პოეზია

ნაირა გელაშვილი – ახალი ლექსები

დღიურის ნაწილი

ნისლი

ქარით შემორხეული წვრილი წვიმა მეგონა, თვალი ვკიდე როცა,

წუხანდელი ქარიშხლით შელახული ხეების შემხედვარე ფანჯრიდან

რაღაც გარიყულივით, თითქოს მექანიკურად რომ ვცდილობდი ლოცვას…

მაგრამ წვიმა არ იყო, არც თქორი, არც ჟუჟუნა, არა! რაღაც გზებით

მოცურავდნენ ნისლებად ალაგ-ალაგ მჭვირვალე,

გარდაცვლილი ქალების უწონო და უბგერო, რუხი შლეიფები…

მათი აქ აღარყოფნის სველი აბრეშუმი თუ მათი შემობრუნების

ნოტიო შიფონი,

გაცრეცილი სიკვდილით, როგორც მათი ღიმილი,

ანდა მათი სინაზე, ადრე დედამიწაზე რომ იყო და ალღობდა

ყოფის მახინჯ სიტლანქეს, ბრაზს რომ გადაადნობდა

სილბოდ, – საკვირველი.

შემოცურდნენ ეზოში, დაეფინნენ ხეების როგორც ნაბრძოლ გმირების

ღია-სველ ნახეთქებს,

ქარისა და ქარიშხლის წუხანდელი დებოშით აკლებულ გარემოში ტოტებგადამსხვრეულებს თითქოს ხვევენ ხელებს…

 ნატკენებს თუ კოცნიან (თითების ბალიშები მახსოვს ლოყის კანზე),

(როცა სიცხე გექნება, ვიღაც ფრთხილად მოძრავი ძმრიან წყალში თეთრ ტილოს ისევ დაასველებს?).

ოდესღაც დადიოდნენ ფრთხილად დედა-მიწაზე

ქალები-სალბუნები სიფრიფანა ღიმით,

ტკივილებს შეიგრძნობდნენ და ზედ ეფინებოდნენ,

ანუ ეკარებოდნენ თითქმის ნიავივით.

არაფერი აღარ ჩანს, თუ რას შვრება სინაზე,

დაფარულში რა ხდება, ვინ რა იცის, აბა!

და სათუთი ქალების ბოლო ამოსუნთქვების

თბილი ორთქლი ერევა ჰაერს და მეჩვენება

ნისლი ეზოს ხეებში მოლივლივე-ნესტიან

აღარავის კაბად…

22 ივლისი, 2022 ზემო მაღარო

ჭრილობა სიზმრად

ჭრილობა ვნახე წუხელ სიზმრად,

არ ვიცი – ვისი, ანთუ – ვისგან,

ანდა რით: ტყვიით, ხანჯლით, შუშის

ნატეხითა თუ გრძელი შუბით?

გადახსნილიყო და იყო ღია…

სისხლი მდინარებდა (გაისმოდა:

„სისხლი აქ ძალიან იაფია!“),

მას კი არ უჩანდა, არა პირი,

რომ პირს შეიკრავდა, დანაპირი

არ მახსენდებოდა არავისგან,

და ქირურგს ვეძებდი განაპირას,

ვნახე, ვერ გაეხსნა დანას პირი

მისი, იდგა და არ ესმოდა.

არსად არ მოჩანდა სპირტი, წყალი,

ბინტი, იოდი ან მოსაბანი

რამე, ვერაფერს ვპოულობდი,

უხმოდ ვყვიროდი და ვერ გავრბოდი…

ჭრილობა ამბობდა (ჰგავდა დიდ პირს):

„უკვე ყველაფერი არის დანა! –

სიტყვა, შემოხედვა, განაფიქრი!

და განა ეს იყო ჩანაფიქრი?

