Uncategorized

ომებსა და ადამიანებზე

„რომ დავფიქრდეთ, კაცობრიობის ისტორიაში ომებისა და სისხლისღვრების წილზე და შემდეგ ამ თვალით გადავხედოთ მსოფლიო ლიტერატურას, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ომი – ეს უდიდესი ბოროტება – გამხდარა არაერთი მწერლის შთაგონების წყარო. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ომია „მთავარი პერსონაჟი“ უამრავი ლიტერატურული შედევრისა, ომი – არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, ტყვიებისა და ქვემეხების გრუხუნის, ტანკებისა თუ ბომბების ფონზე, არამედ ყველა თანმდევი მოვლენით: ადამიანური ტრაგედიებით, დანგრეული ოცნებებით, თავგანწირვით, ღალატით, ერთგულებით, სიყვარულით… ეს ყველაფერი ხომ არათუ არ ქრება ომის დროს და ომის გამო, ზოგჯერ კიდევ უფრო მძაფრდება კიდეც და სრულიად წარმოუდგენელ ფორმასა და შინაარსს იძენს“ – ასე წარადგინა რამდენიმე წლის წინ “პალიტრა L”-ის რედაქტორმა, მაია ალუდაურმა სერია „ომებსა და ადამიანებზე“, რომელსაც უკვე კარგად იცნობს მკითხველი და რომელშიც ერთი და იმავე თემატიკაზე დაწერილი, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული წიგნები გამოიცა. სამწუხაროდ, ომის თემა კვლავ ძალიან აქტუალურია. ასეთ დროს, შესაძლოა, სწორედ ლიტერატურა დაგვეხმაროს მიმდინარე მოვლენების გაანალიზებაში.

თომას კენილი, “შინდლერის სია”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2020, მთარგმნელი: ნიკა სამუშია

სერია დაიწყო თომას კენილის „შინდლერის სიით“, რომელსაც არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ კინოს მოყვარულებიც კარგად იცნობენ. ავსტრალიელი მწერლის რომანი გვიამბობს ემოციურ და დაუვიწყარ ამბავს ოსკარ შინდლერის შესახებ, რომელმაც ათასზე მეტი ებრაელი სიკვდილისაგან იხსნა. წიგნი რეალურ ამბავს ეფუძნება, რაც ერთიორად ამძაფრებს ადამიანისა და მისი ჰუმანისტური მიდრეკილებების რწმენას, რის პარალელურადაც ომის სისასტიკე და ადამიანური ბუნების მანკიერებები კიდევ უფრო ცხადად ჩანს.

მარკუს ზუზაკი, “წიგნის ქურდი”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2021, მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე

სერიის ნაწილია მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“. მთავარი გმირი ლიზელია, პატარა გოგონა, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს სიტყვები, თუმცა მთხრობლად არა ლიზელი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, არამედ სიკვდილი გვევლინება. სიკვდილი ბევრს ლაპარაკობს საკუთარ თავზეც და იმ სამყაროზეც, რომელშიც თითქოს უხალისოდ შეაბიჯა. ავტორის ასეთი არჩევანი გასაკვირი არაა, რადგან, ვინც უნდა იყოს მთხრობელი, ომის მთავარი გმირი ყოველთვის სიკვდილია. თუმცა, მაშინაც კი, როცა მკითხველი ყველაზე სასტიკი მოვლენების მოწმედ იქცევა, ლიზელი არ ნებდება არც სიკვდილს და არც იმ საშინელებას, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს და ახერხებს შეყვარებასაც, სიცილსაც და მეგობრების პოვნასაც. წიგნი ყველა სახის ბრძოლას გვიჩვენებს, რეალურსაც, წარმოსახვითსაც და განწირულსაც. საბოლოოდ კი, მიუხედავად ყველაფრისა, იმედსაც გვაძლევს: ლიზელი ასეთი გამოცდილებების შემდეგ არ ბოროტდება, კარგ ადამიანად რჩება და ცხოვრებას აგრძელებს.

