩეულ პროზაულ კრებულთა სიაში მოხვდა.
დღეს ანა კორძაია-სამადაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ქართველი მწერალია – არაერთი მოთხრობისა და 3 რომანის ავტორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ორჯერ იყო „საბას“ ჟიურის წევრიც. წერს ისე, როგორც ჰყვება ამბავს – მომნუსხველად, ყურს თუ მოკრავ, ვერ მოსწყდები და ყველა საქმე გვერდზე დაგრჩება.
მეორე დებიუტანტი, რომელიც „საბამ“ დააჯილდოვა თამარ ფხაკაძეა: პროზაიკოსი, დრამატურგი და სცენარისტი, რომლის შემოქმედება, როგორც ფორმის, ისე ჟანრის თვალსაზრისით, ფართო ლიტერატურულ სპექტრს ფარავს. შეუძლია, ერთი მხრივ, ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, ჩვენს თანამედროვე ყოფასა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა ბედზე წეროს, მეორე მხრივ კი, გრძელცხვირა ჯადოქრის, კიკის, „გლობუსას და ლუკას თავგადასავალი“ მოგვიყვეს.
ზოგადად, თამარ ფხაკაძე არაერთი საბავშვო წიგნის ავტორია, რომელთათვის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული“ პრემია სამჯერ გადაეცა. მისი ბოლო საბავშვო რომანი „ბებე – მაწანწალების უფლისწული“ კი „პალიტრა-L“-მა ახლახან გამოსცა.
თუმცა პროზაული კრებული „სანამ დაგვიძახებენ“, რომლისთვისაც 2004 წელს „საბა“ მიენიჭა, მისი შემოქმედების მეორე პოლუსზეა და ქალაქის ამა თუ იმ უბანში მცხოვრები ადამიანების ნაკლებად სალაღობო თავგადასავლებს აღწერს. მოთხრობა, რომლის სახელსაც კრებული ატარებს, სოხუმიდან დევნილი გიორგი ობოლაძის ამბავს ჰყვება და ომის, მარცხისა თუ დევნილობის ყველა ჩვენგანის ბიოგრაფიის ნაწილად ქცევის პროცესს იკვლევს.
აფხაზეთის დაკარგვისა თუ ეროვნული ტრავმის გაშინაგანებაში წამყვან როლს, თავისთავად, ლიტერატურა თამაშობს. უფრო კონკრეტულად კი – დევნილი მწერლები, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ შავ ზღვაში არეკლილი ცეცხლის ლიცლიცი, ქალაქის არქიტექტურა, უბნები, ქუჩები, სანაპიროს პეიზაჟები და ადამიანთა ისტორიები, რომლებსაც 2005 წლის ლაურეატი, გელა ჩქანავა თავის მოთხრობების კრებულ „კოლორიტებში“ უყრის თავს.
წერს ადამიანებზე, რომლებსაც „ვიცნობდი და ვიცნობ, ვინც მენატრება, ვისაც მოვფერებივარ და მომფერებიან, ვისთვისაც რაღაც დამიშავებია და ვისაც ჩემთვის რაღაც დაუშავებია. […] ბევრი ისეთი მოთხრობა მაქვს, რომლის გამოქვეყნებაც მერიდება, იმიტომ, რომ სოხუმელი მეზობლები საკუთარ თავს შეიცნობენ, მაგრამ მაინც ვწერ, როცა მენატრებიან, იმქვეყნად გადასახლებულებიც და ცოცხლებიც“.
გელა ჩქანავას სახელს „საბას“ წლის საუკეთესო რომანისა თუ პროზაული კრებულის ნომინაციების მოკლე სიაშიც არაერთგზის წააწყდებით. „სოხუმური ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია. არც ქართულ, არც აფხაზურ ან რუსულ ენაზე ასეთი მთლიანი სამყაროს შექმნა არავის უცდია, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმს ბრწყინვალე აპოლოგეტები ჰყავდა და ჰყავს,“ – მალხაზ ხარბედია.
გელა ჩქანავას საპირისპიროდ, თეონა დოლენჯაშვილის შემოქმედება ძირითადად არღვევს კონკრეტულ ტოპოგრაფიულ საზღვრებს და გლობალურ თემებსა თუ პრობლემატიკებს ასახავს. პროზაული კრებული „იანვრის მდინარეც“, რომლისთვისაც 2006 წლის საუკეთესო დებიუტის ჯილდო გადაეცა, ასეთ უეროვნებო პერსონაჟთა ამბებს აღწერს.
