პროზა

მაკა ცხვედიანი – მიტოვებული სახლების სევდა

ასე, უცნაურად აიხირებენ ხოლმე თანამედროვე არტისტები. როგორც ჩანს, რომელიღაცამ შემთხვევით მიაგნო და პოეტური ვნებები აუშალა. აბა, სხვამ რამ უნდა მიგიზიდოს სოფელში, სადაც ხე არ დგას. ვიღაც ყვებოდა, 70-იან წლებში, როცა აქ სააგარაკე მიწის ნაკვეთები დაარიგეს, ხეხილი ყველამ დარგო, ვინც სახლი ააშენა, მაგრამ მარილიანი ნიადაგის გამო ერთიანად გახმაო.

ყოველ შემთხვევაში, ვერ წარმოვიდგენდი, რომ უფოთლო შემოდგომაც არსებობს. მანქანებიდან გადმოვედით თუ არა, სტატიის პირველი წინადადებაც გავიფიქრე: ლოკაცია – ტრამალი.

ეს ნახევრად ხუმრობით. ვორქშოპის მონაწილეებმა კი ჩამოსვლისთანავე შეიგულეს სასურველი სივრცეები. ზოგს ვიცნობდი, უმეტესობას – არა. ერთ-ერთი დანახვისთანავე სიგიჟემდე მომეწონა. ფოტოგრაფი. კუბოკრული, ყავისფერ-თეთრი პერანგი ეცვა და ყავისფერი ჟაკეტი.

მერე ვსვამდით და ვიცინოდით, ზოგი ხატავდა, ზოგიც ფოტოებისთვის ვიწრო ქუჩას დაუყვა. მეც წამოვდექი.

უსახელო ქუჩები დაუნომრავია, ყველა სახლი – ერთნაირი, ბელეტაჟზე. წინ შუშაბანდი და ცალ მხარეს – ერთი დიდი ფანჯარა. გადახუნებული ფარდებით ვცდილობ პატრონის გემოვნების ამოცნობას. ალბათ, ახირებულობად ჩამეთვლება იმ ადამიანებზე ფიქრი, რამდენიმე ათეული წლის წინ ამ ფანჯრებს ზოლიანი, ყვავილებიანი ან სულაც რუხი ფარდები რომ შეურჩიეს. წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოხსნიდნენ, დარეცხავდნენ, ფანჯრებსაც საგულდაგულოდ დაწმენდნენ და ბუტბუტით მიუალერსებდნენ უპრეტენზიო ალოეს ან ბალბიფოთოლას.

ისე, აქაურობას გვიმრა უფრო მოუხდებოდა. ველური გვიმრა.

ოთხი ჭიქა არაყი, როგორც ყოველთვის, ახლაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თითქმის უკაცრიელმა სოფელმა მარტოსული მოხუცივით ამიჩუყოს გული. ვდგავარ და ტირილის დაწყებას ვაპირებ. რატომ, რისთვის, ვერც ამიხსნია, მაგრამ ოთხი ჭიქა რომ ნამდვილად მათრობს, ის ვიცი და ეგზისტენციალურ დარდებს რომ წამომიშლის ხოლმე, ამასაც დაკვირვებული ვარ. ჰოდა, ვდგავარ და ვდარდობ, რომ მარტოხელა მოხუცს მაგონებს ეს სოფელი. დავიწყებულსა და შეგუებულს.

ცარიელი ქუჩები უკაცრიელობის განცდას ხომ ამწვავებს და თან იმაზე მაფიქრებს, როგორ უნდა მოაგნოს ამ დაუნომრავ სახლებს სასწრაფომ, თუ ავად გახდა ვინმე. ნეტა როგორ უხსნიან ხოლმე? ჯერ მეთოთხმეტე სახლი გადათვალე, მერე მარჯვნივ რომ შეუხვევ, კიდევ მეხუთე და მანდ ხარო? მეც მანდ ვარ და ამ მიტოვებული სოფელივით ვკვდებიო? არა, ასე, ალბათ, არ იტყვის არავინ.

ღამით კი გაიოლდება უფრო. განა რამდენ ფანჯარაში ანთია სინათლე.

