by John Keane
დემოკრატიის ცხოვრება და სიკვდილი
ჯონ კინი
ერთი ძველი ხუმრობა არსებობს: ოდესღაც, თურმე ათენა და პოსეიდონი კამათობდნენ, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ატიკის მფარველი. კამათში ცხადია ათენას გაუმარჯვია, ამით განრისხებულ პოსეიდონს კი ათენელები დაუწყევლია: “დაე იმ თავიანთი საკრებულოს სხდომებზე მხოლოდ სულელური გადაწყვეტილებები მიიღონ!”-ო. წყევლა ათენას გამოუსწორებია: “დაე ეს სულელური გადაწყვეტილებები ათენელებს ყოველთვის სასიკეთოდ მობრუნებოდეთ!”-ო.
ვერაფერს იტყვი, ზუსტად მიზანში არტყამდნენ ძველები, თანაც დემოკრატიის სათავეებიდან გამოსროლილი ეს ხუმრობა დღესაც ხვდება მიზანში.
ცნობილია, რომ დემოკრატია ძველ საბერძნეთში იშვა, თუმცა, თუკი დღეს წარმოდგენილი 992 გვერდიანი წიგნის ავტორს, ჯონ კინს ვენდობით, პირველი დემოკრატიული ინსტიტუტები კლასიკური ხანის ათენზე გაცილებით ადრე, ძვ. წ. III ათასწლეულში შექმნილა შუმერში (არსებობს წყარო, რომლის თანახმადაც შუმერის წმინდა ქალაქ ნიპურში ერთ-ერთი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება ნიპურის საკრებულომ მიიღო), ზუსტად იმ ადგილას, სადაც რამდენიმე წლის წინ ბუშის დემოკრატიამ “იზეიმა”.
“დემოკრატიამდელი დემოკრატია” შემდეგაც არაერთხელ გვხვდებოდა სხვადასხვა საზოგადოებებსა თუ ეპოქებში, სანამ ანტიკურ ხანაში მისი კლასიკური გაგება არ ჩამოყალიბდა. საუკუნეების შემდეგ მისი მნიშვნელობა ბორბლის გამონოგონებას გაუტოლეს (ასე ფიქრობს ჩვენი წიგნის ავტორიც). ბორბალივით, არც მას ჰყოლია ერთი კონკრეტული ავტორი, მის მიღმა არ მდგარან არქიმედეები და ნიუტონები, თუმცა იგი დღემდე მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოგონებად. დემოკრატია ადამიანური ოცნებიდან იშვა და ეს ოცნება ახლაც ბატონობს, ახდენილი თუ აუხდენელი.
დემოკრატიის პირველი მეხოტბე ჰეროდოტე იყო. სწორედ მასთან ჩნდება ტერმინი “დემოკრატია”, და იგი მაშინ ჯერ კიდევ “თანასწორობის” (ძვ. ბერძ. ისონომია) სინონიმად გამოიყენებოდა, მაგრამ უკვე აღნიშნავდა მართვის ახალ ფორმას, რომელიც ტირანიას უპირისპირდებოდა.
დემოკრატიის მნიშვნელობა და არსი განუწყვეტლივ იცვლებოდა, სწორედ ამიტომაც, ჯონ კინი მის სამ ქრონოლოგიურ ტიპს გამოყოფს.
1. ყველაზე არქაული, საკრებულოს დემოკრატიაა (Assembly Democracy), რომლის საუკეთესო ნიმუშსაც ათენის დემოკრატია წარმოადგენდა, სადაც ყველას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ თუკი თავად მოქალაქე არ გამოესარჩლებოდა სახელმწიფოს (და არა სახელმწიფო მოხელეებს), მის ნაცვლად ამას არავინ იზამდა. სადაც ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, სადაც “აგორა ვიაგრას როლს თამაშობდა” (ჯ. კინი). ათენისა და ატიკის 25 ათასი მოქალაქიდან დაახლოებით 2 000-ს ყოველწლიურად რაღაც თანამდებობა ეკავა. ამ თანამდებობების უმრავლესობის ორჯერ დაკავება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ყოველი თავისუფალი ათენელი ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყო მოხვედრილი მაღალ თანამდებობაზე, ზოგიერთ მათგანს კი მრავალჯერ ეკავა სხვადასხვა პოსტი და მეტნაკლებად ყველა ჩახედული იყო სახელმწიფო ამბებში. შემდეგი ნაბიჯი იყო რომი, ადრეშუასაუკუნეების ევროპა (მაგ. ისლანდიის პარლამენტი, ალთინგი), ისლამური სამყარო, ოტომანთა ბატონობამდე და ა.შ.
2. წარმომადგენლობითი დემოკრატია (Representative Democracy). X საუკუნიდან მოყოლებული დემოკრატია ახალ ისტორიულ ფაზაში შედიოდა, რომლის მიზიდულობის ცენტრიც ატლანტიკური რეგიონი იყო, ევროპიდან – ნიუ-იორკ-ბალტიმორამდე და ბუენოს აირესამდე. ეს ეპოქა იბერიის ნახევარკუნძულზე ისლამური ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო და ტრაგიკულად დასრულდა 20 საუკუნის პირველ ნახევარში დემოკრატიული ინსტუტუტების ნგრევით და დიქტატორული რეჟიმების ჩამოყალიბებით. მისი ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანები თავად ირჩევდნენ მათ, ვისაც მათი ინტერესები უნდა დაეცვა პარლამენტში ან სხვა არჩევით ორგანოში.
3. მონიტორინგის დემოკრატია გახლავთ (Monitory Democracy), რომელიც 1945 წელს, ომის შემდგომ იშვა და სწორედ აქედან მოყოლებული იქცა დემოკრატია “უნივერსალურ ღირებულებად” (ამარტია სენი). ამ პერიოდში დემოკრატიული გახდა სამყაროს ერთი მესამედი, 192-დან 119 ქვეყანა. ამავე პერიოდში დაიწყო ძალაუფლების კონტროლის, მონიტორინგის მექანიზმების შექმნაც, რომელიც მანამდე არ არსებობდა დემოკრატიულ სამყაროში. ავტორის აზრით, ამ მექანიზმებმა ბოლო დროს ძალზე უცნაური ფორმები მიიღეს და მისი შედეგები, ჩემი აზრით, დღეს საქართველოშიც აშკარად გამოჩნდა, რისი ერთ-ერთი მაგალითიცაა 2008 წელს “ეგზიტპოლ-ინტელექტუალების” სრული შემადგენლობით გადაბარგება ხელისუფლებაში, ასევე ზოგიერთი “არასამთავრობოსა” და “ხელისუფლების” ერთობლივი ზღაპრები, სახელად “საყოველთაო გამჭვირვალობა”.
კინის ამ ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი დებულება “დემოკრატიის ისტორიის დემოკრატიზებაა” და წიგნში მართლაც აუარება ახალ ფაქტსა თუ საინტერესო მიგნებას იხილავს ფართო მკითხველი, თუმცა ავტორი იმ ფარული საფრთხეებსაც მონიშნავს, დემოკრატიულ ღირებულებებს რომ ემუქრება თავად “დემოკრატებისგან”. სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობა ამ საფრთხეების ნამდვილი საცავია.
© “ლიბერალი”