ესე

მალხაზ ხარბედია – ვასილ ბარნოვის ნადიმები – წარსული, ქალაქი და სოფელი

გასულ წელს ბარნოვის 10-ვე ტომის წაკითხვა მომიწია, სულ სხვა რამის გამო მჭირდებოდა, თუმცა, როცა კითხვას მოვრჩი, ცოტა ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რაიმე დამეწერა მის ტექსტებში გაშლილი სუფრების შესახებაც და ნადიმისა და კულინარიის სამი ძირითადი ჯგუფი გამოვყავი მასთან – ქალაქური სუფრები, სოფლის პურ-მარილები და ისტორიულ რომანებში, ფანტაზიითა თუ ენთოგრაფიული კვლევებით აღდგენილი სუფრები. ქალაქურებში ხშირად მეორდება პროდუქტიც და სუფრის წესებიც. ბაზარში ყურადღებით არჩევენ ყველაფერს, ხორცი იქნება თუ მწვანილი. ხან მარტო, ხანაც მხლებლით მიდიან სავაჭროდ. სოფელში მოხდიან ქვევრებს, „სათონეში დატრიალდება ორომები“ – ნაზუქი, ლავაში, შოთი, კაკალა პური, ფაფხაჭელები. დაიკვლება საკლავი, მოიხარშება, შეიწვება. ოთახები მწიფე ხილის სუნითაა სავსე. ჭერხოში თუ კედელზე დაბროწილი ყურძნის ჯაგნები ჰკიდია.

ქალაქელები ჩაისთან ნაღებ-კარაქს, ნამცხვარს, შაქარლამას და მურაბებს მიირთმევენ. ქეიფობენ ყველა დღესასწაულზე. სოფელში კი მარანი სავსეა ღვინით, არყით, ნესვით და ყარფუზით. ყველა დღესასწაულს თავის ტრადიცია აქვს, საეკლესიოსაც და საეროსაც. მაგ. ყეენობისას მიადგებიან მეზობელ სოფელს თავიანთი ყეენით და დარჩეული მოჭიდავეებით. ეტყვიან, ან ცხვარი დაგვიკალით ანდა თქვენი მოჭიდავეები გამოიყვანეთო.

ღვინოც ბევრი ისმება ბარნოვთან, ერთიორგან ისეთ ღვინოს შეხვდებით მის მოთხრობებში, რომელსაც ახლა ვერსად ნახავთ, ამოცნობაც გაგვიჭირდება. აბა მიდი და გაიგე რა ღვინოა წითელი ალგეთისპირული, რომელი ჯიშიდანაა დაყენებული?!

არაყი კიდევ უფრო მეტია. ხან თავად სვამენ, ხანაც მეეტლეს ასმევენ ან მუშას. გახალისდებიან, სისხლს აიჩქროლებენ, გულს გაითბობენ.

მოთხრობა „დედის ხელი“ დოვლათით სავსე ოჯახის აღწერით იწყება: „კერის თავზე შაშხად ფეშხოები, ცხვრის დუმები ხარიხოებზედ. საკიდელზედ მარად დიდი ქვაბი საჭმლის სახარშად, ხანხან სიპის ფიცარი მაჭკატელებისა, თუ სხვა ცომეულობის მოსაწვავ-გამოსაცხობად. ცეცხლთან მიფიცხებული კეცებით ხმიადები, ხავიწიანი ქადები. გოდრები, კოდები, საცალოები სვილით, ასლით, ფეტვით თუ სხვა მარცვლეულობით. ერბო-ყველით თავმობმული კასრები თუ ქილები. რძით მოპილთავებული ხონები არაჟნის წასახდელად…“ და ყველაფერ ამას აგვირგვინებს ის ამბავი, რომ აქ, ამ ოჯახში არაყსაც ხდიან და ლუდსაც თავისას წურავენ. აბა ამის გარეშე რა აზრი აქვს?! „სასმელითაა სავსე ქინთები თუ გოზაურები“. ამ მოთხრობაში სულ არყის ჩარტყმაა, ხან პატარა ყანწებით, ხან ჭიქებით. სვამენ სუფრასთან, გარეთ, სვამენ საკართანოებს, ბჭესთან, ეზოში, ზღურბლთან. არის ხატობის ქეიფებიც.

ერთი სახალისო სცენაა „თეთრ გვირგვინში“. ანჩისხატში წირვაზე მიდიან ცოლ-ქმარი და ქმარი წუწუნებს: „– რა იქნებოდა, დედაკაცო, ერთი კონჩხა არაყი დამელივნა, ორიოდე ლეღვის ჩირი მეგემნა: ვინ უნდა გასძლოს ესე უზმოდ დიდი წირვის გამოსვლამდის?!“

ბარნოვს მაგარი მჭამელი გმირებიც ჰყავს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველას „ვაშლები“ გაახსენდება და მისი დასაწყისი, ყასაბხანასთან დამდგარი მარად დამშეული არსების თვალთა იერით, მსუნაგი, გაუმაძღარი, ქურდულად მომზადებული, დატუქსული, კუდამოძუებული… ამ მოთხრობის მთავარი გმირი სანდრო მუცელგაუმაძღარი სახლის შვილია, უპოვარ-უშოვარი, მახვილი ყნოსვა-გემოვნებით, სირაქლემის კუჭით. მას ასეთი ხარბი გამოთქმაც ჰქონია: „ნეტა ეს უზარმაზარი სახლი პურად აქცია, შიგ შემსვა, რომ ვსჭამო და ვსჭამო!“-ო.

ბარნოვი მთელი სისავსით ხატავს ამ სანდროს პორტრეტს: „ თუ სადმე წამოასწრობდა სანოვაგეს, ლხინად მოგეცესთ, რაც მას დღეს დააყენებდა! საჭმელი თრთოდა მის წინაშე, მსწრაფლ ილეოდა მისი შიშით, ჰქრებოდა. ნეტა მუცელი მაინც სჩნეოდა დალოცვილს! უმუცლო ბიჭი იყო, მხარბეჭგანიერი, ცოტა წინ წახრილი. არც შემდეგ დაემსახურებინა ღიპი რამ, დაფუკული ვაჟკაცი დამდგარიყო. მეტადრე ელეთ-მელეთი მოსდიოდა სანდროს ხილის დანახვაზე. წითლად დაბროწილი ვაშლის ლოყები საკბეჩად იზიდავდნენ მას.

და თუ ოდესმე მოხვდებოდა გვერდწითელი მის გრძელ და ოდნავ მოკაუჭებულ თითებს, მშვიდობით! ისე ჩანთქამდა ქერქიან-კურკიანად, რომ ქრთილის ტოლას არ გადააგდებდა, ფერფლს არ დაჰკარგავდა. აი, ამ ჩემ მეგობარს შევხვდი იმ დღეს. ათასი რამ ეყიდნა, ბადის ტოპრაკში ალაგებდა და თან იღმურძლებოდა“.

შემდეგ მთხრობელის სტუმრობაა აღწერილი სანდროსთან. შემოდის ჩაი, ნამცხვარი, სასმელი, ხილეული. მთელი დიდი მაშრაფა სავსეა კარგად შენახული დაკრიალებული ვაშლებით. სანდრო ნამცხვარს დასუნთქავს. ამ დროს დიასახლისი თვალებს აბრიალებს, ქმარი კი თვალს არიდებს, მოკლედ, ტერორშია. იწყება ვაშლის ნთქმა, სმა, სანდროს გაბედულება ემატება და უფრო აქტიურად იწყებს ჭამას: „მთლადაც აუშვა თავისი შეუკავებელი მადა, მოხსნა სახლართი უძირო კუჭს, აღაღო ბაგემაფრაშა… შესუსტდა ქალის თვალთა ძალა, დაჰკარგა მან გავლენა… ზედიზედ ვაწვდიდი ვაშლს, მსხალს, ღვინით სავსე ჭიქას და ყველა კეთილს. ნუნუა უფრო და უფრო უტკბებოდა მეგობარს. გამბედაობით აევსო გული. ენა აეცრა. მალე მოიფოთლა იქაურობა, ფსკერი დააჩნდა ჭურჭელს“. მოთხრობის ბოლოს ამ გამბედაობის და უსაზღვრო თავისუფლების მიზეზიც ჩნდება. გახსოვს ალბათ, რომ სანდროს მხოლოდ ჩამბალ-ჩაშავებულ ცალებს ასაღებინებდნენ, ჩაგრავდნენ და აი, თავისი ძველი მეგობრის სტუმრობისას გაილაღა. აიშვა ამ ბავშვური მსუნაგობით ნაგებმა კაცმა.

ბავშობის მოგონებებს განსაკუთრებული ადგილი უკავია ვასილ ბარნოვის ავტობიოგრაფიულ ტექსტებშიც და მოთხრობებშიც. მაგალითად, თევზაობიდან მობრუნებულ პატარებს მამა უხარშავთ თევზს, გამოცდილი ხელით. ვახშმად ცივ წყალს სვამენ. მირბიან წყაროზე, სვამენ ახალ წყაროს წყალს და სახლში სავახშმოდ ბრუნდებიან. ალუჩით მოჭრილ კბილს ნიგვზის გაცოხვნით შველიან. ერთხელ სულაც ქვევრს შემოუსხდებიან პატარები, სოფელში, და სმას შეჰყვებიან. ამოიღებენ ხაპირით, ჩამოატარებენ, ამოიღებენ – გამოცლიან. ბოლოს ისე დათვრებიან, რომ ვერაფერს აგებინებენ, უყვირიან – არ ესმით, ბოლოს ცემას დაუწყებენ და აი აქ კი წამოაზიდებთ, ამოიღებენ თითოეულ წვეთს. დილას, „ნაბახუსევზე“ პაპა შეუტევთ: „აი, თქვე ლოთო მამა…!“, ავტორი კი დასძენს – „…ესე დავიწყეთ ლოთობა“.