განა ბასრი იყო ყველაფერი,

ასე ალესილი თავიდანაც?“

არა, არაფერი არა მქონდა,

მოსაწმენდად და მოსაბანად,

გარდა ცრემლებისა, უკვე სახეს

რომ მილტობდნენ და დავინახე:

სუფთა, მლაშე სითხე რომ ავსებდა

ორმოს – სისხლიანს და მოცახცახეს…

ანთუ იმ ჭრილობას – წითელ ხაროს,

უკვე რომ გასდევდა მთელ სამყაროს…

ცრემლი უშველიდა? მაგრამ ცრემლსა ვღვრიდი,

თითქოს გლოვა იდგა ირგვლივ დიდი,

ვიღაცა ამბობდა: „საზარელი“

და თვალი ძალით გავახილე.

2022, 3 აგვისტო, სოფ. ზემო მაღარო

* * *

სუნთქვა შეეკრა სამყაროს და წამით შედგა დრო,

მერე კი უცებ გაზაფხული დაჩქარდა ირგვლივ,

აურაცხელი კვირტი გასკდა ვადაზე ადრე

და გაახილეს ყვავილებმა სუფთა თვალები,

ცაში კი ვინ ვის ეხვეოდა, ვერ გაიგებდი!

რადგან მიწაზე ორმა წრფელმა ადამიანმა

ერთმანეთი ჩაიკრა გულში.

2023, 19 მარტი

***

აი, ეს ფიქრი,

აი, ამ წამს რომ გავიფიქრე,

ჭირდებოდა ალბათ სამყაროს

და ამისათვის შემინარჩუნა

ამდენი ხანი:

მხოლოდ აქ და მხოლოდ ახლა –

(დილა სისხამზე ჩემს ფანჯარასთან)

დაიბადა ის –

სამართლიანი,

და მოიშუშა ჭეშმარიტებამ ერთი იარა.

***

გავიდა უკანასკნელი ადამიანი დედამიწიდან

და

ნიაგარა მხოლოდ წყლად იქცა,

ტაძარი – მხოლოდ ქვად,

ვარდი – მხოლოდ მცენარედ.

***

დილაბნელის მძიმე სიჩუმე.

ჩიტის სუსტი ამოსტვენები

უდასტურებს ყოფნას სამყაროს:

ისევ ვარ.

ისევ.

ისევ აქ ვარო.

თითქოს ღმერთი კითხულობს სიას:

აბა, გათენდა,

ხმა გამეცით, ვინ სადა ხართო.

2023, 19 მარტი

***

საიდან ჩნდება გულში ადგილი,

სადაც სინათლე ჯერ არ ჩამქრალა,

                                                ან ეს-ეს არის, უცებ აინთო.

2023, 8 აპრილი

***

თოვლისფერი ზურგი აქვს ამ მტრედს,

მაგრამ შავი ფრთებით დაფარული,

ხშირად ბრწყინდება ეს სითეთრე – ოღონდ ჰაერში.

2023, 8 აპრილი

 ჩვენება

ჩამავალი მზის შუქი გაწვა ხეებშორის თუ უკვე მთვარე ანათებს, ვეღარ ვადგენ რაღაც… რადგან დაღლილს დღის ბოლოს ადრე რომ ჩამეძინა, მერე ჩემი თვალები პირდაპირ გრძელ სიზმრიდან გაიხილნენ და ფრთხილად მივადექ ფანჯარას. ღიას, რაღა თქმა უნდა, ანუ, შიგნით შემომშვებს ჰაერის და ღამის… ვუყურებდი უცხოს და მარად, მარად თანამდევს: ნათელს და მის ცვალებას ხეებშორის დაღვრილს…

            შუქი იწვა ბალახზე მოფენილზე ყვითელი ფოთლებით და თრთოდა… და რაღაც სილუეტი მიჰყვებოდა ამ ბილიკს, მგონი ნაცნობი იყო, მიიკარგებოდა… ბავშვია თუ ვინ არის, მგონი, მეზობლისაა, დღისით ეზოს ჭიშკართან მოწყენით რომ იჯდა, მაგრამ ბავშვზე მსუბუქი ჩანს, მიდის ნიავივით და ვგრძნობ რაღაცნაირად, რომ არ ივლის დიდხანს…

ნეტავ არ გაქრეს მეთქი, არ მივიდეს ბოლოსთან ამ გრძელი ეზოსი, დასტურ გავა იქიდან, რა დაიჭერს უწონოს, ან რა ჩაეჭიდება არაფრით შემოსილს. იქ ცხაური არ არის, ანუ არის აქა-იქ ძველად გაგლეჯილი… მიდის რა ჰაეროვნად, თითქოს ფეხქვეშ მიწა კი არა, აქვს ჯეჯილი.

