პროზა

მიკა ხარაბაძე

Ik’s Gravity[1]

სინოფსისის წერა მაინცდამაინც არ მიყვარს, სცენარის წერა მირჩევნია. სინოფსისის წერისას სულ მეჩვენება, რომ ჩანაფიქრი არ ვარგა და მისი დამუშავება არ ღირს (ვიცი, დროდადრო ყველა “მესცენარეს” ასე ჰგონია, მაგრამ მე ეს ნაკლებად მამშვიდებს). საკუთარი ჩანაფიქრით აღფრთოვანებული სცენარის წერის დროსაც არ ვარ – უბრალოდ, პრობლემები სცენარის წერისას უფრო ასატანი მეჩვენება (არ ვიცი, რატომ), ვიდრე “სინოფსისფსმისას.”
ავიღოთ ასეთი მონახაზი: ფილმის დასაწყისში გმირი კედელს მიჯაჭვული აღმოჩნდება, რადგან მსოფლიო მიზიდულობის კანონი ოკაზიურად დაირღვა და მიწის პერპენდიკულარულ სიბრტყეში (მხოლოდ გმირისთვის) გადაადგილდა. გმირი ფილმის ბოლომდე მიწაზე ვერ ჩამოდის, სხვა პერსონაჟები კი ამაოდ ცდილობენ ამ მოვლენის ახსნას.
მოქმედების ადგილი მასაჩუსეტსია (არა მარტო იმიტომ, რომ ის ჰოლივუდთან უფრო ახლოსაა, ვიდრე, ვთქვათ, ქვემო მსხალგორი ან ზემო მაჩხაანი, არამედ იმიტომაც, რომ ბოსტონი მასაჩუსეტსშია, ჰარვარდის უნივერსიტეტი ბოსტონთანაა, გმირის მამა ჰარვარდის ლაბორატორიებში ლეპიდოპტეროლოგიურ[2] გამოკვლევებს აწარმოებს, გმირი კი მეგობარ გოგონასთან ერთად მაიამიდან ბოსტონში მამასთან საშობაოდ მიემგზავრება და “ხიფათიც” მაშინ შეემთხვევა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია – ჰენრი ჯეიმსის[3] დროინდელი ახალი ინგლისის რუკა მაქვს, რომლის გამოყენებასაც ბავშვობიდან ვაპირებ… მინდა, “ძარღვიანად” აღვწერო ადგილები, სადაც, ვიცი, ფეხს ვერასდროს დავადგამ). გმირს იკ ნიუტონი ჰქვია. ის სარეკლამო და მუსიკალური კლიპების რეჟისორია, ოცდაათი წლის, ჟიგოლოს გარეგნობით. მართალია, იკი ნარკოტიკებს ეტანება და ქალებსაც სცემს, მაგრამ პროფესიულ წრეებში მოწესრიგებული, ნიჭიერი, ზომიერად ფიცხი რეჟისორის რეპუტაციით სარგებლობს. მისი ნამუშევრები საუკეთესოთა სიებში ხშირად ხვდება, თუმცა იკი “დიდ კინოში” გადასვლაზე საერთოდ არ ფიქრობს, რადგან თვლის, რომ თავის სათქმელს ისედაც კარგად ამბობს. ის კმაყოფილია, როცა რეკლამის საშუალებით საგნების უჩვეულო კუთხით წარმოჩენას ახერხებს, როცა ადამიანებს საგნების იმგვარად აღქმას აიძულებს, რაგვარადაც ადრე არავის აღუქვამს. იკს მოსწონს ბრბოს გემოვნების წარმართვა, დროდადრო ამ გემოვნების ახლად შექმნა, ამ გემოვნებით მანიპულირება.
