თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ
მარცელიუს მარტინაიტისი (დ.1936) – ცნობილი ლიტველი პოეტი; 1964 წელს დაასრულა ვილნიუსის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. იბეჭდება 1954 წლიდან. არის ოცამდე პოეტური კრებულის ავტორი. ლიტვურად თარგმნილი აქვს ს.ჩიქოვანის ლექსები.
* * *
გერმანული ქუჩიდან ვჩანვარ
ჩანს
მე როგორ გამოვდივარ შინიდან
როგორ ვკეტავ კარებს
გავივლი წინაეზოს და ქუჩას –
უდანაშაულო ვარ.
მე ვჩანვარ
ფარდებს მიღმა, საქარე მინის მიღმა
ვიტრინებს მიღმა,
ბავშვის ეტლიდან, სასაუზმედან –
უდანაშაულო ვარ.
მე ვჩანვარ,
მე მხედავს მაწანწალა ძაღლი და მტრედი,
ბოშა ქალი, პოლიციელი, ბაკალავრი, ღვთის გლახა –
უდანაშაულო ვარ.
მე ვჩანვარ
წინიდან, გვერდიდან და უკანიდან:
სანტექნიკოსი თავახდილი ჭიდან
ჩემი ფეხსაცმლის ლანჩებს ათვალიერებს.
ზემოდან კი უღმერთო ცაში გამოკიდული
ერთადერთი ყორანი დამცქერის. –
უდანაშაულო ვარ.
მე ვჩანვარ
საღამოობით, მოპირდაპირე სახლის განათებული ფანჯრიდან
მაცივრის წინ, მუხლმოდრეკილი,
თითქოს საკურთხეველთან ვლოცულობდე –
უდანაშაულო ვარ.
ჩანს
მე როგორ ვაქრობ სინათლეს
– მთელი დღის ხსოვნას
და როგორ ვეფლობი წყვდიადში –
უდანაშაულო ვარ.
ვილნიუსის ბაზრობაზე. კაზიუკასი
ვიყიდი კაზიუკასთან
ბაზრობაზე
თეთრ
შაქრით შეფიფქულ სოფლის ეკლესიას,
მეძველმანისგან შევიძენ,
ნაცნობ შარაგზას,
სუფთა წერის რვეულს,
ძველი ბალახით გადაბიბინებულს.
დახლზე ნაირგვარ ტკბილეულთან ერთად
ჩემი სახლიც ძევს
ახლა ეს სახლი კეთილმოსურნეა,
ადრე კი თრთოდა სიბრაზისაგან.
ერთ ასეთ სახლს კალნუიასთვის ვიყიდი –
შოკოლადის ჭით და შაქრის წეროებით
დაწყებითი სკოლის მოსწავლე გოგონათი დამშვენებულს.
ტირიფებს, საბნებს და პირსახოცებს შორის
მოვძებნი სამყურათი მოქსოვილ ქოხმახს,
სავსეს მათრობელ ფუტკრის ბზუილით.
ფირფიტაზე აღბეჭდილ შენი ხმის ხავერდს
მარწყვის გემო აქვს.
მე შენ დაგაბრუნებ ნაცნობ შარაგზით
ქვაფენილზე დავდგამ სამყურათი მოქსოვილ ქოხმახს
ძირს, ბალახზე გავიშხლართებით
და მოვისმენთ იმ ფირფიტას
სადაც სიკვდილით განრიდებულნი
სოფლები ერთად მღერიან წყნარად.
სამება
ირგვლივ ღია სივრცეა.
მზე იმზირება საშუადღეოდან.
ღმერთი უძრავია.
დღის სინათლეა მხოლოდ
და… სასაფლაო!
სასაფლაოზე დღეა!
ოდნავ რეკს ზარი –
მინდვრები და მდელოები
ქრისტიანობად გადაქცეულან.
სასაფლაო და ლაჟვარდი ლურჯი,
პირნათელია და თან…
უძრავი.
მოველი თრთოლვას,
და უძლური ვარ მკვდრების წინაშე!
არ შემიძლია კვლავაც ქვადქცევა.
კეთილსაიმედოობის შესახებ
დედ-მამის ხელშეწყობით
1936 წელს მოვევლინე ქვეყნიერებას.
მას აქეთ არ ვწყვეტ მჭიდრო კავშირს
სინამდვილესთან.
განსაკუთრებით მის იდუმალ კუთხე-კუნჭულთან,
რომელსაც მხოლოდ პოეზია თუ მოიხილავს.
იდუმალწერის მეშვეობით მე ვატყვევებ შეყვარებულებს,
მათ ყოველ ნაბიჯს მზერით ვნუსხავდი.
ვნუსხავდი მათ კანს, ხმის ტემბრსა და კანის ნაკეცებს.
