ნანა კობაიძე
ზუსტად არ მახსოვს, 2002 ან 2003 წელი იქნებოდა, თამარ ლებანიძეს ინტერვიუს ჩასაწერად კეკელიძეზე, “დიოგენეს” ძველ ოფისში ვსტუმრობდი. საუბრის დასრულების შემდეგ ჩემმა რესპონდენტმა გამომცემლობის ახალი წიგნებიდან ერთ-ერთის არჩევა შემომთავაზა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, გივი მარგველაშვილის “მუცალი” იყო. თარგმანი მაია ბადრიძეს ეკუთვნოდა, რომლისთვისაც ეს პროფესიული დებიუტი გახლდათ. იმ პერიოდში მისი სახელი ლიტერატურის მოყვარულებს ბევრს არაფერს ეუბნებოდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მუზილისა და იუნგის ტექსტებით კიდევ უფრო კარგად გაიცნო მკითხველმა მაია ბადრიძე. ეპოქალურ “უთვისებო კაცს” და არანაკლები მნიშვნელობის იუნგის ტექსტებს ავსტრიული ლიტერატურის კიდევ ერთი მძიმეწონოსანი -ჰერმან ბროხი მოჰყვა: რომანი-ტრილოგია “მთვარეულები” მკითხველმა ქართულ ენაზე რამდენიმე თვის წინ იხილა. მათი თარგმნისთვის ავსტრიის მხარემ პრესტიჟული ჯილდო – ბუნდესკანცლერის პრემია მიანიჭა. ქართულ რეალობაში “გალას” ფლობს, თუმცა ეს ყველაფერი სიმბოლურია. ვერცერთი პრემია ვერ გადაწონის “უთვისებო კაცზე” მუშაობისას გამოვლილ შვიდწლიან ჯოჯოხეთს, რომელიც ეგონა, არასოდეს დასრულდებოდა; იუნგის თითოეულ ნაშრომში ჩაღრმავებისა და მისი ენის “შექმნის” დამქანცველ პროცესს; ბროხის “ღირებულებათა რღვევის” გაურკვევლობას და ქაოსს, მთვარეულის ბოდვას რომ ჰგავდა… განვლილი გზა წარმოუდგენლად რთული იყო, თუმცა სიძნელეებმა პროფესიულად გაზარდა და გამოაწრთო. დღეს ამ ხელობის საიდუმლოებს ახალგაზრდა მთარგმნელებს უზიარებს და მათგანაც ბევრს სწავლობს. მაია ბადრიძე საკუთარი თავისა და შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ “არილის” მკითხველს უამბობს.
დაგვიანებული “მუცალი”
სხვა მთარგმნელების მსგავსად, მისი ცხოვრებაც ტექსტებისგან შედგება. ერთგვარი ფაზლია – თარგმნილი წიგნებით აწყობილი. ამ თამაშში დიდი ხნის წინ ჩაერთო. პირველად იყო “მუცალი” – ცნობილი მწერლის, ფილოსოფოსისა და დისიდენტის, გივი მარგველაშვილის რომანი. “მე წიგნის პერსონაჟი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვცხოვრობ და მხოლოდ წიგნის ორ ყდას შორის გამომწყვდეულს შემიძლია არსებობა” – ასე იწყებოდა ნაწარმოები, რომელმაც პირველივე სტრიქონებიდან მონუსხა და მისი, როგორც მთარგმნელის მომავალი განსაზღვრა.
“ჩემი მთარგმნელობა იმ ცივ და გაყინულ 90-იან წლებში ძალზე სპონტანურად დაიწყო. მთელი სტუდენტობა გივი მარგველაშვილის სახელი მესმოდა. ეს იყო ადამიანი-ლეგენდა, რომელიც მითივით ცხოვრობდა ამ ქალაქში. თითქმის არავის ენახა. დადიოდა ხმები, რომ არაჩვეულებრივ და უცნაურ ნაწარმოებებს ქმნიდა, თუმცა არც ისინი წაეკითხა ვინმეს. ანკი როგორ უნდა წაგვეკითხა, როცა ბატონი გივი გერმანულად წერდა, მისი ტექსტები კი მხოლოდ ხელნაწერების სახით არსებობდა. წიგნებად 90-იანების ბოლოს გამოიცა, მას შემდეგ, რაც გერმანიის მოქალაქეობა დაუბრუნეს და საქართველოდან წავიდა. საოცრად ტრაგიკული ბედის ავტორია. საერთოდ, ტრაგიზმი იმ თაობის დამღა იყო, მაგრამ გივი მარგველაშვილი მათ შორისაც გამოირჩეოდა. ეს ხვედრი მისმა წიგნებმა, უფრო სწორად, ხელნაწერებმაც გაიზიარეს – ხან “კაგებე” აპატიმრებდა, ხან თავად უწევდა მათი უჯრაში გამომწყვდევა”.
