ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ
ავტობიოგრაფია
მე მშვიდად ვცხოვრობ
მაიკის ბარში ყოველდღე
დანტე ბილიარდ პარლორის
ჩემპიონებსა და
ფრანგული პინბოლის მანიაკებს ვუყურებ.
მე მშვიდად ვცხოვრობ
ისთ ბროდვეიზე.
მე ვარ ამერიკელი.
მე ვიყავი ამერიკელი ბიჭი.
მე ვკითხულობდი ამერიკან ბოის
და გარეუბნელი ბოი სკაუტი გავხდი.
მე კიბორჩხალებს ვიჭერდი ბრონქსში
და თავი ტომ სოიერი მეგონა მისისიპიზე.
მე მქონდა ბეისბოლის ხელთათმანი
და ამერიკული ველოსიპედი ფლაიერი
ყოველ დილით, ხუთ საათზე
ჰერალდ ტრიბზე
ვუმანს ჰოუმ კომპანიონის
ახალ ნომრებს ვარიგებდი
ახლაც ყურში მიდგას
ქაღალდის შრიალი
ჩემს უკან პარმაღზე.
მე უსიხარულო ბავშვობა მქონდა.
მე ვნახე ლინდბერგის დაშვება.
მე შინისკენ ვიყურებოდი
და ვერ ვხედავდი ანგელოზს.
მაღაზიაში ხუთი და ათი ცენტი
ფანქრების ქურდობისთვის დამიჭირეს
და იმავე თვეში არწივი სკაუტის წოდება მივიღე.
სისისისთვის ხეებს ვჭრიდი
და მათზე ვჯდებოდი
ნორმანდიაში ნავით ჩავედი
და ნავი გადატრიალდა
მე მინახავს განათლებული ჯარისკაცები
დუვრის სანაპიროზე.
მე მინახავს ეგვიპტელი მფრინავები მეწამულ ღრუბლებში
მაღაზიის მეპატრონეები შუადღისას
როცა დარაბებს ხსნიან
კარტოფილის სალათი
და ბაბუაწვერები
ანარქისტთა პიკნიკებზე.
მე ვკითხულობ „ლორნა დუნს“
და ჯონ მოსტის ცხოვრებას
ინდუსტრიალიზმის მტერი
ბომბი მაგიდაზე.
კოლუმბის დღის აღლუმზე
კუანა მესაყვირეების უკან
მენაგვეთა აღლუმი
მინახავს.
რა ხანია არ ვყოფილვარ
კლოისტერში
არც ტიუილრის ბაღში
თუმცა ისევ გეგმაში მაქვს
მათი მონახულება.
მე მინახავს მენაგვეთა აღლუმი
თოვლში.
მე მიჭამია ჰოთდოგები ბეისბოლის სტადიონზე.
მე გამიგონია როგორ მიმართა ლინკოლნმა ხალხს გეტიზბერგში
და მომისმენია გინსბერგის მიმართვა.
მე აქ მომწონს
და არ ვაპირებ დაბრუნებას
იქ სადაც დავიბადე.
მეც გავყოლილვარ ვაგონებს ვაგონებს ვაგონებს.
მე მიმოგზაურია უცნობებთან ერთად.
მე ვიყავი აზიაში
ნოეს კიდობნით.
მე ვიყავი ინდოეთში
როცა რომი შენდებოდა.
მე ვიყავი ბაგაში
ვირთან ერთად.
მე ვიხილე სამხრეთ სან-ფრანცისკოს
თეთრი მთებიდან წამოსული
მარადიული სხივი
და სიცილის ოთახიდან გამოსული ქალი
ლუნა პარკში
საშინელ თავსხმაშიც
რომ განაგრძობდა სიცილს.
მე მესმოდა ღრეობის ხმები
ღამღამობით.
მე დავეხეტებოდი მარტოდმარტო
ხალხივით.
მე მშვიდად ვცხოვრობ
ყოველდღე ვხედავ როგორ დადის სამყარო
აღმა-დაღმა უცნაური ფეხსაცმლის კაკუნით
მაიკის ბარის წინ.
ერთხელ მოვინდომე სამყაროს
გარშემო სიარული და ბოლოს ბრუკლინში მოვხვდი.
ის ხიდი მეტისმეტი აღმოჩნდა ჩემთვის.
