იშვიათად იწყება რომანი მთავარი გმირის მენიუს ჩამოთვლით.
პირველად ეს თანამედროვე რომანის გარიჟრაჟზე მოხდა, ყველასთვის კარგად ნაცნობ წიგნში, რომლის პირველივე აბზაცშიც სახელოვანი იდალგოს პირის გემოსა და გასტრონომიული შესაძლებლობების დეტალებს ამოვიკითხავთ. „დონ კიხოტის“ ამ დასაწყისს არაერთი კომენტატორი ახსენებს, თუმცა, ჩემი აზრით, ნაბოკოვის ინტერპრეტაცია ყველაზე საყურადღებოა და მახვილგონივრული.
XX საუკუნის მწერალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ დონ კიხოტი, 50 წლის ასაკში ერთდროულად იწყებს სარაინდო რომანების კითხვას, ჭკუიდან გადასვლას და ამავდროულად მძიმე-მძიმე სადილების ჭამას. იგი ხაზს უსვამს, რომ რომელიღაც მთარგმნელმა ერთ-ერთ კერძს Resurrection Pie უწოდა (Duelos y Quebrantos, სიტყვასიტყვით, ტანჯვა და მოტეხილობანი), რომელიც ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში გადმოტანილია როგორც ერბოკვერცხი, ავალიშვილთან კი – ქონიანი ტაფამწვარი. ნაბოკოვი დასძენს, რომ ესაა შეჭამანდი, რომელიც გადაჩეხილი საქონლის ხორცისგან მზადდება. ასე რომ ნაბოკოვი ნახევრად ხუმრობით კვების რაციონსაც აბრალებს დონ კიხოტის საქციელს, მის გაგიჟებას, სიშლეგეს. სხვათა შორის, აქ საქონლის ტანჯვა და ტკივილები კი არ იგულისხმება, გადაჩეხვისას, არამედ პატრონის გრძნობები, როცა ამ გადაჩეხილს აღმოაჩენს, ამ დანაკარგს.
აი როგორ ჟღერს უკვდავი დასაწყისი ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში:
„უფრო ხშირად ძროხის ხორცის ოლასა ჭამდა, ვიდრე ცხვრისას, ვახშმად სალპიკონს შეექცეოდა, შაბათობით – ერბოკვერცხს, პარასკეობით – ოსპის შეჭამანდს, კვირა დღეს კი დამატებით მტრედის ტაბაკასაც გეახლებოდათ“.
ჩვენი 50-ს მიტანებული იდალგოს შემოსავლის სამი მეოთხედი სწორედ ამ საქმეს, ჭამას ხმარდებოდა თურმე, თანაც იგი ნადირობის დიდი ტრფიალიც იყო და შესაბამისად, ხანდახან ნანადირევსაც დაიდგამდა ხოლმე სუფრაზე. ერბოკვერცხი და ოსპის შეჭამანდი გასაგებია, მაგრამ იმ ორ კერძს რაც შეეხება, ოლასა და სალპიკონს, მათ გამოცნობას დიდი დაგუგლვა და ქექვა არ უნდა, რადგან ბაჩანა ბრეგვაძისეულ თარგმანს მთარგმნელისვე დეტალური კომენტარებიც ახლავს, სადაც ორივე კერძია ახსნილი. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურმე სერვანტესის დროს საქონლის ხორცი უფრო იაფი ღირებულა, ვიდრე ცხვრისა, და ოლაც და სალპიკონიც ამ შედარებით იაფიანი პროდუქტისგან მზადდებოდა – მარტივი შეჭამანდები, მარტივად შეკაზმული.
ზემოთ ორჯერ ვახსენეთ გმირის ასაკი, 50 წელი. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან სხვა სარაინდო რომანებში, როგორც წესი, ბავშვობიდან ვადევნებთ თვალს რაინდის ზრდას და ჩამოყალიბებას. აქ არაფერი ვიცით დონ კიხოტის ყრმობის და ახალგაზრდობის შესახებ. ეს სიახლე ახალი რომანის ერთ–ერთი ნიშანიცაა. აქედან იწყება ევროპული რომანი, როგორც ნაბოკოვი უწოდებს თავის ლექციაში – მოშინაურებული ძუძუმწოვარა, რომელიც ეპიკური მონსტრიდან მოთვინიერებულ ცხოველად იქცა. ამ მოთვინიერებაში კონკრეტიკასთან გაშინაურებაც იგულისხმება, ის, რაც შემდეგ XVIII-XIX საუკუნის რომანში წამყვან ძალად იქცევა. ეს ცვლილებების გზა, რამდენიმე სხვა ავტორთან ერთად, „დონ კიხოტზეც“ გადის, მის გასტრონომიულ კონტექსტზე. თურმე ამ კონტექსტიდან, ამ წახემსებებიდან თუ ნადიმებიდანაც შეიძლება იშვას ახალი ჟანრი.
ასეთია ამ თემის ლიტერატურათმცოდნეობითი მხარე, მაგრამ მას, რა თქმა უნდა, სხვა მხარეებიც აქვს, რადგანაც ამ სუფრის სცენებით კულინარიის ისტორიკოსებიც დაინტერესდნენ დიდი ხანია. pinterest.com-ზე ასეთი გვერდიცაა – La gastronomía de Don Quijote de la Mancha. ბევრ საიტს იპოვით რომანში ნახსენები კერძების რეცეპტებით, არქაულიდან – თანამედროვე ვერსიებამდე.
