
არიან მთარგმნელები, რომელთა პროფესიული გზა კონკრეტული ავტორის შემოქმედებას (ან ტექსტს) გადაეჯაჭვება ხოლმე და რამდენი მწერალი ან ამავე მწერლის სხვა წიგნიც არ უნდა თარგმნონ, მათი სახელის წარმოთქმაზე სწორედ ის ერთი გახსენდება. ასეთია დავით წერედიანის მიერ თარგმნილი ვიიონის „დიდი და მცირე ანდერძი“, ელზა ახვლედიანისეული მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“, თომას მანის „ჯადოსნური მთა“ — დალი ფანჯიკიძის თარგმანში… ამ თხზულებებსა და მათ მთარგმნელებს შორის არსებული შინაგანი ჯაჭვი უზადო ნამუშევრებს მიღმაც იგრძნობა. კატია ვოლტერსსა და თანამედროვე პოლონელ მწერალ ოლგა ტოკარჩუკს შორისაც ასეთი უხილავი კავშირი გაიბა, რომელიც, არცთუ დიდი ხნის წინ, „წიგნები იაკობისა“-ს თარგმნით დაგვირგვინდა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ენას ფლობს და ბევრს კითხულობს, სწორედ ტოკარჩუკი აღმოჩნდა ის ავტორი, რომლის ნაწერებმაც სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება შეუცვალა და ბევრი რამ განსხვავებულად აჩვენა.
პირველივე ჯერზე იგრძნო ინტერესი, რომელიც ყოველ მომდევნო წიგნთან ერთად ღვივდებოდა. ცხადი იყო — ასე არავინ წერდა და არც მსგავსი თემებით ინტერესდებოდა. ოლგა ტოკარჩუკს აქვს უნარი, დაგანახოს ის, რაც რეალურ სამყაროს, საგნებს მიღმა ხდება. მას კი აღმოაჩნდა ნიჭი, ეს ყველაფერი ქართველი მკითხველისთვის მშობლიურ ენაზე გადმოეცა.
***
კატია ვოლტერსი გამორჩეული მთარგმნელია, რომელიც ამჟამად გერმანიაში, ფრაიბურგში ცხოვრობს. რამდენიმე ენიდან თარგმნის: ინგლისურიდან, გერმანულიდან, პოლონურიდან, ესპანურიდან, რუსულიდან და პირიქითაც. ბოლო წლებში მათ რიცხვს იდიშიც შეემატა.
სამშობლოსგან დაშორების მიუხედავად, აქაურობასთან კავშირი არ გაუწყვეტია. მეტიც — ორი ათწლეულია, ევროპასა და საქართველოს შორის ერთგვარი კულტურის ელჩად გვევლინება. მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანი უკავშირდება, რომელთაგან ყველაზე მსუყე წილი პოლონური ლიტერატურისაა. კატიას დახმარებით ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა, ოლგა ტოკარჩუკის, მარეკ ჰლასკოს, ურშულა ჰონეკის, მიკოლაი ლოზინსკის, დარიუშ სოსნიცკისა და სხვა ავტორთა ნაწერებს გასცნობოდა. საქართველოში პოლონური კულტურის პოპულარიზაციისა და ოლგა ტოკარჩუკის წიგნების ქართულად თარგმნისთვის პოლონურმა მხარემ გასულ წელს საპატიო მედლით დააჯილდოვა.
ამ არასრული ჩამონათვალის შემდეგ, რომლის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მისი, როგორც მთარგმნელის მიმართ ინტერესი ბუნებრივად ჩნდება. ხანგრძლივი საუბრისას შემოქმედებითი პორტრეტის დეტალები ნელ-ნელა იკვეთება, თუმცა ერთი ნიუანსი განსაკუთრებულად იპყრობს ჩემს ყურადღებას: წაკითხულით აღფრთოვანება და მისი გაზიარების მძაფრი სურვილი. ალბათ ამან განაპირობა კატია ვოლტერსის მთარგმნელად ჩამოყალიბება.
***
„ყველაფერი ლიტერატურის მიმართ ჩემი უსაზღვრო სიყვარულით დაიწყო. იმდენად აღმაფრთოვანებდა ლიტერატურა, თუ კარგ წიგნს წავიკითხავდი, განსაკუთრებით უცხო ენაზე, მინდოდა, სხვისთვისაც გამეზიარებინა ემოცია. მესამე კლასში ვთარგმნე ჰაინეს „ლორელაი.“ იმდენად შემძრა ამ ლექსმა, გადავწყვიტე, სხვებსაც სცოდნოდათ. აზრად არ მომსვლია, რომ შეიძლება ვინმეს უკვე ნათარგმნი ჰქონოდა. ვაჩვენე ჩემს მასწავლებელს, საოცრად კეთილშობილ ქალს. მახსოვს მისი სახე — თან ეცინებოდა, თან გაუხარდა ჩემი ასეთი მონდომება. მითხრა, – ძალიან კარგია, მაგრამ ეს საქმე მთლად ასე არ კეთდებაო.“
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. მოგვიანებით მაინც ისწავლა ამ საქმის „კეთება.“ მისი თარგმანების უცვლელი რედაქტორი და მეგობარი, ინა არჩუაშვილი, ხშირად აგულიანებდა, ხანაც სთხოვდა: რადგან ენებიც იცი და კალამიც გიჭრის, დროა, სერიოზულად მოეკიდო ამ საქმიანობასო. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო საკუთარი სიამოვნებისთვის თარგმნიდა ხოლმე, იოლი არ ყოფილა გადაწყვეტილების მიღება.
ერთ-ერთი ადრეული მცდელობა სტუდენტობისას ჰქონდა: პოლონელი მეგობრისთვის ესპანურიდან თარგმნა მარიო ბენედეტის „სულის მოთქმა,“ რომელიც ძალიან მოეწონა. პირველი ქართული თარგმანიც ესპანურიდან შეასრულა. ხელში ჩაუვარდა მარკესის მოთხრობები, რომელთაც ქართველი მკითხველი მაშინ არ იცნობდა. ადრეული ასაკიდან ელზა ახვლედიანით იყო შთაგონებული. თითქმის ზეპირად იცოდა „წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, თუმცა თავად ამაზე ფიქრიც კი ვერ წარმოედგინა. მთარგმნელები მისთვის ზეადამიანები იყვნენ, რომელთაც მოწიწებით შესცქეროდა. რამდენიმე კარგმა ლიტერატორმა ნამუშევარი მოუწონა, რამაც ცოტათი შემატა გამბედაობა.