ხანდახან ისეც ხდება, რომ აბაზიან გელაქნურს მეტეხის ხიდთან კაპიკად ყიდულობენ, შეტყუებით, ოინბაზობით, რომელზეც შემდეგ პასუხსაც მოთხოვენ.

სკოლაში მაშინ ასეთი ჩვეულება იყო, მასწავლებელს მშობლები მოსაკითხს მოუტანდნენ ხოლმე – ხილი, ნამცხვარი და ა.შ. რაც თურმე ქრთამად არ ითვლებოდა. ამ ამბავთან დაკავშირებით ბარნოვი იაკობ გოგებაშვილის წესს იხსენებს, მაშინ მისი სასწავლებლის ზედამხედველი რომ ყოფილა. ამ მოსაკითხზე იაკობი თურმე არასდროს ამბობდა უარს, ჩამოართმევდა და ყველაფერს ბავშვებს ურიგებდა – ჩურჩხელების კონას, ვაშლს, მსხალს, ნაზუქებს. გაკვეთილების შემდეგ, როგორც წესი, „დაქიმითებული“ (დამშეული) ახალგაზრდობა კი სასადილოს აწყდება, თუმცა ზოგჯერ სადილისას დამნაშავეებს გამოავლენდენ და საჯაროდ სჯიდნენ. დააჩოქებდნენ ხატის წინ, ულუკმაპუროდ, მაშინ, როცა სხვები გემრიელად მიირთმევდნენ.

ვასილ ბარნოვის მოგონებების ერთ-ერთი პირველი ამბავი თრობას და დროსტარებას უკავშირდება. ავტორი მოსკოვშია. ჩააბარა სასულიერო აკადემიაში და მეორე დღესვე მხიარული საღამო ჩაატარეს არყით და ლუდით, ასევე ტკბილი სასმელით, რომელიც თავზე სასხმელი ჰქონდათ. სწორედ მაშინ გაუგია ახალგაზრდა ვასილს, რომ სვილის პურს მდოგვი და არაყი უხდებოდა.

აკადემიაში ასეთი წესი იყო. სადილის წინ არაყს სვამდნენ. ზოგი თითო კვანჩხას, ზოგიც სამ ყანწს. თუ სურდო შეეყრებოდათ, ჩაის დალევდნენ, ერთ ყანწ არაყს აყოლებდნენ და ისე გორაობდნენ ლოგინში. ხშირად სტუმრობდნენ ე.წ. „ობჟორნი რიადს“, სადაც ძირითადად იაფფასიანი ნარჩენები და სუბპროდუქტები იყიდებოდა, მოხარშული თუ შემწვარი: ღვიძლი, ფილტვი, ელენთა… და ეს ყველაფერი გროშებად. „დავიწვევდით ერთ-ორ ბოსიაკს ქალს თუ ვაჟს, ვუყიდიდით ამ იაფ სანოვაგეს, პურს, თამბაქოს და, რაც უმთავრესი იყო, არაყს. ერთი-ორი კონჩხა არაყი გულს გადუხსნიდა ამ ცხოვრების ნალექებს და ისინი გვიამბობდნენ თავის გარდასულ ცხოვრებას… ყველაზე ძვირფასი ქვეყნიერებაზე მათთვის მაგარი სასმელი იყო… შერჩენოდათ ნასწავლის ნატეხები“. ერთხელ ერთი პროფესორი შეხვდათ, გალოთებული, არყისგან განადგურებული. ხელი უკანკალებდა, მაგრამ მაინც იმედი ჰქონდა, რომ გამოსწორდებოდა და კარგ რაღაცეებს დაწერდა.

ძალიან უყვარდა ჩვენს ავტორს თურმე იმ „აბჟორნი რიადებში“ რომანების კითხვა. მთელი ზოლა იქა მაქვს წაკითხულიო, ასე წერს.

რა თქმა უნდა, ვასილ ბარნოვი ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარიც იყო, მთელს დროს იქ ატარებდა, თუმცა საყვარელ მწერლებზე საუბრისასაც არ ივიწყებს ქეიფს და ლოთობას: „ოთხი წელიწადი ამ ბიბლიოთეკებმაც დამაბეს აკადემიაში გამოუსვლელად, თუმცა ჯიბეც მოისუსტებდა. მთელი თავისუფალი დრო წიგნებთა თქმას უნდებოდა, არც კი გვყოფნიდა. მაშინ გავიგე: კარგი ავტორები რომ სწერენ, ჩვენ იმათ ნაღვაწებზე ვქეიფობთ, ვლოთობთ, ვცეკვავთ, ვდღესასწაულობთ“.

აკადემიის დასრულების შემდეგ მაშინვე სამშობლოსკენ გამოვარდნენ ქართველები, მთელი გზა არაყი უსვიათ. ყირიმამდე ისე ჩასულან მატარებლით, ვერც გაუგიათ. – ყველა სადგურზე თითო-ოროლა ყანწს ურტყამდნენ თურმე.

ნამდვილი ქართული, სტუდენტური ქეიფია აღწერილი თავში „სკიტი პარაკლიტი“. ქართველ აკადემიელებს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები ეწვევიან. დიმიტრი ჯანაშვილი დაიკვეხნის, ჩემნაირ მწვადს ვერავინ შეწვავსო და გადაწყვეტენ ტყეში წავიდნენ პურის საჭმელად. იყიდიან სუკებს, არაყს და აკადემიის ახლოს, ნაძვნარში დაბანაკდებიან, იქ, სადაც წყალიც ახლოს იყო. დიმიტრი დაიკაპიწებს და პერანგის ამარა გრძლად ჭრის სუკებს, თან მარილსაც ბლომად უსვამს. დაანთებენ ცეცხლს (ალბათ ნაძვის ტოტებით. საბრალოები!), დათლიან შამფურებს, ააგებენ ხორცს, დაიწყებენ ტრიალს: „შევხანხლეთ, დავლიეთ. იქვე შამფურიდან დავიწყეთ ჭამა. ლაპარაკი, ხუმრობა, ერთმანეთის დაცინვა, სიმღერა თუ უბრალო ღრიალი“. ბევრი სადღეგრძელო დალეულა, ძირითადად საქართველოსი. მერე ჯანაშვილი თურმე „ეშხში შევიდა, აღტაცებამ შეიპყრო“, ერთი ნაძვი აირჩია, კენწერომდე აძვრა და იქიდან თამადობდა. ამ დროს წამოადგათ თავს მეტყევე. ეს მეტყევე თავის კაცებიანად ინსპექტორისთვის ამ ამბის ჩასაკაკლად გარბოდა, ტყეს მიწვავენ ქართველებიო. ესენი კი არ უშვებენ, მოდი ჯერ დავლიოთო. მეტყევე ნებდება, დაჯდება თავის კაცებით, დალევს, მაგრამ მეორე დღეს მაინც შეატყობინებს ამ ამბავს ინსპექტორს.

უცნაური ისტორიაა მოთხრობილი თავში „ჭამე! არ ჭამე!“ ყვარლის გზაზე მიმავალ ქართველს ლეკი ჩაუსაფრდება და დაყაჩაღებას დაუპირებს. წაართმევს ცხენს, წაიყვანს პატრონიანად მწვანე ტაფობისკენ და ხურჯინსაც დაუცლის, სავსეს – ცივი დედალი, ინდაური, მოზრდილი გოჭი „ქაღალდივით თეთრი“, ღვინო, არაყი, ნაზუქები. „დაყაჩაღებული“ ქართველი მოათლის ხანჯლით გოჭს, ჭამს გემრიელად, ისე, რომ ლეკი თვალს ვერ აშორებს. ქართველის კითხვაზე პასუხობს, თუ ძალა დაგვატანეს შეგვიძლია ჩვენც ვჭამოთო, მაშინ ცოდვა არ იქნება და იქნება ძალა დამატანოო. მისცემს ლეკი ხმალს და ქართველი: „- ჭამე ლეკო ბურვაკი, თორემ მოკლავ. – არა! სჯული ნებას არ მაძლევს. – ჭამე ლეკო ბურვაკი, თორემ მოკლავ. – არა! სჯული ნებას არ მაძლევს. – ჭამე! – არ ჭამე! – ჭამე, მეთქი! – არ ჭამე! – ჰე, შე რჯულძაღლო, აბა ნუ სჭამ! – მოუქნია ხმალი, აღარც შეაყენა, მოსხლა თავი ლეკს“.

ქალაქური სუფრები – ამქრის ხემსი და დუქანი

ზემოთ ხომ სამი ძირითადი თემა გამოვარჩიეთ ჩვენი წერილისთვის. ერთ-ერთი ქალაქური სუფრები იყო და აჯობებს ბარნოვის ქალაქურებით დავიწყოთ. აქაც ნადიმების სამი მიმართულება გამოიყოფა – ყოველდღიური სუფრები, სადღესასწაულო ნადიმები და დარდიანი პურ-მარილები. ბარნოვთან ხშირად გვხვდება უბრალო ქალაქელების ღარიბული საუზმე-სადილ-ვახშმები. პაპუნა მეწაღე („ხარაზი“) სისხამ დილაზე მიდგამს ბუხარში ქოთნით ლობიოს, დანაყრდება და სამუშაოს ჩაუჯდება. თოვლიდან შემოსულ სტუმარს პაპუნა არაყს და პურს დაახვედრებს, შაბათ-კვირისთვის კი დაიგულებს ვინმეს დუქანში კარგ ღვინოს, იყიდის, დაუძახებს მეგობრებს და იწყებენ დროსტარებას.