მისი პირველი მოთხრობა „ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე”, შაჰიდი ქალის ცხოვრების უკანასკნელ ორ საათზეა, სანამ მთავარი გმირი თავს აიფეთქებს. „ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს მოთხრობა ასეთი პოპულარული გახდებოდა. “ფიდაი” კრებულში “15 საუკეთესო მოთხრობა” შევიდა, მიიღო “პარნასის” ჯილდო, გახდა 2004 წლის საუკეთესო მოთხრობა, ითარგმნა უამრავ ენაზე, დაიწერა კინოსცენარი, რადიოპიესა, თანამედროვე ოპერაც კი. მოკლედ, ეს წარმატება მავალდებულებდა, რომ გზა გამეგრძელებინა. შესაბამისად, “ფიდაის” მოჰყვა სხვა მოთხრობები,“ – იხსენებს ავტორი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
სადებიუტო კრებულს კი 3 წელში მოჰყვა „მემფისი“ და „საბას“ მეორე პრემა უკვე წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში.
2007 წლის ჟიურის გადაწყვეტილებამ ნომინაციის ისტორიაში სიახლე შემოიტანა – პირველად პრემია არა პროზაული კრებულის ავტორს, არამედ მთარგმნელს – ქეთი ქანთარიას ავსტრალიელი მწერლის, დიბისი პიერის სადებიუტო რომან „ვერნონ გენიოს ლითლის“ თარგმნისთვის გადაეცა. დებიუტანტმა მწერალმა ტეხასის შტატში უდანაშაულო 15 წლის მოზარდის გასამართლების ცინიკურ ისტორიისთვის 2003 წელს „ბუკერის“ პრემია დაიმსახურა. „წიგნებს მთარგმნელის ცხოვრებაზე გავლენა აქვთ იმის გამო, რომ თვეობით თარგმნი“ – აღნიშნა „არილთან“ ინტერვიუში ქეთი ქანთარიამ. ამ შემთხვევაში კი, შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლურად რომანმა მთარგმნელი თავისი წარმატების თანაზიარიც გახადა.
დღეს ქეთი ქანთარია ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ქართველი მთარგმნელია. მისი წყალობით ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე ეცნობა არა მხოლოდ ინგლისურენოვან (პოლ ოსტერის, ფილიპ როთი, ერიკ ლი, კურტ ვონეგუტი), არამედ პოლონურ ლიტერატურასაც (ვიტოლდ გომბროვიჩის, ბრუნო შულცი).
ბაჩო კვირტიას მოთხრობები 1994 წლიდან სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა, თუმცა პირველი პროზაული კრებული „მატარებლის მოსვლამდე“ 2007 წელს გამოსცა და ლიტერატურული პრემია „საბაც“ დაიმსახურა. ბაჩო კვირტიას შემოქმედება ძირითადად „თანამედროვე ადამიანებზე, ემოციებზე, განწყობაზე, პრობლემებზე, სიცოცხლეზე და სიკვდილზე“ კონცენტრირდება და გამონაკლისი არც ეს კრებულია.
„მატარებლის ლოდინი ჩვენი ცხოვრების მეტაფორაა: ველით. მოდის. ვსხდებით, ან ვერ ვასწრებთ და ახალს ველოდებით. თუ ჩავსხედით, აღმოჩნდება, რომ არ ჩავმჯდარვარ და ისევ ბაქანზე ვართ. ისევ ველოდებით. როგორც ჩანს, ერთი მატარებლის მოსვლა არ გვყოფნის. თან ისიც არ ვიცით, რისთვისაა საერთოდ მატარებლის მოსვლა საჭირო. მაგრამ ველოდებით. მეც ასე ვარ. მოვიდა. ჩავჯექი. წავედი. მაგრამ ისევ ბაქანზე ვარ.“ („საუბრები ლიტერატურაზე“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2010)
2009 წელს „საბას“ დებიუტის ნომინაცია პირველად გაიყო. დაჯილდოვდა ორი პოეტური კრებულის ავტორი: დიანა ანფიმიადი – „შოკოლადისთვის“, ხოლო გიორგი კეკელიძე – „ოდებისთვის“. დღეს ორივე როგორც საკუთარი შემოქმედებით, ისე სხვადასხვა პროექტითა თუ წამოწყებით ამდიდრებს ქართულ ლიტერატურას და, ამავდროულად, განსაზღვრავს კიდეც ამ სფეროს განვითარების ტრაექტორიას.
