Uncategorized

ორად გაყოფილი “საბა” – ინტერვიუ ლია ლიქოკელთან და ტორესა მოსისთან

toresa da lia liqokeli

ნანა კობაიძე

ახალგაზრდა ავტორებმა – ლია ლიქოკელმა და ტორესა მოსიმ ერთი თხილის გული, ერთი ნომინაცია გაიყვეს. ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიურიმ კიდევ ერთხელ “დაარღვია” წესები და “წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის” ნომინაციაში ორი გამარჯვებული გამოავლინა. მსგავსი ფაქტი პირველად რამდენიმე წლის წინ მოხდა, როდესაც ლიტერატურულ საზოგადოების წინაშე ორი დებიუტანტი – გიორგი კეკელიძე და დიანა ანფიმიადი წარდგა. ამას მოჰყვა ეკატერინე ტოგონიძისა და სალომე ბენიძის შუაზე გაყოფილი “საბა”. 2014 წელს დებიუტანტმა ავტორებმა გამარჯვების სიხარული მესამედ გაინაწილეს. ამ ნომინაციის ლაურეატებს საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, “არილის” ფურცლები “მომავლის” წლევანდელი ავტორებისთვის დაგვეთმო.

 

ლია ლიქოკელი: როცა არ იცი, როგორ გადარჩე

წერა სამი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვერაფრით იფიქრებდა, რომ ლიტერატურული წრეებისთვის სრულიად უცნობ გოგონას ყოველგვარი კავშირების გარეშე მკითხველი ასე შეიყვარებდა, თუმცა მისმა ლექსებმა ეს შეძლო. წარმოუდგენელია, ერთხელ მაინც წაიკითხო და ვინმეში შეგეშალოს. კითხვა დაიწყო და ბოლომდე არ ჩაყვე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავად პოეზია ლაპარაკობს. გამორჩეულია, ხალასი და თვითმყოფადი, როგორც მისი მშობლიური ხევსურეთი, სადაც დაიბადა და გაიზარდა. “დევის ცოლის სიცილი” – ასე ჰქვია წიგნს, რომლითაც ლია ლიქოკელი  საზოგადოების წინაშე წარდგა.

– შემოქმედის შიდა სამზარეულო ყოველთვის საინტერესოა. შეგიძლია იმის ახსნა, როგორ მუშაობ, წერის პროცესზე მოგვითხრო?

– ლექსის წერისას თავისებური სამყარო იქმნება, რომელიც შენს იმწუთიერ სათქმელს გამოხატავს. მოგვიანებით ეს სათქმელი ქაღალდზე გადადის. პირდაპირ არასოდეს გადამაქვს ფურცელზე ნააზრევი. თავდაპირველად ჩნდება იდეები, რომელთაც ვახარისხებ, ვიწერ, ვამუშავებ. ეს ერთგვარი საშენი მასალაა, საიდანაც ლექსი იბადება. მერე უკვე იწყება გარანდვის პროცესი.

– არადა, შენი ტექსტები ისეთი გაბმულია და წყალივით მიედინება, გგონია, ერთი ამოსუნთქვით, შეუჩერებლად იწერება.

– ასე ნამდვილად არ არის. საკმაოდ ბევრი შრომაა საჭირო. ძირითადად სიუჟეტური ლექსები მაქვს, სადაც ამბავს ვყვები. მთავარია, ამბავმა თავისი ენა და რიტმი იპოვოს, ან საკვანძო ფრაზა გაჩნდეს, დანარჩენი უკვე ამაზე შენდება. ძალიან მნიშვნელოვანია ფინალი. თუ ფინალი მომაფიქრდა, ვიცი, როგორ მივიდე იქამდე.

– პროფესიით კინორეჟისორი ხარ და ეს ლექსებშიც იგრძნობა – გამოკვეთილად ჩანს ვიზუალური სახეები და სურათები.

– რეჟისორული ხედვა ლექსის წერისას მართლაც მეხმარება. პოეზიის მსგავსად, კინოც “შიგნიდან” კეთდება და არა გარედან – ცივი გონებით, თუმცა ეს უკანასკნელი სულ ჩართულია. A

– შეგიძლია საკუთარი ლექსების უცხო თვალით აღქმა, მათგან დისტანცირება?