***
პროფესიით იურისტია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ უყვარდა ლიტერატურა და ენებსაც მარტივად ითვისებდა, ოჯახის დაჟინებით ისეთი სპეციალობა ამჯობინა, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრებას გაუიოლებდა. სკოლის დასრულების შემდეგ ვარშავის უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. 17-18 წლის გოგონა, რომელმაც წიგნების მეტი არაფერი იცოდა და მხოლოდ ვირტუალურ-ლიტერატურული მოგზაურობების გამოცდილება ჰქონდა, ევროპაში მარტო უნდა წასულიყო საცხოვრებლად.
90-იანების დასაწყისია, ურთულესი დრო საქართველოში. ადამიანები უშუქობასა და შიმშილს ერთდროულად ებრძვიან. უცხოეთში გამგზავრება ლამის ერთადერთ ნათელ წერტილად ჩანდა მოჯადოებული წრის გასარღვევად. დედ-მამა, რომლებიც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით გამოირჩეოდნენ, მისდა გასაკვირად, არ შესწინააღმდეგებიან.
„უმწეობა და უსუსურობა იმ ეპოქის მშობლების ზოგადი ნიშანი იყო. ამიტომაც მიყვარს და ვთარგმნე ზვიად რატიანის ლექსი „მამები,“ რომელიც დროის პულსს ასახავს. ჩემი თაობის ადამიანებისთვის ეს არის საერთო მამა, რომელიც თავად ვეღარაფერს გიკეთებს და ბევრ რამეში გეთანხმება. ყველაფერთან ერთად, პასუხისმგებლობის ტვირთისგანაც თავისუფლდება.“
***
მოგვიანებით ავადმყოფი მამა, რომელიც უკვე გერმანიაში დაფუძნებულმა სამკურნალოდ წაიყვანა, მისი ლიტერატურული დებიუტის უნებლიე ხელშემწყობი გახდა: ღამღამობით ვერ ვიძინებდი, მეშინოდა, არაფერი გასჭირვებოდა. ვიჯექი ჩემთვის და ვწერდიო. ასე შეიქმნა რომანი — „იერიქონის ვარდი“, რომელმაც გზა თავისით გაიკვალა. ხელნაწერი აჩვენეს მის მომავალ რედაქტორს, ინა არჩუაშვილს, რომელსაც ტექსტი მოეწონა და გამომცემლობა „საუნჯეში“ მიიტანა. თავად ეს ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა რომანი ლიტერატურული პრემია „საბას“ მოკლე სიაში აღმოჩნდა. ასეთი დროც იყო. თუმცა ხვდებოდა, რომ წერაზე მეტად თარგმნა მოსწონდა და სურდა ერთი ენობრივი სივრციდან მეორეში გადმოეყვანა მწერლები, რომელთა შემოქმედებაც განსაკუთრებით ხიბლავდა. იმ პერიოდში ასეთი ოლგა ტოკარჩუკი გახლდათ. ვიდრე თარგმნიდა, თითქმის ოცდახუთ წელიწადს კითხულობდა. დღემდე ახსოვს პირველი შთაბეჭდილება.
„მეგობარმა მაჩუქა დაბადების დღეზე ოლგას რომანი „წიგნი დღისა და წიგნი ღამისა“, რომელმაც იმხანად მიიღო პირველი ნიკე — პოლონეთის პრესტიჟული ლიტერატურული პრემია. მალევე ძალიან პოპულარული გახდა. ერთ წელიწადში 40 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, რაც 1999 წელს წარმოუდგენელი ამბავი იყო. რა უცნაური ლიტერატურაა! — გავიფიქრე კითხვისას. ეს განცდა დღემდე მომყვება. ძალიან ნელა იკითხებოდა, როგორც ჭეშმარიტი „სლოუ ფუდი“. თანაც, ისეთ თემებზე წერდა, რაზეც მაშინ არავინ საუბრობდა: ფემინიზმზე, ეკოლოგიაზე, ცხოველთა უფლებებზე… თავის დროს ოცდაათი წლით მაინც უსწრებდა. ადამიანსაც სხვაგვარად აღიქვამდა. ძალიან განსხვავებული ხმა ჰქონდა და ამიტომაც გამაოცა“.
მერე სხვა წიგნებიც მოიძია და სულ კითხულობდა. ხვდებოდა, რომ საქმე ჰქონდა დიდ ავტორთან და მოუნდა, მის შესახებ ქართველ მკითხველსაც სცოდნოდა.
***
ისე აეწყო თავიდანვე, რომ თარგმნის იმას, რაც თავად მოსწონს. ამბობს, რომ მთარგმნელისთვის ეს ფუფუნებაა. ოლგა ტოკარჩუკის წიგნები სიის სათავეში აღმოჩნდა. მოთხრობებით დაიწყო, რომელთაც მალხაზ ხარბედია „არილში“ აქვეყნებდა. მერე შოთა იათაშვილმა „ახალ საუნჯეში“ დაბეჭდა. ორივე რედაქტორმა მაშინვე იგრძნო დიდი ლიტერატურის ძალა. იმ პერიოდში ტოკარჩუკი ჯერ არ იყო ნობელიანტი, თუმცა დაწერილი ჰქონდა რომანი „დაუდგომელნი“ და მთავარი წიგნი — „წიგნები იაკობისა.“
ოლგა ტოკარჩუკის Magnum opus 2014 წელს გამოქვეყნდა. ამავე წელს პოლონური პრემია — ნიკე მიიღო (რიგით მეორე), 2018 წელს კი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჯილდო გადასცეს. „ნარატიული წარმოსახვისთვის, რომელიც ენციკლოპედიური მონდომებით ასახავს საზღვრების კვეთას, როგორც ცხოვრების ფორმას“ — ასე ჩამოაყალიბა თავისი გადაწყვეტილება ნობელის კომიტეტმა. სწორედ „წიგნები იაკობისა“ იყო ის გამორჩეული ტექსტი, რომელმაც ნარატიული წარმოსახვა ძალიან მაღალ თამასამდე ასწია და ლიტერატურული და გეოგრაფიული საზღვრები ენციკლოპედიური მონდომებით გაარღვია.
***
„წიგნები იაკობისა“ (Księgi Jakubowe) ისტორიული რომანია, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან მოგვითხრობს წინააღმდეგობებით სავსე პოლონელი რელიგიური მოღვაწის, იაკობ ფრანკის და მასთან ერთად, იმდროინდელი ევროპის ნაწილის ისტორიას.
„პოლონეთი, XVIII საუკუნის მეორე ნახევარი, გამუდმებული ომები, სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა. ქვეყნისთვის ამ უმძიმეს ჟამს შორეული სმირნიდან პოდოლიეში ჩამოდის ახალგაზრდა ქარიზმატული ებრაელი იაკობ ფრანკი. იდუმალებით მოცული უცხოელის ქადაგება ებრაულ სამყაროს ორად ყოფს: ერთი ნაწილისთვის ის საშიში ერეტიკოსია, სხვებისთვის კი – მხსნელი, მესია, რომლის მიმდევართა რიცხვი დღითი დღე იზრდება. იბადება უცნაური დოქტრინა – ფრანკიზმი, რომელიც სულ მალე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის ისტორიაზე“ — ვკითხულობთ ანოტაციაში.
