პროზა

ნათია როსტიაშვილი – ერთხელ კლინიკაში…

ზედმიწევნით ნამდვილი ამბავი

ამბავი გაავებული ფეხისა

ფეხმძიმედ ვარ. ფეხმძიმედ – კი, ორსულად – არა. ეგრეა. ფეხში მაქვს სიმძიმის შეგრძნება. ტკივილისაც. ტკივილის – უფრო. ფეხს კიდევ უფრო ამძიმებს, ხოლო ტკივილს – ამსუბუქებს თბილი წინდა ტერფზე (აგვისტოში), დედაჩემის ნაქსოვი შალი – წვივზე არცთუ ნატიფად შემოგრაგნილი და კოჭზე კიდე – ჩემი შვილის პლუშის დათუნია ბუბუს კაშნე – ბაფთად გამონასკვული.

ვწევარ ეგრე აჯაჯულ-დაჯაჯული და მკვნესავი. ფეისბუქის პროფილის ფოტოზე კიდე, წითელპომადიანი გახლავართ და ანცად ვიცქირები დატუშული წამწამებიდან. ვიღაც უცნობი რაღაც უცნაურს მწერს : „ძალიან ლამაზი სახე გაქვთ, ელეგანტური მანდილოსანი ბრძანდებით“.

„შენ ფეხი უნდა ნახო!“ – ლამაზთან ერთად თამამიც ვიყო – მივწერდი და ზეიდანაც, ამ ჩემი მეორადების დახლივით „ელეგანტურად“ აჩონჩხლილი ფეხის ფოტოს (კოვზსაც-ნაცარში) ჩავუგდებდი. ისედაც ყელამდე ტყუილში ვცხოვრობთ, ჯეკ და ჩემიც რაღატომ დაემატოს? მაგრამ მანდილოსანს არ შეშვენის ასე უცებ ჩამოაპერტყოს მიწაზე უცხო, გულუბრყვილო და, რაც მთავარია, უდანაშაულო ადამიანი. საერთოდაც, მანდილოსანს მანდილი თავზე შვენის. თეძოდან ვიხსნი და ატკიებულ შუბლზე ვიკრავ.

ჩემმა ქრონიკულმა წუწუნმა, რომ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, რომ სიახლე მსურს და მწადიან, ნაყოფი გამოიღო. სამი კვირაა, ახალი ცხოვრებით ვცხოვრობ, ახალი რუტინა მაქვს: დღისით ნემსებს ვირჭობ, ღამე ნაირ-ნაირ მალამოებს ვიზელ ამ ჩემს გაავებულ ფეხზე და ვერაფერი, ისევ იკბინება. დროდადრო გამაყუჩებელ აბებსაც ვსვამ, დროის გასაყვანად, მრავალფეროვნებისთვის. ოღონდ, ვსვამ არა ვიღაც უნუგეშო ბეჩავივით საწყლად, არამედ – გაზულუქებული, თვითმარქვია ღმერთივით ამაყად, ძველ ფილმებში ნანახი ბოსსების მანერულობით. იმეებზე ვამბობ, ხავერდის სარჩულიან ყუთს, ბეჭდიანი თითით, საკეტს რომ უტკაცუნებენ და იქიდან გაურკვეველი წარმომავლობის ოთხკუთხა (ჩემი, ვაგლახ, მრგვალია) აბს შენელებული მოძრაობით დააძრობენ…

ჰოდა, ამაყად შევიგდებ ხოლმე ამ ჩემს ბანალურად მრგვალ აბს ყბაში (ყბა მაინც მქონოდა ოთხკუთხა!), მზერა მაქვს უძრავი, ჰორიზონტზე ჩარჭობილი, ხოლო ყბას მრავამნიშნელოვნად და დაგემოვნებით ვქაჩავ მარჯვენა მხარეს (მარცხნივ არ გამომდის, რატომღაც). ეგრე ყბამოქცეული ვირინდები. მერე ცრუ ბროლის ჭიქიდან წყლის მოზრდილ ყლუპს ვაყოლებ და თვალებს მომენტალურად ვხუჭავ. როგორც კი – ეგრევე. თან ვცდილობ, მეტი ეფექტისთვის „გამაჟრიალოს“ და „გამაბარძგალოს.“ მოკლედ, მთელი შოუა, მაგრამ რად გინდა? არ მშველის.