ჩემი მოღვაწეობა დუმილს
დევნასა და ქვეშქვეშობას უკავშირდება.
მე ძალიან ახლოს მივფრინდი მზესთან
და დამცვივდა ცვილის ფრთები.
მე ჩემს მოხუცს ვეძებდი
რომელიც არასოდეს მინახავს.
მე ჩემს დაკარგულ წინამძღოლს ვეძებდი
ვისთან ერთადაც დავფრინავდი.
ახალგაზრდა აუცილებლად მკვლევარი უნდა იყოს.
სახლიდან უნდა დაიწყო.
თუმცა დედას არასოდეს უთქვამს
რომ ასეთი სცენები იდგმებოდა.
საშოგაცვეთილი
ვისვენებ
ვიმოგზაურე.
მე მინახავს სულელების ქალაქი.
მე მინახავს მასობრივი არეულობა.
მე მომისმენია ქიდ ორის ყიჟინა
მე მომისმენია საყვირის ქადაგება.
მე მოვისმინე დებიუსის
ჰანგები ქაღალზე.
მე მძინებია ას კუნძულზე
სადაც წიგნი ხეა.
მე მომისმენია ზარისხმიანი
ჩიტებისთვის.
მე მეცვა რუხი ფანელის შარვალი
და ჯოჯოხეთის სანაპიროზე დავსეირნობდი.
მე მიცხოვრია ას ქალაქში
სადაც ხე წიგნია.
რა მეტროები რა ტაქსები რა კაფეები!
რა ქალები ბრმა მკერდებით
და ცათამბჯენებში დაკარგული კიდურებით!
მე მინახავს გმირთა ძეგლები
კარფურებში.
დანტონი მეტროს შესასვლელში ქვითინებს
ბარსელონაში რამლაზე
დასავლეთისკენ ხელგაწვდილი კოლუმბი
ამერიკან ექსპრესზე მიუთითებს
ჩრდილოეთ დაკოტაში
ლინკოლნი დიადი მზერით
ქვის სავარძელში ზის
მე ვიცი, რომ კოლუმბს
არ გამოუგონია ამერიკა.
მე ასი გაწვრთნილი ეზრა პაუნდისთვის მომისმენია
მგონი ახლა უკვე ყველა გათავისუფლდა.
დიდი ხნის წინ ვიყავი მწყემსი.
მე მშვიდად ვცხოვრობ.
მაიკის ბარში ყოველ დღე
ვკითხულობ გაზეთებს.
მკითხველის დაიჯესტი
ყურადღებით გადავიკითხე
და შევამჩნიე, რა ახლოს დგას ერთმანეთთან
შეერთებული შტატები და აღთქმული ქვეყანა
სადაც ყველა მონეტას აწერია რომ
ჩვენ გვწამს ღმერთის
თუმცა დოლარი სხვა რამეს ამბობს
რადგან ის თავადაა უფალი ღმერთი თვისი.
მე ვკითხულობ ადამიანების განცხადებებს
რომლებიც ეძებენ ქვას ფოთოლს
გაუგებარ კარს.
მე მესმის ამერიკის სიმღერა
ყვითელი ფურცლებიდან.
ვინ წარმოიდგენდა რომ
სულსაც შეუძლია გააფთრება.
მე ვკითხულობ გაზეთებს ყოველდღე
და ჰუმანურობა უადგილო ადგილას მხვდება
უხვად ნაბეჭდ სევდიან სიტყვებს შორის.
მე ვხედავ ადგილს სადაც უოლდენის ტბა დააშრეს
და ახლა გასართობი პარკი უნდა გააშენონ.
მათ უნდათ
მელვილს თავისი ვეშაპი შეაჭამონ
მე ვხედავ რომ კიდევ ერთი ომი მოდის
მაგრამ მე იქ არ ვიბრძოლებ.
მე წავიკითხე სახლზე გაკეთებული წარწერები.
კილროის მე დავეხმარე მათ დაწერაში.
მეხუთე ავენიუ ბუკის ცემით ავიარე
მაგრამ სასწრაფოდ უკან დავბრუნდი ქასბაში
და მოვძებნე ჩემი ძაღლი.
მე ვხედავ მსგავსებას
ძაღლებსა და ჩემ თავს შორის.
ძაღლები მოლოის ქვეყანაში დასეირნობენ
და ყველაფერს აკვირდებიან.
