ინტერვიუ

მალხაზ ხარბედია – “წიგნის შედგენის ხელოვნება გადაყრის ხელოვნებაა”

– ამას წინათ ზურაბ ქარუმიძეს ვესაუბრე, რომელმაც განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება რედაქტორის ინსტიტუტის არარსებობაზე საქართველოში. არადა, ეს ინსტიტუტი საჭიროა: შენი ტექსტი ვიღაცამ უნდა წაიკითხოს, რადგან უცხო თვალი ნაწერს სხვაგვარად აფასებსო. ბატონი ზურაბი მარტო არ არის, ვინც ასე ფიქრობს. ბევრი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით საქართველოში კარგი რედაქტორი თითზე ჩამოსათვლელია. შენი აზრით, რამდენად მწვავედ დგას ეს საკითხი?
– საკმაოდ მწვავედ. ეს საქართველოში გამოცემულ თითქმის ყველა წიგნს ეტყობა. დავანებოთ თავი ახალგაზრდა, ან დამწყებ მწერლებს, მათთან მუშაობა ცალკე საუბრის თემაა. ავიღოთ, მაგალითად, თანამედროვე ქართველი კლასიკოსები, თუნდაც გურამ დოჩანაშვილი, რომელსაც ნამდვილად მოუხდებოდა ერთი კარგი რედაქტორი. ანდა ნაირა გელაშვილის ბოლო, ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი რომანი გავიხსენოთ – “პირველი ორი წრე და ყველა სხვა”. ამ რომანს რომ რედაქტორი ჰყოლოდა, დღეს ეს წიგნი ნახევარ საქართველოს ექნებოდა წაკითხული. ძალიან ბევრი გამოდის მოთხრობების კრებულები, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი კრებულები, სადაც მექანიკურადაა ჩაყრილი ნაწარმოებები, არადა პირიქით, წიგნის შედგენის ხელოვნება გადაყრის ხელოვნებაა და არა ჩაყრის. დღეს ძალიან ბევრი უფერული მოთხრობა იწერება, რომელმაც წალეკა ჩვენი პერიოდიკა, ანთოლოგიები და კრებულები. სამწუხაროდ, გამოცემას, რომელსაც მე ვრედაქტორობ, ფინანსური პრობლემები აქვს და შესაბამისად ვერ ვაძლევ თავს უფლებას ხორცი შევასხა იდეებს, რომელზეც რამდენიმე წელია ვსაუბრობ. ამის საშუალება როცა გაჩნდება, “საშუალო” ლექსებიცა და მოთხრობებიც გაქრება ჩემი ჟურნალის გვერდებიდან და მათ ადგილს უფრო მწვავე, ახალი და საინტერესო მასალები დაიკავებს.
– ლიტერატურის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ მხატვრული ტექსტის კარგი რედაქტორის ჩამოყალიბებას თაობები სჭირდება. ეთანხმები ამ მოსაზრებას? საერთოდაც, როგორ უნდა გამოიზარდოს კარგი რედაქტორი? შეიძლება ამის სწავლა თუ ესეც ისეთივე ნიჭია, როგორც, სიტყვაზე პოეზია ან მწერლობა?
– რედაქტორი, რა თქმა უნდა, ნიჭიერი უნდა იყოს, მაგრამ თუკი მას ალღო არა აქვს და მზად არ არის თავისი პიროვნული ახირებები და ოცნებები გვერდზე გადადოს, არაფერი გამოუვა. გარდა ამისა, რედაქტორობა გემოვნებასაც გულისხმობს და იგი უნდა ფლობდეს უზარმაზარ ინფორმაციას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენის ცოდნასაც, არამხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვას ენა, არამედ იმისთვისაც, რომ თუ საჭირო გახდა, დაანგრიოს კიდეც (ანუ ავტორს დაანგრევინოს). ჩემი ნება რომ იყოს, საქართველოში ყველა მწერალს ვაიძულებდი 4-5 წელი რედაქტორად მუშაობას. ამით ისინი ბევრ რამეს ისწავლიდნენ, პირველ რიგში კი ეგოცენტრიზმისგან გათავისუფლდებოდნენ. და რაც მთავარია, რედაქტორობას ორთოგრაფიული ლექსიკონი არ სჭირდება. მე მაგალითად, არ მახსოვს ორთოგრაფიული გადამეშალოს, იმიტომ, რომ ყოველთვის შინაგან რიტმს ვუსმენ.