“შოკოლადი” პირველი წიგნია, ამიტომ იქ სრულიად ქაოტურად შეტანილია დაახლოებით 10 წლის მანძილზე დაწერილი სხვადასხვანაირი, სხვადასხვა პერიოდის, სხვადასხვა სტილისტიკის ლექსები, სადებიუტო წიგნია, როცა მაქსიმალურად გინდა საკუთარი თავი გააცნო მკითხველს, პირველი პაემანივითაა, როცა ძალიან გინდა თავი მოაწონო სრულიად უცნობ ადამიანს,“ – იხსენებს დიანა ანფიმიადი, უკვე არაერთი პოეტური კრებულის ავტორი, რომელთაგან ერთ-ერთი – „რატომ აღარ ვწერ ლექსებს“ წამყვანმა ბრიტანულმა გამომცემლობამ, Bloodaxe Publication-მა გამოსცა და, ამავდროულად, The Guardian-ის ,,საუკეთესო თანამედროვე პოეზიის” ხუთეულში მოხვდა.
ძირითადად ანტიკური მითოლოგიით შთაგონებული პოეზიის მიღმა, დიანა ანფიმიადი არაერთი საბავშვო თუ კულინარიული წიგნის ავტორია. პარალელურად მუშაობს სასკოლო პროგრამისთვის თანამედროვე, ინოვაციური ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებისა შემუშავებაზე.
“დიანა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია თანამედროვე პოეზიაში. მისი მეტაფორები და იმპროვიზაციის უნარი რომ უმაღლესი კლასისაა — ეს უსათუოა”, – ასე აფასებს გიორგი კეკელიძეს თანალაურეატს, რომელთან ერთადაც ჯავახიშვილში სწავლისას ლიტერატურულ ჟურნალ „ლ’ილ“-ს გამოსცემდა. დროთა განმავლობაში კი ეს წამოწყება პირველ ქართულ ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკად lib.ge-დ იქცა.
გიორგი კეკელიძის სადებიუტო კრებული „ოდები“ ავტორისავე შეფასებით „ერთგვარი სიმულაციაა კლასიკური ჟანრისა და მასთან მხოლოდ სახელწოდება აკავშირებს. პოსტმოდერნული თამაშების ხერხებს თუ გავიხსენებთ, ეს კონცეფცია მარტივი და ნაკლებ ეპატაჟურია, თუმცა ორიგინალობის თვალსაზრისით, ალბათ, ოდნავ მაინც გამოირჩევა,“ („ლიტერატურული გაზეთთან“ ინტერვიუდან).
წლევანდელი, საიუბილეო „საბას“ გრძელ სიაში დებიუტანტ ლაურეატებს შორის სულ ორი ავტორია. აქედან ერთ-ერთი 2010 წლის რჩეული მაკა ლდოკონენია – მისი პუბლიცისტური კრებული „რა ვიკითხოთ ერთად“, წიგნიერების პრობლემებზე, საბავშვო ავტორებსა თუ ნაწარმოებებზე დაწერილ წერილებს აერთიანებს, „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში“ მოხვდა.
თავის დროზე კი „საბა“ მაკა ლდოკონენს პროზაული კრებულ „ქიშმიშიანი ამბებისთვის“ გადაეცა, რომელშიც მწერალმა ბავშვობიდან ნაგროვები სახასიათო ადამიანების, შენონებისა თუ ქუჩების ისტორიებს მოუყარა თავი. „ლაურეატად რომ დამასახელეს, დიდხანს ვერ წამოვდექი – დროისა და სივრცის შეგრძნება დავკარგე. მერე მადლობა გადავიხადე „ქიშმიშების გამორჩევისთვის“ (მახსოვს, სწორედ ასე ვთქვი) და მადლიერება დღემდე მომყვება. ის წუთები ოაზისივით შემრჩა მეხსიერებაში – დღემდე მამხნევებს, სტიმულს მაძლევს“.
„დებიუტში გამარჯვება, ალბათ, ავტორისთვის ყველაზე დიდი სიხარულია. ამ სიხარულის შემდეგ არის აღიარება, რადგან, როგორც წესი, ლიტერატურულ პრიზებს მეტი აღიარებაც მოჰყვებათ და მეტი მკითხველიც,“ – აღნიშნავს 2011 წლის ლაურეატი თამთა მელაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე მწერალი და გასული წლის „საბას“ საუკეთესო რომანის პრემიის მფლობელი.