– კი, ოღონდ ყოველთვის არა. ეს უფრო მკითხველისთვისაა საჭირო, რათა ზუსტად გაიგოს, რას ეუბნები. ჩემი ამბავი ხომ ძალიან ჩემია? თუ ისე მოვყვები, როგორც მხოლოდ მე ვგრძნობ, საკუთარ თავს მასში ვერავინ იპოვის. სწორედ ამიტომაა საჭირო “მესამე თვალი” – რომ დაინახო, რამდენად სახიერია ეს ყველაფერი. კინოშიც ხომ ასეა: ჩართავ ფირს, ამონტაჟებ და აკვირდები – აქვს თუ არა კონკრეტულ კადრს ეფექტი. თუმცა ამის კეთება ყოველთვის არ შემიძლია. სანამ ახალია, ლექსს ბევრჯერ ვკითხულობ. თუ რამეს ვასწორებ და ვცვლი, მხოლოდ ამ ეტაპზე, რადგან ჯერ კიდევ იმ ენობრივ ქსოვილში ვარ. მერე თავის გზაზე ვუშვებ. პოეტები ხშირად ამბობენ, რომ ლექსი უნდა დააძველო. მე კი ერთხელ დაწერილის წაკითხვა არ მიყვარს, ვეღარც ვუბრუნდები და ვერც ვერაფერს ვცვლი.

– არც საყვარელი ლექსები გაქვს?

– როგორ არა, არის ასეთი ლექსები. მაგალითად, “როგორ შემიყვარდა ყვავი”, რომელიც ძალიან გამიკვირდა რომ დავწერე, თითქოს თავისით დაიბადა; “მინდა დედაჩემი გათხოვდეს”, “ნეტა საფართხელებს არ ვაცხობდე…” სხვათა შორის, ეს იყო პირველი ლექსი, რომელზეც ვთქვი, გამომივიდა-მეთქი – ამ ლექსით იწყება ჩემი წიგნიც.

– სულ პირველი ლექსი როდის დაწერე?

– ძალიან დიდი ხნის წინათ, სკოლის პერიოდში, თუმცა ამას წერას არ ვეძახი. მერე მქონდა დიდი პაუზა და ზუსტად სამი წლის წინ ისევ მოვკიდე ხელი. ვგრძნობდი, რომ სათქმელი მიგროვდებოდა და უნდა ამომეთქვა.

– რამემ გიბიძგა თუ უბრალოდ პოეტური სავარჯიშოები იყო?

– ძალიან ცუდად ვიყავი. დეპრესიული პერიოდი მქონდა და რაღაცნაირად უნდა დავხარჯულიყავი. არ ვიცი სხვას როგორ, მაგრამ პირადად მე ყველაზე კარგი ლექსები მაშინ გამომდის, როცა ძალიან ცუდად ვარ; როცა არ იცი, როგორ გადარჩე. ეს არის გადარჩენის გზა. ლექსები, რომლებიც ზემოთ ვახსენე, სწორედ მსგავს პერიოდში დაიწერა. დღემდე ასე გრძელდება.

– ბევრს წერ?

– ადრე უფრო მეტს ვწერდი, ახლა – ნაკლებს, თუმცა არის პერიოდი, როდესაც გადაბმულად ვმუშაობ. მერე შეიძლება კარგა ხანს დავისვენო. სხვათა შორის, იმ კონკრეტულ ლექსებს, რომელთაც მაშინ ხშირად ვწერდი, დღეს არ დავწერდი. აღარ მომწონს, მგონია, რომ არ ვარგა.

 – გემოვნება და შეხედულებები ხშირად გეცვლება?

– საერთოდ, ერთფეროვნება არ მიყვარს. კითხვითაც კი სხვადასხვაგვარ ტექსტებს ვკითხულობ. შეიძლება ერთდროულად მომწონდეს ბესიკ ხარანაული და ზაზა კოშკაძე – სტილის, ფორმის, ენობრივი განსხვავებების გათვალისწინებით. მეც მაქვს ასეთი განსხვავებული მიმართულებები: ვწერდი არქაული სახეებითა და მითოსით გაჟღენთილ პოეზიას, ცოტათი არასერიოზულ ლექსებს კაქტუსებსა და კატებზე და კიდევ – ძალიან მშრალ და დაწურულ ოპუსებს, რომლებიც უფრო გვიან გაჩნდა. სრულიად სხვადასხვაგვარი ტექსტებია, რომლებიც დროდადრო ენაცვლება ერთმანთს. რაღაც ეტაპზე სავსე და ბობოქარი ლექსით ვიღლები და “მშრალი” პოეზია მინდება.