დაახლოებით 10-12 წლის წინ უნივერსიტეტში მოგვიწვიეს “არილი”-ს რედაქცია, შეხვედრა მოგვიწყვეს. სიტყვებით გამოვიდნენ, გვაქეს, გვადიდეს, შენიშვნებიც მოგვცეს, დაახლოებით ასეთი: “ცოტა მეტი ეროვნულობა არ გვაწყენდა ყმაწვილებო”, “ნურც ჩვენ დაგვივიწყებთ…” და ა.შ. უცებ სიტყვა აიღო ერთმა ჩემმა ყოფილმა თანაკურსელმა (ფილოლოგმა), რომელიც, როგორც ეტყობოდა, მაგარი მომზადებული იყო, იმიტომ, რომ ფურცლების მთელი დასტა დააძრო. ეს გოგო დაახლოებით ნახევარი საათი კითხულობდა მოხსენებას თემაზე – “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს – ქართული ენის სიწმინდე არილში”, თუ რაღაც ამგვარი ერქვა. ამ ჩემს კურსელს “არილის” ნომრებიდან ამოკრებილი ჰქონდა ჟარგონული გამონათქვამები, ბარბარიზმები, უხამსობები, ცდილობდა შესატყვისების მოძებნას, გვითარგმნიდა, გვიმარტავდა, გვტუქსავდა, ჭკუას გვარიგებდა, შიგადაშიგ წინაპართა აჩრდილებსაც გამოიხმობდა, მოკლედ ძალიან ვიხალისეთ. რატომ მოვყევი ეს ამბავი? წარმოიდგინეთ, ლუი სელინისთვის, ჰანტერ ტომპსონისთვის, ვენედიკტ ეროფეევისთვის ან ზურა ლეჟავასთვის რომ ვინმეს მისეული მეტყველების მანერა აეკრძალა, სიტყვები ამოეყარა და წინადადების წყობა გაესწორებინა, ხომ იქნებოდა სასაცილო? ისე, ერთხელ უნდა ვცადო, ჟარგონით კარგად გაწყობილი რომელიმე ტექსტი უნდა ავიღო და ორთოგრაფიულის მიხედვით უნდა მოვთარგმნო, მემგონი საინტერესო შედეგს მივიღებთ.
– გოლი თარაყის ინტერვიუს ვკითხულობდი, სადაც ის ამბობს: “ძალზე მნიშვნელოვანია კარგი რედაქტორი, რომლის ნაკლებობასაც დღევანდელ ირანში უმწვავესად განვიცდით და რომლის ფასიც, პირადად, საფრანგეთში გავიგე. ყველა მწერალმა, თუ ის პროფესიონალია, რასაკვირველია, ყველაზე უკეთ იცის, როგორც მწერალმა, სად იზარმაცა, სად რა შეცდომა მოუვიდა, ან ყურადღება სად მოადუნა. ჩემმა ფრანგმა რედაქტორმა ამგვარ იაღლიშებს უცდომლად მიაგნო და სათუთად, ფრთხილად და მაღალპროფესიულად გაასწორა. ირანში კი, სრულიად საპირისპირო ამბავი ხდება. ჯერ რედაქტორი არ არის, ხოლო თუ სასწაული მოხდა და ამ საქმის მცოდნე კაცი გამოჩნდა, რომელიც ავტორს ნაკლზე მიუთითებს და ტექსტის ამა თუ იმ ადგილის გასწორებას შესთავზებს, მწერალი მის აზრს ყურს მაინც არ ათხოვებს, ზემოდან ყურებას დაუწყებს და ეტყვის: შენ საიდანღა გამომიტყვრი? წადი, შენს თავს და საქმეს მიხედეო…” როგორც ჩანს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. რით ახსნი ამ ფაქტს? ანუ, რატომ არის ბევრ ქვეყანაში კარგი რედაქტორის დეფიციტი?