რიდიან ბრუკი, “ომის შედეგები”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2020, მთარგმნელი: ლევან ინასარიძე

რიდიან ბრუკის „ომის შედეგები“ ჰამბურგის შესახებ გვიყვება. რომანის მთავარ ღირსებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ზუსტად ასახავს, როგორ ერევა ისტორია და პოლიტიკა ადამიანების ცხოვრების ყველაზე ინტიმურ მომენტებშიც კი. სიუჟეტის ცენტრში ორი ოჯახია, რომელთაც კლაუსტროფობიულ ატმოსფეროში ერთად უწევთ ცხოვრება და ეს მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც ცვლის თითოეულ მათგანს, მათ შეხედულებებს. მკითხველი თვითმხილველია იმისა, თუ როგორ ებრძვიან მტკივნეულ გრძნობებს, სიყვარულსა და დანაკარგს. აღსანიშნავია, რომ ავტორსაც აქვს ისეთი პერსონალური გამოცდილება, რომელიც ძალიან ჰგავს წიგნის სიუჟეტს.

რუტა სეპეტისი, “რუხ ჩრდილებს შორის”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2021, მთარგმნელი: დათო აკრიანი

რუტა სეპეტისი „რუხ ჩრდილებს შორის“ ლიეტუველი გოგონას, ლინასა და მისი ოჯახის ცხოვრების შესახებაა. მათ მშვიდი, ბედნიერი ცხოვრება აქვთ, მაგრამ 1941 წლის ერთ ღამეს მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები იჭრებიან, ლინას ოჯახი პოლიტიკურ მტრად და ფაშისტების მხარდამჭერად ცხადდება. ასე იწყება ამბავი სახლის დატოვების, ერთად ყოფნისა და გადარჩენისთვის ბრძოლის შესახებ. ამ სადებიუტო რომანში რუტა სეპეტისი ლინას პერსპექტივიდან გვიამბობს ყველაფერს და პერსონაჟის განვითარებასაც გვიჩვენებს. მკითხველების ნაწილი ლინას თხრობის მანერას ანა ფრანკის დღიურებსაც ადარებს, რადგან ორივე გოგონას (რეალურსა და ფიქციურს) აერთიანებს გამბედაობა და მძიმე გამოცდილებები, რომლებიც ერთმა – ტექსტში, მეორემ კი ცხოვრებაში გამოიარა.

“შიშის საათი”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2021

 „შიშის საათში“ მკითხველი შეძლებს, გაეცნოს ქართველი ავტორების მოთხრობებს ომზე. წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ბევრი ვიფიქრეთ, როგორ დაგველაგებინა ეს მოთხრობები, რა პრინციპით გაგვეყო ორ ტომად… ხან ისე ვცადეთ და ხან ასე და ბოლოს მივხვდით: არ უნდა ასეთ ტექსტებს ქრონოლოგიური, ტოპოგრაფიული თუ ანბანური მოწესრიგება. ჯობს სხვადასხვა ომი ბოლომდე ერთმანეთში იყოს არეული. ყველაფერი ასე გაცილებით მტკივნეული და მძაფრი იქნება… ამიტომ, რაც როგორ მოგვხვდა ხელთ, იქ ჩავსვით და ეგრე დავტოვეთ. სადაც ომია, დალაგების პრინციპები ხელოვნურია“. კრებულში 14 ავტორის მოთხრობაა შესული. მათ შორის გურამ ოდიშარიას, ნუგზარ შატაიძის, ბესო ხვედელიძის, თეა თოფურიას, ბესო სოლომანაშვილის მოთხრობები და თითოეული მათგანი განსხვავებულად აშუქებს ომის ბნელ მხარეებს. „ომის პროზის“ ნაწილია „მე მომკლეს, დე“, რომელმაც 15 თანამედროვე ქართველი ავტორის მოთხრობებს მოუყარა თავი.