ეროვნებით ებრაელი ფრანკი საკუთარ თავს XVII საუკუნის ცნობილი კაბალისტისა და ცრუმესიის, შაბთაი ცვის რეინკარნაციად მიიჩნევდა. ქარიზმატულ ლიდერს ათასობით მიმდევარი ჰყავდა. 1759 წელს მათთან ერთად საჯაროდ მიიღო პოლონეთში კათოლიკობა, თუმცა ფარულად აგრძელებდა საკუთარი სექტანტური რიტუალების შესრულებას. თავისი მიმდევრებისთვის ცდილობდა გარკვეული ავტონომიის ან მიწის მოპოვებას (ოსმალეთის იმპერიაში ან ევროპაში), რაც მავანთ ებრაული სახელმწიფოებრიობის იდეის ადრეულ გამოვლინებად მიაჩნიათ.
იაკობ ფრანკი იუდაიზმში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და ხშირად უარყოფით ფიგურად რჩება მისი ერეტიკული სწავლებებისა და ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო. 1790 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ადამიანებმა მიივიწყეს მისი არსებობა, თუმცა ოლგა ტოკარჩუკის რომანმა ინტერესი ხელახლა აღძრა.
***
ამ თემაზე მუშაობა გამბედაობის გარდა კოლოსალურ შრომას მოითხოვდა. პირველ ყოვლისა, უამრავი წიგნისა და დოკუმენტის წაკითხვას, რასაც ავტორმა ექვსი წელიწადი მოანდომა. ამ ხნის განმავლობაში მის ცხოვრებაში ბევრმა წყალმა ჩაიარა. თავის ესეში, „როგორ იწერებოდა „წიგნები იაკობისა,“ აღწერს, როგორ შეიცვალა ამ დროის მანძილზე მისი ცხოვრება: რამდენჯერმე გამოიცვალა საცხოვრებელი და ბევრს მოგზაურობდა; დაენგრა ოჯახი და დაიწყო ახალი ურთიერთობა; დაკარგა ძველი მეგობრები და ახლები შეიძინა; გაიზარდა მისი ვაჟი. გარდაიცვალა მამა. ყველაფრის მიუხედავად, სადაც არ უნდა წასულიყო, თან დაჰქონდა მუყაოს ყუთები, რომლებიც სავსე იყო რომანისთვის განკუთვნილი მასალებით. დადგამდა გამოსაჩენ ადგილას და, უპირველესად, კედელზე კიდებდა გეოგრაფიულ რუკებს, პერსონაჟთა სიებს და სხვა საჭირო გამოსახულებებს. ამ ადამიანთა სახელები, კავშირები და წარმომავლობა, რომლებიც პატარ-პატარა ფურცლებზე ჰქონდა ჩანიშნული, ნელ-ნელა წიგნში ინაცვლებდა. იმატებდა რომანის მოცულობა და სიუჟეტის გეოგრაფიული არეალიც იზრდებოდა. პერსონაჟები მასთან ერთად მოგზაურობდნენ ან პირიქით — მათ გზას თავად მიჰყვებოდა. იმავე პროცესების გავლა მოუწიათ წიგნის მთარგმნელებსაც.
***
„როცა ასეთ მონუმენტურ ნაწარმოებთან გაქვს საქმე, კვლევის ეტაპი მნიშვნელოვანია. არ შეიძლება ამ წიგნს ეკვეთო, თუ სათანადოდ არ ფლობ ინფორმაციას. რა არის თარგმანი? პირველ ყოვლისა, ტექსტის გამოწვლილვით წაკითხვა. სულ ვამბობ, რომ არავინ ისე ყურადღებით არ კითხულობს ნაწერს, როგორც მთარგმნელი. სანამ მუშაობას შეუდგები, წიგნი შრეებად უნდა დაშალო, ყველა ფენა, ქსოვილი, ჩონჩხი აღმოაჩინო, რომ არსად არაფერი გაგეპაროს. ამ პროცესში ძალიან ბევრი საინტერესო მასალა დამიგროვდა. გაჩნდა „მთარგმნელის დღიურის“ დაწერის იდეაც.“
„მთარგმნელის დღიურში“ იმასაც აღწერს, როგორ მიიღო რომანის თარგმნის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მისტიციზმისგან შორსაა, ეს ისტორია რაღაცით ცდება რეალობას. ამბავი იმაზეა, ვენაში, ბერნსტაინის ექსპოზიციაზე მიმავალი, როგორ აღმოჩნდა მოულოდნელად კაბალასა და იაკობ ფრანკისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ჩაბნელებულ დარბაზში სინათლის მკრთალმა სვეტმა მიიყვანა წერტილამდე, სადაც ფოტოზე იაკობ ფრანკის ბეწვისქუდიანი პროფილი ისახებოდა. ამ პერიოდში წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდა. მისთვის ეს ერთგვარი ნიშანი აღმოჩნდა.
გამოფენიდან გამოსულმა დაურეკა ზვიად კვარაცხელიას, რომელთან ერთადაც სწორედ იმ დილით მსჯელობდა ტოკარჩუკის რომანების თარგმნაზე. შედარებით მომცრო და იოლად გასაგები ტექსტი შესთავაზა, მისი გული კი იაკობის წიგნებს ეკუთვნოდა. უთხრა კიდეც ამის შესახებ გამომცემელს, თუმცა, წიგნის სისქესა და თემატიკაზე ფიქრისას, შიში იპყრობდა. იაკობ ფრანკის გამოფენიდან გამოსული მიხვდა, რომ რომანი უნდა ეთარგმნა. ეს იქნებოდა ერთგვარი პატივის მიგებაც მამის ხსოვნისადმი, რომელიც კაბალით იყო დაინტერესებული და ამ თემაზე ბევრს კითხულობდა.
***
„წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ — ასეთია მისი სრული სახელწოდება და სთავაზობს მკითხველს, გაჰყვეს „შვიდი ქვეყნის საზღვართა გავლით ხუთ ენასა და სამ დიდ რელიგიაში მცირეთა ჩაუთვლელად“.