              გავა, დაიკარგება, შეერევა ტყე-ბუჩქნარს ჩემი ეზოს გარეთ (ადრე ნუ დაიძინებ, რათა არ გაიღვიძო ადრე, არ შეეხალო გრძნეულ შუაღამეს). იქიდან კი, ვაითუ, შეისრუტოს უნაშთოდ ჩამავალ მზის ძოწმა! (ოდესღაც თქვეს, ასეა: „დაფარულ კაცს“[1] შენს გულში დაშორდები როცა).

            ღმერთო, თითქოს მეცნობა, ეს კი არა თითქოსდა მენატრება კიდეც, ფარცხი გდია გულაღმა, ხედავ? გადაუარა, მე რომ რკინის ბრჭყალებზე ფეხი გავიგლიჯე, დღისით, როცა მივრბოდი, კნუტს მივდევდი გაქცეულს (ნაწვიმარი იყო), რანაირად მშორდება, არ აბრუნებს ჩრდილის თავს, მემდურება თითქოს…

გამახსენე, უფალო, ვის ჰგავს, ვის თავს მაგონებს და ვისავით დადის?

(თავისი დრო არ იცის, არც თავისი ადგილი, როცა უნდა გეწვევა აუხსნელი დარდი).

            ამერია მზერა და მომერია რული და ასე გაოგნებული ისევ ძილში წაველ. მანამდე გავიფიქრე, რომ რაღაც მომეჩვენა, ლანდი ანთუ აჩრდილი მხოლოდ, ნამძინარევს. მაგრამ მერე მესიზმრა იგივე, რაც ვიხილე წეღან თვალებღიამ (ოღონდ გაბარდულიყო ახლა სიზმრად ხეებში ეკლიანი ღვია):

            მართლა ბავშვი იყო და მიდიოდა ეზოში როგორც შუქთა შუქი, ხეში სტვენდა შაშვი და მდუმარებდა მთვარე და დავუძახე: „სად მიხვალ?“ მოტრიალდა და მითხრა წყნარად: „ვერ მცნობ თუკი… უჩემობას აიტან“, და გაუყვა უმწეოდ რაღაცნაირ ბილიკს… ვიჯექ გამოშიგნული ქვეყნის გამყიდველივით და ველური ნაღველი კვნესდა ბარბითივით და ამბობდა: „ვერ იცან, ვერ იცან და ვერ იცან, აბსურდია მართლაცდა, აბსურდია სრული! ჰო, ჩაკვდა და წავიდა, მოგებარა ვინც ციდან როგორც შუქის მტევანი ან ბავშვი თუ მერცხალი, რაღაც ჰაეროვანი ანთუ წყლისებური!“

            ვტიროდი: „არ გამშორდე, ჩამიქრება სინათლე, მთვარის შუქი მოიცვი, ხეში მაინც შედი! ეზოს ბოლოს დიდ კაკალს ფუღურო აქვს თვალივით (დამჩნევია ამგვარად კვალი შავი ბედის), ანდა ეზოს გადაღმა მწვანე ტბორში აცურდი (ბევრი რამ გგავს, ციერო, გგავს გოროზი სინაზით გარიყული გედიც)“.