70-იანი წლების დასაწყისში თბილისს ჰაინრიხ ბიოლი სტუმრობდა. “კაპიტან ვაკუშით” აღფრთოვანებულს ხელნაწერის წაღება უნდოდა, თუმცა მასთან შეხვედრამდე საბჭოთა დაზვერვამ გივი მარგველაშვილს ტექსტი დროებით ჩამოართვა, რათა ბიოლის დახმარებით დასავლეთში არ გაეღწია. მწერლის ნააზრევმა წლების შემდეგ მაინც იხილა დღის სინათლე.
“როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ვთხოვე ალეკო კარტოზიას, ბატონი გივის რომელიმე წიგნი მოეწოდებინა. მომიტანა გერმანიაში გამოცემული “მუცალი”. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, ემოციისგან დასაცლელად სასწრაფოდ თარგმნას შევუდექი. ეს გახლდათ ჩემი პირველი შეხება თარგმანთან, ერთგვარი ნათლობა თუ ამაზე სერიოზულად დაფიქრების პერიოდი.
სულ ვამბობ, რომ “მუცალი” ერთ-ერთი უიღბლო ნაწარმოებია, რომელმაც დიდი ხნით დაიგვიანა. წარმოიდგინეთ 60-იანი წლების პოსტმოდერნიზმი. იმ პერიოდში ასე არავინ წერდა. მსგავსი რამ არათუ საბჭოთა კავშირში, ევროპულ ლიტერატურაშიც არ მახსენდება. არადა, 90-იანებში, როდესაც წიგნად გამოიცა, უამრავი ასეთი ტექსტი არსებობდა (ეს მის მხატვრულ ღირებულებას ოდნავაც არ აკნინებს)”.
მათი ურთიერთობა უცნაურად დაიწყო. თარგმნიდა, მაგრამ ოფიციალური უფლება არ ჰქონდა. ურჩიეს, ავტორს დაკავშირებოდა. იმ პერიოდში ბატონი გივი თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას და შეხვედრა აქ დაუთქვა. გულგახეთქილი მივიდა წყნეთის ქუჩაზე, სადაც მწერალი ცხოვრობდა – ხუმრობა ხომ არ იყო, შეფასება ცოცხალი ლეგენდისგან უნდა მოესმინა!
“თავს ვიმშვიდებდი, კულტურული ადამიანია და თუ არ მოეწონება, ზრდილობიან უარს მეტყვის-მეთქი. დავიწყეთ კითხვა. ჩავათავე ერთი გვერდი, მეორე… უცებ ყვირის: – დაიბადა, დაიბადა მუცალი! ქართულად ზუსტად ასე დავწერდიო. ასეთ რეაქციას არ ველოდი და რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. ეს იყო მწვანე შუქიც, შეგულიანებაც და დასტურიც, თარგმნა გამეგრძელებინა”.
ტექსტზე წელიწადნახევარს იმუშავა. 2002 წელს “მუცალი” “დიოგენემ” გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია მაშინდელი ნაცრისფერი, ჩაჟამებული თბილისის კულტურულ ცხოვრებაში ნამდვილ ზეიმად იქცა. გივი მარგველაშვილი გოეთეს ინსტიტუტმა ჩამოიყვანა და ბოლოსდაბოლოს, ყველამ იხილა განსხეულებული მითი.
კულტურული სიმბოლოები
მუზილის თარგმნა თამარ ლებანიძემ შესთავაზა. თავად ასეთ “მონსტრთან” შეჭიდება აზრადაც არ მოუვიდოდა – ურთულესი ტექსტია. რამდენჯერმე თავის დანებებაც დააპირა, თუმცა უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ეს არ არის რიგითი რომანი. “უთვისებო კაცი” ერთგვარი კულტურული სიმბოლოა, რომელიც ნებისმიერ თავმოყვარე ერს თავის ენაზე უნდა ჰქონდეს. წიგნი ძალზე ვიწრო აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. ხუმრობენ კიდეც, მხოლოდ მთარგმნელი და რედაქტორი კითხულობენო, თუმცა, მისდა გასაკვირად, ქართველმა ინტელექტუალებმა წაიკითხეს. თანაც იმაზე მეტმა, ვიდრე ელოდა.