მასშტაბური და მულტიკულტურული ნაწარმოები რთული სქემითაა დაწერილი. მოქმედება ხუთ ქვეყანაში ხდება: რუმინეთში, ბულგარეთში, მაკედონიაში, საბერძნეთსა და თურქეთში — იმ დროისთვის არსებული საზღვრებითა და სახელწოდებებით, სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ, ენობრივ, ღირებულებით გარემოში. ეს არის ერთგვარი წიგნი-ენციკლოპედია, რომელიც მხატვრულ მხარესთან ერთად, მისტიციზმსა და გამონაგონთან შეზავებულ უამრავ ფაქტობრივ ცოდნას გვთავაზობს. ტექსტი შვიდი წიგნისგან შედგება და 900-ზე მეტ გვერდს მოიცავს. ნიშანდობლივია გვერდების დანომვრის პრინციპიც — უდიდესიდან უმცირესისკენ, რაც ებრაული კითხვის ტრადიციას შეესაბამება და იმის სიმბოლოდაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ დრო მხოლოდ წინ კი არ მიდის, შესაძლებელია მისი უკან დაბრუნებაც, რასაც არაჩვეულებრივად ახერხებს ლიტერატურა.
რომანს რამდენიმე საინტერესო და განსხვავებული მთხრობელი ჰყავს, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულია იაკობის ხანშიშესული დიდედაა — იენტა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება და იმ დღიდან, რაც გულზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ავგაროზს გადაყლაპავს, აწმყოსა და წარსულში მომხდარ თუ მომავალში მოსახდენ მოვლენებს უჩვეულო პერსპექტივიდან ხედავს. მისი თხრობის სტილი განსხვავებულია — ზედროული, დისტანცირებული მიწიერი ვნებებისგან, თითქოს ზემოდან დაჰყურებს კაცობრიობას და ჭეშმარიტების დანახვაში ეხმარება. ლიტერატორები მას „მეოთხე პირის მთხრობელს“ ეძახიან. მთარგმნელის აზრით, შესაძლოა, იენტა თავად ავტორი იყოს: არც ქალი, არც კაცი, არამედ, განყენებული, ცალკე მდგომი ძალა. ტოკარჩუკი ამით თითქოს მიგვანიშნებს, რომ ისტორიის სრულყოფილად დანახვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მას ინდივიდუალური „მე“-ს ჩარჩოებიდან გავიყვანთ.
***
მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესი ნაწილობრივ პანდემიას დაემთხვა და ჩაკეტილ სივრცეში მოუწია ყოფნა, რომანმა არაერთ ქვეყანასა და სივრცეში ამოგზაურა. ეს იმ ტრადიციის გაგრძელებას ჰგავდა, რომელიც წლების წინ, ბავშვობაში წამოიწყო — გადაშლიდა წიგნს და ხან შვეიცარიაში იყო, ხან ამერიკაში და ხანაც აფრიკის რომელიმე უდაბნოში. მოგვიანებით, გერმანიაში აღმოაჩინა, რომ ამ პროცესს თავისი სახელი აქვს.
„Sesselreisen — „სავარძლით მოგზაურობა“ — ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობაა. მთელი მსოფლიო მოვიარე წიგნებით ისე, რომ სავარძლიდან არ ავმდგარვარ. იმ პერიოდში კითხვა საზღვრის გარღვევის, რაღაცის შეცნობის ერთადერთი საშუალება გახლდათ, იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერსად წახვიდოდი. არადა, თავიდანვე ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. განსაკუთრებით მინდოდა იმ ადგილების მონახულება, რომლებზეც ტექსტები მიყვებოდა. ვიტანჯებოდი, რომ არ მქონდა ნანახი ლუბეკი, დავოსი… ჩვენ ხომ იმ შეგრძნებით ვიზრდებოდით, რომ იქ ვერასოდეს აღმოვჩნდებოდით. ამიტომ, როგორც კი მომეცა საშუალება, გავბედე და წავედი.“
მოგვიანებით, მოგზაურობა მისი ცხოვრების ნაწილი გახდა — დროსა და სივრცეში, აწმყოსა და წარსულში ხეტიალი წიგნებითა და მათ გარეშე. მოგზაურობა არის ოლგა ტოკარჩუკის რომანის ერთ-ერთი ძირითადი თემაც, ოღონდ ამ სიტყვის ფართო და ზოგჯერ არცთუ სასიამოვნო გაგებით: იაკობისა და მისი იმ თანამოაზრეების გადაადგილება, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ თუნდაც ერთი სოფელი, სადაც დასახლდებიან, დამკვიდრდებიან ისე, რომ არავინ განდევნის, საოცრად ეხმიანება დღევანდელობას — მთელი ერების აყრას და გადაადგილებას, რაც განპირობებულია გეოპოლიტიკური ცვლილებებით — ომებით, კონფლიქტებით, დაპირისპირებებით. ამ მხრივ „წიგნები იაკობისა“ ძალზე თანამედროვეა და მკითხველს ბევრ რამეზე დააფიქრებს.
ამბობს, რომ ეს თემა მისთვისაც ნაცნობია: რაღაც თვალსაზრისით, თავადაც უცხოა იმ გარემოში, სადაც დღეს უწევს ყოფნა, თუმცა ეს დისკომფორტს არ უქმნის. მიყვარს კიდეც ეს უცხოობა, რადგან, როგორც იაკობ ფრანკი ამბობს — როცა ხარ უცხო, თავისუფალი ხარო.
***
ტექსტი მოგზაურობაა ლინგვისტურ სამყაროშიც — ერთგვარი ბაბილონის გოდოლი. წიგნის გმირები სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ, იმის მიხედვით, რომელ ქვეყანასა თუ გარემოში ცხოვრობენ და ვინ არიან.
პერსონაჟები პოლონურად, გერმანულად, რუმინულად, თურქულად, იდიშსა და ლადინოზე (ესპანეთიდან დევნილი ებრაელების ენა) საუბრობენ; იყენებენ ივრითს რელიგიური და მისტიკური ტექსტებისათვის. განათლებული ადამიანები და სასულიერო პირები ხშირად ლათინურსა და ფრანგულს მიმართავენ. იაკობ ფრანკის მსგავსად, ერთად რამდენიმე ენასაც გადასწვდებიან. ამ ყველაფრის თარგმნა ურთულესი იყო, რადგან თითოეული გმირი და ვითარება თავისი სტილის და ენობრივი ქსოვილის შერჩევას ითხოვდა.
„სხვათა შორის, ქართულმა მშვენივრად ატარა ეს ტექსტი, განსაკუთრებით ის მონაკვეთები, სადაც აღმოსავლეთია აღწერილი: ბაზრები, ქარავნები, ვაჭრები… ძალიან მოუხდა ჩვენი მდიდარი და ხატოვანი მეტყველება. სულ სხვანაირად დაიხატა ყველაფერი. უფრო საგრძნობი გახდა სუნი, ფერი, მზის ელვარება. ეს თემატიკა ქართველმა კარგად იცის და თავისუფლად შეგიძლია აუხსნა.