– სად უფრო კარგად გამოხატავ საკუთარ თავს, რომელი უფრო შენია?

– ორივე. ჯერ ერთი, ყველაფერი ძალიან მალე მბეზრდება. ახლაც ასეთი პერიოდი მაქვს – სიახლის მოთხოვნილებას ვგრძნობ. ბოლო დროს წერის სტილი ცოტა შევიცვალე, თუმცა ამას მიზანმიმართულად არ ვაკეთებ, თავისთავად ხდება. წლების განმავლობაში არ ვწერდი, რადგან ჩემი ამბები საკუთარ ენასა და ფორმას ვერ პოულობდა. როგორც კი ამ გარსს მივაგენი და პირველი ლექსი შედგა, მივხვდი, როგორ უნდა მეწერა, რა ფორმით მომექცია იდეა სიტყვაში. ეს ყველაფერი სხვისთვის რთული ასახსნელია, ინტუიციის დონეზე ხდება.

– საიდან იღებს სათავეს მითოსი და ზღაპრული სამყარო, რომელიც შენს ლექსებში უხვადაა?

– ალბათ იმ გარემოდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე – ხევსურეთიდან. იქ ახლა ადამიანები ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ყოველგვარი ეგზოტიკის გარეშე. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება – არც დევი გეჩვენება და არც ალქაჯი, მაგრამ ეს ყველაფერი შენ გარეშემო მაინც არის. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჰაერი მითიური არსებებით არის სავსე, რომლებიც დროდადრო არღვევენ უხილავ გარსს და გამოსკდებიან ხოლმე. სინამდვილეში ეს ყველაფერი ჩვენშია, არსად წასულა, უბრალოდ, ვიღაც ხედავს, ვიღაც – ვერა.

– რასაც ახლა ამბობ, განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა “დევის ცოლის სიცილში”. ცარიელი მითია, ზმანება, ჯადოსნური სამყარო.

– ამ ლექსს თავისი ისტორია აქვს. ჩემი სოფლის პირდაპირ ფიჭვების კუნძულია, იმ ადგილებში ადრე ჩემი წინაპრების ნასოფლარი იყო, თუმცა არასოდეს ვყოფილვარ, უკაცრიელი მისასვლელია. მთელი ბავშვობა ამ ფიჭვებს ვუყურებდი. სულ მეგონა, რომ იქ რაღაც ხდება, სხვა სამყაროშია გასასვლელი. ეტყობა ეს განცდა ქვეცნობიერში ჩამრჩა.

იმ საღამოს თოვდა, ღუმელში ცეცხლი ენთო და ნაკვერჩხლის ალი ანათებდა. დაძინებას ვაპირებდი. უცებ მომეჩვენა, რომ იქიდან ვიღაც მიყურებდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ფიჭვებს შორის, კენწეროებთან დავდიოდი, ვირწეოდი და ეს დათოვლილი ხეებიც ირწეოდნენ. ისე მაღლა ვიყავი, მეგონა, დევის მხარზე ვიჯექი. გაჰყვა ამას ფიქრი, გაჰყვა – რისთვის დავდივარ, სად ვარ, რატომ ვირწევი? და უცებ მივხვდი ვინც ვიყავი – დევის ცოლი. მეორე დილას ბარისახოს ავტობუსში მთელი ტექსტი დალაგდა. სახლში რომ მივედი, ჩავიწერე. A

– ახლა რაზე მუშაობ, რითი ხარ დაკავებული?

– ახალ ლექსებს ვწერ და ვაგროვებ. ერთი-ორი მითოსური ამბავიც მაქვს დასაწერი,  რომელიც დიდი ხანია თავს არ მანებებს. ეს სახეები სხვანაირად გაწუხებს და ჩვეულებრივ ლექსებთან შედარებითაც სხვაგვარი მიდგომა სჭირდება.

– ჩვეულებრივ ლექსს რას ეძახი?

– ჩვეულებრივია მაგალითად, “როგორ მიყიდა მამაჩემმა ფეხსაცმელი.” “დევის ცოლის სიცილი” და “აშექალის ქორწილი” ჩვეულებრივი ლექსები არ არის. მათზე მუშაობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს – უნდა გარდაისახო, მთლიანად ამ სამყაროში შეხვიდე და მითიურ პერსონაჟად იქცე. რაღაცით შეპყრობილობის მდგომარეობას ჰგავს. სხვა სამყაროდან უნდა წერო და არა აქაური რეალობის გათვალისწინებით.

