Uncategorized,  პროზა

მანანა მენაბდე – იმედი

Manana Menabde 4334

იალქანი, ჰორიზონტთან თეთრი პეპელასავით ფარფატებდა. ის კი წიგნით ხელში გრძელ ხის სკამზე ჩამომჯდარი, ხანდახან გადამშრალ ქვიშას და ცხელ შუადღეს გასცქერდა…

ზღვა ღელავდა…

დამსვენებლები პლაჟზე სერიოზული სახით სეირნობდნენ. სერიოზულად შავდებოდნენ მზეზე.

სერიოზულად საუზმობდნენ, სადილობდნენ და ვახშმობდნენ. სერიოზულად ხუმრობდნენ.

იალქანი, თეთრი პეპელასავით ფარფატებდა ჰორიზონტთან… გრძელ ხის სკამზე ჩამომჯდარი კვლავ წიგნს დაუბრუნდა. არც თუ ისე სახარბიელო იყო ასეთ სიცხეში „ულისეს“ კითხვა, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა წაეკითხა? შეიძლება არც უნდა წაეკითხა? ვინ იცის… ხომ არავის არ დაუწესებია პაპანაქება სიცხეში „ულისეს“ კითხვა?! შეიძლება „ულისე“ არც ზამთარში არ უნდა წაეკითხა არავის, მაგრამ იცოდა, რომ ყველაფერი მონდომებაზე და მასზე იყო! ყველაფრი! ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, ეგონა, რომ სხვაზე იყო ყველაფერი და ბრაზობდა. ძალიან ბრაზობდა და ეს გაბრაზება ხშირად ისე ახრჩობდა, ისე, რომ მზად იყო! ყველაფრისთვის იყო მზად! მოკლედ, არავის არ დაუძალებია „ულისეს“ კითხვა, მაგრამ ასე გადაწყვიტა! გადაწყვიტა და მორჩა! „გადაწყვეტილება კარგი რამეა! გადაწყვეტილება გძენს თავდაჯერებულობას, გადაწყვეტილება სიმტკიცე და თავისუფლებაა!“ – ასე ფიქრობდა და როგორც არ უნდა დამთავრებულიყო დღე, წაკითხვა ამჯობინა სწორედ ამ ცხელ შუადღეს, როდესაც გრძელი ხის სკამზე იჯდა და შიგადაშიგ ჰორიზონტს და პეპელასავით იალქანს გაჰყურებდა, რომ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულიყო და სულის სიმტკიცე ეგრძნო.

ამაზე კარგ დროს აბა სად გამონახავდა?!

***

თითქოს გვერდში მჯიღი ჰკრესო… ვიღაცამ გამოაფხიზლა და შემდეგ ისევ იმ ვიღაცამ შორიდან დაუძახა…

თავი ასწია…

… ჩირივით გამომხმარი, ჩია დედაბერი სუფთა, ლურჯ აბრეშუმის თეთრკოპლებიან კაბაში გამოწყობილი, თეთრი საყელოთი, ასე 300 წლის, ან ცოტა მეტის თუ იქნებოდა. დედაბერი ცოტა ხანი გაშტერებული უცქერდა. შეიძლება სულაც არ უცქერდა და უბრალოდ რაღაცაზე ფიქრობდა. მერე კი თვითონაც რომ არ ელოდა ისე, დედაბერმა უცნაური ღიმილით გაიღიმა. თავის თავს გაუღიმა თუ მას, ვერ მიხვდა. ეს ღიმილი სულაც არ ჰგავდა ჯოკონდას ღიმილს. ნამდვილად არ ჰგავდა! არა, არ ჰგავდა, მაგრამ რა ექნა, თუკი ასე მოეჩვენა? არა, არა, კი არ მოეჩვენა, ნამდვილად ჩიტივით გაიღიმა დედაბერმა. ნამდვილად ასე იყო, მაგრამ სინამდვილეში არ ენახა, ჩიტები როგორ იღიმებიან! რა ექნა, თუკი დარწმუნებული იყო? დარწმუნებული იყო, მიუხედავად ყველაფრისა! როცა დარწმუნებული ხარ, ეს დიდ ძალას გძენს! ამიტომაც დარწმუნებული იყო და იცოდა, თუკი ჩიტივით გაიღიმა, ე. ი. ჩიტი იყო! აბა საიდან გაჩნდა?! ჩუმად მოფრინდა, ძალიან ფრთხილად, რომ ფრთების ხმაურით არ შეეწუხებინა. რას გაიგებდა, თუ ამ პაპანქებაში „ულისეს“ კითხულობდა? დანარჩენებსაც არაფერი არ გაუგიათ. ვერ გაიგებდნენ, რადგანაც სერიოზულად ისვენებდნენ, სერიოზულად ჭამდნენ და სერიოზულად ხუმრობდნენ. საერთოდ სერიოზულობა გაგებას ხელს უშლის. არასერიოზულობაც უშლის ხელს გავიგოთ ის, რაც გვინდა. ამიტომ ყოველთვის იმას ვიგებთ, რაც არ გვინდა და იმას, რაც უნდა გავიგოთ, ვერასდროს ვერ ვიგებთ. ძალიან ძნელია მიხვდე, როდის უნდა და როდის არა! ამიტომაც იყო ძნელი. თანაც „ულისეც“  უწყობდა ხელს.

საინტერესოა, დასავლეთიდან მოფრინდა თუ ჩრდილოეთიდან? რატომ მაინცა და მაინც ჩრდილოეთიდან ან დასავლეთიდან? ხომ შეიძლება აღმოსავლეთიდან ან სამხრეთიდან მოფრენილიყო? ან სულაც ოთხივე მხრიდან. ხო. ალბათ ოთხივე მხრიდან მოფრინდა, თორემ სხვაგვარად უეჭველად გაიგებდა. „ულისეც“ კი ვერ დააბრკოლებდა!

დედაბერი ახლა წიგნს ჩააჩერდა. მერე კვლავ ჩიტურად გაიღიმა. ცალი ტუჩი გაწია გვერდზე… აი, ცალყბადო, რომ იტყვიან, ისე! შეატყო წაკითხული რომ ჰქონდა.  აბა რატო გაიღიმებდა, წაკითხული რომ არ ჰქონოდა? მერე თავი აწია, თვალი თვალში გაუყარა და მოკრძალებით ჰკითხა: „ხომ ვერ მეტყოდით გეთაყვა, სად შეიძლება იმედი ვპოვო?“

***

„იმედი?!“ – იკითხა გაკვირვებით… მერე ძებნა დაიწყო… მაგრამ რაც არ გაქვს, იმისი პოვნა ძალიან ძნელია… შეიძლება სადღაც იყო, მაგრამ არ იცოდა… ისე დაიბნა, რომ მხრები აიჩეჩა. როდესაც მხრები ჩამოუშვა,  დედაბერი უკვე გაფრენილიყო…

იალქანი, თეთრი პეპელასავით ფარფატებდა ჰორიზონტთან.

***

იქნება არც მოფრენილა?

ნუთუ არავის გახსოვთ პატარა, ჩირივით გამომხმარი, თეთრკოპლებიან, სუფთა ლურჯ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი დედაბერი, თეთრი საყელოთი? ასე 300 წლის. შეიძლება ცოტა მეტისაც.. არავის ახსოვს? არავის გინახავთ? არავინ არაფერი იცის?

იქნება მითხრათ გეთაყვა, სად შეიძლება…იმედი ვპოვო?

1999 წელი, ზაფხული, გერმანია, ბინცი, ბალტიის ზღვა 

© არილი

Facebook Comments Box