ინტერვიუ,  პორტრეტი

ჟილ კარასო: “ეს არის მწერალი, რომელიც აზროვნებს”

20 camus

“დიახ, მსოფლიო აბსურდულია. დიახ – ღმერთებისგან არაფერს მოველით, მაგრამ მაინც, ულმობელი ბედის წინაშე პირისპირ მდგარმა უნდა შეძლო და შეიცნო იგი, არად ჩააგდო და შეცვალო შენი ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში” – წერდა 1942 წელს ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა მწერალი, რომელიც 17 წლიდან სხეულით სიკვდილს ატარებდა, მაგრამ მოახერხა მისი დამარცხება. ამაში საკუთარი შემოქმედება დახმარა, რომელიც ერთგვარი ამბოხი იყო ცხოვრების აბსურდულობის, სიძულვილისა და ბოროტების წინააღმდეგ.

წელს კამიუს დაბადებიდან 100 წელი გავიდა. რასაკვირველია, ეს თარიღი ყველაზე მასშტაბურად ფრანგებმა აღნიშნეს. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორთან, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველთან თანამშრომლობისა და კულტურის დარგში, ბატონ ჟილ კარასოსთან.

 

– ალბერ კამიუ გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია. როგორ აღნიშნავს საფრანგეთი მწერლის დაბადების 100 წლისთავს?

– უპირველესად, ისევ და ისევ მისი წიგნებით. ძალიან ბევრი გამოცემა გამოვიდა: ზოგი ტექსტი ხელახლა დაიბეჭდა, ზოგი – პირველად, მაგალითად, წერილების კრებული. გარდა ამისა, იმართება შემოქმედებითი კონფერენციები, შეხვედრები, სადაც მის შესახებ საუბრობენ.

– დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და დღესაც გრძელდება დავა –  ფილოსოფოსია კამიუ თუ მწერალი. როგორ ისწავლება იგი დღეს?

– უფრო როგორც მწერალი, მაგრამ საინტერესოა, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მისი სახე იცვლებოდა. სიცოცხლეში კამიუს სარტრის საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე მოაზროვნედ განიხილავდნენ, გარდაცვალების შემდეგ მემარჯვენეებმა ჰუმანისტად გამოაცხადეს. სულ ახლახან ისევ დაიწყო მისი ნააზრევის გადაფასება და ეს პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა.

– პირადად თქვენთვის რომელი პოზიცია უფრო მისაღებია?

– ჩემთვის ეს არის მწერალი, რომელიც აზროვნებს. გამიჯვნას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. კამიუ ფიქრობს, მას აქვს პოლიტიკური აზროვნება, ფილოსოფიური აზროვნება. მაშინ შეიძლება სარტრზეც ვიკითხოთ – ფილოსოფოსია თუ მწერალი, ამიტომ შეკითხვას ასე არ დავსვამდი. მთავარია, რამდენად ღირებულია ის, რაც მან შექმნა, მისი შემოქმედებითი ნააზრევი.

– კამიუს ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?

– არ ვიცი, რამდენადაა ეს ორი ტექსტი კამიუს შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ პირადად მე ძალიან მომწონს “დაცემა” და “პირველი ადამიანი”.

– 1954 წელს როლან ბარტმა ერთ-ერთ სტატიაში დაწერა: “ათი წლის წინ “უცხო” უაღრესად აქტუალური იყო. დღეს ამ პატარა წიგნის ძალას ისევ არაფერი დაჰკლებია”. 1999 წელს ამ რომანმა პირველი ადგილი დაიკავა XX საუკუნის 100 საუკეთესო წიგნის ჩამონათვალში. რით ახსნით მის ასეთ “გამძლეობას?”

– ვფიქრობ, კამიუმ ეს ნაწარმოები იმიტომ დაწერა, რომ ზუსტად იგრძნო და ბრწყინვალედ გამოხატა იმ ეპოქის ყველაზე დიდი კითხვები და საფიქრალი. ერთი მხრივ, ის აბსურდულობა, რასაც “უცხო” მიუძღვნა და რომლითაც გვეუბნება, რომ აზრი აღარაფერს აქვს; მეორე მხრივ, მორალის სხვა ფორმა – ადამიანისთვის ღირსეული მორალი, რომელსაც ის გვთავაზობს. ამაშია მისი საიდუმლო.

– თანამედროვე ფრანგებიც ისევე აღიქვამენ ამ ყველაფერს, როგორც მათი გასული საუკუნის თანამემამულეები? ხომ არ გახდა მათთვის უცხო კამიუს ნააზრევი?

– ამ კითხვაზე პასუხისთვის პირველ შეკითხვას მივუბრუნდები. იმ ფაქტმა, რომ წელს საფრანგეთმა კამიუს 100 წლისთავი აღნიშნა, ძალიან დიდი პოლემიკა და დებატები გამოიწვია. კამიუს შემოქმედებისა და მისი ნაწერების მიმართ დღესაც ისმება კითხვები, მათი გადაფასება ხდება. ეს არ არის ნაწარმოებები, რომელთაც სასკოლო სახელმძღვანელოში შეიტან და ჩარჩოს მოარგებ. ვერც კონკრეტულ პოლიტიკურ იარლიყს მიაწებებ. დღესაც კამათობენ, მემარჯვენეა კამიუ თუ მემარცხენე. ის ფაქტი, რომ გარდაცვალებიდან 53 წლის შემდეგ მისი შემოქმედება კვლავ იწვევს პოლემიკას, მიანიშნებს, რომ კამიუმ მტკივნეულ ადგილზე დააჭირა თითი საზოგადოებას. მის ნაწარმოებებში განხილული საკითხები ისევ აღელვებს ადამიანებს და კამათის მიზეზი ხდება.

– პოლიმიკას რაც შეეხება, 2009 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კამიუს ნეშტის პანთეონში გადასვენების სურვილი გამოთქვა, მაგრამ მისი შვილები, კარტინ და ჟან კამიუები, ასევე თითქმის მთელი ფრანგული საზოგადოება წინააღმდეგი წავიდა.

– ჩემი აზრით, მათ უარს პოლიტიკური მოტივი არა აქვს. კამიუ დაკრძალულია პროვინციის ერთ პატარა სოფელში და ვფიქრობ, მზის გულზე ყოფნა მისთვის პანთეონში გადასვენებაზე სასიამოვნოა. გარდა ამისა, პანთეონში ძირითადად სამხედროები და პოლიტიკური მოღვაწეები არიან დაკრძალული. მართალია, ვიქტორ ჰიუგოც იქ განისვენებს, მაგრამ იმიტომ არა, რომ დიდი მწერალი იყო. ალბათ კამიუს სურვილი იყო იმ პატარა სოფელში დასაფლავება და ოჯახის უარის მიზეზიც ეს გახდა.

– დაბოლოს, ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე ფრაზას ან სიტყვებს კამიუს შემოქმედებიდან?

“ცუდად გამოყენებული ყოველი სიტყვა ამა ქვეყნის ბოროტებას ემატება” (ალბერ კამიუ).

ესაუბრნენ თამარ ხოსრუაშვილი და ნანა კობაიძე

© “არილი

Facebook Comments Box