– მკითხველის შეფასებები რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის?

– ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ეს საქმე არ გამეგრძელებინა, რომ არა გამოხმაურება, რაც ჩემს პირველ ნაწერებს მოჰყვა. წერა რომ დავიწყე,Lლიტერატურულ წრეებში ნაცნობი არ მყოლია. რამდენიმე ლექსი ფეისბუქზე გამოვაქვეყნე და ჩემთვის მოულოდნელად გულითადი შეფასებები მოჰყვა. არადა, მეგონა, ასე წერა მხოლოდ მე მომწონდა. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო. საოცარი შეგრძნებაა როცა იცი, რომ შენს ლექსს ვიღაც ელოდება. სხვა შემთხვევაში შეიძლება არც დამეწერა და უბრალოდ წარმოსახვაში დავხარჯულიყავი, როგორც არაერთხელ მომხდარა.

– საეტაპო ლექსები თუ გაქვს, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი?

– არ ვიცი, ალბათ მაქვს. პრინციპში, ამ წიგნით რაღაც ეტაპი დამთავრდა.

– “დევის ცოლის სიცილი” არ არის ასეთი ლექსი? წიგნსაც ხომ ასე ჰქვია?

– მნიშვნელოვანი ლექსია, მაგრამ ჩემი საყვარელი ტექსტი სულაც არ არის. უბრალოდ,  ყველაზე კარგად გამოხატავს იმ სამყაროდან მოყოლილ ამბებს, რომლებიც წიგნში შევიდა. სხვანაირად რომ ვთქვა, ეს ის ამბებია, რომლებიც “დევის ცოლის სიცილში” ეტევა.

– მერე დაიწყე წერა გოგოებზე.

– ეს ახალი ეტაპია, რომელიც კრებულის გამოსვლის შემდეგ დაიწყო. შარშან ზაფხულში დავწერე “გოგოობის კანონი.” ამას მოჰყვა “კარგად უნდა ვიყოთ, გოგო”, რომელიც მოარულ ფრაზად იქცა. როგორც ჩანს, ჩემს ცხოვრებაში გოგოობის პერიოდი დადგა, გოგოური ამბების, რაც ლექსებშიც ბუნებრივად აისახა. მომდევნო წიგნს ალბათ ეს ხაზი შეკრავს. სხვათა შორის, ამ თემაზე წერა ერთგვარი პროტესტია. პროტესტი პოეზიისა და საერთოდ, ლიტერატურის დაყოფის წინააღმდეგ. ხომ ყოფენ ტექსტებს ქალურად და კაცურად? ქალის ნააზრევს რაღაცნაირად აკნინებენ, თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მეორე სქესის მონათხრობს კი ზოგადსაკაცობრიოდ მიიჩნევენ. არადა, ასე არ არის: მამაკაცი ცალმხრივად ხედავს მოვლენებს, ის გრძნობიერი, ემოციური მხარე აკლია, რაც ჩვენ, ქალებმა უნდა მოვყვეთ. რა არის ცუდი ემოციებში? მეც ხომ ისევე აღვიქვამ სამყაროს, როგორც შენ, ოღონდ ცოტა განსხვავებულად. როგორც ქალისა და კაცის საქმეა გაყოფილი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, ლიტერატურაშიც ასეა – ქალური ამბავი ნაკლებად მნიშვნელოვანია. სწორედ ამის გამო გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და მივხვდი, რომ ამაზე უნდა მოვყვე, მოვყვე ხაზგასმით, რადგან ეს ბევრ გოგოს, ბევრ ქალს სჭირდება. ერთი სიტყვით, ახლა ასეთი ეტაპი მაქვს. ცოტა ხანში ალბათ ესეც გაივლის და სხვა პერიოდი დაიწყება. ამაზე უკვე შემდეგ.

