რეცენზია

მითების სამყარო და მთხრობელი


ზურაბ ნამორაძე
“ბერძნული მითების სამყარო” (ასპარეზზე გამოდიან გმირები, შვიდბჭიანი თებე, ტროას ომი. თხრობა და კომენტარები: ნანა ტონიასი, მანანა ღარიბაშვილის, გიორგი ხომერიკის, ლაშა ბერაიასი). თბ. “ლოგოსი”. 2001-2002.

ვისაც დაებადა იდეა ბერძნული მითების სამყაროში შეეყვანა ქართველი მკითხველი, დელფოს სამისნოს წარწერა: “შეიცან თავი შენი” ნამდვილად იმ იმპერატივად ექნებოდა მიჩნეული, ურომლისოდაც ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. ამ სამყაროსთან ზიარება, რა თქმა უნდა, უზარმაზარ დახმარებას გაუწევს საკუთარი თავის შეცნობის გზაზე დამდგარ ყოველ პიროვნებას.
მე ხელთ მაქვს პროგრამა “ლოგოსის” სერიით გამოცემული სამი წიგნი: “ასპარეზზე გამოდიან გმირები”, “შვიდბჭიანი თებე” და “ტროას ომი”. წიგნების სათაურები ცხადად მიგვანიშნებს იმ თემებს, რომელთა თხრობას და კომენტირებასაც მოჰკიდეს ხელი ამ სფეროში დაკვალიანებულმა ქართველმა სპეციალისტებმა. ყოველი ელინისტი საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე იდგა: ერთი მხრივ, უნდა მოეთხრო, და მეორე მხრივ, შესაბამისი კომენტარებით აღეჭურვა სათხრობი მასალა. სირთულეს ქმნიდა სხვა გარემოებაც: ეს წიგნები საქართველოს განათლების სამინისტროს დამხმარე სახელმძღვანელოდ დაუმტკიცებია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასალა თანმიმდევრულად უნდა იყოს დალაგებული და ყმაწვილთათვის გასაგები, იოლად მისაწვდომი, მკაფიო ენით გადმოცემული. ამ ვითარებასთანაც რომ არ გვქონოდა საქმე, ისედაც ცხადი გახლდათ: ბერძნული მითების მთხრობელი მხოლოდ ის ავტორი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინც გვარიანად ფლობდა ქართულ სიტყვას და ვისაც მხატვრული თხრობის ძალაც შესწევდა. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა, ვინაიდან ბერძნული მითები იმხელა ფანტაზიასა და წარმოსახვას იტევს, ისეთი უჩვეულო ხდომილებებით არის აღსავსე და ისეთი ცეცხლოვანი, მგრძნობიარე მუხტითაა დამუხტული, რომ უღიმღამო თხრობა ნამდვილად არ შეშვენის. მეც ამ ნიშნით გადავწყვიტე შემეფასებინა უკვე გამოცემული წიგნები და აღმენიშნა ის სავარაუდო ხარვეზები, რომელთა გათვალისწინებაც სამომავლოდ გამოადგებოდათ ავტორებს. უპირველესი მნიშვნელობა ფრაზების გამართულობას, სწორ ლექსიკურ არჩევანს, ენობრივ სიმწყობრეს და სინატიფეს უნდა ჰქონდეს.
საერთო ღირსება გამოცემული წიგნებისა, რაც თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, ისაა, რომ თხრობაში არ არის ჩართული არქაული სტერეოტიპები, ტრაფარეტები, გაქვავებული შესიტყვებები. მართალია სიძველის ელფერს არქაიზაცია ქმნის, მაგრამ არქაული ლექსიკა თავის მხრივ, უხეშ სტერეოტიპებს და გაცვეთილ კლიშეებს ამკვიდრებს, რომელთა გამოყენებაც ტექსტის სიცოცხლეს კლავს. სწორად მინდა გამიგოთ, მე უგემოვნო, დამამძიმებელი არქაიზაციის წინააღმდეგი ვარ, რისი კვალიც, საბედნიეროდ, პროგრამა “ლოგოსის” სერიით გამოცემულ ბერძნულ მითებს არ ეტყობა.
