კრიტიკა

მალხაზ ხარბედია – კრიტიკის დაბადება

მცირე ექსკურსით დავიწყებ და ჟან სტარობინსკის 1967 წელს დაწერილ და 2001 წელს გადამუშავებულ ერთ სტატიას გავიხსენებ, სადაც ავტორი კრიტიკის ძალზე საინტერესო ეტიმოლოგიას გვთავაზობს. სტატიას “კრიტიკის მიმართება” ჰქვია და ავტორი ამ სიტყვის ძირის მოსახელთებლად ჟორჟ ბლენის წიგნსაც იმოწმებს: ცნობილია, რომ სიტყვა “კრიტიკა” ძველბერძნული ზმნა krinein-დან მოდის (ლათ. cerno), რომლის თავდაპირველი მნიშვნელობაც გაყოფას, გარჩევას უკავშირდება, აქვეა გაფანტვისა და განიავების სახეებიც და რაც მთავარია, სტარობინსკი გამოჰყოფს ე.წ. “კრიტიკულ დღეებსაც”, კრიზისის პერიოდს, როცა, ჰიპოკრატეს მედიცინის თანახმად, ავადმყოფის ბედი წყდება.

თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის მდგომარეობა და ზოგადად კულტურული ვითარება სწორედ ამ ერთი ძალზე მოქნილი და თითქოსდა შიშისმომგვრელი სიტყვით, კრიზისით შეიძლება დახასიათდეს. ანუ, ავადმყოფი ცნობილია, მასზე უკვე ბევრი დაწერილა, ზოგს ასეთივე ავადმყოფური პათოსით აღსავსე წერილები შეუთხზავს მის გამო, სხვებს კი ჭკვიანური, მაგრამ არაფრისმთქმელი განსჯებით დაუმძიმებია მკითხველის გონება. იყო მახვილგონივრული შენიშვნებიც. დიდი შანსები არც ამ წერილს აქვს, არც ამ ერთი სტატიით გაირკვევა რამე, მაგრამ იმედია ფიქრს მაინც მივაყოლებთ იმას, რაც დღევანდელ ჩვენს ლიტერატურაში ხდება.

არ მინდა მოწუწუნე ნიჰილისტად ჩამთვალოს ვინმემ, მაგრამ კრიზისი დღეს ყველგან იგრძნობა, და ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, ვინ უფრო მეტნი არიან დღეს საქართველოში, პროფესიონალი, მონდომებული და მუყაითი ავტორები თუ გულგრილი ან ხელგაუტეხავი მწერლები. დღეს რომ ლიტერატურული პროცესი ცოტა ვინმეს აინტერესებს, ცხადია, ცხადია ისიც, რომ არც კრიტიკა აღელვებს ბევრს. ხშირად დაიჩივლებენ ხოლმე ამაზე, მაგრამ სინამდვილეში ერთეულები თუ აღიარებენ, რა არის აუცილებელი სისხლსავსე ლიტერატურული ცხოვრებისთვის.

ამ მომჩივანთაგან უმრავლესობას, სამწუხაროდ, არაფრის უფლება აქვს და ვერც კათედრაზე შედგება საქადაგოდ, იმიტომ რომ ეს კათედრებიც (ლიტერატურული გამოცემები) აღარ არსებობს და თავადაც ყოველთვის უკან იხევენ, როცა რაიმე საჯარო შეხვედრაზე იწვევენ. სამაგიეროდ ქადაგებენ ამათუიმ ლიტერატურული კავშირის პირმშონი, რომლებსაც ჯგუფები პირობითად ჰქვიათ, თორემ სინამდვილეში არც შემოქმედებითი კავშირებია ესენი და არც რაიმე ღირებულის აღმსარებელნი, არამედ გარკვეული მენტალური თუ ფინანსური ერთობა, ადამიანები, რომელთაც ან ფული აერთიანებთ, ან შენობა, ანდა სულაც ხათრი. ქადაგებს ამ ჯგუფების მიერ (თუ პირიქით) “გაწამებული” კულტურის მინისტრი, ერთი ხელის მოსმით რომ შეუწყვიტა თავის დროზე დაფინანსება უკლებლივ ყველა გამოცემას, და მრავალი სხვა საქმეზე კი არავინ დარდობს, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ორი პროფესიონალი პროზაიკოსი და ორიც პოპულარული პოეტი ვერ შექმნის თანამედროვე ლიტერატურას. არც კაფეების თავყრილობები ეყოფა ამას და არც მითუმეტეს პრესაში მიმოფანტული აბზაცები, ამ თავყრილობებს რომ აღწერს.