მე მოვიპოვე ნდობა მას აქეთ,
რაც ქვეტექსტი ოსტატურად გამოვიყენე.
ნამდვილ მიზნებს ხომ საფარველი გადავაფარე
მე ბუნების სიყვარულით შთაგონებულმა.
ყოველივე ეს ხდებოდა მუდმივი შფოთის
იჭვისა და ფარისევლობის გარემოცვაში.
პასპორტის ნომერში ჩემი გენეტიკური კოდი ფიქსირდება.
ამ ნიშნით უმალ თუ შემიცნობს უზენაესი.
გენეტიკური ჩემი კოდი წინაპართა საფლავთა შინა
გადანახულა.
ლიტვა, რასეინის რაიონი…
აქ ძევს, გასაღები ყველაფრისა.
მკვდრების სულები შემეწევიან
მფარველები ქალების და მაწანწალების.
მათ დანაშიფრს ლექსებში და სურათებში
ხშირად ვეძებდი.
მე მაქვს კონტაქტები სტოკჰოლმთან, ოსლოსთან
ტალინთან და მოსკოვთან.
(სიტყვა “კუკუტისი” – ტიპიური ჯაშუშური შიფრია)
სასამართლოს ვატყობინებ უტყუარ მისამართებს
და გვარებს.
როგორც თქვენ იცით,
მე საიდუმლო კონტაქტი მქონდა ცხოველებთან –
ამ გზით ვხვეწდი ადამიანებს.
მე ვაწვდიდი მცენარეებს ცნობებს
დაბადების, განვითარების, ზრდის შესახებ.
უკვე გამორკვეულია – იატაკქვეშეთში კარტოფილს ვმალავდი
ყოველ გაზაფხულს ვინახავ სხვა მცენარეებსაც,
რომლებიც მთვარის შუქს მიელტვიან
მათ მემბრანებზე მკვდრების ხმები აღიბეჭდება.
აი, ამგვარად, ბატონებო
და თუკი სხვა წვრილმანები გაინტერესებთ
მაღალი ღმერთი შეაწუხეთ,
უტყუარი ცნობები ხომ მას გააჩნია.
ნანგრევებში ნაპოვნი საოჯახო ალბომი
საქორწინო ფოტოსურათი.
სურათი ბავშვთან ერთად გადაღებული.
პირველი კბილის ამოსვლა.
ნატიფი გოგონა.
გაივლის მცირე დრო.
მისი კაბა იატაკს სწვდება.
ყვავილების თაიგული. ზიარება. ეკლესია.
ის უკვე მოზარდია, შეუხედავი,
ენაჭარტალა.
ფორტეპიანოს გაკვეთილები. საბალეტო სკოლა.
ვიოლინო. ინსტრუმენტს მიბჯენილი ნიკაპი.
ჩავარდნილი მკერდი.
ნაზი ყელი. ქალიშვილური სიმწიფე.
გამკვირვებელი მზერა,
თვალები!? ოდნავი ნელსაცხებელი.
მამაკაცი. მაგარი საყელო.
საკურთხეველთან დგანან.
ფატა ამშვენებს.
იგივე ქალი.
უკვე ორნი არიან ბავშვის თანხლებით.
გვერდი ალბომში ამოგლეჯილია.
სხვა სურათში ქალი ასაკმოყრილია.
ბიჭთან და გოგოსთან ერთადაა.
მოწაფური ვინიეტკა.
პოლონელებთან ერთად ტრიბუნასთან.
ამოგლეჯილია.
მამაკაცი გარმონით ხელში.
დევნა. ვიწრო ოთახი. ქორწილი.
ყველაფერი იცვლება.
ჩრდილოური ყინულოვანი ცა, ბარაკები.
იგივე ქალი. სხვა მამაკაცი.
ტყეში გაჭრილი გზა. მორები.
ვაგონი ქალების გუნდი.
ბნელი, უხეიროდ გამჟღავნებული ფოტოები.
ვაჟიშვილი ახალ ფორმაში გამოწყობილი.
ჯარისკაცების რიგი. ახალგათხრილ საფლავთან.
ამოგლეჯილია. ქალების ჯგუფი.
იგივე ქალი ქალიშვილთან ერთად.
სხვა მამაკაცი. ბავშვები ნაძვისხის ირგვლივ.
დიუნებში. ავტომობილის გვერდით.
სხვა მამაკაცია. ამოხეულია.
პირველი ფერადი ფოტოები.
ორი ბერიკაცი. მათ თავზე
კედლის საათი, კალენდარი.
ფოტოგრაფია ჩარჩოშია მოთავსებული.
ამოხეულია.
მოხუცი ქალი მუქ ტანსაცმელშია გამოწყობილი
მარტოდმარტოა. იქვე ფანჯარაა.
ამოხეულია.
ბოლოში კი ცარიელი ფურცლების წყებაა.
© “არილი”