Uncategorized

ნატო ინგოროყვა – ფრენამდე და სხვა ლექსები

nato ingoroyva222

ფრენამდე

 

უფალო,

 

დღეს ჩემი ფრენა

ყველა ქარის წინააღმდეგ

შენ გაბარია.

 

თუ მოგიყვები:

ვცოდე რამდენჯერ,

ნუ იფიქრებ,

შვებას მომგვრის,

ცოდვებისგან ვშიშვლდები რადგან.

 

რაც უფრო ხშირად,

უფრო მეტს ვამბობ,

ყველა სიტყვა ტანსაცმელია,

სამალავი და შესაფუთი.

 

დამიმახსოვრე.

თუ ისევ უნდა გამაწბილო,

ნუღარ შემხვდები.

 

დამტოვე მარტო,

შემატოვე მონაპოვარი,

რომ არ ვიდგე ზურგშექცეული.

 

რაც უნდა მეთქვა,

ბოლოსთვის ვინახავ:

 

რომ უფრო მეტხანს,

რომ უფრო მეტჯერ,

ვიქნებოდი მე – შენს გარეშე.

 

უბრალოდ, მახსოვს:

ყველა ჩვენგანი

ვიღაცისთვის

ერთხელ მაინც ხდება

 

იუდა.

სადგური

 

“…რომ სარკესთან, შემოსასვლელში,

საკიდის ძირას, –

დაქარგული ჩუსტების გვერდით 

არასოდეს უცხოვრიათ 

დიდ, მძიმე ფოსტლებს.

                                    ელა ()

 

შემაჩერე და შემახსენე:

ამ გაჩერებაზე –

მეც ჩამოვდივარ.

 

გამომიჭირე:

ბავშვობაში როგორ ვმალავდი

საწოლის ქვეშ ყველა ზედმეტ ნივთს

(როცა კარზე ვიღაც აკაკუნებდა).

 

მათქმევინე:

რომ ნაცნობია

ამ ტკივილის ტემპერატურა.

 

დახედე ჩემს ხელებს,

ზამთრის ღამეებზე

უფრო მეტად დაგრძელებულებს

და ჰაერში გამოკიდულებს.

 

რა დრო გასულა,

რაც დამარიგეს:

„უკვე დიდი გოგო ხარ,

აღარ იტიროო!“

 

მომაბარეს საკუთარი თავი,

თავად ვიყავი ბატონ-პატრონი.

(რა მცირეა ეს სამფლობელო).

 

რაც ერთხელ გაიკვანძა,

ვერც ერთმა ქარმა თუ ქარბორბალამ

ვერ შეძლო და ვეღარ გამოხსნა.

 

ამ გაჩერებაზე

ყველა მიმართულების ნაცვლად

ვაწერ შენთვის: „ნუ გეშინია!“

და ვამშვიდებ საკუთარ თავს.

 

ფრთხილია ჩემი ბედნიერება,

იშვიათად გამოდის გარეთ.

ჩიტის გული აქვს ჩემს სიხარულს,

– მაინც დაფრინავს.

 

 

სიზმარზე

 

 

რა მნიშვნელობა ექნებოდა სიზმარს

რომ არ გამღვიძებოდა.

 

ძილი ალიბია,

რაც უფრო დიდხანს,

რაც უფრო ღრმად,

უფრო ნაკლები შეგეშლება.

 

ღრმავდებიან უფსკრულები სიზმარში,

ეშვები და ბოლო არ უჩანს.

 

მთავარია, დანარცხებამდე გაიღვიძო.

დანარცხებამდე გზაა –

ბაგირზე გადასვლას ჰგავს.

 

იქ საშიშია უკან მოხედვა,

გადასვლაც საშიშია,

გზაში ყოფნაც,

შეჩერებაც,

შიშიც – საშიშია.

 

წონასწორობა გიცავს.

 

 

ცხადში 

 

ნუ გაატან სიზმრებს წყალს,

მაინც არ მიაქვს.

გულის კოვზი ინახავს.