იციან ქუჩაში გამოგებებაც, ხელადითა და თეფშზე დაწყობილი ჭიქებით. ეს, როგორც წესი მშრომელი ხალხის უბნებში ხდება, ვიწრო ქუჩებში, იქ, სადაც შრომის სუფრები იშლება, რამდენიმე ლუკმა, „ოფლით ნაზავი, ტკბილი საკვები“. თუმცა ხანდახან ასეთ სუფრებსაც დაადგება თავზე შავი ფიქრების ღრუბელი და ეს პურობაც ჰკარგავს თავის სიტკბოს: „ზანტად სცოხნიდნენ თავის ლუკმას დაღონებულნი. როდი იყვნენ გუნებაზედ, წესს აყენებდნენ: უვახშმოდ ვერ დაწვებოდნენ, ეშმაკს არ გააცინებდნენ“ („მტკვრის ვაჟი“).

ხშირია დუქნებში და სამიკიტნოებში შევლა-წახემსებებიც, პირის გასველება თუ ხანგრძლივი ქეიფები. შეაღებენ კარს, მოითხოვენ ღვინოს და მცირე სამხარს, ხოლო შემდეგ შეზარხოშებულები სხვაგან აგრძელებენ.

სადილი მუშა-კაცისთვის არაფერია, სადილს დუქანში ჭამს მარტოდ-მარტო, უსახლობით მადადაკარგული, აი ვახშამი კი სხვა ამბავია. ვახშამს საყვარელი მეუღლე, სუფთად ჩაცმული კერის ანგელოზი უმზადებს, „მარად სატრფობი“. გზად თუ ვინმე შემოხვდა, იმასაც თხოვს, ერთად ვივახშმოთო. მიდიან პირმხიარულები: „მწვანილ-ბოლოკი, მოთალი, თევზ-ხიზილალა; ტკბილი ღუღუნი; თარზედ ღიღინი. მარჯვე დიასახლისა მოსიყვარულე… სხვებიც შეგვესწრებოდნენ ხანდისხან. სამხარი ვახშმად გადაგვექცეოდა, ჩუმი შექცევა – ახმაურებულ მხიარულებად. მეტადრე, თუ აშუღ მიქელა შემოგვესწრებოდა… რა თქმები, რა ზმები! საარშიყო ლექსები. ძველებური ამბები…“. ამავე მოთხრობაში, „განასკვილ სიმშია“ აღწერილი გაღარიბებული ტფილისური ოჯახი, სადაც სტუმარი მოსაკითხებით მიდის და მეგობრის სახლში უკვე დაბრმავებული და დამშეული დიასახლისი დახვდება: „გავთბით. შევნაყრდით. დედაკაცი ცდილობდა, ნაზად ეჭამნა, მაგრამ მაინც ეტყობოდა, დამშეულიყო, დანატრებულიყო სასმელ-საჭმელსა. გუნებაზედ მოვიდნენ. მაკრინე თავისებურად გასწორდა წელში, ყელი მოიღერა, ჩამხმარ-ჩანაოჭებული ყელ-ყური. სვიმონა დახელოვნებულიყო დედაკაცის მოვლაში: მარჯვედ აწვდიდა საჭირო ჭურჭელს, საჭმელს თუ სასმელს. ისე ესმოდა დედაკაცს ყოველივე მოძრაობა, თითქო ხედავსო. ისევ ისეთი სუფთა მაკრინე, ბედშავობაშიც ლამაზად მქცევი“.

ქალაქური სადღესასწაულო სუფრები არაერთგან გვხვდება ბარნოვთან, მას ხან ბაზარში გავლა და ხორაგის არჩევა უძღვის წინ, ხანაც პირდაპირაა აღწერილი მოკრძალებული თუ მრავალფეროვნებით ჩაზნექილი სუფრები. ერთ-ერთი ყველაზე უხვი სააღდგომო სუფრაა აღწერილი მოთხრობაში „საპასექო ნამცხვარი“:

„მაგიდა დატვირთულია ფერად-ფერადი სანოვაგით. ხელგაშლით უხვობს მგბარი თუ მწვარი. შეწითლებულ გოჭს ფურინჯის ნაჭერი უპყრია პირში და მაცდურად უღიმის მახლობელ მეინახეს. ფაიფურის ტაბაკზე მიწოლილ შემწვარ ბატკანს ყელი მოუღერებია და ტარხუნას აკნაწუნებს. ფელიკსს კალთა გადუხდია დაბროწილ ბექის საჩენად და მძლედ იზიდავს ნამარხულევს მადას მსუქანი; ტანი ქაღალდის ჯინჯილით შეუმოსავს. ხელი არ გაეპოხოსო ჩემ მოტრფიალეს. ინდოურს თეთრ-წითლად გადმოუდვია ლანგარის თავს გულ-მკერდი და ჩასთვლემია ჩაფიქრებულს. რა დელამა, რა ყველი! ნაღები, კარაქი, ხაჭო ტკბილად ნაზავი. უამრავად მრავლობს ფერადი ნუზლა, მაღვიძი მადის მჟავე თუ მწარე; სანუკვარ-სატკბილობელიც კი ყოველი სახე. ტანსუფთა გოჭი ყელმოდგმული ხოშ-გუვარით სავსე. ყარყარა კრიანტელი ლალისფერ ნექტარს რომ აციმციმებს. სუფრის შუაზე კოხტა ჩოღრათო, ყელგაგრეხილი კულა ვერცხლისა. თაიგულები ჭრელ-ჭრელ მაშრაფებით. და… მაგიდის თავს წამდგარი პასექის მცხვარი ლიტაო, ნაძვის ღეროსავით აწეულ-აზეული, თავგვირგვინოსანი, ყანდის ჯვარით მორთულ-შემკული ეს ტანშეყრილი ცნობილი და სუფრის ბოლოს ნებივრად დებული პირყირმიზი ფუნთუშა, ზევიდან ჯვარედინად ჩანაჭდევი, იყო ამ წუთს დიასახლისის სიამაყე“.

ეს გრძელი აღწერა დიდი მარცხით სრულდება, დიასახლისი ამ თავისი სიამაყის, პირყირმიზი ფუნთუშას დაჭრას ეცდება და არაფერი გამოუვა:

„თითონ აიღო დანა ნამცხვრის ჩამოსაჭრელად. არ გაუჭრა მახვილმა. ძალა მისცა მაჯას, მაინც ვერ გააკვეთინა. დანის პირი ასხლტა კანს, მედგრად დააჭირა. დანის პირი მოეკიდა ქერქს, ვერც კი ჩაკვეთა და, დახე, წელში მოიხარა მცხვარი აშოტილი. აიღო სხვა დანა. ვერ გააჭრევინა. ჩაიზნიქა მაგიდა. შეწკრიალდნენ წვივმაღალი ჭიქები. წამოიყარა ბროლს კრიანტელი და დაატეხა თავი მახლობელ დოქს. წატბორდა მეწამული სპეტაქ სუფრაზედ. შეუწინწკლა ქალბატონსაც საკარმანგი გოარშეყრილი. გახედა სტუმრებს. ორაზროვანი ღიმილით მისჩერებოდნენ“.

თუ მზა პურ-მარილი უნდათ გაშალონ, ბაზარში სააღდგომო სუფრისთვის ყიდულობენ წითელ კვერცხს, მოხარშულ ლორს, შემწვარ ხორცს ბატკნისას, გოჭისას, ინდაურისას; კარაქს, ყველს, ტარხუნას, ფუნთუშებსა და კახურ ღვინოს. იასამნითაც დაიმშვენებენ გულისპირს. ვეებერთელა ფურნის პური მკლავებმოხვევით, გულზე მიკრული მიაქვთ, ძლევამოსილად, თვალების ბრიალით. ბატკანი – ოცდაათი თუმანი ღირს, ბურვაკი – ოცდახუთი, მამალი ინდაური – თვრამეტი თუმანი… იქვეა ზუთხი, ხაჭო, კარაქი, ყველი, არაჟანი, ვაშლები, ფორთოხალი. ვაჭრობაში მყიდველს მოშივდება კიდეც, ააწონინებს მეპურეს ოთხ თონის პურს, ნაჭერს დაიწონის და მსახურ გოგოსთან ერთად გაიყოფს, პირს გააცმაცუნებენ („აღდგომის ცოდვა“).

სადღესასწაულო სუფრებს ხანდახან „კუჭის აშვებასაც“ უწოდებენ. პურობას მცირე საუზმით იწყებდნენ, რომელსაც მძიმე და დიდებული სადილი მოსდევდა, სადილი კი ვახშამში გადაიზრდებოდა ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ მთელი დღე სუფრასთან ისხდნენ. ბოლოს, თუ თავი ჰქონდათ, ცეკვა-სიმღერით ან ბანქოთი იქცევდნენ თავს.

„საპასექო ნამცხვარში“ ვასილ ბარნოვს ისიც კი აქვს ჩამოწერილი, თუ რომელ დღესასწაულს რომელი თავი კერძი უნდა მოვუმზადოთ: „ახალწელს გოზინაყი, ფერისცვალობას ნუგბარი ხილი, ხარებობას ზურგიელი, აღდგომას მწყობრად ასული ლოლუა ნაფუარი და კიდევ ნებივრად მიწოლილი ფუნთუშა პირპოხილი, კვერცხნაცხები, წითლად მბწყინავი“.