როგორც ვიცით, წიგნს ორი მთავარი გმირი ჰყავს. დონ კიხოტი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ასოციალური პერსონაჟია. და სანჩო პანსა. ერთი შეშლილია – პასუხისმგებლობის გარეშე, მეორე კი ღორმუცელა – წეროს ფეხებით. თავქარიანი, გიჟური კეთილშობილების რაინდი და კაი პურისმჭამელი გლეხი.
დონ კიხოტი სარაინდო რომანებით ინტერესდება, გაყიდის პურის ყანას და წიგნებს ყიდულობს. მოგვიანებით კი ამ რაინდობის აღორძინებაზე ოცნებას იწყებს და შემდეგ ოცნების აღსრულებასაც გადაწყვეტს. ასე იბადება მაშინდელი ლიტერატურისთვის ძალიან უცხო და უცნაური თემა – მოხეტიალე რაინდობის აღორძინება, რომელსაც არც ფოლკლორული და არც მწიგნობრული წყაროები არა ჰქონდა. იგი მთლიანად ძველ რომანებს ეყრდნობოდა, მაგრამ ასეთი მიზანი, გნებავთ სიუჟეტი, აქამდე არასდროს ყოფილა. აქ ყველაფერი სერვანტესის ინტუიციაზე და თხრობის უნარებზე იყო დამოკიდებული.
სათაურში დონ კინ კიხოტს მახვილგონიერი (Ingenioso) ჰქვია, რასაც არაფერი აქვს საერთო ლიტერატურიდან ნაცნობი ბევრი პერსონაჟის მახვილგონიერებასთან, მაგ. ოდისევსთან. აქ, როგორც მეცნიერები ამბობენ, უფრო წარმოსახვა იგულისხმება, დონ კიხოტის ფანტაზია, რომელსაც ყველაფრის წარმოდგენა, გარდასახვა შეუძლია, მათ შორის საკვებისაც.
ერთ-ერთ პირველ ფუნდუკში, სადაც იგი გაჩერდება, არაფერი აქვთ თევზის გარდა. ქართულში ჭიჭყინას უწოდებს მთარგმნელი ამ თევზს, ხანაც წვრილკალმახას, ავტორი კი გვეუბნება: თევზი, რომელსაც „კასტილიაში აბადეხოს (abadejo) ეძახიან, ანდალუსიაში – ბაკალიაოს (bacallao), დანარჩენ მხარეებში – კურადილიოს (curadillo), ზოგან კი ტრუჩუელას (truchuela)“. ალბათ ვირთევზა იგულისხმება, ოღონდ წვრილი და ცუდად მომზადებული ვირთევზა.
დონ კიხოტს სუფრა ფუნდუკის ჭიშკართან, სუფთა ჰაერზე გაუშალეს და ცუდად მოხარშული და საშინლად შეკაზმული ეს ვირთევზა მოუტანეს. თან მოაყოლეს „ფარ-ხმალივით შავი და დაობებული პური“ და დონ კიხოტიც ჭამას შეუდგება, ოღონდ ისე, რომ ჩაჩქანს არც იხდის, რის გამოც ლუკმის ჩადება ძალიან გაუჭირდება – სალტესავით შემოჭერილი საყბეური უშლის. იგი ერთ ლუკმასაც ვერ გასინჯავდა უცნობი ქალი რომ არ დახმარებოდა, ღვინის დალევაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, თუმცა აქ უკვე მეფუნდუკემ ივაჟკაცა, რაინდს პირში ლერწმის ღეროს ერთი ბოლო ჩაუდო და მეორეში კი ღვინის ჩასხმა დაიწყო. არადა როგორ შიოდა საბრალო იდალგოს, თავის კლასიფიკაციებსაც კი აყალიბებდა ამ უგემური ვირთევზას შეჭმამდე, რომ ციკანი თხაზე გემრიელია, ხბო კი ძროხაზე – თანაც იმედი ჰქონდა, რომ ეს წვრილი ვირთევზა ნამდვილ ვირთევზასაც აჯობებდა. ტახისმკოდავი გლეხის სტვირის ხმა სულ მთლად წამოშლის დონ კიხოტის წარმოსახვას და ილუზიებში გადაისვრის. ეს ხმა საბოლოოდ დაარწმუნებს მას, რომ მართლა დიდებულ ციხე-კოშკში იმყოფება და რომ მუსიკა მხოლოდ მისთვის ჟღერს, ეს წვრილი თევზი ნამდვილი ვირთევზაა, შავი პური კი სპეტაკი და გამტკიცული ფქვილისგან გამომცხვარი პური.
