მოგზაურობა ღამის კიდეზე
ფრაგმენტი რომანიდან
ფრანგულიდან თარგმნა ლალი ლალიაშვილმა
ბაღის სიღრმეში, დედაბრის ქოხმახის ირგვლივ ძველი ცოცხებისა და დამტვრეული საქათმე გალიების გროვა იდგა. ეს ყველაფერი ირგვლივ აღმართული შენობების ჩრდილქვეშ მოქცეულიყო. დედაბერი თავის ბუნაგიდან არასოდეს გამოდიოდა. მისთვის საკვების მოწოდებაც კი მთელი ამბავი იყო. შინ საკუთარ შვილსაც არ უშვებდა, ეშინოდა მკვლელებისა და მძარცველების.
რძალმა ახლა სხვა საშუალება გამონახა ოჯახის ეკონომიკის გასამყარებლად და ქმარს კბილი მოუსინჯა, ურიგო არ იქნებოდა დედა სენ-ვენსენის მოწყალების დებთან მიგვებარებინა, ისინი ხომ სწორედ ასეთ უსაშველო მოხუცებს ეფოფრებიანო. ქმარი დუმდა. მთელი მისი არსება იმ შეუნელებელ გუგუნს მოეცვა, ყურში რომ ედგა. “არ მაძინებს ეს გრუხუნი”, – ჩაილაპარაკა თავისთვის. მართლაც ძილს ვერ იკარებდა, გულისყურით უსმენდა საყვირის, დაფდაფისა და ორკესტრის ხმებს… დღეცა და ღამეც ამ ყოფაში იყო. ხმაურს ვერ იშორებდა თავიდან.
თუმცა თანდათან, რამდენიმე თვეში ამ ახალ ჭირსაც შეეჩვია და სენ-უენის ბაზარსაც კი მიაკითხა ცოლთან ერთად. ეს ბაზარი ყველაზე იაფ ბაზრად ითვლებოდა იმ მიდამოებში. ცოლ-ქმარი დილიდან გადიოდა და მთელ დღეს იქ ატარებდა. ეს დრო იმისთვის იყო საჭირო, რომ გათვლები გაეკეთებინათ და ფასებზე მოელაპარაკათ, სცოდნოდათ, რაზე შეიძლებოდა ფულის დაზოგვა… დაღამებისას, როცა ქუჩა წყნარდებოდა, ანრუებს მძარცველებისა და მკვლელების შიში იპყრობდა. განსაკუთრებით – ქალს. კაცი კი სასოწარკვეთილი, თავის გრუხუნს უბრუნდებოდა.
– “ასე როგორ დავიძინებ! – განგებ ხმამაღლა იმეორებდა, რომ საკუთარი თავი პანიკაში ჩაეგდო. “ვერც კი წარმოიდგენ!..” – ეუბნებოდა ცოლს.
ცოლს კი არც უცდია გაეგო რას ლაპარაკობდა ქმარი და ვერც წარმოედგინა, რატომ შეიძლება ყურებმა აგრერიგად შეაწუხოს ადამიანი.
– “ეგ არაფერია! ყური დამიგდე, ჯობია დედას მივხედოთ. რამე უნდა ვიღონოთ, ხომ ხედავ, ცხოვრება დღითი დღე ძვირდება, დედაბრის შენახვა კიდევ უფრო გაჭირდება… ნამდვილი ინფექციის ბუდეა მისი საცხოვრებელი!..”
ერთადერთი სტუმარი, ანრუები რომ იღებდნენ, მოსამსახურე ქალი იყო. ქალი კვირაში სამჯერ დადიოდა მათთან. მოსამსახურე საწოლის დალაგებაშიც ეხმარებოდა ქ-ნ ანრუის და ათი წლის განმავლობაში ლეიბის ყოველ გადაბრუნებაზე, ქ-ნი ანრუი რაც შეეძლო ხმამაღლა აცხადებდა: “არასოდეს ვაჩერებთ ფულს სახლში”, იმ ანგარიშით, რომ მოსამსახურე მის სიტყვებს ყველგან და ყოველთვის გაიმეორებდა. ამით თავს იზღვევდა მოსალოდნელი გაქურდვისა და მკვლელობისაგან.