– სხვათა შორის, ბოლო დროს სულ უფრო გულგრილი ვხდები ამ საქმიანობის მიმართ, ანუ რედაქტორობის მიმართ. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად სჭირდებათ ჩვენთან რედაქტორი, კონკრეტულ ავტორებს ვგულისხმობ, თორემ რედაქტორის ინსტიტუტი რომ გასაძლიერებელია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ვინც კარგად წერს, ის ყოველთვის ღიაა შენიშვნების და ჩასწორებების მიმართ. ჩემთვის საყვედურიც კი უთქვამთ იმის გამო, რომ არაფერი იყო ჩასწორებული ტექსტში. მახსოვს რამდენს ვმუშაობდით ხოლმე მე და ზაზა თვარაძე რომელიმე მისი მოთხრობის ან ლექსების პუბლიკაციის მომზადებისას. არადა, ზაზა თავად იყო ბრწყინვალე რედაქტორი და ჩემი რედაქტირება მის ტექსტებს ნამდვილად არ სჭირდებოდა. მეორე მხრივ არიან ავტორები, რომლებიც წვალობენ, წერა არ იციან, სათქმელი არა აქვთ, ნიჭი აკლიათ, და ბევრი მათგანი იმდენად არაადეკვატურად აღიქვამს ხოლმე შენიშვნებს, რომ მათთან საუბარი აზრს კარგავს. ყოფილან ავტორები, რომლებიც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დამიბეჭდავს, ისეთებიც არიან, რომლებიც ნახევარგვერდიან ჩანახატს გამოაგზავნიან და შემდეგ გთხოვენ ორჯერ დიდი რეცენზია დაუწერო, სადაც არგუმენტირებული იქნება, თუ რატომ არ ვუბეჭდავ ამ იმპრესიონისტულ ესკიზს. მოკლედ, სიამოვნებით დავანებებდი თავს რედაქტორობას და სხვას გადავულოცავდი ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას. 15 წელი ცოტა არაა, დროა ჩემი თავისთვისაც მოვიცალო.
– “არილი,” “წიგნები,” “ცხელი შოკოლადი” – ის ლიტერატურული გამოცემებია, რომელთაც სხვადასხვა პერიოდში რედაქტორობდი და რედაქტორობ. რა განსხვავებაა მათ შორის და თუ გაქვს ხოლმე ჩამოყალიბებული რაიმე სახის კონცეფცია, როდესაც ამათუიმ ახალ ჟურნალსა თუ გაზეთზე იწყებ მუშაობას?
– ყველა გამოცემას, რომელსაც ოდესმე ვრედაქტორობდი, “არილი” იქნება ეს, “24 საათის” ლიტერატურული დამატებები თუ “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი” ერთი მთავარი რამ აერთიანებს. ვცდილობდი და ვცდილობ დავბეჭდო უახლესი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა, ისეთი რაღაცეები, რაც არავის წაუკითხავს, ასევე თანამედროვე ქართული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი ის ნაწარმოებები, რომლებიც რაღაც სიახლეს გულისხმობს. მქონდა მცდელობები ცოტა სხვა ეტაპზე გადასულიყო რეცენზირებისა და კრიტიკის ქართული კულტურა, ეს კი მანამ არ მოხდება, სანამ მწერლები არ დაიწყებენ ერთმანეთზე წერას. ჯერ-ჯერობით ამ თვალსაზრისით “ვდგავართ”, მაგრამ ვფიქრობ მალე იქნება ძვრები. ჩემი ოცნებაა კონკრეტული პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდები ყოველ ნომერში გადიოდეს, აუცილებელია ერთ წიგნზე (ნებისმიერ წიგნს არ ვგულისხმობ, არამედ მნიშვნელოვანს) რამდენიმე რეცენზია იწერებოდეს, ინტერვიუ ავტორთან და ა.შ. თემატური ნომრები, რომლის ტრადიციაც 90-იანი წლების ბოლოს დავამკვიდრეთ “არილში”, ცალკე თემაა. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი გამოცემები.
– როგორც ამ გამოცემათა რედაქტორს, გამუდმებით გიწევს შეხება თანამედროვე ქართულ ლიტერატურასთან. რამდენად არის შეცვლილი ვითარება თუნდაც 10-15 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, როდესაც შენ ამ სივრცეში მოღვაწეობას იწყებდი?
– შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ადრე მეტად იყო ჩართული ლიტერატურაში მწერალიც და მკითხველიც. 1997-2003 წლები დიდი იმედების წლები იყო, ახლა კი ჩვენ დიდი იმედგაცრუებების პერიოდში ვართ და ეს ნეგატიური გარემო იმედი მაქვს მალე უკეთესობისკენ შეიცვლება, მე ვხედავ უკვე ამის ნიშნებს. დღეს მწერალსაც და მკითხველსაც სადღაც სხვაგან გაურბის თვალი, ყველა რაღაცნაირ მახეშია გაბმული, სადაც ლიტერატურა აბსოლუტურად არაარსებით როლს თამაშობს. ჩვენს გარშემო მხოლოდ პიარია, რომელზეც ერთნი რისხვით რეაგირებენ, მეორე კი კონფორმისტული ქედისმოხრით. სამწუხაროდ ახლა არც ბიტნიკების ხანაა და არც კლასიკური რომის პერიოდი, რომ ამ რეაქციებმა შედეგი მოიტანონ. უკიდურესი ამბოხისა ან მეორეს მხრივ, ხოტბის დრო წასულია, რადგან მათში, არც ერთში, სიმართლე არ მოჩანს, დღეს კი სიმართლე ყველაზე მეტად გვჭირდება. სწორედ ამ სიმართლის დეფიციტის გამოა, რომ ქართული ლიტერატურა ვერ ვითარდება, მწერლები ვერ იზრდებიან…
– რამდენიმე წლის წინ გამოიცა შენს მიერ შედგენილი “თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია”, რომელმაც 1990-2004 წლების ქართული პოეზია შეაჯამა. ამ გამოცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხომ არ აპირებ მსგავსი პროექტის განხორციელებას პროზაშიც?
– მსგავსი პროექტი განხორციელდა კიდეც, გასულ წელს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან” თანამშრომლობით 20 საუკეთესო ქართული მოთხრობის ანთოლოგია შევადგინეთ რამდენიმე ადამიანმა, თუმცა მთლიანობაში მაინც უკმაყოფილო ვარ ამ კრებულით. იქ არის რამდენიმე მოთხრობა, რომელსაც მე არ შევიტანდი ანთოლოგიაში. გარდა ამისა, მაქვს ჩაფიქრებული ერთი გრძელვადიანი პროექტი, რომლის გამოცემაც იმედია მალე დაიწყება. დაახლოებით 10 წლის შემდეგ სიამოვნებით შევადგენდი ამჯერად უკვე 2005-2020 წლის ქართული ლექსის ანთოლოგიას.
– ისევ “ანთოლოგიას” დავუბრუნდეთ. მკითხველთა უმეტესობას მოეწონა წიგნი, თუმცა იყვნენ უკმაყოფილონიც, რომლებიც სუბიექტურობაში გდებდნენ ბრალს. რა სირთულეებს უკავშირდება მსგავსი კრებულის შედგენა?
– ასეთ შემთხვევაში შემდგენელი ყოველთვის სუბიექტური უნდა იყოს, სუბიექტური ლექსებთან დამოკიდებულებაში და არა ავტორებთან მიმართებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე გული მწყდება, რომ ზოგიერთ ლექსსა თუ ავტორს ანგარიში გავუწიე და დღეს ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ შემეტანა ესათუის ლექსი თუ ავტორი კრებულში. რა თქმა უნდა, ახლა სულ სხვანაირს გავაკეთებდი იმ ანთოლოგიას.
– რადიო “თავისუფლებაზე” გაქვს ძალზე საინტერესო ბლოგი, რომელიც ლიტერატურას ეხება, მიგყავს ამავე რადიოს ლიტერატურული რუბრიკაც. ხომ არ გეგმავ აქ გამოქვეყნებული მასალების წიგნად გამოცემას?
– ერთიორჯერ კი გავიფიქრე ამის შესახებ, მაგრამ მერე თავადვე ჩავახშვე ეს ფიქრები. საბედნიეროდ მკითხველი ისედაც არ აკლია ამ ბლოგებს, რადიო “თავისუფლების” საიტი ყველაზე კითხვადი (და სმენადი) საინფორმაციო-ანალიტიკური საიტია საქართველოში. მაგრამ, თუკი დავრწმუნდი, რომ ინტერნეტს მიღმა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია დარჩენილი, ვისაც დააინტერესებს ჩემი ნაწერი, მაშინ შეიძლება ვიფიქრო ბლოგების თავმოყრაზე და გარკვეულ კონცეფციით მათ განაწილებაზე. ხოლო რაც შეეხება ჩემს საავტორო გადაცემას, “ბიბლიოთეკას”, გამორიცხულია წიგნად გამოვიდეს, ეს სპეციფიური, რადიოსთვის შექმნილი ტექსტებია, რესპოდენტებით, ჩართვებით და ა.შ.
