უკვე 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარიზის ქუჩებს პროტესტისა და უკმაყოფილების, იმედისა და შეუძლებლობის, ეროსისა და ძალადობის, სისხლისა და პოეზიის ტალღამ გადაუარა.
40 წლის წინ, სტუდენტებმა ნანტერში უნივერსიტეტის ფილიალი ჩაიგდეს ხელთ და დააფუძნეს “22 მარტის მოძრაობა”, რომელსაც სათავეში დანიელ კონ-ბენდიტი ჩაუდგა. სულ მალე, მათ პირველი მოთხოვნები წამოაყენეს: სტუდენტური თვითმართველობის შექმნა, დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა და განათლების სისტემაში პრიორიტეტების შეცვლა. მალე მაისიც დადგა და უკვე 3 რიცხვში სტუდენტების მიტინგი გაიმართა სორბონაში, რომელიც პოლიციამ დაშალა. ლათინურ კვარტალში, დემონსტრაციისას, დაახლოებით 600 ადამიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს.
ორი დღის შემდეგ, ლათინური კვარტლის ქუჩებში პირველი ბარიკადებიც გამოჩნდა; შეტაკებისას 400-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და სულ მალე მღელვარება პროვინციულ უნივერსიტეტებსაც გადაედო. პოლიციის აქტიურობისა და სრული მობილიზაციის მიუხედავად, ლათინურ კვარტალში ღამის გაფიცვები არ წყდებოდა, უშიშროების ძალებს 60 ბარიკადასთან უწევდათ ბრძოლა. ძალოვანები ვერაფერს გახდნენ, პირიქით, 13 მაისს პარიზში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, გამოვიდა 300 000 მანიფესტანტი, სტუდენტებმა კი შტურმით აიღეს სორბონა. ორი დღის შემდეგ ახალგაზრდებმა თეატრი ოდეონიც დაიკავეს, “რენოს” მუშებმა კი ქარხნის შენობა აიღეს (15 მაისს “რენოს” მუშები ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ) და სულ მალე უკვე მთელი საფრანგეთი მოიცვა გაფიცვამ, ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე დადგა, გაფიცულთა საერთო რაოდენობამ კი 6 მილიონს მიაღწია.
საქმე იქამდე მივიდა, რომ კონ-ბენდიტი საფრანგეთიდანაც კი გააძევეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საქმეს უკვე ვერ შველოდა: 21 მაისს, მას შემდეგ, რაც გენერალმა დე გოლმა საერთო-ეროვნული რეფერენდუმი გამოაცხადა, ლათინურ კვარტალში ახალი “ბარიკადების ღამე” დაიწყო. გაფიცულთა რაოდენობამ უკვე 9 მილიონს მიაღწია… დანარჩენი უკვე დაღმართია, ქრონიკაა და არა პოეზია. კერძოდ, დაიწყო მოლაპარაკება პროფკავშირებსა და მთავრობას შორის და მალე შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. 30 მაისს პარლამენტი დაითხოვეს და გენერალ დე გოლის მხარდასაჭერად დემონსტრაციაც გამართეს (რომელსაც 800.000 ადამიანი ესწრებოდა). 5-7 ივნისს საერთოდაც დასრულდა გაფიცვები, თვის ბოლოს საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, სადაც გოლისტებმა გაიმარჯვეს და 10 დღეში ახალი მთავრობაც შეიქმნა.
1968 წლის მაისის მოვლენებში შემთხვევითობამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და სწორედ ასეთი შემთხვევითობების და უმართაობის წყალობით – რომელსაც წარმოუდგენელი ერთსულოვნებაც დაერთო – ეს მღელვარება მალე მთელ მსოფლიოს მოედო: ბერლინში, ჩიკაგოსა და ამერიკის სხვა ქალაქებში, რომში, მეხიკოსა თუ სამხრეთ ამერიკაში, ყველგან ახალგაზრდული მოძრაობა აგორდა.
