Uncategorized

ნიკა ჯორჯანელი – წითელი ნათება და სხვა ლექსები

nika jorjaneli

წითელი ნათება

ყველა დასასრულს, კეთილსაც, ცუდსაც,

გარდაუვალად მოსდევს წითელი ნათება.

კეთილის შემთხვევაში –

ეიფორიის წითელ ხაზად.

ცუდის შემთხვევაში –

სინათლედ გვირაბის ბოლოში.

ის თანდათან ჩნდება თქვენ წინაშე.

რაც უფრო არ ამჩნევთ, მით უფრო ინტენსიურია.

არც ლამპები აფრქვევენ.

არც ჩირაღდნები.

არც რაიმე სხვა სანათი მოწყობილობა.

უცნობი წარმოშობისაა.

გაურკვეველი წყარო აქვს.

იყო ძველი კაბრიოლეტების უკანა შუქებში რაღაც,

რაც მას შორიდან ენათესავება.

იყო დაღუპულ სპარტელთა

მზეზე მოღაჟღაჟე სისხლიან მოსასხამებში

მისი მონათესავე რაღაც.

გამუდმებითაა მზეში.

არის აბრების განათებაში,

მათ შორის ღამის კლუბთა აბრებისაში.

ღამის კლუბებთან ამის მეტი არაფერი აკავშირებს.

არც მოკლეკაბიანი გოგონას სილუეტს შეიცავს,

არც თავისში გეპატიჟებათ.

თქვენ მხოლოდ ყურება შეგიძლიათ მისი.

თქვენ მხოლოდ იმისთვის იღვწით,

რომ წითელ ნათებას უყუროთ.

რომ ბოლოს წითელ ნათებას უყუროთ.

რომ ბოლოს

წითელ ნათებას უყუროთ.

რომ ბოლოს

წითელ ნათებას

უყუროთ.

უყუროთ წითელ ნათებას.

რომ წითელ ნათებას უყუროთ.

რომ ბოლოს

წითელ

ნათებას

უყუროთ.

უყუროთ ბოლოს წითელ ნათებას.

ყველა დასასრულს, კეთილსაც, ცუდსაც,

გარდაუვალად მოსდევს წითელი ნათება.

რომ, წითელს, უყუროთ ბოლოს ნათებას.

წითელ ნათებას. წითელზე წითელს.

რომ ბოლოს წითელ ნათებას უყუროთ.

ნათებას. წითელს. უყუროთ. ბოლოს.

ბოლოს. უყუროთ. ნათებას.

წითელ ნათებას.

ბოლოს.

უყუროთ.

 

* * *

უცებ რომ აიღოს და გაანადგუროს

სიცოცხლე მრავალმა სოკომ ატომურმა,

იმაზე სასტიკი, ახლა რომ სადგურობს,

განა დაუდგება მიწას მარტოობა.

 

ამ სოფლის ტალახი და ერბოს სიმძაღე

ანდა უსასრულოდ დროში ჩარჩენანი.

რაც გინდა იფიქრე, რაც გინდა იძახე,

რაც გინდა დაფეთდი – არ გაქვს არჩევანი.

 

ამიტომ ეკვეთე საშინელ მოლოდინს,

რაც ხელში მოგხვდება, იმით ეხმალავე,

და სული ნაზი და უტეხი გქონოდეს,

როგორც ანგელოზის ლურჯი ხერხემალი.

 

რა უნდა საჭირო სიტყვების გამართვას,

როდესაც ისინი ისეც მიზნებშია,

როდესაც ცხოვრება გახრჩობს და განმარტავს:

განა რამ პირადი – ეს მხოლოდ ბიზნესია.

 

POSTLUDIUM

მე, ალბათ, შევისუნთქავდი ხოლმე

მთელ ამ თვალში საცემ და გაპრანჭულ

სისულელეთა წუთიერ სურნელს,

მაგრამ თავი არა მაქვს,

რადგან ჯეროვნად ვაცნობიერებ,

რომ ქვეყანაზე ერთადერთი სუნი ტრიალებს –

გათხრილი სამარის სუნი, –

თავბრუს რომ ხვევს სვავებსა და მსგავს საძაგლობას

და თანდათან უკვე მეც.

და სამარეთა მიწაყრილს ვისუნთქავ,

როგორც ქუჩის ჩხუბში ნოკაუტირებული

და ძლივს გონს მოსული მოკრივე უხარისხო კოკაინს.

 

* * *

და სივრცე, როგორც ავტობუსი მთვრალი მართვისას,

გადაყირავდა, შეელია თავის მატრიცას

და ციმციმებდა გრძნებით შეკრულ მონიტორებად

და შრიალებდა დამწვარ ბალახად,

შემდეგ კი, დროის მიმოხვეულ ყელში გაღვრილი,

დაპატარავდა და, თავისთვის უკვე არახალ

როლს მორგებულმა, მეტაძაღლივით

ძებნა დაგიწყო, რადგან მასში ისევ არა ხარ.

 

წინ ისევ მიდგას ნულოვანი სივრცის კედელი.

შენს გამოხედვას მოკლებული, ძირს ვიხედები

და თავს ვგრძნობ როგორც უჩინმაჩინი.

ვაკუუმიდან უმნიშვნელოდ ამოწვერილი,

ვეწევი ბევრს, და ჩემი წერილი

მოფრინავს შენკენ გლობალური ქსლის ბოჭკოებით,

როგორც საფოსტო მტრედის აჩრდილი.

