ნარცისების ბაღნარი
გოგი გვახარია, ცრემლიანი სათვალე, თბ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2013.
“31 მაისს რაინერ ვერნერ ფასბინდერს 60 წელი შეუსრულდებოდა“ – ასე იწყება გოგი გვახარიას ჩანაწერების ციკლი, ახლა უკვე წიგნად ქცეული “ცრემლიანი სათვალე”. თუ უკვე იცით – ხომ კარგი, თუ არადა, გადაამოწმებთ და მიხვდებით, რომ ჩანაწერების კეთება ავტორმა 2005 წელს, ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” მე-8 ნომრისთვის დაიწყო. ჟურნალის იმჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, შორენა შავერდაშვილმა მას რუბრიკის მოფიქრება შესთავაზა.
სწორედ მაშინ ნახა გოგი გვახარიამ იშტვან საბოს ფილმი “მზის სინათლის გემო“, რომელშიც სამი თაობის – შვილის, მამის და ბაბუის მეშვეობით უნგრეთის ისტორიაა მოყოლილი.
“ძალიან საინტერესო იყო ამ პერსონაჟებზე დაკვირვება, როცა წინასწარ ვიცოდი, ისტორიის მიხედვით, რა უნდა მომხდარიყო და მივხვდი – ისეთი ამბავი უნდა დამეწერა, რომელშიც მოლოდინი იმაზე იქნებოდა აგებული, რაც უკვე იცი“ – ამბობს ავტორი და ამატებს, რომ ჩანაწერების წიგნად გამოცემაზე არასდროს უფიქრია, კატეგორიული წინააღმდეგიც კი იყო. თვლიდა, რომ რაიმე “დანატოვარის“ შექმნა აუცილებელია არაა (იხ. პირველი თავი, ამბავი რაინერ ვერნერ ფასბინდერის ანდერძისა) და აი, ბევრი წლის შემდეგ ამ ექსპერიმენტს მაინც დათანხმდა, სულ სხვა წიგნის გამო, თუმცა ამაზე – ქვემოთ.
“ცრემლიან სათვალეში“ თხრობა 1973 წლიდან იწყება და 2004 წელს მთავრდება. მართალია, თხრობა ქრონოლოგიურია, თუმცა ამბები, რომელსაც წიგნში შეხვედებით, არამც და არამც არ არის საქართველოს ისტორია, ეს არის ავტორის მიერ სუბიექტურად შერჩეული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც, ჩემი აზრით, წიგნს უნიკალურს ხდის, რადგან მხოლოდ ასეთ წიგნში შეიძლება იყვნენ 1981 წლის მთავარი მოვლენა კოჭლ ჟოფრეი დე პეირაკზე შეყვარებული, კინო “ყაზბეგში” შეკრებილი ქალები და არა 13 მაისს “კარლ ცაისთან“ გამარჯვებული დინამოელები.
წიგნის შესავალშივე წერია, რომ “ცრემლიანი სათვალე“ იმ თაობის ისტორიაა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და “ოტტეპელის” დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და “პერესტროიკის” ხანაში დაიწყო მუშაობა… მერე კი დაიშალა, დანაწევრდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით“. ამ ერთი კონკრეტული თაობის ისტორიის წაკითხვა ორნაირად შეიძლება, იმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოში დაიბადეთ თუ თავისუფალში. პირველ შემთხვევაში თქვენთვის წიგნი ნოსტალგიური აღმოჩნდება: ზუსტად გაიგებთ, რას გულისხმობს ავტორი ბიჭვინთის სურნელში, რომელიც, როგორც თავად წერს “დავრდომილს ააყენებს, სასოწარკვეთილს გაამხნევებს, იმპოტენტს აღაგზნებს, მხეცს ჩაკლავს კაცში“. გეხსომებათ კინოს სახლში დასავლური ფილმების და ერთმანეთის სანახავად მისული ცეკას მდივნები, მათი ცოლები, პარიკმახერები და “მანიკურშიცები“. რობერტ სტურუას ანშლაგებით ჩატარებული სპექტაკლები, რომლებიც საბჭოთა დროს თავისუფლებისა და გამბედაობის ნამდვილი მაგალითი იყო. მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა, ჩვენ არც ბიჭვინთა გვინახავს თვალით, “კინოს სახლიც” კინოთეატრებმა “რუსთველმა” და “ამირანმა” შეცვალა, რობერტ სტურუა კი ამასობაში დიდი რეჟისორიდან თეატრის ძალაუფლების მოყვარულ მმართველად იქცა, ამიტომ ჩვენ მის სპექტაკლებზე არ დავდივართ. სწორედ ამიტომ, იქნებ ჩემთვის უფრო საინტერესოც კი იყოს “ცრემლიანი სათვალის” კითხვა, რომელში მოყოლილი ამბებიც ყურმოკვრით მსმენია, გმირების შესახებ კი მხოლოდ ლეგენდები ვიცი.