“გერმანულენოვანი მკითხველისთვის “უთვისებო კაცი” იგივეა, რაც ჩვენთვის “ვეფხისტყაოსანი.” რამდენიმე წლის წინ, როდესაც თარგმნა დაწყებული არ მქონდა, ამ ტექსტის იუბილეზე დამპატიჟეს. საოცარი ხალხი იყო შეკრებილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალები. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ვიყავით მხოლოდ მე და რასაკვირველია, სოლომონ აპტი, რომელმაც გენიალურად თარგმნა რომანი რუსულ ენაზე. საოცარი რეაქცია ჰქონდათ, როდესაც გაიგეს, რომ თარგმნას ვიწყებდი. ერთმანეთს ჩემზე ანიშნებდნენ, იცინოდნენ და ამბობდნენ, არ იცის, წინ რა ელისო. მერე ამიხსნეს, რომ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში სრულიად ახალი ეტაპი იწყებოდა: შემეცვლებოდა ნივთიერებათა ცვლა, ცხოვრების რიტმი და სხვა ყველაფერი დამავიწყდებოდა…”.
“ავანტიურა”, რომელშიც ნებაყოფილობით ჩაერთო, შვიდ წელიწადს გაგრძელდა. “ეს მთელი ცხოვრებაა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია – ადამიანი ხარ და იღლები. დროდადრო ტექსტისგან დისტანცირება გჭირდება, იმიტომ, რომ უბრალოდ, აღარ გესმის, რას აკეთებ. გერმანულ ენას რთული სინტაქსი აქვს, აქ კი ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ხარისხშია აყვანილი. წარმოგიდგენიათ გვერდნახევრიანი წინადადებების თარგმნა, სადაც ორად ორი ზმნაა? ქართული ენა მსგავს კონსტრუქციას ვერ იტანს, მისი დანაწევრება კი სრულიად არღვევს მწერლის რიტმს, სტილს და ინტონაციას – “დეტალებს,” რაც ჩვეულებრივ ტექსტს მხატვრულ ნაწარმოებად აქცევს. ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. ვამბობდი, თუ კაცი ამას გადაიტანს, რაღამ უნდა მოკლას-მეთქი?! ერთადერთი, გერმანელ კოლეგებთან ურთიერთობა მშველოდა – საათობით ვსაუბრობდით ყოველ პასაჟზე”.
სირთულეების მიუხედავად, ბედნიერია, რომ ამხელა საქმეს შეეჭიდა. გერმანულენოვან ლიტერატურაში უფრო დიდი რომანი არ არსებობს.
“ის ფაქტი, რომ ასეთი ტექსტი ენობრივ სივრცეში სწორედ შენი თარგმანით შემოდის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ თითოეულ ნიუანსს გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი, ვხვეწდი და ვამუშავებდი. თარგმანში ერთი სიტყვაც არ არის შემთხვევითი”.
“უთვისებო კაცის” პირველი ტომი 2008 წელს გამოიცა და ლიტერატურული პრემია “გალათი” აღინიშნა, 2012-ში კი მეორე ტომმა იხილა ნათელი, რითაც მაია ბადრიძის შვიდწლიანი ეპოპეა მუზილის სამყაროში დასრულდა. მთარგმნელმა ესტაფეტა მკითხველს გადაულოცა, რომელსაც წინ ურთულესი, ამავე დროს, თავბრუდამხვევი ინტელექტუალური თავგადასავალი ელის. “უთვისებო კაცი” მკითხველისგან ისეთსავე გამბედაობას ითხოვს, როგორსაც მოსალოდნელი ხიფათი და სიძნელეები მსოფლიოს გარშემო მოგზაურისგან” – ვკითხულობთ ანოტაციაში. თუმცა სიტყვა “გამბედაობა” მოვლენის არსს ბოლომდე ვერ გადმოსცემს. ამ წიგნის წაკითხვა და მისი ადეკვატურად გააზრება არანაკლები გმირობაა (ასე შეაფასა მაია ბადრიძის შრომა რამდენიმე წლის წინ მალხაზ ხარბედიამ), ვიდრე მისი თარგმნა (რა თქმა უნდა, გაცილებით მცირე მასშტაბის). “უთვისებო კაცის” ქართული თარგმანი ავსტრიულმა მხარემ შარშან ავსტრიის ბუნდესკანცლერის პრემიით აღნიშნა.