 

ტორესა მოსი: რომანი სამყაროს შექმნას ჰგავს

ტორესა მოსის (ვახო მოსიაშვილი) ლიტერატურული დებიუტი გასულ წელს შედგა. ახალგაზრდა მწერლის რომანმა – “სიბრძნე სიცრუისა” მკითხველი ცოტა დააბნია. კარგად ნაცნობი სათაურის გამო ზოგმა პლაგიატში დაადანაშაულა, ზოგმა – ამბიციურობაში, თუმცა ეს ყველაფერი რეალობისგან ძალიან შორსაა. სინამდვილეში წიგნი ერთ ყმაწვილზეა, რომელიც პატარა პროვინციულ ქალაქში (ამ შემთხვევაში – თელავში) ცხოვრობს. ქალაქში, სადაც არაფერი ხდება და ძნელია რამე გადაგხდეს, თუმცა ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, თავგადასავლებში გახვევას მაინც ახერხებს. ამასობაში იზრდება და პიროვნებად ყალიბდება. შვიდი ამბავი, რომელთა პერსონაჟებსაც პირობითად მუსიკალური ბგერების სახელები ჰქვიათ და მთავარი გმირი სახელად – ნოტი, რომლის გარშემო ეს ყველაფერი ვითარდება – ასეთია მოკლედ თანამედროვე “სიბრძნე სიცრუისას” სიუჟეტური ქარგა.      

– ფაქტია, რომ დღესდღეობით “საბა” საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა. “საუკეთესო დებიუტის” ნომინაციაში გამარჯვება ახალბედა ავტორისთვის წარმატებული სტარტია. როგორ შეიძლება ამან შენს ლიტერატურულ მომავალზე იმოქმედოს?

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა შრომა გიფასდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის მომენტიც, რომ ტექსტის მიმართ, რომელმაც გამოცემის შემდეგ ცოტათი “მიიძინა,” ისევ გაჩნდა ინტერესი. გამომცემლებმაც უფრო მყარად იგრძნეს თავი თანამშრომლობის თვალსაზრისით. აუცილებლად მინდა ვთქვა: ჩემთვის ეს ჯილდო არ ნიშნავს, რომ ყველაზე კარგი ტექსტი დავწერე. ყველა პრემიას თავისი ლოგიკა აქვს და გარკვეული თვალსაზრისით შესაძლოა შენი ნაწერი იმ მომენტში ამ ლოგიკასთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდეს. ეს არის და ეს. რაც შეეხება მომავალს, არა მგონია რაიმე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს და იმაზე უკეთ დავიწყო წერა, ვიდრე ვწერ. არც იმისთვის დავწერ, რომ მომავალ წელსაც პრემია დავიმსახურო. ჩემს ცნობადობას კი ნამდვილად გაზრდის და უფრო მეტ მკითხველს წააკითხებს ამ წიგნს, რაც ნებისმიერი ავტორისთვის მნიშვნელოვანია.

– “მიძინებული ყურადღება” ახსენე. როგორ შეხვდა ლიტერატურული საზოგადოება ამ რომანს?

– წიგნი შარშან ნოემბერში გამოვიდა და მკითხველის ყურადღება ნამდვილად მიიპყრო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ლიტერატურული წრეები ან კრიტიკოსები დაინტერესდნენ. “საბას” მიღების შემდეგ ინტერესმა ისევ იმატა, განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილში, ვისთვისაც ეს პრემია მნიშვნელოვანია. ვიღაცამ ჩათვალა, რადგან გამოარჩიეს, ე.ი. წაკითხვა ღირს. ერთიც არის: დღეს, როცა ბევრი წიგნი გამოდის, კარგი ავტორის პოვნა გარკვეულ რისკს უკავშირდება. პრობლემაა ისიც, რომ ახალ ტექსტებზე ცოტას წერენ და შენთვის კომპეტენტურმა პიროვნებამ თუ არ გირჩია, უცნობ მწერალს ხელს არ მოკიდებ. ჩემს შემთხვევაში “საბა” სწორედ ამ როლს შეასრულებს.

– დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებულს საზოგადოება ყოველთვის ინტერესით უყურებს. როგორ წარუდგენ თავს მკითხველს, რომელმაც ახლა უნდა გაგიცნოს?

– ვეტყვი, რომ საინტერესო ავტორი ვარ ფორმის ძიების თვალსაზრისით. ვცდილობ, ტექსტი რაც შეიძლება დინამიკური იყოს და კარგად იკითხებოდეს. ამაზე ბევრს ვმუშაობ. ძალიან მინდა შევძლო ისიც, რომ ყველა ახალი ნამუშევარი მკითხველისთვის სიურპრიზი იყოს – როგორც ფორმის, ასევე მხატვრული თვალსაზრისით.

