რეცენზია

ხათუნა ცხადაძე – „ლა გრაცია“

ვამბობდი, ცოტა მომბეზრდა-მეთქი სორენტინო, მაგრამ აზრი შევიცვალე. ჩემთვის ეს საუკეთესო სორენტინოა. ეს ფილმი ინსტიტუციებზეა, ღირსებაზეა, პასუხისმგებლობაზეა, იმაზე, რომ რაც არ უნდა ძნელი და მტკივნეული იყოს გადაწყვეტილება, ინსტიტუციური ფიგურა მას თავიდან ვერ აირიდებს, ვერავის დაუტოვებს და შეაჩეჩებს იმას, რაც მისი გადასაწყვეტია და თან მოუწევს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე.

„ხალხს უყვარხარ.“ ეუბნება ქალიშვილი პრეზიდენტს. „არა. ხალხს კანონიერება უყვარს.“  კი, ასეა, ხალხს კანონიერება უყვარს, თუმცა ძალიან უყვარს გამბედაობაც. ფილმიც ამასაც გვასწავლის: ღირსეული ინსტიტუციური ფიგურა არა მხოლოდ დიდხანს ფიქრობს და აწონ-დაწონის (თუმცა, ეს აუცილებელია), არამედ (და ეს იქნებ უფრო მნიშვნელოვანიც არის) – ბედავს. ბედავს და პასუხისმგებლობას იღებს მაშინაც, როცა რაღაცაში დარწმუნებული არ არის; აღიარებს, რომ ხანდახან უეჭველობა უბრალოდ არ არსებობს და მოუწევს ცხოვრება საკუთარი არჩევანის დიდებითა თუ სიმძიმით.

„ვისია ჩვენი დღეები?“

ეს სიტყვები რეფრენად მიჰყვება ფილმს. ვის აქვს სიცოცხლის წართმევის უფლება? ან იმის შეწყალების უფლება, ვინც სხვისი სიცოცხლე მიიტაცა?

„ბიუროკრატია ყველას სძულს, იმიტომ რომ ნელია, მაგრამ სინამდვიელში სწორედ ამითაა ის სასარგებლო. სინელით. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების თავიდან ასაცილებლად.“

როცა უეჭველობა არ არსებობს, როცა ხვდები, რომ შენი პირადი კრედო, შენი პერსონალური ღმერთი ყველასი არ არის, გრჩება გამბედაობა. შეცდომის შიშის გადალახვა, იმის გაცნობიერება, რომ ხალხი იმასაც გაკისრებს, რასაც თავად ვერ ბედავს. გენდობა და გეუბნება, რომ იქ, სადაც“სწორი“ პასუხი არ არსებობს,  შენ უნდა გაბედო.

ფილმში ბევრი რამაა სორენტინოული: შავკანიანი, აფრიკულნაწნავებიანი, მოტოციკლეტზე შემომხტარი პაპი; ქვეყნის პრეზიდენტის ვნებიანი, ბავშვური გატაცება პოპ მუსიკით; უწონობაში გამოკიდული მტირალი ასტრონავტი, რომელიც ჰაერში (უფრო სწორად, კოსმოსური ხომალდის უჰაერო უწონობაში) შეცურებულ საკუთარ მოლივლივე ცრემლს უყურებს და საკუთარ ცრემლზე – თავისი უსაშველო სევდის იმ გზააბნეულ წვეთზე – ეცინება. სადღაც, პლანეტებს შორის წლობით ჩარჩენილი სევდიანი ასტრონავტი  ისევე მარტოა, როგორც პრეზიდენტი.

ერთმანეთს ენაცვლება პასუხისმგებლობის, გამბედაობის მეტაფორები. სიყვარული –  ადამიანის და ცხოველის. ევთანაზია – ადამიანის და ცხოველის. დე სანტისს გამბედაობა არ ჰყოფნის, მოაკვლევინოს საყვარელი ცხენი, რომელიც იტანჯება. ბოლოს მის ნაცვლად ამ პასუხისმგებლობას მისი ყველაზე ერთგული კაცი აიღებს: მტკივნეული გადაწყვეტილების პასუხისმგებლობისგან გადაარჩენს პრეზიდენტს. მაგრამ ადამიანების ბედს პირადი დაცვა ვერ გადაუწყვეტს. ბოლომდე უნდა ისარგებლოს ბიუროკრატიის იმ მანუგეშებელი, მაცოცხლებელი სინელით, მაგრამ მასაც აქვს დასასრული და ადამიანებთან დაკავშირებით ბოლოს მაინც გადაწყვეტს იმას, რასაც ცხენთან დაკავშირებით ვერ წყვეტს. იქნებ იმიტომ, რომ ცხენს ნების გამოხატვა არ შეუძლია და ადამიანის თავისუფალი ნება კი, საკუთარი ცხოვრება და სიკვდილი განკარგოს, უზენაესი ღირებულებაა?