ახლა დონ კიხოტის ჭამის „ფილოსოფიაზეც“ ვთქვათ ორი სიტყვა, რომელიც სარაინდო რომანების გამოცდილებას ეყრდნობა, თუმცა წინააღმდეგობებსაც შეიცავს. იგი ხან იტყვის, ამსიმძიმე აბჯრის ტარებას ისე ვერ შესძლებს კაცი, თუ კუჭი მაძღარი არ ექნაო, ხან კი საუზმეზე ამბობს უარს, რადგანაც გადაწყვეტილი აქვს, რომ მხოლოდ ტკბილი ოცნებებით ირჩინოს თავი. ზოგჯერ მეუდაბნოე ბერივითაა, ზოგჯერ კი ერთ კარგ პურის ყუას და ზედაც ორ ცალ სარდინს ნატრულობს. იგი შეიძლება მტკიცე უარზე დადგეს, არაფერი ჭამოს, თუმცა შეიძლება უცებ საუზმე, სამხარი და ვახშამი („მიცვალებულის ჭირისუფალთა ნუზლი“) მადიანად შთანთქას. ერთხელ სანჩოს ერთი თავი ხახვი, ცოტაოდენი ყველი და ორიოდე ნატეხი გამხმარი პური აღმოაჩნდება და პატრონს ეუბნება, ეს ღარიბული სუფრა როგორ შემოგკადროთო, რაზეც დონ კიხოტი გრძელი სიტყვით პასუხობს, სადაც იგი ყველა წაკითხულ წიგნს იხსენებს და ამბობს, „ერთშიაც ვერ მივაკვლიე სარწმუნო ცნობას, რომ მოგზაური რაინდები რაიმეს ჭამდნენ“-ო. ისინი დიდ პატივად თვლიან მთელი თვე უჭმელად ყოფნას, მათ კვებას უფრო „წაციცქვნა“ ჰქვია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც ამ რაინდების პატივსაცემად „მეფეები და მთავრები დიდებულ ნადიმებს მართავდნენ“.
რა თქმა უნდა, რაინდები უდაბნოებსა და ტყეებში თან ვერ იახლებდნენ მზარეულებს, ამიტომ სავარაუდოდ ისეთსავე უხეშ საკვებზე გადადიოდნენ, რასაც იმ წამს „მოკრძალებული“ სანჩო სთავაზობდა. ეს უკვე მინიშნებაა, რომ სანჩოს ხახვსა და პურზეც კარგად მოილხენს მთელი ესპანეთის სარკე და ღირსება.
სანჩო აღიარებს, რომ არც ერთი წიგნი არა აქვს წაკითხული, არ ფლობს ასეთ ინფორმაციას, ამიტომ მისი ლოგიკა მარტივია – რადგან რაინდს ასე უყვარს მწირი საკვები, მისთვის ჩირს გადაინახავს საჭურველმტვირთველი, თავისთვის კი „ცოტა უფრო ნუგბარ სასუსნავს მოიმარაგებს“.
დისპუტი გრძელდება, ამჯერად დონ კიხოტი მიუგებს ჩანთიან მოპურმარილეს. მისი პასუხი სალაღობოდ რომ მოვთარგმნოთ, ასეთია: „არა ჩირითა ხოლო ცხოვნდების რაინდი“ და ჩამოთვლის სხვა მისატანებელსა და ბალახეულობასაც, რასაც რაინდები გზადაგზა არჩევდნენ. ბოლოს კი ამბობს, ისინი „ბალახ-ბულახის ცნობაში ჩემზე არანაკლებ დახელოვნებულნი იყვნენ“-ო.
სანჩო აღფრთოვანებულია, რომ მოლაშქრეთა სხივცისკროვანი მნათობის, დიდი რაინდის ეს ცოდნა კიდევ არაერთხელ გამოადგებათ.
ამით სრულდება დიალოგი და ყველაფერს იმ მწირი საგზლის განადგურება აგვირგვინებს.
ეს ორი მოხეტიალე სხვაგანაც არაერთგან იყოფს საზრდელს. ღამეში, უდაბნოში, ხის ქვეშ, ან მწვანე მდელოზე წამოწვებიან და სხვა თუ არაფერი, რკოსა და შინდს მაინც ჩაახრამუნებენ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სანჩო გაცილებით მეტ რკოსა და შინდს მიირთმევს.
დონ კიხოტზე კი ვილაპარაკე ამდენი, მაგრამ წყალი არ გაუვა (თუ ღვინო არ გაუვა?), ჭამის მთავარი, კვების გუბერნატორი და ღმურძვლის მეფეთ-მეფე ამ რომანში სანჩოა. სხვა ხასიათზე რომ ვყოფილიყავი, ამ თავს შეიძლებოდა სანჩოს ჩანთაც კი რქმეოდა.
სანჩოს მშვიდობა უყვარს. მშვიდობა და დროსტარება. მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ეჩხუბო ან ორთაბრძოლაში გამოიწვიო ადამიანი, ვისთან ერთადაც პური გაგიტეხავს და ღვინო დაგილევია.
თავის სახედარზე ამხედრებული სანჩო ისე მადიანად ილუკმება და დროდადრო ისეთი სიამოვნებით მოიყუდებს ხოლმე თავის ტიკჭორას, რომ „მალაგის ყველაზე ყოჩაღ მიკიტანსაც კი შეშურდებოდა“. ხანდახან მიეალერსება ამ თავის ტიკჭორას, ხანდახან შეუძახებს, ხანაც ეღლაბუცება. გული წყდება, რომ გუშინდელზე უფრო დაჩუტულია და დამწუხრებული აგრძელებს გზას, რადგან იცის, რომ ახლო მომავალში მას ვერსად შეავსებს.
იგი მჭამელიცაა, მსმელიც და ამავდროულად შრომის გამოცდილებაც აქვს. მისი ერთ-ერთი სიბრძნეა: „ხალხის მოსრვა ღმერთმა მაშოროს, ჩემი საქმე ვაზის მოსარვააო“.