როცა ფილმის დასაწყისზე ვფიქრობ, თვალწინ ასეთი სცენა წარმომიდგება: იკი მოტელ “მუტალას”[4] ნომერში სააბაზანო ოთახის კარზე აკაკუნებს. სააბაზანო ოთახში იკის მეგობარი გოგონაა ჩაკეტილი. იკი მას კარის გაღებას სთხოვს. გოგონა არ გააღებს. იკი კაკუნს განაგრძობს, თანდათან მოთმინებიდან გამოდის, კარს მუშტებს დაუშენს. გოგონა კარს კვლავ არ გააღებს. იკი საშინლად განრისხდება, გოგონას კარის შემტვრევით დაემუქრება. გოგონა სააბაზანო ოთახის ვიწრო სარკმლიდან ქუჩაში გადაძვრება და ავტოსტრადისკენ გაიქცევა. ნომერში მარტო დარჩენილი იკი, რომელიც გოგონას გაპარვას ვერ გაიგებს, შორიდან გამოექანება, ჰაერში ახტება და სააბაზანო ოთახის კარს ორივე ფეხით მიენარცხება. კარი არ შეიმტვრევა, იკი კი თითქოს მიეწებაო, ორივე ფეხით კარზე შემდგარი დარჩება. ის იატაკზე ჩამოსვლას შეეცდება, მაგრამ ვერ მოახერხებს. ჯერ კარზე, შემდეგ კედელზე გაუბედავად სიარულს დაიწყებს. შეეცდება, ჭერზე ან სხვა კედლებზე გადავიდეს, მაგრამ ვერც ამას მოახერხებს…
ამრიგად, იკისთვის მიზიდულობის ცენტრი სხვა მიმართულებით, მხოლოდ ერთი კედლის მხარეს გადაინაცვლებს. ცხადია, მოქმედების განვითარებასთან ერთად ამ მოვლენის გარშემო უამრავი ბუნებრივი კითხვა გაჩნდება. მაგალითად, ასეთი (თუმცა ფილმი მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას არ შეეწირება):
რატომ არ შეუძლია იკს სხვა კედელზე ან ჭერზე გადასვლა?
რა მოხდება, სულ იმ მიმართულებით რომ იმოძრაოს, საიდანაც “იზიდავენ” – დედამიწას შემოუვლის და საწყის ადგილას დაბრუნდება თუ რაღაც გარკვეულ წერტილში კვლავ “ნორმალური” გახდება?
არიან კიდევ სადმე ადამიანები მსგავსი შესაძლებლობებით და არის თუ არა მათ შორის რაიმე კავშირი?
რა არის ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზი – ცვლილებები ორგანიზმში, ცვლილებები სამყაროში, წარსულში ჩადენილი რაიმე ცოდვა, მისტიკა (სულებთან კავშირი), აფექტი (რისხვის შემოტევა), დაუკმაყოფილებელი ლიბიდო? ან იქნებ რაიმე ზებუნებრივია ამის გამომწვევი და “ადამიანური” მეთოდებით შეუძლებელია მიზეზის დადგენა?
საერთოდ, მიზეზის დადგენა რომ მოხერხდეს, იკის მიწაზე ჩამოსვლაც მოხერხდება?
ცნობილია, რომ დრამატულ ნაწარმოებში აუცილებლად უნდა წარმოებდეს რაღაც მოქმედება, თორემ ნაწარმოები “დრამატული” ვეღარ იქნება. კონფლიქტი, როგორც ცნობილია, წარმოშობს მოქმედებას. კონფლიქტს, თავის მხრივ, წარმოშობს ხასიათი პროტაგონისტისა, როცა ეს უკანასკნელი ანტაგონისტებითაა გარშემორტყმული. თუ დრამატული ხელოვნების სანახაობით სახეობებზეა საუბარი (მაგალითად, სათავგადასავლო ფილმებზე), მაშინ მოქმედება რაც შეიძლება მძაფრი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაყურებელი მოიწყენს. მაყურებელმა რომ არ მოიწყინოს (კინოპროდუქციის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დედამიწის ზურგზე ფილისტერებისთვის იქმნება, ხომ ასეა?), ამისათვის პროტაგონისტის კედელზე მოთავსება საკმარისი არ არის. ამისათვის კონფლიქტია საჭირო. რასაკვირველია, როცა პროტაგონისტი კედლიდან ვერ ჩამოდის, შეიძლება თქმა, რომ სიტუაცია კონფლიქტურია, მაგრამ მაინც მეტი რამ არის საჭირო – ვთქვათ, მეტი კონფლიქტი, ან არსებულის გაღრმავება. ვცადოთ გაღრმავება.