მუზილის ქვედინებები
“უთვისებო კაცი” იმდენად მასშტაბური ნაწარმოებია, გერმანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები 2 სემესტრის განმავლობაში სწავლობენ. მასში წამოჭრილ სოციალ-პოლიტიკურ და ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ საკითხებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა არსებობს ძირითადი თემები, რომლებიც რომანის მდინარებას განსაზღვრავს. ავტორი ორ მთავარ კითხვას სვამს: როგორია ადამიანი თანამედროვე, მოდერნული ეპოქის შუქზე და რა დამოკიდებულება აქვს რელიგიურ რეალობასთან? ამ უკანასკნელს ტოპოსი “სხვა მდგომარეობა” გამოხატავს. სწორედ სხვა მდგომარეობის, როგორც ნამდვილი, რეალური “მეს” მუდმივი ძიების მცდელობაა მთელი ეს ტექსტი. ძალიან უცნაური, წმინდად მეტაფიზიკურია ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ულრიხის დიალოგები თავის დასთან, რომელთა გამეორება შეუძლებელია. ერთგან უხსნის, რომ მეცნიერების არსი მოვლენების დაშლასა და მათ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვად აღქმაში მდგომარეობს. ასეთივე დაშლის პროცესი შეეხო სულსაც, ანუ ოდესღაც მთლიანი დღეს დაიშალა და ცვლადი სიდიდეების სისტემად გვევლინება. საერთოდ, მუზილს მიაჩნია, რომ ყოველგვარ კულტურულ და ისტორიულ სხვაობას მიღმა არსებობს ანთროპოლოგიურად მდგრადი “მე,” რომელიც ყველასთვის საერთოა. მოცემული ეპოქისა და საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა სახის ცვლილების შედეგად ვიღებთ სხვადასხვა (ელინური, ჩინური, ევროპული და ა.შ.) მენტალობის ადამიანებს. ანალიზური პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უნივერსალური “მე” გავმიჯნოთ ისტორიულისგან, რომელსაც კონკრეტული ეპოქა და საზოგადოება აყალიბებს. ამ ყველაფრის შემდეგ, რაღაც ეტაპზე ავტორი გვეუბნება, რომ ეს “მე” საერთოდაც ილუზიაა. თავად ამას “ხვრელს” (Loch) ეძახის, რომლის ამოვსების საუკეთესო საშუალებად იდეალებს და მორალს მიიჩნევს (რა თქმა უნდა, ირონიით).
“უთვისებო კაცში” მუზილი ადამიანის 9 თვისებაზე საუბრობს: სქესობრივ, სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და ა.შ. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპარი სხვადასხვა სოციალურ ფუნქციას (მაგალითად, არისტოკრატის) ირგებდა და მთელი ცხოვრება მისი გავლენის ქვეშ იყო. თანამედროვე ეპოქაში პიროვნება დადგენილი ჩარჩოებიდან გამოდის – ეძებს და ანაცვლებს უამრავ როლს, რომელთაც, შესაძლოა, ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდეთ. სწორედ ეს არის ფრაგმენტიზაცია, როდესაც მთლიანობის აღქმა დარღვეულია. ერთგან წერს კიდეც, რომ ულრიხის თვისებები მისგან დამოუკიდებლად არსებობდა და ერთმანეთთან უფრო მეტი კავშირი ჰქონდა, ვიდრე თავად ულრიხთან. გარკვეული ირონიაა თავად რომანის სახელწოდებაშიც. ზოგადად ტექსტი ძალზე ღრმა და მრავალმხრივია. ეს არ არის მკითხველის კომფორტისა და სიამოვნებისთვის დაწერილი ნაწარმოები. პირიქით, გაიძულებს მუდმივად დაძაბული და მობილიზებული იყო. “გერმანიაში მუზილს თომას მანზე ბევრად ღრმა ავტორად მიიჩნევენ. ჩვენთან მანი უფრო პოპულარულია. შესაძლოა, იმიტომ, რომ მუზილი თარგმნილი არ იყო. თუმცა ვეჭვობ, ოდესმე პოპულარულ მწერალთა რიგებში აღმოჩნდეს, რადგან ძალიან რთულ თემებზე წერს. ამ მხრივ ბროხს უფრო ენათესავება, იმის მიუხედავად, რომ სრულიად სხვადასხვა ტიპის მწერლები არიან. მათ ერთი და იგივე საკითხი აერთიანებთ – თანამედროვე ადამიანის რღვევისა და განადგურების პროცესი, თუმცა პრობლემის ხედვა და გადაჭრის გზები განსხვავებულია”.