ასეთი სცენაა, სამსონ კარასკოსთან საუბრისას სანჩო კუჭში საშინელ სისუსტეს გრძნობს და ამბობს, ორიოდე ჭიქა ძველი ღვინო თუ არ მივაშველე, ნაფოტივით გავხმებიო და სახლში გარბის, სადაც „კაი გვარიანი ღვინო“ აქვს და ოჯახიც მოუთმენლად მიელის. რჩებიან ბაკალავრი კარასკო და დონ კიხოტი, რომლებიც ორიოდე მტრედის ტაბაკას გეახლებიან (საერთოდ, ეს მტრედის ტაბაკა რამდენიმეჯერაა რომანში ნახსენები), მაშინ როცა სანჩო თავის გემოზე ლხინობს.
საერთოდ სანჩოს ყველაფერი თავის გემოზე უყვარს. ამის სანიმუშოდ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, როცა ჩაგრულთა მწე და მეოხი და მისი საჭურველმტვირთველი თხის მწყემსებთან ჩამოხდებიან, გაიშლება პურ-მარილი, სანჩო ხან ზურგს უკან აეტუზება მერიქიფედ პატრონს და ღვინით სავსე ყანწებს აწვდის ხშირ-ხშირად, ხანაც მასთან ერთად მიირთმევს ღვინოს. სწორედ ამაზე ამბობს დონ კიხოტი – „მინდა ამ პატიოსან ხალხში გვერდით მოგისვა, რომ მე და შენ, პატრონი და ყმა, ერთმანეთის სწორნი შევიქნეთ, ერთი ჯამიდან ვჭამოთ და ერთი ყანწითა ვსვათ…“. სანჩოს ამაზე თავისი ბრძნული პასუხი აქვს გამზადებული, რომ თუ მუცლის საძღომი იქნა, იმპერატორის გვერდით ჯდომას, ცალკე, თავისთვის, ზეზეულად ჭამა ურჩევნია. კიდევ უკეთესია, როცა სახლში, საკუთარ ჭერქვეშ მოულხენს, „სადაც არც თავპატიჟი მჭირდება და არც დიდი მანჭვა-გრეხა, ცეცხლს მიფიცხებულსა თუ კუთხეში მყუდროდ მიყუჟულს ხახვი და ხმელი პური უფრო შემერგება, ვიდრე კაი მსუქანი ინდაური – სტუმრად; თუ ლუკმას ჩემებურად ვერ მოვუქნიე ყბა და ვერც ჩემს გემოზე ვსვი, წამდაუწუმ ხელსახოცით ვიწმინდე ტუჩ-პირი, ვერც დახველება გავბედე, ვერც ცხვირის დაცემინება და დამთქნარება, როცა ამისი ჟინი მომივლის, ვერც ესა ვქენი და ვერც ის, რასაც, მარტო რომ ვყოფილიყავი, არც დავერიდებოდი და არც დაგიდევდით, – თქვენვე მიბრძანეთ, ამ ჭამას ჭამა ეთქმის?“
თხის მწყემსები ყურს არ იბერტყავენ ამ ლაქლაქზე და ხმის ამოუღებლად ვახშმობენ, ხანდახან კი გაშტერებული მისჩერებიან სტუმრებს, რომლებიც უკვე მადიან ჭამაზე არიან გადასული და მუშტისოდენა ლუკმებს იტენიან პირში. ხორცის შემდეგ დესერტსაც დაყრიან მწყემსები, ტკბილ რკოს, რასაც ნახევარ თავ ქვასავით მაგარ ყველსაც მიუდგამენ გვერდით. სმა არ წყდება, ყანწი ხელიდან ხელში გადადის, მწყემსების ორი ტიკიდან ერთი უკვე დაიცალა, დონ კიხოტი კი შეუჩერებლივ ლაპარაკობს „ოქროს საუკუნეზე“. მეორე ტიკი ხეზეა ჩამოკიდებული, გასაციებლად, რომელსაც მალიმალ აკითხავს სანჩო, მოსვამს და რკოსაც მიაყოლებს ხოლმე, რა თქმა უნდა, თავის გემოზე.
„შინ თუ პურის ყუა გიდევს, გარეთ ხაჭაპურს ნუ დაეძებო“ – ესეც სანჩოს სიტყვებია.
სანჩო და ღვინო რომანის ერთ-ერთი მთავარი ხაზია. სანჩო ღვინოში და ღვინოსთან აცნობიერებს თავს. იგი აკავშირებს მას მიწასთანაც და ცასთანაც, თუკი მზე ვაზის ზრდის მთავარი წინაპირობაა, ღვინის სმისას უკვე ვარსკვლავები ერთვებიან საქმეში. აი ნახეთ:
ერთხელ სანჩო სხვა საჭურველმტვირთველს გაიცნობს, ტყის რაინდისას და ტკბილი მუსაიფის შემდეგ ეს ორნი ღვინის ტიკჭორასაც დაეწაფებიან, ზედაც კურდღლის ღვეზელს აყოლებენ, რომელიც სანჩოს თხის ან ციკნისა ეგონა თავიდან. კარგად რომ გამოძღებიან, საკვებზე საუბარს იწყებენ. სანჩო წუწუნებს, ერთი ნატეხი გაქვავებული ყველი მიგდია, თქვენსავით გულადი და პურადი კი არა ვარო. ჰა და ჰა, ცოტაოდენი ჩირი, თხილი და კაკალი გაჩნდეს ჩემს ჩანთაშიო. დონ კიხოტსაც გადაწვდება, მხოლოდ ჩირით და ბალახბულახით გააქვს თავიო და ამ დროს ტყის რაინდის მესაჭურვლე ეტყვის, ჩემს კუჭს არც პანტის მონელება შეუძლია, არც ძირხვენების და ყლორტებისო, მე ცივად მოხარშულ ხორცს და სავსე ტიკჭორას ვერაფრით შეველევიო.