სააღდგომოდ ასე იღწვიან: რომელიმე მანანა მოიხელთებს რძეს, ერბოს, კვერცხის გულს, გაცრილ შაქარს, „სანელ-სუნელოვანს, მზაქმნილ საფუარს“. დაიმკლავებს, მოაქანებს ცომს. ცომი მალე „შეძნელდება, შენივთდება, მძიმე სატკეპნელ-საბრუნებელი შეიქმნება. – იცოდე, თუ შეაყენე ზელვა და შეაგრილე ცომი, მთელი მასალა დაიღუპება. ვის დავუძახო ეხლა?! თეონაც შინ არ არის. მე კი, კარგად იცი, მაგოდენა ცომის ბრუნება ვერ შემიძლიან.“ ამ დროს საქმეში აუცილებლად მამაკაციც უნდა ჩაერთოს.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ერთი თავი ბარნოვის მოგონებებიდან, „სარუხანა“, სადაც დიდმარხვის წინა ჭამა-სმაზე და სიმაძღრეზეა საუბარი: „დიდმარხვის წინ სამი კვირა ჭამის კვირებია, ზედმეტი ძღომისა. მეტადრე გაძლიერდება ჭამა ნების კვირას და შურის კვირას. ყველას აჯობებს ყველიერი“. ჭამენ დილას, შუადღეს, საღამოს, ღამე და უდროოდ. შავ ორშაბათს კი მორწმუნეები მარტო მოხალულ ხორბალზე გადადიოდნენ თურმე. სამშაბათს დახლებზე უკვე სულ სამარხოები ჩნდებოდა: ლობიო, სისირი (მუხუდო), მუკაშარი (ცერცვის ღერღილი), ოსპი, ბაკლა (ცერცვის სახეობა), კიტრის, კომბოსტოს, წიწაკის, ნივრის მწნილი, ჯონჯოლი და ქარქვეტა. და რაც მთავარია, მახოხი. თან ამ დროს, ადრე გაზაფხულზე, ყველანაირი მარცვლეული, რაც შენახული ჰქონდათ, „გაიჩუჩუნებდა“ და ან უნდა შეეჭამათ, ან უნდა გადაეყარათ, დასათესად ისედაც ჰქონდათ სხვა მარაგები. ამიტომ დოვლათიან ოჯახებში ყოველ დღე რაღაცა შეჭამანდი მზადდებოდა. ზოგჯერ გაღვივებული მარცვლებისგანაც. ამ დროს საქონელი და ფრინველი ძალიან „წვრილფეხა იყო, ნაზამთრი და გახროკილი“, სააღდგომოდ კი მოძლიერდებოდნენ, ბატკანი წამოიზრდებოდა, წიწილაც და „კარგი შესაქცეველი შეიქნებოდნენ“.

ავტორი სარუხანას დუქანს იხსენებს, სადაც საუკეთესო, შეუდარებელი სამარხვო კერძები მზადდებოდა – დახურული ბაზრის ბოლოში, მეიდნისკენ გასასვლელ გზაზე, ფიცრულში. ჰიგიენა მთავარი საკითხი ყოფილა: უმანკოდ დაწმენდილი ჯამ-ჭურჭელი, არანაირი კასრი, საიდანაც წყალი ჟონავს, მტვერსა და ნახშირის ნარჩენებს მაშინვე მოხვეტდა თურმე: „ხაქას არ გაიბადებდა დუქანში, მტვერმა არ ამზნიოსო საჭმელსა“. გრძელი ქურა ედგა, ნახშირზე, რაზეც კერძებს ამზადებდა. მწნილები მინის და თიხის ჭურჭელში. კერძებს გრძელტარა ჩამჩებით და ქაფქირებით არიგებდა, „შავები ეცო, დიდმარხვული ტანისამოსი. კლავები დაკაპიწებული. ვერცხლის სარტყელში ფართე ფეშტამალი. მეტადრე ლამაზადა ჰქონდა მოწყობილი ბაკლა, უწვნო. ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი რომ წყობისად ელაგა, მოგინდებოდა კოვზის წატაკება“.

ბარნოვთან დღესასწაული მაინც იშვიათად შემოდის ხოლმე სუფრაზე, დარდი კი ხშირადაა. ამ დროს უმადოდ ჭამენ, უნდომლად, გინდა სეიფოვიანთ დუქანში იყვნენ, გინდაც ტილიპუჭურში. მოთხრობაში „ნუშო“ რუსეთიდან ჩამოსულ სოსანას ძველი უბნელები სახელდახელო სუფრას უშლიან, ნარიყით ბუხარს გაამხიარულებენ, გეგენა ჭანარს მოიტანს, თუმცა მალე სუფრიდან სამხიარულო ანგელოზი აფრინდება და დაიშლებიან. სხვები სახლზე იცრუებენ გულს, ხან სიყვარულის გამო, ხანაც სხვა რამ დარდისთვის. აღარც მუშაობენ, დადიან ორთაჭალის ბაღში – ყანწებით ღვინო, დუდუკი, ცეკვა.

ლამის ფორმულასავით ჟღერს ერთ-ერთი მთხრობელის („მიეხმატკბილა გოგონას“) სიტყვები: „სევდის ალების დასაშრეტად ნუნუას მივუჯექ, მაწყნარებდა. შენ არ გიცდია ნოესებური?“. არის კიდევ ერთი ფორმულაც: „ბეჩავი გულის ღვინოში ჩახრჩობა“.

დარდიანები ხანდახან თეატრშიც შეივლიან, პირველი მოქმედების შემდეგ ბუფეტს მიაკითხავენ, კუპატს აიღებენ, დალევენ. დადიან მუშტაიდის სალხინო წალკოტებშიც, შეუკვეთენ ვახშამს და ერთ-ერთი პირს ვერ აკარებს ვერაფერს, იტანჯება, ყველაფერი მწარედ ეჩვენება, ყელში არ ჩასდის, აშტერდება საზარლად მოლაპლაპე მდინარეს და თვალს ვერ აშორებს. ამავე მოთხრობაში („ტკბილი დუდუკი“) ერთი რუსი პერსონაჟია, რომელიც გაიძახის: „არაყში! არაყში მსურს ჩავადნო დარდი ჩემი მოუნელებელი! მოუჯდებოდა წინწანაქარს და სვამდა ნელ-ნელა, სვამდა დაჟინებით, სვამდა დაუსრულებლად. სვამდა და მოსთქვამდა თავის უბედო ბედს, იღვერფლებოდა, სანამ კინწი არ მოსწყდებოდა და არ ჩაეძინებოდა“. ერთხელაც გალოთებული გაჭირვეულდა და „ჭიქა დაანარცხა იატაკზე. სასმისის ჭაქანზე ქალი ზე წამოვარდა, შეჰკივლა. კაცმა ძლიერ იწყინა და გაცოფებულმა ხელი ჰკრა ცოლს გულში, ქალი გადიმზღვრა იატაკზე: გული შეუწუხდა“. საჭმელი ემწარება ილოსაც, მოთხრობიდან „ხარატი“: „პურსაც ვერა სჭამდა გემრიელად: ემწარებოდა ტკბილად შენელებული საჭმელი“.

სასმელში ნახულობენ შვებას მუშები და ხელოსნებიც. ოღონდ ისინი უფრო მძიმე შრომის გამო ეტანებიან ნუნუას. მაგ. დაბაღი კოპრუასთვის, მოთხრობიდან „ბედის ვარსკვლავი“, „გაყინულ წყალში ტყავების ფეხშიშველა ზელვა აუტანელი ტანჯვაა“ და ერთად-ერთ ნუგეშად და გამამხნევებლად არაყი და ღვინო მიაჩნია.

რა თქმა უნდა, ბევრი ვერ ნახულობს შვებას სმაში. მაგ. ოთარი („სევდის საგუბარი“) სასტუმროში მივა, ცალკე ოთახს და საუკეთესო სანოვაგეს მოითხოვს, ჰგონია, რომ ღვინო განუქარვებს დარდებს, სადილში გაივლის, შემოკლდება საშინელი დრო, მაგრამ არა, ვერაფერს ირგებს: „მოუჯდა სუფრას; ვერ შეირგო; სრულებითაც არ უამებოდა რჩეული კერძი, არც ღვინო ეგემა ლალისფერი, საუკეთესო. ნახევარ საათი ვერ დაჰყო სუფრაზედ. მსახურს გაუკვირდა, როცა სანოვაგე თითქმის ხელუხლებელი წაიღო უკან. ან რად უნდოდა საჭმელ-სასმელი, თუ ვერ მისწვდებოდა უმთავრეს საზრდოს თვისის უთმენ სურვილისას?“

ისეთებიც გვყვანან, ცრემლით რომ ამლაშებენ კერძს: „იცი? ერთხელ წვენი მლაშე მოსვლოდა მაიკოს, უცნაურად იყო წამლაშებული, თითქო მარილი კი არა, სხვა რამ სიმლაშე დასჭარბებიაო და… კოვზი დამივარდა ხელიდან სევდა-ნაკრავსა: ჩემი მაიკოს ცრემლებს გადემლაშებინა საჭმელი. ხომ იცი, ცრემლს თავისებური სიმლაშე მოსდევს, საკუთარი. – არ ვიცი! – არ გიგემებია, ბედნიერო?! იგემე! ხომ გყავს სატრფო გულისა? ჰო და როცა ის აგიტირდება შეჭირვებული, თვალები ამოუკოცნე და განიცდი ცრემლის თავისებურ გემოვნებას“.

