ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

როლან ბარტი – “უცხო”, მზის რომანი

43 camus 4

“უცხო”, ეჭვგარეშეა, ომისშემდგომი პერიოდის პირველი კლასიკური რომანია (პირველში არა მარტო დაწერის თარიღს, არამედ მის ღირსებებსაც ვგულისხმობ!). ამ პატარა რომანმა, რომელიც 1942 წელს გამოვიდა და გერმანელი ფაშისტებისგან საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ ყველამ წაიკითხა, უმალვე დიდებით შემოსა ალბერ კამიუ. იგი ადამიანებისთვის ძვირფასი გახდა, როგორც ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი და ნიშანდობლივი ნაწარმოები, რომელიც ისტორიის საკვანძო მომენტებში ჩნდება ხოლმე, რათა რაღაცის რღვევაზე მიგვანიშნოს და ახალი ტენდენციები შეაჯამოს. პროტესტი არავის გამოუთქვამს, რომანმა ყველას გული დაიპყრო, თითქმის თავიც კი შეაყვარა. “უცხოს” გამოქვეყნება იყო სოციალური მოვლენა და მის წარმატებას ისეთივე სოციოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, როგორც ელექტრო ბატარეის გამოგონებას ან პრესაში ინტიმური კუთხის გამოჩენას.

მაშინ ჩანდა, ალბათ უფრო მეტად, ვიდრე ახლა, თითქოს წიგნი ახალ, აბსურდის ფილოსოფიას უჭერდა მხარს. ეს ის პერიოდია, როცა ორიენტაციადაკარგული ცნობიერების მითი “ძალას იკრებს”, მტკიცდება, წინამორბედთა კალმიდან ინტელექტუალთა ფართო მასებში ინაცვლებს და მათი მოხმარების საგნად იქცევა: კირკეგორი, გერმანული ეგზისტენციალიზმი, კაფკა, ამერიკელი რომანისტები, სარტრი, სხვადასხვა წარმოშობის თუ ეპოქის მოაზროვნეთა და ავტორთა მთელი თანავარსკვლავედი ირევა საზოგადოების ცნობიერებაში, რათა განსაზღვროს თავისუფლების ახალი მითი: ადამიანი, რომელსაც არ აქვს ალიბი, რომელიც საღად აზროვნების გამო ჩამოცილებულია უწინდელ თავშესაფარს (ღმერთი, გონება), რომელიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაისროლეს ისეთ უსაზღვრო მარტოობაში, რომლისთვისაც აქამდე თვალი არ გაუსწორებია, მაგრამ მაინც სოლიდარული რჩება სამყაროსადმი, რომელსაც ვერაფერს უგებს.

გამოქვეყნებისთანავე “უცხომ” შეძლო ყველა ამ თემის ერთგვარი “დაიჯესტის” შედგენა: მისი გმირი მერსო სრულიადაც არ აპროტესტებს თავის ყოფას, რომელიც წვრილი მოხელის უბადრუკი ყოველდღიურობაა. უყოყმანოდ ემორჩილება ვალდებულებებს და სოციალური კონფორმიზმის ყველა მოჩვენებით აქტს ასრულებს; თვით დიადი გრძნობების, დედაშვილობის, მეგობრობის რიტუალებსაც კი აკმაყოფილებს. მაგრამ მერსო ერთგვარ გაუცნობიერებელ მდგომარეობაში მყოფი მოქმედებს, რაც სამყაროს კანონზომიერებებისადმი მისი სრული გულგრილობის ნაყოფია. მაგალითად, დედის დაკრძალვაზე იმყოფება, მაგრამ მის საყოველთაოდ მიღებული წესებით განპირობებულ ჟესტებში იგრძნობა რიტუალში არსებული ბზარი, იგი ემორჩილება მოცემულ სცენას და არა მორალურ ალიბს, რომელიც სურთ, რომ მას მიაწერონ. და საზოგადოება მას სწორედ ამას არ პატიებს: მეამბოხე მერსოს საზოგადოება დაამარცხებდა, ანუ მიიღებდა, მისთვის გაუგებარი მერსო კი თავად საზოგადოებას აყენებს კითხვის ქვეშ. საზოგადოებას ისღა დარჩენია, რომ მთელი გააფთრებით მოიკვეთოს იგი, როგორც საკუთარი სახეცვლილების გამო წაბილწული ნივთი, როგორც აუტანელი ხორცმეტი, რომლის ოჯახიდან გარეთ გატანაც არ შეიძლება და რომელსაც უმცირესი უცხო მზერაც კი შეცვლის მუქარის ქვეშ მოაქცევს.