მე ჩავიარე ეს ხეივანი
რომელიც ვიწროა კრაისლერისთვის.
მე ვნახე მერძევეთა ასი უცხენო ეტლი
ასტორიაში უპატრონო მიწის ნაგლეჯზე.
ბენ სანს ეს არასოდეს დაუხატავს
მაგრამ ისინი იქ არიან
დაბრეცილად დგანან ასტორიაში.
მე მომისმენია მეძველმანის ობლიგატო.
მე დავქროდი ავტოსტრადებზე
და მჯეროდა ბილბორდების დაპირებების
მე გადავკვეთე ჯერსის მიწა
და ვნახე უფლისაგან შერისხული ქალაქები
და ვესტჩესტერის მივარდნილ კუნჭულებში
ვეზიარე იქაური მოხეტიალე მუსიკოსების
ცხოვრების ყველა სიამეს.
მე მინახავს ისინი.
მე ვარ კაცი.
მე ვიყავი იქ.
მე მაწუხებდა
რაღაც.
მე ვარ ამერიკელი.
მე მაქვს პასპორტი.
ჩემი წუხილი არავისთვის გამინდვია.
თანაც ძალიან ადრეა სიკვდილი ჩემთვის.
მე ვარ თვითნაკეთი კაცი.
და მომავლის გეგმა დაწყობილი მაქვს.
მე მაგარ სამსახურს
ვეძებ.
შეიძლება დეტროიტში
გადასვლა მომიწიოს.
მე დროებით ვარ
ჰალსტუხების გამყიდველი.
მე კარგი ჯო ვარ.
ჩემი ბოსისთვის
გადაშლილი წიგნი ვარ.
ჩემი უახლოესი მეგობრებისთვის –
სრული მისტიკა.
მე მშვიდად ვცხოვრობ.
მაიკის ბარში ყოველდღე
საკუთარ ჭიპს ვიკვლევ.
მე სხეულის ხანგრძლივი შეშლილობის
ერთი მხარე ვარ.
მე მოვიარე ღამის ტყეები.
მე მივყვებოდი მობარბაცე დერეფნებს.
მე დავწერე ველური ისტორიები
ყოველგვარი პუნქტუაციის გარეშე.
მე ვარ კაცი.
მე ვიყავი იქ.
მე მაწუხებდა
რაღაც.
მე მოუხერხებელ სკამზე ვზივარ.
მე ვარ მზის ცრემლი.
მე ვარ მთა
სადაც პოეტები გარბიან ხოლმე.
მე შევქმენი ანბანი როცა
დავაკვირდი წეროებს ჩხუბის დროს
და ვნახე მათი ფეხებით დახატული ასოები.
მე ვარ ტბა ველზე.
მე ვარ სიტყვა
ხეში.
მე ვარ მთა პოეზიისა.
მე ვარ იერიში გაურკვევლობაზე.
მე დამესიზმრა
ვითომ ყველა კბილი დამცვივდა
და დამრჩა ენა
რომ მომეთხრო ჩემი ამბავი.
რადგან არაყივით
ვხდი პოეზიას.
მე ვარ სიმღერის ნაპირი.
მე ვარ მექანიკური პიანინო
მიტოვებულ კაზინოში
ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე
და სქელ ნისლში
ვუკრავ.
მე ვხედავ მსგავსებას
ჩემსა და იმ ქალს შორის,
რომელიც იცინის.
მე გავიგონე ზაფხულის ხმა
წვიმაში.
მე მინახავს როგორ ებურდებათ
გრძნობები გოგოებს
როცა ფიცრებით დაგებულ ბილიკს დაადგებიან.
მე მესმის მათი დაბნეულობა.
მე ხილის შემგროვებელი ვარ.
მე ვიცი რომ კოცნა
ადამიანს ეიფორიაში აგდებს.
მე საფრთხეში ჩავაგდე მშვენიერება.
მე ვნახე ქალწული ვაშლის ხეში
როცა შარტრი და
წმინდა იოანე დაწვეს.
მე ვნახე ჯიმი ჯუნგლებიდან
და ვიხილე ჟირაფები.
მათი თავები, შეყვარებული გულივით,
ამ სამყაროს ულმობელმა
რეალობამ დაკოდა.