            „ღმერთო, როგორ ვერ მივხვდი!- დავიძახე უეცრად – ეს რა დამემართა! ეს ხომ ჩემი სულია! აღარ უნდა ჩემთან და სადღაც გაემართა“. „შენ ამ სხეულისა ხარ, შენი სახლი ეს არის, მოგწონს თუ არ მოგწონს! მიხვალ, ისევ ბავშვი ხარ, და მტოვებ მე ხნიერს და ნაოჭებით მორთულს?!“

            ეჰ, უფალო, უფალო, სულ ამას გთხოვ, ნუ მტოვებ გაოგნებულს-მეთქი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ღამის სიზმრებში, რადგან სინათლისა ხარ, ანუ ერთადერთი, ვისაც არ გეკარება ლანდი თუ აჩრდილი და დღისით არარსებული ჩვენებების ჯარი! შენ კი აბა სადა ხარ, ჩემს სიზმარში რად არ ხარ, სადაც არავინა მყავს, სადაც დაუზოგავად მექცევიან, მტოვებენ, და მეც მარტო დარჩენილს მერევა გზა-კვალი.

ზემო მაღარო, აგვისტო, 2022

განწყობა

ღრუბლებით სავსე ცას გავყურებ. რა გამოვიცნო?

ყველანაირი ღრუბელია: მრუმეც და თეთრიც,

მოვარდისფეროც, ტყვიისფერიც, ვეებაც, მომცროც,

მარცხნიდან მარჯვნივ მიცურავენ როგორც ყოველთვის.

(მარცხნიდან მარჯვნივ მიდის ქვემოთ მდინარე ვერეც, მარცხნიდან მარჯვნივ მიდის მტკვარიც, – სულ ასე ვხვდები,

კაცმა არ იცის, რა განგებით, მუდამ იმ მხარეს,

სადაც მარცხნიდან მარჯვნივ მიდის სუყველაფერი).

ჩემი ფანჯარა, მიწყალობა რომელიც ქვეყნის

გამჩენმა, ახლა ავსებულა ცითა და დილით,

და ნახევარზე – სულ ახლახან გაფოთლილ ვერხვის

კენწეროთი და მზეგამტარი ფოთლების ბზინვით.

მაგრამ მათ ქვემოთ მომესაჯა დასვრილი მიწა,

ანუ ეს ქუჩა – ჭუჭყიანი და დაგრეხილი,

სად სიმახინჯეს შეჩვეული ბავშვები რბიან

და უპროტესტოდ ყვავის ზოგი ტურფა ხეხილიც.

ჩემმა ცხოვრებამ ჩაიარა ამ ფანჯარასთან,

(მარცხნიდან მარჯვნივ? ზემოთ-ქვემოთ, აქეთ და იქით?)

ვინ დაინახა გარედან და ვის დავემჩნიე?

ღრუბლებს თუ მტრედებს – შემოჩვეულთ გარე რაფაზე

დაყრილი ხორბლით? (მათ არ უყვართ სხვა რამ საკენკი).

ამდენი კითხვა? დავემსგავსე მართლა მარჩიელს.

განა არ იცი? გიყურებდა სამყარო ბევრი

თვალით, მეზობლის, მაგალითად, წინა სახლიდან,

თუ ქინძისთავის თავის ხელა თვალებით ჩიტის…

აღარ ჩამოვთვლი, და სულ ღია დიდ თვალზე ვიტყვი,

რომ გირეკლავს და გინარჩუნებს უძირო, სველი,

მაშინაც, როცა შენი ჟამი უკვე გავიდა.

სრულიად სხვაგან გასრულდება შენი იერი.

სადაც შენს სწრაფვას ედებოდა მიჯნა, – იქიდან

აგრძელებს ღმერთი და რამდენად ნაყოფიერი

იყო აქყოფნა – ვერასოდეს აქ ვერ გაიგებ,

შენი ამბავი იქ სრულდება, შორს, შორს მიწიდან.

მჯერა: უწყვეტი დაკვირვებით განარჩევს, არჩევს,

(თავის ვარსკვლავებს ახამხამებს განა ადვილად),

მარადისობის წიგნში ავსებს თვალუწვდენ სარჩევს,

მაგრამ დაფიქრდი, მომზირალო შენი ფანჯრიდან,

მართლა გსურს კიდევ, რომ სადმე და ვინმეში დარჩე?