„შაშვი შაშვი მაყვალის“ მსგავსად, მის სადებიუტო წიგნ „გათვლასაც“ დიდი წარმატება ხვდა წილად. ქართული ჯილდოების მიღმა, რომანმა კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებ 13 წლის გოგონებზე 1956 წელს დაარსებული გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის ეროვნული პრემია, Deutscher Jugendliteraturpreis დაიმსახურა.
“ომი ზოგადად აღიქმება პოლიტიკოსების და სამხედროების საქმედ, ანუ მამაკაცების საქმედ. ამ ტექსტით კი მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ არსებობს ომის მეორე, დაფარული მხარეც, ანუ ქალებისა და ბავშვების გამოცდილება, ჩვეულებრივი ადამიანების გამოცდილება,“ (რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუდან).
მსგავსი მიზანი ამოძრავებდა 2012 წლის ერთ-ერთ ლაურეატ სალომე ბენიძესაც, როცა ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ერთობლივი ფოტოწიგნი „sHEROes“ გამოსცა, რომელშიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უცნობი ქალების ისტორიები ასახა. კრებული „საბას“ 2018 წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზის მოკლე სიაშიც მოხვდა.
მართალია, სალომე ბენიძის პროზაულ ნაწარმოებებს დიდი წარმატება ხვდა წილად, თუმცა თავის დროზე მან „საბა“ პოეტური კრებულ „მოხსენებითი ბარათისთვის“ მიიღო, სადაც მოგზაურობის ისტორიები და ქალაქის ამბები ასახა. კრებულს წინასიტყვაობა დიანა ანფიმიადმა დაურთო: „ეს წიგნი, წიგნი რომ არ იყოს (ანუ აბზაცებით, მსხვილი სათაურებითა და რომელიღაცა შრიფტით შევსებული თეთრი ფურცლების ნაკრები), ფოტოალბომი იქნებოდა – ერთი ავტორის ფოტოჩანახატებით სავსე“.
2012 წლის მეორე ლაურეატი კი ეკატერინე ტოგონიძეა, რომლის სადებიუტო პროზაული კრებული აერთიანებს ოთხ განსხვავებული თემატიკის მოთხრობას. მათგან ერთ-ერთი, „სხვა გზა“, რომელიც წერა-კითხვის უუნარო ადამიანებზე მოგვითხრობს, ამავე წლის ოქტომბერში ფრანკფურტში გამოცემულ ქალთა გერმანულ ანთოლოგიაში შევიდა. მწერლის ბოლო რომანი „შინ-შენ“ კი გასულ წელს გამოიცა და „საბას“ შესაფერისი ნომინაციის ფინალისტთა სიაშიც მოხვდა.
მარინა ელბაქიძის შემოქმედება 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა. მათ შორის სამი მოთხრობა („ლიზი“, „სოკო“ და „გაცვლა“) სხვადასხვა დროს „არილში“ გამოქვეყნდა. 2013 წლისთვის ამ მოთხრობებს თავი მოუყარა და პროზაულ კრებულ „გაცლად“ გამოსცა, რისთვისაც წლის საუკეთესო დებიუტი დამისახურა.
„ერთ წიგნში კი მოხვდნენ, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მოთხრობებია, სხვადასხვა ეტაპია და 10 წლის მერე რომ გადახედავ, რას როგორ წერდი… რაღაცები შეიძლება სხვანაირად დამეწერა, რაღაცა შეიძლებოდა შემეცვალა ან მოწიფული ხელი უნდა დასტყობოდა, დღეს რომ დამეწერა, ან შეიძლებოდა გამესწორებინა… პრინციპში, შეუცვლელად დავტოვე – როგორც იყო, ისე“, – რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა ავტორმა.
2014 წელს პოეტი ლია ლიქოკელისა და პროზაიკოსი Toresa Mossy, იგივე ვახო მოსიაშვილის დებიუტი შედგა. ორივეს შემოქმედების ხასიათი და ბუნება ძირითადად მშობლიურმა სოფელმა თუ ქალაქმა განსაზღვრა.