სუფრასთან ოხუნჯობენ ხოლმე, „იკლიკანურ სადღეგრძელოებს“ სვამენ, ქალებს აცინებენ, ართობენ, ხან იცავენ წესებს, ხანაც უწესოდ ღრეობენ. ერთ ოჯახში მაგ. 5 საათამდე არ სადილობენ, ამიტომ მთავარი გმირი იძულებულია ავლაბრისაკენ გასწიოს, სადაც ხიდის ყურზე თანასოფლელები ეგულება, რომელთაც ყველი, ერბო, მატყლი და სხვა რამეები აქვთ გასაყიდი: „პურის ჭამაზედ მიასწრო. გაესაღებინათ საქონელი და მყიდავ-გამყიდავთ ღვინო ჩამოესხათ. მიუჯდა სუფრას, მწვადი ახლიჩა, შენაყრდა, დალია. თითონაც ჩამოუსხა. სმა-ჭამის საღერღელი აეშალა და დიდის სიამოვნებით დაათავებდა სადილს იქვე, მაგრამ არ შეიძლებოდა: უნდა სწვევოდა სადილად თავის მეგობარს. შეზარხოშებული ხომ არ მივიდოდა განათლებულ სახლში!“

მაგობართან სულ სხვა ვითარება ხვდება – „გაქათქათებული სუფრა, ხელსახოცები; ფაიფურის ჭურჭელი, ვერცხლის კოვზები, ძვირფასი დანა-ჩანგალი თუ სხვა სახმარი ჭურჭელი… საჭმელები ნაირ-ნაირი. მუხლმაღალი წკრიალა ჭიქები სასმელებისთვის“. – მაგრამ რად გინდა, სუფრაზე თავისუფლება არაა, არანაირი ღიმილი, შვება და სიცილი. დიასახლისი ყველას მკაცრად ადევნებს თვალს, „შვებას უხუთავს“ უსიამოვნო ქარიშხალის მომასწავებელი გრძნობა მასპინძლებსაც და სტუმრებსაც:

„ყველაფერი იყო სადილზედ, შვება კი მოშთობილიყო. თავისუფლების ნიშანწყალი გამქრალიყო დიასახლისის მზირ თვალთ ქვეშ: მზარეული უსიტყვოდ წყრებოდა, რადგან ქალი ყველა საჭმელს მაინც რამე წუნსა სდებდა, თავმდგომთ ეშინოდათ იმ წვერწამახულ შენიშვნებისა, რომლებით ჰგმერდა მათ წამისწამს ქალბატონი. ბალღები გაკანკულიყვნენ და მთელ თავის ყურადღებას აქცევდნენ დანა-ჩანგლის მარჯვედ ჭერას, ხელსახოცის დროზედ ხმარებას და ყოველგვარ წვრილმან წესს, რომ გესლიანი დარიგება არა ჰსმენოდათ უფროსებისაგან. თითონ მასპინძლები ერთობ ფრთხილად, კრძალვით დაჰფარფატებდნენ სუფრას ალბათ მისთვის, რომ არაფერი სწყენოდათ სათუთ ნივთებს და უცაბედად არ დაზიანებულიყვნენ მალალნი. სტუმარიც უნებლიეთ განიმსჭვალა იმისი რიდით, რომ რაიმე უხერხულობა არ ჩაედინა. – როგორ ზავთიანად გაუელვა თვალმა ქალს, როცა საუბარში გართულმა ჭიქა პირდაპირ სუფრაზედ დავსდგი! მერმე ის ჩემი ცოდვით სავსე ჭიქის ძირი მამასახლისის ბეჭედივით აიბეჭდა გაქათქათებულზედ, – გაიხსენა პორფირემ და ეხლაც კი შერცხვა იმ თავის მოუხეშაობისა“ („ლევრელა“).

ხანდახან მზარეული უცხოელი ჰყავთ, რომელმაც კარგად შეისწავლა ქართული კერძებიც და მშვენიერ ფლავს აკეთებს, თუმცა ერბოს მაინც იწუნებენ, რადგან ზოგადად, ქალაქის ბაზარზე გამოტანილი საზრდო არ არის მაღალი ხარისხის.

ხელოსნებს ხელსახოცში გამოხვეულ სანოვაგეს უკითხავენ, ხელსახოციდან წითელი ბოლოკის ფოჩები და გელაქნურის ბოლოები მოჩანს, „რომლებიც ვეღარ დაეფარა შემოხვეულ ქაღალდს“. ვაშლი და მსხალიც იქვე აქვთ გამონასკვული. ღვინო ხელადით, ნიგოზი. „მოსიყვარულე ხელით შეთხზული მოსაკითხი“ – ასე უწოდებს ავტორი ამ გამოკრულ ხემსს: „სეფისკვერს ვერ მიიღებდა ვანო ისეთი წმინდა გულით, როგორც შეექცეოდა ეხლა ამ სანოვაგეს, ღვინოსაც სწორედ ზედაშის გემო ჰქონდა და სიწმინდე. ანიკოსაგან ხელნახლები იყო ეს ყველაფერი და იმისთვის იყო ესეთი კარგი მწვანილიც, გელაქნურიც, ხორციც, ყველიც, პურიც და ღვინოც. ვერ მიხვდი?! მაშ თავისთავად როგორ შეიძლებოდა ისეთი გემრიელი ყოფილიყო ხორაგი?! ისადილა, ბიჭებსაც მიუპყრო. ძალიან კარგ გუნებაზედ დადგა. ცოტა შეისვენა და ისეთი ეშხიანი მუშაობა გააჩაღა დუქანში, მტერსაც კი უამებოდა“ („ამქრის მშვენება“).

ამქრის კაცები, რიჟრაჟზე სამუშაოდ გასულები, როგორც წესი ძალიან ადრე საუზმობენ და სადილობენ, საღამომდე ისინი ვერ მოიცდიან, ამიტომ თუკი სახლში რამე სუფრა იშლება, იმ დროისთვის უკვე შენაყრებულები არიან. ასეთ ქალაქურ სუფრებზე ჯერ თავდაჭერით იქცევიან, უხერხულობენ, მაგრამ შემდეგ ერთიანად იფეთქებენ: „სმაშიც ნაზობდნენ, მაგრამ ნექტარმა მალე იმოქმედა მათზედ და შეხურდნენ; საღმა საჭმელებმაც მადა დაუტკბეს და გაუსვეს ბიჭებმა! <…> ალაპარაკდნენ, აჟიჟინდნენ, ამღერდნენ. თქვეს რამდენიმე უცხოური ხმა, მაგრამ იმ ჰანგებმა ვერა ჰპოვეს თანაგრძნობა ქართულ სუფრაზედ. გადმოუხვიეს ქართულ სიმღერებს, გარნა მწყობრ ხმების მაგივრად ნაგლეჯ-ნაგლეჯი წართქმა გამოვიდა ღრიალის მსგავსი. მიჰხვდნენ, რომ ამისთანა ხმები ვერ განამრავლებდნენ სიამოვნებას და დაჩუმდნენ. ღვინის ბუღით ფიქრდაბნეულთ სცადეს მეტის შებედვა: ორჰაზროვანი ფრასები აუშვეს, თვალს თუ ხელს მეტი ნება მისცეს იქ მყოფ ქალწულთა შესახებ, მაგრამ ვერც ამ ცდამ გაიარა მათთვის სასურველად: აქეთ-იქიდან აგრძნობინეს მათ, რომ ქართველ ოჯახში არიან ისინი, თავდაცულ მანდილოსანთა შორის. უხერხულობით დათავდებოდა საქმე, რადგან შესაძლო იყო ახალგაზრდების ბორგვა წესიერების სადენს მთლად გადასცილებოდა, თუ თითონ ანიკოს არ ეგრძნო ეს და არ ჩაჰშველებოდა <…> აიშალნენ სტუმრები. ალაგდა სადილი. განახლებულ სუფრაზედ ხელადაღა იდგა სველი და დათლილი მწვადი“.

ქალაქურ თემას უნდა მივაკუთვნოთ მე-19 საუკუნეში შემოსული ლუდის კულტურაც, რომელიც გერმანელმა კოლონისტებმა დანერგეს და იმდროინდელი ქალაქისთვის ახალი ხილი იყო. თუკი მთიელები უძველესი დროიდან ხარშავდნენ ლუდს, ქალაქში, უფრო კონკრეტულად კი ტფილისში, ლუდმა მხოლოდ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მოიკიდა ფეხი. ხალხი ძნელად ეჩვეოდა ახალი ყაიდის სასმელს.

მოთხრობაში „ნუშო“ ერთი მოხერხებული კაცია, ჯაგუ კორსაია, რომელიც მთავარ გმირს, სოსანას, ლუდის დასალევად წაიყვანს, რის შემდეგაც სოსანა ამბობს: „ჯერ კი ვერ შევჩვევივარ, მწარე მეჩვენება“. ლუდზე პატიჟია მოთხრობაში „შინაური მტერი“. სააგარაკოდ ჩასულს მეფარდულე ლუდის დასალევად იწვევს. მთლად ახალს, ყინულში შენახულს სთავაზობს. ისიც ჩამოჯდება, ნელ-ნელა სვამს, გულის გადასაყოლებლად, „შემარილებულ ნამხმარის“ ნაჭრებს აყოლებს.

ტფილისში ლუდის წერტილებით მიხაილის ქუჩა იყო განთქმული, ახლანდელი აღმაშენებლის გამზირი. ამ ჩვენს მეფარდულესაც დუქანი მიხაილის გამზირზე ჰქონია, ცალკე სენაკებით, განმარტოების მსურველთათვის, მაგრამ მერე ბედს უმტყუნებია და აგარაკებზე, პატარა ფარდულში ვაჭრობდა.