სხვა გზა არაა, გავიკითხ-გამოვიკითხე კარგი ექიმი და მივედი. ერთადერთი რამის მეშინია, ტომოგრაფიის მილში არ მიკრას თავი. პირველად, ათი წლის წინ, შემთხვევით მოვხვდი ერთ პირტიტველა ყმაწვილ ექიმთან და იმან გამგზავნა ტომოგრაფიაზე. „ამან რა უნდა იცოდეს? პირზე რძე არ შეშრობია!“ ვთქვი და არ წავედი. ვთქვი და ამ ფრაზაში  ჩემი ფეხივით შევფუთე ნამდვილი მიზეზი – შიში დახურულ, ვიწრო, უკარ-ფანჯრო მილში თავის დურთნისა.

მივედი და სად გამგზავნა ამ ჩემმა გაკითხულ-გამოკითხულმა ექიმმა? ჯანდაბაში? ნწუ. ნეტა მანდ გავეგზავნე და არა იქ, რისი სახელიც არ ითქმის. რომელიც ტ-ზე იწყება (საბედნიეროდ ი-ზე არ მთავრდება) და ომოგრაფიაზე მთავრდება.

დილით განვიძარცვე ფეხი ჩემი ყოველივე შალეულისგან, მატყლისგან, „ნასკისგან“ და მხოლოდ ჯინსით დავფარე. წავჩლახუნდი ტომოგრაფიაზე, რამეთუ არავითარი სხვა ხერხემალი, ამაზე მეტი, არ გამაჩნია (მაგის ოინები ყოფილა საბრალო ფეხის ესოდენი დაძაბუნება), უნდა მივხედო. ხოლო მიხედვისთვის, ტ-თი რომ იწყება და ომოგრაფიაზე მთავრდება, მაგის გარდა არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია – თურმე.

პ.ს. ამ ექიმისგან სხვა ექიმთან წასაღებ ფურცელზე, გამოკვეთილად წერია სამი (სხვა) ასო: მრტ. რომელიც, თურმე, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიად იშიფრება, რატომღაც და არა ამად: მიხედეთ როსტიაშვილის ტკივილს!

თეთრი მილია თეთრ მილთან თრთის

ტომოგრაფიის ოთახი იყო უცაბედი, როგორიცაა სიტყვა „მორჩა!“ თეთრი მილი, თეთრი გვირაბი, იქვე – თეთრი მაღალი ქალი თეთრ, გრძელ ხალათში. თეთრ ფერ-ხორციანი ქალი უფერული, მილეული სახელით – მილია. ცისფერთვალა, წელში გამართული. მე თუ მკითხავ, საბრალო ჩემნაირი, მოკაკვული პაციენტების დაცინვაა ასეთ ადგილას ასეთი წელგამართული ქალის მუშაობა. ცოტა მოიხარე, დალოცვილო, ცოტა ნუგეშ მყავ, ცოტა თავი გამიტოლე. მეც განა სულ ასეთი მოკაკვული ვიყავ? დრო იყო, პოდიუმზე ვიდექ. ახლა რომ ამოგცქერი ქვემოდან, ეგრე ამომცქეროდნენ დარბაზიდან სხვები და აჰა! ცხოვრება კიბეა, კროშკა, მოიხარე, თორემ „არც შენ შეგრჩება, მეფეო!“.

ამეებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ გულში ვამბობ და ისე კი უტყვი ვარ, ვითარცა თევზი. თევზი სევდიანი და ხმელეთზე ამოგდებული. ეგაა, პირს არ ვაღებ უმწეოდ, რამეთუ კრიჭა ჩემი არს შეკრულ.

– დაწექით. – ქალი მეუბნება, გაგიკვირდებათ და – სრულიად უდარდელად.

ვითომც არაფერი! თითქოს „სავარძელზე ჩამოჯექით, დაისვენეთ“ ეთქვას. მშვიდად ემზადება, რომ ამ ჯოჯოხეთური ხმების გამომმუშავებელ გვირაბში, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შემაგდოს და წავიდეს, კოფე დალიოს არხეინად, მაგრამ ნურას უკაცრავად, არც მე ვარ ჯაბანი!