თავად საფრანგეთში მან არნახული მასშტაბი შეიძინა (მაისის ბოლოსთვის ქვეყანაში 10 მილიონზე მეტი ადამიანი გაიფიცა); თითქოს საზოგადოებამ უეცრად გააცნობიერა შექმნილი ვითარების აუტანლობა და წინასწარ განჭვრიტა ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ მოვლენებს უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამბოხებით სულ სხვა ძალებმა ისარგებლეს და ენერგია, რომელიც “შეუძლებელი რეალობისკენ” სწრაფვიდან იშვა, ერთნაირი მონდომებით ჩაახშეს მემარჯვენეების რეაქციამაც და მემარცხენეებმაც. მოგვიანებით ხელისუფლება მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ ჩქმალავდა 68 წლის მაისის მნიშვნელობას და ცდილობდა ბოლომდე გაექრო მისი კვალი.
უკვე 80-90-იან წლებში ფრანგი ინტელექტუალები 68 წლის მოვლენებს არც რაიმე კრიზისის შედეგად მიიჩნევდნენ და არც მასზე რეაქციად. პირიქით, ისინი ფიქრობდნენ, რომ მაისის მოვლენათა გაუთვალისწინებლობას და იმას, რომ საზოგადოებამ ვერ გაითავისა 68 წლის გამოცდილება, მოჰყვა ის, რაც 90-იანებში ხდებოდა.
დღეს სულ სხვა ღირებულებები ბატონობს მსოფლიოში, არადა, მაშინ არავინ უღრმავდებოდა მეტაფიზიკას, რევოლუციის რაობას. ეს გოგო-ბიჭები უბრალოდ ერთმანეთს მისდევდნენ, საკუთარი “უკონტროლო სტიქიურობით” ატანილი მიჯნურები კვალში ედგნენ თავიანთ გულისსწორებს და მათთვის აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობაც, პრინციპში, ეროტიულ ლტოლვად აღიქმებოდა (გაიხსენეთ ეკოს შესანიშნავი, მსუბუქი ირონიით შეფერილი სტრიქონები “ფუკოს ქანქარადან”).
შემთხვევითი არაა, რომ პარიზის მოვლენებთან დაკავშირებით ფილიპ სოლერსმა ჟორჟ ბატაის სიტყვები მოიხმო, შემდეგ კი დასძინა: “ჭეშმარიტი რეალობა, როგორც სიყვარული – შეუძლებლის სფეროს ეკუთვნის, წარმოსახვა კი შეზღუდულია ჩვენს სტანდარტულ ჩარჩოებში”-ო.
ამ მოვლენების შემდეგ დარჩა ბევრი ლეგენდა, ბლომად მოგონებები, ასევე ნოსტალგიაც (ალბათ ეს რევოლუციური ნოსტალგია პოლიტიკაში გადაბარგებული ქართველი “რევოლუციონერებისა” და “ინტელექტუალების” გულებშიც ღვივის) და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ლოზუნგი, სასაცილო და ჭკვიანური, მახვილგონივრული და დამაფიქრებელი. ლოზუნგები ხომ დღეს ძალზე აქტუალურია?! ამიტომ, მოდით წინასაარჩევნო ბრიყვული და ფარისევლური სლოგანებით გაბეზრებულებმა, 40 წლის წინანდელი ლოზუნგების პოეზიას მოვუსმინოთ:
“სიზმრები რეალურია”, “გადაჭარბებით ახლის გამოგონებას იწყებ”, “ტვინი იმდენჯერ გაიხსენი, რამდენჯერაც ხვანჯარს იხსნი ხოლმე”, “ჩვენს სიგიჟეში წესრიგია” (მემგონი ეს “ჰამლეტიდანაა”), “იყავით რეალისტები – მოითხოვეთ შეუძლებელი” (ეს ლოზუნგი ყველაზე მეტად მომწონს, ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს ეკუთვნით), “რევოლუცია დაუჯერებელია, იმიტომ, რომ ნაღდია”, “პოეზია – ქუჩაში!”, “ძირს სოციალისტური რეალიზმი – გაუმარჯოს სიურრეალიზმს!”, “აკრძალულია აკრძალვა!”
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“