– ინტერნეტ-სივრცეზე მინდა გკითხო, რომელიც გაცილებით თავისუფალია ბეჭდურ გამოცემებზე და უფრო მეტ თავისუფლებას იტანს, შესაბამისად, რედაქტორიც ნაკლებად ესაჭიროება. დღეს ინტერნეტში აქტიურად აქვეყნებენ ნაწარმოებებს როგორც ახალბედა, ასევე უკვე ცნობილი ავტორები. ხომ არ გამოიწვევს ეს ფაქტი რედაქტორის ინსტიტუტის კიდევ უფრო შესუსტებას?
– პირიქით, ეს აადვილებს კიდეც ურთიერთობას ავტორსა და რედაქტორს შორის. ანუ ეს არის საუკეთესო საშუალება ავტორების აღმოსაჩენად, თუმცა მწერალმა, შემდეგ, რაღაც ეტაპზე აუცილებლად უნდა გადაინაცვლოს ბეჭდური მედიის და წიგნების ფურცლებზე. დგება დრო, როცა ჟურნალის ან გამომცემლობის რედაქტორი უნდა ჩაერთოს საქმეში. თუკი ავტორი მაინცდამაინც ჰიპერრომანს არ წერს, რისთვისაც მას ქსელის დახმარება სჭირდება აუცილებლად, უკეთესი იქნება თავისი საუკეთესო ნაწერები ყოველთვის დასაბეჭდად შემოინახოს ხოლმე, ასე ეფექტიც მეტი ექნება, მცირე შემოსავალსაც მიიღებს ავტორი და მიზნობრივი მკითხველიც მეტი ეყოლება. საიტზე გამოკიდებას და დიდი რაოდენობით “ლაიქებისა” და “პლიუსების” მიღებას იგი ყოველთვის მოასწრებს.
– და ბოლოს, რაში ხედავ გამოსავალს, როგორ შეიძლება ამ სფეროს შველა?
– ამ სფეროს შეცვლას 4-5 ენთუზიასტიც კი ეყოფა, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ეცდებიან ფხიზლად შეაფასონ ქართული ლიტერატურა. ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა დაეკისროს მედიას, ბეჭდურ და სატელევიზიო მედიას, უნდა ჩამოყალიბდეს ლიტერატურული ჟურნალისტიკა და პირველ რიგში ეს მისია თავად მწერლებმა უნდა იკისრონ. სატელევიზიო მედიაზე კი ადრეც არაერთხელ დამიწერია და დღესაც ვიტყვი, რომ ძალიან მძივე ვითარებაში ჩაიგდეს თავი. მაშინ, როცა პრესა და ტელევიზია მკითხველის მოპოვების ყველაზე მძლავრი იარაღია მთელს მსოფლიოში, მედია დღევანდელ საქართველოში იმდენად სუსტია, რომ მისი წყალობით ლიტერატურა და პოეზია, ყველაზე მოსაწყენ რამეებთან ასოცირდება. სამწუხაროდ ჟურნალისტიკა ძალიანაა გამარტივებული და იგი ყველაზე ხშირ შემთხვევაში რაღაც ობიექტის გახსნისას ვიღაც ჩინოსანის მიერ წარმოთქმული სიტყვის რეზიუმეზე დაიყვანება. მემგონი აუცილებელია ლიტერატურას სარეკლამო დროც კი დაუთმონ ტელეარხებმა, იმ დროში, რომელიც სოციალურ რეკლამას ეთმობა, ლიტერატურაც უნდა მოვიაზროთ, სხვა შემთხვევაში ხალხს შეიძლება კითხვაც კი დაავიწყდეს. სახელმწიფოს ვერ ააშენებს საზოგადოება, სადაც 5 მილიონიდან მხოლოდ 500 კაცი კითხულობს წიგნებს.

ესაუბრა ნანა კობაიძე

© “ლიტერატურული გაზეთი”

Facebook Comments Box