მითების ნგრევა
მთარგმნელობითი საქმიანობა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: ათწლეულების მანძილზე საბჭოთა სივრცეში ჰერმეტულად ჩაკეტილებს მთელმა რიგმა ლიტერატურულმა პროცესებმა ისე ჩაგვიარა, მათი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით. ჟანრები არ გვქონდა, რომ არაფერი ვთქვათ სამეტყველო ენაზე. გაჩნდა დიდი სიცარიელე, რომელიც უნდა ამოივსოს. ეს სირთულე მისთვის თვალშისაცემი იუნგის თარგმნისას გახდა. “საზოგადოდ, აზროვნების ყველა სფეროს თავისი სამეტყველო ენა აქვს, მათ შორის, ფსიქოანალიზსაც. ჩვენ ეს ენა არ აღმოგვაჩნდა და არც არის გასაკვირი – როგორ უნდა შეგვექმნა ენობრივი ქსოვილი, როდესაც ამაზე არ გვიფიქრია, გვიწერია და გვიაზროვნია?! ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. დაახლოებით ისეთი განცდაა, თითქოს პირველად ნახულობ წითელ ფერს და შთაბეჭდილება სხვასაც უნდა გაუზიარო. სიბნელეში ხელების ფათურს ჰგავს, როცა საგნის არსში გარკვევას ინსტინქტის დონეზე ცდილობ”.
იუნგზე მუშაობას სხვა სირთულეებიც ახლდა: ეს არ არის სამეცნიერო ტექსტები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, უფრო სრულფასოვანი მხატვრული ნაწარმოებებია. განსაკუთრებით საინტერესო იყო ბოლო წიგნი – “პასუხი იობს,” რომელმაც წამლეკავი ლიტერატურული შთაბეჭდილება მოახდინა (ეს მხოლოდ მისი აზრი არ არის). “მიხარია, რომ დავანგრიეთ სტერეოტიპი რუსული თარგმანის უპირატესობის შესახებ – მითი, რომელიც ჩემში საოცარ მრისხანებას იწვევდა. ქართულ ენას ხომ ნებისმიერი აზრის გადმოცემა შეუძლია! უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, უბრალოდ, შესაბამისი თარგმანები არ არსებობდა. რასაკვირველია, იყო გამონაკლისებიც, თუნდაც დავით წერედიანის და ვახუშტი კოტეტიშვილის სახით, თუმცა ეს ზღვაში წვეთი გახლდათ და სრულებით ვერ ასახავდა მსოფლიო ლიტერატურის მაჯისცემას. ერთი სიტყვით, კლიშე აღარ არსებობს და დასტურად ისიც კმარა, რომ მკითხველმა იუნგი ქართულ ენაზე აღმოაჩინა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მშობლიურ ენაზე მიწოდებულ ხარისხიან თარგმანს სულ სხვა ემოციური შეფერილობა ახლავს. მკითხველის უმეტესობა ლიტერატურულ ნაწარმოებს მთელი სიღრმით მხოლოდ საკუთარ ენაზე აღიქვამს და არც არის გასაკვირი – ენა ხომ სრულიად ირაციონალური ფენომენია, რომელიც ადამიანში ლამის გენეტიკურ დონეზე დევს. არსებობენ გამონაკლისებიც, მაგალითად, სალმან რუშდი და ვლადიმირ ნაბოკოვი, რომელთათვისაც ინგლისური ენა მშობლიური არ იყო, თუმცა ეს ერთეულთა ხვედრია”.
მთვარეულობის განცდა
შარშან “დიოგენემ” მისი კიდევ ერთი თარგმანი გამოსცა – გასული საუკუნის დასაწყისის ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის პირველი რომანი-ტრილოგია “მთვარეულები,” რომელიც ავტორმა 45 წლის ასაკში გამოაქვეყნა. მართალია ბროხს ცხოვრების მთავარი წიგნი – “ვირგილიუსის სიკვდილი” ჯერ კიდევ წინ ჰქონდა, მაგრამ აქაც შესანიშნავად ჩანს მისი გაქანება და აზროვნების მასშტაბი. XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ს დასაწყსის გერმანიის მაგალითზე მწერალმა ეპოქათა ცვლის მტკივნეული პროცესი გააანალიზა და ის ტრაგიკული მომავალიც განჭვრიტა, რომლის წინაშეც კაცობრიობა ევროპულ და ზოგადად, დასავლურ ფასეულობათა სისტემის რღვევისა და ცვლილების შემდეგ აღმოჩნდებოდა.