კატა გამოტყვრა საიდანღაც. შემომკნავლა და გაჩერდა. აგიყვან ხელში, იღლიაში ამოგიდებ და წაგიყვან სახლში. ცხრა სიცოცხლიდან ერთი მაინც მომიძღვენი. შემეჩვიე და წლები რომ გავა, გრავიტაცია თავისას რომ გაიტანს, ნაღვლიანად რომ დაეკიდებიან შარვალში ცელქი დუნდულები და გაბუნდოვნებულ თვალებში სასიყვარულო მზადყოფნას რომ ვეღარავინ ამოიკითხავს, მაშინაც შემორჩი ნუგეშად ჩემს მარტოობას. ასე მასწავლეს – ყოველ მიზეზს გარეშე მოვიდოდა ვინმე, ვინც გალავანს შემოამტვრევდა ჩემს ციხესიმაგრეს, დაარღვევდა დუმილს და თავისუფლებას უწყალობებდა პატიმრობამისჯილ სურვილებს. ვინ, თუ არა შენ, ულვაშიანო მაურო! შენ გეუბნები, კი.

კარი ღიაა და თავს ისე ვგრძნობ სხვის მიტოვებულ, გამოცარიელებულ სახლში, როგორც საკუთარში. ერთი ზამბარიანი საწოლია და ბუკლეს სტაფილოსფერნაჭერგადაკრული ჩატეხილი სკამი. როცა პატარა ვიყავი, დეიდაჩემს ჰქონდა ამ ნაჭრის პიჯაკი. ყოველთვის განსხვავებულად ეცვა, საინტერესოდ. ადრე ქამრები უყვარდა და ყველა კაბაზე სხვადასხვა ფერის განიერ ქამარს იკეთებდა. სინქრონული თარგმანის სპეციალისტია. თავის თაობაში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა და ევროპაში მოგზაურობა დაიწყო. რაც თავი მახსოვს, სულ საუკეთესო სუნამოები და კოსმეტიკა ჰქონდა, ძალიან ლამაზი ტანსაცმელი. მეც სულ მისი გემოვნებით მეცვა. ერთი, რასაც ვერაფრით ვხსნი, ისაა, როგორ დაუშვა, რომ ქორწილში ნაღების ტორტს ვგავდი. მე კი ვოცნებობდი, რაც თავი მახსოვს, დიდ და გაფუშუშებულ კაბაზე, მაგრამ ამ საკითხში როგორც წესი, მაიას არგუმენტები ბლოკავდა ხოლმე ჩემს გოიმურ სურვილებს. ერთი ქორწილი აღმოჩნდა გამონაკლისი. იმ მხრივაც გამონაკლისი იყო, რომ მაია პირველად ვნახე ატირებული. ახლა ვფიქრობ, იქნებ ჩემი კაბა ატირებდა, მაგრამ არა, უფრო მგონია ხოლმე, რომ მე, 19 წლის, მის მაგივრადაც გავთხოვდი და ამან აუჩუყა გული. თვითონ არასდროს ყოფილა გათხოვილი, ჩვენ დღემდე ერთად ვცხოვრობთ. ჩემი მშობლები, მე რომ ორი წლის ვიყავი, მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს. მე და დედა დედაჩემის მშობლების სახლში წამოვედით. იქ იყო მაიაც. მახსოვს, როგორ იხატავდა ხოლმე თვალებს, მე საწოლზე ვიჯექი, თვალს არ ვაშორებდი და ერთი სული მქონდა, დროზე გავზრდილიყავი და წითელი პომადა წამესვა. მახსოვს, ბორბლებიანი ჩემოდანი რომ ჩამოიტანა ბარსელონიდან, იმის მერე კარგა ხანს სულ მოგზაურობანას ვთამაშობდი: ქამარს ვიჭერდი, მწვანე ბერეტს ვიხურავდი და მაიას ქუსლებიან ფეხსაცმელში გამოწყობილი დავარიხინებდი ჩემოდანს სახლში.  ყველა ასეთი დეტალი ზედმიწევნით მახსოვს. მაგრამ არ მახსოვს, მაგალითად, ის, თუ როგორ შემოვიდა ფრეზენთ ქონთინიუსი და ფასთ ფერფექთი ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ არ მახსოვს, როდის, რა მომენტში ვისწავლე ინგლისური