რისტინ ჰანა, “ბულბული”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2021, მთარგმნელი: გია ბერაძე

კრისტინ ჰანას „ბულბული“ გვიამბობს ორი დის შესახებ, რომლებიც ერთმანეთისგან წლებით, გამოცდილებებით, იდეალებით, ვნებებითა და გარემოებებით არიან დაშორებულნი. ორივე მათგანს საკუთარი სახიფათო ბილიკი აქვს გადარჩენის, სიყვარულისა და თავისუფლების მიმართულებით. ამ გზაზე უამრავი დაბრკოლებაა და ტანჯვა. პირველ ყოვლისა კი, ომი, შიში, რაც ძალიან ცვლის ადამიანებს. წიგნი იმ გამოცდილებების შესახებაა, რომელთა გავლის შემდეგაც ვეღარასოდეს იქნები ის, ვინც მანამ იყავი. გარდა ამისა, გადმოცემულია ქალების როლი და ემოციები, რომლებიც ხშირად იჩრდილება ხოლმე საზოგადოებაში ომის მიმდინარეობისას. ავტორი სწორედ ამ „უხილავ ჯარისკაცებს“ წარმოაჩენს პატივისცემით.

ენტონი დოერი, “ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2020, მთარგმნელი: გია ბერაძე

„ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ენტონი დოერის რომანია, რომლის მოქმედებაც გერმანიასა და საფრანგეთში მიმდინარეობს. მარი-ლორა პატარა, ბრმა გოგონაა საფრანგეთიდან. რომანიც მისი ამბით იწყება: 1934 წელია, გოგონა ექვსი წლისაა და საყვარელ მამასთან ერთად ცხოვრობს. მამამისი მუზეუმის გასაღებების მცველია და ლამაზ მინიატიურულ ფიგურებსაც ამზადებს. მინიატიურების დახმარებით სწავლობს მარი-ლორა, როგორ გამოიყენოს თითები თვალებივით, როგორ იმოძრაოს ქალაქში. გადარჩენაში ბრაილით წაკითხული წიგნებიც ეხმარება. გოგონას მამასთან ერთად ქალაქიდან გაქცევა უწევს. ლორასა ამბავმა 2015 წელს პულიცერის პრემიაც მიიღო.

ჯოზეფ ჰელერი, “ხაფანგი 22”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2021, მთარგმნელი: გია ბერაძე

ჯოზეფ ჰელერის „ხაფანგი 22“ 1961 წელს გამოცემულივსატირული რომანია ომზე. ჰელერი ომის აბსურდულობასა და უაზრობას გადმოგვცემს. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-44 წლებში მიმდინარეობს და ძირითადად მთავარი გმირის, იოსარიანის ცხოვრებას მიყვება. რომანიც მისი გამოცდილებების შესახებაა. კრიტიკოსები ჰელერის ორიგინალურ იუმორსაც უსვამენ ხაზს. სწორედ ამ იუმორით აღწერს, რომ ომში გამარჯვება და გმირული სულისკვეთება შორსაა იოსარიანის თანამებრძოლთაგან, რადგან მათი მოტივები ბევრად უფრო ეგოისტურია. ასე რომ, ჰელერი არ ცდილობს ომში სიკვდილის რომანტიზებას და ისეთ პერსონაჟებს გვიჩვენებს, რომელთაც,  სინამდვილეში, პასუხისმგებლობების თავიდან არიდება და სახლში დაბრუნება სურთ.

ვლადისლავ შპილმანი, “პიანისტი”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2022, მთარგმნელი: ია ქვაჩახია

„პიანისტის“ ავტორი ვლადისლავ შპილმანი 1939 წელს 28 წლის იყო. როგორც ყველას, მას და მის ოჯახსაც ეშინოდათ გერმანული ჯარების პოლონეთში შეჭრის. მათი შიში პირველი სექტემბრის ღამეს გამართლდა. ქუჩებში გასვლაც კი საშიში იყო, მაგრამ ახალგაზრდა პიანისტი მუშაობას კვლავ განაგრძობდა ვარშავის რადიოში. 23 სექტემბერს შოპენის მუსიკა დაუკრა. შპილმანი იხსენებს, ძლივს მესმოდა პიანინოს ხმა, როცა ვუკრავდი, ირგვლივ ისეთი ხმაური იყოო. სწორედ ამ გამოცდილებების შესახებაა მისი წიგნიც, რომელიც პირველ პირში მოგვითხრობს ავტორის ცხოვრების ტრაგიკულ მოვლენებზე, გადარჩენისთვის ბრძოლაზე, გეტოს საშინელებასა და დიდ დანაკარგებზე.