– არა! – ვთქვი. უფრო კი – გამოვცერი შეკრული კრიჭის ღრიჭოდან, – ჯერ მზად არა ვარ!

კვლავ დავდუმდი და დავიწყე გულში თავის დამშვიდება. დუმილი ხომ ოქროა, მაგრამ ბევრი ოქროც გბეზრდება, თურმე ადამიანს, ჩურჩულზე გადავედი. მერე ხმას უნებურად ავუწიე და ბოლოს, აზარტში შესულმა, დავსჭექე:

– შენ ახლა აქ შეხვალ, ნათი და იქიდან გამოხვალ ძლიერი! მე შენი მჯერა!

ქალს ის თავის გაშტრიკინებული ხერხემალი ეგრევე მოემჩვარა, ცოტა ოფლმაც დაასხა საყვარლად, კურნოსა ცხვირზე და ლამის ის თავის ლამაზი ცისფერი ფერიც გასცვივდეს თვალებიდან. შიში ოხერია. მაგისიც და ჩემიც. მაგრამ მე მეტი რაღა უნდა დამემართოს? ცისფერი თვალები ისედაც არ მქონდა, გაჯგიმული ვერც აქამდე ვიყავი და ცხვირიც, აუპრეხავი მომეცა ზარმაცი განგებისგან და, თანაც, ბოროტული ხელგაშლილობით – არამოკლე.

ბოლოს, შემეცოდა ის ლამაზად დაფეთებული ქალი. რა დააშავა ამანაც… დავწექი მორჩილად, ხელები გულზე დავიკრიფე (ეგრევე ჩამომაწევინა, არ ვემეტები სამაგისოდ, ოხერს) და წავედი იქით, მე რომ მეგონა შეცდით, მაგრამ თურმე რომ არ შემცდარხართ – ჯანდაბაში.

ჯოჯოხეთის საკონცერტო მილში თავის დურთნის ამბავი

დააჭირა მილიამ თავის გრძელი თითი მილის მრგვალ ღილაკს. შევდივარ თავით მილის ვიწრო ხახაში თვალებგაფართოებული. განა უცებ, ერთ ლუკმად შეგაგდებენ ეს მწვალებლები? არა! ნეელა, დაგემოვნებით მივცურავ სიღრმისკენ და გზაში ყველა რჩევის გახსენებას ვასწრებ, რაც რომ ახლობლებმა ჩემს დასამშვიდებლად გამოიმეტეს:

1. წარმოიდგინე, რომ დისკოთეკაზე ხარ და ეგ ხმები მუსიკებია.

2. 45 წუთი უცებ გაიფრენს.

3. შანსი არაა, რო შიგ მოკვდე!

შევდივარ თეთრ გვირაბში და ვფიქრობ, ღმერთო, ისევ ძველი დრო დააბრუნე, ძველი რუტინა, ტკივილამდელი მოწყენილობა, ვფიცავ, აღარ ვიწუწუნებ.

ღმერთი სიტყვაზე და ფიცი-მტკიციზე არ მენდობა, ძველ დროს არ აბრუნებს. შევდივარ მილში და ვირინდები. იწყებს ეს მისნების მანქანა თავის საქმეს – ღრიალს. უცხოდ ახრიალებულ ხმებს ტენის და ტენის ამ ისედაც ვიწრო ალაგას. ზუსტად ვიცი, ნებისმიერ ტომოგრაფიაგამოვლილს, რომელიც ჯოჯოხეთში (ასი წლის მერეო, კი დავაყოლებდი, მაგრამ დიდი ვერაფერი ნუგეშია), კონცერტზე ხვდება, დეჟავუ აქვს და ვერ კი იხსენებს, საიდან.

ამასობაში, სანუგეშოდ მომარაგებული რჩევების ჩემს სამეულს ხელი ეცარება:

1. „დისკოთეკა“ სულაც არ ჰგავს 90-იანებში, ჩაჭეჭყილი ელემენტებით დამუხტულ მაგნიტოფონში ჩართულ, მანიკურით გადაბმულ და ფანქრით გადახვეული კასეტის ტკბილ „ისთ სევენთინს“ და „ლასკავი მაის“.