ამასწინათ, ყურძნის შარშანდელ მოსავალზე ჩავეკითხე მეღვინეებს, კომპანიის წარმომადგენლებსა და გლეხებს და ვერც ერთისგან ვერ მივიღე პასუხი ყურძნის ხარისხის შესახებ, იმაზე, თუ როგორ ღვინოს უნდა ელოდოს მომხმარებელი 2006 წლის მოსავლიდან. ერთნი მხოლოდ რუსულ ემბარგოზე მოთქვამდნენ, მეორენი კი სოციალურ პრობლემებზე, იმაზე, რომ კომპანიები ძალიან იაფად იბარებდნენ ყურძენს და ა.შ. ხარისხზე ფიქრით კი არავინ იწუხებდა თავს. ლიტერატურაც ასეთ დღეშია ჩვენთან, მხატვრულ ღირებულებებზე ვინღა დარდობს, როცა ჰონორარის მაძიებელი ავტორი, ღმერთმა უწყის რომელი რედაქციის კარს არ მიადგა, როცა მწერალი მინიმალურსაც კია მოკლებული, მათ შორის დაბეჭდვას, თუნდაც უჰონორაროდ. როცა მწერლის ბედით არავინ ინტერესდება, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა.

ბოლო წლის მანძილზე ძალზე იკლო მხატვრული ლიტერატურის წილმა საგამომცემლო საქმეშიც. სულ ორიოდ რომანი გამოვიდა, სამი-ოთხი პოეტური კრებული და რამდენიმე თარგმანი. ხშირი გახდა კლასიკის გადამღერებული გამოცემები, რომელიც არსებული ხარვეზის დაძლევის ილუზიას ქმნის მხოლოდ. შეჩერებული ლიტერატურული პერიოდული გამოცემების გამო “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” წელს პირველად დაარღვევს ტრადიციას და ვერ შეადგენს თავის “15 საუკეთესოს”, წლის რჩეული მოთხრობების კრებულს, რადგან მოთხრობები თითქმის აღარსად იბეჭდება (ლექსებზე რომ არაფერი ვთქვათ).

კიდევ ერთი პრობლემა ავტორების ცნობადობაა. ნახეთ ბოლო ათწლეულის მანძილზე გამოქვეყნებული ინტერვიუები კლასიკოსებთან, ცნობილ ან თუნდაც ახალგაზრდა მწერლებთან, და თავად დარწმუნდებით, რომ მათ ყოველთვის ძალიან უჭირთ გვარების დასახელება, ჯერ ერთი არ იცნობენ კოლეგების ნაწერს და თუკი იცნობენ, სიტყვა არ ემეტებათ მათთვის. ანდა პირიქით, ასახელებენ მხოლოდ თავიანთ მეგობრებს, მათ “ქაჩავენ”.

მახსოვს რამდენიმე წლის წინ გამომავალ ერთ ლიტერატურულ გაზეთში, სადაც ყოველ ნომერში იბეჭდებოდა ინტერვიუები, კითხვაზე, ვის გამოყოფდით თანამედროვე მწერლებიდან, სულ ერთიდაიგივე ავტორებს ასახელებდნენ და ასე გრძელდებოდა გამუდმებით. განსაკუთრებული პრობლემა ექმნებათ თანამედროვე კლასიკოსებს. თავის დროზე ერთი კორესპონდენტი სამჯერ, სამი სხვადასხვა კითხვით შეეცადა დაეცდენინებინა სახელოვანი მწერლისთვის თუნდაც ერთი სახელი უმცროსი თაობიდან, და მაინც ვერაფერს გახდა. იცოდა, მაგრამ არ თქვა, წაკითხულიც ჰქონდა ზოგიერთი მათგანი, მაგრამ ვერ ათქმევინეს.