მერსოს მზერა მის მიმართ შემწყნარებლობას გამორიცხავს. მისი დუმილი სამყაროს საღი აზრების შესახებ სუფთაა იმდენად, რომ მას გამოყოფს თანამონაწილეობისგან და მარტოს ტოვებს მის წინაშე ღიად გადაშლილ სამყაროსთან: სამყარო მისი მზერის ობიექტი ხდება და სწორედ ამის დაშვება არ შეუძლია სამყაროს: მაშასადამე, მერსო მკვლელი ხდება და მისი სასამართლო პროცესი უფრო მზერის გამო გაიმართება, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. განაჩენი გამოაქვთ მერსო-ვუაიერის და არა მერსო-დამნაშავის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიძლება პიროვნების სრულიად ახლებური ხედვა ჰარმონიაში იყოს ახალი ფილოსოფიის მთავარ თემებთან, ვინაიდან ეს არის მზერა შორიდან და არა ჟესტის და სიტყვის ამბოხი, რასაც რომანტიკულ, ნიცშეანურ ან რევოლუციურ მითოლოგიაში ვხვდებით: აქაც და იქაც ადამიანი არ შორდება საზოგადოებას ღმერთის გულისთვის, არც ღმერთს მიატოვებს ბოროტების გამო, არც ერთ მათგანს არ განერიდება უტოპიის მიზეზით: ადამიანი თავის ადგილზე რჩება, სოლიდარული სამყაროსადმი, სადაც მაინც სრულიად მარტოა.

ბუნებრივია, რომ ახალი თემა ახლებურ თხრობას მოითხოვდა. მერსოს განსაკუთრებულობა მისი ჟესტებისა და მზერის შეუთანხმებლობაშია, სწორედ აქტია აყვანილი რომანის დროის ძირითადი ერთეულის რანგში და არა აქტის მიზეზები, რასაც ტრადიციული რომანის ფსიქოლოგიაში ვხვდებით. მერსო სინამდვილეში არც მოქმედია, არც მორალისტი. ის ბევრს არ ლაპარაკობს იმაზე, რაც ჩაიდინა; ის ჩვეულებრივად იქცევა, როგორც ყველა, მაგრამ მის ამ ჟესტებს არ გააჩნია ლოგიკა, ალიბი. ისე რომ, თვითონ აქტის წამიერობა, მისი დაბინდულობა ამჟღავნებს მერსოს მარტოსულობას. კამიუს მიერ შემოთავაზებული აქტი არ არის აქტი, რომელსაც გამოძახილები მოსდევს, აქტი, რომელიც მთლიანად ჩაფლულია მიზეზების, მათი გამართლებების, შედეგების და ხანგრძლივობის მორევში; ეს არის სუფთა, არათანმიმდევრული, ცალკე მდგომი აქტი, რომელიც საკმაოდ მყარია იმისთვის, რომ სამყაროს აბსურდულობას დაემორჩილოს და საკმაოდ ხანმოკლე, რათა ამ აბსურდის ილუზორული გამართლების აშკარა უარყოფას ცდილობდეს.

ათი წლის წინ, “უცხოს” აქტუალობა სავსებით აშკარა იყო. დღეს ფრანგებისთვის საყვარელ ფორმატში ჩამოსხმული ძვირფასი სამკაულივით (“კლევის პრინცესა”, “ადოლფი”) კომპაქტურ და პატარა რომანს ჯერ მისხალიც არ დაუკარგავს თავისი ზემოქმედების ძალისა. კამიუს მიერ გაკვალული გზა მას შემდეგ ბევრის მიერ იქნა გათელილი. ჟან ჟიროდუს სამართლიანი ნათქვამისა არ იყოს, მთელი “ლაზარესეული” ლიტერატურა წამოვიდა, რომელიც ადამიანს, მორწმუნე იქნება იგი თუ ურწმუნო, მკვდრეთით აღმდგარი კაცის უცოდველობას, სიბრძნესა და მარტოობას ანიჭებს. და მიუხედავად ამისა, “უცხო” მაინც სიახლით აღბეჭდილი ქმნილებაა, ეს წიგნი კვლავ ელვარებს მიუხედავად შეხედულებებისა, რომლებიც მის გამოსვლას ახლდა თან.

ამ დღეებში ისევ და ისევ ვკითხულობდი მას და მაოცებდა ის, რასაც პეგი ალბათ საქებარ ტერმინს, “დაძველებას” დაარქმევდა: წიგნი კარგად ძველდება, სიმწიფეში შედის, დროს ფეხს უწყობს და ნელ-ნელა ხდის ფარდას დაფარულ პოტენციალს. ათი წლის წინ, როცა იგი ჩემთვის ბევრ სხვასავით საყოველთაო გასარჩევი თემა იყო, მასში მომხიბვლელ სიჩუმეს ვხედავდი, რითაც იგი დიდ კლასიკურ ნაწარმოებებს უტოლდებოდა, რომლებშიც ლიტოტის ხელოვნება იყო გამოყენებული. ახლა კი მასში დიდ სითბოსა და ლირიზმს ვხედავ, რასაც უთუოდ ნაკლებად უსაყვედურებდნენ კამიუს მომდევნო თხზულებებს, მის პირველივე რომანში რომ შეძლებოდათ ამის ამოკითხვა.