ლია ლიქოკელი ხევსურეთის „50-კაციან“ სოფელ ბარისახოდან ჩამოვიდა კინორეჟისურის შესასწავლად და მალევე თავისი პოეტური კრებულით („დევის ცოლის სიცილი“) მთელი ლიტერატურული სივრცის ყურადღება დაიმსახურა. „მე არ ვიცი სხვა შემთხვევა, ასე გამოკვეთილი და დასრულებული რომ ყოფილიყოს დებიუტანტის შემოქმედებითი პოზიცია და პიროვნული თავისთავადობა,“ – აღნიშნა გიორგი ლობჟანიძემ.
ხევსურული მსოფლხატით, მითოსითა და ბებიას მოუოლილი ამბებით ნასაზრდოებ ლიას პოეზიასთან ერთაჯ ჟიურიმ Toresa Mossy-ის „სიბრძნე სიცრუისა“ დააჯილდოვა – რომანი, რომელშიც ვახო მოსიაშვილის მშობლიური ქალაქი თელავი დამოუკიდებელი პერსონაჟია. „მივეჩვიეთ რომ, როგორც წესი, თბილისში ხდება ამბები და მაინც, ძირითადი პროცესები აქ ხდება. ვიცით სამი უბნის შესახებ რა ხდება თბილისში და, აბა, თელაში რა ხდება, როგორ შეიძლება ვიცოდეთ. არ არსებობს, ლიტერატურაზე მაგარი საშუალება, რომ გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, ოღონდ სხვა ქალაქების, სხვა ამბების, სხვა სოფლების ისტორიები რომ გავიგოთ,“ – აღნიშნა წიგნის გარჩევისას დათო ტურაშვილმა.
2015 წელს უკვე მეორედ, თუმცა ჯერ-ჯერობით უკანასკნელად საუკეთესო დებიუტის პრემია მთარგმნელს, კერძოდ კი გიორგი წიკლაურს მიენიჭა. დებიუტანტი პიტერ აკროიდის არა-მხატვრულ ტექსტს „ლონდონი: ბიოგრაფია“ 4 წელი თარგმნიდა.
აკროიდმა შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ისტორია თემატურად აღნუსხა და უზრუნველყო, რომ ლონდონის მოჩვენებები, მკვლელობები თუ თვითმკვლელობები, სმაში, თეატრებსა თუ ბორდელებში დროსტარების წესი დავიწყებას არ მისცემოდა.
დებიუტის ნომინაციის კუთხით, „საბას“ 2016 წლის დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე სახასიათოა, ვინაიდან ამ წელს ჟიურისგან დამოუკიდებლად თავად მკითხველს შეეძლო 2 თვიანი ელექტრონული ხმის მიცემით საკუთარი რჩეული გამოევლინა. არჩევანი სალომე მაკარიძესა და მის პოეტურ კრებულ „ჩვენზე“ შეჩერდა. საგულისხმოა, რომ ამ წელს ჟიურიმაც გაყო პრემია და ორი გამარჯვებული: იუნონა გურული და ნანა ექვთიმიშვილი დაასახელა.
იუნონა გურული სადებიუტო პროზაული კრებული „დიაგნოზი“ დათო ტურაშვილის წყალობით გამოიცა. „სამი წლის წინ დათო ტურაშვილმა წაიკითხა ჩემი მოთხრობები და დიდი ძალისხმევით დამარწმუნა, წიგნი გამომეცა. რადგან მოთხრობების ნაწილი ავტობიოგრაფიულია, საკმაოდ გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება“. ამჟამად გერმანიში მცხოვრებმა ავტორმა კრებულში 90-იანი წლებიდან დაგროვილი ისტორიები ასახა.
ხოლო ყველასათვის ნაცნობი და აღიარებული ფილმის, „გრძელი ნათელი დღეების“ რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილს პრემია რომან „მხლების მიდორისთვის“ გადაცა, რომელიც ერთი კონკრეტული ადგილის, თბილისის ერთ-ერთი ინტერნატის მაცხოვრებელთა ისტორიას ასახავს. გასულ წელს რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ბუკერის“ გრძელ, ხოლო „იბიარდის“ მოკლე სიაში მოხვდა.
2017 წელს ჯილდო კვლავ გაიყო. ბექა ახალაიას ლექსებს ქართველი მკითხველი ინტერნეტსივრციდან თუ პოეზიის საღამოებიდან სადებიუტო კრებულის გამოქვეყნებამდეც იცნობდა. პოეტ ნინო სადღობელაშვილის შეფასებით „ძალიან დაწურული, კომპოზიციურად აგებული, მთლიანობაში შეკრული კრებული [„ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“] გამოსცა“. პრემიის გარეშე არც პოეტის მეორე კრებული „მტრედების იონა“ დარჩენილა – 2019 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია „ლიტერა“.