– ეს შენი პირველი წიგნია, მაგრამ არა პირველი რომანი. მანამდე რას წერდი და რა თემაზე?

– მანამდე ორი რომანი და მოთხრობები დავწერე. ვერ ვიტყვი, რომ ერთ კონკრეტულ თემაზე ვწერ. როგორც წესი, ჩემს ტექსტებში რამდენიმე პლასტი ფიგურირებს. პირველი რომანი პიროვნების მიერ საკუთარი თავის გააზრებას ეძღვნებოდა. კიდევ იმას, როგორ აღიქვამენ ადამიანები ერთსა და იმავე მოვლენას: ის, რაც ერთისთვის სასაცილოა, მეორისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, თუმცა ამაში არავინაა დამნაშავე. ამჯერად ახალ რომანზე ვმუშაობ, რომელიც ასევე მრავალპლასტიანი იქნება. თემები სხვადასხვაა, მათ შორის სიძულვილი, შურისძიება და სიყვარული, თუმცა, რასაკვირველია, ეს ყველაფერი ზედაპირზე არ დევს. ხდება ამბები, საიდანაც მკითხველმა დასკვნები უნდა გამოიტანოს. საერთოდ, საკუთარი ტექსტების კომენტირება არ მიყვარს. ვცდილობ, მაქსიმალურად ღია სივრცე დავტოვო, რათა მკითხველს ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ჰქონდეს. როდესაც განმარტებას იწყებ, მკითხველს აზროვნების საშუალებას უსპობ, მწერლის მისია კი სააზროვნო სივრცის შექმნაა და არა ფორმულების.

– “სიბრძნე სიცრუისა” მკითხველის ნაწილისთვის მხატვრულ მხარესთან ერთად ფორმის თვალსაზრისითაც საინტერესო აღმოჩნდა. რამდენად რთულია ახალი ფორმის ძიება დღეს, როცა თითქოს უკვე ყველაფერი ნათქვამია?

– ეს არ არის ახალი ფორმა, შეიძლება ითქვას, ახლებურად გააზრებული ძველია.  მაგალითად სულხან-საბას იგავ-არაკები გამოდგება, რომლებიც ერთ სიუჟეტურ ქარგაზეა აწყობილი. ჩემს რომანშიც ერთი გამჭოლი პერსონაჟი ფიგურირებს, რომელიც თავიდან ბოლომდე მიჰყვება ტექსტს. ყველა თავში დრამატურგიული ხაზი დასრულებულია. თითოეული სრულფასოვანი მოთხრობაა. სხვათა შორის, წერას რომ ვიწყებდი, სხვა ჩანაფიქრი მქონდა, სულ სხვა ამბავს ვყვებოდი, თუმცა მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ის, რაც იწერებოდა, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ საწყისი სიუჟეტი ამოვჭერი, პერსონაჟები კი დარჩა. საბოლოო ჯამში ფორმა ტექსტმა მიკარნახა. სწორედ ეს არის ძიების პროცესი, რომელიც მუშაობის დროს მოდის. ბევრს ვფიქრობ დასაწყისზეც. პირველი წინადადება ძალიან მნიშვნელოვანია და დიდხანს ვეძებ. შეიძლება ოცი გვერდი დავწერო და მხოლოდ ამის შემდეგ “გამოიტანოს” ტექსტმა ის, რაც მინდა. იმ ოც გვერდს დაუნანებლად ვანადგურებ. ეს არ არის წყალში გადაყრილი შრომა – მან თავისი ნაყოფი გამოიღო.

– სტილზე ბევრს მუშაობ?

თანამედროვე ლიტერატურაში ცოტა რთულია ხისტად ჩააფრინდე რაღაც სტილს. გაცილებით საინტერესოა ენაზე მუშაობა. ენას აქვს თავისი ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომლის შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ არ უნდა ეჭიდაო. ვიღაცეები ცდილობენ, მაგრამ ეს რომ გამოგივიდეს, შოთა რუსთაველი უნდა იყო. ენას რაც შეეხება, უფრო მეტი შესაძლებლობაა, მეტი სივრცე ექსპერიმენტებისთვის, თუმცა ერთ რომანში ამის გაკეთება წარმოუდგენელია. რამოდენიმე უნდა დაწერო, რომ შენს ენას მიაგნო. “სიბრძნე სიცრუისას” შემთხვევაში ამის მცდელობა მქონდა, თუმცა ახალ რომანში აღარ გავმეორდები. სიახლე მინდა.