მაგრამ “უცხო” მხატვრული ნაწარმოებია და არა გასარჩევი თემა, იმიტომ, რომ ადამიანს გააჩნია არა მარტო მორალი, არამედ ხასიათიც. მერსო არის კაცი, რომელიც ხორციელად ემორჩილება მზეს და მე ვფიქრობ, რომ ეს მორჩილება ერთგვარად საკრალური მნიშვნელობისაა. ისევე, როგორც ანტიკურ მითოლოგიაში ან რასინის “ფედრაში”, აქ მზე სხეულს ისეთ დიდ გამოცდილებას უწყობს, რომ იგი ბედისწერად იქცევა. იგი ქმნის ისტორიას და მერსოს გულგრილობის ფონზე განაგებს აქტების ბიძგის მიმცემ ზოგიერთ მომენტს. რომანის სამივე ეპიზოდში (დაკრძალვა, პლაჟი, სასამართლო პროცესი) მზე დომინირებს. მზის მხურვალება აქ ანტიკური აუცილებლობის სიმკაცრით მოქმედებს.

როგორც ყოველ ჭეშმარიტ ქმნილებაში, მითიური ელემენტი აქაც უწყვეტად ვითარდება და მართალი რომ ვთქვათ, ერთი და იგივე მზე არ მიუძღვის მერსოს მისი ამბის სამივე ეპიზოდში. დასაწყისის მწუხარე მზე, როგორც ჩანს, მატერიის გაწებოვნების პირობაა: ოფლიანი სახეები თუ დარბილებული გუდრონი ალმურადენილ გზაზე, რომელზეც პროცესია მიაბიჯებს, ეს ყველაფერი წებოვანი გარემოს სურათს გვიხატავს, მერსო შემდნარია მზესთან, ვერ შორდება ვერც მზეს და ვერც თვითონ რიტუალებს, მზის შუქის ფუნქციაა გაანათოს და სიბლანტე შესძინოს ამ სცენის აბსურდულობას. პლაჟზე მზის სხვაგვარი სახეა ნაჩვენები: აქ იგი არ ადნობს, არამედ ამაგრებს, ლითონად აქცევს ნებისმიერ მატერიას, ზღვას დაშნად გარდაქმნის, ქვიშას – ფოლადად, ჟესტს – მკვლელობად: მზე იარაღია, დანის პირია, სამკუთხედია, დასახიჩრებაა, ის ადამიანის დუნე და უგრძნობ სხეულს უპირისპირდება. დაბოლოს, სასამართლო დარბაზში, სადაც მერსოს ასამართლებენ, ჩვენ წინაშეა უსიცოცხლო მზე, მზე – მტვერი, მიწისქვეშეთის მიმქრალი სხივი.

მზის და არარას ამგვარი შერევა ეხმარება წიგნის ყოველ სიტყვას: მერსო მხოლოდ სამყაროს იდეას არ ებრძვის, არამედ ბედისწერასაც, – მზეს, – რომელიც მოიცავს ნიშანთა მთელს უძველეს სისტემას, რადგანაც აქ მზე ყველაფერია: მხურვალება, თვლემა, დღესასწაული, ნაღველი, ძალა, სიგიჟე, მიზეზი და გამონათება.

სხვათა შორის, სწორედ ეს ორაზროვნება, მზე-მცხუნვარებასა და მზე-ნათელჭვრეტას შორის, ქმნის “უცხოსგან” ტრაგედიას. როგორც ტრაგედიებში: “ოიდიპოსი კოლონოსში” (სოფოკლე) ან “რიჩარდ მეორე” (შექსპირი), მერსოს საქციელთან ერთად ვეცნობით მისსავე ხორციელ გრძნობებს, რაც ჩვენ მიგვაჯაჭვებს მის დიდებულ და ხანმოკლე ცხოვრებას. ამგვარად, რომანს არა მარტო ფილოსოფიური, არამედ ლიტერატურული საფუძველიც გააჩნია: გამოსვლიდან ათი წლის შემდეგ ამ წიგნში რაღაც ისევ მღერის, ისევ გულის სიღრმემდე გვაღელვებს, რაც ყოველი მშვენიერების ორმაგი ძალის მაჩვენებელია.

1954 წლის აპრილი

ფრანგულიდან თარგმნა გურანდა დათაშვილმა

© “არილი

Facebook Comments Box