მანამ ცოლი და ქმარი თავის ოთახში ავიდოდნენ, საგულდაგულოდ კეტავდნენ ყველა გასასვლელს, თან ერთმანეთს ამოწმებდნენ. ბაღის სიღრმეში დედაბრის ქოხსაც შეავლებდნენ თვალს, ენთო თუ არა ლამფა, რაც ნიშანი იყო იმისა, რომ ცოცხალია. ის ხომ არასოდეს აქრობდა ლამფას. ზეთსაც ხომ უმოწყალოდ ხარჯავდა. მკვლელების ეშინოდა, ეშინოდა შვილებისაც. ოცი წლის მანძილზე, ზამთარი იყო თუ ზაფხული, არასოდეს გაუღია ფანჯარა და არც ლამფა ჩაუქრია.
დედაბრის მწირ პენსიას ვაჟიშვილი განაგებდა და მის შენახვას ახმარდა. საჭმელს კარებთან უტოვებდნენ. ფულს უზოგავდნენ. თითქოს არაფერი უჭირდა, მაგრამ სულ წუწუნებდა. კარებიდან ილანძღებოდა თუ მის სოროს ვინმე მიუახლოვდებოდა. “განა ჩემი ბრალია, რომ ბერდებით დედილო, – სცადა გამოლაპარაკება რძალმა, – სნეულება მოგძალებიათ, როგორც ყველა ასაკოვანს…”
– “ასაკოვანი თავი გაბია! არამზადავ! კახპავ! სწორედ შენ მდებ მაგ ბინძური ტყუილებით სამარეში!..”
დედაბერი გახელებული უარყოფდა თავის ხნოვანებას… უარყოფდა ყველაფერს, რაც მისი ქოხის მიღმა ხდებოდა. მასთან შერიგებისა თუ მიახლოების ყველა ცდა ამაო იყო. ეგონა, კარს თუ გააღებდა, ავსულები შემოეჭრებოდნენ, შეიპყრობდნენ და ბოლოს მოუღებდნენ.
– “გათახსირებულებო, – გაჰყვიროდა დედა ანრუი, – თვალები ყველგან გამოგისხიათ და პირები ჭიპამდე დაგიფხრეწიათ, რომ მხოლოდ ტყუილი როშოთ… ესეთები ხართ ყველა…”
ის ტამპლის ბაზარში ნასწავლი ენით მეტყველებდა, სადაც პატარქალობაში დედასთან ერთად ძველმანებით ვაჭრობდა. იგი იმ მდაბიოთა ფენას ეკუთვნოდა, რომელიც არ უფრთხის სიბერის მოახლოებას.
– “თუ ჩემს ფულს არ მომცემ, სამუშაოდ გავალ! გასძახოდა რძალს, – გესმის წუპაკო? სამუშაოდ გავალ!”
– “ძალა რო აღარ შეგწევთ დედილო!”
– “ვის არ შესწევს ძალა! შემოეთრიე ერთი ამ სოროში, მაშინ გიჩვენებ ყოფის ჭამას!”
და ცოლ-ქმარიც გაერიდებოდა ხოლმე მის თავშესაფარს.
ეტყობა ანრუებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რადაც უნდა დასჯდომოდათ, ეჩვენებინათ ჩემთვის დედაბერი, და ამიტომაც მიმიწვიეს. მაგრამ იმისათვის, რომ ჩემი ვიზიტი შემდგარიყო, საჭირო შეიქნა მთელი რიგი ხრიკების მოხმობა. კარგად ისიც არ მესმოდა, რას ელოდნენ ჩემგან.