„რომ ვთქვა, “საბას” დებიუტის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება მეთქი, არ ვიქნები მართალი, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო. ამ და სხვა პრემიების დანიშნულებაც, ფინანსურ წახალისებასთან ერთად, ალბათ, ეგ არის: მწერლებს, თუნდაც რამდენიმე დღით, თავი ბედნიერად აგრძნობინოს. ჩემს გეგმებს რაც შეეხება, სულ მალე ჩემი მესამე პოეტური კრებულის პრეზენტაცია იქნება. ამ წელიწადს გამოვა ასევე ჩემი პირველი პროზაული კრებული, რომელიც ოთხ, ურთიერთდაკავშირებულ, ვრცელ მოთხრობას აერთიანებს“.
უშუალოდ „საბას“ დებიუტის ნომინაციის მნიშვნელობას სიმბოლურად კარგად აჯამებს ფაქტი ამავე წლის მეორე ლაურეატის, ზურაბ აბაშიძის ბიოგრაფიიდან, რადგან მისი შემოქმედების პირველი შემფასებელი და, შეიძლება ითქვას, მენტორიც ამ ნომინაციის პირველი გამარჯვებული ანა კორძაია-სამადაშვილია: „განსხვავებით მრავალი ასეთი ძალიან ახალგაზრდა ავტორისაგან, ზურა აბაშიძის პირველივე ტექსტს ჰქონდა ძალიან კონკრეტული ხმა“. მისმა თორმეტმა, ერთმანეთთან დაკავშირებულმა მოთხრობამ თავი სადებიუტო კრებულში „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ მოიყარა.
მომდევნო ორი წლის ლაურეატებს საზოგადოება „საბამდეც“ სხვადასხვა სახელოვნებო სფეროდან კარგად იცნობდა: 2018 წელს მუსიკოსისა და ბლოგერის ზურა ჯიშკარიანის, ხოლო 2019 – აღიარებული კინორეჟისორის, თემურ ბაბლუანის ლიტერატურული დებიუტი შედგა.
ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ მეორედ მოსვლაზეა, რომელიც, არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შედგება. სალიტერატურო წრეებში რომანის განხილვისას მწერლის ოსტატობა არაერთგზის აღნიშნა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წიგნის ენას, რომელიც ბუნებრივად სკაბრეზული და ამავდროულად მელოდიურია, რაც ქართული ლიტერატურისთვის მეტ-ნაკლებად იშვიათობაა. დავით გაბუნიას შეფასებით, „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ „იმ წიგნთა შორისაა, რომლებიც ყველაფერს ცვლიან“.
ხოლო თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“ კომუნიზმის პერიოდის, 60-იანი წლების თბილისს ასახავს. ქალაქს, რომელიც უკვე აღარ არსებობს და მხოლოდ ლიტერატურა თუ უკვდავყოფს მის ხსოვნას. ამ მხრივ, „მზე, მთვარე და პურის ყანა“ უკვე განხილული პიტერ აკროიდის ნაშრომის მსგავსი როლის მატარებელია.
„წიგნსაც აქვს თავისი ამბები, ბედისწერა. წესით ამ რომანის დებიუტი 20 წლის წინ უნდა შემდგარიყო. ბოლო წინადადება 2000 წლის 20 აგვისტოს დავწერე, მაგრამ რომანი გამომცემლობაში კი არა, ძველ სკივრში აღმოჩნდა. დიდი დრო დასჭირდა მკითხველთან შეხვედრის შიშის დაძლევას. არ ველოდი ამ შედეგს. ეს იყო ყველაზე ჯადოსნური დღე ჩემს ცხოვრებაში. ამ პრემიამ, მარტო წერის კი არა, სიცოცხლის, ბრძოლის და საკუთარ თავში ახალი მოგზაურობის წამოწყების სტიმული მომცა,“ – იხსენებს 2020 წლის ლაურეატი მაია ცირამუა, რომლის სადებიუტო რომანი „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ 50 წლის მამაკაცისა და 20 წლის გოგონას სევდიან სასიყვარულო ურთიერთობაზეა. „არ ვიცი როგორ წარიმართება ჩემი ლიტერატურული ცხოვრება ხვალ, თუმცა დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ახალი რომანი უკვე მზად მაქვს და ძალიან მალე შეხვდება მკითხველს.“
გასულ წელს პრემია, ტრადიციულად, პროზაულ და პეოტურ ნაწარმოებებს შორის გაიყო. ორივე ავტორი, ირინე ტაბაღუა და ნანა აბულაძე სულ რაღაც ერთ წელში იქცა ქართული ლიტერატურული სივრცის განუყოფელ ნაწილად.