ჩემს ხელთაა წიგნი “ტროას ომი” (თხრობა და კომენტარები ლაშა ბერაიასი). აქ ერთ-ერთ თავში, რომელსაც ჰქვია “ტანტალოსი”, მთხრობელი წერს: “მან თავისი ვაჟი პელოფსი დაკლა და მისი ხორცი საუცხოო კერძის სახით მიართვა ღმერთებს” (გვ. 26). ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა ყოფილიყო “საუცხოო კერძად მიართვა ღმერთებს”. თავში “სინონი. ლაოკოონი. პრიამოსი ტყუვდება” ასეთი ფრაზაა: “ეს მას შემდეგ მომხდარა თითქოს, რაც ოდისევსმა და დიომედესმა პალადიონი გაიტაცეს მისი ტაძრიდან, როგორც კი მათ ქანდაკი ბანაკში მიიტანეს, ცეცხლის ალი სამჯერ მოეკიდა მას…” – ნაცვალსახელების სიჭარბე აშკარად ამძიმებს წინადადებას. იმავე თავში აბზაცი იწყება ასეთი ფრაზით: “ამ საშინელმა ნიშანმა ტროელები იმაში დაარწმუნა, რომ სინონი სიმართლეს ამბობდა” (გვ. 111). აქ სიტყვა “იმაში” კალკია და თანაც აბსოლუტურად ზედმეტია. ერთ-ერთ მომდევნო ფრაზაში ისევ ნაცვალსახელების სიჭარბეს ვაწყდებით: “მას არც კი გაუვლია აზრად, რომ მისნის დასჯის მიზეზი შეიძლებოდა ის შეურაცხყოფა ყოფილიყო, რომელიც მან აპოლონს მიაყენა, როცა მის ნაცვლად მსხვერპლი პოსეიდონს შესწირა” (გვ. 111).
ახლა გადავფურცლოთ წიგნი “ასპარეზზე გამოდიან გმირები” (თხრობა და კომენტარები ნანა ტონიასი და მანანა ღარიბაშვილისა). “მათ არ ისურვეს შებმა, დაბლა დაყარეს იარაღი და სამტროდ შემართულებმა სამეგობროდ გაუწვდინეს ხელები ერთურთს” (გვ. 147). სიტყვა “დაბლა” აშკარად ზედმეტია. “გაუწვდინეს” ნაცვლად უნდა იყოს “გაუწოდეს”. თავი “ჰერაკლეს თორმეტი გმირობა” ასე იწყება: “საგმირო საქმეთა აღსასრულებლად ჰერაკლეს ოლიმპოსის დიდმა ღმერთებმა უბოძეს აღსაჭურველი” (გვ. 73). აქ ნამდვილად უკეთესი იქნებოდა სიტყვა “საჭურველი”. იქვე არის ასეთი წინადადება: “ასე ამბობენ, როცა ჰერაკლე საბრძოლველად შეიმართებოდა ხოლმე, შუა ბალთის გარშემო არშიად შემოვლებული თორმეტი გველის თავი გრგვინავდა და შიშის ზარს სცემდა მის პირისპირ მდგომთ”. სიტყვა “ხოლმე” აქ ზედმეტია. (გვ. 73)
ნატიფი სტილით და ენობრივი დახვეწილობით გამოირჩევა წიგნი “შვიდბჭიანი თებე” (თხრობა და კომენტარები გიორგი ხომერიკისა). საერთო სისადავის ფონზე ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ქმნის არქაიზმი “მერმე”. ეს სიტყვა ბუნებრივად არ ერწყმის მთხრობელის სადა ენობრივ ქსოვილს: “ალკმეონმა შეიტყო დედის მზაკვრობა, გაიგო, როგორ გაწირა ერიფილემ ჯერ ამფიარაოსი, მერმე კი ალკმეონიცა და ამფილოქოსიც ჩააგდო საფრთხეში” (გვ. 28).
შენიშვნებს აღარ გავაგრძელებთ. მე უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ მომავალში ამ ნიშნით უნდა გამახვილდეს ყურადღება და ეს შესანიშნავი გამოცემები უფრო სრულყოფილ სახეს მიიღებს.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box