ავტორი: ელენე ფილფანი
მადელინ მილერი, „სიმღერა აქილევსზე“, ინგლისურიდან თარგმნა სალომე ჩიტაძემ, გამომცემლობა „პალიტრა L“, 2022
მადელინ მილერის სადებიუტო რომანს გამოცემისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად: „სიმღერა აქილევსზე“ New York Time-ის ბესტსელერად დასახელდა და 2012 წელს Orange Prize-ის პრემიაც დაიმსახურა.
წიგნი პატროკლოსის ერთგვარი ავტობიოგრაფიაა: იწყება მისი მშობლების, ოპუსის მეფე მენოიტიოსისა და გონებასუსტი დედის შეუღლებით და სრულდება ჰექტორის ხელით საბედისწეროდ განგმირული სულის შავეთში ჩასვლით. ბავშვობაში პატროკლოსს მისი სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდებულის ვაჟი შემოაკვდა – ხელი კრა, ბიჭი წაიქცა და ქვაზე ორად გაეპო თავისქალა. ამის გამო უფლისწული სამშობლოდან გააძევეს ფთიაში, სადაც აქილევსის მამის, პელევსის მეურვეობის ქვეშ სხვა ყმაწვილებთან ერთად იზრდებოდა. ოქროსთმიან ნახევარღმერთთან მისი ბედისწერაც ასე გადაიკვეთა – ჯერ მტკიცე მეგობრობით, შემდეგ კი უანგარო სიყვარულით დაუკავშირდა.
მილერი შედარებით მეტი დროს უთმობს ტროას ომის წინამორბედი ამბების აღწერას. აუჩქარებლად, დაბადების დღიდან დაბადების დღემდე ასახავს ყმაწვილთა ყოველდღიურობას – ფთიაში ცხოვრებას, კენტავრ ქირონის შეგირდობასა თუ ტროაში გაწვევის თავიდან ასარიდებლად ლიკოდემესის სამფლობელოში მალვას. მაგრამ როგორც კი ბერძენთა ხომალდები ილიონის ნაპირებს მიადგება, პატროკლოსი მოულოდნელად იწყებს ფრაგმენტულ თხრობას და ეპიზოდები ერთმანეთს ქრონოლოგიურად უსაშველოდ შორდება. თითქოს ავტორი ყველასთვის ისედაც კარგად ნაცნობ ამბებზე დროს აღარ კარგავს, რაც დასანანია, რადგან რომანის ერთ-ერთი ხიბლი უკვდავი ისტორიების განსხვავებული პერსპექტივით ხორცშესხმაა. პატროკლოსი ლეგენდარულ ამბავს ინტროსპექციულად გვიყვება და გვაძლევს პერსონაჟთა შინაგან სამყაროში შეჭყეტის შესაძლებლობას, რაც მეტ-ნაკლებად ჭირს კლასიკურ მწერლებთან.
მართალია, შესაძლებელია წიგნი ინსპირაციის წყაროსგან დამოუკიდებლად განვიხილოთ, თუმცა, არა მგონია, ეს მიზანი ავტორს ჰქონოდა. არაერთი ეპიზოდის მრავალშრიანობას განაპირობებს სწორედ ის დაშვება, რომ მკითხველი კარგად იცნობს ჰომეროსის სამყაროსა თუ ზოგადად ბერძნულ მითოლოგიას. მაგალითად, როცა ჯერ კიდევ ყმაწვილობისას პატროკლოსი აქილევსს გაანდობს, რომ სამშობლოში დიდგვაროვნის ვაჟთან დაპირისპირება წართმეული კამათლების გამო მოუვიდა, პელევსის ძემ მიუგო: „არავის უცდია რამე წაერთმია ჩემთვის. ალბათ, ძალიან გავბრაზდებოდი“. ხოლო ოდისევსმა აქილევსის მემკვიდრე, ძლევამოსილ პიროსთან თათბირისას მახვილგონივრულად აღნიშნა: „ვერავინ იტყვის, ვინ გაუძლებს მეხსიერების დამანგრეველ ძალას. ვინ იცის? – იღიმის, – იქნებ ერთ დღეს მეც გავხდე ცნობილი. იქნებ შენზე უფრო ცნობილიც“.
გარკვეულ ეპიზოდთა რეინტერპრეტაციას მწერალი საოცარი ოსტატობით ახერხებს – ე. წ. რეკვიზიტებს ცვლის, მაგრამ ამბის სულს უცვლელს ტოვებს. ამ მხრივ, წიგნის მთელი პოტენციალი იფიგენიას მსხვერპლშეწირვის სცენაში ვლინდება: „არავის დაუნახავს, როდის სტაცა დიომედესმა ხელი, მაგრამ ახლა მისი ნაზი ლავიწის ძვლებისთვის უზარმაზარი ხელები შემოეხვია, რათა საკურთხევლის ქვებზე დაედო თავი. გოგონა ისე იყო გაოცებული, წინააღმდეგობაც არ გაუწევია, ვერც მიხვდა, რა ხდებოდა. აგამენონმა ქამრიდან რაღაც მოიხსნა. მზის შუქზე ააელვარა. დანისპირი გოგონას ყელს ეტაკა, სისხლმა საკურთხეველი შეღება და კაბაზე ჩამოეღვარა“. თუ ესქილემ იფიგენიას ტკივილი ულამაზესად აღწერა სიტყვებით: „უცხო ტალღებად ეკეცებოდა ზაფრანისფერი კაბის ტალღები. დგა გარინდებით ვითარცა ხატი და მკვლელთა მისთა ისრებს სტყორცნიდა თვალებიდან ვედრების ნიშნად,“ – მილერისეული ინტერპრეტაცია ბევრად სასტიკი, პირდაპირი და დინამიკურია.
