ახალი ამბები

ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი – პროგრამა და მონაწილეები

5-8 ოქტომბერს ბათუმი ოდესის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას უკრაინელი, ქართველი, გერმანელი, იტალიელი, შვეიცარიელი, პოლონელი, რუმინელი და სამხრეთ აფრიკელი მწერლები მიიღებენ. მთავარი თემა იქნება ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა სამყაროზე.

ფესტივალი 5 ოქტომბერს, 12 საათზე, კატია ვოლტერსის მთარგმნელობითი მასტერკლასით დაიწყება, რის პარალელურადაც გაიმართება ონლაინ დისკუსია დეიმონ გალგუტთან (სამხრეთ აფრიკა), რომელიც ბუკერის პრემიის ლაურეატია რომანისთვის „დაპირება“. ის ისაუბრებს იმის შესახებ, საფრთხეშია თუ არა სიტყვის თავისუფლება.

დისკუსიის შემდეგ იგეგმება ფილმის ჩვენება „ხმები ომზე“, რომელშიც ცნობილი მწერლები უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ და მიმდინარე ომს განიხილავენ. ამ მწერლებს შორის არიან მარგარეტ ეტვუდი, კარლ შლოგელი, ჰერტა მიულერი და სხვ.

ფესტივალის გახსნის ღონისძიება 7 საათზე ჩატარდება ბათუმის საზაფხულო თეატრში და მასში ონლაინ ჩაერთვება ენნ ეპლბაუმი, პულიცერის პრემიის მფლობელი ისტორიკოსი.

პირველი საფესტივალო დღე კი ქართულ-უკრაინული პოეზიის საღამოთი დასრულდება, რომლის მონაწილეებიც პაატა შამუგია, ოსტაპ სლივინსკი, გიორგი ლობჟანიძე, ჰალინა კრუკი, დმიტრო ლაზუტკინი, ნიკა ჯორჯანელი, რაულ ჩილაჩავა და ია კივა იქნებიან. პოეზიის საღამოს მოდერატორობას ეკა ქევანიშვილი გაუწევს.

 

6 ოქტომბერს ჯერ უკრაინელი საბავშვო მწერალი ჰალინა ვდოვიჩენკო წარადგენს თავის წიგნს, შემდეგ კი თათია ნადარეიშვილი („თინას ჰყოფნის გამბედაობა“).

14 საათზე თემაზე „საფრთხეშია თუ არა სიტყვის თავისუფლება?“ ონლაინ ისაუბრებს ბურჰან სიონმეზ (თურქეთი), რომელიც 2021 წელს საერთაშორისო პენ-ცენტრის პრეზიდენტი იყო .

წერის ხელოვნებაზე დისკუსია უკრაინელ ჰალინა კრუკთან 16 საათზე ჩატარდება, მოდერატორი კი პაატა შამუგია იქნება. ჰალინა კრუკი უკრაინულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ხმად ითვლება და ცნობილი პოეტი, პროზაიკოსი და ლიტერატურის მკვლევარია.

ამის შემდეგ ასევე უკრაინელ ავტორთან, სერჰი ოსოკასთან ონლაინ შეხვედრა იქნება შესაძლებელი.

19 საათზე ეკატერინე ტოგონიძე, ჰალინა კრუკი (უკრაინა), თამთა მელაშვილი და ია კივა (უკრაინა) თავიანთ ტექსტებს წარმოადგენენ, ისაუბრებენ საკუთარ განცდებსა და პერსპექტივებზე.

მეორე საფესტივალო დღის ბოლოს ჯერ შჩეპან ტვარდოხი (პოლონეთი) და ლაშა ბუღაძე ისაუბრებენ „დასავლეთის გაუაზრებელ პაციფიზმზე“, შემდეგ კი ფილიპ ფლორიანთან (რუმინეთიდა იაკუბ მალეცკისთან (პოლონეთი) იქნება დისკუსია.

 

მესამე საფესტივალო დღეს გაიმართება დისკუსია თემაზე „ცხოვრება ნგრევის დროსზაზა ბურჭულაძესა და იური ანდრუხოვიჩთან  (უკრაინა). ავტორები ონლაინ ჩაერთვებიან და თავიანთი წიგნებიდან („ვარდის სურნელი“ და „მოსკოვიადა“) ნაწყვეტებს წაიკითხავენ. ასევე ონლაინ, პაატა შამუგიას მოდერატორობით,  მწერალ, ვიზუალური ხელოვან, მთარგმნელ და ლიტერატურულ კრიტიკოს მიურიელ პიკთან (შვეიცარია) და დრამატურგ, რომანისტ და პუბლიცისტ ლუკას ბერფუსთან (შვეიცარია) იგეგმება შეხვედრა.

19 საათზე სერჰი ჟადანთან ონლაინ დისკუსიას რატი ამაღლობელი გაუძღვება, საუბრის ძირითადი თემა კი იქნება ლიტერატურის შესაძლებლობები ომის ჟამს.

სიმართლის ინტერპრეტაცია – დისკუსია კარლ რიუმანთან რომანისალბათ, სიმართლეშესახებ (შვეიცარია) 20 საათზეა დაგეგმილი, მოდერატორ ლაშა ბაქრაძესთან ერთად.

მესამე საფესტივალო დღე თანამედროვე ევროპული პოეზიის საღამოთი დასრულდება. მონაწილეები ნორბერტ ჰუმელტი (გერმანია), ნიკა ჯორჯანელი, ეკა ქევანიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ერნესტ ვიხნერი (გერმანია) და რატი ამაღლობელი იქნებიან.

 

ფესტივალის ბოლო, მეოთხე დღე ფრანჩესკა მელანდრისთან (იტალია) დისკუსიით დაიწყება, მარიამ კორინთელის მოდერატორობით ის თავის ტესტზე ისაუბრებს.

15 საათზე წიგნს „ომის ლექსიკონი“ ოსტაპ სლივინსკი (უკრაინა) წარადგენს, რის შემდეგაც პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და კრიტიკოსი ოლეჰ კოცარევი ისაუბრებს თავის ესეისტურ ტექსტზე, რომელიც აღწერს ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ბუჩაში დაბრუნებას. იმ მცირე, მაგრამ ღრმა ცვლილებებს, რის გამოც ეს ადგილი ომამდელ სახეს აღარასოდეს დაიბრუნებს.

ამის შემდეგ ლაშა ბუღაძე, იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა), რატი ამაღლობელი, ჰალინა კრუკი (უკრაინა), პაატა შამუგია, ია კივა (უკრაინა) განიხილავენ თემას „როგორი იქნება მსოფლიო უკრაინაში ომის შემდეგ?

ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ახალგაზრდა ბათუმელი პოეტების საღამოთი დასრულდება. საღამოს მონაწილეები იქნებიან გენრი დოლიძე, როინ აბუსელიძე და დიანა ნაკაიძე.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა წიგნები ბათუმში. ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), გერმანიის კულტურისა და მედიის სამინისტროს, Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

© არილი

Facebook Comments Box