“მთვარეულები” ჩემი არჩევანი იყო. გარდა იმისა, რომ საოცრად მომწონს, ერთ-ერთი საეტაპო ტექსტია და მინდოდა, ქართულ ენაზე ყოფილიყო. სათარგმნადაც საინტერესო გამოდგა. ზოგადად, თარგმნის პროცესი უცნაური რამ არის. ფაქტობრივად, მწერალს უტოლდები. ეს თუ არ გააცნობიერე, კარგი თარგმანი არ გამოგივა. ყოველ ახალ ავტორთან შეხვედრა ახალი სირთულეა, თითქოს ყველაფერს ნულიდან იწყებ. არა აქვს მნიშვნელობა, მანამდე რა გიკეთებია. მერე და მერე იოლდება, როდესაც ტექსტს ეჩვევი და შენს ხმას პოულობ, თორემ თავიდან ძალიან ძნელია” .
ავტორის ყურადღებას რომანში მთვარეულობის თემა იქცევს – ერთგვარი ძილ-ღვიძილის, ბურანის მდგომარეობა, როგორც მასობრივი შეშლილობის წინაპირობა. ამ საკითხს ბროხი ერთ-ერთ მონოგრაფიაშიც (“მასობრივი შეშლილობის თეორია”) ეხება, სადაც მასობრივი შეშლილობის ისტორიული წინაპირობების დეტალურ ანალიზს ახდენს და მას სხვადასხვა ეპოქის “სენად” მიიჩნევს, რომელიც გარკვეული კანონზომიერებით მეორდება. აქვე შემოაქვს ძალიან საინტერესო “მეტაფიზიკური შიშის” ცნება, როდესაც ადამიანის “მე” საკუთარი კვდომის მეტაფიზიკური მარტოობის გააზრებას იწყებს. ამას მოჰყვება პანიკური შიშის განცდა, რომლის დაძლევა, ბროხის აზრით, მხოლოდ ექსტაზით შეიძლება. ექსტაზი არის ირაციონალური სფეროს გაფართოება, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდება: ერთი, როდესაც “მე” მთელ სამყაროს მოიცავს და თავად ხდება მისი ცენტრი და მეორე – როდესაც ადამიანის არსებობა ინფანტილურ-არქაულ ფორმებს უბრუნდება. ამ დროს დომინანტურია სხვაზე ბატონობისა და სამყაროს დაპყრობის სურვილი, რაც დიქტატურის დასაწყისს ნიშნავს და რისი გამოცდილებაც კაცობრიობას არაერთხელ ჰქონია. ჩნდება ერთი სისტემის მეორეთი ჩანაცვლების სურვილი, ბელადის მოთხოვნილება, რომელიც ადამიანებს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს და მათი ოცნების თეორიებით კვებას შეუდგება. ღირებულებათა არსებული სისტემა არალეგიტიმურად ცხადდება ჯერ იდეურ, შემდეგ – საკანონმდებლო დონეზე. მომდევნო ეტაპზე რაციონალურს ირაციონალური ენაცვლება; ხდება ჩარევა მეტყველებაში, ენობრივ კომუნიკაციებში და ღირებულებათა აღრევა – მორალური ამორალობად იქცევა, წესიერება – უწესობად, ერთი სიტყვით, კლიშეები თავდაყირა დგება. მასობრივი ფსიქოზისგან თავის არიდების ერთ-ერთ გზად ბროხი დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას მიიჩნევს, მეორე მხრივ, ექსტაზის თანმიმდევრულ დაძლევას ტოტალიტარული სისტემების დამარცხებითა და რელიგიური ფანატიზმის განეიტრალებით. მთავარი პირობა მასობრივი ფსიქოზის ნიშნების დროულად ამოცნობაა, რასაც გვიხატავს კიდეც “მთვარეულებში“.
“რომანის სამივე ნაწილში ერთნაირად გვაქვს ირაციონალობის განცდა. ავტორი ისე აღწერს გარკვეულ სცენებს, მთავარ გმირთა პორტრეტებს, რომ გიჩნდება კითხვა – რა ენაზე გვესაუბრებიან პერსონაჟები? სად არის აქ რაციონალობის მარცვალი? საიდან ამდენი აკვიატება, შიში, რელიგიური ფანატიზმი? ეს ყველაფერი თითქოს ძილ-ბურანში ხდება, მთვარეულობის მდგომარეობაში, რასაც მწყობრი ლოგიკით ვერ ახსნი. ბროხი ცდილობს დაანახოს მკითხველს იმდროინდელი საზოგადოების სახე, რომელსაც ერთი ნაბიჯიღა აკლია მასობრივი ფსიქოზის სტადიამდე, რაც არცთუ დიდი ხნის შემდეგ მივიღეთ კიდეც ევროპაში” .