ახლა იმ შესაძლო ვარიანტებს ჩამოვთვლი, რაც, მგონია, ნებისმიერ ჰოლივუდელ სცენარისტს მოუვიდოდა თავში:
იკის “ფენომენის” შესახებ პრესა და ტელევიზია შეიტყობს. ტელეკომპანიებს შორის იკის გამო ნამდვილი ომი გაჩაღდება. მთელი მეცნიერება ფეხზე დადგება. იკი საქვეყნოდ ცნობილი გახდება, მაგრამ თავისუფლებას დაკარგავს.
იკი თავისი ახალი უნარის ფარულად გამოყენებას დაიწყებს. მას ნებისმიერი მრავალსართულიანი სახლის ფანჯრებში შეუძლია შეჭვრეტა, ვუაიერისტული ოცნებების ასრულება. შეუძლია რეკორდების დამყარება ალპინიზმში, ცათამბჯენებზე აძვრომა-ჩამოძვრომაში. შეუძლია “სუპერმენად,” “ბეტმენად,” “სპაიდერმენად” გადაქცევა.
იკის უჩვეულო შესაძლებლობების შესახებ ყველაზე ადრე CIA (ЦРУ) შეიტყობს. იკს “აიყვანენ,” საიდუმლო ლაბორატორიაში გამოსაკვლევად მოათავსებენ, მაგრამ მაფია (გნებავთ, ალ-ქაიდა) იკს გაიტაცებს და თავის შავბნელ საქმეებში მის ჩათრევას შეეცდება.
უცხოპლანეტელები დედამიწაზე აგენტებს შეარჩევენ – როგორც ჩანს, გალაქტიკაში ახალი კატაკლიზმია მოსალოდნელი. დანიშნულ დროს ყველა აგენტს შეკრებენ (“მიიზიდავენ”), რათა დაარიგონ, როგორ უნდა უზრუნველყონ კაცობრიობა სხვა განზომილებაში გადასვლისას სიმშვიდით. სიმშვიდით. სიმშვიდით.
დაახლოებით იგივე, რაც წინა პუნქტში, ოღონდ აგენტებს ამჯერად ლუციფერის მოციქულები შეარჩევენ – როგორც ჩანს, დედამიწაზე მისი უწმინდურესობა აპირებს ჩამობრძანებას. უფრო სწორად, ამობრძანებას.
ფროიდისტულ-დიდაქტიკური ამბები. იკს ბავშვობაში რაღაც საძაგლობა აქვს ჩადენილი, რაც საერთოდ აღარ ახსოვს, მაგრამ ზებუნებრივი ძალები ამ გზით შეახსენებენ ყველაფერს. როცა იკი იმ წერტილში მოხვდება, საიდანაც “იზიდავენ,” საიდუმლოს ფარდა აეხდება (ასეთივე რამ შეიძლება რელიგიურ-ზნეობრივი ამბებით, ტელეპატიით, მოგზაურობა-გამოკვლევით ვიღაცის გადასარჩენად და ა.შ.).
კვაზიმეცნიერული ისტორია. გლობალური ცვლილებები მატერიაში. წათამაშება გრავიტაციასთან, ფიზიკისა და ბიოფიზიკის ფუნდამენტურ კანონებთან (კლონირება არ გვინდა). ამიერიდან ყველა მოკვდავს შეეძლება გარკვეულ მდგომარეობაში (ვთქვათ, რისხვის შემოტევისას) მსგავსი უნარის გამომუშავება.
ექსცენტრიკული კომედია. იკი თავისი შეძენილი უნარით ქუჩაში მარტოდმარტო აღმოჩნდება. მას უამრავი თავგადასავალი გადახდება (დევნაც იქნება ვირაჟებით), რომლის დროსაც იკი ყველანაირად შეეცდება, არავინ არაფერი გაიგოს… ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება.
ფილოსოფიური იგავი. ცხოვრების ამაოებისაგან უნებლიე განდგომა. ფასეულობათა გადაფასება. ჭეშმარიტების ძიება. მოკლედ, ერთგვარი ბუდა იძულებით.