გაცილებით მძიმე იყო იმ სამეფო კარის ეპიზოდები, რომელიც იმ სახით, როგორც ჰაბსბურგების იმპერიაშია, ჩვენთან არ არსებობდა. მარია-ტერეზიას კარს რომელიმე ქართველი მეფისას ვერ შევადარებთ, ამიტომაც ავსტრია-მორავიას ამბების თარგმნა ცოტა გართულდა. განსაკუთრებით, ეტიკეტთან დაკავშირებული საკითხები: საქართველოში ასეთი ეტიკეტი არ ყოფილა, შესაბამისად, არც მიმართვის მსგავსი ფორმები გვქონდა. წიგნში ვხვდებით ავგუსტ დიდის სამეფო კარის კანცელარიიდან გამოსულ ოფიციალურ წერილს — საოცრად ჩახუჭუჭებული, ურთულესი ტექსტია. შინაარსობრივად ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენთან ასე არასდროს არავის მიმართავდნენ, მათ შორის, მეფეებსაც. ამიტომაც თავაზიანობის ფორმები გახდა თითქმის თავიდან შესაქმნელი. ფაქტობრივად, ენის გამოგონება მოგვიხდა“.
***
ჩვენგან განსხვავებით, გაუმართლათ გერმანელებს, რომელთაც არაფრის გამოგონება დასჭირვებიათ — დეტალურად აღწერილი დახვდათ ყველაფერი. ამაზე იზრუნეს მათმა წინაპრებმა.
„გერმანელებს უამრავი ლექსიკონი აქვთ. მათ შორის, არაჩვეულებრივი განმარტებითი, რომლის შედგენასაც XIX საუკუნეში ჩაუყარეს საფუძველი ძმებმა გრიმებმა. მასში სიტყვები არა მხოლოდ ახსნილია, არამედ, დათარიღებულიც — შეგიძლია ჩაიხედო და ნახო, გამოიყენებოდა თუ არა კონკრეტულ წლებში ესა თუ ის გამოთქმა. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დამაჯერებელს ხდის თარგმანს. განსაკუთრებით, როცა პერსონაჟები მორავიასა და ავსტრიაში იმყოფებიან.
გარდა ამისა, არსებობს უამრავი ლიტერატურა, სადაც დააზუსტებ, როგორ ლაპარაკობდნენ XVIII საუკუნის დასაწყისის მორავიაში. რამდენიმე სიტყვის გადმოტანაც კი ენობრივ ქსოვილს უფრო ცოცხალსა და ავთენტურს ხდის. ჩვენ მსგავსი ფუფუნება არ გვქონია. ამიტომ, რისი საშუალებაც მოგვცა ჩვენმა უსაზღვროდ და უანგარიშოდ მდიდარმა ენამ, ის გამოვიყენეთ.“
კიდევ ერთი დეტალი, რამაც გერმანული თარგმანი გაამდიდრა და რის გამოც კეთილი შურით შურდა იქაური მთარგმნელების, ებრაელთა მეტყველებაში იდიშის გამოყენებაა: ორ-სამ დამახასიათებელ სიტყვას მეყსეულად მათ სამყაროში გადაჰყავხარ. სტილის თვალსაზრისითაც მომგებიანია. ევროპელი აშკენაზებისგან განსხვავებით, ქართველ ებრაელებს თავიანთი ენა არ ჰქონიათ, ამიტომ ვერც ეს ხერხი გამოიყენა, თუმცა, საბოლოოდ, არაჩვეულებრივი თარგმანი გამოვიდა, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანმა შემფასებელმა, ზურაბ კიკნაძემ დაუდასტურა. იმ პერიოდში მეცნიერი უკვე ავადობდა და ბევრის თქმა ვეღარ მოახერხა. ის კი მისწერა, რომ წაიკითხა წიგნი და ძალიან მოეწონა. „ხასიდური სიბრძნის“ ავტორის ეს სიტყვები მისთვის ნებისმიერ ჯილდოზე მეტი იყო, რადგან ეკუთვნოდა ადამიანს და არაჩვეულებრივ მთარგმნელს, რომელმაც ამ სამყაროს შესახებ ყველაფერი იცოდა.
***
მიიჩნევს, რომ ეს რომანი მკითხველისგან არ მოითხოვს განსაკუთრებულ მომზადებას, უბრალოდ, მწერალს უნდა მიენდო, აიკიდო აბგა და ამ დიდ მოგზაურობაში აედევნო. არც ტექსტის სიდიდის შეგეშინდეს, იმიტომ, რომ მისი კითხვა წარმოუდგენელი სიამოვნებაა.
„ოლგამ ააგო საინტერესო კონსტრუქცია და მას ხშირად ვადარებ მუსიკალურ ნაწარმოებს. გამორჩეული პიანისტები, რომელთაც ნაწარმოების პარტიტურით აღქმა შეუძლიათ, ამბობენ, რომ ბეთჰოვენის 110-ე სონატას ვარდის ფორმა აქვს: ერთი ფრაზით იწყება, რომელიც პატარ-პატარა ტალღებად ვრცელდება. ყოველ მომდევნო ჯერზე მათი გავრცელების არეალი ოდნავ იზრდება და ასე გრძელდება, ვიდრე ფრაზების ერთობლიობა ვარდის სახეს არ მიიღებს.
რომანის კონსტრუქციაც ამას ჰგავს: ოლგა ჰყვება რაღაც ამბავს, სადაც თითქმის ვერაფერს იგებ, უბრალოდ, უნდა აღიქვა, დაიმახსოვრო; მომდევნო წრეზე უბრუნდება ამ ამბავს და განავრცობს — ცოტა უფრო მეტ ინფორმაციას გაწვდის პერსონაჟებზე; ასე გრძელდება ეტაპობრივად. ბოლოს კი აბსოლუტური ზენიტია, როცა ყველაფერი ლაგდება და ერთ მთლიან სურათს ხედავ. ამიტომაც ვამბობ, ნუ გეშინიათ, გადაშალეთ რომანი, გაჰყევით ავტორს, თხრობას და ბოლოში ჯილდო გელოდებათ.
ერთგან ვთქვი, რომ ეს წიგნი სეზამის მთას ჰგავს, საიდანაც იმდენ ოქროს, ამ შემთხვევაში — ცოდნას გამოიტან, რამდენის ზიდვაც შეგიძლია. საოცარი საკითხავია. დადიხარ, დაჰყვები ადამიანებს საუცხოო ქვეყნებში, ეცნობი მათ კულტურას, ადათ-წესებს. ეს ყველაფერი მკითხველისთვის უდიდესი გამოცდილებაა.“
***
პოლონეთში ტოკარჩუკის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ქვეყანა ორადაა გახლეჩილი: ერთნი ეთაყვანებიან, აღიარებენ მის სიდიდეს, თუმცა ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. ძირითადად, ნაციონალისტურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იაკობის წიგნებით ტოკარჩუკმა საკუთარი ბუდე დააბინძურა.