მე ვნახე უხელო
ვენერა აფროდიტე ორპირ ქარში.
მე გავიგე მწივანას სიმღერა
მეხუთე ავენიუს პირველ ნომერში.
თოთხმეტ ივლისს
Rue des Beaux Arts-ში
მე ვნახე თეთრი ქალღმერთის ცეკვა
და სასტიკი მზეთუნახავი,
რომელმაც ცხვირი საკვამურში ჩაყო.
მან არ იცოდა ინგლისური.
მას ჰქონდა ყვითელი თმა
და ხრინწიანი ხმა
მე მშვიდად ვცხოვრობ
მაიკის ბარში ყოველდღე ვხედავ
ბილიარდის მოყვარულებს
მინესტრონეს დეკორაციებს აწყობენ
მაკარონს ნთქავენ
სადღაც წამიკითხავს
ეგზისტენციის განმარტება
თუმცა ზუსტად ვერ ვიხსენებ სად.
მაგრამ მე კაცი ვარ
და იქ ვიქნები.
და შეიძლება ვიყო ღვინო
მძინარეთა ბაგეების
დამატკბობელი.
და შეიძლება მე ჩემი რვეულები
თივის ძნად შევკრა.
და შეიძლება ზედ ჩემი საკუთარი
ეპიტაფია დავაწერო
იმ მხედრისთვის
რომელიც გვერდით ჩაუვლის.
A Coney Island of the Mind (1958)
საცვალი
წუხელ ვერ დავიძინე
საცვალზე ფიქრში დამათენდა
ოდესმე გიფიქრია რომ საცვალი
სულაც არაა აბსტრაქტული საგანი
და როცა შიგნით ძვრები
შეიძლება თავზარდამცემი პრობლემა წამოიჭრას
საცვალი ყველას გვაქვს
ყველას აცვია რაღაც საცვლის მსგავსი
ინდიელებსაც
კუბელებსაც
იმედი მაქვს პაპსაც აცვია საცვალი
ლუიზიანას გუბერნატორს ნამდვილად აცვია საცვალი
თავად ვნახე ტელევიზორში
მგონი საცვალი უჭერდა
ისე იკლაკნებოდა ჭიაყელასავით
ასეა საცვალმა შეიძლება თავის ჭკუაზე გატაროს
ხომ ხედავ ქალისა და მამაკაცის საცვლის რეკლამა
როგორ ჰგავს ერთმანეთს და თანაც როგორი განსხვავებულია
ქალის საცვალი ყველაფერს ზევით ქაჩავს
კაცის კი ქვევით
საცვალი ისაა რაც
ქალსა და კაცს საერთო აქვთ
საცვალი ერთადერთია რაც ახლა ერთმანეთისგან გვაშორებს
ხომ გინახავს სამფერა
მაქმანებშემოვლებული სურათები
სადაც ხაზგასმულია საცვლის ძლიერი მხარეები:
სხეულს სამმაგი ძალით ჭიმავს და თანაც
მოძრაობის სრული თავისუფლების პირობას იძლევა
არ მოტყუვდე
ყველაფერი ორპარტიულ სისტემას
ეფუძნება
რაც არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას
გულისხმობს
ამერიკა თავის საცვალში
მთელი ღამე იბრძვის
და საბოლოოდ მაინც საცვალი მართავს
მაგალითისთვის ბანდაჟები ავიღოთ
რაც იატაკქვეშა მმართველობის
ფაშისტურ ფორმას წარმოადგენს
და ხალხს აიძულებს დაიჯეროს
ყველაფერი გარდა სიმართლისა
რადგან კარნახობს რა შეუძლიათ გააკეთონ იქიდან რაც ეკრძალებათ.
ოდესმე გიცდია სარტყელი შემოგერტყა და წელი დაგეწვრილებინა?
ალბათ ამაზე ერთადერთი პასუხია:
არა–ძალადობრივი– ქმედება
განდი სარტყელით დადიოდა?
ლედი მაკბეტს კაბის ქვეშ საიდუმლოდ ერტყა სარტყელი?
ამიტომ მოკლა მაკბეტმა ძილი?
დადალაქავებული საცვალი რომელსაც ის გაუთავებლად რეცხავდა –
მართლა მისი იყო?
