Uncategorized,  პოეზია

ნატალი აბესაძე – შენ შემოხვედი… და სხვა ლექსები

შენს სიყვარულზე ისე ნუ საუბრობ

შენს სიყვარულზე ისე ნუ საუბრობ,

თითქოს ჩვენ არავის არ გვესმოდეს

რა არის ნამდვილი სიყვარული.

და ვერასოდეს შევძლებდეთ შენსავით შეყვარებას…

რომ არ იციან ეგეთი სიყვარული

მრეცხავმა ქალებმა და მატარებლის მძღოლებმა,

დიასახლისებმა და

თინეიჯერებმა.

შენს სიზმრებზე ისე

ნუ საუბრობ,

თითქოს არავის გვესიზმრება  ეგეთი სიზმრები

და შენი სიზმრები შენს მარტოობას ჰგავს

და შენი მარტოობა შენს ცხოვრებას

და შენს ცხოვრებაზე ისე ნუ საუბრობ,

თითქოს არავის უცხოვრია დღემდე ამგვარად.

რომ არ იციან მათ ნამდვილი ცხოვრების გემო.

და, საერთოდაც,

შენზე და ხალხზე

განცალკევებით

ნუ საუბრობ.

შენი თმის სიმსუბუქეზე ისე ნუ საუბრობ

თითქოს შენი თმის სიმსუბუქე ჰგავს შენსავე სიყვარულს

და რაც შენ სიყვარულს შეეხება

ისე ნუ საუბრობ

თითქოს არავის შეუძლია

შენსავით სიყვარული.

და დღემდე არც კი გამოჩენილა

ის

ვინც შენსავით დაიტევდა ამ შეყვარებას…

ახალი წლის ღამე

ჩვენ ვსაუბრობდით და ბრჭყვიალებდა იმ ახალი წლის ქარსუსხი ღამე.

შენ მწერდი შიშზე

და ვარსკვლავები ჰგავდნენ გაფანტულ შაქრის ნატეხებს.

და ახალი წლის პოლარული ნათების ცის ქვეშ

შენ მიყვებოდი ახალგაზრდა წლების კრიზისზე.

მე კი ვიყავი უკვე დაღლილი,

უკვე შორი და გამოფიტული.

და შენ კი მწერდი

ახალი წლის ქარსუსხი ცის ქვეშ.

და აგრძელებდი, რომ გძულდა ქარი და ვერ იპოვე თავშესაფარი.

და შენ უეცრად

მომაბრუნე სიცოცხლისაკენ.

იგრი – Aprilis

ამ გაყინული ქვების ქალაქში

შენ იყავ ჩემი შემომნახველი.

ისევ მწერ, მაგრამ რა ვქნა,

არ მახსოვს,

მართლა არ მახსოვს შენი სახელი.

ვაშლის ხეების მიდის ზამთარი,

და გაზაფხულის მოდის ძახილი,

ისმის ყვირილი, ისმის ხარხარი,

მაგრამ არ ისმის შენი სახელი.

მახსოვს, რომ არის ყველა ზღაპარში

ცხენი, ყვავილი და მთაგრეხილი.

და იმ ჩანჩქერის ამონათქვამში

იქნებ ვიპოვო შენი სახელი.

შენ შემოხვედი…

შენ შემოხვედი ქალაქიდან ოთახში, მხოლოდ

დაჯექი. კაბას ჰქონდა ორი ტანწვრილი ზოლი.

გაჭერი ვაშლი და დაასხი წვენი ჭიქიდან.

შენი ქერა თმა ღამეებს და დღეებს ითვლიდა,

და ნაოჭები შეგემატა

ისე მალულად,

როგორც დაისის

მდინარის და ზღვის სიყვარული.

დაწექი. როცა ჩაგეძინა უცხო ბავშვივით,

შენთან მოვიდა პაწაწინა გოგოს აჩრდილი.

ძველბერძნული კიდევ არფები

ძვირფასო, გახსოვს თოვლისა და ქარის ნიღაბი?

შენ სულ გინდოდა, მხიარული ყოფილიყავი.

იისფერ ჟოლოდ იღვრებოდა შენი აურა

და იჭრებოდა ახალი წლის აურზაური

ოთახში.

გახსოვს? კოცონი რომ ავუნთეთ

ყინულს

და შენ ყოველთვის გპოულობდით შენი სიცილით

შენ ისევ მომწერ, “ამ მხარეში

ზაფხული ღვივის”

მაგრამ არასდროს არ ახსენებ, რომ მოიწყინე.

გახსოვს ვარდები, ძველბერძნული კიდევ არფები?

შენ თქვი, ცხოვრება თამაშია, ან არაფერი

გახსოვს ნარმები, მარნების და კოშკის ნიღაბი?

შენ სულ გინდოდა, მხიარული ყოფილიყავი.

არ გინდა, ჩემთან ამოხვიდე?

არ გინდა, ჩემთან ამოხვიდე ერთხელ და

უბრალოდ დავიძინოთ.

ჰო რა, უბრალოდ დავიძინოთ,

ქურთუკის სამკერდეზე ჩემი თმა გეყაროს.

მხარზე თავს დაგადებ ან

მხარზე თავი დამადე,

თმაზე ხელი დამისვი,

ნახე როგორ ვუმკურნალე

მკვდარს.

თმაზე ხელს დაგისვამ, ყოველთვის მბზინვარე,ა

ყოველთვის ტალღოვანი, ურჩი და მოკლე.

პლედები მოვიტანე,

გარეთ რომ ციოდეს

შიგნით კი – არა.

რამე მომიყევი,

არავის შეგადარებ,

არავის შემადარო,

ნახე ამ დილით

სარკმლები გავწმინდე,

რომ კარგად ჩანდეს

ღრუბლის ნაგლეჯი. 

ფორთოხლები ვიყიდე,

წიგნები დავაწყვე,

ნივთები დავაწყვე,

დავმალე დღიური,

საათი,

სამელნე,

სარეცხი.

დავმალე ყველაფერი,

რაც თავს მახსენებს,

იატაკი გავხეხე,

დავწექი.

არ გინდა, ჩემთან ამოხვიდე ერთხელ და

უბრალოდ დავიძინოთ.

ჰო რა, უბრალოდ დავიძინოთ

ქურთუკის სამკერდეზე ჩემი თმა გეყაროს.

© არილი

Facebook Comments Box