2. 45 წუთი უფრთო გამოდგა და არათუ ვერ ფრენს, მუცელზე ძლივს ხოხავს, ზანტი რამ ქვეწარმავალივით.

3. ხოლო მესამე, ნაბოლარა რჩევა: „შანსი არაა, რო შიგ მოკვდე!“ შიგ კაკალ გულში მიზის და იმის ხავსს მთელი ძალით ვებღაუჭები. განა არსიკვდილის გარანტია (თუნდაც ამ მილივით ვიწრო გაგებით) ყველაზე უზენაესი რამე არაა, ოხერი? ჰოდა, მორჩა, მშვიდად ვარ. აჰა, თითქოსდა ყველაზე არაკორექტული დამშვიდება, ყველაზე მუშა გამოდგა. აქედან შეგონება: ნურც გარეგნობით იმსჯელებ ადამიანზე და ნურც, ისა, რა ქვია… როგორცაა.

განაჩენი (ან – გადარჩენა)

ხალხური ზეპირსიტყვიერებასავით ამბავი დამემართა (რიტმი, რითმა, კონვენცია არ მომთხოვოთ, აქა. ერთი საბრალო, თიაქრიანი ქალი ვარ): ხერხემალმა მომცა ფეხის ტკივილი, ტკივილმა მიმიყვანა ექიმთან, ექიმმა გამიშვა მილიასთან, მილიამ შემიშვა მილში, მილმა მომცა პასუხი, პასუხი მივიტანე ექიმთან. თხას ვენახი არ შეუჭამია.

გავუწოდე ექიმს შავ-გამჭვირვალე, რენდგენული „ფოტო“ სახედ და ხატად ხერხემლისა ჩემისა. ექიმმა, ესაო, ისაო, შენი დიდი ხათრი მააქვსო, მაგრამ სასწრაფოდ, ოპერაციაო! თიაქარი გაზის ხერხემალზე აი ამსი-გაანე, აი ამსი-მააღლეო. მერე კიდევ ვილაპარაკეთ, ძალიან მეცნობოდა, ჩავეძიე და ვინ გამოდგა? დიახ, სწორედ ის „პირტიტველა ექიმი“, რომელსაც გართობის მოყვარული ბედისწერის წყალობით, ათი წლის დაგვიანებით მივუტანე შეპირებული ტომოგრაფია (ეს ამბავი ზედმიწევნით ნამდვილი რომ არ იყოს, ასეთ დამთხვევას არაფრის დიდებით არ გამოვიგონებდი, რომ ბრაზილიური სერიალის ხორშაკს არ დაებერა ამ იდეალური კლიმატის მქონე ტექსტითვინ).

– უიი! – ვეუბნები, – თქვენთან ვიყავი ადრე და რაღაცნაირად, პატარა ბიჭი იყავით, ნდობით ვერ განვეწყე.

იმის განსაზღვრა, სად „თქმა სჯობს“ და სად „დაშავდების“, ჩემი ძლიერი მხარე არაა, მაგრამ მაინც ყოჩაღ, შემეძლო „პირტიტველა“ მეთქვა, მაგრამ არ ვიკადრე.

პირველი შთაბეჭდილება ოხერია და ოპერაციის გაკეთება მაინც სხვა ექიმთან გადავწყვიტე, ამაზე უფროსთან, დარბაისელთან.

ოპერაციის წინ ვერაფერზე ვფიქრობდი, გარდა ამისა: „ნათია თიაქრიანი“ ფსევდონიმად ივარგებს? ჰა, როგორია? ნა-თია თია-ქრიანი. ასოები რომ გადავაადგილოთ – ეგეც მაგარი გამოდის, აბა, ნახე: ნათია თრიაქიანი. კიდევ შეიძლებოდა რამის მოფიქრება, მაგრამ ნარკოზმა შემაწყვეტინა.

სულ მაინტერესებდა, მართალი იყო თუ არა, თითქოს ნარკოზიდან გამოსვლისას „სადღაც სხვაგან იყვნენ“ და „რამეებს ხედავდნენ“.