უკვე რამდენიმე წელია ვცდილობ, ხანდახან ძალიან აგრესიულადაც, რომ საქართველოში რეცენზირების, მიმოხილვისა თუ კრიტიკის სხვა, უფრო თანამედროვე წესები დამკვიდრდეს. ბევრჯერ მითხოვია მწერლებისთვის, თავისი კოლეგის წიგნის შესახებ აზრი გამოეთქვა, უბრალოდ მიმოეხილა მაინც, მაგრამ არ მახსოვს ვინმე გამოხმაურებოდეს ამ ჩემს თხოვნას. არადა დასავლეთში, კრიტიკოსი სულ სხვა რამეს გულისხმობს, პირველ რიგში კი ესაა მწერალი, რომელიც თავისნაირზე წერს, მნიშვნელობა არა აქვს ეს თავისნაირი უფრო ნიჭიერი იქნება თუ უნიჭო. იქ ყველას კარგადა აქვს გაცნობიერებული, რომ უსაფუძვლო ღრენას ან უთავბოლო სადღეგრძელოებს არავინ დაბეჭდავს.

მაგალითისთვის, გადახედეთ The New Yorker-ის, Guardian-ის, The London Review of Books-ის, The New York Review of Books-ის ან ნებისმიერ სხვა სახელოვანი ამერიკული თუ ევროპული ლიტერატურული გამოცემის ბოლო ნომრებს და თავად დარწმუნდებით, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი და ორგზის ბუკერის გამარჯვებული, ჯ.მ. კუტზეე ნორმან მეილერის ბოლო რომანზე წერს, მილან კუნდერა კი სალმან რუშდიზე, ჯონ აპდაიკი ორჰან ფამუქის ბოლო ნაწარმოებს მიმოიხილავს, ჯულიან ბარნსი კი მიშელ უელბეკისას. არადა ასეთი კარგი საკბილო მათ იშვიათად აქვთ ხოლმე, ძირითადად დებიუტანტების ან ყველასთვის უცნობი ავტორების რეცენზირება უწევთ ხოლმე გასაგები მიზეზების გამო.

საქართველოში არ არსებობს კარგი ლიტერატურული გადაცემაც, არც ერთი არხი არ ზრუნავს ამაზე, არადა ყველამ კარგად იცის რამხელა ძალა აქვს ტელევიზიას, განსაკუთრებით კი ზარმაცი, მონებივრე ქართველი მკითხველისთვის.

საქართველოში ლიტერატურული ჟურნალისტიკისა და კრიტიკის მწვავე კრიზისია, აღარავინ წერს პორტრეტებს, მიმოხილვებს, წიგნის პრეზენტაციებიდან კი ზოგიერთ ჟურნალისტს ავტორის სახელი და გვარიც კი არ ამახსოვრდება.

სხვა საქმეა კრიტიკა, რომელიც ძალზე უკუღმართად ესმით საქართველოში, რომელიც საერთოდ მოკლებულია პასუხისმგებლობის გრძნობას და ჩასაფრებულის პოზიციებიდან დანახულ პროცესს უფრო აღწერს, ვიდრე რეალურ სურათს, სადაც ერთმანეთს უნდა შეერწყას გარკვეული მეთოდოლოგიური სიმკაცრე და რეფლექსიური მიუკერძოებლობა. არადა კრიტიკას ნამდვილად შეუძლია გარკვეული პერიოდი მხატვრული ტექსტების გარეშე გაძლოს, პირიქით პროვოცირებაც კი მოახდინოს მათი შექმნისა, ლიტერატურულ პროცესს კი კრიტიკის გარეშე უმალ უცნაური წარმოშობის სნობები ან პროვინციალები დაეპატრონებიან.