– შენი რომანის სახელწოდებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგმა პროვოკაციად მონათლა, ზოგმა – ამბიციად. სინამდვილეში რა იყო?   

– საერთოდ, სულხან-საბამ ძალიან დიდი მუხტი მომცა ცხოვრებაში. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ინტუიციით ვხვდებოდი, რომ ის არ წერდა მხოლოდ დიდაქტიკურ იგავ-არაკებს, როგორც მაშინ გვასწავლიდნენ. დავარქვი იმიტომ, რომ ყველაზე კარგად გამოხატავდა ჩემს სათქმელს. ეს არის სათაური, რომელიც ინტერპრეტაციის მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა: შეიძლება გაიგო, როგორც გამოგონილ ამბავში შეფუთული სიბრძნე, ასევე, ცხოვრება ორ უკიდურესობას – სიბრძნესა და სიცრუეს შორის. ჩემს რომანში ორივე კონცეპტი ფიგურირებს. სხვა ვერსიებიც მქონდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს სათაური ყველაზე კარგად გამოხატავდა სათქმელს. ვიღაცამ ამბიციად მონათლა, ვიღაცამ – ხმამაღალ განაცხადად, რეალურად კი ეს იყო პატივისცემა სულხან-საბას მიმართ – იმის გამოხატულება, რომ ამაზე უკეთეს ფორმულირებას ვერ მოვიფიქრებდი. ეს არც ეპატაჟია და არც ამბიცია.

– ზოგადად ეპატაჟი რამდენად მისაღებია შენთვის, ლიტერატურულს ვგულისხმობ?

– ეპატაჟი ნაკლებად მიზიდავს. სხვისი შეიძლება მომწონდეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მირჩევნია ყურადღება ტექსტმა მიიპყროს და არა პიროვნებამ. ლიტერატურულ ეპატაჟს რაც შეეხება, ჩვენს სივრცეში, სადაც ადამიანები წიგნებს არ კითხულობენ, ხშირად ეს ერთადერთი გზაა, რათა საზოგადოებამ აღიქვას, რა გააკეთე, ანუ მკითხველი წიგნთან მიიყვანო. ეს ავტორის ბრალი არ არის, უფრო არსებული ვითარების შედეგი მგონია. ქვეყანაში, სადაც პატარა ბაზარია, პრესტიჟულ პრემიას ყველა ვერ მიიღებს. რამით თუ არ მიიპყარი ყურადღება, წიგნი თაროზე, მკითხველის გარეშე დარჩება, რაც არცერთ ავტორს არ უნდა. აქედან მოდის ეპატაჟიც.

– ახლა რაზე მუშაობ?

– ვწერ ახალ რომანს, ვმუშაობ ფილმის სცენარზე და მზად მაქვს მოთხრობების კრებული, რომელიც მალე გამოვა. როდესაც რომანზე ვმუშაობ, სხვა რაღაცეებისთვის ნაკლებად ვიცლი, რადგან მთელი დრო და ენერგია ამას მიაქვს.

– რატომ მაინცდამაინც რომანი?

– რომანები ბავშვობიდან მიყვარს. რაც უფრო სქელი იყო წიგნი, მეტი ინტერესით ვკითხულობდი. ლექსს ვერ დავწერ. ჩემთვის პოეზია ძალიან ზუსტია, ასეთი სიზუსტით მუშაობა არ შემიძლია. რომანსაც სჭირდება სიზუსტე, თუმცა სხვაგვარი.

რომანი იმითაც არის საინტერესო, რომ სამყაროს შექმნას ჰგავს – გარემო შემოგყავს, სივრცე, სუნი, ფერი, ხმა……მოთხრობაში სიუჟეტს ყვები და დეტალებზე არ მუშაობ, თუმცა ამასაც თავისი სირთულე ახლავს – იმის გამო, რომ დეტალები არ გაქვს, სათქმელი ერთი სიტყვით უნდა გამოხატო. რომანი დრამატურგიულად გაცილებით შრომატევადია – უამრავი ხაზი შემოდის, უამრავი ძაფი, რომელიც არ უნდა გაწყდეს, არ დაგეკარგოს. თუმცა ჩემი ტვინი ამ შემთხვევაში უფრო კარგად მუშაობს.

© “არილი

Facebook Comments Box