„ოლგამ ეს წიგნი გულწრფელად დაწერა. მან აღწერა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში არავინ საუბრობდა. პოლონურ ლიტერატურაში ებრაელები საერთოდ არ ჩანდნენ. არადა, ეს იყო მაშინდელი პოლონეთ-ლიტვის სამთავროს მნიშვნელოვანი ნაწილი. დიდი კლასიკოსები, მაგალითად, სენკევიჩი, ამ თემებს გაურბოდნენ. მათთან მხოლოდ გმირ პოლონელებს ვხედავთ. რასაკვირველია, არიან კიდეც გმირები. პოლონელები საოცარი ხალხია — თავისუფლების მოყვარული, ამაყი, მებრძოლი, მაგრამ პარალელურად, ასეთი საყურადღებო ამბები იჩქმალებოდა. ისიც ფაქტია, რომ გაუნათლებელი ეპისკოპოსები არსებობდნენ. ზოგიერთი სვამდა, აზარტული თამაშებით ერთობოდა… მათი არცთუ ჰუმანური დამოკიდებულება სხვა ადამიანებთან, მათ შორის, ებრაელებთან, დოკუმენტებში დასტურდება.“
რომანში მოყვანილი ყველა დოკუმენტი ციტირებულია ორიგინალიდან. ნებისმიერს შეუძლია არქივებში მათი მოძებნა. მათ შორისაა ერთი ეპისკოპოსის წერილი, რომელიც, მისივე სიტყვებით, დარბევისას მოკლული ბავშვის საფლავზე ეპიტუპტიკუმს უკვეთავს. ამ უცნაურმა სიტყვამ მთარგმნელი დიდხანს აწვალა. ვერც ერთ ლექსიკონში რომ ვერ იპოვა, სასულიერო პირებს შორის არსებულ ჟარგონადაც კი მიიჩნია. კარგა ხნის ძებნის შემდეგ არქივში მიაგნო ამ ადამიანის ბიოგრაფიას. გაირკვა, რომ მას არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი განათლება. ენების ჯეროვნად არცოდნის გამო, ძველი ბერძნული და ლათინური სიტყვები შეაერთა და რაღაც, მხოლოდ მისთვის გასაგები უცნაურობა გამოუვიდა. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, იცოდა ოლგამაც, რომელმაც არქივში ნანახიწერილი წიგნში უცვლელად გადმოიტანა.
***
„წიგნები იაკობისა“ გერმანიაში დიდი ინტერესით წაიკითხეს. თქვეს, რომ ამ ტექსტით მათთვის მნიშვნელოვანი რამ მოხდა: თითქოს ვიღაცამ ფარდა ასწია და საოცარი სამყარო გამოჩნდა. ბევრი რამ შეიტყვეს ხალხზე, რომელიც საუკუნეებია, მათ გვერდით ცხოვრობს, თუმცა არ იცოდნენ, შიგნით რა პროცესები ხდებოდა.
ცნობისმოყვარე გერმანელებს წიგნი მოეწონათ.საერთოდაც, აფასებენ ოლგას შემოქმედებას. იმასაც აღიარებენ, რომ ეს არ არის „ფასტფუდი“ — გააზრებას დრო სჭირდება. ზოგადად, ტოკარჩუკის ყველა ტექსტი ასეთია.
„ისეთ წიგნებს წერს, წაკითხვის შემდეგაც თავს რომ არ განებებს და ბუნებრივიცაა, რადგან ნამდვილმა ხელოვნებამ ყოველთვის უნდა გამოიწვიოს ემოცია. შეგძრას, აღგაშფოთოს, სხვა შემთხვევაში, ფიქციაა. ეს რომანი არასოდეს გტოვებს. სულ მასზე ფიქრობ. უამრავი რამ აღმოვაჩინე თარგმნის შემდეგაც. იმდენად მრავალშრიანია, რომ შეუძლებელია, მაშინვე მოერიო, მაგრამ თუ ჩაუღრმავდები ამ ყველაფერს, ბევრ მნიშვნელოვან რამეს ისწავლი. თანაც, ოლგა ის მწერალია, რომელიც ცვლის მკითხველის თვალთახედვას. მე, მაგალითად, „დაუდგომელნის“ წაკითხვის შემდეგ იგივე ადამიანი აღარ ვარ, სულ სხვანაირად ვხედავ სამყაროს.“
***
„დაუდგომელნი“ (2007) შედარებით ძველი წიგნია, მაგრამ უნდოდა აუცილებლად ეთარგმნა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ოლგა ტოკარჩუკის მსოფლმხედველობის კვინტესენციაა.
ეს არ არის ტრადიციული რომანი. არა აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, არც კლასიკური დრამატურგიული განვითარება. ტექსტი თითქოს ერთი დიდი სამყაროა, რომელიც შედგება პატარ-პატარა ფაზლებისაგან: მოგზაურის ჩანაწერები, მინიატურული ამბები, ანატომიური რეფლექსიები, ისტორიული ანეკდოტები. პერსონაჟები მუდმივად გადაადგილდებიან: აეროპორტებში, მატარებლებში, გზებზე. ნაწარმოების ცენტრალური თემა არის მოძრაობა — როგორც ფიზიკური, ისე ეგზისტენციალური. მოძრაობა თავისუფლების, გადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ფორმად გვევლინება. თითოეული ფრაგმენტი თითქოს დამოუკიდებელია, მაგრამ მათ შორის უხილავი კავშირები იკვეთება. ამ დაქსელილი, არასწორხაზოვანი აგებულების გამო, ტექსტი თანავარსკვლავედს ემსგავსება: „რომანი — თანავარსკვლავედი“ — ასე უწოდებს კიდეც მას ავტორი, სადაც ცალკეული „ვარსკვლავები“ მხოლოდ მკითხველის ინდივიდუალური აღქმით ერთიანდება.