როგორც ჩანს, ბაბრის დეიდამ, კონსიერჟმა, შთააგონა მათ, რომ წყნარი, თავაზიანი, დაუზარელი ექიმი ვიყავი… ცოლ-ქმარს აინტერესებდა, შემეძლო თუ არა მოხუცის მორჯულება მხოლოდ წამლების საშუალებით… თუმცა ერჩივნათ, განსაკუთრებით კი რძალს, ერთხელ და სამუდამოდ ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გამემწესებინა…
მთელი ნახევარი საათი ვაკაკუნეთ, ბოლოს კარი გაიღო და მოხუციც გამოჩნდა. გამხმარი, განაცრისფერებული ლოყების ზემოთ მოვარდისფრო ქუთუთოებიდან ცოცხალი თვალები მოგჩერებოდა. გაფორიაქებდა მისი შემოხედვა, ყველაფერს გავიწყებდა იმ ხალისის შეგრძნება, მისდაუნებურად რომ გამოკრთოდა თვალებიდან, და ინსტინქტურად ცდილობდი ეს შეგრძნება დიდხანს შეგრჩენოდა.
იყურებოდა და აცოცხლებდა ირგვლივ წყვდიადს ყმაწვილური ხალისით. ოდნავი, მაგრამ უტყუარი გატაცებით, რისი უნარიც ჩვენ დღეს უკვე აღარ გაგვაჩნდა. გაბზარული ხმით ილანძღებოდა, მაგრამ, როგორც კი იწყებდა ჩვეულებრივად ლაპარაკს, ხმა ეწმინდებოდა. ცოცხლდებოდნენ აზრები და ფრაზები და ისე ეწყობოდნენ, თითქოსდა ჯირითით მოჰყვებოდნენ ერთმანეთს. ახლაც ისევე გამოსდიოდა საუბრისა და სიმღერის მონაცვლეობა, როგორც იმ ხანად, როცა იმდენად ბუნებრივი იყო ასე მეტყველება, რომ ვისაც ეს ძალდაუტანებლად არ შეეძლო, ხეპრედ და შტერად ითვლებოდა.
მოხუცი ახლადამოყრილი ტოტებით შემოსულ ბებერ ხეს ჰგავდა. მხიარული იყო დედაბერი; უკმაყოფილო და ბუზღუნა, ჩაბინძურებული, მაგრამ მაინც მხიარული. ოდნავადაც არ დაეთრგუნა უპოვრობასა და სიდუხჭირეს, რომელშიც ოც წელზე მეტი იყო, ცხოვრობდა. ის კი არა, თავისი ბუნაგის მიღმა არაფერს ცნობდა, თითქოს სიცივე, სიკვდილი და ყველა უბედურება სწორედ გარედან ემუქრებოდა. აქ უშიშრად იყო, ეჭვიც არ ეპარებოდა თავის საღ გონებაში, ისე სწამდა საკუთარი თავის, როგორც რაღაც უტყუარის და სამუდამოდ გადაწყვეტილის. მე კი ამგვარი რწმენის მოპოვების ძიებაში ქვეყანა მოვირბინე.
გიჟად თვლიდნენ მოხუცს, ამის თქმა ადვილი კია, მაგრამ საბაბი მხოლოდ ის იყო, რომ თორმეტ წელიწადში სამჯერ მეტად არ გამოსულა თავისი ბუნაგიდან. ალბათ, ჰქონდა მიზეზები, მაგრამ არ აპირებდა ჩვენთვის გამხელას… არ უნდოდა რამე დაეკარგა… არ გვიმხელდა, რომ ცხოვრება აღარ ხიბლავდა.
რძალი ისევ ფსიქიატრიული ჰოსპიტალის თემას უტრიალებდა.
– “ხომ ხედავთ, ექიმო, რა შერეკილია… შეუძლებელია გარეთ გამოაგდო. თუმცა სასარგებლო კია მისთვის დრო და დრო მაინც ჩაყლაპოს ჰაერი… ახ, დედილო როგორ გარგებდა!.. უარს ნუ ამბობ… შენთვის უკეთესია, დამიჯერე!”