ჰოდა, აჰა, გამოვდივარ სააქაოს და დახუჭული თვალების შიგნიდან ვხედავ: ზამთრის მთებია, მთებზე – დათოვლილი ნაძვები (რეალობაში ზაფხულის მიწურული გვაქვს), მივფრინავ ამათ ზემოთ, ისე მსუბუქად და კოხტად, მოხდენილად, თითქოს ის არ ვიყო, ვინც ბოლო დროს სწორ მიწაზეც ძლივს დადის. მივფრინავ ეგრე გემრიელად და უცებ კადრს ხმა ედება, ხავერდოვანი ბარიტონი ამბობს ფრაზას იმ მაგარი სერიალიდან: „Winter is coming!“ ეგ იყო და ეგ, „ვიხედები და მოვდივარ!“ ჰო, მოვდივარზე – ბოდიში, ვერც ვინძრევი, ხოლო ვიხედებიზე – მადლობა უფალ ანესთეზიოლოგს!

ამბავი ექთნის ტყავში გახვეული მრისხანე დედოფლისა

რაც რომ ამის შემდეგ პალატაში მოხდა, იმის მსუბუქად მოყოლა, მეც კი – მხიარული ამბების შავ ხუმრობად მქცევს, ხოლო შავი ამბების იუმორით მოყოლის მსურველს და, იმედია, – შემძლესაც, – ვინძლო გამიჭირდეს.

ამ კლინიკაში ზრუნვის არითმეტიკა მარტივი ჰქონდათ და დამაიმედებელი: ერთ მოფამფალებულ პაციენტზე, ორი საღ-სალამათი ექთანი ჰყავდათ მიმაგრებული. ჩემს წილ ორში ერთს, რომელიც შინაგანი დედოფლური ცხვირაწეულობით, თვალს ერთნაირად არიდებდა თვალს პაციენტსა და ღამის ქოთანს, იგივ დღის სუდნოს, თავის მოვალეობად ესღა გაეხადა: უსიტყვოდ, მაგრამ ხელის მეტყველი მოძრაობით ანიშნებდა თანამდებობრივად მის ტოლ-სწორ, ხოლო ასაკით (სავარაუდოდ, გამოცდილებითაც) უმცროს მეწყვილეს: „აბა, აიღო! წავიდა!“ ის მეორეც, ეგრევე, ეგრე ხმის ამოუღებლად ასრულებდა ყველა ბრძანებას. პიტერ პენის წვივებზე ამოკემსილი ჩრდილივით გვერდიდან არ სცილდებოდა და თან ორი კაცის საქმეს მარტო აკეთებდა, დაუყვედრებლად.

ექთნის ტყავში გახვეულ მრისხანე დედოფალს, მთელი დღის განმავლობაში, სულ ორიოდჯერ მოვკარი თვალი. დღის ნათელს ჩემი ჩამქრალი თვალების ცქერით რატომ გალევდა, მაგისიც მესმის… ძილის წინ კი, როგორღაც, პატივი დამდო, შემომიარა, ზემოდან გადმომხედა მწოლარეს და ბეჩავს. ხოლო მე, როგორც ფეხთა მტვერმა მისმა, ამოვკნავლე მშვიდი ღამის სურვილი, მადლობა, ბოდიში, კომპლიმენტი ვარცხნილობაზე და წკავწკავა ლეკვის მადლიერი მზერაც გავაყოლე კარისკენ მიმავალს. კარიც ეგრე, დედოფლურად მრისხანედ გაიჯახუნა, ხოლო მანამდე, პალატაში შუქის ჩაქრობა მოიწადინა (ეკონომიურია, ოხერი) და შევღაღადე, ნუ იზამთ, ჩემო ხელმწიფევ-მეთქი! სიკეთეს ვერ დავუკარგავ – დამინდო უკუნში ჩანთქმისგან.

გავიდა ხანი. უფრო კი – გამოხდა. დამჭირდა ექთნის დახმარება. ისე ძალიან დამჭირდა, რომ უჰ! ვრეკავ ზარს ხუთწუთიანი შუალედით, მერე, სამწუთიანით, ორიანით… ბოლოს – ჩემი პულსივით აჩქარებულად, თითქმის უპაუზოდ (დღისით მეორე ექთანს შევამოწმებინე და კი, ნამდვილად მუშაობდა). შენც არ მომიკვდე! ვფიქრობ, ნათიავჩემო, ჩემთავო, დამშვიდდი. შეიძლება ამ ექთნის ტყავში გახვეულმა არ იკადროს, მაგრამ განა სამგლეთი დაიქცა?! ვიღაც სხვა მაინც შემოვა.