ზოგადად, წიგნი სავსეა კინემატოგრაფიული სცენებით, რომლებიც რომანისათვის სახასიათო ესთეტიკასა და განწყობას ქმნიან. სურათ-ხატები ოქროსფერი სხივებითაა განათებული: პატროკლოსის ბავშვობის მოგონება, მზის ჩასვლისას სანაპიროზე დედასთან ერთად როგორ ისროდა წყალში ქვებს, ჯერაც თვალწინ ცხადად მიდგას. ხოლო მეომართა „ზეთცხებული, თხილისფერი“ ათლეტური სხეულები ტექსტში თითქოს ალექსანდრე დეინეკას ნახატებიდან შემოჭრილან.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, ესთეტიკური თხრობის მანერა, ხანდახან სცენებს უკარგავს დამაჯერებლობას, რომ მათზე არა მილერი, არამედ პატროკლოსი გვიყვება. განსაკუთრებით, ეროტიკული წუთების აღწერისას, რთულია გავექცეთ ფემინურ მზერას: „ნაზად მომკიდა ხელი, თითქოს საუცხოო ქსოვილს ასწორებდა,“ „ჩემი შეხებისას თითქოს იზრდებოდა, იფურჩქნებოდა“. ხოლო ზოგიერთი მეტაფორის ბუნდოვანება ართულებს მომენტის ცხადად წარმოდგენას: „გაჩერდა, როცა ხელში დავიჭირე – ყვავილების ფურცლებივით ნაზი და რბილი“.
ამის მიუხედავად, რასაც „სიმღერა აქილევსზე“ შესანიშნავად ახერხებს, ანტიკურ მითში პატროკლოსის როლის სიღრმისეული გააზრებაა. „ილიადაში“ მენოიტიოსის ძე თითქოს ღმერთების ერთ-ერთი პაიკი, საბედისწერო მოვლენათა ჯაჭვის პირველი რგოლია – წინასწარმეტყველების მიხედვით, აქილევსის უკვდავსაყოფად ჯერ „მირმონდიელთა შორის საუკეთესოს“ სისხლი უნდა დაიღვაროს. თუმცა, ფაქტი, რომ პატროკლოსი პელევსის ძის აბჯარში კვდება, „ილიადაშივე“ მიგვანიშნებს, რომ მეტაფორულად ის აქილევსის ადამიანური ბუნების ხორცშესხმაა, რომელიც ნახევარღმერთმა უნდა დაკარგოს უკვდავების მოსაპოვებლად.
ბერძენმა ღმერთებმა უჩვეულოდ პირნათლად შეასრულეს თეტისისთვის მიცემული პირობა და ჰომეროსის ხელით (თუ ენით) ჩვენი ცივილიზაციის მეხსიერებაში სამარადჟამოდ ამოკვეთეს დევგმირი აქილევსის სახელი: „რისხვაზე, ქალღმერთო, პელევსის ძის, აქილევსის, იმ საბედისწერო რისხვაზე მიმღერე, რომელმაც აქაველებს ათასი ჭირი მოუტანა“.
და ახლა, 33 საუკუნის შემდეგ, მილერის ტექსტში პატროკლოსმა თავისი როლი ხელმეორედ აღასრულა, თუმცა ამჯერად უკვდავყო საკუთარი თავი, შესაბამისად აქილევსის ადამიანური და არა ღვთიური ბუნება. წიგნის სათაური თავისთავში თანაბრად იტევს როგორც სახოტბო გმირს, ისე მის მგოსანს.
პატროკლოსი, თავისი პასიური ბუნებისთვის არასახასიათოდ, ხანდახან იჩენს მოქმედების ინიციატივას: აქილევსის მოსაძებნად ლიკოდემისის სამფლობელოში ჩავიდა, საიდანაც მოუწევთ ტროაში გამგზავრება, ბრისერისი აგამენონის ავხორცობისგან ორჯერ დაიხსნა, საბოლოოდ კი ბერძენთა სისხლისღვრის შესაჩერებლად აქილევსის აბჯრით შეიმოსება. თითოეულმა ამ ქმედებამ ძალაუნებურად ჰექტორის დანის პირთან მიიყვანა, რათა ახესრულებინა საკუთარი ბედისწერა.
„ილიადაში“ აქილევსი დღეები დასტირის პატროკლოსის დაუმარხავ ცხედარს. ეს სიუჟეტური დეტალი მილერმა პატროკლოსისთვის გარდაცვალების შემდეგ მთხრობლის როლის შესანარჩუნებლად გონივრულად გამოიყენა – წესაუგებელ სულს ხომ არ ძალუძს ჰადესის სამფლობელოში ჩასვლა და სიმშვიდის მოპოვება. თუმცა „საუკეთესო მირმონდიელის“ ამეტყველებული ფერფლით მხოლოდ ტექსტის სტრუქტურა როდი შეინარჩუნა – ამით პატროკლოსი სრულყოფილ თვალებად აქცია.
ამიტომაც, წიგნის ბოლოს თეტისი მისი მბორგავი სულსგან ელის აქილევსზე ამბების მოსმენას. ყოვლისმხედველ ქალღმერთს, რომლის მზერისგან დამალული არასდროს არაფერი ყოფილა, მხოლოდ მენოიტიოსის ძისგან შეუძლია გაიგოს, როგორი იყო აქილევსი სანამ ტროელთა სისხლი მის სანდომიან ბუნებას შებღალავდა.
ირონიულად, ახლა მოკვდავი უმღერის უკვდავს, რადგან დასრულდა ხანა, სადაც ამბებს ღმერთები მოგვიყვებიან.
© არილი