პროზა

მანანა მენაბდე – ლიო

ლიო კერამიკას აკეთებს, მაგრამ მე მისი ნახელავი არ მინახავს. ცოტას ლაპარაკობს, როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება. ეს მე ხელს მაძლევს, რადგანაც გერმანულად საუბრის დროს, ჯერ კიდევ ხელებსა და ფეხებს ვიშველიებ. ლიოს ინგლისურის არაფერი გაეგება. ქართულზე და რუსულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, ერთმანეთს გადასარევად ვუგებთ!

ლიოს ერთი ძველისძველი, დანჯღრეული VW ჰყავს. მანქანის გასაღები, რა თქმა უნდა, არ აქვს, — მავთულებს ერთმანეთთან აერთებს და ჰაიდა… თუ მოისურვა, ტროტუარზეც ადის, და საოცრება ის არის, რომ პოლიცია არ აჯარიმებს. ლიო გამუდმებით შხაპის ქვეშ დგას, მაგრამ სულ დაუბანელს ჰგავს. წვერს ერთ მეოთხედზე იპარსავს, ყველაფერი დაღეჭილი აცვია. ძლიერ, უხეშ ხელებზე ფრჩხილები მაზუთისაგან აქვს ჩაშავებული, რადგან გამუდმებით ტექნიკაში იქექება და რაღაცას „აპაჩინკებს“. მიუხედავად ამისა, რადიოც და ტელევიზორიც დღემდე დუმს. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი ერთად ამუშავდება. ლიოს ბრაზიანი გამოხედვა აქვს, მაგრამ ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი რა ხდება?! მის კეთილშობილ ხასიათს მხოლოდ იშვიათი ღიმილი ამხელს. ქალები ფუტკრებივით ესევიან, მოსვენებას არ აძლევენ. ლიოც არავის სწყვეტს გულს. ისე, ოდესმე თუ კარგად დაიბანა, დაივარცხნა და დაუთოებული შარვალი და პერანგი ჩაიცვა, მართლაც წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცი შეგრჩებათ ხელში. ვერაფრით დავადგინე, ოჯახი ჰყავს თუ არა. რაღაცა იბჟუტურა და ხელები ატრიალა, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე…

ლიო სიგარეტის მაგივრად, ბალახს ეწევა. ხელიდან არ აგდებს. ამას ისე სასხვათაშორისოდ აკეთებს, რომ შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს არც კი ეწეოდეს. სინამდვილეში კი, ბალახი ეწევა ლიოს. რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ლიო ზედმიწევნით კეთილშობილია. ირგვლივ, ჩემიანმაც და უცხომაც, ყველამ იცოდა, რომ უბინაოდ და უფულოდ ვარ, მაგრამ სწორედ ლიომ გამომიწოდა დახმარების ხელი. მისი წყალობითაა ამ სხვენზე რომ ვცხოვრობ. ეს ბუნაგი კი დამითმო, მაგრამ თვითონ სად სძინავს და რას სვამს და ჭამს ნეტავ?! გათანგული და გაოფლილი უეცრად, დაურეკავად გამოჩნდება ხოლმე, ცივ შხაპს მიიღებს, მერე არც