და ბოლოს სიზმარი. იკს დაესიზმრება, რომ ის ნორმალურ მდგომარეობაში გაიღვიძებს, მაგრამ ახლა სხვები “ამოტრიალდებიან.” უმრავლესობას ჯადოსნური ღრუბელი მიიწებებს, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს (ვინც შენობებს გარეთაა, ცაში გაფრინდება, ვინც შიგნით – ჭერს მიეკვრება). არიან იკისთანებიც. იკი ფიქრობს, რომ განკითხვის დღე დადგა, ცოდვილნი ღრუბელმა შეისრუტა, უცოდველნი კი მიწაზე დარჩნენ. გამოდის, იკიც უცოდველია, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ თავის საქმეს კარგად აკეთებს? იმიტომ, რომ მხოლოდ იმას აკეთებს, რაც მოსწონს? იმიტომ, რომ… (მადლობა ღმერთს, ჰოლივუდში არავინ მეძახის!)
ისევ მოტელ “მუტალას” დავუბრუნდეთ. კედელს მიჯაჭვული იკი მობილური ტელეფონით მამას დაურეკავს, შველას სთხოვს. მამა დაუყოვნებლივ მიდის შვილთან მოტელში. თავდაპირველი შოკისა და დაბნეულობის შემდეგ მამა-შვილი გამოსავლის ძებნას შეუდგება. ისინი ასეთი დილემის წინაშე დგანან: მომხდარის შესახებ სხვებსაც შეატყობინონ ან მხოლოდ საკუთარი ძალებით სცადონ პერტურბაციასთან შებრძოლება. მამა თვლის, რომ ერთადერთი სწორი გზა ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იკის ფარულად გადაყვანა და იქ მისი ორგანიზმის საფუძვლიანი გამოკვლევაა. ის დარწმუნებულია, რომ ანომალიის მიზეზს თუ დაადგენენ, იკის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებაც შესაძლებელი გახდება. იკი მტკიცე უარზეა, რადგან მას დარჩენილი ცხოვრების ტყვეობაში გატარება არ სურს – ღმერთმა იცის, როდის დაადგენენ ანომალიის მიზეზს! თანაც მომდევნო დღეებში გადაღებები აქვს დანიშნული… მამასა და შვილს შორის მწვავე კამათი წარმოიშობა, რაც, პრინციპში, მათი განსხვავებული მსოფლმხედველობებით უფროა გამოწვეული, ვიდრე გამოსავლის პოვნის სურვილით.
იკს დიდი ხანია, ეჭვი აქვს, რომ მამამისი მთელ მის მოღვაწეობას თავისებურ პროსტიტუციად თვლის და მიიჩნევს, რომ მდაბალ მატერიალურ საგნებზე პოეტური ნიჭის დახურდავება აღმაშფოთებელია (აღარაფერი ვთქვათ სამარცხვინო სურვილზე – მოემსახურო პლებსის გემოვნებას). არადა მამა ასე სულაც არ თვლის. ის ძალიან აფასებს ყველა იმ სარეკლამო ვირტუოზს, ვინც საოცარი გამომგონებლობითა და ხშირ შემთხვევაში დახვეწილობით “გვატეხს” თავს… რას ეძახიან?.. ნეოკულტურულ “ასლეტუმ ასლევს.” მისთვის გასაგები და მისაღებია ის ხიბლიც, რასაც იკი ბრბოს გაბრიყვებაში, ფორმალურ ექსპერიმენტებსა თუ ნატიფ ესთეტიზმში პოულობს. თუმცა ყოველივე ეს წარმავალია და გარკვეულ დროს გვერდზე გადგომა ცუდი არ არის (“მით უმეტეს თუ უკვე ყველაფერს ისედაც გვერდზე მოექეცი,” ხუმრობს მამა).
უნდა გამოვტყდე, რომ არ ვიცი, ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება. ვიცი, რომ არც ზემოთ ჩამოთვლილი “ჰოლივუდური” ვარიანტების დამუშავება მხიბლავს და არც მამაშვილურ-თაობათაშორისი მსოფლმხედველობით-წინააღმდეგობრივი ურთიერთობების გარკვევა მიტაცებს, თუმცა ძირითადი მოტივი სხვადასხვაგვარად პაროდირების საშუალებას უდავოდ მაძლევს (ეს კი მიტაცებს). თუ ყველაფერი ისე წავიდა, რომ ამბის მთავარი თემა “თამაში” და “მანიპულაცია” გახდა, რასაკვირველია, გმირიც ბოლომდე თამაშის ელემენტი უნდა იყოს – ფინალმა მხოლოდ ხაზი უნდა გაუსვას მის “ელემენტარულობას.”