ახლა ჩაისსმაზეც ვთქვათ ორი სიტყვა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20-ის დასაწყისის ტფილისი წარმოუდგენელია ჩაის გარეშე. ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა აღწერილი „ლევრელაში“: „აპრილის მიწურულები იყო. უკვე კარგად შემაღლებულ მზეს სხივები შემოენათებინა აივანზედ ფანჯრებიდან. ცხელოდა. სასადილო ოთახში, რომელიც მუხის გულისფრად იყო შეღებილი და მუხისავე მსხმოიარე ტოტების არშიით შემოხაზული, ჩუქურთმიან ფართე მაგიდაზედ იდგა ვერცხლის ჩაიდანი და ზედ მოვარაყებული ფაიფურის ჩაისაყენი. ოდნავი დუღდა ჩაიდანი, ნელის ხმით ამბობდა თავის გრძელ სათქმელს. იქვე ეწყო ყველი მარმარილოს ფირფიტით, კარაქი ბროლის საკარაქით, სავსე სარძევე, ბჭყვრიალა მავთულისაგან მოწნული ხახალი ნამცხვარით. სუფრა-ხელსახოცი ფიფქივით თეთრი. მაგიდას მისჯდომოდა პეტრე იოსების-ძე და ჩაის მიირთმევდა, თან გაზეთს ათვალიერებდა“.

ჩაის ზოგჯერ იმიტომ სვამენ, რომ წყალს ერიდებიან, იწუნებენ წყალს ან მოწამვლისა ეშინიათ. ოჯახის ზოგი წევრი დილაადრიან სვამს ჩაის, სხვები 11-12-მდე არ დგებიან და ჩაისაც მხოლოდ შუადღისას მიირთმევენ.

ქალაქში სოფლური სიტუაციებიც ბევრი გვხვდება, ბარნოვის პერსონაჟების უმრავლესობა ხომ სულ ახალი ჩამოსახლებულია სოფლიდან. გავლენ მეზობელთან და ოჯახში დაიბარებენ, მივდივარ და ქვაბებს ყური უგდეო. ყურის გდების შემდეგ კი ქაფქირით ამოყრიან ტაბაკაზე ხორცს, მიუსხდებიან პატარა მაგიდას მიწურში, ღვინოსაც ჩამოდგამენ და დაილოცებიან. ერთი ფრაზა მახსენდება მოთხრობიდან „თეთრი გვირგვინი“, რომელიც შესავლადაც გამოდგება ბარნოვის სოფლის სუფრებისთვის: „ჩუმად! ნუ ჰკივი! ბარემ მეზობლებს გააგებინე გაქსუება, სახლის გარედ შენი ქეიფი“. ამას მხოლოდ სოფელსა და ქალაქს შორის ყოყმანში მყოფი თუ იტყვის, ვისშიც ჯერ კიდევ ძლიერია სოფლური წესი და დუქნის გემო ქალაქურ ხიფათებსა თუ გარყვნილებას უკავშირდება.

სოფლის ტაბლა

ბარნოვის სოფლური ნადიმები შეიძლება ვაჟა-ფშაველასასაც ჰგავს, თუმცა აქ ძირითადად ქართლის ამბებია აღწერილი, იშვიათად თელავურები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისა.

პირველ რიგში ბავშვობისდროინდელები გავიხსენოთ. სოფელში, ტყეებში თუ მინდორში ხომ აუარება სასუსნავ-საკვების პოვნა შეიძლება, რაც არასდროს გამოეპარება დამშეულ თუ მსუნაგ ბავშვებს – ყინტორა, ძირხვენა, თხის ძუძუ, ლაშქარა, ჭინჭრის დედა, ჭყიმი, ყვავილიანი შამბები… კვრინჩი, პანტა და მაჟალო, ტყემალი, თხილი, მაყვალი, შინდი, შინდა-წალა, მარწყვი, ღოღნაშო, კაკალი. შემოდგომა რომ მოიწეოდა, ერთი ესეთი ადგილი თურმე „დათვების ბაღნარად“ იქცეოდა და პანტის შესაგროვებლად თოფებით დადიოდნენ ხოლმე. ტყის ხილს კი ასე ინახავდნენ: „როცა საბძელში ბზეს ვაგროვებდით, შუაში რამდენსამე ადგილას ჩავფლავდით ხილს და ბზით ავავსებდით კარებამდე. ჩვენ ნებაზე აღარ იყო ხილის აღება, დიდძალ ბზეში იყო გახვეული. ზამთარში, როცა ნელ-ნელა ილეოდა ბზე, თავისთავად გადმოიშლებოდა შენახული ხილი, წიოკობით გავბროდით შინ, ამასაც დედა თაფლით დაატკბობდა. ხილი იყო და ხილი!“

მოთხრობებში ქალაქური და სოფლური პროდუქტის დაპირისპირებასაც ნახავთ (ქალაქშიც ხომ ასეა). ერთ-ერთ ადრეულ მოთხრობაში („ისე ჩავკრა…“) საშობაო სამზადისია აღწერილი: „ოთარი ანთებული ბუხრის წინ ათვალიერებდა გრძლად ჩაწმახნულ სიას და არ იცოდა, როგორ გაედინა თავწყალი. – ქალო, ე სასმელები რაღად გვინდა? ჩვენ ძველ ღვინოებს რომელი ქალაქური სასმელები შეედრება? არაყი და თაფლიც შინა გვაქვს და შეანელებდი. ის ხომ მაინც გვეცოდინებოდა, რომ მოსაწამლი რამ საფერავი არ ურევია შიგ“.

მთაში (ხევსურეთში) დიასახლისს ტაბლა შემოაქვს ხმიადებით, ქადებით, ყველით, ორი წიწანა (ხის პატარა ჯამია) ერბოიანი რძით. ჩამოისხმება არაყი, ამოიყრება ხინკალი და იწყება ნადიმი.

სხვაგანაც იხარშება ხინკალი, „ძნელ სიცივეში“ თითო ყანწ წინწანაქარს აყოლებენ. უცებ იტყვიან, „ორი სჯობია“ და სვამენ მეორესაც, სიტყვებით, „ჰაი, ჰაი ემჯობინება“. ალბათ მესამესაც მიაყოლებენ. უმცროსები შამანს ყლაპავენ. შემდეგ კი ადგებიან და საქონელს გაირეკავენ. მოგვიანებით ვახშამიცაა აღწერილი: კაკალა პური, ღორის ლურთები (მსუქანი ნაჭრებია), თითო არაყი. ბოლოს ჩიბუხსაც აბოლებენ.

ხევსურული სადღესასწაულო სუფრაა აღწერილი მოთხრობაში „რაინდი სული“. მოქმედება შატილში ხდება, სადაც ღვარად სდის ლუდი, არაყი, სადაც ქერის პურსა და ხმიადს ხავიწიანი ქადა განდევნის, დაიკვლება ცხვარიც. შემდეგ ერთი პატარა რიტუალია აღწერილი. მანდილოსნები ნათლულს შემოიყვანენ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ბატონიშვილმა მონათლა. სუფრასთან დასვამენ, ერთ მხარეს საჭმლის გორას დაუდგამენ, მეორე მხარეს იარაღს დაუწყობენ, ხანჯალსა და ფარ-ხმალს. ბავშვი მიიხედ-მოიხედავს და რა თქმა უნდა, ხმალს წაეტანება.

ვასილ ბარნოვს თავის მოგონებებში, „სამწუხრო ღიმი“ ერთი პატარა თავი აქვს, „ჩიქორთაანთ ლუდი“, სადაც ერწოელი, გადმოსახლებული ხევსურების წესს აღწერს, როცა სხვადასხვა სოფელი კისრულობდა საღმრთოს და ლუდის მოხარშვას. თურმე ყველაზე სახელოვანი ჩიქორაანთ სამღვთო იყო, პირველ რიგში ლუდის გამო: „ცალკე გოზაურს გავატანდით, რომ ტიკჭორას არ გაეფუჭებინა სუნი და გემო. ცდილობდნენ სხვა სოფლებიც, მკერდამდინაც ვერა სწვდებოდნენ. ლუდის მკეთებელმა რამ საიდუმლო სანელი თუ იცოდა. მოსკოვში რომ ვიყავი, ერთხელ წამიყვანეს პორტერნაიაში. რომ ვიგემე მორთმეული პორტერი, ჩიქორთაანთ ლუდი დამიდგა თვალწინ, არ ვიცი კი რად“.

სოფელში იხდიან ბარნოვის მიერ აღწერილ ერთიორ ქორწილსაც. მაგ. „მრუდე მსხალის“ პირველივე აბზაცებიდან ასეთ სიტყვებს ვხვდებით: „შავმა ნუნუამ, უხვმა ვახშამმა დაავიწყეს მექორწილეებს პატარძალიც და ყველა მისი მისადევარიც. აივსო ღვინით ჯერ ისევ ბოზბაშიანი ჯამი, დატრიალდა ყანწი; ხალხი შეზარხოშდა, აჟიჟინდა, კარგ გუნებაზე დადგა და მწარიაანთებული აპუხტიც შაქარზე ტკბილად მოეჩვენა, უთეთრესად“.

მოთხრობაში „მსხვერპლი“ სუფრა ორ ადგილას იშლება. ეზოში ხეებქვეშ მდაბიო ხალხი სადილობს, დიდ აივანზე კი კეთილშობილები ნადიმობენ. აივანზე სუფრის ორივე მხარეს ჩამწკრივებულან, ერთ მხარეს ქალები, მეორე მხარეს – მამაკაცები. კაცს, შესაბამისად ქალის პირისპირ უწევს ჯდომა და იწყება მიშტერებები, თვალთა ბრიალი, პირისპირ მჯდომის შესწავლა, თითების, მაჯების, სამკაულის, მკერდის, პირის კანის, კბილების, შუბლის, საფეთქლის, თმის, თვალების და ძარღვების შესწავლასაც კი ახერხებენ მამაკაცები. მაგ. ერთ-ერთი პერსონაჟი, ანდრო, ელოს წინ მოხვდება, ჯერ მორცხვობს, მაგრამ მალე ღვინო გაათამამებს და აალაპარაკებს.