ისე, რომ მერვე კლასში ქართულივით ვკითხულობდი მაიას ინგლისურენოვან ლიტერატურას. სულ ვმეგობრობდით და სულ ვიცინოდით. აი, ტირილიც რომ შეეძლო, ჩემს ქორწილში გავიგე და მერე კიდევ ერთხელ ვნახე ატირებული, – ქმრის სახლიდან რომ მოვდიოდი, მაშინ. დედაჩემი და დეიდაჩემი მოვიდნენ, ჩალაგებაში დამეხმარნენ და უსიტყვოდ წამოვედით. გზაში გავიხედე და საჭეს დაძაბულად ჩაფრენილი დეიდაჩემი ტიროდა. მაშინ ვიფიქრე, რომ იმედგაცრუებული იყო და მეც ცრემლები მომაწვა. უფრო მოგვიანებით მივხვდი, იმედგაცრუებაზე მეტად იმის შიში ატირებდა, არ გავბოზებულიყავი. ცხადია, მთლად უსაფუძვლოც არ იყო მისი შიში. თვითონაც არაფერი დაუკლია და იმიტომ. და მაინც, ეს რომ პირველად გავიფიქრე, სასტიკად გავცეცხლდი,- რა კარგია! პირდაპირ ჭკუას ვკარგავ ადამიანებზე, თვითონ რომ კარგად მოიბოზებენ და მერე შენი პატიოსნების სადარაჯოზე გაიმწესებენ თავს!

ბოღმა მომაწვა ახლაც ამის გაფიქრებაზე, გული დამწყდა, მარტო რომ წამოვეღეტე და არ ვუთხარი იმ ფოტოგრაფ ბიჭს, წამომყოლოდა. მოვუყვებოდი ყველაფერს. რა ხეირი იქნებოდა, არ ვიცი, მაგრამ მთელი გულით მომინდა მისთვის რაიმე პირადისა და პიკანტურის გამხელა. საერთოდ, სიმთვრალეში ასე ვიცი ხოლმე. მაგრამ თვითონ ის ბიჭიც რაღაცნაირია, – ისე აცვია, დედები რომ ბაღის ასაკის ბავშვებს აცმევენ ხოლმე. ჩემი დაქალების შვილებს აცვიათ ასე და, მე მგონი, სიახლოვის განცდას მიმძაფრებს ის კუბოკრული პერანგი და ყავისფერი ჟაკეტი.

ეს უბადრუკი საბჭოთა აგარაკიც ისეთ უადგილო სენტიმენტებს აღმიძრავს, დეიდაჩემის გარდერობზე მოგონებებს თავს ვერაფრით ვაღწევ. სუნამო „ელიფსი“ მახსენდება, – იმ დროს ძალიან მოდური, – და სურნელს ისე მკვეთრად ვგრძნობ, თავბრუ მეხვევა. განიერ ქამრებს ვხედავ, ზოგი წითელია, ზოგი ყვავილებიანი, ზოგი მწვანე, ზოგიც პანტერის პრინტით. მაშინ ძალიან ვიწრო წელი ჰქონდა მაიას, ლამაზად გამხდარი იყო. ბოლო ხუთი-ექვსი წელია მოიმატა. ეგ და დედაჩემი შუაღამემდე ფილმებს უყურებენ და თან ჭამენ ყველაფერს, რაც გაუხარდებათ. გენეტიკაც ხელს გვიწყობს, ეტყობა, – ბებიაჩემიც უგამხდრესი იყო და რაღაც ასაკის მერე მოიმატა, მაიაზე ხომ ვთქვი და მერე, ალბათ, მეც ეგრე ვიქნები. ზუსტად მაიას ვგავარ აღნაგობით. დედაჩემს სხვანაირი ტანი აქვს, ბაბუასნაირი. წვივები იმდენად უგავთ, გაგეცინება. მსუქნები კი არ არიან, რაღაცნაირი ხორციანი, შეკრული აღნაგობა აქვთ.