გარდა საყოველთაოდ აღიარებული და ყველასთვის ცნობილი პერსონაჟებისა, როგორიცაა ალფრედ ჰიჩკოკი, სერგო ფარაჯანოვი, ჯონ ლენონი და სხვები, ეს წიგნი ათობით სხვა ადამიანის ამბავს გიამბობთ. ჩემთვის გოგი გვახარიამ სახეების გალერეა შექმნა და ამაში მაშინვე დამეთანხმებით, როგორც კი ბოშა ლილიას ამბავს წაიკითხავთ, რომელიც კინო “კომკავშირელის” წინ ჩუმჩუმად ჰოლივუდელი მსახიობების ფოტოებს ყიდდა, რომელმაც ავტორს 22 წლის ასაკში სიკვდილი უწინასწარმეტყველა, შემდეგ კი მასთან ერთად “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებიაზე” გულიანად იცინა, ან ავტორის სკოლელ, 16 წლის ქეთინოს გაიცნობთ, რომელიც მეზობლებთან ყოველდღიურად რამდენიმე წუთით შეირბენდა, ხანმოკლე მოკითხვის შემდეგ კი ტუალეტში გასვლის ნებართვას ითხოვდა და ასე დაუსრულებლად, რადგან ბარაკში მცხოვრებს ფეხსალაგი არ ჰქონდა, შემდეგ კი სკოლაში დაორსულდა და ოჯახმა ძალით გაათხოვა რუსეთში. ასეთი პერსონაჟები წიგნში უხვად არიან, მათი დავიწყება შეუძლებელია და, ალბათ, სწორედ ეს ადამიანები აქცევენ “ცრემლიან სათვალეს” დოკუმენტური პროზის პატარა სამოთხედ.
წიგნს გამოარჩევს მარტივი და გადაუტვირთავი თხრობაც, რომელიც დაცლილია ზემდეტი პათეტიკისა და პრანჭვისგან, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი არ მალავს და თვითირონიულად აღნიშნავს, რომ თავად ბურჟუაზიული, მაღალინტელექტუალური საზოგადოების ნაწილია, საზოგადოებისა, რომელში ცხოვრებასაც თავისი წესები აქვს. და მაინც, “ცრემლიანი სათვალე” არ არის სნობური ლიტერატურა, ამისთვის კი ყველაზე მყარი არგუმენტი ამ წიგნში თუნდაც ქეთინოს და ლილიას არსებობაა. ამ წიგნს არ ჰყავს გმირები, მათში ადამიანების ამბებია მოყოლილი.