2023, 14 აპრილი.

სულ ბოლოს

ანუ

ბაღიდან ბაღში

დაბადებისა და იოანეს გამოცხადების მიხედვით

ვეღარ შევაბიჯებთ პირველ ბაღში,

ბაღი აღარ არის – უდაბნოა.

ძალზე შორს წავიდა, მარტო დავრჩით, –

თუმცა გვეშველება შვილებს დაღლილთ,-

მამა, ჩვენს ლოდინში როა.

ღმერთო, ეს რა გზა გავიარეთ,

ლაქად რომ რჩებოდა ენებს შხამი,

ეკლებს კი ცოდვილი ხორცი გულის,

რატომ მივიწევდით მუდამ გარეთ,

რატომ არ ვეძებეთ დაკარგული.

მოვლენ ურჩხულები და ერქმევათ:

„საშინელება“ და „ტანჯვის ზარი“,

ცივ ძვლებს ცივი ძვლები შეეხლება,

კივილს – კივილი და სატკივარი.

დაშრეტილ მელნებთან მიეყრება

ურიცხვი კალამ-კალმისტარი

და წიგნებს ტექსტები წაეშლებათ,

ცოტა რამ დარჩება: დასტაქარი –

– ცეცხლი მოყვავილე – რასაც იღებს.

გადარჩევაა და ღია კარი.

უდანაშაულომ რა გაიგოს,

დამნაშავეებთან რატომ მოხვდა,

მწარედ მოელვარე სამართალი

მოგხრის, ვერ გაიგებ რა რად მოხდა.

მაგრამ გეუბნება სიტყვა ღვთისა,

ასე იქნებაო და არც იქნება,

განა ის სიკვდილით დაამთავრებს,

ვინც სიცოცხლეა და სიცოცხლისა?

იყო ვარამი და არ წაშლილა,

თუმცა ვერა ძალა ვერა რაზით

კეტავს ჩუმ სინაზეს, არ დაიშლის

სუსტი ძლიერებას სილამაზით.

ბაღი, ბაღი უყვარს მეფეთ მეფეს,

ყვავილ-ფოთოლი და მზის ნათება,

მიწის მუშაკი და მებაღეა,

მცოდნე ფესვების და წვენთა რბოლის,

უკვდავს მოკვდავები ენატრება.

უნდა გავაშენოთ სხვა წალკოტი,

დღემდე ყვავილები რაც ვახარეთ,

მათ არ შეხებია ყალბი ნოტი,

არ დაღერებია ქარაშოტი,

არ შეუსუნთქიათ რამ სამარე.

ცრემლი შეიშრე და მორწყე კარგად,

პატარა ყვავილი გულის ბაღში,

ნახავ დაგვილ მიწას და გადარგავ,

და მოვა გაზაფხული-ბავშვი,

მერე კარგი წვიმა იშხაპუნებს,

წვიმა, მეგობარო, ხომ გიყვარდა,

მამა რომ აკინძავს გაზაფხულებს,

ყოფნა გაიშლება ერთ დიდ ვარდად.

ალვად რომ ამწვანდა ძველი ჯვარი,

ოთხივე მდინარე განა მდორედ

მოდის, არამედ მოსჩქეფს თეთრად,

სისხლი აღარ წვეთავს, ის აქ არის,

ჩვენთან რომ უნდოდა და მოვიშორეთ.

აი, ჩვენი ბაღი – სასწაული,

რა დიდხანს გაგრძელდა და რა ძვირად

დაგვიჯდა მისი გახარება,

აღარც მიწა კვნესის, აღარც გული,

ახლა ერთმანეთი გვყავს და გვიყვარს.

2022, 3 დეკემბერი


[1] „… გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთისათვის“ – 1 პეტრ. 3:4.

© არილი

Facebook Comments Box