თანამედროვე მსოფლიოში კრიტიკას სულ სხვა პრობლემები უდგას. ლიტერატურის თეორიის მრავალწლიანი ბატონობის შემდეგ, იქ სხვა სახე მიიღო ამ სახის მწერლობამ. ფორმალური ანალიზიდან ბევრი ღირებულების საკითხებზე და ლიტერატურის საზრისის ძიებაზე გადავიდა, სტრუქტურალიზმის, პოსტსტრუქტურალიზმისა და დეკონსტრუქციის კლასიკოსებმა კი ლიტერატურული ეთიკის პრობლემებზეც კი დაიწყეს წერა (ტოდოროვმა, კრისტევამ და მრავალმა სხვამ). საქართველოში სხვა პრობლემების წინაშე ვდგავართ, აქ არც ძლიერი ლიტერატურათმცოდნეობითი სკოლა ყოფილა და არც რეალურ თეორეტიკულ კრიტიკას უარსებია როდისმე. საქართველოში თავის დროზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ლიტერატურული ნაწარმოების, ვთქვათ “ვეფხისტყაოსნის”, დავით გურამიშვილის ან ბარათაშვილის ტექსტების ანალიზისისას შტაინერის, შიურესა და სხვა სინთეზური სიბრიყვის ციტირება. საქმეს ვერ შველის გერონტი ქიქოძის, ან გურამ ასათიანის სახელებს ამოფარებაც. ჩვენთან, როგორც ჩანს, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, თუმცა დაინტერესებული, ყურადღებიანი მწერლებისა და მკითხველების გარეშე არაფერი გამოვა და ვინ იცის, იქნებ საქართველოშიც დადგა დრო, როცა შეუძლებელია კრიტიკა მხოლოდ ტექსტის ანალიზით შემოიფარგლოს. იქნებ პირველადაა ქვეყანაში ვითარება, როცა ლიტერატურამ და კრიტიკამ უნდა იკისროს ის როლი, რომელსაც სამწუხაროდ ვერც პოლიტიკით დაბრმავებული მას-მედია ართმევს თავს და ვერც ე.წ. ინტელექტუალები.

ბოლოდროინდელი ქართული კულტურა ხომ რიტუალს დაემსგავსა, არანაირ კრიტიკას რომ არ უშვებს (ვერ უძლებს და იმიტომაც არ უშვებს), თანამედროვე კრიტიკა ხომ არსებითად კაფიობაა, სადაც მხოლოდ ორი მხარე ჩანს. კრიტიკა ჩვენში ხომ მხოლოდ სახელდახელოა, კრიტიკა წაკითხვის გარეშე, ე.წ. ჭორ-კრიტიკა.

მორის ბლანშო ერთგან აღნიშნავდა, “კულტურა რაციონალური დისკურსის უნივერსალიზაციისკენ მიისწრაფის, ლიტერატურა კი პირიქით, ყოველთვის უარს ამბობს ამგვარ გაწონასწორებულობაზე”-ო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურის სფეროში ხშირად რაციონალობაზე ორიენტირებული ამგვარი “კულტურული გმირის” ფუნქციას კრიტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა კისრულობენ ხოლმე, თუმცა მათ კიდევ ერთი მთავარი ნიშანი გამოარჩევთ, ესაა თავისუფლება და მხოლოდ ამ ორ, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავ მხარეთა შერწყმით ხდება ტექსტის თუ ზოგადად ლიტერატურის საზრისის დაზუსტება.

იმით დავამთავრებ, რათაც დავიწყე, ანუ კრიტიკის ეტიმოლოგიით და ამ სიტყვის ყველაზე ღრმა მნიშვნელობით, კრიზისის პერიოდს რომ ეხება. დღეს ქართული კულტურა (ლიტერატურა და სხვ.) მართლა ავადაა და მართლა წყდება მისი ბედი, მაგრამ ამ სიტყვებში ნეგატიურზე მეტად, ჩემი აზრით, უფრო საქმიანი მოწოდება გაისმის, რომელიც გვთხოვს კარგად დავიმახსოვროთ ეს დრო, მწარე დღეები, საიდანაც რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. იგი არც მოვლა-პატრონობას გვთხოვს და არც ქადაგებას, არამედ მხოლოდ ყურადღებას, დაკვირვებას და აღწერას. კრიტიკაც აქედან იბადება და ერთი მხრივ წინააღმდეგობის, მეორე მხრივ კი გაწონასწორებულობის ამ უსასრულო დავაში ვინძლო გულგრილობისა და განურჩევლობის მონსტრიც გაქრეს.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box