საჭურველმტვირთველები ისევ დაეწაფებიან ტიკჭორებს, მოიყუდებს სანჩო ტიკჭორას და 15 წუთის განმავლობაში არ მოიხსნის პირიდან: „მოიყუდა და სულ მცირე, მეოთხედი საათი ვარსკვლავებს მიშტერებოდა. სმას რომ მორჩა, თავი ჩაქინდრა და ნეტარებით ამოიხვნეშა: – უჰ, შე ბოზიშვილო, ნამდვილი კათოლიკე ღვინო ხარ რაღა!“ (სანჩოს ასეთი აღმატებული თუ სალანძღავი მიმართვები, აღშფოთებითა თუ აღფრთოვანებით სავსე, კიდევ არაერთგან გვხვდება „დონ კიხოტში“. მაგ. „ოჰ, შე დონ ვირთევზის შაშხო, ქვის გულო, ინდის ხურმის კურკავ!“ და სხვ.)
სხვათა შორის, ამ სცენაში გამოჩნდება სანჩოს კიდევ ერთი ნიჭი, ღვინის გამოცნობის ნიჭი. ჩვენი „სომელიე“ ღვინის პატრონს ჰკითხავს, ეს ღვინო სიუდად რეალისა ხომ არ არისო და გაოცებული თანამეინახე პასუხობს: „ჭაშნაგირი ვარო თქვენ უნდა თქვათ! სიუდად რეალის ღვინოა და თანაც საკმაოდ ძველი“. სანჩო კი აგრძელებს თავის გამოჩენას და საკუთარ წინაპრებს თუ მოგვარეებსაც გადასწვდება, ამ საქმის დიდოსტატებს, ნამდვილ ჭაშნაგირებს. ეს ამბავი ცნობილია, მერე ბევრჯერ გადააკეთეს, ფრანგებმაც, იტალიელებმაც და მემგონი ქართველებმაც კი. ერთხელ თურმე ამ ორი პროფესიონალისთვის ღვინის გასინჯვა უთხოვიათ, კასრიდან. ერთმა რკინის გემო დაკრავსო, მეორემ – ტყავის სუნი უდისო. პატრონი შორს დაიჭერს, გამორიცხულიაო, მაგრამ როცა კასრი დაიცლება, აღმოაჩენენ, რომ შიგნით თასმაზე შებმული გასაღები აგდია.
კიდევ ერთი ღია ცისქვეშ გამართული ნადიმია აღწერილი მეორე წიგნის LIV თავში. ამ უცნაურ სუფრაზე ჯერ ლორის ნარჩენ, გამოხრულ ძვლებს ამოალაგებენ. ამას მოჰყვება ყველის ნატეხები, კაკალი, თევზის ქვირითისგან დამზადებული და წყურვილის მომგვრელი, კუპრივით შავი შეჭამანდი, სახელად „კაბიალი“, „გამხმარ-გაწეწებული და შეუკაზმავ-შეუნელებელი, მაგრამ მაინც გემრიელი და მადის აღმძვრელი ზეთისხილი“. ღვინოც ძალიან ბევრი აქვთ, ექვსი თუ შვიდი ტიკჭორა. ნელ-ნელა ილუკმებიან, გემო რომ კარგად ჩაატანონ, სიფრიფანა ნაჭრებს თლიან, დანის წვერით მიაქვთ პირთან და ტიკჭორებს როცა მოიყუდებენ, ღვინის დასალევად, აქაც თავს უკან გადააგდებენ და ზეცას აშტერდებიან. სმისას ეს ზეცას მიშტერება სერვანტესთან გარკვეულ ნორმად თუ ენო-პოეტურ გაელვებად იქცევა.
აქვე უნდა დავიმოწმო სანჩოს უკვდავი სიტყვები მეორე წიგნის XXIII თავიდან. ეს მისი კრედოა, მთავარი მცნება, რომელიც ასევე ღვინოს უკავშირდება: „ჩემს სიცოცხლეში არ დამილევია მხოლოდ იმიტომ, რომ დამელია. ისე კი, რა ვქნა, როცა მწყუროდა, ვსვამდი და ხანდახან, როცა არ მწყუროდა – მაშინაც. ვსვამ იმიტომ, რომ პირფერობის არა მცხია რა; ვსვამ იმიტომ, რომ არ მინდა ხალხს ვათქმევინო, ე, რა თავპატიჟს იდებს, ან რა ხეპრე და უზრდელიაო. ძმაკაცი რომ გადღეგრძელებს, ქვის გული უნდა გქონდეს, რომ ჭიქა არ მიუჭახუნო. მაგრამ მე ჩემი ზომა ვიცი და ზღვარს არასოდეს გადავალ, მით უმეტეს, რომ მოგზაურ რაინდთა საჭურველმტვირთველნი მეტწილად წყალს გეახლებიან, რადგანაც ერთთავად ველ-მინდვრად დაწანწალებენ, ან კიდევ უღრან ტყეებში, მთის კალთებზე და კლდეებსა თუ ღრეში დაეთრევიან, ხოლო ამ უდაბურებაში წყურვილის მოსაკლავად თვალიც რომ გაიმეტო, წვეთ ღვინოს ვერსად იშოვი“.