 

თუ გინდა დაიხსნა თავი

ისეთი ფორმაცვალებადი ზმნისგან

როგორიცაა „ყოფნა“,

 

თუ უნდა დაიხსნა თავი

ისეთი ფორმაცვალებადი ყოფნისგან,

როგორიცაა – ერთად ყოფნა,

 

ნუ დაელოდები დროს

რომელიც დაგაჯერებს,

რომ ერთს მივუმატოთ ერთი

– ტოლია ორის.

 

რიცხვი მაინც მხოლობითია.

 

ჩვენ

 

ეს არ იქნება გამეორება.

აღარ გავითვლით:

პირველი, მეორე…

 

ვიცით:

 

ყოველი პირველი ადამიანი

ეძებს მეორე ადამიანს,

რომ მოუყვეს პირველობაზე.

 

ვიცით:

 

ყოველი მეორე ადამიანი

ეძებს პირველ ადამიანს,

რომ დაიჯეროს – მარტოა.

 

როგორ ვგავართ:

ერთმანეთს ვაჯერებთ იმას,

რასაც ვმალავთ.

ვთქვათ:

 

რომ ნგრევის შიში დანგრეულია,

სიყვარული არ გაიცვლება სიყვარულის ისტორიაზე,

აღარ გადაგაქვს მომავალში ბედნიერება.

 

თქვი:

 

რომ საიდუმლოს მუსიკა ისევ გესმის,

თქვი და

შემოდი.

 

 

ამო ამბები

ვფიქრობდი,

რას მაგონებს  მდგომარეობა

მე რომ აღმოვჩნდი.

 

როცა მეგონა

ობიექტივი გავასწორე,

კადრი მზადაა შესაჩერებლად,

ხელი ამიკანკალდა და

 

გაიდღაბნა.

 

მიყვარდა

კადრების ჩარჩოში ჩასმა

და

 

გამოფენა.

 

მნიშვნელოვანი იყო,

როგორ გამოვიყურებოდი ფოტოზე,

სადაც მარტო ვარ.

 

 

დღეს

აღარ ვაჩერებ კადრებს.

 

ვმუშაობ

სიტყვების გადამამუშავებელ ქარხანაში,

სადღეღამისოდ.

 

ვმუშაობ:

მტვირთავად,

გადამზიდავად,

შეთავსებით.

 

ვიხსენებ:

 

პირველ შავ-თეთრ ფოტოს,

პირველი ამოლამბული კაბის კალთას

თეთრით – შავზე,

უსწორმასწოროს,

თუმცა

დღესავით ნათელს.

 

 

წერილი

 

 

როცა

ასე ახლოს და ასე შორს ხარ,

ძნელია წერა.

 

გწერ,

 

აქ და ახლა, ნებადართულია

ღრმად ჩასუნთქვა

და ღრმად ამოსუნთქვა.

 

ჰაერი კეთილია და გავსებს,

სიტყვა დამყოლია და აბრეშუმი.

 

გწერ,

თან ვგრძნობ,

სათქმელს ვერ გავახმობ,

გიგზავნი ნედლად.

 

გწერ:

 

რომ ვითვლი:

საათებს, წუთებს,

ვჩქარობ, ვალაგებ,

ვკეტავ და ვაღებ

დღეებს, ღამეებს,

ადამიანებს.

 

გითხარი ვჩქარობ,

არ შემიძლია საიდუმლოდ შევინახო

თუ როგორ ვჩქარობ,

ვიყოთ მე და შენ,

მხოლოდ მე და შენ და ქალაქი,

რომელიც გვიხსნის სხვისი თვალებისგან.

 

 

მერამდენე ღამეა უკვე,

ვიძინებ შენთან,

ვიღვიძებ შენთან,

და თან გმალავ

რადგან მაშინებს,

სინამდვილეში გვერდით მიწევს

– მხოლოდ სურვილი,

რომ გვერდით მყავდე.

 

უკვე იმდენჯერ შერჩათ ხელებს სიცარიელე

სადაც შენ გფიქრობ და მენატრები,

ერბოკვერცხიც შეიწვებოდა ხელისგულებზე

და სიყვარულთან ვალმოხდილი,

შემოგხედავდი შიგნიდან მზერით,

რომელსაც ვმალავ,

რომელიც, ვიცი,

ერთხელაც – გამცემს.