გადაიფარებს და სამზარეულოში, იქ, სადაც საშხაპე კაბინა დგას, პირდაპირ იატაკზე დაწვება. ასე და ამგვარად გამოიძინებს, 2 საათში ადგება, ყავას მოიდუღებს, დალევს, ზედ ბალახს დააყოლებს და თუ გუნებაზეა, რაღაცის შეკეთებას იწყებს. კერამიკის გარდა (ლიო კერამიკოსია და თავისი ნახელავის წყალობით ცხოვრობს), კიდევ მუსიკალური ჯგუფი ჰყავს, — თავად მღერის და კიბორდზეც უკრავს. ერთხელ ამ ჯგუფის კონცერტს მოვუსმინე, მაგრამ ხელმეორედ ოქროც რომ შემიგდონ, მაგათ მოსასმენად წამსვლელი აღარ ვარ! დიდხანს ვადგენდი მუსიკის ჟანრსა და მიმართულებას, მაგრამ ვერაფრით დავადგინე. ვისაც არ ვკითხე, ყველამ მხრები აიჩეჩა. იმას ვამბობდი, რომ თუ კარგ ხასიათზეა ჩემი მხსნელი, კიბორდს, რომელსაც თოფივით მხარზე გადაკიდებულს ყველგან თან დაათრევს, შესაფუთიდან იღებს, აერთებს და დაკვრას იწყებს… ამის აღწერის ძალა მხოლოდ დიდ მწერალს თუ შესწევს. ვერ დაგპირდებით, მაგრამ ძალიან შევეცდები ეს სურათი ცხადად დაგანახოთ — მუსიკას, რომელსაც კიბორდი ლიოს თითების მეშვეობით გამოსცემს, არანაირი ლოგიკა არ გააჩნია. ნოტების თანმიმდევრობას, ფრაზის წყობას, კომპოზიციას და ა. შ. ლიოსთვის და მისი მუსიკისათვის არც მნიშვნელი აქვს და არც მრიცხველი. დასაწყისი და დასასრული ხომ მითუმეტეს. როგორც წესი, ლიოს მუსიკა შუიდან იწყება. როგორ ახერხებს ამას, ვერ გეტყვით. ჩემთვის ეს ნიუტონის ბინომია. დაკვრას იმ შემთხვევაში სწყვეტს, თუ ვინმე მოვიდა ან თუ ვინმემ დაურეკა. ასეთ მუსიკას, ალბათ განსაკუთრებული ნიჭის გარდა, დიდი ვირტუოზობა ჭირდება! ეს მუსიკა უფრო ქრომატიულ გამას ჰგავს. თითები უწესრიგოდ და ქაოტურად, თავქუდმოგლეჯილი დაჰქრიან კლავიშებზე. ტონალობა ყოველ წამს იცვლება და ყველაზე ყურადსაღები მომენტი ისაა, როდესაც მარჯვენა ხელი მელოდიას გარკვეულ ტონალობაში უკრავს, მარცხენა სულ სხვა ტონალობაში, თავგამეტებით ეხეთქება თეთრ და შავ კლავიშებს. დასაწყისისთვის, რომელიც დასაწყისი არ არის, მაგრამ ჩვენ დასაწყისად უნდა აღვიქვათ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს, ტემპი და ფორტე — ზომიერია. გარკვეული დროის შემდეგ (ესეც „კომპოზიტორის“ გუნება-განწყობაზეა), ტემპი ჩქარდება და აპოგეას აღწევს. აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ არა მარტო ტემპი, არამედ ფორტეც ზენიტშია. ამ მომენტში ლიო ისე თავგამეტებით ურტყამს თავის დაჩეხილ თითებს კლავიშებს, რომ ყოველ ჯერზე კიბორდის საცოდაობით ვიწვები. კიბორდს ლაპარაკი რომ შეეძლოს, ლიოს მინინუმ 15 სუტკა არ ასცდებოდა. მოულოდნელად, რაღაც მომენტში (ასეთი მომენტები ყოველთვის მოულოდნელი აქვს „მუსიკოსს“), ლიოს ხმა ბგერათა ქაოსს უერთდება და მუსიკოსი ისეთ ექსტაზში შედის, რომ ვერავის და ვერაფერს ხედავს. კულმინაციის დროს სიმღერა ღმუილში გადადის, სიტყვების მაგივრად, რომელიც მე ისედაც არ მესმის, ცალკეული ბგერები ისმის და ხანდახან კამეჩის ბღავილსა და მგლის ყმუილს მოგაგონებთ. ერთხელ, ლიოს მეგობარს, ვილფრიდას, რომლის სახელოსნოშიც ხშირად შეგეძლოთ ლიოს ხილვა, სიმღერის შინაარსის მოყოლა ვთხოვე, მაგრამ მან მხრები აიჩეჩა და ლიოს ჰკითხეო, მითხრა. რომც მეკითხა, რა აზრი ჰქონდა, მაინც ვერაფერს გავიგებდი. მოკლედ, თუ ბედმა გაგიღიმათ, ორატორია ნახევარ საათში დასრულდება, მაგრამ თუ ცუდ ფეხზე ადექით, მაშინ ერთი საათი ან მეტიც გამოწერილი გაქვთ და ამის შემდეგ არა მარტო ოთახი, არამედ მთელი სახლი შვებით ამოისუნთქავს. ბოლოსდაბოლოს ლიო თავის გულღია ღიმილს გაჩუქებთ და ისევ ორი–სამი კვირით გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდება.

© არილი

Facebook Comments Box