„გრაცია“ იტალიურად შეწყალებაცაა და წყალობაც. ისიცაა, რასაც ღმერთისგან ველით და ისიც, რასაც ადამიანს ვთხოვთ. რომელია სორენტინოს „გრაცია“? შეუძლია თუ არა ადამიანს, შეიწყალოს ის, ვინც სხვა არ შეიწყალა? სიტყვის ეს ამბივალენტურობა კიდევ უფრო აღრმავებს ფილმის ღრმა რელიგიურობას; რელიგიურობას ამ სიტყვის ნამდვილი, მისტიური, სპირიტუალური გაგებით, იმ მნიშვნელობით, რომელიც ძალიან შორსაა რელიგიის ყოველგვარი კონვენციური გაგებისაგან, რომელიც წმინდად სიყვარულითა და პასუხისმგებლობით სავსე თვითგანცდაა, სუფთა და მშვენიერი.

„რა არის ღირსება?“ მე ეს მიტრიალებდა თავში, როცა პერსონაჟი საკუთარ თავს ეკითხებოდა: „ვისია ჩვენი დღეები?“ და ვფიქრობდი, რომ მარტოობაა ღირსებაცა და წყალობაც. მარტოობასთან გამკლავება, ღალატთან, ტკივილთან შეგუება. იმის აღიარება, რომ თითოეული ჩვენგანი ელოდება ვიღაცის წყალობას, თუ შეწყალებას, და ეს „ვიღაც“ ყველაზე ხშირად ღმერთი კი არა, ადამიანია.

შეყვარებული კაცია იტალიის პრეზიდენტი და ამიტომ იწყალებს იმას, ვინც შეყვარებულია. მას, ვინც გულწრფელია. ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღებისას სიყვარულისა და გულწრფელობის საზომს იყენებს. იწყალებს მას, ვინც არ ნანობს, თვალებში უყურებს ჯიქურ და ეუბნება, რომ არ ნანობს, რადგან იცის, რომ მართალია. მგონი, შურს კიდეც პრეზიდენტს ამ შეყვარებული ქალის, მისი გამბედაობის, მისი სიყვარულის შესაძლებლობის. და იწყალებს, რომ სიყვარულის შანსი არ წაართვას. ვერ წაართმევს.  

„მეც ასეთი ბებერი ვარ???“

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და სორენტინოული სცენაა პორტუგალიის პრეზიდენტის ვიზიტი: წითელ ხალიჩაზე წაქცეული, უმწეოდ დაჩოქილი მოხუცი, დაბნეული და დეზორიენტირებული, თითქოს იმ ბებერი ევროპის მეტაფორაა, რომელიც ფეხზე ვეღარ დგას, რომელსაც საკუთარი სინელე აჩოქებს და კლავს. „მეც ასეთი ბებერი ვარ?“ შეძრწუნებული პრეზიდენტი იმ შენელებულ კადრში, იმ ნაბიჯ-ნაბიჯ, მისხალ-მისხალ გაშიფრულ და გამომზეურებულ უმწეობაში, იმ დაფეხვილ უსუსურობაში საკუთარ თავს ხედავს. ალბათ თავის ქვეყანასაც.

კი, ინსტიტუცია ბებერია. მაგრამ იმისთვის, რომ სანდო იყოს, უნდა დაბერდეს. თუ არ დააბერე, ვერ გადარჩება. სიბერე ხომ, რომელიც პირველ ხატად სიკვდილს გამოიხმობს, სინამდვილეში სწორედ სიცოცხლეს შეიცავს: ის, რაც არ ბერდება, ნაადრევად კვდება.

„ვისია ჩვენი დღეები?“

ჩვენია, ამბობს სორენტინო. მერე რა, რომ ასე ვართ, იმ ცრემლიანი ასტრონავტივით, უწონობაში გამოკიდულები, პასუხისმგებლობასა და  გაბედვას შორის გაჩხერილები. შენი დღეები შენია და მიწაზეც მაშინ გეღირსება ფეხის დადგმა, როცა გაბედავ. უფრო მეტიც, არანაირი „შორის“ არ არსებულა: პასუხისმგებლობა თავად ყოფილა გამბედაობა. პასუხის პოვნას დრო სჭირდება, მაგრამ პასუხი ერთადერთია: მერე რა, რომ ჩვენ არ შეგვიქმნია და გვებოძა, ჩვენი დღეები ჩვენია.

© არილი

Facebook Comments Box