ღვინის მონაკვეთს ღვინის და ყველის შეხამების ამბით დავასრულებ. ერთგან სანჩო და შიკრიკი მათარიდან საუცხოო ღვინოს სვამენ და ტონჩონულ ყველს აყოლებენ, რომელიც ისეთი სურნელოვანია, რომ წერილსაც კი მისის სუნი უდის, წერილს, რომელიც შიკრიკს მიაქვს ბარსელონაში, მეფისნაცვალთან.
ცალკე გასტრონომიულ-ეთნოგრაფიული კვლევა დაიწერება კამაჩოს ქორწილის შესახებ, რომელიც მეორე წიგნის XX თავშია მოთხრობილი. თავი ასე იწყება: ახლად გაღვიძებულ გმირებს უცებ ცვრიანი მწვადის სურნელი მოსდით და რას ხედავენ, თელის უზარმაზარ შამფურზე მთლიანი მოზვერი იწვება. იქვე ექვსი ხალამი დგას, თითოეული ქვევრის ხელა იყო, რომლებშიც დაკლული ცხვრები მტრედებივით ცვივიან. ხის ტოტებზე გატყავებული კურდღლები და დაპუტული ქათმების ურიცხვი სიმრავლეა, გასაშრობადაა გაფენილი ნაირნაირი ნანადირევი თუ შინაური ფრინველი: „სანჩომ სამოცზე მეტი ტიკი დათვალა, როგორც შემდეგ გამოირკვა, საუცხოო ღვინით სავსე: თითოში ორ-ორი არობა (დაახლ. ფუთს უდრის) მაინც ჩავიდოდა. თოვლივით თეთრი პური ზვინებად დაეხვავებინათ, როგორც ხორბალი – კალოზე, ყველი კი აგურებივით ერთმანეთზე დაეწყოთ და მთელი გალავანი აღემართათ“.
ორ დიდ ქვაბში ზეთი თუხთუხებს და შიგ ტკბილეული იბრაწება, რომელსაც ჩოგნებით კიარა, ნიჩბებით იღებენ და შემდეგ გამლღვალ თაფლში ყრიან. ქურასთან 50-ზე მეტი მზარეული ქალი თუ კაცი ტრიალებს, თეთრი ქათქათა ხალათებით. ყველა მხიარულადაა, იღიმიან, იცინიან, გეგონება შესაწვავად შემოდგმულ მოზვერსაც უხარია, რომლის განიერ ფაშვში თორმეტი ძუძუთა გოჭია ჩაწყობილი. იქვე გორებად ყრია სუნელ-სანელებლები. სანჩო გონებას კარგავს, ნერწყვში იხრჩობა და ბოლოს გაბედავს და ერთ სხარტ მზარეულთან მივა, ქვაბში ერთი ნაჭერი პური ჩამაწებინეო, რაზეც სანატრელ პასუხს მიიღებს: „- ვირიდან ჩამოხტით, ქაფქირი მოძებნეთ, ორიოდე ქათამი ქაფივით მოხადეთ და ღმერთმა შეგარგოთ!“-ო. სანჩოს სამი ქათამი და ორი ბატი შეხვდება, სიტყვებით: „ჯერ ამ ქაფით გაიხსნილეთ და სადილობის დროც მალე მოვა“-ო.
ამ ქორწილში მოგეხსენებათ, მდიდარი კამაჩოსა და ღარიბი ბასილიოს დაპირისპირების ამბავია მოთხრობილი, რაშიც სანჩო, რა თქმა უნდა, კამაჩოს გულმხურვალე მხარდამჭერის როლს თამაშობს, რადგან „კამაჩოს ქვაბებს შეიძლება ქათმების, ბატების, კურდღლებისა და ბაჭიების დიდებული ქაფი მოჰხადო, ბასილიოს ფსკერგამოფხეკილი ქვაბებიდან კი რას გადმოსწურავ, თუ არა მთხლესა და დურდოს“. ბოლოს ყველაფერი ისე სრულდება, რომ ქალს ბასილიო წაიყვანს და დონ კიხოტის გამო სანჩოც მათ ამალაში აღმოჩნდება, მოწყენილი და კამაჩოს „ეგვიპტურ ქვაბებზე“ (იხ. ძველ აღთქმაში, წიგნი გამოსლვათა, XVI, 3) გულდათუთქული: „მათი სანუკვარი ხატება გულით მიჰქონდა, მათთვის მოხდილი ქაფი კი – კარდლით, რომელიც თითქმის მთლიანად დაეცარიელებინა და აწ უკვე გარდასული სიუხვისა და ნეტარების უბადრუკ ნაშთადღა ეჩვენებოდა. ასე, თავის ლურჯაზე ამხედრებული მიჩაქჩაქებდა როსინანტის კვალდაკვალ, დაღვრემილ-დაძმარებული და ყურებჩამოყრილი, თუმცა მუცელამოვსებული“.