დაახლოებით ასეთივე სიტუაცია აქვს აღწერილი ვასილ ბარნოვს თავის ერთ გვიანდელ მოთხრობაში „არქეოლოგიური ნაშთი“. სადილად ჩამოსხდებიან, „მაძღრისი, ნოყიერი“ პურ-მარილია, მათთან ერთად ათამდე მონაზონია, „გამთქვინებულები“: „ვიხმიეთ მცირედ ღვინოც: კარგიაო სტომაქისათვის. ეშხზედ მოვედით. თითქმის შევჟინჟღილდით. ჩემ წინ რომ მკერდაფუებული ქალი იჯდა, კინაღამ თვალი მომტაცა. ცოდვა იყო მისი მონასტერში ჩამწყვდევა: საშენად იყო გაჩენილი ბუნებისაგან“.

სოფლის წარჩინებული ხშირად გლეხებს უმასპინძლდება. საყდრის გვერდზე ცხვრებს აფეშხოვებენ, დედლებსა ფუფქავდნენ, ინდაურებს ასუფთავებენ: „ცეცხლი დაეგზნოთ, თხილის შამფურებს სთლიდნენ; მოეზიდნათ პური, ჭურჭელი, ღვინო… – მინდა ერთი მოვალხინო სოფელი. ჩემი მოსვლა დავახსომო“ – ამბობს არჩილი, პურ-მარილის ინიციატორი. შემდეგ კი: „დავსხედით სადილად. სუფრის თავში არჩილი დასვეს. მარჯვნივ მე მოვუჯექ, მარცხნივ მასწავლებელი. შეიქმნა სმა-პურობა, დატრიალდა ჯამი, აგუგუნდა სუფრული, აჟღრიალდა დაირა, ჩამოტრიალდა ახალგაზრდობა, ტაშის ხმა ღრუბელს უწევდა“. არადა ამ მოთხრობაში („უძღები“) პერსონაჟების შეხვედრა ნასუფრალ-ნამუსრევზე ხდება: ყველის, ძეხვის, თევზის, კუპატის ნარჩენები, ძვლები, ნაფცქვენები, გაზეთილი ხელსაწმენდები და ცარიელი ბოთლები: „ონავრობა ჩაედინათ და ნაომრისათვის ჯერ ხელი არავის ეხლო“.

რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველგან, სოფელშიც სუფრის განსაკუთრებული წესებია. შემოსწრებულს აუცილებლად ეტყვიან: „- სიდედრებს ჰყვარებიხარ, სიდედრებს! – ჯარიმა მაგათ დაგვიანებისთვის!“. დაუსხამენ „ჯვარის სახით“ და მოსულებს სინით 5-5 ჭიქას გადააწვდიან: „რომელთ შორის ერთი შუაზედ იდგა, სხვები ოთხივ კუთხეში. ღვინო ლალისფრად ციმციმებდა გამჭვირვალე ბროლის სასმისში და ძლიერად იზიდავდა თვისკენ ნამგზავრ ხალხს მწყურვალს. ადღეგრძელეს. დაცალეს. შეფერიანდნენ. თვალები გაუნათდათ. სავსე სუფრაზედ ყველას მოემხიარულნა, კაცს თუ ქალს, აჟიჟინებულიყვნენ საუბრის ეშხზედ მოსულნი. სადილი დარბაზივით ფართე აივანზე გაეშალნათ, სტუმრები მოხერხებულად ჩაემწკრივებინათ: ქალს ყველგან ვაჟი ეჯდა გვერდით. რაინდები სცდილობდნენ გაერთოთ თანამოინახე მანდილოსნები, მეტად ესიამოვნებინათ. ნორჩი ქალები ახლად გადაფურჩქვნილ ყვავილებივით მოსჩანდნენ შიგადაშიგ, ტურფად ამშვენებდნენ ძვირფასად შემკულ სუფრას და ყოველივე კეთილით აღსავსეს. სტუმრებს თავს დასტრიალებდნენ მოახლეები, ბიჭები, რომ მსწრაფლ მიერთმიათ ყველასათვის საჭირო სანოვაგე, ნირი არავისთვის შეეშალნათ“.

შიგადაშიგ ე.წ. გასტრონომიულ კრიტიკასაც მოჰკრავთ ყურს: „– რა გემრიელად არის, კაცო, ეს ხოხობი მომზადებული! ნამდვილად მოსაწონია“, ხანაც თანამეინახეთა ბასრ მზერაზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას: „– რა ფრთხილად მიირთმევ დღეს, ყმაწვილო, ღვინოს, ფხიზელთა რაზმში ხომ არ აპირობ ჩაწერას?“

ბარნოვთან გაჭირვებული ოჯახებიცაა აღწერილი და ძლიერი გლეხის ბარაქიანი კარ-მიდამოც – დოვლათით სავსე ვეებერთელა მარნით, სადაც ქვევრები დადუღებული მაჭრითაა სავსე: „ლასტებზედ გროვა-გროვად საუკეთესო მსხალ-ვაშლი, კომში, ბროწეული, მარნის კუთხეებში მიგროვილი კაკალი, ნუში თუ თხილი, ჭერი სავსე საგანგებოდ რჩეულ ჯაგნებით, კედელ-თახჩა გამოტენილი ბოსტანში თუ ბაღში მოსულ ღვთის წყალობით. მთელი წლის საზრდო იყო უხვი, მრავლად მოჭარბებული“.

იდილიური ოჯახური სცენა გვხვდება „ლეგას ჩოხაში“: „დაიბანა ბიჭმა ხელები, გაიწმინდა ჩოხის კალთაზე; შევიდა სახლში. სახეებად დაჩითული ლურჯი სუფრა ტახტზედ გაშლილი; მთელ-მთელი პური; ჭდეულ ჭიქის სამარილე მარილით სავსე; ხის კოვზები; კომბოსტოს წნილი, ნიახური, თანაც წიწაკა; ხელადით ღვინო. ზემო თაროს მოეკეცნა სტუმარ დედიდას. ბუხარში ლობიოს ქოთანი ჩუხჩუხებდა. ახლოვ ეწყო თიხის ჯამები. ძაღლი ხალია კარებში იწვა, თავი ზღურბლზედ გადმოედვა, სუფრას შემზეროდა. ხატაური დედიდასთან მოწყობილიყო, თვალებს ჰნაბავდა. ღორი დრუნჩა დერეფანში დაღრუტუნებდა: იცოდა, მასაც ერგებოდა ნასუფრალიდან“. შემდეგ თიხის ჯამებზე ლობიო დაისხმება, ღმერთს ახსენებენ, პურს გატეხენ და პირველ მოკლე სადღეგრძელოსაც იტყვიან. ჩაყრიან ლობიოში პურს, „ჩაიბუჟბუჟებენ“. შეექცევიან დაწყნარებით, აუჩქარებლად, თან მუსაიფობენ. შინაური ცხოველებიც საქმეში არიან, ხატაურა ილოკება, ძაღლს პურის ყუა მოუგდია, თან ჭამს, თან დაჰღრენს, ღორსაც შეხვდა კოტორი: „– დაღვინებულა შენი მაჭარი. რა ძლიერი სჩანს! – უწვიმარი დარი ჰქონდა, კარგად გამოშრა. – მინდა, დედიდო, ერთი ქოცო გადავარჩინო. – ჰო, დაგჭირდება. არც კი გეყოფა საქორწილოდა. დრო არის, ბიჭო! არავინ გყავს ამორჩეული?“

ბარაქიან სოფლურ სუფრას ვხვდებით ბარნოვის მოგონებებშიც: „მოხარშული დედლები, ტაბაკად ვარიები, ღვინო, არაყი, ნაზუქები. ჩურჩხელების კონები“.

დეტალურადაა აღწერილი სოფლური სუფრა მოთხრობაში „მაგნოლია“. ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად დასხდებიან: „მასპინძლებმა მოხერხებული ადგილი დაიჭირეს, რომ ყველასათვის ადვილად ედევნებინათ თვალი, ყველაფრისათვის. ყოჩაღი თამადა გამოდგა. შეხურდა სმა. უკვამლო ალად ავარდა სიმხიარულე. გალაღდა დარისპანიც; დაკარგა მოკრთალება: არშიყი ქალი შეჰხვდა გვერდზედ და გაიტაცა, ააჭიკჭიკა <…> ხოლო ფხიზელი ჰაზრი მოდარაჯე მოეღვარსლა ღვინის ბუღს, მიეძინებინა“.

იქვეა აღწერილი ნასმურევობაც, ამ ჩვენი დარისპანის ნაბახუსევი: „გვიან გაიღვიძა; მზე საშუადღეოს მიახლოებოდა. უგემურობასა გრძნობდა: თავი სტკიოდა; ყელი ამოჰხახოდა; პირი გაქლერტილი ჰქონდა; თხლის სუნი მოსდევდა სუნთქვას. ქეიფის ნაჟური უამური, გემო წამხდარი. მოჰკრა თავის თავს სარკეში თვალი, სახე შეჰშლოდა: ჩახლეჩილ-ჩაწითლებული თვალები, მიქელილ-მითელილი კანი, აჩეჩილი წვერ-ულვაში“.

