ავტორი: თაკო წულაია
ნინი ელიაშვილი, “სხვა სახელი მოუხდებოდა”, 2022, გამომცემლობა “კალმოსანი”
ნინი ელიაშვილის პირველი პოეტური კრებული „წერტილის შემდეგ“ 2019 წელს გამოიცა. როგორც აღმოჩნდა, წერტილის შემდეგ სასვენი ნიშნები ქრებიან და ახალ კრებულში „სხვა სახელი მოუხდებოდა“ მკითხველი აღმოაჩენს ლექსებს, რომელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა პუნქტუაციური წესრიგის მიღმაა და ეს არაა ერთადერთი წესრიგი, რომელსაც ავტორი არღვევს. მისი ტექსტუალური ცხოვრება მთლიანად ჩამოშორებულია კანონზომიერებას, საკუთარი რელსები აქვს, გარშემო პირადი სადგურებითა და გაჩერებებით და ამ სადგურებზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეუძლია მოხვედრა, დანარჩენები კი შეღწევას მხოლოდ ჩრდილებივით უსხეულოდ და მესამე პირის ნაცვალსახელებით ახერხებენ.
ავტორული ძალაუფლების ამ მექანიზმის გაუქმება ნინი ელიაშვილის პოეზიაში თითქოს გვათავისუფლებს წინასწარ განსაზღვრული დინამიკისგან, მაგრამ, სინამდვილეში, მთლიანად გვითრევს უწყვეტ ნაკადში, რომლის რიტმსაც სათქმელი გვკარნახობს და არა რომელიმე ნიშანი.
პოლ ვალერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „პოეზია არის დანაწევრებული მეტყველების მეშვეობით იმ მდგომარეობის წარმოდგენისა თუ აღდგენის ცდა, რომლის გამოხატვასაც ბუნდოვნად ცდილობს ყვირილი, ცრემლი, ალერსი, კოცნა, ღიმილი, ოხვრა და ა.შ“. ჩამონათვალი, ჩვეულებრივ, საკმაოდ ვრცელია ხოლმე, თუმცა ნინი ელიაშვილთან მხოლოდ რამდენიმე მათგანის ხსენებაც კმარა. აქ ლექსები ცდილობენ აღადგინონ სიყვარულის განცდის ან ვერგანცდის მომენტები, რომლებიც ლირიკული გმირის ცხოვრებაში ყოფილა. ამიტომაც მისი პოეზია ან წარსულში მზერაა (რომელიც ხან შევსებული იყო ვიღაცასთან ყოფნის ბედნიერებით, ხან კი ამ შესაძლებლობის არარსებობით გამოწვეული ტანჯვით), ან აწმყოს (რომელიც ხშირად აგონიური და სიფხიზლისგან დაცლილია) აღწერა. ოღონდ არა თხრობა, არამედ მყისიერი, იმ წამს განცდილის გადმოცემის მცდელობა. რაც შეეხება წარსულისკენ მიმართულ მზერას, ის სანუგეშოს ვერაფერს ხედავს, ამიტომაც ტრაგიზმი წარსულის მემკვიდრეობაა, რომლითაც არის განპირობებული აწმყო, ხოლო მომავალი – გაბუნდოვანებული.
ტანჯვის მრავალგვარი ფორმულირების მიუხედავად, მისი გადალახვა არ გამოდის. ამიტომაც არის ამბები ციკლური – შეხვედრა და მიტოვება უსასრულოდ გაგრძელებული მოვლენებია, რომლებიც ყოველგვარ მოულოდნელობას გამორიცხავს („ღმერთო ყველაფერი მეორდება/ყოველი ჩხუბი და შერიგება“). ზუსტად ვიცით, რომ ავტორი უბედური იქნება; დარწმუნებულები ვართ, რომ დასასრულს განწყობის პერიპეტიულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.