 

მოფრინავს შენკენ სისხლმდინარე საფეთქელივით,

მოფრინავს, როგორც ნამტვრევები აფეთქებული

თანამგზავრების, როგორც გალობა

ჩამონგრეული ტაძრებიდან, როგორც აწმყოსკენ

ვეება ზვავად წამოსული მთელი წარსული,

როგორც ბოლოსკენ უბოლოო რამის საწყისი,

როგორც სამყარო, საკუთარი ფუძით დაძრული.

 

მოსმანი გაყინული კალმის

ქვეყანა, რომელშიც გავჩნდი,

დახშული ფანჯრებით მაკვირდება.

უცხო ვარ მისთვის,

როგორც მშობლებისთვის გაჩენამდე.

 

დაძაბუნდნენ სტრიქონები,

თითქოს უკანვე გაუვიდათ ის შთაგონება,

რომლითაც დაიწერნენ.

 

ჩემს ფანჯარაზე ყინვით წარმოქმნილი სახეები

ვერაფერი ხეირია ხედისთვის.

 

რაზეც არ ვდუმვარ,

იმას ქაღალდის სითეთრე ადევს,

როგორც უკვალოდ დაკარგულებს

თოვლის საფარი.

 

უშენო დღე

კიდევ ერთი უშენო დღე გადავაგორე.

ესეც ძირითადად თავისით გადაგორდა,

თორემ ძვრას ვერ ვუზამდი.

 

კიდესთან მიგორდა და დაბლა გადაეშვა.

ვხედავდი, როგორ ეხეთქებოდა ვარდნისას კლდეებს,

სანამ შორს, ქვევით მიუწვდომლობაში არ მიიმალა.

 

კიდევ ერთი უშენო დღე.

ღრიჭოებში შუქშეპარულ აკლდამასავით.

მოსაკვდომად წასული ცხოველივით.

 

მარტოობისადმი

ადამიანები უფრთხიან უერთმანეთო საღამოებსა და დილებს

და, მარტოობის გენიტალიებთან შეხების მოშიშნი,

მიდი-მოდიან ერთად, ფენენ კედლებზე ჩრდილებს,

როგორც წყვილები მივარდნილ სასტუმროებში.

 

ადამიანები ალხენენ ერთმანეთს, აჯადოებენ, ბანგავენ

და ერთად ყოფნას აცხადებენ მთავარ მეგობრად.

მარტოობა კი გაწოლილა მიწაზე, როგორც იმ ვეშაპთაგანი,

რომელნიც ერთ დროს მიწის საყრდენი ეგონათ.

 

არ სჩვევია მარტოობას ადამიანების შეტოლება.

ის ხელგაშლილი ეგებება ყველას – სნაიპერს თუ მედოლეს.

ის ყველას ერთგული ქალივით ან კაცივით ელოდება.

იმისდა მიხედვით, ვის ვინ სურს, ელოდეს.

 

ღამის ცხადი

კარები ისეა ჩაკეტილი,

თითქოს გარედანღა თუ გაიღება.

შუქი ისეა ჩაქრობილი,

თითქოს ჩამრთველი კედელს შთაუნთქავს.

სიჩუმე ისე დგას,

თითქოს ყველგან სხვაგანაც იდგეს.

 

სადღაც ზევით, ღამის ცაზე,

იმაზე შორს, ვიდრე სინამდვილეში,

ვარსკვლავი ენთება,

როგორც სიბნელეში

ოთახის მეორე ბოლოში მობილური ტელეფონი

შენგან მოსული შეტყობინებით.

 

დევნილები

გზად დევნილთა დასახლებაში შეიძლებოდა შევლა.

მაგრამ რას ეტყოდი სანუგეშოს.

წადი, ძმაო, შეგვეშვიო, გამოგისტუმრებდნენ.

პოეტები ისევე სჭირდებათ დევნილებს,

როგორც დევნილები სახელმწიფოს.

 

ხანდახან სათავეში მდგომნი ვიზიტობენ ფეხის თრევით,

საერთაშორისო დესპანები და მსგავსი მასტები,

დაფაცურებული კამერების თანხლებით,

და ძირითადად იმით მთავრდება ყველაფერი,

რომ ღამე ერთნი გაღუღუნებულ ბაითებში იძინებენ,

მეორენი – უბადრუკ სათავსებში, სადაც ჭერიდან წყალი

დანთხეული სისხლისა და ცრემლის კვალდაკვალ წვეთავს.

რანაირად უნდა სცხელოდეთ ახლა დევნილებს პოეტებისთვის!

მართლებიც არიან, რომ არ სცხელათ.

 

ერთი რამე კი გექნებოდა სათქმელი –

შენც რომ დევნილი ხარ, ოღონდ ცოტა სხვა ტიპის.

მაგრამ როცა გაჭირვებულებს მათთან გაიგივების შესახებ უცხადებ,

აქაც საჭიროა შესაფერი დრო და ადგილი,

თორემ, რაგინდ გულწრფელი იყო, დამაჯერებელი ვერ იქნები.

 

ამიტომ არ უხვევ, აგრძელებ გზას.

გრძნობ, როგორ გემატება უთქმელობა.

მალე უკვე ქალაქია თავისი მიწისქვეშების უხმო ყმუილით,

და გაყინული მდინარე

მისი დამაარსებლის საუკუნეობით უხმარი ხმალივით დევს ხეობაში,

და პოეზია ერთი და იმავე შაჰიდი ქალივითაა ყოველ ნაბიჯზე,

რომელსაც ქოლავენ, ვიდრე აფეთქებას ასწრებდეს.

© “არილი

Facebook Comments Box