ნაბახუსევი სხვაგანაც ბევრგან გვხვდება. ხანდახან ჩაით და რომით გამოდიან, ხანაც სეირნობით, ცხელი კერძით ან ჭიქა არყით. ზოგჯერ ვერც გაარჩევ სიყვარულის გამოა ახალგაზრდა კაცი მოწყენილი თუ „ნაბახურევის“ გამო: „ნაბახურევი არის, დათენთილი და მალე გამოცოცხლდება. ვერც საუზმის შემდეგ გამობრუნდა. ამფსონებმა დაინახეს მის შუბლზე ნისლი და ეცადნენ გაფანტვას, თუმცა ამაოდ“.

ხმალი და ყანწი

შუბლზე ნისლი და შავი ფიქრები პურობისას ბარნოვის ისტორიულ რომანებშიც ხშირია. ამ ტექსტებში კვლევა, ეთნოგრაფია და მწერლის ფანტაზიაა წამყვანი, ის ბატონობს. ვასილ ბარნოვის ისტორიულ რომანებსა თუ მოთხრობებშიც სულ იშლება სუფრა. „ქართველს ან ხმალი უჭირავს ხელში ან ყანწი: ომის შემდეგ უყვართ ხანგრძლივი ქეიფი“, ამბობს ერთი პერსონაჟი მოთხრობაში „პირიმზე“.

მეფეები ხშირად დარდიანობენ ქეიფისას, ლუკმა ყელში არ გადასდით, ღვინოს გემოს ვერ ატანენ, სახეზე შავი ფიქრები გადაურბენენ, როგორც მაგალითად ერეკლეს, მოთხრობაში „მსხვერპლი“, ან სვიმონ მეფეს „სვიმონ ხელში“. ამ დღესასწაულებს ის „აჩრდილებს“, რომ ქვეყანა მტრის ხელშია, ან თბილისია გამოსახსნელი ოსმალებისგან, თუმცა ხალისიანი, დაუსრულებელი და ღვინომრავალი პურობები უფრო ხშირია, „დიდებული ნადიმობა უსრულებელი!“, განსაკუთრებით, როცა გულხალვათი კახური მხიარულება ატკბობს მეფურ სუფრას. ეწყობა სმაში შეჯიბრებებიც, დილამდე ისმის საზანდარის ხმა და მრავალჟამიერი. ერთმანეთს მისდევს ბადიები, ჯიხვები, თასები, სვამენ უსუნთქებლად.

სამეფო სუფრაა აღწერილი მოთხრობაში „სახიფათო სიყვარული“, სადაც როსტომ მეფე ზეიმობს. ყველა მხრიდან ისმის საკრავების ხმა, სიცილ-თქართქარი, სიმღერა, ყიჟინა. ცეკვა და სუფრებიდან ერთმანეთისთვის მოსაკითხის გაგზავნა ჩვეულებრივი ამბავია. მეფეს წინ მწვანე სუფრა აქვს გაშლილი, რომლის არშია ოქრომკედითაა ნაკერი, დანარჩენებს კი ლურჯი სუფრები უშლიათ, თეთრად გამოყვანილი ნახატებით. გამაჰმადიანებული მეფე ქეიფის ეშხში შედის და რწმენის საწინააღმდეგოდ კარგად მოილხენს. „მაჰმადს გადუდგა, ნოეს ეტრფიალა“-ო, წერს ავტორი. სხვათა შორის, მაჰმადიანები სხვაგანაც ეპარებიან სასმელს ბარნოვთან, ოღონდ ძირითადად ტკბილ ღვინოს ეტანებიან, ქართველები კი ამაზე ამბობენ: „მაჰმადიანია და შარბათივით ტკბილ ღვინოს ეწყობა“-ო.

დეტალურადაა აღწერილი თუ აღდგენილი საქორწინო სუფრები, მაგ. 1582 წლისა, სვიმონ მეფის ქალიშვილის გათხოვების ნადიმი – ყავრულით გადახურული სეფა, სამრიგად ჩამწკრივებული მაგიდები, „აბრეშუმის ჯეჯიმით“ გადაფენილი სკამები. „შიგნიდან მთელ სეფას გაკრული ჰქონდა ოქროქსოვილი ფარჩა, ხავერდი და ჭრელი ტილო, ეს ყველა ისე ხელოვნურად იყო შეხამებული, რომ სეფას ჭერი და კედლები ლამპარ-ლიფლიფათა შუქზე ყვავილებით მორთულსა ჰგვანდა. იატაკი ხალიჩებით იყო მოფენილი. თავში იდგა სამეფო ტახტი; სვეტები ყვავილების გრეხილით იყო მორთული. სუფრაზე თაიგული მაშრაფებში. ორმოცამდინ ვერცხლის ლამპარი ანათებდა, მათში სინნელოვანი ზეთი იწოდა. მეფის ახლო ოთხი ლამპარი იდგა ოქროსი“.

ამ ისტორიულ პურ-მარილებზე, როგორც წესი ჯერ „ნაზადა სვამენ“, ნელ-ნელა კი უმატებენ სმის ტემპს, სანამ ბოლომდე არ გახურდებიან. ასეთ დროს კათალიკოსი და სხვა სამღვდელონი ტოვებენ სუფრას, მალე ქალებიც გადიან სცენიდან და რჩებიან ვაჟკაცები, ჯიხვები და ღვინის ნიაღვრები. ასეთ სუფრებზე აგზნებული სმა მიდის, დარბაისლური საქციელი და სიტყვა-პასუხი ქრება, ყველანი ღვინით იჟღინთებიან, თავად მეფე იწყებს კეთილი ქცევის რღვევას.

საშინელი სიმთვრალე აქვს გიორგი რუსს, მოთხრობაში „პირიმზე“. თამარი სუფრას ტოვებს, გადის კათალიკოსიც და სამღვდელოებაც.

საახალწლო სამეფო სუფრა მოკლედ ასეა ერთგან აღწერილი: „სახლთუხუცესმა შეაღო კარი და მიართო აბრამის ტაბლა: ვერცხლის სინზედ მცხვარი ბასილი, ბედისკვერი, აბრამიანი, გოზინაყი, ალვახაზი, ხილეულობა; მოხარშული თავი ეშვისა; ჩოღრათო ღვინით; ზროგანმახული ისარი; წმიდა სანთელი სამსავ მხარესა“.

აივანზე იშლება სუფრა მოთხრობაში „თამარ მრწემი“. აივნის წინ ბაღია გაშენებული, მტკვარს გადაჰყურებს. სხვაგან სასახლეში სადილობენ, „სალაყბოზედ ხალხს აპურებდნენ. მტკვრის ტოტად თუ გადმოეშვათ ღვინო წითელი. ხორცი ხონჩებით, ძროხა, თოხლები, კვიცის სუკები: მონღოლნი ამას ეტანებოდნენ. წვენეულობა“.

ხშირია უბრალო და სახელდახელო სუფრები. მაგ. გლეხებისთვის დღესასწაულებზე ცალკე სუფრებია გაშლილი, ფარდულში, სეფის პირდაპირ, ხეებქვეშ. ომის დასრულების შემდეგ, ან ლაშქრობაში, შესვენებისას ასეთ ბრძანებასაც გაიგონებთ: „ჭამადი ეცით საცოდავ ხალხს, თბილი რამ წვენი შეამზადეთ…“.

მსუბუქ სუფრებზე შარბათები მოდის, კულით ღვინო, „გამდნარი ცეცხლი ტკბილად სასმელი“, ხანდახან კი დაკლავენ ცხვარს, მოხარშავენ ან შეწვავენ, ჩამოარიგებენ არაყს, რომელსაც ღვინო მოჰყვება, თანაც საქმეზე საუბარსაც ასწრებენ. ნიშნობა და დაქორწინებაც კი სწრაფი და მსუბუქი ეწყობა ერთი-ორჯერ.

მოთხრობაში „ნათელმოსილნი“ აღწერილია სამეფო სეფა „ცისფერს სივრცედ გარდართხმული“, ისმის საქართველოს სხვადასხვა კუთხის სუფრული სიმღერა, მოსაკითხები, მოსწრებული სადღეგრძელოები. სუფრებს ასპარეზობები და ნადირობები მოსდევს. სანადიროდ იმდენი სასმელი და სანოვაგე მიაქვთ, ვერ გაიგებდი, სანადიროდ მიდიოდნენ დიდებულები თუ სანადიმოდ.

ცის ქვეშ ქეიფი უყვართ „გიორგი სააკაძეში“, თანაც ხშირად წვეულებს დარბაზები ვერ იტევენ და იშლება გრძელი სუფრები. ერთგან კი გიორგი სააკაძეს ასე მიმართავენ: „ჩვენო გიორგი! ეს შენი ღვინო შენ მკლავივით ძალიანია: შენი მარჯვენა ბრძოლის ველზედ მუხლსა სჭრის მტერსა, აქ ეს ზედაშე ჩვენ გვაბარბაცებს; მინდა ერთი მხარზედ გემთხვიო!“

ერთი სიტყვით, მარჯვენა მტერსაც იგერიებს და ღვინოსაც აყენებს. მას ხან ხმალი უჭირავს და ხანაც ყანწი. ასეთია ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანების ყოველდღიურობა, მისი ლოგიკა და ეს ლოგიკა მითადაც იქცა მაშინდელ თუ შემდგომი საქართველოს ცხოვრებაში. დღესაც, უმეტესად, ეს წყობა მართავს ქართულ საზოგადოებას, სანადიმო შეკრებებსა და მცირე სუფრებს, ქორწილებს, გაუთავებელ ბანკეტებსა თუ კორპორატიულ პურმარილებს.

© არილი

Facebook Comments Box