არ უნდა დამელია. ამ დროს მიტევს ხოლმე სევდა. ამ სახლებივით მიტოვებული მეჩვენება საკუთარი თავი. რა სამწუხაროა, რომ ამ მიტოვებულობის განცდას არ შველის ახალი კაბა. ზუსტად ისევე, როგორც ახალი ფარდა უმნიშვნელოდ თუ გამოაცოცხლებს ჩაჟამებულ ფასადებს. და ეს გამოცოცხლება, როგორც წესი, არაბუნებრივია ხოლმე, ყალბი და უადგილო. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მე ვერ მივატოვებ ჩემს თავს, მე უნდა გავიყვანო ბოლომდე.

შუშაბანდიდან ბერიკაცებივით დაფეხვილ ერთნაირ სახლებს ვაყოლებ პანორამულ მზერას. ორგან სინათლე აანთეს. საიდან უნდა ვიცოდე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ვიცი – ერთ სახლში ოთხმოც წელს გადაცილებული მარტოხელა კაცი ცხოვრობს, მეორეში – არც ისე ხნიერი ქალი. ეს ქალიც თითქმის სულ მარტო იქნება, ხანდახან, შაბათობით, შვილი, რძალი და შვილიშვილი ჩამოაკითხავენ ხოლმე, 9 წლის გოგო. მარტო იქნება იქამდე, სანამ შვილიშვილი არ გაიზრდება, ფოტოგრაფია არ გაიტაცებს, იდუმალ, ბუნდოვან რომანატიკას არ იპოვის ამ უფოთლო სოფელში და ფოტოგამოფენისთვის მასალის შესაგროვებლად არ დარჩება ბებიასთან. სანამ არ დაუძახებს აქაურობა.

მეც მეძახიან. ოჰ, დაუმახსოვრებია ჩემი სახელი! აქ რა გინდაო, მეკითხება. რა ვუთხრა, მთვრალი ვარ და დეიდაჩემზე ვფიქრობ-მეთქი? ან ვიცოდი, რომ გამომყვებოდი-მეთქი, ეგ? ან ის ხომ არ ვუთხრა, ჩემს ყოფილ ქმართან სულ ათ თვეს რომ ვიცხოვრე, ან ის, დედამისს რომ საკუთარ ლაბრადორთან ჰქონდა რომანი? თითქოს მთვრალიც აღარ ვარ, მაგრამ რატომღაც ვერ ვხვდები, რა იქნება უფრო შესაფერისი ამ სიტუაციისთვის. იმის გამხელაც მინდა, რომ ნამდვილ სახელს სიამოვნებით დავარქმევდი ამ დაქლიავებული მხატვრებისა და ფოტოგრაფების იდიოტ ვორქშოპს. თუმცა, აბა, ეს რა სათქმელია, ამაზე უარეს უბადრუკობებზეც მიწერია. რამდენიც გინდა. აღარაფერს ვამბობ, ვუახლოვდები და ვკოცნი.

უთეთრეულო ზამბარიან საწოლშიც ისე იოლდება ნაცნობობის გაღრმავება!.. მერე ვიძინებთ. ჩახუტებამაც ვერ გვიშველა, – სიცივე გვაღვიძებს. გათენებულია და ჩიტები ჭყლოპინებენ შუშაბანდს მიღმა. წადი და მოვალ ცოტა ხანში მეც, – ვეუბნები.

ვიწრო, დაუნომრავ ქუჩაში სიცარიელეა. მხოლოდ ერთგან, მზისგან განათებული სახლის წინ მოკლედ თმაშეჭრილი ხნიერი ქალი ზის და მომჩერებია. ვინ ხარ, შვილო? – მეკითხება, როცა ვუსწორდები. ვუღიმი და მინდა ვუთხრა: ბოზი ვარ ქალბატონო, მერე?! ამის მაგივრად კი თვალს ვუშტერებ ხის ტაბურეტზე დახვავებულ მწვანე კონას და ვამბობ: ეს ველური პიტნაა, დეიდა?

© არილი

Facebook Comments Box