ამ ამბავს სანჩო შემდეგაც არაერთხელ გაიხსენებს, მოგონებებით აცრემლებული: „ჰაი გიდი, კამაჩოს ქორწილო და დონ დიეგოს დოვლათით სავსე სახლო, რა ხშირ-ხშირად გამახსენდებით!“
სანჩოს ამ ოცნებით სავსე გამონათქვამზე კიდე ერთი სცენა გამახსენდა და სანამ მასზე მოვყვები, ორი სიტყვით დულსინეას ლანდის კულინარიულ უნარებზეც შევჩერდეთ. არ მინდა გამოგვრჩეს. საქმე ისაა, რომ დონ კიხოტის გულისსწორის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად ის მიიჩნევა რომანში, რომ იგი თურმე საუცხოოდ ამარილებს ღორის ხორცს და ამ საქმეში მას ბადალი არა ჰყოლია მთელს ლამანჩაში.
და კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც რომანიდან ვიგებთ. თურმე სოფელი, სადაც მოგზაური რაინდობის შნო და ლაზათის გულის მურაზი, დულსინეა ცხოვრობდა, განთქმული ყოფილა ქვევრების წარმოებით. ერთხელაც ჭირთათმენაში უებრო ჩვენი რაინდი დონ დიეგო დე მირანდას კარ-მიდამოს მიადგება სანჩოსთან ერთად, სადაც ეზოს ერთ კუთხეში მარანია გამართული. მარნის გარშემო კი უზარმაზარი ქვევრები აწყვია (tinajas). მთხრობელი გვეუბნება, რომ სწორედ ასეთ ქვევრებს აკეთებდნენ ტობოსოში და დონ კიხოტს მაშინვე თავისი დულსინეა ახსენდება და აქ წარმოთქვამს იგი მგზნებარებით: „ოჰ, ტობოსურო ქვევრებო, ჩემი ენით უთქმელი სიმწრის უტკბილესი საუნჯე რომ მომაგონეთ!“
ახლა მოდით, დონ კიხოტის რჩევა-დარიგებებს გადავხედოთ, სანჩოს რომ მისცა კუნძულზე გუბერნატორად წასვლის წინ. მათ შორის ენო-გასტრონომიულ ეტიკეტსაც შევხვდებით, რჩევებს იმის შესახებ, რომ ნიორსა და ხახვს არ უნდა მიეძალოს, რათა არავინ თქვას, რომ გუბერნატორი გლეხუჭაა. სადილად ცოტა უნდა ჭამოს, ვახშმად კიდევ უფრო ნაკლები, რადგანაც „ჩვენი სხეულის ჯანმრთელობა ჩვენივე კუჭის სამჭედლოში იწრთობა და იჭედება“. დონ კიხოტი მოუწოდებს სანჩოს ზომიერად სვას, ლუკმა ერთბაშად ორივე ყბით არ ღეჭოს, არ დააბოყინოს (დონ კიხოტი ლათინურ სიტყვას იყენებს – ერუტაციას).
და აი, ლამანჩისა და მთელი ქვეყნის ჯავარისა და შარავანდის, დონ კიხოტის ახლადგამომცხვარი მოწაფის გამოცდის დროც მალე დგება. სანჩოს დიდებულ სასახლეში წაიყვანენ, სადაც უზარმაზარ დარბაზში მეფური სუფრაა გაშლილი. დაჯდება სანჩო სუფრის თავში და უცებ მის გვერდით ვიღაც უცნობი კაცი დაეყუდება ვეშაპის ულვაშის წკეპლით ხელში. როგორც გაირკვევა, ეს კაცი ექიმია, რომელიც სანჩოს მადას აკონტროლებს. მოუტანენ სინით კერძს, გაიწევს სანჩო და ეს ექიმი მაშინვე წკეპლას დაჰკრავს. ასე განმეორდა რამდენიმეჯერ. ეს ექიმი ვითომ მხოლოდ სასარგებლოს ჭამის ნებას აძლევს გუბერნატორს, არც ხილს აკარებს, არც ცხარეს და სანელებლებიანს, შემწვარ კაკბებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასევე არ შეიძლება თურმე კურდღელი, არც ხბოს ხორცი, არც ოლია პოდრიდა და სხვა რამეები. რაღა დარჩა? მხოლოდ ორცხობილა და კომშის რამდენიმე თხელი ნაჭერი. სანჩო მალე გამოერკვევა და ლამისაა თავზე გადაამტვრიოს ყველაფერი ამ ექიმს. გრძელი, რისხით სავსე სიტყვის შემდეგ ჭამას დააპირებს, მაგრამ ამ დროს შიკრიკი შემოვარდება და წერილს მოუტანს, სადაც ჰერცოგი წერს, რომ კუნძულზე გუბენატორის მოსაკვალავად არიან შეპარულები და პირი არაფერს დააკაროს, ემანდ მოწამლული არ იყოსო.
აი, ასეთ დღეში ჩააგდეს ჩვენი მსუნაგი სანჩო, რომელიც იხვეწება, ერთი ნატეხი პური და ყურძენი მაინც მაჭამეთო. მოგვიანებით ხახვში მოშუშულ ძროხის ხორცსა და მოზვრის მოხარშულ თავ-ფეხსაც მიირთმევს, მაგრამ მაინც ჩაილაპარაკებს, თუნდაც დამპალი ბოსტნეულის ოლია პოდრიდა მომიტანონ, მაინც გემრიელად შევჭამო. რაც უფრო დამპალია, მით უკეთესი სუნი ასდისო. მთავარია იჭმებოდეს და სულერთია, რითი იქნება შეკაზმულიო.