ირინა ტაბაღუა პოეტურ კრებულ „ტელეფას ცხვარში“ ახერხებს საკუთარი ინტიმური განცდების მკითხველთან ყოველგვარი უხერხულობის განცდის გარეშე გაზიარებას (გიორგი ლობჟანიძე). „ყოველი ახალი დღე ხომ დებიუტია ჩვენთვის?! მეც ასე ლაღად გავბედე, გამოვფინე წიგნად განვლილი ცხოვრების არეულობა, როგორც – ნესტიანი ლეიბი, საჯაროდ მზეს შეფიცხებული. აი, ძალიან რომ გცივა და ცოტა ხნით მაინც გამოთბები, სულ ეგ იყო რა.
რაც შეეხება ,,საბას” ლაურეატობას, თანაც პირველ და ასე თამამ წიგნში, მართლაც მოულოდნელი სიხარული იყო. გეფიცებით, ასე ქმრის ცქერა არ გამხარებია საქორწინო ბეჭდით ხელში, როგორც – მოღიმარი რატი ამაღლობელის, “საბა” რომ ეჭირა. (არადა, შიგნიდან გულწრფელად ვგრძნობდი, რომ ვიმსახურებდი). ბავშვივით ვტიროდი, გემრიელი განცდა იყო, კიდევ მინდა“ – აღნიშნა პოეტმა „არილთან“ ინტერვიუსას.
ხოლო ნანა აბულაძის „აკუმი“ მისტიკური თავგადასავლებითა და ფსევდომეცნიერული მიგნებებით გაჯერებული უსექსოდ დაბადების ფენომენის ღრმა ფილოსოფიურ-რელიგიური კვლევაა, რაც, ზოგადად, ქართულ ლიტერატურაში იშვიათად თუ გვხვდება. ავტორის მეორე წიგნი „ახალი აღქმა“ უკვე გამოიცა და წლევანდელი საბას საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციის გრძელ სიაშია.
დებიუტში გამარჯვების შემდეგ „მკითხველები მომემატა, პასუხისმგებლობაც და შიშიც. საბას შესახებ იმ ხალხმაც კი იცის, ვინც სისტემატურად არ ადევნებს თვალს ლიტერატურულ პროცესს. მე მგონი, ამ პრემიის პრესტიჟულობას მხოლოდ ეს ფაქტიც ამტკიცებს“
***
„ყველაზე მძიმე “საბა” დებიუტის ნომინაციის ჯილდოა. რა თქმა უნდა, ყველას უხარია იყოს გამორჩეული, მაგრამ ახალბედა ავტორისთვის სინამდვილეში დიდი ტვირთია. პასუხისმგებლობაა და ამ გრძნობას დავიწყება უნდა, თორემ “საბა” მძიმეა და შეიძლება ვიღაცას მომავალში ხელიც შეუშალოს. მეორეს მხრივ რა სჯობს როდესაც შრომა ფასდება, ავტორს ახალი პერსპექტივა უჩნდება და მკითხველი მის წიგნს კითხულობს. არაჩვეულებრივია,“ – აღნიშნავს დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, თავადაც „საბას“ ლაურეატი და ორგზის ჟიურის წევრი.
სიმძიმის მიღმა დებიუტის ლაურეატობას თან ერთგვარი ძალაუფლებაც ახლავს, რომელსაც სხვა ნომინაციები თავისი არსიდან გამომდინარე, მოკლებულნი არიან. აქ ჩამოთვლილ თითოეულ მწერალს ძალუძს თავისი შემოქმედების ჯერ დაუწერელი ძეგლებით სრულებით შეცვალოს მიზეზი და განმარტება – ამა თუ იმ წელს „საბა“ რისთვის დაიმსახურა და ეს გამარჯვება აქციოს სულ სხვა ბიოგრაფიის საწყის წერტილად.
© არილი