ჩვენ მის გარეთ გამოტყუებას ვცდილობდით, გაქსუებული და მიუკარებელი დედაბერი კი თავს ჯიუტად აქნევდა.
– “არ უყვარს, ყურადღებას რომ აქცევენ… ურჩევნია აქვე კუთხეში მოისაქმოს… იყინება და ცეცხლსაც არ ანთებს… შეუძლებელია, ექიმო, ასე ხომ არ დავტოვებთ ქალს”.
თავს ვიკატუნებდი, თითქოს არაფერი მესმოდა. ბატონი ანრუი კი ბუხართან იდგა, ჩვენგან მოშორებით, არ ერეოდა საუბარში და არც სურდა გაეგო, ჩვენ რას გადავწყვეტდით…
დედაბერი თავისას გაიძახოდა:
– “დამიბრუნეთ, რაც მეკუთვნის, რომ წავიდე აქედან!.. თავი ხომ უნდა ვირჩინო! ბოლოს და ბოლოს თქვენი სალაპარაკო აღარ ვიქნები!..”
– “როგორ იცხოვრებ, დედილო? წელიწადში სამი ათასი ფრანკი გაგწვდება? ვნახოთ!.. ცხოვრება გაძვირდა მას შემდეგ, ბოლოჯერ რომ გამოძვერით თქვენი სოროდან!.. ხომ ასეა ექიმო, ურჩევნია მოწყალების დებთან გადავიდეს, რასაც ჩვენ ვურჩევთ… კარგად მოუვლიან, კეთილშობილი ხალხია…”
ზიზღს ჰგვრიდა დედაბერს მათი ხსენება. – “მოწყალების დებთან?.. რა მინდა მოწყალების დებთან?.. ცხოვრებაში არ მქონია მათთან საქმე!.. იქნებ მღვდელსაც დამაჯახოთ!.. არ მეყოფა ფული, როგორც თქვენ ამბობთ, წავალ და ვიმუშავებ!..”
– “იმუშავებ? დედილო სად იმუშავებ? გესმის, ექიმო, რა აზრები აქვს? იმუშავებს! მის ასაკში, ოთხმოცი წლის ასაკში! რა სიგიჟეა! ვის სჭირდება ექიმო? დედილო, მთლად შეიშალე!..”
– “მაშ გიჟი ვარ და არავის ვჭირდები? სამაგიეროდ, შენნაირი კახპა ჭირდება ყველას!..”
– “გესმით, ექიმო, როგორ ბოდავს. მლანძღოს და კიდევ მე მოვუარო?”
მოხუცი ახლა მე მომადგა, როგორც ახალ საფრთხეს.
– “ამას ვიღამ მოახსენა, რომ გიჟი ვარ? ჩემს თავში ზის, თუ თქვენსაში? მაშ საიდან გაიგო?.. მომშორდით აქედან, თქვენ გეუბნებით, გზა ნახეთ!.. გულს მიღონებთ, როგორც გრძელი ზამთარი, თუმცა თქვენ ზამთარზე უარესები ხართ! მომწყდით აქედან, ჯობია შვილიკოს მიმიხედოთ, აქ რომ მიწამლავთ სისხლს. მას ჩემზე მეტად ჭირდება ექიმი! კბილებიც დასცვივდა უკვე, თუმცა, როცა ჩემს ხელში იყო, მშვენიერი კბილები ჰქონდა. გასწით, მომწყდით, რომ გეუბნებით, თქვენ თავს მიხედეთ-მეთქი”, – და კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნა.
დედა ანრუი ახლა თავის ბუნაგიდან გვითვალთვალებდა. ეზო გადავკვეთეთ და უკვე საკმაოდ შორს წასულებს მისი ხითხითი მოგვესმა. დაგვცინოდა. ამჯერადაც გადაგვირჩა.