საერთოდ, სანჩო ყოვლისმჭამელია, არაფერს წუნობს და ცხვირს არაფერზე იბზუებს, ყველსა და პურს ისე შეჭამს, გეგონება „მილანური როჭოებით, რომაული ხოხბებით, სორენტოული ხბოს ხორცით, მორონული კაკბებითა და ლავახოსური ბატებით ისადილა“.
თქვენ წარმოიდგინეთ, „გუბერნატორი“ სანჩო ღვინის კანონზეც კი ზრუნავს. ჯერ ერთი დადგენილებით იგი სასტიკად აკრძალავს სურსათ-სანოვაგის ზედმეტ ფასებში გაყიდვას და მეორეც, ნებას რთავს საიდანაც უნდათ იქიდან შემოიტანონ კუნძულზე ღვინო, ოღონდ იმ პირობით, რომ აუცილებლად უნდა მიუთითონ ღვინის სადაურობა და ფასიც ღვინის ხარისხის, გემოს და ფერის მიხედვით უნდა დაედგინათ. ღვინოში წყლის გარევისა და გაყალბებისთვის სიკვდილით დასჯა დააწესა. ასეთი იყო სანჩო პანსას სჯულისდების უმთავრესი პუნქტები.
სანჩოს გუბერნატორობა დიდხანს არ გრძელდება და მალე ისევ ბრუნდება ძველი ცხოვრება, ხეტიალი და ფუნდუკები. რომანის ბოლოსკენ დონ კიხოტი და სანჩო ერთ ფუნდუკში ჩამოხდებიან, სადაც ღამის გასათევის გარდა საუცხოო სუფრასაც დაპირდებიან: ისეთ სუფრას გაგიშლით, თვით სარაგოსაშიც რომ ვერ გაგიშლიდნენო. რასაც მეტყვით, იმას მოგართმევთ სადილადო, ამბობს მეფუნდუკე – ნანადირევი, შინაური ფრინველი, თევზი „თუ რა ვიცი, რაო“. და აი აქ იწყება ტანჯვა. სანჩო ვარიებს მოითხოვს, მეფუნდუკემ – ძერამ მომტაცაო. მაშინ ქათამი შეგვიწვიო, საჭურველმტვირთველმა– სულ ქალაქში გავგზავნე გასაყიდადო, ციკნის ან ხბოს ხორცზე რას იტყვიო – ვაი, რომ არც ერთი მაქვს და არც მორეო. ლორი და კვერცხები მაინც ხომ მოგეძებნებათო? – აბა საიდან კვერცხი, ხომ გითხარით უკვე ქათამზე და ვარიებზეო. და სანჩოს ამოასხამს: თქვენ თვითონ მითხარით, რა ჯანდაბა და დოზანა გაქვთო და ამით მოვათავოთო. ბოლოს გაირკვევა, რომ მეფუნდუკეს მხოლოდ ძროხის ფეხები აქვს, „ისეთი ნაზი, რომ ხბოსი გეგონებათ… მუხუდოსთან ერთად ღორის ქონში მოხარშული და ნივრით შეკაზმული“.
„სულ ჩვენ მოგვართვით! ხელი არავინ ახლოს!“ – უღრენს სანჩო.
ამ დროს ეს ორი გმირი უკვე ძალიან პოპულარულია, მათი ამბავი ბევრს აქვს წაკითხული, მათ ცნობენ, მათსავე ჩვეულებებზე ესაუბრებიან, ამბებს აზუსტებენ, მიმბაძველებს აკრიტიკებენ. ერთგან სანჩოს თავის დაცვა მოუწევს, არც ისეთი მსუნაგი და ღორმუცელ ვარ, თქვენ რომ გგონიათო. მე უფრო სუფთა და ფაქიზი ვარო, რაზეც დონ კიხოტი დასძენს – გუბერნატორობისას ყურძენსა და ბროწეულის მარცვლებსაც კი სულ ჩანგლით გეახლებოდათო.
ფუნდუკის ამ სცენას წინ უძღვის დონ კიხოტის დასკვნითი სიტყვები, რომელიც სათაურშიც გამოვიტანე და ეს თავიც ამით მინდა დავასრულო. ნაცემ-ნაგვემი დონ კიხოტი და მისი საჭურველმტვირთველი წყაროსთან გაჩერდებიან. რაინდის გულს ჯავრი არ ასვენებს, მადა დაჰკარგვია, სანჩო კი დამშეულია და როცა მიხვდება, რომ პატრონი კიდევ კაი ხანს ვეღარ მობრუნდება, პურს და ყველს ეცემა და ღმურძვლას იწყებს. დონ კიხოტს ეს არ გამოეპარება და ასე ეტყვის: „ჭამე, ძამიკო, სანჩო, ჭამე! მომაგრდი, მომჯობინდი, მოღონიერდი. სიცოცხლე შენ უფრო გჭირდება, ვიდრე მე… ჩემი სიცოცხლე უწყვეტი კვდომაა, სანჩო, შენი კი – უწყვეტი სმა-ჭამა“.
© არილი