სხვათა შორის, იგივე მცდელობა ჰქონდა თავის დროზე იუნგსაც, რომელიც მასების ფსიქოლოგიას იკვლევდა (უნდა აღინიშნოს, რომ ბროხი იუნგის ხაზს არ მიჰყვება). მეორე მსოფლიო ომამდე დიდი ხნით ადრე მან იწინასწარმეტყველა ის საშინელება, რაც მსოფლიოს ფაშიზმისა და ნაციზმის სახით დაატყდა. მოგვიანებით, როდესაც ამის ახსნა სთხოვეს, გამაოგნებელი პასუხი გასცა: წლების განმავლობაში ჩემთან ფსიქოანალიზის კურსს გადიოდა სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი – ინტელექტუალებიდან დაწყებული, უბრალო ადამიანების ჩათვლით. ვხედავდი, რა ხდებოდა მათ არაცნობიერში, რა არქეტიპი ლამობდა ზედაპირზე ამოსვლას: ეს იყო ვოთანი – მრისხანე, სისხლისმღვრელი, წარმართული ღვთაება, რომელიც არაფერს არ ცნობს. ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ეს პროცესი გარდაუვალი იქნებოდა კაცობრიობისთვისო. სამწუხაროდ, იუნგი მართალი აღმოჩნდა.
ფრაგმენტიზაციის სირთულეები
“მთვარეულები” ენობრივადაც საინტერესო ტექსტია. ტრილოგიის ბოლო ნაწილში რამდენიმე ამბავი ვითარდება, რომელთაც საერთო არაფერი აქვს. ჰანა ვენდლინგს, ისევე, როგორც ხსნის არმიის გოგოს, რომანის დანარჩენ პერსონაჟებთან არაფერი აკავშირებს. საიდან მოდის, საიდან ჩნდება ეს ყველაფერი, გაუგებარია. სწორედ ეს არის მთლიანობის რღვევის, ფრაგმენტიზაციის ეტაპი, რასაც მუზილის “უთვისებო კაცშიც” უხვად ვაწყდებით. ამ მხრივ ორივე ტექსტი იდენტურია და არც არის გასაკვირი, რადგან ერთ პერიოდში დაიწერა. მათ ავტორებს ერთი და იგივე ტრავმები ჰქონდათ და ერთ კოშმარს უყურებდნენ. თუ მუზილთან ფრაგმენტიზაცია მთელი ტექსტის წარმმართველია, ბროხთან ეს მოვლენა ბოლო ნაწილში იწყება. პირველ ორ წიგნში გარკვეულ სიუჟეტურ ხაზს მივყვებით, მესამეში კი ამბავი აღარ ვითარდება. ცალკეული ისტორიებია აღწერილი, რომელთაც ერთი დიდი ქვეთავი – “ღირებულებათა რღვევა” აერთიანებს.
“ბროხი აქ სტილისტურ ხერხს მიმართავს და მთლიანად “ანგრევს” ენას. რაღაც ეტაპზე ტექსტის კითხვა შეუძლებელი ხდება. გერმანულად ნამდვილი კოშმარია და ზუსტად ასახავს იმ ეპოქის აუტანელ რეალობას. ამ ნაწილის თარგმნა ძალიან გამიჭირდა. მუზილის შემდეგ მეგონა, ვეღარაფერი გამაკვირვებდა, თუმცა “ღირებულებათა რღვევა” არანაკლები “საჩუქარი” აღმოჩნდა. რომანის პირველი ორი წიგნი შედარებით იოლად დავძლიე, რადგან კონკრეტული ამბავი ვითარდება, თუმცა ტექსტის სირთულეს გამუდმებით ვგრძნობდი: იცვლებოდა ენა, წინადადების წყობა, თხრობის ფორმები: გარკვეულ ეტაპზე პიესა და ლექსიც კი შემოდის! ეს ყველაფერი რთული იყო, მაგრამ “ღირებულებათა რღვევას” ვერ შეედრებოდა”.
გერმანული სამოთხე
თარგმანის შესახებ, სხვების მსგავსად, თავისი შეხედულება აქვს. კარგი თარგმანი პირველ რიგში ავტორის ერთგულებას გულისხმობს, მაგრამ გვინდა თუ არა, ტექსტში მაინც სხლტება მთარგმნელის ბუნება, ტემპერამენტი. ერთსა და იმავე ნაწარმოებს ყველა თავისებურად კითხულობს. ამიტომაც არსებობს განსხვავებული ვერსიები.