უშედეგო იერიშიდან დაბრუნებულებს ბატონი ანრუი იქვე დაგვხვდა ბუხართან. მისი ცოლი ისევ გულს მიწვრილებდა ერთი და იმავე კითხვებით… პატარა თავი, ყავისფრად შეღებილი თმა და ეშმაკური გამომეტყველება ჰქონდა. ჟესტებით არ ლაპარაკობდა. ლაპარაკისას იდაყვებს ტანს არ აშორებდა. ცდილობდა ჩემი ვიზიტიდან რამე სარგებელი ენახა… ცხოვრება ძვირდება და ძვირდება… მოხუცის პენსია აღარ ყოფნით… თავადაც ასაკში შედიან… მობეზრდათ სულ იმის შიში, რომ მოხუცი უპატრონოდ არ მოკვდეს. არ ამოიბუგოს თავის რწყილიან-სიბინძურიანად… ნაცვლად იმისა, რომ რიგიან თავშესაფარში წავიდეს, სადაც მშვენივრად მოუვლიან…
თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს მეც ამ აზრს ვადექი და მათაც კეთილი თვალით დამიწყეს ყურება. მარწმუნებდნენ, რომ ჩემს ქებას მთელს უბანს მოსდებდნენ, თუკი შემებრალებოდნენ და შევძლებდი მომეშორებინა მათთვის მოხუცი… ეს ბეჩავი კი თავის ყოფას რატომღაც ვერ ელეოდა…
– “მერე გავაქირავებთ კიდეც ამ პავილიონს”, – გამოთქვა აზრი ანაზდად გამოცოცხლებულმა ანრუიმ. ცოლმა უტაქტობისთვის ფეხი დააბიჯა მაგიდის ქვეშ. ანრუი ვერაფერს მიხვდა.
მანამ ცოლ-ქმარი კინკლაობდა ვითომდა ჩემდა ფარულად, მე უკვე წარმოვიდგინე, როგორ ჩავიჯიბავ ათასფრანკიანს მხოლოდ იმისათვის, თუკი დედაბერს ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში მიღების ცნობას მივცემ. ანრუები ხომ ამაზე ოცნებობდნენ…
როგორც ჩანს, ბაბერის დეიდამ ნდობით განაწყო ჩემს მიმართ ისინი და დაარწმუნა, რომ ჩემზე საწყალი ექიმი მთელ რანსიში არ მოიძებნება… და ჩემთან მორიგებაც ადვილია… ფლორიშონს კი როგორ შეკადრებდნენ ამას! ის ხომ პატიოსანია!
ამ ფიქრებში ვიყავი, დედაბერი რომ შემოვარდა ოთახში. საკვირველია, თითქოსდა იყნოსაო, რას ვუმზადებდით. კაბის კალთა ხელით ეჭირა. შემოვარდა თუ არა, ლანძღვა დაგვაყარა, განსაკუთრებით მე. მხოლოდ ამისთვის გამოვიდა თავის ბუნაგიდან.
– “თახსირო!” – მომახალა. – “წაეთრიე, შენ გეუბნები, მოშორდი აქედან! ძალიან გაგივიდა თავს!.. არ წავალ გიჟებთან!.. და მით უმეტეს, არც მოწყალების დებთან, უკვე გითხარი!… ჩემთან არაფერი გაგივა, იაფად მოსყიდულო!.. ჩემზე წინ ეს ვიგინდარები წავლენ, მოხუცი ქალის მძარცველები!.. და შენც, ნაძირალავ, მალე ციხეში ამოყოფ თავს!..”
ბედი არ გინდა! ერთი ხელის მოსმით შეიძლებოდა ჩამეჯიბა ათასი ფრანკი! მე კი აქ ყოფნის გასამრჯელოც არ მითხოვია!
დედაბერი ახლა ქოხის მოაჯირიდან მომძახოდა: “ნაძირალა! თახსირო!”
დიდხანს გაისმოდა სიბნელეში მისი ხმა. მაგრად გაწვიმდა! ნათურიდან ნათურამდე თითქმის სირბილით გადავედი. როგორც იქნა მივაღწიეს ფეტის მოედნის ტუალეტს. ესეც თავშესაფარია.
© ”არილი”