არც ვიღაც სხვა შემოვიდა.

დავიწყე ყვირილი ხმის ჩახლეჩვამდე:

– უუკაცრავაააად!… არიის აქ ვინმეე? უუკაცრაავაად!.. დახმარება მჭირ… – და ჩამეხლიჩა კიდეც.

არც ვინმე შემოვიდა.

ორსაათნახევრიანი განწირული ყვირილის, თავთან მიმაგრებული ზარის რეკვის, თავზარის, წყლის ბოთლის კარისთვის დამიზნების და აცდენის შემდეგ მეგობარს დავურეკე. მეგობარმა დაწნა თოკი, ბაწარი და კლინიკის ნაცნობ მენეჯერს გადაურეკა, უშველე ჩემს ძმობილ ნათიასაო. გაიბა უხილავი სატელეფონო ჯაჭვი: მე – მეგობარს, მეგობარმა – მენეჯერს, მენეჯერმა – მტარვალ დედოფალს დაურეკა. მან კი, ბოლომ, უფრო კი – უკანასკნელმა, დედოფლური ზლაზვნით ასწია საპატიო ნაწილი ტანისა თვისისა, რომელიც რომ ტ-თი იწყება და ი-ზე მთავრდება, პალატის კარს „სიმ-სიმ, გაიღე!“ უბრძანა და დამადგა თავზე მრისხანედ. ხოლო მე უკვე აღარ ვიყავ წკავწკავა ლეკვი, არამედ პანიკაში ჩავარდნილი, აკანკალებული რომელიმე მითური არსება, ვთქვათ, საწოლს მიჯაჭვული ნათირანი.

ჩემი აღზრდისა რა ვთქვი! განა ვჩუხუბობ და ვლანძღავ? განა „შევხედე და შევუკურთხე გამჩენი?“ მხოლოდ ვდარდობ და თვალებს ცრემლით ვიოსებ.

– ადამიანურად, იმის გაგებაც შემიძლია, რომ ვთქვათ, ჩაგეძინათ, – ვეუბნები, – მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა, ჩემს ადგილას ცოტა უფრო მძიმე პაციენტი რომ ყოფილიყო, რა დღე დაადგებოდა. აქ რომ პაციენტს პერსონალის უყურადღებობის გამო რამე მოუვიდეს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი, ხომ ასეა? ზუსტად ორსაათ-ნახევარია, ზარს ვრეკავ, ვყვირი… ფიზიკურადაც ცუდად ვიყავი, ჩაკეტილი სივრცის ფობიაც გამიჩნდა და შიშიც, რომ ახლა გული რომ გამისკდეს, მშველელი არავინაა. ასე, უბრალოდ, არ შეიძლება…

ხოლო მან სთქვა არა „აჰ, ძალიან ვწუხვარ“, არამედ:

– და რა მოხდა მერე?!

– ცუდად ვიყავი, დახმარება მჭირდებოდა, ახალნაოპერაციები ვარ, ადგომა არ შემიძლია, ორსაათ-ნახევარია ზარს ვრეკავ, ვყვირი და რეაქცია – ნული!

საკუთარ ხმას ვეღარ ვაკონტროლებ, იწევს და იწევს ზემოთ, რამისაა, ამ დაბალი ექთნის აშხვართულ თვითშეფასებას დაეწიოს სიმაღლეში.

წამით სიჩუმეა. ვუყურებთ ერთმანეთს, მე – ტირილისგან ილაჯგაწყვეტილი, ის – დედოფლურ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი. ველოდები, რომ ახლა მაინც იტყვის: „ვწუხვარ, რომ ასე მოხდა“, ხოლო ის ამბობს:

– არანაირი ორსაათ-ნახევარი არ გასულა!

– რა- ა?! – ჩემი ხმა იმოდენა სიმაღლიდან ძირს ეპერტყება და დანარცხებულზე ხრიალი უფრო ეთქმის, ვიდრე ხმა.