„საინტერესო ტექსტია, საფიქრალი. ცოტა თავსატეხიც. კარგად ასახავს ადამიანურ ბუნებას. ჩანს, რომ ავტორი ფსიქოლოგია და ცხოველებსა და ეკოლოგიასთან ერთად, მისთვის ადამიანიც მნიშვნელოვანია. ზოგადად, ოლგა ტოკარჩუკი ადამიანური მწერალია. მისი გლობალური მსოფლმხედველობა დღეს განსაკუთრებით საჭიროა, რათა ჩვენი ნაჭუჭიდან გამოვიდეთ და თვალი გავუსწოროთ რეალობას. თავად ფორმატიც სასიამოვნოა: შეგიძლია სათითაოდ იკითხო ეს პატარ-პატარა ჩანაწერები და დაფიქრდე, გაიაზრო, რა უნდა, რაზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას. ყველაფერთან ერთად, გასწავლის დაინახო ის, რაც შიშველი თვალით არ ჩანს და საერთოდაც, მოგინდეს დაფარულის დანახვა. ჩემთვის ძალზე ახლობელი წიგნია და მინდა, ბევრი მკითხველი ჰყავდეს.“
***
ოლგა ტოკარჩუკის თითოეული ახალი წიგნი მკითხველისთვის ერთგვარი გამოცანაა — არ იცი, რას შემოგთავაზებს. ასე მოხდა „ემპუსების ნადიმის“ (Empuzjon) შემთხვევაში (ქართულ ვერსიაში ორიგინალის სათაური შეიცვალა, რადგან მკითხველისთვის პლატონთან, მის „სიმპოსიონთან“ უნდა ასოცირდებოდეს, რაც ქართულ თარგმანში „ნადიმია“), რომელმაც ევროპაში ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა. განსაკუთრებით საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, სადაც ტექსტში აღწერილი თემები ძალზე აღელვებთ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ წიგნის წარდგენა, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ლიტერატურულ სივრცეში უნდა გამართულიყო, დამსწრეთა სიმრავლის გამო, სტადიონზე გადაიტანეს. შეხვედრაზე, რომელიც ხუთ საათს მიმდინარეობდა, ოთხი ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა, რომელთაც ეს წიგნი ჰქონდათ წაკითხული. საღამო ავტოგრაფების რამდენიმესაათიანი გაცემით გაგრძელდა. მსგავსი სიგიჟე ლიტერატურულ ტექსტს კარგა ხანია არ მოჰყოლია. რომანი არაერთი ქვეყნის ლიტერატურულმა გამოცემამ შეაფასა, წამყვანმა კრიტიკოსებმა რეცენზიები დაწერეს.
საინტერესოა, რომ ბევრი პოლონელი ლიტერატორი, რომლებიც ტოკარჩუკის წინააღმდეგაა განწყობილი, მისი წერის სტილით უკმაყოფილოა — ზედმეტად მშრალი და არამხატვრული ეჩვენებათ. თავად ოლგასთვის სათქმელი უფრო მნიშვნელოვანია და ის, რომ მკითხველამდე მიიტანოს საკუთარი მსოფლმხედველობა. მიიჩნევს, რომ მხატვრული წერის დიდოსტატები უკვე არსებობდნენ და ვისაც ენის სილამაზით ტკბობა უნდა, მათ ტექსტებს მიმართავს. ამ ფონზე „ემპუსების ნადიმი“ მთარგმნელებისთვისაც მოულოდნელობა აღმოჩნდა.
„დავიწყე ციფრული ვერსიის კითხვა, რომელიც ავტორმა გამოქვეყნებამდე გამოგვიგზავნა და პირველივე გვერდებიდან შევცბი: თითქოს სულ სხვა მწერალი დამხვდა. სატიტულო გვერდიც კი შევამოწმე, ხომ არ მეშლებოდა. საერთოდ არ ჰგავდა ოლგას შემოქმედებას. ამასთან, ამბავიც მეცნობოდა, ენაც… მალევე გამინათდა გონება — ეს იყო „ჯადოსნური მთა.“
***
თომას მანის „ჯადოსნურმა მთამ,“ უამრავი მკითხველის მსგავსად, თავის დროზე ოლგა ტოკარჩუკზეც დიდი გავლენა მოახდინა. რამდენჯერმე წაიკითხა, თუმცა აღფრთოვანების მიუხედავად, ავტორს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა. მოგვიანებით გადაწყვიტა, ამ წიგნის გამოსვლიდან ასი წლის თავზე, „ჯადოსნური მთის“ საკუთარი ვერსია დაეწერა, სადაც იმ თემებს წამოწევდა, რაც თავიდანვე მიუღებლად მოეჩვენა. მათ შორის, ქალების მიმართ დამოკიდებულება.
მნიშვნელოვანია, რა სახით იტყოდა თავის სათქმელს. გადაწყვიტა, რომ ეს უნდა ყოფილიყო პასტიში — მხატვრული ფორმა, რომელიც შეგნებულად ჰბაძავს სხვა ავტორის სტილს, ჟანრს ან კონკრეტულ ნაწარმოებს, მაგრამ პაროდიისგან განსხვავებით, არ იყენებს დაცინვას ან ირონიას. პასტიში ხშირად ინტელექტუალური თამაშია — კონკრეტული მწერლისადმი ერთგვარი ლიტერატურული გამოწვევა. ამ შემთხვევაში, ეს გახლდათ თომას მანი.
„მთარგმნელებთან შეხვედრისას, როცა ოლგამ გვთხოვა, არ დაგვეკარგა მისი იუმორი, მხრები ავიჩეჩეთ, რადგან „ემპუსიონი“ ასე იუმორისტულადაც არ მოგვეჩვენა. მერე ახსნა, რომ ეს არის პასტიში, რაც თარგმანში უნდა იგრძნობოდეს.
ჩემი ტექნიკა „ჯადოსნური მთის“ ქართულ ვერსიას დაეფუძნა. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს დალი ფანჯიკიძის არაჩვეულებრივი თარგმანი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს საზოგადოება. „ემპუსების ნადიმზე“ მუშაობისას გამუდმებით ვკითხულობდი: უნდა დამეჭირა იგივე რიტმი, გამომეყენებინა ინტონაცია, რადგან მკითხველი უნდა მიხვდეს, რომ ამ ტექსტში ვეთამაშებით თომას მანს. უფროსი თაობის რამდენიმე წარმომადგენელმა, რომელთაც ოლგას განზრახვის შესახებ არაფერი იცოდნენ, წაკითხვისთანავე მითხრა, რომ ნაწარმოები ძალიან ჰგავს „ჯადოსნურ მთას.“ მესიამოვნა, რადგან ჩანაფიქრიც ეს იყო — მიბაძვა.“
ამ თემაზე წერა დიდ სითამამეს მოითხოვდა ავტორისგან, რომელიც რომანით იმდროინდელ ევროპაში არსებულ ღირებულებებს დაუპირისპირდა. აღმოჩნდა, რომ ერთი საუკუნის გასვლის მიუხედავად, იმავე წრეზე ვტრიალებთ, თითქმის არაფერი შეცვლილა.
სიუჟეტი 1913 წელს, მთის კურორტზე ვითარდება. ავტორი ნაცნობ მოდელს იყენებს: სანატორიუმში შეკრებილი მამაკაცები მსჯელობენ პოლიტიკაზე, მეცნიერებაზე, კულტურაზე. მათი ინტელექტუალური საუბრები ხშირად სავსეა ქალთმოძულეობით, „რაციონალური“ არგუმენტებით, რომლებიც სუსტი სქესის არასრულფასოვნებას ამტკიცებს. ტოკარჩუკი თითქოს შეგნებულად უთმობს სივრცეს მსგავს ხმებს. მეორე მხრივ, სწორედ ამ გადაჭარბებით ამხელს მათ აბსურდულობას.