თანამედროვე ანგლო-საქსონ ქალბატონებს
ალბათ საშინელი დანაშაულის გრძნობა აწუხებთ
რადგან რეცხავენ და რეცხავენ და რეცხავენ
რომ მოაშორონ წყეული ლაქა
საცვალზე ლაქა საეჭვოა
გამობერილი საცვალი – თავზარდამცემი
საცვალი სარეცხის თოკზე თავისუფლებას ქადაგებს
ვიღაცამ გაიხადა საცვალი
და შიშველი დადის
ვაიმე!
თუმცა ნუ შეშინდები
არ მოხდება რევოლუცია
ყველა ისევ თავის საცვალში დაიზლაზნება
და პოეზიაც ისევ სულის საცვალია
და საცვალი ისევ ფარავს
მრავალ ნაკლს
გეოლოგია რომ მოვიშველიოთ –
უცნაურ დანალექ ქანებსა და მისტიკურ ბზარებს!
შენს ადგილას ვიპოვიდი
ზამთრის ფოხანს
სანამ მიმატოვებ ჩაიცვი
შიშველი ნუ გახვალ ამ მშვენიერ ღამეში
წადი მშვიდად და თბილად და მშრალად
რა აზრი აქვს წინასწარ საკუთარი თავის გაღიზიანებას
„არაფრის გამო“
წინ იყურე
ხელი ჟილეტში მედიდურად ჩაიყავი
არ აღელდე
სიკვდილს ვინ ეკითხება
დრო კიდევ ბევრი გვაქვს საყვარელო
განა ისევ ახალგაზრდები და უდარდელები არ ვართ?
ნუ ყვირი.
Starting from San Francisco (1961)
ადამიანები, რომლებიც იყრებიან
ადამიანებს რომლებიც იყრებიან
ტანსაცმელი თან დააქვთ მანქანით
და უკვირთ სად გაქრა
ყველა და ყველაფერი
მათ შორის
წყვილი ფეხსაცმელი
და თუნდაც ცალ ფეხსაცმელს სადმე მიაგნო
მაინც ვერ იტყვი რა ბედი ეწია
მეორე
ენაგადმოგდებულ ცალს
და წლების მერე ისე რომ არც კი იცის
მეორემ იპოვა თუ არა
თავისი ცალი
ისე რომ ნაკერები არ გარღვევია
თუ დარჩა ხელუხლებელი
ზონარგახსნილი
ლანჩა – მარტოსული
ოჰ სული
საოცარი ჩანაფიქრი
მედგრად დგას
და ელოდება
ქუსლის გამოცვლას
რათა ისევ
შეაბიჯოს უწონადობაში.
Endless Life: Selected Poems (1976)
Beatitudes Visuales Mexicanas
ოქტომბერ-ნოემბერი 1975
ავტობუსი პასეო დე ლა რეფორმაზე წარწერით: bellas artes insurgentes. Exactamente.*
სულ ესაა საჭირო: Poesía Insurgente.* ეს ის არ არის…
1.
ვერაკრუსში პუებლა + ხალაპას გავლით… გზის პირას უსახურავო, გამოუწვავი აგურის სახლი, ერთადერთ კედელზე წარწერით: la luz del mundo.*
2.
კვირა საღამოს პუებლას გავდივართ. მოედანზე, სათვალთვალო ბორბალთან ბენდის კონცერტია – მე გამივლია უამრავი მსგავსი ადგილი, მინახავს სათამაშო მატარებლები გასართობ პარკებში. თუ ყველა მათგანი ნანახი გაქვს, ესე იგი, გინახავს ე რ თ ი.
3.
ხალაპასკენ მიმავალ გზაზე გავარვარებული პლატოდან თანდათან დიდებული თეთრი ვულკანის თოვლიანი მწვერვალი იკვეთება – ქათქათა ღმერთი ინდიელების სიზმრებში სახლობს.
4.
ბიჭი და სამი სახედარი კალოზე თეთრ მთას გაურბის. ბიჭს ჯოხი უჭირავს. სხვა გზა არაა.
5.
შეღამებისას ყვითელი ყვავილების მდელო თანდათან წყვდიადისკენ მიიწევს. იმავე ფერის მთვარე ამოდის.
6.
ავტობუსი დახვეულ მთას ქვემოთ ტრიალით + ტრიალით მიუყვება. მთვარე საქანელაზე ველურივით ქანაობს. მისთვის იმდენი პათეტიკური სტროფი მიუძღვნიათ, რომ კიდევ ერთს მშვიდად ვეღარ აიტანს.