წინა კრებულის შემდეგ გაქრნენ ლექსების სახელებიც (სულ რამდენიმე მათგანშია შენარჩუნებული). უსათაურო ლექსები, კრებულის სახელი, რომელიც უფრო სახელის არარსებობაა ან, უფრო სწორად, ანტისახელი, რომელიც სხვა, პოტენციურად შესაფერის სახელზე მიანიშნებს, რატომღაც კრებულს რომ არ (ან ვერ) დაარქვეს – ყველაფერი, რამაც ტექსტების ინტერპრეტირება უნდა გაგვიადვილოს, გამქრალია. გვაქვს მხოლოდ მიჯრით მიწყობილი სიტყვები, რომლებსაც რამდენიმე საერთო მოტივი ლექსიდან ლექსში გადააქვთ, რისი დამსახურებითაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვრცელ, წინააღმდეგობრივ, მაგრამ აზრობრივად მაინც ერთიან სასიყვარულო წერილს ვკითხულობთ, რომელშიც ალაგ-ალაგ ავტორი თავის მეგობრებზე ან ძაღლზე ჰყვება, თუმცა მაშინაც იმ ერთადერთ მკითხველს უტრიალებს, რომელიც „შენ“-ის მიღმა იმალება და არავინ იცის, კითხულობს თუ არა ლექსებს, რომლებსაც წერენ მისთვის და მასზე. „ორლანდოს“ ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გრძელი და მომხიბვლელი სასიყვარულო წერილი უწოდეს და ეს ლექსებიც დაახლოებით ამ ფუნქციას ითავსებს – წერილია, რომელიც ტანჯვის ფრაგმენტებად იშლება და წიგნად ერთიანდება, რათა შემდეგ ისევ დაიშალოს.
ლექსებში, ძირითადად, მეორდება მხატვრული სახეები (თითქმის იდენტურია განწყობაც და თემატიკაც). უფრო ზუსტად, მხოლოდ რამდენიმე მხატვრული სახეა და მათ შორის ყველაზე ხშირი (ჩემი აზრით, ზედმეტად ხშირიც) და გადამწყვეტია სახლი.
„ვყოფილიყავი ვინმესთვის სახლი“
„არც სახლი გაქვს და არც სადგომი გამვლელი ხარ“
„მე შენი სახლის კარში ვდგავარ / მომეფერე და შემიკედლე“
„მე ვიცხოვრე ქუჩაშიც და მიწურშიც და სასახლეშიც“
„ვინც ჩემში ცხოვრობს / ისე მარტივად იღუპებიან“
“ყველას სადღაც სახლი აქვს ჩემ გარდა”
“სახლი როგორ დაკარგა ერთხელ გასაღებმა”
“სახლი ვდგავარ კედლებთან”
“მგონია რომ სუყველა სახლში დავიწვები”
“სახლი რომელიც გეძნელება”
“გათენებამდე მექნება სახლი”
“არც სახლი გაქვს და არც სადგომი გამვლელი ხარ”
“ვერ მექნება სახლი ჭიშკარი”
ერთი კრებულისთვის მეტისმეტად ბევრჯერაა დამუშავებული და გამოყენებული სახლის სიმბოლო, რაც საგრძნობლად ასუსტებს მის ემოციურ თუ აზრობრივ გავლენას, თუმცა მისი მნიშვნელობა გასაგებია: სახლი ტექსტის ფარგლებში უნივერსალური მეტაფორაა და მასში კონკრეტულ სახლებთან ერთად მეტაფიზიკური სახლიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომლადაც გადაქცევა სურს ავტორს. სახლების უმრავლესობა სიცარიელესა და მიტოვებულობას, სივიწროვეს, დახუთულობას, ავადობას უკავშირდება, მეორე მხრივ კი, არის ქალაქში სახლი, რომლის კართანაც შეგიძლია იმ იმედით დადგე, რომ შიგნით შეგიყვანენ და მოგეფერებიან. ზოგჯერ „სახლი“ ფორმას იცვლის და მერცხლების მიტოვებულ ბუდედ ან ყვავილჩამპალ ქოთნად იქცევა, მაგრამ ამ სახეცვლილ „სახლებსაც“ ისეთივე დამღუპველი ზემოქმედება აქვს მასში მყოფებზე (მერცხლებსა და ყვავილებზე), როგორიც ნამდვილ სახლს (ადამიანზე).
შესაძლოა, სივრცის გამუდმებული დაკონკრეტების გამოა, რომ ყოველთვის იგრძნობა ჩაბნელებული ოთახის უხერხული და ინტიმური დახუთულობა, რომელშიც მკითხველი შემთხვევით ხვდება და ხმამაღალ მონოლოგებს ისმენს, რომლებიც თითქოს მის მოსასმენად არაა გათვლილი და ჩაფიქრებულია დიალოგად, რომელიც არ გამოდის. ის, ვისაც ლექსებით ელაპარაკებიან, არ ჩანს. მის შესახებ უმნიშვნელო დეტალების გაგება (ქერა თმა, გიშრის სახე, ტკბილსუნიანი კანი) საკმარისი არაა, ამიტომაც ექსპლიციტური მკითხველი ბოლომდე ამორფულ არსებად რჩება, რომლის კონტურების დანახვა შეუძლებელია.