მართა პოლ კელი, “იასამნის გოგონები”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2021, მთარგმნელი: ლევან ინასარიძე

მართა პოლ კელის „იასამნის გოგონები“  გვიამბობს სამი ქალების შესახებ, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარეს. ქალებს საკუთარი, უნიკალური ისტორიები აქვთ და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. პერსონაჟებს და მათ ამბებს რეალურ მოვლენებთანაც ბევრი აქვს საერთო, რაც იმის დამსახურებაა, რომ ავტორმა თემა კარგად გამოიკვლია. კელის რომანის დაწერისკენ რეალურმა ამბავმა უბიძგა, რომელიც სრულიად შემთხვევით გაიგო. როგორც ის ამბობს, ნაციზმის გააზრება ყველა ასპექტით სურდა და კვლევაც ამიტომ წამოიწყო. თავდაპირველად აშინებდა მათ კანში შეღწევა, მაგრამ აუცილებელი იყო, ასე მოქცეულიყო. ტექსტითაც ამას ცდილობს: სხვადასხვა პერსპექტივის ჩვენებას ყველაზე საზარელი ამბების გასაგებად.

ჰიზერ მორისი, “აუშვიცის ტატუისტი”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2021, მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე

„აუშვიცის ტატუისტი“ ჰიზერ მორისის წიგნია, რომელიც მოგვითხრობს ლალეს შესახებ, რომელსაც საკონცენტრაციო ბანაკში გოგონა შეუყვარდა. რომანი ნამდვილ ამბავს ეფუძნება. მორისს ამბავი ლალემ უამბო 87 წლის ასაკში, როცა მისი ცოლი გიტა ფურმანოვა უკვე გარდაცვლილი იყო. თავდაპირველად სცენარი დაწერა, შემდეგ კი წიგნად აქცია. ავტორი ამბობს, რომ „აუშვიცის ტატუისტში“ აღწერილი ამბების 95% ნამდვილია, გამოიგონა მხოლოდ რამდენიმე მოვლენა, რომლებიც მათ თავს არ გადახდენიათ. ასეთი მცირე ცვლილებები ამბის დრამატულობისთვის დასჭირდა, რადგან, როგორც აღნიშნავს, მას მხატვრული ტექსტის შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი და არა ისტორიული ნაშრომის.

კრის კაილი, “ამერიკელი სნაიპერი”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2021, მთარგმნელი: ირაკლი ლომოური

კრის კაილის „ამერიკელი სნაიპერი“ ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელშიც ვეცნობით იმ სნაიპერის ისტორიას, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა. პირველი მკვლელობის შემდეგ, დანარჩენები იოლად მოდისო, წერს კაილი. „ამერიკელი სნაიპერიც“ ადამიანის ევოლუციის ისტორიაა, გამოცდილ მკვლელად ქცევის ისტორია. ყურადღებას იპყრობს მისი ცოლის ხმაც. ის ომის, მკვლელობის, სიყვარულის თემაზე საუბრობს და ისტორიას განსხვავებულ ხიბლს სძენს.

ართურ გოლდენი, “გეიშას მემუარები”, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2021, მთარგმნელი: ია ქვაჩახია

„გეიშას მემუარები“ ართურ გოლდენის წიგნია, რომელზე მუშაობის პროცესშიც ავტორმა, რომელსაც იაპონიის ისტორიაში მაგისტრის ხარისხი აქვს, არაერთი ისტორიული კვლევა ჩაატარა და ერთ-ერთ გეიშასაც გაესაუბრა. წყაროდ გამოიყენა წიგნი „გეიშა“, რომელიც ერთადერთ ამერიკელ ქალს ეკუთვნის, ვინც ოდესმე გეიშა გამხდარა. ტექსტში მთავარი არა ისტორიული ჭეშმარიტება ან რიტუალებისა და წვრთნის დეტალიზებული აღწერა, არამედ დამაჯერებელი მთხრობელია, რომელიც მკითხველს ეგზოტიკურ სამყაროში მიუძღვება.  ასე რომ, ავტორი არა უბრალოდ ქალის პორტრეტს ქმნის, არამედ უცხო სამყაროს სურათსაც მომხიბვლელად გვიხატავს.

© არილი

Facebook Comments Box