ხელაკანკალებული ვიღებ მობილურს, ვაჩვენებ ფაქტს, ამ ამბის მეგობრისთვის მიწერისას მესენჯერში დაფიქსირებულ დროს და ამასობაში იმ მეორემ, ამ დედოფლის მორჩილმა ერთკაციანმა ნაზირ-ვეზირმა მორიდებით შეჰკადრა:

– კარი როგორ გამოიხურე, გოგო, არ შეიძლება ეგრე, აკრძალულია!..

– არანაირი კარი არ მიმიხურავს!

– რა-ა?! შუქსაც აქრობდით, მე რომ არ მეთხოვა დატოვება! – ისე ვკანკალებ, სიტყვები, თქმამდე, შუაში მიწყდება და ენის წვერით, ფაზლივით ვაკოწიწებ.

ხოლო მან, შილაქიანი თითების მკვეთრი მოძრაობით, ის ჩემგან შექებული ვარცხნილობა შეისწორა, ნიკაპი სადამდეც შეეძლო, ზემოთ აქაჩა და თქვა:

– არანაირ შუქს არ ვაქრობდი!

გასრულდა ესე ამბავი…

ღამე, ჭეშმარიტად, „იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე“ და იმით გასრულდა, რომ ამან ისევ უსიტყვოდ, მაგრამ მეტყველი ხელის აქნევით ანიშნა რაღაც, იმან კიდე, საიდანღაც მსწრაფლ მოაცუნცულა შპრიცად და ამპულად მოჯადოებული ხელეჩო და წალდუნა. დამკრა იქ, სადაც ჯერ არს და ჩაძინებამდე ვფიქრობ არა იმაზე, რომ რა კარგია, ხელხემალზე ნაბარტყი თიაქარი წამასხიპეს, მოვიშორე! ან იმაზე, რომ აი, დადგა ის ცნობილი წამი, ნათიავჩემო, როცა საკუთარი თავი ყველამ კოხტად და მშვენივრად ვიცით, არამედ ამას:

აფსუს, ფსევდონიმად „ნათია თიაქრიანი“ უკვე აღარ შემეფერება, არადა ამ ორი სიტყვიდან პირველის ბოლო და მეორის თავი რა შეხმატკბილებულად წყვილდებოდა, ამ ორი ექთანივით.

თრიაქიანობა კი არათუ შემეფერება, დამხატავდა კიდეც ამხელა ომის გადატანის შემდეგ, მაგრამ აქაც კვლავ – აფსუს!

ერთი დღე-ღამეც არ გასულა, რაც ამ კლინიკაში ვარ, ჩემივ ნებით და უკვე მეორედ მივდივარ ძალად ძილში. ოღონდ, ზუსტად ვიცი, ამჯერად იქიდან ის ხავერდ-ფარჩა-ატლასის ბარიტონი აღარ გამომიყვანს თავის: Winter is coming! -ით. მაგ ფრაზით ხომ სამეფო კარის შეუბრალებელი თამაშები იწყება (ნუთუ გულგაყინულ ექთანთან გარდაუვალი ომის მინიშნება იყო, ზევსო მაღალო და ძეო მისო არეს?!), ხოლო მე, ჩემი წილი ბრძოლა უკვე მოხდილი მაქვს. ჩემი წილი ლანცეტი ზურგზე – გასმულია, ჩემი ნერვების ჯარი – დ(გ)აწყვეტილი და ფანჯრიდან მონაბერ ნიავზე თეთრი დროშასავით ფრიალებს ჩემი ზეწრის კალთა.

დანებებული მივყვები ძილს (ოღონდაც ამ პალატის რეალობიდან სადმე გამაღწევინა!), ყურში ექთნის ნათქვამი სიტყვების და ტომოგრაფიის მილში მოსმენილი ხმაურის ექო ჩამესმის ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ვეღარც ვარჩევ, რომელი რომელია. ერთმანეთშია გადაზელილ-გამომხმარი, უგემოვნო მელოდიის უგემური ხმიადებივით. დახუჭული ქუთუთოს ქვეშ გაქცეული ტიტრებიდან კიდე – ამის ამოკითხვასღა ვასწრებ გათიშვამდე:

თრექი: ნათია უთრიაქო-უთიაქროსი.

© არილი

Facebook Comments Box