 

ზოგჯერ მგონია,

თავზე მადგას ხვრელი ოზონის,

რომელიც ვერა და ვერ ამოივსო

და მსხვერპლად ითხოვს,

რომ ხელები დამრჩეს ჰაერში,

რომ გვერდით მყავდე და თან არ მყავდე.

 

გწერ,

 

ვალაგებ ჩვენს ერთად ყოფნას,

გრძელი გზისთვის,

ქალაქისთვის სადაც ამბობენ,

რომ შობის ღამეს ოცნებები აცხადდებიან.

 

გწერ,

 

თანაც გიმხელ, რომ მეშინია,

ისე არ მომკლა,

სიყვარული ვერ დამაჯერო.

 

 

დამალობანა

 

როცა გეტყვი, მაშინ გამოდი,

როცა გეტყვი, არ გამოხვიდე!“

 

 

საიდან მოდიან ამბები,

დაუჯერებელი,

სიზმრისა რომ გინდა იყვნენ,

ცხადში თამაშს გახსენებდნენ.

 

უნდა გამოვტყდე:

მიფიქრია გაქცევაზე – უმისამართოდ.

ვალაგებდი ნივთებს, თან წასაღებს.

ვწერდი და ვშლიდი სიტყვებს, რომლებსაც დავტოვებდი.

 

წარმოვიდგენდი:

როგორ იგრძნობდა მამა გულის მდებარეობას

და მონიშნავდა ხელის მოჭერით.

გაფერმკრთალდებოდა დედა,

დაპატარავდებოდა ჩემი უფროსი ძმა,

საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ

ბებია გაურიგდებოდა ღმერთს.

თითოეული გაიხსენებდა ბაბუას,

რომელიც არასდროს მინახავს

(დაიკარგა უგზო-უკვლოდ დიდი ომის დროს.)

 

მიფიქრია უკან დაბრუნებაზე.

ძნელი იყო უკანა გზა,

რადგან

აღარ მქონდა ნივთები, რომლებითაც დავბრუნდებოდი.

აღარ მქონდა სიტყვები, რომლებსაც გეტყოდით.

 

შენ,

ვინც გვიგზავნი გაქცევის სურვილს,

ვინც დაგვიმკვიდრე სიტყვა – „დაკარგული“, 

გვაგრძნობინე, რა მშრალია შიში,

გვასწავლე, როგორ გავუყინოთ სისხლი ცოცხლებს,

ჩაგვაგდე მდგომარეობაში რომელსაც ჰქვია დაბნეულობა,

 

გთხოვ:

 

დააბრუნე შინ,

ვინც სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა,

რომ მდგომარეობა ტკივილი,

რომელიც არ აიხსნება და განისაზღვრება სიტყვით „დიდი“,

ჩაანაცვლო სიხარულით,

რომელიც არ განისაზღვრება და აიხსნება სიტყვით „ძალიან“.

 

დააბრუნე,

თორემ აღარასდროს გეთამაშები „დამალობანას“!

 

ბოლოთქმა

აქ უნდა იყოს

კიდევ ბევრი და არაერთი

სიტყვა, რომელიც

ვერ გამოსცდა ტუჩებს და თვალებს.

 

და თუ პირველად იყო სიტყვა –

მე ვწერ შენს სახელს.

 

მინდოდა მეთქვა,

რომ ყველა გზა, რაც გავიარეთ

და ყველა გზა, რომელზეც ვივლით

გაივლის ჩემზე,

რადგან იგი იწყება შენგან.

 

და თუ არ გავყოფთ,

თუ გავივლით – ვთქვათ – ნახევარ გზას,

დაგვტოვებს ჩრდილი,

უფრო სწორად,

ჩრდილს გადავასწრებთ

 

და მე ვიქნები ის ნახევარი,

რომელსაც კითხვა –

როგორ ვიცხოვრებ მე უშენოდ – აღარ ექნება.

 

ნაყოფია ეს სიყვარული,

დრო დაუდგა – განმარტოების.

© არილი

Facebook Comments Box