7.
ხალაპაში მთელი თავით მაღალი ვარ სხვებზე, ერთმანეთისგან ერთი ფუტი ხორცი და ორი ენა განგვასხვავებს.
8.
ხალაპას ცენტრალურ პარკში, ფეხზემდგომელა მივირთმევ ჩხირზე წამოცმულ თეთრი სიმინდის ტაროს დახეხილი ყველით, კარაქით, მარილით + ცხარე სოუსით. შავი ქვის ინდიელი, სიმინდს რომ მაწვდის, სამი ათასი წელია აქ დგას.
9.
მექსიკო სითიდან მექსიკის ყურემდე და უკან ჩანთისა და ადამიანის გარეშე ვმგზავრობ. თან მხოლოდ ის მაქვს, რაც ჯიბეში ჩამეტია. დაუცველობის რაღაც ფორმაა ბარგის თან თრევის სიყვარული.
10.
ორი საათი ამ ქალაქში საკმარისია, ვიგრძნო, რომ აქ სამუდამოდ დარჩენა მინდა. (ასე მოქმედებს ჩემზე ყოველი უცხო ადგილი) ეკლესია მაღალი გუმბათიდან ზარების რეკვით ძველთაძველ ნიშანს გვაძლევს: ილოცეთ.
11.
ხალაპას ზღაპრული ბაღი დილაადრიან, ტერასებზე ავყვავებული ჯაკარანდას ვეებერთელა ხეები, ნაძვები + პალმები, ზარივით რეკენ შავი ჩიტები, ფუყეხმიანი ჩიტები ერთმანეთს ისე უხმობენ, თითქოს გოგრებს ერთმანეთს ახეთქებენო. შორს ციალებს დიდებული თეთრი ვულკანი – ვერ წვდება ამომავალი მზე.
12.
მზისგან დამწვარი კაცები თეთრი კოვბოის ქუდებში შადრევნის ირგვლივ ჯგუფ-ჯგუფად დგანან, მათი ხმები იკარგება ფუყეხმიანი ჩიტების ხმებში. მზით განათებულ თეთრი ქვის მოაჯირთან ერთმანეთს სწავლობენ შეყვარებული სტუდენტები. მზე აცხუნებს და ადნობს არა მთას.
13.
ავტობუსი უკან, ვერაკრუზისკენ ეშვება, უცებ იშლება თვალუწვდენელი სანაპირო. ტროპიკული შეგრძნება მიპყრობს – საიდანღაც ჩნდება ყავის პლანტაცია + პალმები, ყველაფერი პატარაა პეიზაჟის გარდა, ჩოჩორის ზომის ცხენები, პატარა შავი ავოკადო; პატარა ძლიერი კაცები მაჩეტეთი თავისთვის ისევ იმეორებენ: Me llamo yo.*
*Beatitudes Visuales Mexicanas (ვიზუალური) ნეტარება მექსიკაში
*bellas artes insurgentes. Exactamente.(ესპ.) მშვენიერი მეამბოხე ხელოვნება. ზუსტად.
* Poesía Insurgente. (ესპ.) მეამბოხე ხელოვნება.
* la luz del mundo. (ესპ.) ნათელი სამყაროში
* Me llamo yo. (ესპ.) მე მქვია მე
Poetry Magazine (June 2015)
დანტესგან განსხვავებით
დანტესგან განსხვავებით
რომელმაც ზეციურ აღმართ-დაღმართებზე
კომედია აღმოაჩინა
მე სულ სხვანაირ სამოთხეს
დავხატავდი
სამოთხეში კი შიშველ ხალხს
როგორც საერთოდ ხატავენ ხოლმე
ასეთ სცენებში
რადგან
ეს იქნებოდა
ნახატი მათ
სულებში
იმ ტილოზე ვერ ნახავდით ემოციურ ანგელოზებს რომლებიც უხსნიან
თუ რატომაა
ზეცა მონარქიის იდეალური
სახე
ვერც ჯოჯოხეთის ცეცხლს
ქვესკნელში
სადაც შეიძლება მეც კი აღმოვჩნდე
და ვერც სხვა საკურთხეველს გარდა შადრევნებისა
საიდანაც წარმოსახვა მოჩქეფს
A Coney Island of the Mind (1958)
***
ცეცხლის ალში გახვეული ნიშანს გაძლევ.
