სტატიაში ნახავთ წიგნებს, რომლებიც გამორჩეულია ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში და მის გაცნობაში დაგეხმარებათ:
მისის დოლოვეი (1925)
„მისის დოლოვეი“ კარგი დასაწყისი იქნება, თუკი ვირჯინია ვულფის გამორჩეული სტილის გაცნობა გსურთ. წიგნის სიუჟეტი მარტივია: კლარისა დოლოვეი წვეულებას გეგმავს და რომანიც მის სამზადისს მიჰყვება მთელი დღის განმავლობაში. როგორც კრიტიკოსები მიიჩნევენ, ვირჯინია ვულფმა სწორედ ამ რომანის წერისას იპოვა საკუთარი ხმა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ რომანის ლიტერატურული გავლენები – მაგალითად, მაიკლ კანინგემის რომანი „საათები“ და, შესაძლოა, იენ მაკიუენის წიგნიც – „შაბათი“ – რომლის მოქმედებაც ერთი დღის განმავლობაში (2003 წლის 15 თებერვალს) მიმდინარეობს.
გზა შუქურისკენ (1927)
მოქმედება ვითარდება ჰებრიდის კუნძულებზე, ცნობილი მეცნიერის, მისტერ რემზისა და მისი მეუღლის აგარაკზე – მათი მრავალრიცხოვანი სტუმრების დიდი მიზიდულობის ცენტრში.
წიგნის დასაწყისში ცოტას ლაპარაკობენ და თითქმის არაფერს აკეთებენ – აქ მთავარია ცნობიერების ნაკადი, თვითანალიზი, პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების აღქმა და მათ შინაგან ცხოვრებაზე დაკვირვება. რომანში თითოეული მათგანის პერსპექტივით ვუყურებთ ცხოვრებას და ვუსმენთ მათ ხმებს – ძალიან პერსონალურს, ინტიმურსა და ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულს, მკითხველისთვის კი დაუვიწყარსა და შთამბეჭდავს.
ვირჯინია ვულფი პოეტური ენით მოგვითხრობს ადამიანებზე, გვიჩვენებს მათი ფიქრებისა და ცხოვრების ფრაგმენტებს და გვიმძაფრებს იმის ცოდნით გამოწვეულ სევდას, რომ ბევრი რამეა, რასაც ვერასოდეს გავიგებთ, რაც არასოდეს ითქმება და სამუდამოდ დამალული, მიუწვდომელი დარჩება ჩვენთვის.
შუქურაც სევდით სავსე სიმბოლოა – გამოხატავს მანძილს, რომელიც ჩვენი სურვილებისგან, ოცნებებისგან, ერთმანეთისგან გვაშორებს. მაგრამ მასში არის იმედიც – სინათლე, რომლის შემჩნევა ყველაზე ბნელ და ცივ დღეებში გვშველის, მიზანსა და რწმენას გვინერგავს.
ორლანდო (1928)
“ორლანდო” სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად.
ორლანდო „ყველაზე გრძელი და ყველაზე მომხიბვლელი სასიყვარულო წერილია ლიტერატურაში“. იგი არა მხოლოდ ჟანრის საზღვრებს აბუნდოვანებს, არამედ გენდერისა და იდენტობის კონვენციებსაც. აქ ირღვევა ბინარული სტაბილურობა, როცა მთავარი გმირი თვითშემეცნების ხანგრძლივ და რთულ მოგზაურობას იწყებს და მკითხველს აფიქრებს იმის შესახებ, თუ რამდენად იცვლება (ან არ იცვლება) შინაგანად ადამიანი სქესის ცვლილებისას, სხვადასხვა დროსა და ადგილას აღმოჩენისას. ვულფი შეგვახსენებს, რა გრძნობაა, როცა გარბიხარ; ან როგორ გრძნობ თავს, როცა აღმოაჩენ, რომ გამომწყვდეული ხარ და ვეღარსად წახვალ.
ტალღები (1931)
ვულფი თავისი მწერლური უნარებით კიდევ ერთხელ გვაოცებს ამ რომანში. წიგნში „ტალღები“ ექვსი პერსონაჟის ცხოვრებას ვადევნებთ თვალს, მათი ბავშვობიდან – სიბერემდე. ეს ის წიგნია, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უნდა წაიკითხო, რადგან ყოველ ჯერზე განსხვავებულად დაინახავ ექვსი მთავარი გმირის ცხოვრებას და მათთან ყოველთვის სულ სხვადასხვა რამ გექნება საერთო.
„ტალღები“ ხშირად მიიჩნევა ვირჯინიას ყველაზე ექსპერიმენტულ რომანად. თუმცა ტერმინი „რომანი“, შესაძლოა, ზუსტად არც ასახავდეს ტალღების კომპლექსურ ფორმას. აქ ვირჯინია ცხოვრების პოეტურ რიტმს იჭერს, ნაცვლად იმისა, რომ ტრადიციულად პერსონაჟებსა და სიუჟეტზე ფოკუსირდეს. ამიტომაც მისი ენა აქ განსაკუთრებით მომხიბვლელი და პოეტურია.
საკუთარი ოთახი (1929)
ეს წიგნი უმნიშვნელოვანესი ფემინისტური განაცხადია. იგი დაფუძნებულია ორ ლექციაზე, რომლებიც ვირჯინია ვულფმა კემბრიჯში წაიკითხა 1928 წელს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ფემინისტური ლიტერატურისა.
„საკუთარი ოთახი“ 1929 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა პირველად. აქ ავტორი განიხილავს სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ და კვლავ უშლიან ქალებს მათი პოტენციალის სრულად გამოყენებაში, თვითრეალიზაციასა და საკუთარი ადგილის პოვნაში. ვულფი ქმნის პერსონაჟს – შექსპირის ფიქციურ დას, რომელიც ზუსტად იმდენად ნიჭიერია, რამდენადაც მისი ძმა, უილიამი. მაგრამ, ძმისგან განსხვავებით, იგი შეზღუდულია იმ წესებით, რომელთა მორჩილებასაც ავალდებულებს საზოგადოება ქალს, ამიტომაც იგი განვითარებას, პიესების დაწერას და წარმატების მიღწევას ვერ ახერხებს.
შექსპირის დის მაგალითით ცდილობს ვირჯინია ვულფი, მიგვანიშნოს პოტენციალზე, რომლის გამოყენებაც შეუძლებელი იყო ქალებისთვის და იმ უამრავ არშექმნილ, არდაწერილ ტექსტზე გვაფიქრებს, რომელთა არარსებობაც პატრიარქალური სისტემის წნეხის ბრალია.
ვულფი ეხება განათლების მნიშვნელობას, ეკონომიკურ თავისუფლებას; განიხილავს რამდენიმე ქალი ავტორის, მათ შორის დები ბრონტეების, ჯეინ ოსტინის, ჯორჯ ელიოტის შემოქმედებას. იგი ეძებს ქალებს ლიტერატურაში, მათ შემოქმედებას ადარებს ერთმანეთს და ცდილობს, ახსნას, რა სირთულეების გადალახვა უწევდათ მათ თვითდამკვიდრებისთვის წლების განმავლობაში.
© არილი