“ცრემლიან სათვალეს“ მკითხველი რამდენიმე წელია ელოდება, ამიტომ სოციალურ ქსელში წიგნის გამოსვლის შესახებ გავრცელებული პირველი ცნობისთანავე, სასიამოვნო არეულობა შეიქმნა, წიგნისადმი დიდი ინტერესი ჯერ ივლისის ბოლოს, პრეზენტაციაზე მწერალთა სახლში შეკრებილმა ასობით ადამიანმა დაადასტურა, შემდეგ კი იქ მიტანილი ყველა ეგზემპლარის გაყიდვამ. საბოლოოდ, წიგნის გამოსვლიდან თვენახევარში მიღწეული შედეგი ასეთია: სრულად გაყიდული პირველი ტირაჟი (1500 ცალი), ახლად დაბეჭდილი მეორე ტირაჟი (2000 ცალი), წიგნის ონლაინ-ვერსია და გასული თვის ბესტსელერობა წიგნის სხვადასხვა მაღაზიაში. სხვანაირად არც იქნებოდა ერთი მხრივ ავტორის, მეორე მხრივ კი ამ ჩანაწერების ისტორიის გამო, რომელსაც ნომრიდან ნომრამდე წლების განმავლობაში ელოდნენ “ცხელი შოკოლადის” ერთგული მკითხველები. სწორედ ამიტომ, ჩემთვის გაუგებარი ხდება გამომცემლობის გადაწყვეტილება – ყდაზე ავტორის გვარ-სახელი დაუჯერებლად დიდი შრიფტით, ხოლო სახელწოდება შედარებით მოკრძალებულად გამოეტანათ. ცხადია, მესმის, რომ ჩვენს დროში წიგნის მარკეტინგული მხარე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსობრივი, თუმცა, როგორც ვთქვი, ყველა, ვისაც “ცრემლიანი სათვალის” ერთი თავი მაინც წაუკითხავს, იმთავითვე თანხმდებოდა, რომ წიგნს ბესტსელერობის ყველა ნიშანი ჰქონდა.
თუკი წიგნის ნაკლოვანებებზე ვისაუბრებთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი ცუდადაა ილუსტრირებული, არადა “ცხელ შოკოლადში“ გიორგი მარისა და მაია სუმბაძის ორიგინალური ილუსტრაციები, ციკლის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, როგორც ტექსტი. თავად ავტორიც ამბობს, რომ მცირე დროის (საავტორო უფლებების მოსაგვარებლად დიდი და ხანგრძლივი მოლაპარაკებების წარმოებაა საჭირო) და მაღალი ბიუჯეტის გამო, წიგნი ამჯერად ამ სახით გამოვიდა, თუმცა ოდესმე ის აუცილებლად გამოვა ილუსტრირებულ ალბომად, ისეთად, როგორიც “ცრემლიანი სათვალე” სინამდვილეშია. ავტორის სურვილი ასევე იყო, წიგნს თან დართვოდა საძიებელიც და მოკლე განმარტებები იმ ავტორების, წიგნების და ფილმების შესახებ, რომელიც ტექსტშია ნახსენები. რა თქმა უნდა, ეს დანართი წიგნის საგანმანათლებლო მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდიდა. თუმცა წიგნი უამისოდაც შემეცნებითია, მისი წაკითხვის შემდეგ წასაკითხი წიგნების და სანახავი ფილმების გრძელი სიის ჩამოწერა შეიძლება.
“ცრემლიან სათვალეში” კინოს რომ უდიდესი ადგილი უჭირავს, სრულებით გასაგებია – გოგი გვახარია კინოკრიტიკოსია (და როგორც თავად წერს, შეუმდგარი კინორეჟისორი). ტექსტში არსებული ნებისმიერი აბზაცის კინო-კადრად დანახვა შეიძლება.
მე მგონი, აქ უნდა დავამთავროთ, ისევე როგორც “ცრემლიან სათვალეში“, რომელიც 2005 წელს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ამბით ნაუცბათევად სრულდება. როგორც კი წიგნს დახურავთ, აუცილებლად დაგწყდებათ გული და გაიფიქრებთ, რომ სიამოვნებით წაიკითხავდით კიდევ 400-მდე გვერდს, უკვე იმ 9 წლის შესახებ, რომელზეც დღეს, მგონი ყველაზე მეტს საუბრობენ. თუმცა გოგი გვახარია ამბობს, რომ გაგრძლებას არ დაწერს, ცოტა ხნის წინ სცადა კიდეც და არაფერი გამოუვიდა, რადგან ახლა სულ სხვა ტექსტითაა გატაცებული, რომელსაც ერიკ რომერისა და კინოს თეორიის შესახებ წერს და რომელსაც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ სულ მალე დაბეჭდავს. როგორც გოგი გვახარია ამბობს, “ცრემლიანი სათვალის” გამოცემა სწორედ ამ ახალი და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნისთვის გავლილი გენერალური რეპეტიციაა.
© “არილი”