ჩრდილო პოლუსი იქ აღარაა სადაც იყო.
ამერიკული პროგრესი აღარაა პროგრესი.
ცივილიზაცია თავს ინადგურებს.
ნემესიდა კარზე აკაკუნებს.
რა დანიშნულება აქვთ პოეტებს ასეთ დროში?
რა საჭიროა პოეზია?
მდგომარეობა მთელ მსოფლიოში მოგვიწოდებს გადავარჩინოთ პოეზია.
თუ პოეტი ხარ, შექმენი ნაწარმოები, რომელიც გაუძლებს აპოკალიპტური ეპოქის გამოწვევას, თუნდაც მისი მნიშვნელობა აპოკალიპტურად ჟღერდეს. შენ ხარ უიტმენი, შენ ხარ პო, შენ ხარ მარკ ტვენი, შენ ხარ ემილი დიკინსონი და ედნა სენტ ვინსენტ მილეი, შენ ხარ ნერუდა და მაიაკოვსკი და პაზოლინი, შენ, ამერიკელი ხარ თუ არაამერიკელი, შენ შეგიძლია დამპყრობლები დაიპყრო სიტყვით…
Poetry As Insurgent Art (2005)
****
პოეზია არის ფანჯარა, საიდანაც ყველაფერი ისე ცხადად ჩანს, როგორც არასოდეს.
ყოველი ლექსი ნამდვილი არსებობის დედააზრია, ვნების შვილი.
პოეტი ტრანსმოცეკვავეა უკანასკნელ ვალსში.
თვალები & ტუჩები სიყვარულის კარია, მხედველობა & ხმა პოეზიის კარიბჭე.
პოეზია არის მცენარე, რომელიც ღამე იზრდება, რომ თქვას სურვილის სათქმელი.
ის არის amore, pan’e vino.
ის არის მედიტაცია ჩვენსა და ყოველდღიურ რეალობას შორის.
ის არის მედიტაცია რომელიც შორს მოცურავეს მარტოობას უქარვებს.
ის ემსახურება ბევრ ბატონს, რომელთაგანაც ყველა ნეტარი როდია.
მეტყველება პოეზიისთვის იგივეა, რაც ბგერა მუსიკისთვის ყველა რეგისტრში.
პოეზია არის არაფრისგან რაღაცის შექმნა.
მისი დანიშნულება ბრწყინვალე სხივად მოვლინებაა.
პოეზია სიყვარულის მსგავსად ძნელად კვდება ნანგრევებში.
პოეზია სიყვარულის მსგავსად ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია.
პოეზია მთელი ხმით გაჰყვირის ჩვენი შიშისა და სიყვარულის შესახებ.
ის ზოგჯერ საკუთარ ჩრდილს აწყდება შუაღამისას და გული უსკდება.
პოეზია უხილავის ხელის ანაბეჭდია, ხილული რეალობის ფეხის ნაკვალევი, რომელიც მას ჩრდილივით თან დასდევს.
სიყვარული ნეტარებს სიყვარულში. სიხარული ნეტარებს სიხარულში. პოეზია ნეტარებს პოეზიაში.
დიდი პოეზია რომ დაიბადოს, საჭიროა შიმშილი და ვნება.
მოყვარულისთვის ის მარგალიტია, მოძულესთვის ეკალი.
გონების აზრით, მან გულისკენ მისასვლელი გზები იცის.
მოაზროვნე პოეზია აღტყინების გარეშე არ არსებობს.
პოეზია არის საკუთარი კანით აზროვნება.
და ყველა ბავშვი, ვისაც ფარვანას დაჭერა შეუძლია, ფლობს პოეზიას.
თავად ცხოვრება უდიდესი ტრაგიკომიკური პოემაა.
და პოეტი თავად უნდა გაერკვეს ჩიტების ჟრიამული აღტყინებული შეძახილია თუ სასოწარკვეთილი გოდება.
პოეზია მომღერალთა დაშლილი გუნდია სადაც ბოლოს ტკბილად მღეროდნენ ჩიტები.
პოეზია კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარია ბნელ ეპოქაში.