თომას მანისგან განსხვავებით, მწერალს ტექსტში მითოლოგიური თემატიკაც შემოაქვს: ძველი ბერძნული მითოლოგიის დემონური არსებები — ემპუსები, რომლებიც ღამის, ქვესკნელისა და მაგიის ქალღმერთ ჰეკატეს უკავშირდებიან, მხოლოდ ზებუნებრივი ძალები არ არიან. ტოკარჩუკთან ისინი ჩახშობილი, დემონიზებული ქალურობის სიმბოლოცაა. ამასთან, პარალელური სამყარო, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს პატრიარქალურ მიდგომას და მის მიერ ქალის, როგორც პირველსაწყისის გაუფასურების მცდელობას.
***
დანარჩენების მსგავსად, ამ წიგნზე მუშაობამ მისი მთარგმნელობითი უნარები კიდევ უფრო გაამდიდრა. თითოეული განსხვავებული გამოცდილება იყო.
„დიდ ავტორებს აქვთ ეს თვისება — ერთ სტილში არასოდეს წერენ. გამუდმებით გაოცებენ და ცდილობ, მათ რიტმს აჰყვე. ტოკარჩუკი ამითაც საინტერესოა.“
ტოკარჩუკის შემდეგ ურშულა ჰონეკი თარგმნა, რადიკალურად განსხვავებული მწერალი, უფრო ზუსტად კი, პოეტი, რომელიც რამდენიმე წელია პროზაზე გადავიდა. „თეთრი ღამეები“ სამიოდე წლის წინ დაიწერა და ბუკერის მოკლე სიაში მოხვდა. წაიკითხა და აღფრთოვანდა. გადაწყვიტა ეთარგმნა.
ამ წიგნში უმძიმესი თემები შემოდის — სიკვდილის ყველა ელფერი, მისი ყველა ფორმა. ცოცხლად სიკვდილიც კი — როცა ადამიანი ცოცხალია, მაგრამ შინაგანად — მკვდარი; ებრაელების თემასაც ეხება. „ყველაფერთან ერთად, იგრძნობა პოეტის ნაწერი — ძალიან დაწურული და კონდენსირებული ტექსტია. არც ერთი მძიმე, არც ერთი წერტილი არ არის ზედმეტი. სიტყვაზე აღარაფერს ვამბობ. ცოტათი გოდერძი ჩოხელს ჰგავს — უაღრესად მგრძნობიარე, უსაზღვროდ სევდიანი, მაგრამ, ამავე დროს, უსაზღვროდ ადამიანურია. ამან მომხიბლა. რთული სათარგმნი იყო, მაგრამ მგონია, რომ გამომივიდა.“
***
სულ აწუხებდა ის ამბავი, რომ მთარგმნელისთვის საჭირო სპეციალური განათლება არ მიუღია.ენასთან მუშაობის აკადემიური გამოცდილება მის ცხოვრებაში მოგვიანებით, იდიშისტიკის სწავლასთან ერთად შემოვიდა, ამიტომ თარგმანის თეორიის შესახებ უამრავ წიგნს კითხულობდა. რაღაც ეტაპზე მიხვდა, რომ მთარგმნელობა მთლიანად ენის შეგრძნება და ინტუიციაა, რასაც, თუ შინაგანად არ ფლობ, ვერ ისწავლი. ამ საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება აქვს, რაც ხშირად არსებულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
ბოლო დროს ევროპასა და ამერიკაში გაჩნდა ტენდენცია — მთარგმნელი, როგორც თანაავტორი, რაც ამ ადამიანების ჩრდილიდან გამოყვანას, პოპულარიზებას და ტექსტის სრულუფლებიან წევრად წარმოჩენას გულისხმობს. მათ გვარებს ყდაზეც აწერენ, რასაც არ ეთანხმება. ჰგონია, რომ მთარგმნელი უჩინარი უნდა იყოს.
„დღეს ამის თქმა გამბედაობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მთარგმნელის ხმა არ უნდა ისმოდეს. თუ წიგნის კითხვისას მკითხველი მიხვდა მის ვინაობას, ჩემთვის არ არის კარგის ნიშანი. იმიტომ რომ, თარგმანში მწერალი უნდა ლაპარაკობდეს თავისი სტილით, თხრობის მანერით, სიტყვების მარაგით.
იყო ასეთი პიანისტ-აკომპანიატორი ჯერალდ მური. 1962 წელს დაწერა ავტობიოგრაფია, რომელსაც დაარქვა — „ზედმეტად ხმამაღლა ხომ არ ვუკრავ?“ ეს იყო ფრაზა, რომლითაც იწყებდა მომღერლებთან მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად უკრავდა, იცოდა თავისი ამოცანა — მომღერლის ხმა არ უნდა გადაეფარა. ჩვენს ხელობაშიც (თუმცა, ხელოვნებადაც მივიჩნევ) ასეა, მთავარი არის მწერალი. მნიშვნელოვანია, ქართველი მკითხველი აღფრთოვანდეს ოლგა ტოკარჩუკით, ისააკ ზინგერით, მარეკ ჰლასკოთი ან სხვებით, ვისაც ვთარგმნი. არ არის საჭირო, იცნობდეს ჩემს მოკრძალებულ ფიგურას.“
***
როდესაც აანალიზებს, პროფესიული უნარების გარდა, რა არის აუცილებელი მუშაობისას, პირველი, რაზეც ყურადღებას ამახვილებს, მწერლის ბიოგრაფიაა. მთარგმნელი კარგად უნდა იცნობდეს კონკრეტული ავტორის ცხოვრებას, შეხედულებებს, რომ სწორად გამოიცნოს მისი არჩევანი, განწყობა.
„ყველაზე რთული განწყობის თარგმნაა — მსუბუქი ირონიის, სტრიქონებს შორის ჩამალული ქვეტექსტის. ამის ამოსაცნობად ძალიან კარგად უნდა იცნობდე ხელოვანს. იკითხო მისი წერილები, ჩანაწერები… შინაგანი კავშირიც მნიშვნელოვანია. მწერალსა და მთარგმნელს შორის უხილავი ძაფები უნდა იბმებოდეს, რათა საჭირო მომენტში, როცა კონკრეტული ფრაზის თარგმნაზე დაფიქრდები, მიხვდე, რას დაწერდა, რომელი სიტყვა უფრო ორგანული იქნებოდა. სხვა შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტიც მოახერხებდა თარგმნას.“
საბედნიეროდ, ამ საქმეში ადამიანს ვერავინ ჩაანაცვლებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. მით უფრო, თუ პიროვნება მოწოდებით მთარგმნელია. ისეთი, როგორიც კატია ვოლტერსი.
© არილი