ლექსებისა და ავტორის სამყარო მაქსიმალურად დახშულია და შემოსაზღვრული (იმდენად, რომ ერთ ოთახში შეგიძლია მოათავსო და მის ფარგლებს მიღმა დარჩენილი პეიზაჟები და შენობები დაივიწყო). თუ ლირიკაში როგორღაც გარე სამყარომ ქუჩებად შემოაღწია, კადრები და ადამიანები იქაც ქრებიან, რჩება მხოლოდ ცარიელი ადგილები, რომლებსაც ავტორი მთლიანად ავსებს მთავარი პერსონაჟის არყოფნით და ეს ადგილებიც ცოცხლობს არა დამოუკიდებლად, არამედ მხოლოდ ლექსების ადრესატის სადღაც სხვაგან არსებობიდან და იქ არყოფნიდან გამომდინარე.
ნინი ელიაშვილის ენა თითქმის დაცლილია მეტაფორებისაგან. ენობრივი ქსოვილი სრულიად გამჭვირვალეა – ტროპების საბურველში არ გვიწევს სათქმელის ამოცნობა და რასაც ამოვიცნობთ, ძირითადად, იმაზე მიგვანიშნებს, რამდენად შეუთავსებელია საზღვრის მიღმა დარჩენილი სამყარო, ყოველთვის მართალი ადამიანებით დასახლებული, ავტორთან, რომელიც სულ დამნაშავეა და კნუტ ჰამსუნის პერსონაჟის, იოჰან ნაგელის მსგავსად იქცევა, რომელმაც, წესით, დაგნის (საყვარელი ქალის) თვალში მიმზიდველად გამოჩენა, მისთვის თავის შეყვარება უნდა სცადოს და ამის ნაცვლად თვითგვემითაა დაკავებული; ყოველი შეხვედრისას ცდილობს, აფიქრებინოს, რომ არც ისე კარგი ადამიანია და ძნელად თუ დაიმსახურებს ვინმეს სიყვარულს.
ლექსებში ჩანს ამბოხებაც, რომელიც არა ქმედებაში, ქცევაში ან გადაწყვეტილებაში, არამედ ამ ყველაფრის უსურვილობაში გამოიხატება. ესაა პასიური კონფრონტაცია „მათთან“ – ადამიანებთან, რომლებსაც ავტორის გაზრდა სურთ, მოითხოვენ, რომ მასაც ჰქონდეს მიზნები და სურვილები. მათი მოთხოვნა სრულიად უინტერესოა – ლირიკულ მეს არც ისინი აღელვებს და არც მათი სტანდარტები, საგრძნობია მისი ეგოცენტრიზმი, თანადროული სისუსტეც და გაჯიუტებაც და ამ მდგომარეობის არსებობა ის იშვიათი სტაბილურობაა, რომელიც ლექსების ქაოსურ, ფრაგმენტულ და დანაწევრებულ სამყაროში შეგვიძლია ვიპოვოთ.
ამიტომაც „ამდენ ცდაში ერთხელაც რომ არ ვკვდები“ ჩაგვესმის არა წუწუნად, არამედ მხოლოდ ფაქტის ხაზგასმად, მძიმე სულიერი მდგომარეობის ხისტ და პირდაპირ კონსტატაციად, რაც სიცხიანი, ვიწრო და ცივ ოთახში გამოკეტილი ფიცრულგულიანი ავტორის არსებობის გამო პათეტიკისგან თავისუფლდება.
პათეტიკა არც პოლ ვალერის სიტყვებშია, რომლებიც იდეალურად გამოხატავს კრებულის იდეას: „ყველა სიყვარული ცუდად მთავრდება“.
ცხადია, არც ის სიყვარულია გამონაკლისი, რომლითაც ნინი ელიაშვილის პოეტური ტექსტები იქმნება, ამიტომაც ამ რეცენზიას სხვა სახელი არ მოუხდებოდა.
© არილი