და პოეტი
როგორც ეროსის მატარებელი
როგორც სიყვარულის მატარებელი
და სიამოვნების და სიხარულის
და სრული თავისუფლების
მატარებელი
უნდა განისაზღვროს, როგორც
სახელმწიფოს, ანუ სტრუქტურის,
რომელიც ჩვენს ყველა თავისუფლებას ჭამს,
ბუნებრივი, არამოძალადე
მტერი.
Americus (2003)
#8
იმ სახეს სიბნელე
წამში კლავდა
იმ სახეს სულ ადვილად აზიანებდა
სიცილიც და სინათლეც
ღამით სულ სხვა აზრები მოგვდის თავში
მითხრა ერთხელ და
უკან ზანტად გადაწვა
კოკტოს ციტირება უყვარდა
მე ვგრძნობ ანგელოზს ჩემში
და ის ჩემით შეძრწუნებულია
– ხშირად მეტყოდა
მერე გამიღიმებდა თვალს მომაშორებდა
სიგარეტს მოუკიდებდა მომაწვდიდა
ამოიოხრებდა ადგებოდა
გაიზმორებოდა
ნატიფი სხეული მოეშვებოდა და
წინდა ნელ-ნელა ჩამოუცურდებოდა.
Pictures of the Gone World
რა უნდა უთხრას
რა უნდა უთხრას სულელ დათუჩას
ან რა უნდა უთხრას ძმას
ან რა უნდა უთხრას
ფაფუკფეხება კატას
ან რა უნდა უთხრას დედას
მას მერე რაც გაბრუებული იწვა
მაღალ ყვავილებში
მდინარის გავარვარებულ ნაპირზე
სადაც მისი საყვარლის სუნთქვისგან ჰაერი გაიბზარა
გვიმრები მიწას განერთხნენ
ჩიტები კი გაგიჟდნენ
და ხეებიდან გადმოეშვნენ
მიწაზე დაღვრილი ჯერ კიდევ ცხელი
სპერმის თესლების გემოს გასასინჯად.
These are My Rivers: New & Selected Poems, 1955-1993
პარკ ოქროს კარიბჭეში ამას წინათ
ამას წინათ ოქროს კარიბჭეში
ერთი კაცი ცოლთან ერთად
თვალუწვდენელ მდელოზე მოდიოდა
ის მდელო იყო მთელი სამყაროს მდელო
კაცს მწვანე აჭიმები ეკეთა
და ძველი შელახული ფლეიტა ეჭირა
ხელში
მის ცოლს ყურძენი მოჰქონდა
და გზადაგზა ციყვებს აჭმევდა
საკუთარი
ხელისგულიდან
და მერე ორივემ გადაიარა
ის უზარმაზარი მდელო
რომელიც იყო მთელი სამყაროს მდელო
და მერე
ყველაზე მყუდრო ადგილას სადაც ხეები თვლემდნენ
და როგორც ჩანს მთელი სიცოცხლე ამ წყვილს
ელოდნენ
დასხდნენ ერთად ბალახზე ისე რომ
ერთმანეთს არ უყურებდნენ
და ჭამეს ფორთოხალი
ისე რომ ერთმანეთს არ უყურებდნენ
და ქერქი ჩაყარეს
პატარა კალათში რომელიც
ეტყობა ამისთვის წამოიღეს
ისე რომ ერთმანეთს არ უყურებდნენ
და მერე
კაცმა გაიხადა პერანგი და მაისური
ქუდი სახეზე
ჩამოიფხატა
და ქუდს ამოფარებულმა
უსიტყვოდ დაიძინა
და მისი ცოლი იჯდა უყურებდა
ჩიტებს იქვე რომ დაფრინავდნენ
და ერთმანეთს ისე ეძახდნენ
თითქოს ეგზისტენციალურ საკითხებს არჩევენ
ან რაღაცის გახსენებას ცდილობენო
და მერე
ქალიც დაწვა
იწვა და უყურებდა ზევით
არაფერს
თითებს ძველ ფლეიტაზე ათამაშებდა
რომელზეც არავინ უკრავდა
და ბოლოს გადახედა
კაცს
სახეზე განსაკუთრებული არაფერი ეწერა
მხოლოდ სადღაც თვალის კუთხეში გამოკრთა
ღრმა დეპრესია
These are My Rivers: New & Selected Poems, 1955-1993
© არილი