ასეთი ფინალი თითქოს უკვე კიაფობს ბურუსში: ვხედავ ინტერიერს, ვხედავ იკს, შესაძლოა ოთახში კიდევ ვიღაც ზის… იკი კედელზე ბოლთას სცემს, რაღაცას ამბობს… (რა ცუდად მესმის!) მგონი, ამბობს, რომ თავი რომელიღაც იდიოტური ფილმის პერსონაჟი ჰგონია. ამბობს, რომ თუ ეს ასეა, ამ ფილმს ფინალიც იდიოტური ექნება. იკი კამერას გაუვლის, რომელიც იქვე, კედელზე დგას და მის შტატივს წამოედება. კამერა გადაყირავდება და შტატივიანად იატაკზე დავარდება. იმავდროულად იკიც ჩამოვარდება კედლიდან იატაკზე. იწყება ტიტრები. იკი ილანძღება. ფილმი მთავრდება.

[1] ავტორმა გაგვაფრთხილა, ტექსტი ბოლომდე დამუშავებული არ არის, იდეას ბუნდოვანება დაჰკრავს, კონფლიქტის კონტურებს სიმკვეთრე აკლია, ძირითადი მოტივი სუსტად ისმისო… ჩვენ დელიკატურ კითხვაზე, თუ რატომღა აპირებს ის “ნედლი მასალის შესახებ საქვეყნოდ მასლაათს,” ავტორმა გვიპასუხა, რომ ჩანაფიქრის დამუშავებისას ჩამოწოლილმა პრობლემების ზვავმა ის და მისი ჩანაფიქრი ერთად შეიძლება შთანთქას, ამიტომ მისი მხრიდან ეს, უბრალოდ, თავდაცვითი ღონისძიებაა. “თუ თქვენი ჟურნალისთვის ამგვარი პოზიცია მისაღებია,” დასძინა მან, “მაშინ არც მასალის სინედლე და სიფერმკრთალე იქნება მიუღებელი – ფერმკრთალი კაპილარების ქსელში სისხლსავსე ძარღვს ხომ ადვილად გამოარჩევს დაკვირვებული მკვლევარი!” კინაღამ ვუთხარით, “მკვლევარი” იფიქრებს – “ღმერთს უთხრეს, ჩხიკვი მომკვდარაო და, ვფიცავ, მე მისი დაბადებაც არ გამიგიაო,” მაგრამ თავი შევიკავეთ, ტექსტი კი ავიღეთ – “დაე, იცოდნენ დამწყებმა სცენარისტებმა” (ავტორის სიტყვებია), “როგორ არ უნდა წერონ საჰოლივუდო სინოფსისები!” (რედაქტორის შენიშვნა.)
[2] ლეპიდოპტეროლოგია – მეცნიერება ქერცლფრთიანთა შესახებ.
[3] ჰენრი ჯეიმსი (Henry James, 1843-1916) – ამერიკელი მწერალი; მისი ერთ-ერთი რომანის სახელწოდებაა “ბოსტონელები” (The bostonians, 1886), სადაც ამერიკელი რეფორმატორებისა და უტოპისტების დემოკრატიული ტრადიციები დაცინვის საგნადაა გადაქცეული.
[4] Motel ინგლისურად motorists’ hotel-ის შემოკლებული ფორმაა და მას ასოციაციურ-კალამბურული “ჟღერადობის” გარდა კიდევ ბევრი… პარდონ, არცთუ ბევრი საერთო აქვს მთავარ ქართულ სიტყვასთან. რაც შეეხება “მუტალას” – ასეთი სახელწოდების ქალაქი, შვედური პორნოინდუსტრიის ყოფილი ცენტრი, სტოკჰოლმის სამხრეთ-დასავლეთით, ვეტერნის ტბის პირას არის გაშენებული (“ჩვენი” მოტელის მფლობელი სწორედ იქიდან გახლავთ წარმოშობით).

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box