“მთარგმნელის ხელობა თუ ხელოვნება ძალიან ჰგავს მუსიკოსისას. ორივე სხვისი ნაწერის ინტერპრეტაციას ახდენს, თუმცა მასში საკუთარი სულის ნაწილსაც დებს. ორი შემსრულებელი ერთსა და იმავე ოპუსს სხვადასხვაგვარად უკრავს. იგივე ხდება მთარგმნელის შემთხვევაშიც – თითოეულს თავისი ხედვა აქვს. მთარგმნელის სამზარეულოს აღწერა ძალიან რთულია. პირველი, რაც ტექსტის წაკითხვის შემდეგ რჩება, ნაწარმოების რიტმია თავისი პაუზებით, აჩქარებითა და შენელებით. მერე უკვე ხელობა ერთვება – პროფესიულ უნარ-ჩვევებს ვგულისხმობ, რომელთა სწავლა რაღაც დონემდე შეიძლება, მაგრამ თუ მთარგმნელის ალღო არ გაქვს, მხოლოდ განსწავლულობა ვერ გიშველის. ბევრი რამ გამოცდილებასთან ერთად მოდის, მაგრამ არა ინტუიცია. ეს არის ის, რაც თანდაყოლილია და მთარგმნელის ინდივიდუალობას განსაზღვრავს. ძალზე მნიშვნელოვანია კოლეგებთან ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება, რითაც, სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებული. ჩემ შემთხვევაში უდიდესი როლი ითამაშეს გერმანელმა მეგობრებმა, რომელთაგან პროფესიული კუთხით ბევრი რამ ვისწავლე. ამ თვალსაზრისით გერმანია შეუდარებელი ქვეყანაა”.
დიუსელდორფთან ახლოს არსებობს მთელ ევროპაში გამორჩეული მთარგმნელობითი სახლი, ერთგვარი სამოთხე მთარგმნელებისთვის. წარმოიდგინეთ XVII-XVIII საუკუნეებში აგებული უზარმაზარი შენობა მოდერნიზებული ინტერიერით, რომელშიც უმდიდრესი ბიბლიოთეკაა განთავსებული: 250 000 ტომი, ყველა ტიპის ლექსიკონი, ენციკლოპედია, რაც კი ოდესმე გამოსულა და არსებობს; ამ სახლში მთარგმნელები ცხოვრობენ და მუშაობენ. მისი შენახვა და წიგნების შეძენა-განახლება სხვადასხვა ფონდის მიერ ფინანსდება. მათ ესმით ამ საქმიანობის მნიშვნელობა და ჩვენგან განსხვავებით, შესაძლებლობაც აქვთ პროფესიონალებს მსგავსი პირობები შეუქმნან. “ვერაფრით წარმოიდგენთ, რა ხდება შიგნით, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავთ. თავიდან ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა მეგონა, სადაც მიხვიდოდი და იმუშავებდი. აღმოჩნდა, რომ იქ მთარგმნელები ცხოვრობენ. ყველგან წიგნებია – ოთახებში, დერეფნებში. არავინ გემსახურება, გაქვს გეგმა და თავად იძიებ შენთვის სასურველ გამოცემას. იმ ოთახს, სადაც მე ვცხოვრობდი, ეწერა – “ინგლისური ლიტერატურა ა-დან ბ-მდე”. ასე იყო სხვაგანაც. ერთი სიტყვით, არაჩვეულებრივი გარემოა. ბორხესის ფანტასმაგორიულ ბიბლიოთეკებს ჰგავს. ამ სახლში ძირითადად ერთი და იგივე ხალხი ჩადის – მაღალი კლასის მთარგმნელები მთელი მსოფლიოდან. გამიმართლა, რომ მათ რიცხვში აღმოვჩნდი. ამ ადამიანებთან ურთიერთობა დიდი სკოლა იყო”. ამ სკოლის გამოცდილება მის მიერ თარგმნილ წიგნებში ვიხილეთ.
ბოლოთქმა, იგივე P.S.
ოცნებობს თარგმნოს ჰერტა მიულერი.
“ამას წინათ მარგარეტ ეტვუდის “ბრმა მკვლელს” ვკითხულობდი. ისე მშურდა –სიუჟეტი აქვს, მოვლენები ვითარდება, ბედნიერი ისტორიებია… გერმანელები ასე არ წერენ. თუმცა დღეს სხვა რეალობაა. თანამედროვე გერმანული ლიტერატურა განსხვავდება ადრეული პერიოდის, თუნდაც XX საუკუნის 80-90-იანების მწერლობისგან. მათ ჰყავთ ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი გენიალური რომანით – “სუნთქვის საქანელა.” ამ წიგნის თარგმნა, სირთულის მიუხედავად, ჩემი ოცნებაა. ესოდენ პოეტურად სიკვდილსა და შიმშილზე მსოფლიო ლიტერატურაში არავის უწერია”.
© არილი